კვირის ამბები

“ოცნების ქალაქი”, პრობლემები და პერსპექტივები

15.09.2015 • 3231
“ოცნების ქალაქი”, პრობლემები და პერსპექტივები

 

პროექტი მიზნად ისახავს აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალურ სახლებში მცხოვრები ეკომიგრანტების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას; მიგრანტების სტიქიური ჩასახლების ადგილებში ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბებას; დაბრუნებული და პოტენციური მიგრანტების (მათ შორის ქალების) ისეთი ჯგუფების მხარდაჭერას, რომლებსაც აქვთ სურვილი და შესაძლებლობა, დაიწყონ ბიზნესი საქართველოში, ჩაერთონ საკუთარი მუნიციპალიტეტებისა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.

 

„ინტელექტი“ საშუალებას აძლევს „ოცნების ქალაქში“  მცხოვრებ მიგრანტებს (და არა მარტო მათ. პროექტი მოიცავს აგრეთვე ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებულ სოციალურ სახლებში და ქობულეთისა და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მცხოვრებ მიგრანტებს), ზემოთ აღნიშნულ პროექტში ჩაერთონ და იბრძოლონ უკეთესი სოციალური და ეკონომიკური პირობების შესაქმნელად, იცხოვრონ ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში და ასეთივე პირობებში აღზარდონ მომავალი თაობა („ოცნების ქალაქში“  ანტისანიტარიულ პირობებში 400-მდე მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს).

 

რას სთავაზობს ინტელექტი ოცნების ქალაქში მცხოვრებ მიგრანტებს?

 

უპირველეს ყოვლისა „ინტელექტის“  გუნდი ეკოლოგიურ, სოციალურ და შრომით მიგრანტებს უფასო სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სთავაზობს, დღეისათვის შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებზე (ბუღალტერი, მზარეული, ბარმენი, დისტრიბუტორი, სტილისტი, მკერავი, მშენებელი და ა. შ.), რათა შეძლონ კვალიფიკაციის შესაბამისად დასაქმება და ანაზღაურების მიღება. სასწავლო გრანტის ოდენობა 200-დან 500-ს ევრომდეა. „ინტელექტი“  პროფესიული განათლების მსურველ მიგრანტებს 100%-ით დააფინანსებს.

 

პროექტის ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზება მიგრანტებისთვის მცირე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერაა. კარგად გააზრებული და დასაბუთებული ბიზნესიდეის ავტორი „ინტელექტისგან“  მიიღებს გრანტს 500-დან 4000 ევრომდე, ინდივიდუალურად ან თანამოაზრეებთან ერთად. ამ შემთხვევაში ორგანიზაციის წილი იქნება ბიზნესის დასაწყებად საჭირო თანხის 60%, ხოლო დანარჩენი 40% თავად ბენეფიციარმა უნდა მოიძიოს. პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“  ფარგლებში მინიმუმ 16 მცირე საწარმო დაფინანსდება.

 

შემდეგი შეთავაზება „ოცნების ქალაქის“  მცხოვრებლებს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოს შეუქმნის: #25 და #53 ბატალიონების ტერიტორიებზე აშენდება თითო ჰიგიენის სახლი, რომელშიც განთავსებული იქნება აბანო ქალებისა და მამაკაცებისათვის, სამრეცხაო – აღჭურვილი სარეცხი მანქანებითა და საშრობებით.

 

გარდა ჩამოთვლილი სერვისებისა, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი `ინტელექტი“  მიგრანტებს გაუწევს იურიდიულ კონსულტაციას და მომსახურებას მისთვის საინტერესო საკითხებზე სრულიად უფასოდ. მიგრანტთა ჩასახლების ადგილებში ჩატარდება საჯარო ლექციები მიგრანტთა უფლებების, შრომითი ტრეფიკინგის და მეზობელ სახელმწიფოში (თურქეთში) ლეგალურად დასაქმების შესახებ.

 

დასაქმების პრობლემა ოცნების ქალაქში

 

„ოცნების ქალაქში“  მცხოვრები მშრომისუნარიანი მამაკაცები ახლა მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში ჩაისა და თხილის საკრებად არიან წასული. ისინი, ვისაც „დეპორტი“  აქვთ, ცდილობენ საქართველოში იშოვონ ერთჯერადი სამუშაო, რათა პურის ფული მაინც გამოიმუშავონ. ერთ-ერთი მათგანი 43 წლის დავით ცეცხლაძეა: „უკვე ორი წელია საერთოდ უმუშევარი ვარ. ადრე თურქეთში გავდიოდი ჩაის საკრებად, მაგრამ დეპორტი მაქვს და ვეღარ დავდივარ. ჩემთან ერთად 33 ქართველი გამოვიდა თურქეთიდან დეპორტით და დავრჩით შემოსავლის გარეშე. რთული კი იყო იქ მუშაობა, მაგრამ კარგი ანაზღაურება გამოგვდიოდა და გვიღირდა წასვლა. ადრე აქაც – საქართველოშიც ვშოულობდი ერთჯერად სამუშაოებს, მაგრამ ახლა აღარაფერი ჩანს. არადა, მინდა დავსაქმდე, ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო? სოციალური დახმარება გვქონდა და ისიც მოგვიხსნეს. ამბობენ დროებითია, გადაგვამოწმებენ და აღგვიდგენენო, მაგრამ ჯერჯერობით სოციალური აგენტი არ ჩანს.“

 

დავით ცეცხლაძე სამომავლოდ დასაქმების იმედით და პროფესიის დაუფლების მიზნით პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“  ახორციელებს, გეგმავს გადაემზადოს და გახდეს პროფესიონალი ელექტრიკოსი. იგი მიიჩნევს, რომ „ელექტრიკოსობა გამოსადეგი საქმეა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. თუ ამ მიმართულებით გადავემზადები, ცოდნას ჩემთვისაც გამოვიყენებ და სხვებსაც გამოვადგები.“

 

დასაქმება „ოცნების ქალაქელ“  ქალბატონებსაც სურთ. „ყველა დიასახლისს უნდა 2 კაპიკი შეიტანოს სახლში, მაგრამ ვერ ვახერხებთ. ჩემს შვილს, რომელსაც არაორგანული ნევროზი აქვს, მუდმივად სჭირდება ყურადღება, უცებ ქუჩაში არ გავიდეს, ან ცუდად არ გახდეს… თუ მისი ინკლუზიურ სკოლაში შეყვანა მოვახერხე, მაშინ მეც ვიმუშავებ, ქმარს გვერდში დავუდგები და ცხოვრებაც შედარებით გაგვიმარტივდება. ძალიან კარგი შემოთავაზება აქვს ორგანიზაცია „ინტელექტს“, სწავლას დაგვიფინანსებს და მცირე ბიზნესს თუ წამოვიწყებთ, დაგვეხმარება, გრანტს მოგვცემს. მინდა სტილისტობა ან კერვა ვისწავლო… თუ პროფესია მექნება, მაშინ სამსახურსაც ადვილად ვიშოვი“, – ფიქრობს გიული ბიბინიძე. მისგან განსხვავებით მთვარისა ხილაძე ახერხებს ერთჯერადი სამუშაოების შოვნას. იგი სასურსათო მაღაზიებს დროდადრო პროდუქციის დახარისხებაში ეხმარება და აღებული „კაპიკები“  ოჯახში შეაქვს.

 

ოთხ ბორბალზე ბიზნესის აწყობა სარისკოა

 

„ოცნების ქალაქის“ მცხოვრები დავით დიასამიძე „ინტელექტის“  მიერ შეთავაზებულ სერვისებს მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს და თვითონაც აპირებს ჩაერთოს პროექტში. მას მცირე ბიზნესის დაწყება სურს და ცდილობს შესაბამისი გრანტი მიიღოს. ამბობს, რომ „ოთხ ბორბალზე და მეცხოველეობა-მეფრინველეობაზე ბიზნესის წამოწყება სარისკოა. შეიძლება გავაკეთოთ ავტომობილების სამრეცხაო,  წისქვილკომბინატი… მე პირადად ვგეგმავ ფქვილის, ქატოს და მსგავსი პროდუქტების საბითუმო მაღაზიის გახსნას. ასეთი მაღაზიები სეზონურად ყოველთვის მუშაობს“.

 

დიასამიძე „ოცნების ქალაქში“  ბათუმიდან მოვიდა. მიზეზი ოთხი ძმის ერთ სახლში ცხოვრება გახლდათ: „იძულებული გავხდით, გავნაწილებულიყავით. 40 კვადრატულ ბინაში ოთხი ძმა ცოლ-შვილით ვერ იცხოვრებდა. მე მეუღლე და ორი შვილი მყავს. მართალია, ურთულეს პირობებში ვცხოვრობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.“

 

ჰიგიენა და ოცნების ქალაქი

 

„ოცნების ქალაქში“  ყველაზე მეტი ჯაფა დიასახლისებს ადგათ. მათ არაჯანსაღ გარემოში უნდა შეძლონ ქმარ-შვილის მოვლა და ოჯახში ჰიგიენის დაცვა. ამიტომაც არიან წყალს დადარაჯებული, დილით პლასტმასის ჭურჭლები უნდა შეავსონ, რომ საღამომდე ეყოთ, შემდეგ ჭურჭლისა და ტანსაცმლის გარეცხვა უნდა მოასწრონ. აქ არც აბანო აქვთ და არც ცხელი წყალი. წვიმის დროს 20 კვადრატულ ფართობში, რომელიც ერთდროულად საძინებელიც არის, მისაღები ოთახიც და სამზარეულოც, სარეცხსაც აშრობენ. ჭერში გაბმული თოკიდან სველ ტანსაცმელზე გამავალი წვეთები ერთიანად ასველებს ქოხში ყველაფერს… სარეცხი მანქანა და საშრობი „ოცნების ქალაქის“  მცხოვრებთათვის მეტისმეტად დიდი ფუფუნებაა.

 

ნათია ნავალაძე დიასახლისია. იგი ოცნების ქალაქში  ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ჰიგიენის პრობლემა აწუხებს: „ჩვილი ბავშვი მყავს და დღეში რამდენჯერმე სჭირდება დაბანა. ამ პატარა სახლში მოგროვებული წყლის შესანახი ადგილიც ჭირს. არც აივანი გვაქვს, წვიმის დროს სარეცხის დასაფენად რომ ვისარგებლოთ… ძალიან ცუდ დღეში ვართ“.

 

ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობს „ოცნების ქალაქში“ მიგრანტი გიული ბიბინიძეც. სოციალურად დაუცველმა დედამ აქ ცხოვრება იმიტომ გადაწყვიტა, რომ შვილისთვის, რომელსაც არაორგანული ნევროზი აქვს, ინკლუზიურ სკოლაში წერა-კითხვის სწავლის შესაძლებლობა მიეცა, რასაც ჯერჯერობით ვერ ახერხებს: „ოცნების ქალაქში“  დაარსების დღიდან ვცხოვრობთ ჩემი ოჯახი. ძალიან გამიჭირდა აქაურ პირობებთან შეგუება, მაგრამ შვილის ხათრით ვუძლებ. სოფელში ბავშვი დამეჩაგრებოდა (ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულიდან ვართ), რადგან იქ ინკლუზიური სკოლა არ არის. აქ სახელმწიფოს შემწეობით ვარსებობთ, მაგრამ ახლა ესეც შეგვიჩერეს. სექტემბრიდან გვპირდებიან აღდგენას და ველოდებით… ჩემი მეუღლე თურქეთში დადის, ხან ჩაის კრეფს და ხან თხილს, დარში თუ ავდარში, რომ საჭმელი არ მოგვაკლდეს. ავადმყოფ ბავშვთან წამლებიც გვესაჭიროება, რასაც ჩემი ქმარი გამოიმუშავებს, წამლებში მიდის. ახლა სკოლაც იწყება და ათასი რამე სჭირდებათ ბავშვებს…“

 

ბიბინიძეები 20 კვადრატული მეტრ ფართობის ქოხში ხუთნი ცხოვრობენ. „შვილები 12, 15 და 16 წლის მყავს. ამ ფართობზე გვაქვს საძინებელი, სტუმრის მისაღები, სამზარეულო, აბანო-ტუალეტი. როცა მთელი ოჯახი სახლში ვართ, სუნთქვა ჭირს ამ სივიწროვეში, მაგრამ ვუძლებთ, იმიტომ, რომ სხვა საშუალება არ გვაქვს!“  – ამბობს გიული. მიუხედავად რთული საცხოვრებელი პირობებისა, გიული ბიბინიძე კარგი მომავლის იმედს არ კარგავს და მეზობლებსაც აგულიანებს: „უფლება არ გვაქვს იმედგაცრუებულები და ხელმოცარულები ვიყოთ, ამ რთულ პირობებს უნდა გავუმკვლავდეთ! ჩვენ ამას შევძლებთ!“

 

„ოცნების ქალაქელი“  დიასახლისები ჰიგიენის სახლის მშენებლობის მოლოდინში არიან: „ჩვენს დასახლებაში „ინტელექტის“  მიერ შემოთავაზებული ჰიგიენის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა აშენდეს. თუ გვინდა დავიცვათ ჰიგიენა ოჯახში, ჩვენი შვილები ცხოვრობდნენ უსაფრთხო გარემოში და ჩვენც  –  დიასახლისებმა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი დაავადებები, რაც შეიძლება ანტისანიტარიულ პირობებს და დიდი ხნით წყალში მუშაობას მოყვეს, გამოსავალი სწორედ მსგავსი სახლის არსებობაშია. ესეც რომ არა, ამ რთულ პირობებში ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქდება ჯაფა და გაგვიმარტივდება ცხოვრება“.

 

ჰიგიენის სახლის მშენებლობის იდეა არა მარტო დიასახლისებს, არამედ მამაკაცებსაც მოსწონთ. „თუ მთავრობა ნებას დართავს, მე რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი? თანაც ჩვენს პირობებში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა: აქ არის ბევრი მაწანწალა ძაღლი ტილებით, რწყილებით და სხვა მწერებით, რომლებთანაც ბავშვებს აქვთ შეხება. მშობლებს გვეშინია მათ არ გადაედოთ“, – ამბობს დავით ცეცხლაძე.

 

დავით დიასამიძე კი შიშობს, რომ „წყალი იქნება ჰიგიენის სახლისთვის პრობლემა. საღამოობით, ექვსის მერე მოდის ორი საათით. არადა, ამ დასახლებას ჰიგიენის სახლები სასწრაფოდ სჭირდება.“

 

„ოცნების ქალაქი“ ამ დროისთვის თითქმის დაცარიელებულია. `დასახლებას მცირეწლოვანი ბავშვების ჟრიამული ახალისებს მხოლოდ, ბავშვების, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, თუ რამდენად რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და ტირიან მხოლოდ მაშინ, როცა შიათ, ან თოთო სხეულზე „ზელიონკით“ დაფარული მწერების ნაკბენები ექავებათ. აგერ – იგერ კამათლების ხმაც ისმის. ეს დასახლების უხუცესი თაობაა, რომელსაც საშოვარზე წასვლა არ შეუძლია და დრო ქოხების ჩრდილში ნარდის თამაშში გაჰყავთ.

 

 

ჩანართი მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით

პროექტის მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში ფარგლებში. 

ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.

მისამართიბათუმიაღმაშენებლის 13 ტელ: 24 16 40;  ფაქსი: 24 16 50



მობ: 592 57 18 00; ელფოსტა:info@intellect.org.ge

ვებგვერდი: www.intellect.org.ge

გადაბეჭდვის წესი


ასევე: