მთავარი,სიახლეები

მირანდა ჩარკვიანის კომენტარი „ბათომის“ მოთხოვნაზე

04.12.2016 • 2397
მირანდა ჩარკვიანის კომენტარი „ბათომის“ მოთხოვნაზე

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი, მირანდა ჩარკვიანი, 3 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ მიერ გაკეთებელ განცხადებას პასუხობს.  ორგანიზაციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობას სთხოვენ, მირანდა ჩარკვიანის საქმიანობა შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ. „ბათომის“ განცხადებით, „არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ფარნავაზ მეფის #57-ში მდებარე  შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოსახსნელად გამოყენებული იყო თაღლითური სქემა მისამართის მანიპულირებით“.

სააგენტოს უფროსი მირანდა ჩარკვიანი  „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ „თაღლითური სქემები ბუნებაში არ არსებობს“ და სამართლებრივ საკითხებზე დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება ჭორაობაა. „თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, დოკუმენტაცია უნდა შეისწავლოს და ჰაერზე არ უნდა იჭორაოს“, – აცხადებს ის.

მირანდა ჩარკვიანის განცხადებით, მისი და სააგენტოს საქმიანობის შეფასება შესაძლებელია, რადგან ყველა დოკუმენტური მასალა საჯაროა და ყველა დონის შესწავლას ექვემდებარება.

„იმ შემთხვევაში თუკი ვინმეს სურვილი აქვს შეისწავლოს ეს გარემოებები და მასალები,  ნებისმიერთან ვთანამშრომლობდი და ვითანამშრომლებ… რაც შეეხება ჩემი და სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის შეფასებას, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, არ უნდა ვილაპარაკო მხოლოდ საკუთარ თავზე, რადგან არც ერთი ხელმძღვანელი მარტო არ საქმიანობს.  ამის შეფასებისთვისაც არსებობს ძალიან მარტივი და ფაქტობრივ გარემოებებზე აგებული გზა, უბრალოდ, უნდა აიღოს დაინტერესებულმა ადამიანმა და შეადაროს 2011-2016 წლებში სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამები, პროექტები და გააკეთოს დასკვნა, – პროგრესია სააგენტოს საქმიანობაში თუ რეგრესი.

მარტივად რომ ვთქვათ, 2011-2015 წლებში ექვსი ობიექტია რეაბილიტირებული, წელს კი 7 ობიექტის რეაბილიტაციას ვასრულებთ. გარდა რეაბილიტაციის პროექტებისა, მოხდა ძეგლების ინვენტარიზაცია-პასპორტიზაცია და კიდევ ბევრი პროგრამა განხორციელდა. მაგრამ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლის გადარჩენის საკითხია, ძირითადად რეაბილიტაციის პროგრამებზე ვიმუშავეთ“.

მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ მას თანამდებობის დატოვების პრობლემა არ აქვს, თუმცა ეს საკითხი არ არის მისი გადასაწყვეტი:

„გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს ჰგონია, რომ ჩემთვის თანამდებობა ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია. სინამდვილეში ასე არ არის. ყველამ იცის, რომ ყოველთვის აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ყოველთვის ძალიან დაკავებული ვიყავი და ბევრ საქმეს ვაკეთებდი. შესაბამისად, რა სტატუსით გავაკეთებ ამ საქმეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის თანამდებობის დატოვება და წასვლა, რადგან ზუსტად ვიცი, ხვალვე ისევ ვიქნები იგივე დოზით რეალიზებული ადამიანი, როგორც აქამდე ვიყავი.

თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მარტო მე არ ვიღებ. მე მყავს ზემდგომი ორგანოები, მყავს მინისტრი, მე არასდროს დამირღვევია სუბორდინაცია სამსახურში, სადაც ვმუშაობდი და რა რეჟიმშიც არ უნდა ვიყო, წასვლის თუ დარჩენის, ბუნებრივია, იმ ადამიანებთან შეთანხმებით იქნება, ვისაც ეხება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. მათი კომპეტენციაა, რომ პირველმა მათ გამოაცხადონ მათი გადაწყვეტილების შესახებ. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით მე არ მივცემ თავს უფლებას, რომ გავაკეთო საბოლოო გადაწყვეტილების განცხადება. უბრალოდ, ვაფიქსირებ, რომ ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

მე ვთვლი, რომ ვარ კარგი მენეჯერი, ზოგადად. თუ ბათუმს ჰყავს უფრო ეფექტური მენეჯერი ამ საკითხების, რა თქმა უნდა, შეუძლიათ შესთავაზონ კომპეტენტურ პირებს და მოაწყონ განხილვა“.

მირანდა ჩარკვიანი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2015 წელს დაინიშნა. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: