სიახლეები

როგორ აღნიშნეს შიდსის მსოფლიო დღე ბათუმში გაეროს მოსახლეობის ფონდმა და „თანადგომამ”

02.12.2016 • 9411
როგორ აღნიშნეს შიდსის მსოფლიო დღე ბათუმში გაეროს მოსახლეობის ფონდმა და „თანადგომამ”

გაეროს მოსახლეობის ფონდის [UNFPA] საქართველოს ოფისმა შიდსის მსოფლიო დღე – პირველი დეკემბერი ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომასთან“ თანამშრომლობით აღნიშნა.

დღეს, 2 დეკემბერს, „თანადგომის“ ოფისში ტრენინგი ჩაუტარდათ ბათუმის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ანალიტიკოსის, ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, აჭარაში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა ბევრია. საქართველოს მასშტაბით ინფიცირების 6067 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 697 – აჭარაში.

„დღევანდელი შეხვედრა ეხმიანება შიდსის მსოფლიო დღეს და არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომასთან“ ერთად ვატარებთ ტრენინგს აივ პრევენციის პრაქტიკული მიდგომების შესახებ, რაც გულისხმობს და მოიცავს ძირითადად პრევენციის სერვისებთან ხელმისაწვდომობის გაზრდას, ძალადობის აღკვეთას. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია აივ ინფიცირების შემთხვევების შესამცირებლად,“ – აღნიშნა ნატალია ზაქარეიშვილმა.

ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორის, ლია ჯინჭარაძის თქმით, აივ ინფიცირებისა და შიდსის თემა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და კერძოდ აჭარისთვის, იმდენად რამდენადაც რეგიონში ყოველწლიურად მზარდია აივ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა: „ის ადამიანები, ვინც რისკ ჯგუფებთან ვმუშაობთ, მუდმივად ვცდილობთ , რომ გავეცნოთ ახალ ხედვებს, ახალ მიდგომებს, პრევენციის საკითხებს. დღეს ჩვენ ვეცადეთ ჩვენი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, რაც დაგვეხმარება შესაბამის რისკ ჯგუფებთან მუშაობის დროს“.

ტრენინგი. როინ გუნდაძის ფოტო

ტრენინგი. როინ გუნდაძის ფოტო

ტრენინგი. როინ გუნდაძის ფოტო

ტრენინგი. როინ გუნდაძის ფოტო

ტრენინგი. როინ გუნდაძის ფოტო

ტრენინგი. როინ გუნდაძის ფოტო

შეხვედრა შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გუშინ, პირველ დეკემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის [UNFPA] საქართველოს ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგმომამ“ კინოთეატრ „აპოლოშიც“ აღნიშნეს, სადაც მხატვრული ფილმი – „ბავშვები“ აჩვენეს და ფილმის შემდეგ დისკუსიაც გაიმართა.

ღონისძიების ავტორების განმარტებით, ფილმის ჩვენების მთავარი მიზანი მოზარდებში ცნობიერების ამაღლება იყო აივ ინფექციის პრევენციის შესახებ.

ნატალია ზაქარეიშვილის განმარტებით, აივ შიდსის პრევენციის საკითხებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან თანამშრომლობა, რათა მათი ჩართულობით და მათი ინფორმირებულობით შესაძლებელი გახდეს მათივე თანატოლებში სწორი ინფორმაციის და სწორი აქცენტების გავრცელება:

„ახალგაზრდების ეროვნული კვლევის მონაცემების მიხედვით საქართველოში 19-29 წლის ახალგაზრდების მხოლოდ 17.4% ფლობს სწორ ინფორმაციას აივ ინფექციის გადამცემი გზების შესახებ, ხოლო 15- 19 წლის მოზარდებს შორის მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია – 14%. მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია და იცოდნენ სარისკო ქცევების, ასევე რისკებისა და არსებული სერვისების შესახებ“.

„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა ასეთ პროცესებში, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდების. ის სტიგმა, რაც საზოგადოებაში არსებობს შიდსთან და აივ ინფექციასთან დაკავშირებით, უნდა მოიხსნას. უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ ამ თემების ირგვლივ, უფრო მეტი გავაკეთოთ მთელმა სამოქალაქო საზოგადოებამ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს სენი და ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სოფიო ბაკურიძემ, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელმა.

კინოჩვენება "აპოლოში". როინ გუნდაძის ფოტო

კინოჩვენება “აპოლოში”. როინ გუნდაძის ფოტო

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბრის მონაცემებით საქართველოში დაფიქსირებულია აივ-ით ინფიცირების 6065 შემთხვევა. ინფიცირებულთაგან 4508 მამაკაცია, 1557 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის [UNFPA] საქართველოს ოფისის განცხადებით, ორგანიზაცია სტრატეგიულად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, რათა ხელი შეუწყოს აივ პრევენციის გაძლიერებას. ამავდროულად, ხელს უწყობს საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას აივ/შიდსის პრევენციის შესახებ და მათი ჩართულობით, სწორი გზავნილების გავრცელებას მათ თანატოლებში.

UNFPA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბაბატუნდე ოსოტიმეჰინი შიდსის მსოფლიო დღეს, 2016 წლის პირველ დეკემბერს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

„დიდი ხანია, მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ შიდსის პრევენცია სერიოზულ ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს. იმედი იმისა, რომ შიდსის ეპიდემიის გავრცელებას შევაჩერებთ, ვერ გვექნება, როცა აივ-ით ყოველდღიურად დაახლოებით 6 000 ადამიანი ინფიცირდება.

აივ/შიდსის მკურნალობამ, რომელიც 2016 წელს 18 მილიონზე მეტ ადამიანს მისწვდა, მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა და ახალი ინფექციების გავრცელების რისკი შეამცირა, მაგრამ მხოლოდ მკურნალობა აივ-ის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.

ჩვენ ვიცით, რა და როგორ უნდა გაკეთდეს უკეთესი შედეგის მისაღებად: მთავრობებმა, საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაზარდონ ინვესტირება ისეთი ინტერვენციების განსახორციელებლად, რომელიც ხელს შეუწყობს ქცევის შეცვლას, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას და შესაბამისი პოლიტიკის გატარებას.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: