მთავარი,სიახლეები

2 388 ათოსანი საქართველოში

03.12.2016
2 388 ათოსანი საქართველოში

საქართველოს განათლების სამინისტრომ საბაზო საფეხურის 2 388 მოსწავლეს საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ მოსწავლეს ყველა საგანში უნდა ჰქონდეს ათი, დამრგვალების გარეშე. აჭარის სკოლებიდან კომპიუტერი 260-მა ათოსანმა მოსწავლემ მიიღო.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსწავლეების მოტივაცია გაიზარდა, რადგან თუ გასულ წელს კომპიუტერი 1984-მა მოსწავლემ მიიღო, წელს ეს ციფრი ორი ათასზე მეტია.

„პროგრამის ძირითადი არსი არის ის, რომ მოსწავლეებში გაიზარდოს სწავლის მოტივაცია და სიბეჯითე უფრო დაფასდეს. ამიტომაც, თამასა საკმაოდ მაღალია და კომპიუტერს იღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც ყველა საგანს ათიანზე სწავლობენ,“ – გვითხრეს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

კომპიუტერებს სსიპ  „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის   განვითარების სააგენტო“  იძენს. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლის, თამუნა მინდიაშვილის ინფორმაციით, წელს სამინისტრომ სასაჩუქრე ნოუთბუქების შესაძენად ორი მილიონ 791 100 ლარი დახარჯა, გასულ წელს კი – ერთი მილიონ 565 856 ლარი.

„წელს 82 კომპიუტერით მეტი შევიძინეთ, რადგან გასულ წელს იყო შემთხვევა, როცა სკოლებმა დაგვიანებით მოგვაწოდეს მონაცემები და 14 კომპიუტერის დამატება მოგვიხდა, რაც დროში გაიწელა. ნოუთბუქები არის  „ლენოვოს“  ფირმის. წელს გაუმჯობესებული მოდელები შევიძინეთ,“ –  გვეუბნება ის.

სასაჩუქრე ნოუთბუქები მხოლოდ საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის არის გათვალისწინებული.

კომპიუტერების შესყიდვა სამინისტროს პროგრამის  – „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ხორციელდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: