სიახლეები

მირანდა ჩარკვიანი: მე შევეცდები

18.03.2015 • 1684
მირანდა ჩარკვიანი: მე შევეცდები

 

მირანდა ჩარკვიანი
მირანდა ჩარკვიანი

რა ცვლილებებს გეგმავთ სააგენტოში?


პირველი რიგის ამოცანაა ის, რომ სააგენტოს მუშაობა გახდეს ეფექტური. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურული მემკვიდრეობის თემები იყოს მაქსიმალურად წარმოდგენილი ტურისტულ ბაზარზე, რაც, სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის და ძალიან მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობა, რომელიც აჭარის რეგიონშია (371 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვაქვს), მიმაჩნია, არის დაბალი. აჭარაში გვაქვს მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის V, VII, VII საუკუნეების, რომელთა შესახებ არათუ ტურისტებმა არ იციან არაფერი, რეგიონშიც მწირია ინფორმაცია. ამიტომ ჩვენი პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება გაიზარდოს ცნობადობის ხარისხი, საზოგადოებისა და ტურისტული სეგმენტის ინტერესი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. ეს, ვფიქრობ, ხელს შეუწყობს იმას, რომ მომავალში კულტურულ მემკვიდრეობაში შესაძლებელი გახდება უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელება, უფრო მაღალი იქნება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესი და უფრო ეფექტურად შევძლებთ მის მართვას. 

 


როგორ გეგმავთ ამის გაკეთებას?


უკვე დავიწყეთ მარშრუტების დადგენაზე მუშაობა. შემდეგი კვირიდან რამდენიმე მარშრუტი მაქვს მონიშნული და მე თვითონ ვაპირებ ადგილზე მისვლას. გვექნება ტურიზმის სააგენტოსთან მჭიდრო ურთიერთობა და შევეცდებით სეზონისთვის გავაკეთოთ რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის მარკირება – ტურისტულ პაკეტებში რომ იყოს წარმოდგენილი. არ მაქვს ილუზია, რომ ამ სეზონისთვის მოვასწრებთ ყველაფერს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლების შეტანას, ვფიქრობთ, ახლანდელი სეზონისთვის მოვასწრებთ და გავაკეთებთ. თუმცა ეს ერთჯერადი სამუშაო არ არის, ამაზე სისტემატურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რადგან ერთია გააკეთო მარშრუტის მარკირება, მაგრამ მეორეა – ეს მარკირებული მარშრუტი რაც შეიძლება საინტერესოდ წარმოადგინო. ამიტომ ამ პროცესზე მუშაობა გაგრძელდება. 

გეგმავთ თუ არა ბათუმში ტურისტული მარშრუტის გაკეთებას?


აუცილებლად. სოციალურ ქსელში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გვერდზე ყოველ ორ დღეში ერთხელ განახლდება ინფორმაცია და აქ დიდი აქცენტი იქნება ბათუმის კულტურულ მემკვიდრეობაზე. ბათუმში ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო შენობის ისტორიის შესახებ ინფორმაციას საკმარისად არ ფლობენ ბათუმელები, ამიტომ ჩვენ სხვადასხვა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრმა გაიგოს ამ შენობების ისტორიის, არქიტექტურის შესახებ და აუცილებლად გავაკეთებთ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ტურისტულ მარშრუტს. 


ეს შეიძლება სრულყოფილად პირველივე სეზონზე ვერ მოესწროს, მაგრამ გავაკეთებთ ძირითადად ობიექტებზე და მაქვს მოლოდინი, რომ შემდეგი წლისათვის ჩვენ უკვე გვექნება სრულყოფილი პაკეტები, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ყველა ძეგლი იქნება წარმოდგენილი. ეს მარშრუტები შეიძლება იყოს სხვადასხვა: ისტორიული, არქიტექტორული და ასე შემდეგ.


რაც შეეხება პრობლემებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საქმეში მთავარი გამოწვევა ბათუმში ბოლო წლებია არის ინვესტიციებთან დაკავშირებული ინტერესები. ამ კუთხით როგორ იმუშავებთ?


 სააგენტოს ჰქვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიმოქმედოთ ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე. აქტიური კომუნიკაცია გვექნება ბათუმის თვითმმართველობასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ყველასთან, ვისთანაც შეიძლება ინტერესები გადაიკვეთოს. ვფიქრობ, თუკი კოორდინაციისა და კომუნიკაციის თემებს სწორად დავალაგებთ, ჩვენ შევძლებთ კულტურული მემკვიდრეობის ინტერესების დაცვას. ბუნებრივია, ყველა სტრუქტურასა და სეგმენტს აქვს თავისი ინტერესი. ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესი და ჩვენ ამას გავაკეთებთ. კონკრეტული შემთხვევები სანამ არ იქნება, ზოგადად მიჭირს ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ დავიცავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესებს.


სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ამბობდა, რომ საჭიროა ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელახალი შესწავლა, თუმცა არ იყო შესაბამისი ხარჯები. ამ მიმართულებით გეგმავთ რამეს?


ინვენტარიზაცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რადგან თუკი არ დავთვალეთ რა საჭიროებები გვაქვს, იქნება ეს ტექნიკური თუ სხვა სახის, ისე გაგვიჭირდება მომავალში დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა. მარტო სააგენტოს გაუჭირდება ამ საკითხის მოგვარება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან გვექნება კომუნიკაცია ამ თემაზე და ასევე თვითმმართველობასთან. გაერთიანებული ძალებით უნდა შევძლოთ, რომ ახლო მომავალში ინვენტარიზაცია ჩავატაროთ, თუნდაც იმისთვის, რომ სასწრაფოდ გავარკვიოთ, რა გამოწვევები დგას ჩვენ წინაშე და ვიცოდეთ, როგორ გადავჭრათ პრობლემები, როგორ დავგეგმოთ შემდეგი წლის ბიუჯეტი, რა მიდგომები იქნება სწორი, სად რა უნდა შევცვალოთ…

 

 ამჟამად რამდენია სააგენტოს ბიუჯეტი?


სააგენტოს ბიუჯეტი ახლა არის დაახლოებით 1 მილიონ 800 ათასი ლარი. ეს არ არის ცოტა, მაგრამ მთავარია, როგორ გამოიყენებ ამ ფულს. მე შევეცდები, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენო ის რესურსი, რაც აქვს სააგენტოს.


რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, რა შეიცვლება ამ კუთხით?


ახალი დირექტორის დანიშვნის გამო მოადგილეები ავტომატურად გათავისუფლდნენ და ხელახლა დაინიშნება ამ ადგილებზე კადრები. დანარჩენ თანამშრომლებს რაც შეეხება, ბევრ მათგანს მე უკვე ვიცნობდი, ზოგიერთი ახლა გავიცანი და რა თქმა უნდა, ყველა, ვინც თავის საქმეს კარგად აკეთებს და კომპეტენტურია, გაარძელებს მუშაობას. არანაირი მიზანი არ არსებობს, ვინმე ჩამოვაშოროთ სააგენტოს საქმიანობას. დანარჩენი მუშაობის პროცესში გამოჩნდება. პიროვნული ფაქტორები არასოდეს არ არის მთავარი, მთავარია ის ამოცანები, რაც დგას ჩვენ წინაშე. ვსწავლობ რა დეფიციტი შეიძლება არსებობდეს სააგენტოში, კომპეტენციის თვალსაზრისით, ხომ არ გვჭირდება დამატებით კიდევ სხვა კვალიფიკაციის ადამიანები, რომ მეტად ეფექტური იყოს ჩვენი საქმიანობა. აქედან გამომდინარე გადავდგამთ ყველა ნაბიჯს. სააგენტოს და ძეგლის ინტერესიდან გამომდინარე იქნება ყველა საკადრო საკითხი გადაწყვეტილი.


არსებული თანამშრომლებიდან აპირებთ მოადგილის დანიშვნას, თუ ახალ კადრზე ფიქრობთ?


მე ახლა საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე უფრო ვფიქრობ, რა მჭირდება მოადგილისგან, ვიდრე კონკრეტულ პიროვნებებზე.


 ბათუმში ახლა „რვაფეხას“ საკითხი არის მიმდინარე თემა. ამაზე რა გეგმები გაქვთ?


„რვაფეხას“ საკითხში ჩართული ვიყავი პიროვნულად, ამ საკითხში სააგენტო არ არის ჩართული, რადგან `რვაფეხას~ ძეგლის სტატუსი არ აქვს. ვიცი, რომ აჭარის მთავრობა აპირებს მოიწვიოს პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორების ჯგუფი. ჩამოვლენ, შეისწავლიან, გვეტყვიან და შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმება, მაგრამ სააგენტო ამ პროცესში არ მონაწილეობს. 



ბათუმის საკათედრო ტაძარში დაზიანებულია ფრესკების ნაწილი. აპირებთ ამ საკითხზე მიმართოთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს?


დღეს ვიწყებ საველე სამუშაოებს, ადგილზე დავათვალიერებ და ამის შემდეგ გადავდგამ კონკრეტულ ნაბიჯებს. შემდეგი კვირის ბოლოს კი გვექნება გეგმა, ყველა გადაუდებელი ამოცანა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ.


„რვაფეხას“ მსგავსად, არის შენობები, რომელთაც არა აქვთ სტატუსი, მაგრამ აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნიშან-თვისება. იქნება თუ არა სააგენტოს პოლიტიკა ის, რომ სტატუსის არქმონე, მაგრამ ძეგლის თვისებების მქონე შენობებისათვის სტატუსის მინიჭებაზე იზრუნოს?

 

სააგენტოში უკვე არსებობს ნუსხა, რომელიც უნდა განვიხილოთ, ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე ვიმსჯელოთ და შემდეგ მივმართოთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. კიდევ ერთხელ გადავხედავ ამ ნუსხას, აუცილებლად შევხვდები ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ ჯგუფებს და მოვიკვლევ, დამატებით ხომ არ არის რაიმე წინადადება, ანუ ეტაპობრივად დავუბრუნდებით ამ თემას.


აპირებთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას?


დიახ, შევხვდები არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ეს არ იქნება ფორმალური შეხვედრები. ყოველთვის იყო ასეთი სტერეოტიპი და შაბლონი, რომ სააგენტო ანგრევს და არასამთავრობოები იცავენ. ორი დღის განმავლობაში გავიარე ძალიან ბევრი თემა სააგენტოს თანამშორმლებთან ერთად და სააგენტოს აქვს ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთებული, მაგრამ ერთი კონკრეტული ობიექტის გამო შეიძლება ის ათი გაკეთებული საქმე აღარ გამოჩენილიყო – ყველა ლაპარაკობდა ერთ ქეისზე, რომლითაც საზოგადოების რაღაც ნაწილი დარჩა უკმაყოფილო.

 

რა კარგი საქმე აქვს მაგალითად გაკეთებული?


ძალიან ბევრი რეაბილიტირებული ობიექტია. შემდეგ შეხვედრაზე ბოლო წლებში რეაბილიტირებული ობიექტების ნუსხას ვნახავთ სლაიდებზე, რამდენი კარგი და მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაცია მოხდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაცია იგეგმება მომავალში. მინდა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთონ ამ თემებში და ასე უფრო ადვილად დავძლევთ იმ პრობლემებს.


 დიდხანს იფიქრეთ, სანამ დათანხმდებოდით სააგენტოს ხელმძღვანელობას?


როდესაც მკითხეს ამაზე, ადვილი არ იყო უცებ პასუხის გაცემა, რადგან პასუხისმგებლობა არის ძალიან დიდი, მაგრამ როდესაც კარგად დავფიქრდი, კრიტიკა ძალიან ადვილია ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა რთულია, მაგრამ როცა წლების განმავლობაში რაღაც პრეტენზიები გაქვს და ამ დროს გეუბნებიან, მიდი და შენ გააკეთე საქმე, უპასუხისმგებლობაა გაექცე ამ პასუხისმგებლობას. ამიტომ ვთქვი: „კარგი, მე შევეცდები“.

გადაბეჭდვის წესი