მთავარი,სიახლეები

იურისტი: ყოფილ ცოლზე მოძალადეს, დასაბუთებული ეჭვით, შსს-ში მფარველობენ

04.12.2016 • 15052
იურისტი:  ყოფილ ცოლზე მოძალადეს, დასაბუთებული ეჭვით,  შსს-ში მფარველობენ

პირი, რომელსაც სასამართლომ სამჯერ თავისუფლება აღუკვეთა, პატიმრობაში არ იმყოფება. ბრალდებულს ბათუმის სასამართლომ მეუღლეზე ძალადობისთვის შეუფარდა პატიმრობა. იმავე პირმა გუშინ, 3 დეკემბერს, ბათუმში ყოფილი მეუღლის მანქანას ცეცხლი წაუკიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ აცხადებენ, რომ სახელმწიფომ სასამართლოს განაჩენი არ აღასრულა, რადგან, დასაბუთებული ეჭვით, განსასჯელს შს სამინისტროში მფარველობენ.

ანა ბერძენიშვილი

ანა ბერძენიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სამგზის პატიმრობამისჯილი  თ.ო. ბრალდებულია გუშინ, 3 დეკემბერს, ბათუმში ავტომანქანისთვის ცეცხლის წაკიდების საქმეშიც. მანქანა ბრალდებულის ყოფილი მეუღლის საკუთრება იყო.

„ყველამ იცის, რომ მისი ჩადენილია ეს დანაშაული, უშუალო მოწმეები არსებობენ. გარდა ამისა, არაერთგზის არის დაჯარიმებული საპატრულო პოლიციის მხრიდან“, – აცხადებს ანა ბერძენიშვილი.

გარდა ამისა, ანა ბერძენიშვილისავე ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მიხედვით, მეუღლეზე მოძალადე ბრალდებულ თ.ო-ს, 2016 წლის ივნისსა და ოქტომბერშიც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ორგზის, როგორც სხეულის დაზიანების, ასევე ოჯახში ძალადობისა და სხვისი ქონების დაზიანების გამო.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივნისში სცემა ყოფილ მეუღლესა და მის დედას, არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით: „მას ამ დანაშაულის გამო ჰქონდა სასჯელი შეფარდებული, თუმცა არ იყო პატიმრობაში. ამის შემდეგ, მას სასამართლომ ისევ შეუფარდა პატიმრობა. ის არც მეორე შემთხვევაში დაუპატიმრებიათ.

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ბრალდებული სამგზის არის ცნობილი დამნაშავედ სასამართლოს მიერ, ის კი არ იმყოფება პატიმრობაში. ის დღისით-მზისით, ქუჩაში ყველას დასანახად თავს ესხმის ყოფილ მეუღლეს და ძალადობს მასზე“.

ანა ბერძენიშვილის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ არაერთგზის მიმართა შს სამინისტროს და საგამოძიებო ორგანოებს, თუმცა ფაქტზე უწყებაში არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ: „დამნაშავე, რომლის მიმართაც განაჩენი არის დამდგარი, ქუჩაში თავისუფლად დადის და ახალ დანაშაულს სჩადის. სახელმწიფოს მხრიდან დაუსჯელობის სინდრომით წახალისებული მოქალაქე თავს ესხმის ადამიანებს…

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის საგამოძიებო სტრუქტურებს, პოლიციელებს, საპატრულო ინსპექციას და მის ეკიპაჟს სპეციალურად ჩაუტარდათ ტრენინგი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ძალადობის შემთხვევაში, პირიქით, ისინი ხელს უწყობენ მოძალადის საქციელს. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ შს სამინისტროსა და მის შესაბამის სტრუქტურებში ამ პირს ჰყავს მფარველები. სწორედ ამიტომ არ აკავებენ მას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჩვენ მივმართეთ გენინსპექციასაც, რომელმაც ასევე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ერთი მხრივ სახელმწიფომ აღიარა ქალთა მიმართ ძალადობა, მეორე მხრივ კი, თავისი ქმედებებით ხელს უწყობს ამ ძალადობას. პირიქით, ახალისებს მოძალადეს. უნდა მოხდეს ამ პირის დაუყოვნებლივ დაკავება და, ბუნებრივია, იმ პირების გამოვლენა, რომლებიც ხელს აფარებენ მის დაკავებას კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – აცხადებს ანა ბერძენიშვილი.

იურისტის განმარტებით, მან ამ კონკრეტულ ძალადობასა და კანონდარღვევაზე საქმის კურსში ჩააყენა შს მინისტრიც: „მე, პირადად, სამჯერ მივწერე შს სამინისტროს წერილი მინისტრის სახელზე, თუმცა პასუხი არც მისგან  მიგვიღია. სამაგიეროდ, მივიღეთ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ახალი დანაშაული, – ცეცხლი წაუკიდა მანქანას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: