მთავარი,სიახლეები

მკვლელობა 6 მაისის პარკთან – რა გადაწყვიტა სასამართლომ

05.12.2016 • 6148
მკვლელობა 6 მაისის პარკთან – რა გადაწყვიტა სასამართლომ

13 წლით თავისუფლების აღკვეთა არჩილ ფეტიძეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა შეუფარდა. მას ბათუმში, 6 მაისის პარკთან, გაჩერებულ მანქანაში შვიდი ტყვიით ირაკლი აბუსერიძის მკვლელობა დაუდასტურდა. მოსამართლის განაჩენი ბრალდებულს არ მოუსმენია. სასამართლოს დიდ დარბაზში მხოლოდ გარდაცვლილის ახლობლები იყვნენ და განაჩენის მოსმენისთანავე უკმაყოფილება გამოთქვეს – მათი აზრით, არჩილ ფეტიძე გაცილებით მკაცრ სასჯელს იმსახურებდა.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა იგივე არჩილ ფეტიძე სრულიად უდანაშაულოდ ცნო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში. მას სისხლის სამართლის კოდექსის 5 მუხლის დარღვევისთვის ჰქონდა ბრალი წარდგენილი. „ვერ დავეთანხმები ბრალდების მხარის პოზიციას, რომ დაკავების დროს მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს,“ – თქვა მოსამართლემ, ვიდრე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებდა. პროკურატურის ვერსიით, არჩილ ფეტიძემ გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმესთან დაკავების დროს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა სამართალდამცველებს, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა.

ამ ნაწილზე ბრალდებულის ადვოკატმა, მარინა ფხალაძემ, თავის დასკვნით სიტყვაში ყველაზე მეტი ისაუბრა: „არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნოს მხოლოდ ორი პოლიციელის სრულიად ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას. ერთმა პოლიციელმა სასამართლოში დაკითხვის დროს გვითხრა, რომ მანქანიდან იცნო ფეტიძე, დაუძახა, გაჩერდიო. მეორე ამბობს, პირდაპირ მივედითო და აგრესიული გახდა, როცა დაკავების შესახებ ვუთხარითო… როგორ წარმოგიდგენიათ, მანქანიდან გადასძახოს პოლიციელმა გაჩერდიო, როცა იცის, რომ ადამიანს განზრახ მკვლელობა ედება ბრალად… პროკურატურას არ ჩაუტარებია არც ერთი სხვა საგამოძიებო მოქმედება, მაგალითად, შეიძლებოდა იგივე საშაურმეს მომსახურე პერსონალის დაკითხვა.“

„თქვენც გქონდათ უფლება, დაგეკითხათ საშაურმეს თანამშრომლები. ჩვენ ვენდობით ჩვენს პოლიციელებს,“ – მიმართა ადვოკატს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ საკამათო სიტყვის დროს. ადვოკატმა შეახსენა, რომ ბრალმდებელს აქვს მტკიცების ტვირთი, უტყუარი მტკიცებულებებით დაადასტუროს ბრალის კანონიერება: „ამის მიუხედავად, ჩვენ ვთხოვეთ საშაურმეს თანამშრომლებს ელაპარაკათ, მაგრამ უარი მივიღეთ. სამწუხაროდ, პროკურატურის მოთხოვნისგან განსხვავებით, დაცვის მხარის თხოვნაზე ადამიანები ნაკლებად რეაგირებენ, არავის უნდა პროკურატურასთან დაპირისპირება…“

პროკურორსა და ადვოკატს შორის პაექრობა მკვლელობის ნაწილშიც შედგა. პროკურორი, ძირითადად, მოწმეთა ჩვენებებს დაეყრდნო, მათ შორის, გარდაცვლილის ქვრივის, ბელა ჭყონიას ჩვენებას. ის მკვლელობის ფაქტის უშუალო თვითმხილველია. ადვოკატმა პროკურორს ის მოწმეები ჩამოუთვალა, რომლებიც ასევე ბრალდების მხარემ დაკითხა და პროკურორს დასკვნით სიტყვაში აღარ უხსენებია: „ეს მოწმეები ამბობენ, რომ მათ მანქანასთან მდგომი სხვა პირი არ დაუნახავთ. მაშინ სად შეიძლებოდა მდგარიყო იგივე მოწმე მირანდა ქ., რომელიც ამბობს, რომ პირისპირ უყურებდა მკვლელს, როგორ შეყო ხელი მანქანაში და ესროლაო…“

დაცვის მხარემ აქცენტი რამდენიმე გარემოებაზე გააკეთა: ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც სროლა განხორციელდა შორი მანძილიდან. მოწმეთა ჩვენებების მიხედვით კი, ირაკლი აბუსერიძეს მანქანის საქარე მინა ჩამოწეული ჰქონდა, მკვლელმა ხელი მანქანაში შეყო და ისე გაისროლა.

იმავე ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებულის ტანსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის ლაქები არ ეკუთვნოდა გარდაცვლილს, ასევე ბრალდებულის სხეულზე არ აღმოჩნდა დენთის კვალი. გარდა ამისა, გამოძიებამ დღემდე ვერ იპოვა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც მკვლელობა განხორციელდა.

პროკურატურამ სასამართლოს აჩვენა ქუჩაზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც. კადრებში ჩანს, რომ არჩილ ფეტიძე რუსთაველის ქუჩის ავტობუსის გაჩერებიდან ფეხით გადაადგილდება პარკის ცენტრალური შესასვლელისკენ. კადრებში არ არის დაფიქსირებული უშუალოდ გასროლის ფაქტი. მკვლელობის ადგილი ამ ქუჩაზე არსებულ ვიდეოკამერების ობიექტივში ვერ მოხვდა.

„ფაქტია, რომ მკვლელობა მოხდა, მაგრამ არც ერთი მტკიცებულებით პირდაპირ არ დგინდება, რომ დანაშაული ჩაიდინა არჩილ ფეტიძემ,~ _ ეს ადვოკატ მარინა ფხალაძის ბოლო სიტყვა იყო. ადვოკატის საპასუხოდ პროკურორმა, ფრიდონ ქარცივაძემ ბრალდებულის წარსულზე გააკეთა აქცენტი: „მე ძალიან გამიკვირდებოდა, ის დღეს რომ გამოცხადებულიყო სასამართლოში. მაინტერესებს, აქვს თუ არა მონანიების გრძნობა… ის კანონთან კონფლიქტში მყოფი პირია უკვე დიდი ხანია. ბოლოს იარაღის უკანონო შენახვა-ტარების გამო იხდიდა სასჯელს და 2012 წლის 28 დეკემბერს ამნისტიით გამოვიდა. მას ნასამართლეობის მთელი ბუკეტი აქვს“.

არჩილ ფეტიძე ირაკლი აბუსერიძის მეზობელი იყო. ის სასჯელს იმ საქმეზეც იხდიდა, სადაც ირაკლი აბუსერიძე ფიგურირებდა: 2011 წელს აბუსერიძემ დაჭრა დანით არჩილ ფეტიძე და ამისთვის სასჯელიც მოიხადა. არჩილ ფეტიძემ მაშინ გამოძიებას არ დაუდასტურა, რომ აბუსერიძემ დაჭრა. გარდაცვლილის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ფეტიძე აბუსერიძის ოჯახისგან რეგულარულად ცდილობდა ფულის გამოძალვას. თავდაპირველადაც კონფლიქტი სწორედ ამის გამო წარმოიშვა.
ირაკლი აბუსერიძე სამშენებლო კომპანია „ზიმო 7~-ის ერთ-ერთი მეწილე იყო. მისმა დედამ, მანანა ნამგალაძემ, რომელიც ამ კომპანიის დირექტორია, მკვლელობის ბიზნესთან კავშირი „ბათუმელებთან“ გამორიცხა.

„ნუ ინერვიულებთ, ეს არაა საბოლოო გადაწყვეტილება, ჩვენ მას გავასაჩივრებთ,“ – მიმართა გარდაცვლილის ახლობლებს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ განაჩენის მოსმენის შემდეგ. გადაწყვეტილებით უკმაყოფილო აბუსერიძის ახლობლებმა დარბაზში სიტყვიერად შეურაცხყვეს ადვოკატი მარინა ფხალაძე.

ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილის გადაწყვეტილებას არჩილ ფეტიძე, რომელსაც განზრახ მვლელობისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური 15 წლის ნაცვლად, 13 წელი მიესაჯა. მან პირველ სხდომაზე მოსამართლეს უთხრა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და შემდგომ სასამართლო პროცესებს ის აღარ დასწრებია.

6 მაისის პარკთან დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: