მთავარი,სიახლეები

„არ გამოვრიცხავ, ლევან ვარშალომიძის ნაცვლადაც მათთვის სასურველი კადრი შეიყვანონ უმაღლეს საბჭოში“

07.01.2017 • 25779
„არ გამოვრიცხავ, ლევან ვარშალომიძის ნაცვლადაც მათთვის სასურველი კადრი შეიყვანონ უმაღლეს საბჭოში“

„ეს არის დაბალი ღირებულებების მქონე ადამიანების პოლიტიკური შურისძიება, ეს სიგიჟეა“, – ასე აფასებს ომარ მეგრელიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი საკუთარი პარტიის გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას. სერგო რატიანმა ცესკოს მიმართა და “ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული საარჩევნო სიიდან პარლამენტის რამდენიმე დეპუტატობის კანდიდატის ამოღება მოითხოვა, მათ შორის, ომარ მეგრელიძის.

ომარ მეგრელიძე “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიის რიგით 29-ე წევრია. პარლამენტში ამჟამად ეს პარტია 27 მანდატითაა წარმოდგენილი. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ორ დეპუტატს ამ პარტიიდან უფლებამოსილება შეუჩერდება, დეპუტატობა ომარ მეგრელიძეს მოუწევს.

ომარ მეგრელიძე ამბობს, რომ პარტიის გენერალურმა სამდივნომ გადაწყვეტილება პარტიის წევრებთან შეუთანხმებლად მიიღო და იგი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილბას უკავშირდება. პარლამენტის წევრობის კანდიდატებს, რომლებიც შესაძლოა პარტიის მოთხოვნით პარტიის პროპორციული სიიდან ამოიღონ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრები არიან.

“პოლიტსაბჭოზე ვიყავი მომხრე, რომ გამართულიყო საერთო ყრილობა 7 ათასი დელეგატის მონაწილეობით. სერგო რატიანი და კიდევ რამდენიმე ლიდერი მიიჩნევდნენ, რომ საკმარისი იყო 2200. რადგან ჩვენი მოთხოვნა გავიდა საბოლოოდ, რატიანმა ჩვენი დასჯა გადაწყვიტა. თან იციან, რომ 20 იანვრის ყრილობის შემდეგ შეუძლებელი იქნება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. პარტიის გახლეჩვის მცდელობა ჩვენგან კი არა, მათგან მოდიოდა. სერგო რატიანმა მე  კი არ ამიმიღო სიიდან, არამედ ის ადამიანები, ვინც აჭარიდან „ნაცმოძრაობას“ დაუჭირა მხარი – ეს მათი შეურაცხყოფაა. თუ უფლებამოსილებას შემიჩერებენ, აჭარის რეგიონს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში ჩვენი პარტიიდან აღარ ეყოლება“, – ამბობს ომარ მეგრელიძე.

სერგო რატინმა მიღებული გადაწყვეტილება პარტიის შიგნით გახლეჩის მცდელობის შეჩერების აუცილებლობით ახსნა. ასევე განმარტა, რომ ადამიანებს, ვისი უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით ცესკოს მიმართა, საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების დროს, პარლამენტში შესვლის წინააღმდეგი იყვნენ. ომარ მეგრელიძესთან ერთად, პარლამენტის დეპუტატის მანდატის მოპოვების შანსი შესაძლოა აღარ ჰქონდეთ: ეკა ხერხეულიძეს, დავით კირკიტაძეს, ნინო კალანდაძეს, პეტრე ცისკარიშვილს, ლევან ბეჟაშვილს, ნუგზარ წიკლაურს, ირაკლი ნადირაძეს.

ომარ მეგრელიძე არც იმას გამორიცხავს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ნაციონალ წევრებს შეეხოს დაპირისპირება პარტიის შიგნით: „ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, მაგალითად, ლევან ვარშალომიძის ნაცვლადაც სხვა, მათთვის სასურველი სიის მე-15, ან მე-20 წევრი შეიყვანონ”.

კანონმდებლობის მიხედვით, ცესკომ პარტიის პროპორციული სიიდან წევრების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მომავალ კვირას უნდა მიიღოს. სერგო რატიანის მიმართვამდე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სადაო ყრილობის საორგანიზაციო საკითხები გახდა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: