სამედიცინო ტურიზმის პერსპექტივა საქართველოში

სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო ბაზარი, რომელიც სამედიცინო სერვისების მისაღებად პაციენტების სხვა დანიშნულების ადგილებში გამგზავრებას გულისხმობს, 2012 წელს 100 მილიარდი აშშ დოლარით შეფასდა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური ჯანდაცვითი ინიციატივების“ დირექტორმა, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა ბერნარდო რამირესმა ბათუმში ჩატარებულ სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. „ბათუმელები“ შეეცადა გაეგო, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად სამედიცინო ტურიზმის საქართველოს ბაზარზე და რა პერსპექტივები აქვს ამ მხრივ აჭარის რეგიონს.

სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია Med-Tour-ის მონაცემებით, ყველაზე ხშირად ქართველი პაციენტები თურქეთსა და გერმანიაში მიდიან სამკურნალოდ. ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი ტურისტი შემოდის საქართველოში სამედიცინო სერვისების მისაღებად, არ არსებობს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2016 წლის ათი თვის ჯამური მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5 406 188 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.1%-ით მეტია. ბათუმში ჩატარებული სამედიცინო ტურიზმის კონფერენციის ორგანიზატორი და გრიგოლ რობაქიძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ გერზმავა ამბობს, რომ სტატისტიკურად, ამ ტურისტების მინიმუმ 2-3% მძიმე ავადმყოფები არიან, რომელთაც აუცილებლად სჭირდებათ სამედიცინო დახმარება, დაახლოებით 8 პროცენტი კი უფრო მსუბუქი დაავადებებით ან პროფილაქტიკისთვის მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს. მისივე თქმით, საქართველოში უკვე მრავლად არიან სამედიცინო სერვისებით დაინტერესებული უცხოელი ტურისტები.

„საქართველოში უკვე შემოდის უამრავი პაციენტი, მაგრამ რამდენი ჩამოდის, სტატისტიკურ სამმართველოს არ აინტერესებს. მაგალითად, თურქეთი მილიარდ ნახევარს იღებს მოგებას ყოველწლიურად იმიტომ, რომ სტატისტიკურ მაჩვენებლებში უდევს უკვე სამედიცინო ტურიზმი. ჩვენთანაც უნდა გაკეთდეს ერთი გრაფა – რამდენი უცხოელი პაციენტი გყავდათ და რამდენი გადაიხადეს. ამის შემდეგ გამოჩნდება, რომ უკვე არის ასი ათასობით აშშ დოლარი, რომელიც სწორედ სამედიცინო ტურიზმიდან შემოვიდა ქვეყანაში,“ – ამბობს ის.

ოთარ გერზმავას განმარტებით, სამედიცინო სერვისების მაძიებელ ტურისტებს საკმაოდ დიდი თანხა შემოაქვთ ქვეყნის ბიუჯეტში, მაგალითისთვის მას ის წყვილები მოჰყავს, რომლებიც უშვილობის სამკურნალოდ ჩამოდიან თბილისსა და ბათუმში:

„მათ სჭირდებათ სასტუმრო, მომსახურე პერსონალი, ხარჯავენ თანხას საკვებში და რა თქმა უნდა, სამედიცინო პროცედურებში, რითაც ჩვენს ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა შემოაქვთ“.

სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით სამედიცინო სერვისების მაძიებელი ტურისტები, თითოეულ ასეთ გამგზავრებაზე 7475-15833 აშშ დოლარს ხარჯავენ.

ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად საქართველოს სამედიცინო ტურიზმში სტომატოლოგია მიიჩნევა. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ზურაბ ალხანიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის დიდი ტურისტული პოტენციალის, საქართველოს სტომატოლოგიური ბაზრისა და მომსახურების ხარისხის სწრაფი განვითარების მიუხედავად, საქართველოში სტომატოლოგიური ტურიზმი ეფექტიან ბიზნესსაქმიანობად მაინც ვერ ჩამოყალიბდა. მისივე თქმით, ჩვენს კლინიკებს უცხოელი პაციენტები ხშირად სტუმრობენ, თუმცა ეს არაფერს ცვლის – ეს კერძო ინიციატივებია და რამდენიმე ფასილიტატორი, რომელმაც საქართველოში ეს საქმიანობა წამოიწყო, უკვე გავიდა ბაზრიდან:

„სამედიცინო ტურიზმში, ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი პოტენციალის მქონე სწორედ სტომატოლოგიური მომსახურებაა. დღესდღეობით საქართველო ძალიან მომგებიან პოზიციაშია. სტომატოლოგიური მომსახურების სიძვირით გამოირჩევა: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ქვეყნების უმეტესობა, ხოლო სტომატოლოგიური ტურიზმის ლიდერი ქვეყნებია: მექსიკა, კოსტა რიკა, ინდოეთი, რუმინეთი, პოლონეთი, ლიტვა და ა.შ. მაშინ, როცა, მაგალითად, აშშ-ში ან გაერთიანებულ სამეფოში ერთი დენტალური იმპლანტის ფასი საშუალოდ თუ 3500-4000 დოლარია, სამედიცინო ტურიზმის ლიდერ ქვეყნებში ფასები 800-900 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

საქართველოში კი საშუალო ფასი – 300 დოლარია. ენდოდონტური მკურნალობის (ფესვის არხების) ფასი მსოფლიოში საშუალოდ 500-დან 2000 დოლარამდეა, ყველაზე ხშირად – 1 000-1 300 დოლარია, საქართველოში კი – 20-50 დოლარია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხარისხის ხარჯზე ნაკლებად ხდება. დაახლოებით ჩვენი მსგავსი სიტუაციაა მეზობელ ქვეყნებშიც, მაგალითად, სომხეთში, ხოლო თურქეთი სულ უფრო უახლოვდება ევროპულ ფასებს,“ – ამბობს ის.

ოთარ გერზმავა ამბობს, რომ გარდა სტომატოლოგიური მიმართულებისა, საქართველოში სამედიცინო ტურიზმის მხრივ დიდი პოტენციალი აქვს კარდიოქირურგიასაც. „სულ ცოტა ხნის წინ კარდიოქირურგიისთვის საქართველოდან ძალიან დიდი ნაკადი გადიოდა თურქეთში, ახლა კი ადგილზე, მათ შორის ბათუმშიც გვაქვს ძალიან კარგი კარდიოქირურგიული ცენტრები, ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, რადგან ჩვენ უკვე გვყავს კარგი განათლებისა და უცხოური გამოცდილების მქონე ადგილობრივი სპეციალისტები, რომლებიც მოტივირებულები არიან თავიანთ ქვეყანაში იმუშაონ,“ – ამბობს ის.

სამედიცინო ტურიზმში, საქართველოს კიდევ ერთ პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევა ბალნეოთერაპია და კლიმატოთერაპია. საქართველოს კურორტების ნუსხაში ასზე მეტი ასეთი კურორტი შედის, მათგან შვიდი (ციხისძირი, ქობულეთი, მწვანე კონცხი, მახინჯაური, ბეშუმი, ბათუმი) აჭარაშია. ოთარ გერზმავას თქმით, ამ მიმართულების განვითარების მთავარი პრობლემა კურორტების მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა, რომელსაც დიდი ინვესტიციები სჭირდება.

„მაგალითად, წყალტუბოში ინფრასტრუქტურა არის ისეთი, რომ საერთაშორისო სტანდარტებით მივიღებთ ერთეულებს, მაგრამ ათიათასობით ადამიანს – ვერა. თუ გაჩნდება ინტერესი და კაპიტალი და ბიზნესი დაინახავს, რომ ხალხი აქეთ მოედინება, დარწმუნებული ვარ, სამ წელიწადში იგივე გაკეთდება, რაც ბათუმში გაკეთდა, როცა პროვინციული პატარა ქალაქიდან ბათუმი გადაიქცა მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქად. მაგალითად, ბათუმში უკვე არის ძალიან კარგი ჰოსპიტალი, რომელიც იღებს უამრავ თურქ პაციენტს, არის ძალიან კარგი რეპროდუქტოლოგიური სამსახური, კეთდება კარდიოქირურგიული ოპერაციები და ა.შ.“ – ამბობს ოთარ გერზმავა.

სამედიცინო ტურიზმის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მამუკა ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ აჭარას სამედიცინო ტურიზმს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია:

„ამის თქმის საფუძველს რეგიონში საქმიანი ტურიზმისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურული გარემო და მრავალფეროვანი სამკურნალო-ბალნეოლოგიური რესურსის არსებობა იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა სამკურნალო და ბალნეოლოგიური ცენტრების აღდგენისა და განვითარების კუთხით. მახინჯაურში მოვიზიდეთ ინვესტორი, რომელიც ყოფილ სანატორიუმ „მზიურის“ ადგილას სანატორიუმის ტიპის სასტუმროს ააშენებს. მომავალში, მსგავსი ტიპის სასტუმრო-ცენტრები აუცილებლად მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ შიდა თუ უცხოელ ტურისტს“.

ფოტოზე: პირველი საერთაშორისო კონფერენცია სამედიცინო ტურიზმის შესახებ. ბათუმი, 2016 წლის ნოემბერი.

რის შეცვლას აპირებენ აჭარის მაჟორიტარები საქართველოს კონსტიტუციაში

საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ხელისუფლება კონსტიტუციის შეცვლას აპირებს. საკონსტიტუციო კომისია მუშაობას უკვე შეუდგა, ცვლილების პროექტი მომავალი წლის აპრილში უნდა იყოს მზად. არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ აჭარის ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობდა. დეპუტატები აჭარიდან ახლაც იმავე აზრზე არიან, თუმცა ისინი პოლიტიკიდან უკვე წასული პაატა ბურჭულაძის წინასაარჩევნო გზავნილს ააქტიურებენ და ძირითადად ადგილობრივი კადრების ჩაგვრაზე ამახვილებენ ყურადღებას. კიდევ, მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის სტატუსის მოხსნის ან მინიჭების უფლებამოსილების აჭარისთვის გადმოცემას აპირებენ. ეს იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი მთავრობა ძეგლებს არსებული კომპეტენციის ფარგლებშიც ვერ იცავს.

„მაგალითად, ღორჯომის სკოლის დირექტორის დანიშვნაზე მთელი თბილისი უნდა შეიძრას, ესაა საქმე?.. აჭარის განათლების სამინისტროს დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს მოქმედება და უმაღლეს საბჭოსაც. საქართველოს მთავრობას უნდა შეათანხმონ, კი ბატონო, მაგრამ მთლად ასეც არ გამოვა. ჩემი აზრი ეს იქნება“, – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ. მას ვკითხეთ, კონკრეტულად რა კუთხით უნდა გაიზარდოს აჭარის ხელისუფლების უფლებამოსილება. ანზორ ბოლქვაძე ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში. მან პირველი რიგის ამოცანად სოფლის გაძლიერება დაგვისახელა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ თითოეულ თემსა და სოფელს საკუთარი გამგებელი უნდა ჰყავდეს: „მოსახლეობა მოითხოვს ამას, მე კი არა.
დღეს სამ და ოთხ სოფელს ერთი ხელმძღვანელი ჰყავს. შეიძლება უფრო პატარა ხელფასები გასცე და ყველა სოფელს ჰყავდეს თავისი. მე, როგორც დეპუტატი, ამას დავუჭერ მხარს. სოფელი ასევე ითხოვს შეიცვალოს საპენსიო ასაკი. შეიძლება ეს ყველაფერი კონსტიტუციასთან კავშირში არ არის, მაგრამ ხალხი ამას ითხოვს. კიდევ ადგილობრივი კადრები უნდა დასაქმდნენ უფრო მეტად… კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ, ვის შეუქმნეს პრობლემა, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა დაისვას ეს საკითხიც… მე არ ვიცი ჯერ, ვიქნები თუ არა ამ კომისიაში, მაგრამ ყველა ვიქნებით ჩართული.“

იქნება თუ არა წარმოდგენილი საკონსტიტუციო კომისიაში, არც ნუკრი ბეჟანიძემ იცის – ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში. ანზორ ბოლქვაძის მსგავსად, ამ კანონმდებელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრის დროს ადგილობრივი კადრების დასაქმებაზე გაამახვილა ყურადღება. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი კადრები იბლოკებიან:

„ბევრ შემთხვევაში კადრები ცენტრალური ხელისუფლოების დონეზე ინიშნებიან, ადგილობრივ კადრებსაც სჭირდებათ წინსვლა. ადგილობრივს ბევრ შემთხვევაში აღარ აქვს წინსვლის ინტერესი, ის გარკვეულწილად დაბლოკილია. მაქსიმალური, რასაც შეიძლება მიაღწიოს ადგილობრივმა კადრმა, აი, მოადგილე შეიძლება გახდეს გარკვეულ თანამდებობაზე, არ აქვს მას წინსვლისა და განვითარების შანსი. დამოუკიდებლობა და უფრო მეტი თავისუფლება რომ ექნება ადგილობრივ მთავრობას, თვითონ გადაწყვეტს, რომ მისი კადრები დასაქმდნენ“.

ნუკრი ბეჟანიძეს ვთხოვეთ დაესახელებია ადგილობრივი კადრების დაბლოკვის კონკრეტული ფაქტები: „კარგით რა, თქვენც კარგად იცით, რაზეც ვსაუბრობ. ბევრია შემთხვევა, როცა სხვა რეგიონიდან ჩამოსული ხალხი მუშაობს და მე არ გამიგია, ჩვენი რეგიონიდან სხვა რეგიონში დანიშნულიყო ვინმე. რატომ არ შეიძლება პროფესიონალი იყოს რეგიონში. პროფესიონალი მხოლოდ ცენტრშია?… რასაკვირველია, პროფესიონალიზმი გადამწყვეტია, მაგ აზრს ნუ მახვევთ თავზე. მეტი თავისუფლება უნდა ამ კუთხით ადგილობრივ მთავრობას, ეს არაა სეპარატიზმი.“

კანონმდებელი რეგიონის ხელისუფლებისთვის უფლებამოსილების გაზრდის საჭიროებას კიდევ ერთი მიმართულებით ხედავს _ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის განსაზღვრა: „უბრალო მაგალითს გეტყვით: დავუშვათ, ძეგლის წოდება აქვს თავდადებულის ქუჩაზე, მუსიკალური სასწავლებლის წინ, ორსართულიან, ძველ შენობას, სადაც ხალხს აწვიმს, ძალიან სარემონტოა და ნახევრად დანგრეული შენობაა. ამ შენობას აქვს ძეგლის სტატუსი და ადგილობრივი მთავრობა ვერ კიდებს ხელს, რადგან ეს არის ძეგლი. მოხსნაზე კი არაა უშუალოდ ლაპარაკი, სწორად გამიგეთ, ლაპარაკია იმაზე, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს საშუალება, განაგოს შენობა…“

ქობულეთის მაჟორიტარი, პროფესიით ექიმი კობა ნაკაიძე ჯანდაცვის სფეროზე აკეთებს აქცენტს. მისი აზრით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოებში სამედიცინო საქმიანობის კონტროლის უფლება უნდა ჰქონდეს: „რასაც აკეთებს დღეს ცენტრალურ დონეზე რეგულირების სააგენტო, იგივე უნდა იყოს ადგილზე. შეიძლება ეს იყოს ცენტრალური სააგენტოს დაქვემდებარებაში, მაგრამ რეგიონში უნდა არსებობდეს ოპერატიულად და ეფექტურად მოქმედების შესაძლებლობა… არ ვიცი, აქამდე რატომ არ მიანიჭეს რეგიონს ამის უფლება. ალბათ, ცენტრალიზებულად სჭირდებოდათ აქამდე.“

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში იმუშავებენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მაჟორიტარი ხელვაჩაურიდან ილია ნაკაშიძე.

„შეგიძლიათ თქვათ, რომ დავით გაბაიძე ზედმეტი სიფრთხილით უდგება ამ საკითხს, მაგრამ მირჩევნია, ვიყო ფრთხილი, რადგან ჯერ არ ვიცი, რამდენად ფართო იქნება კომისიის მოქმედების დიაპაზონი. არ ვიცი, კომისია მხოლოდ გამოვლენილი ხარვეზების შესწორებაზე იმუშავებს თუ, მაგალითად, ისეთ საკითხზე, როგორიცაა ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი“, – გვითხრა დავით გაბაიძემ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს სურს იმუშაოს იმ ჯგუფებთან, რომლებიც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და სასამართლო ხელისუფლების საკითხებს განიხილავენ: „ჩვენი კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობა უნდა განისაზღვროს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ.

როცა ვსაუბრობთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციებზე, ფაქტია, რომ მათი განსაზღვრა უნდა ხდებოდეს ქვეყნის დანარჩენი რეგიონების სტატუსის ფარგლებში. თუ ამას შეეხება ეს ცვლილებები, ვისაუბრებთ. შესაძლებელია, კონკრეტული კომპეტენციების ცვლილებაზეც იყოს საუბარი. მე, ზოგადად, მგონია, რომ ამ საკითხის ამდენ ხანს ღიად დატოვება არ არის მაინცადამაინც კარგი.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარს ვამბობთ. აჭარაში რომელიმე სამინისტროს უფლებამოსილება პირდაპირ დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებთან… გამოსასწორებელია საკითხები, რომლებიც მუშაობის პროცესში გამოჩნდა და ამის შესახებ ვისაუბრებ კომისიაში, მაგალითად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის საკითხი. ალბათ, გახსოვთ, როგორი გაუგებრობა შეიქმნა ამ კუთხით“.

Asea Sool და Strawberry Fields-ის კონცერტი ბათუმში

დღეს 26 დეკემბერს, საახალწლო  ღონისძიებების ფარგლებში ცოცხალი ბენდები Asea Sool   და Strawberry Fields-ის დაუკრავენ.  კონცერტი საღამოს 19:00 დაიწყება და  რამდენიმე საათს გაგრძელდება.

ამავე საღამოს დაგეგმილია ენვერ ხაბაძის ქორეოგრაფიული ანსამბლის „ხარება“-ს,  ნანა მესხის, ლაშა ღლონტისა და ნუკა მარგველაშვილის კონცერტები. დღის განმავლობაში კი ევროპის მოედანზე საბავშვო გასართობი ღობისძიებებიც გაიმართება.

 

30 მილიონამდე ლარის შეწყვეტილი ხელშეკრულებები მერიაში

ბათუმის მერიამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან 29 ხელშეკრულება შეწყვიტა. ჯამში სახელშეკრულებო თანხა 30 მილიონამდე ლარია. ამ თანხის თითქმის ნახევარი – 13 მილიონზე მეტი ლარი, ქალაქის ბიუჯეტიდან კომპანიებზე ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში უკვე გადარიცხული იყო. დაკარგული დრო და დაუთვლელი ზარალი – ესაა შეწყვეტილი ტენდერების შედეგი.

ბათუმის მერიისგან მიღებული დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი თითქმის ყველა შემთხვევაში იყო ის, რომ „კომპანიამ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები“.

„ჟილინის არხისა“ და „იაფი საცხოვრისის“ შემდეგ ამ ბოლოს ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობის სამუშაოების შეჩერებაც დაემატა.

სპორტული ბაზის მშენებელ კომპანია „ენერგოსექტორმშენს“ მერიამ ხელშეკრულება მიმდინარე წლის ნოემბერში შეუწყვიტა. კომპანიასთან ხელშეკრულება 4 მილიონ 899 ათას 998 ლარზე იყო გაფორმებული, საიდანაც 2 მილიონზე მეტი უკვე გადარიცხულია კომპანიაზე.

საბოლოო ანგარიშსწორებამდე და ახალი მშენებელი კომპანიის გამოვლენამდე ბათუმის მერია ანგისის სპორტული ბაზის სადღეღამისო დაცვის მომსახურებაში დამატებით 6300 ლარს გადაიხდის. შესაბამისი ნებართვა მერიას მიღებული აქვს შესყიდვების სააგენტოდან.

მერიის არგუმენტი: „გამომდინარე იქიდან, რომ შპს „ენერგოსექტორმშენის“ მიერ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, ბათუმის მერის 2016 წლის 8 ნოემბრის ბრძანებით შეწყდა ხელშეკრულება. სამუშაო პროცესის მიმდინარეობის არარსებობის გამო, ობიექტი მიტოვებულია უმეთვალყურეოდ… შესაძლებელია მოხდეს შენობაში და სამშენებლო ტერიტორიაზე გარეშე პირების შეღწევა, შესრულებული სამუშაოების დაზიანება ან/და მასალების დატაცება. აქედან გამომდინარე, დაცვამ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას ანგისის სპორტული ბაზის სამშენებლო ტერიტორიაზე არსებული შენობა ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან.“

ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ 30-მდე კომპანიას გაფორმებული ხელშეკრულებები შეუწყვიტა სხვადასხვა მომსახურებაზე, როგორიცაა: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების დალაგება-დასუფთავება; ფოტოპროექტის – „ძველი ბათუმი“ ორგანიზება; პალმების შეძენა-დარგვა; რამდენიმე საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია; ნინოშვილის ქუჩაზე მთავარი სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა; ასფალტირებული ქუჩების რემონტი; დემეტრე თავდადებულისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში არსებული სტადიონის გადატანისა და მის ადგილას სკვერის მოწყობის სამუშაოები [ეს სკვერი დღეს იქვე მდებარე ეკლესიის ეზოშია მოქცეული], გზის პრობლემატურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობისა და ზუბალაშვილის ქ.N39-ის მიმდებარე სკვერის კეთილმოწყობისა და სხვ.

მთლიანობაში რამდენი თანხა უნდა დაიბრუნოს მერიამ გადახდილი 13 მილიონი ლარიდან, „ბათუმელებმა“ ჯერჯერობით ვერ დაადგინა. რაც ადრე დავადგინეთ, ის არის, რომ „ჟილინის არხთან“ დაკავშირებით მერია შპს „ტონი და კომპანიასგან“ დარჩენილ 254 265 ლარს ვერ იბრუნებს, ხოლო „იაფ სახლთან“ დაკავშირებით, დაახლოებით 1,4 მილიონი ლარი აქვს დასაბრუნებელი კომპანია „კონვენტ ჯორჯიასგან“ [ეს კომპანია მერიისგან ავანსად გადარიცხული თანხის მიღების შემდეგ გაუჩინარდა]. ამავე კომპანიისგან ამოსაღებია დაკისრებული პირგასამტეხლო 214 ათასი ლარი. დოკუმენტების მიხედვით, „კონვენტ ჯორჯიას“ გარანტორი იყო ლონდონში რეგისტრირებული „პოინტ ბანკი“, ხოლო, ტრანზაქტორი – „ბაზისბანკი“.

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი აცხადებს, რომ ეს პროექტი [„იაფი სახლი“] დასრულდება და მერიას დაწყებული აქვს სამართლებრივი პროცედურები თანხის უკან დასაბრუნებლად.

„ხვალ და ზეგ რომ მოვიდეს ვინმე და მოიტანოს უცხოური ბანკის გარანტია და ქართული ბანკი ტრანზაქციას უკეთებს, მე არ მაქ უფლება, უარი ვუთხრა, მაგრამ კანონს დავარღვევ და უარს ვეტყვი… გამოცდილება ზოგჯერ კარგია და ზოგჯერ ცუდი, იმიტომ, რომ ერთი „პოინტ ბანკის“ გამო არ უნდა დაზარალდეს საქმე,“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებთან“.

თუმცა, „ბაზისბანკის~ შესაბამის წერილში აღნიშნულია, „რომ ბაზისბანკი არ ფლობს ინფორმაციას გარანტორის და მისი გადახდისუნარიანობის შესახებ. ასევე ბაზისბანკი არ იღებს არანაირ ფინანსურ ან სხვა სახის ვალდებულებებს ბენეფიციარის [ბათუმის მერიის – ავტ.] წინაშე… გთხოვთ, გაეცნოთ და იმოქმედოთ შესაბამისად“.

გარანტორის, ანუ „პოინტ ბანკით“ პირველ რიგში მერიის სატენდერო კომისია უნდა დაინტერესებულიყო, ვიდერ მას ტენდერში გამარჯვებულად დაასახელებდა. თუმცა, სატენდერო დოკუმენტებში მსგავსი დაინტერესება არ ჩანს.

შეწყვეტილი ხელშეკრულებების გამო რა რაოდენობის თანხა [ავანსად გადახდილი თუ პირგასამტეხლო] აქვს კომპანიებისგან მერიას ამოსაღები, ამ ინფორმაციას მერიისგან წერილობით ველოდებით.

ქირურგია – ბათუმის „რეფერალური“ ჰოსპიტლის ძლიერი მხარე

სამი წელია სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ რეფერალური ჰოსპიტალი აჭარის სამედიცინო ბაზარზეა წარმოადგენილი და ამ ხნის მანძილზე ის განსაკუთრებით ქირურგიაში მიღწეული წარმატებებით გამოირჩევა. რეფერალური ჰოსპიტალი მაღალკვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული, ბევრი ექიმი, რომლებიც ჰოსპიტალში მუშაობენ, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერისტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზეც ასწავლის და თავის ცოდნას მომავალ ექიმებს უზიარებს. მათ შორისაა მედიცინის დოქტორი, ქირურგი ზურაბ ჩიხლაძე, რომელიც რეფერალური ჰოსპიტლის ზოგადი ქირურგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

ბატონო ზურაბ, რა სახის სამედიცინო სერვისებს სთავაზობს ზოგადი ქირურგიის მიმართულება პაციენტებს თქვენს ჰოსპიტალში და რა უპირატესობა აქვს თქვენს ჰოსპიტალში ზოგადი ქირურგიის მიმართულებას სხვა ჰოსპიტალებთან შედარებით?

– ზოგადი ქირურგიის მიმართულებით ჩვენს ჰოსპიტალში ტარდება ყველა სირთულის ოპერაცია, რომლის ჩატარებაც საქართველოშია შესაძლებელი. ჩვენი ჰოსპიტალი გამორჩეულია ამ მხრივ. განსაკუთრებით ხშირია აბდომინალური პროფილის ოპერაციები, სანაღვლე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ოპერაციები, ფართო სპექტრის ონკოქირურგიული და ენდოკრინოლოგიური ოპერაციები. ჩვენს ჰოსპიტალში წარმატებულია ასევე ბარიატრიული (ჭარბი წონის კორექცია სამედიცინო ჩვენების საფუძველზე) ოპერაციები, წელს ასეთი ასამდე ოპერაცია გაკეთდა ჩვენთან. წარმატებები გვაქვს პანკრიასისა და ღვიძლის ქირურგიაში და მოწინავენი ვართ ღვიძლის ტრანსპლანტაციაში. ასევე, პირველები ვართ ღვიძლისა და პანკრიასის ავთვისებიანი დაავადებების ქირურგიულ მკურნალობაში. ყველა ოპერაცია კეთდება თანამედროვე სტანდარტებით, ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებით. ვფიქრობ, ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ უნდა შეაჩეროს პაციენტმა არჩევანი ჩვენს ჰოსპიტალზე.

– კვირაში რამდენ ოპერაციას აკეთებთ საშუალოდ?

– ჩვენს განყოფილებაში კვირაში საშუალოდ 15-20 სახის ქირურგიული ოპერაცია კეთდება, სტატისტიკურად ჩვენ ვართ ლიდერები და კარგი მონაცემები გვაქვს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენს ჰოსპიტალში ტარდება ყველა სახის ქირურგიული ოპერაცია, რაც ჩვენი ერთი-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა.

ზურაბ ჩიხლაძე
ზურაბ ჩიხლაძე

– როგორც ვიცით, ჰოსპიტალში მუშაობის პარალელურად, ასწავლით უნივერსიტეტშიც. მუშაობენ თუ არა თქვენი სტუდენტები თქვენთან ასისტენტებად? ამ მიმართულებით როგორ მუშაობს რეფერალური ჰოსპიტალი?

– ჩვენი რეგიონი საკმაოდ მდიდარია სამეცნიერო კადრებითა და ბედნიერები ვართ იმით, რომ გვაქვს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ჯანდაცვის ფაკულტეტი არსებობს. ჩვენი ჰოსპიტლის ბევრი სპეციალისტი მუშაობს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე და მეც მათ შორის. კარგია, რომ გამოცდილება და ცოდნა რომელიც ჩვენს გვაქვს, არ იკარგება და გადაეცემა მომავალ თაობას, მომავალ ექიმებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს განყოფილებაში ჩვენი უნივერსიტეტის ექვსი კურსდამთავრებული მუშაობს და ზოგადად,  „ევექსი“ ყველანაირად უწყობს ხელს ახალგაზრდებს, მომავალ ექიმებსა და ექთნებს, გაიარონ პრაქტიკა, აიმაღლონ კვალიფიკაცია, შეიძინონ გამოცდილება და ჩამოყალიბდნენ კარგ სპეციალისტებად.

– საქართველოში პაციენტები ხშირად მაშინ აკითხავენ ექიმს, როცა სხვა გზა არ რჩება. ეს რამდენად უშლის ხელს მკურნალობას?

– ზოგადად, ეს ქართველების სენია, როცა ექიმს აკითხავენ ბოლო მომენტში, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ბოლო დროს ეს სურათი გაუმჯობესდა და ახლა სასწრაფო და გეგმიური სამედიცინო მომსახურების სტატისტიკა თითქმის გაუთანაბრდა ერთმანეთს, რაც ძირითადად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დამსახურებაა. კარგია, რომ გაიზარდა ისეთი პაციენტების რაოდენობა, რომლებიც გეგმიურად იღებენ მათთვის საჭირო სამედიცინო სერვისს.

მომღერალი ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა

ბრიტანელი მომღერალი ჯორჯ მაიკლი 54 წლის ასაკში გარდაცივალა – ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გვიან ღამით მომღერალთან დაახლოებულმა პირებმა გაავრცელეს, შემდეგ კი ინფორმაცია პოლიციამაც დაადასტურა.

ბრიტანელი და ბერძენი წყვილის ოჯახში დაბადებულმა მუსიკოსმა კარიერა [მისი ნამდვილი სახელი იყო გეორგიოს კირიაკოს პანაიოტოუ] სკოლის მეგობართან ერთად დაიწყო. მისი 1987 წლის სადებიუტო ალბომი Faith კი ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად დისკად იქცა. ალბომის წარმატება უზრუნველყო აშშ-ში გამოცემულმა ხუთმა სინგლმა. ამ ალბომის 20 მილიონი ასლი გაიყიდა.

40-წლიანი კარიერის განმავლობაში ჯორჯ მაიკლმა თითქმის 100 მილიონი ალბომი გაყიდა. ასევე მიღებული აქვს არაერთი მუსიკალური პრემია, მათ შორის სამჯერ „გრემი“ და ხუთჯერ – MTV.

2011 წელს  ჯორჯ მაიკლი მძიმედ ავადმყოფობდა – პნევმონია გადაიტანა რთული ფორმით. მაშინ მედია წერდა, რომ მომღერალი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. თუმცა, იმავე წელს მუსიკოსმა სრული გამოჯანმრთელების შესახებ თავადვე განცახდება.

ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

შობა ბათუმში

25 დეკემბერს მსოფლიოს ქრისტიანთა უმრავლესობა იესო ქრისტეს შობის დღეს ზეიმობს. ქრისტეს შობა აღნიშნეს ბათუმშიც. კათოლიკურ ეკლესიაში ღვთისმსახურების ცერემონია 24 დეკემბერს საღამოს ათ საათზე დაიწყო.  ღვთისმსახურება პადრე გაბრიელ ბრაგანტინმა აღავლინა. საშობაო წირვას ჩვენს ქალაქში მყოფი უცხოელი კათოლიკეებიც ესწრებოდნენ.

შობა ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში. ფოტო: ლელა დუმბაძე
შობა ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში.
ფოტო: ლელა დუმბაძე

ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში კი საშობაო მსახურება დღეს, 25 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყო. საშობაო ქადაგების შემდეგ  საკვირაო სკოლის ბავშვებმა იგალობეს, წარმოდგენილი იყო საშობაო პერფორმანსიც.

შობა ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში. ფოტო: ლელა დუმბაძე
შობა ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში.
ფოტო: ლელა დუმბაძე

სადღესასწაულო წირვაზე არც ერთ ეკლესიაში ხელისუფლების წარმომადგენლები არც გასულ წელს და არც ამჯერად არ გამოჩენილან.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას ძველი სტილით, 7 იანვარს აღნიშნავს.

 

ბათუმის კათოლიკური ეკლესია. ფოტო: ლელა დუმბაძის
ბათუმის კათოლიკური ეკლესია.
ფოტო: ლელა დუმბაძის

სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების მე-16 საერთაშორისო გამოფენა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-16 საერთაშორისო გამოფენა გახსნა. გამოფენაში, რომელიც ევროკავშირის პროგრამის (ENPARD)-ის მხარდაჭერით მეორედ ტარდება, 18 ქვეყნის 150-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა წარმოადგენს  აგრომიმართულების ერთადერთ მასშტაბურ ღონისძიებას, სადაც წარმოდგენილია სფეროში არსებული უახლესი ტექნოლოგიები, მიმდინარე ტენდენციები, მანქანა-დანადგარები და მომსახურება.

ყოველწლიურად იზრდება როგორც გამოფენაში მონაწილე კომპანიების, ასევე გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა. შესაბამისად, აღნიშნული გამოფენა ბიზნესის განვითარებისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის საუკეთესო საშუალებაა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია ამ პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენის მხარდამჭერია. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია 18 ქვეყნის 150-ზე მეტი კომპანია.

„აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო არაერთ პროექტსა და ღონისძიებას ახორციელებს. ამ ღონისძიებათა შორის უმნიშვნელოვანესია, ერთი მხრივ, ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეებისთვის აგრარულ დარგში არსებულ თანამედროვე სტანდარტებთან და ტექნოლოგიებთან წვდომის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო გამოფენების აქტიური მხარდამჭერია. გამოფენის მონაწილეებს საშუალება აქვთ, საკუთარ პროდუქციას საეთაშორისო მასშტაბით გაუკეთონ რეკლამა, დაამყარონ კონტაქტები პოტენციურ პარტნიორებთან, გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიებს და საერთაშორისო მასშტაბით დარგში მიმდინარე პროცესებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს მეექვსე პავილიონში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა. ეს უკვე მეორედ ტარდება საქართველოში ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის მხარდაჭერით. დიდი იმედი მაქვს, გამოფენა წარმატებული იქნება“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროსა და „ექსპო-ჯორჯიას“ ორგანიზებით გამოფენას საქართველოს ყველა რეგიონიდან მცირე ფერმერები დაესწრნენ. მათ საშუალება აქვთ პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ მეწარმეებთან, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებსა  და სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.

თავის მხრივ, გამოფენამ ჟურნალისტებსაც მისცა საშუალება რეგიონებში ფერმერული საქმიანობისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მეწარმეებისგან მიეღოთ. როგორც აღმოჩნდა, მათი უმეტესობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების მონაწილეა. ამიტომ მიღწევებსაც სწორედ სახელმწიფო სექტორის მხარდაჭერას უკავშირებენ.

3 წელია, რაც წალენჯიხაში კოოპერატივი „ჩაის სურნელი“ დაარსდა. კოოპერატივის წარმომადგენელი ნარგიზა ღვინჯილია ამბობს, რომ 10 ჰა-ზე გეგმავს ჩაის პლანტაციის შექმნას, რისი პოტენციალიც რეალურად ახლა გაჩნდა.

„ჩვენი მიზანია, ჩაი რეგიონში პრიორიტეტული მიმართულება გახდეს. ამაზე რენტაბელური დარგი საქართველოში იშვიათად მოიძებნება. ამიტომ გვინდა, ქართულ ჩაის განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. ვგეგმავთ, პლანტაცია 10 ჰა-მდე გავაფართოვოთ. ჩვენი სოფლიდან რამდენიმე ახალგაზრდა თურქეთში სწორედ მეჩაიეობის სექტორში მუშაობს. მათგან წამოვიდა ინიციატივა, რომ კოოპერატივი შეგვექმნა. როგორც კი გავფართოვდებით, ისინი სამშობლოში ჩამოვლენ. ადამიანური რესურსის დეფიციტს არ განვიცდით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდანაც დიდი მხარდაჭერაა. გლეხს უნდა მიეცეს საშუალება, რომ დოვლათი შექმნას, რისი რესურსიც რეგიონებში დიდია“, – ამბობს ნარგიზა ღვინჯილია.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გილე“ გურჯაანში მუშაობს. წელს პირველად კოოპერატივმა დაიწყო წარმოება და მშრალი ხილის რამდენიმე ნიმუში გამოფენაზეც წარმოადგინა.

soflis„2014 წლიდან კენკროვან კულტურებს ვაწარმოებთ. ყველაზე დიდი რაოდენობით უეკლო მაყვალი მოგვყავს. ვფლობთ ასევე ხილის შრობის თანამედროვე ტექნოლოგიებს. ჯერჯერობით მხოლოდ ხურმის გამოშრობა მოვასწარით. ტექნიკა აგვისტოში დავამონტაჟეთ და მომავალი წლიდან უკვე აქტიურად შევძლებთ წარმოების გაფართოებას. გვინდა, რომ ჩვენი პროდუქტის პოპულარიცაზია მოხდეს. საერთაშორისო ორგანიზაციის გრანტი მოვიპოვეთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, ნდობა გავამართლოთ“, – ამბობს კოოპერატივის წარმომადგენელი იზოლდა ქიტესაშვილი.

ლეჩხუმიდან, კერძოდ, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეშენიდან გამოფენაზე ამავე სახელწოდების კოოპერატივი მონაწილეობს. მისი მეპაიე ლევან ხმელიძე  თაფლს აწარმოებს და ძალიან მალე პროდუქტის ევროპის ბაზარზე გატანას გეგმავს.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ გამოფენებს ხშირად ვსტუმრობთ. სამთავრობო სექტორის აქტიური მხარდაჭერის შედეგია ის, რომ ჩვენი პროდუქციის ცნობადობა გაიზარდა და  საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების შანსიც გვეძლევა. ამ ეტაპზე თაფლის წარმადობა 2,5 ტონაა. მომავალი წლიდან ამ მაჩვენებლის გაორმაგებას ვაპირებთ, რის შემდეგაც პროდუქტს ევროპაშიც გავიტანთ“, – ამბობს ლევან ხმელიძე.

მარი გოცირიძე
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ზურაბ პატარაძე და დავით გაბაიძე საკონსტიტუციო კომისიის წევრები არიან

დღეს, 24 დეკემბერს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით შეიქმნა,  მუშაობა დაიწყო.  პირველი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ, ისინი ახალშექმნილი კომისიის წევრები იქნებიან.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცვლილებები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წელს განხორციელდა, ვენეციის კომისიის მიერ უარყოფითად შეფასდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარედ გიორგი მგელაძე აირჩიეს

დღეს, 24 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-8 სხდომა გაიმართა.  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ახალი წევრები გიორგი მგელაძე (სტუდია მონიტორი),  თამარ უჩიძე ( სამხრეთის კარიბჭე) და თეა ზიბზიბაძე ( ქუთაისიპოსტი) გახდნენ. კენჭისყრის შემდეგ, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარედ სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი, გიორგი მგელაძე აირჩიეს.

საბჭო დატოვეს წინა წელს არჩეულმა წევრებმა, – ნინო ზურიაშვილმა (თბილისის კვოტა), ირინა ყურუამ და ნინო ნარიმანიშვილმა (რეგიონის კვოტა).

დღეს,  ქარტიის პრიზი 2016-ის გამარჯვებულებიც დასახელდნენ.

ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

ხვალ, 25 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე ოფიციალურად აინთება. მერიის საახალწლო ღონისძიებების პროგრამის მიხედვით, საბავშვო გასართობი ღონისძიებები ევროპის მოედანზე, 12:00 საათიდან დაიწყება.

საღამოს რვა საათზე მომღერალი გიგი ადამაშვილისა და ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტი გაიმართება.  მათი სიმღერის ფონზე აანთებენა საახალწლო ნაძვის ხეს.  24:00 საათზე კი გაიმართება ლაშა ღლონტისა და ავთო აბესლამიძის კონცერტი.

საახალწლო კონცერტებს წაიყვანს მსახიობი, ნიკოლოზ წულუკიძე.

 

 

სახალხო დამცველის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო

საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი წარმოებაში მიიღო. სახალხო დამცველის აზრით, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, მოხმარების მიზნით შეძენისა და დამზადებისთვის სანქციად გათვალისწინებული სანქცია, თავისუფლების აღკვეთა არ შეესაბამებაჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ზედმეტად მკაცრია და წარმოადგენს ღირსების შემლახველ სასჯელს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მცირე ოდენობით მარიხუანის მოხმარების, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადების ნაწილში, ნორმები იმეორებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. სასამართლომ ნორმის ეს ნაწილი არაკონსტიტუციურად სცნო გამარტივებული წესით, განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი სადავო ნორმების იმ შინაარსთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის, ასევე მოხმარების მიზნით შეძენის, შენახვისა და დამზადებისათვის.

საქმეს იხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

ბათუმის მერია: 24 დეკემბერს გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი ცალმხრივად ჩაიკეტება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 24 დეკემბერს, 08:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება გოგებაშვილის ქუჩაზე, გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში არსებული წრიულიდან [„რედისონის“ მიმდებარედ] ჭავჭავაძის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში – ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით. სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტით, რუსთაველიდან დემეტრე თავდადებულის, გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩების გავლით“.

რაც შეეხება ჭავჭავაძისა და შავშეთის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთს, აქ სატრანსპორტო მოძრაობა მერიის ინფორმაციით ხვალ, 24 დეკემბრის დილიდან აღდგება.

 

ზურაბ პატარაძის პასუხი აქციის მონაწილეებს

„რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ მაქსიმალურად, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი. ჩვენ მუდმივ კოორდინაციაში ვართ რეგიონის საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან. ამ საკითხთან დაკავშრებით ვიმუშავებთ სამინისტროსთან ერთად და დარწმუნებული ვარ, გამოვნახავთ გამოსავალს. ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში გვექნება მსჯელობა და იქნება ნანახი სწორი გამოსავალი.“ – განაცხადა დღეს ზურაბ პატარაძემ, ბათუმში გამართული აქციის მონაწილეთა მოთხოვნის საპასუხოდ. ზურაბ პატარაძის კომენტარი მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

დღეს, 23 დეკემბერს, საპროტესტო აქცია და მსვლელობა გამართეს ფრიდონ ხალვაშის გამზირის მეოთხე ჩიხში მცხოვრებლებმა. აქციის მონაწილეების თქმით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებელი კომპანიის მიერ მათი საცხოვრებელი ფართობების  შეფასება არასამართლიანია და მოითხოვეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მხრიდან  საკითხით დაინტერესება.

„დაკარგული ისტორია -საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“ – პრეზენტაცია [ანონსი]

დღეს, 23 დეკემბერს, 18:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია პუბლიკაციის – „დაკარგული ისტორია -საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი“ პრეზენტაციას მართავს.

ორგანიზატორთა განცხადებით, პუბლიკაცია წარმოადგენს მე-19-20 სს მიჯნაზე საქართველოში მოქმედი, პოლიტპატიმართა დახმარების არალეგალური ორგანიზაციის  „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ საქმიანობის კვლევას. აღნიშნული ორგანიზაცია, რომლის წევრთა უმრავლესობა ქალები იყვნენ, თითქმის 1930-იან წლებამდე მუშაობდა არალეგალურად და პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს უწევდა დახმარებას; ასევე იბრძოდა პოლიტიკური უფლებებისათვის და პოლიტპატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის; წიგნში აღწერილია სოლიდარობის, ურთიერთდახმარების და თვითორგანიზების გამოცდილება და ისტორია.

პუბლიკაცია გამოიცა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით, საბჭოთა წარსულის გააზრების პროგრამის ფარგლებში.

პრეზენტაციაზე წიგნი დარიგდება უფასოდ.

აქცია „რეალური კომპენსაციის“ მოთხოვნით აჭარის მთავრობასთან

დღეს, 23 დეკემბერს, საპროტესტო აქცია და მსვლელობა გამართეს ფრიდონ ხალვაშის გამზირის მეოთხე ჩიხში მცხოვრებლებმა. აქციის მონაწილეების განმარტებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებელი კომპანიის მიერ მათი საცხოვრებელი ფართობების  შეფასება არასამართლიანია და ითხოვენ საკითხით დაინტერესდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან შუამდგომლობის მოთხოვნით მთავრობაში ერთობლივი განცხადება შეიტანეს.

15658987_1306842249388965_1150755101_o ერთ-ერთი  აქციის მონაწილე განმარტავს, რომ მისი საცხოვრებელი ფართობი არის 86 კვ/მ, ხოლო კომპანია მისი საცხოვრებელი ბინის სანაცვლოდ სთავაზობს 86 000 ლარს, რითაც, მისი განმარტებით, ვერც სახლს და ვერც ბინას იყიდის. „ბათუმის შემოვლითი გზის გაყვანასთან დაკავშირებით ჩვენი საცხოვრებელი სახლები მოხდა აღებაში და არ შეგვიფასეს სამართლიანად. ჩვენ მოვითხოვთ აჭარის მთავრობისგან, რომ ხელმეორედ მოხდეს ჩვენი საცხოვრებელი სახლების შემოწმება და მოხდეს რეალური კომპენსირება – იყოს ლარებში, მაგრამ ისეთი თანხა გადაგვიხადონ, რომ ჩვენ შევძლოთ ამის შემდეგ ცხოვრების გაგრძელება… თუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდანაც არ მოხდება რეაგირება, ჩვენ მაინც სიცოცხლის ფასად შევინარჩუნებთ ჩვენს საცხოვრებელ სახლებს.“ – ამბობს აქციის მონაწილე, ემინე გოგიაშვილი.

15696218_1306841359389054_1267821419_o

„წინა აქციის შემდეგ ჩვენ საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარემ საპასუხოდ გვითხრა, რომ მიგვემართა ინდივიდუალური განცხადებით, დღეს ჩვენ მივალთ განცხადებით, თუ მოგვაქცევს ყურადღებას და დაინტერესდება ჩვენი პრობლემით, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის.“ – ამბობს, აქციის მონაწილე ნანი ჯუმუშაძე. მისივე განმარტებით, აუდუტის სამსახურის მიერ არ იყო შესწავლილი მათი საცხოვრებელი პირობები.

ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის თამაზ ბაკურიძის განცხადებით „იმ შემთხვევაში, თუ მთავრობისგან 15 იანვრამდე არ გვექნება შესაბამისი პასუხი განცხადებაზე, 15 იანვრიდან გაიმართება ფართომასშტაბიანი აქციები.“

აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის გზების დირექცია და აჭარის მთავრობაც კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

აქცია „რეალური კომპენსაციის“ მოთხოვნით / 23.12.2016 / როინ გუნდაძის ფოტოები
აქცია „რეალური კომპენსაციის“ მოთხოვნით / 23.12.2016 / როინ გუნდაძის ფოტოები

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გატეხვის საქმე

სწრაფი ჩარიცხვის 6 აპარატის გატეხვას და დაახლოებით 16 ათასი ლარის მიტაცებას პროკურატურა მამუკა თურმანიძესა და გივი თავაძეს ედავება. გამოძიების ვერსიით, ბათუმში, სხვადასხვა ქუჩაზე, ამ პირებმა ძალაყინების საშუალებით აპარატები გატეხეს და თანხა მიიტაცეს. 22 აპრილს, ღამით, პოლიციელებმა მსჯავრდებულები შავშეთის ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის გატეხილ აპარატთან ახლოს დააკავეს და ჩხრეკის შედეგად 275 ლარი ამოიღეს. საქმეზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა მსჯავრდებულების ბინებიდან ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები. „მოვიშველიებ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას,“ – აღნიშნა დავით მამისეიშვილმა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვამდე. „ერთ-ერთ მსგავს საქმეზე, ბრალდებულის სიმამრთან აღმოჩნდა მოპარული ნივთები, მაგრამ უშუალოდ ქურდობის ფაქტი ვერ დასტურდებოდა. შესაბამისად, ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიმაჩნია საკმარისად…“

შავშეთის ქუჩაზე, 2016 წლის 22 აპრილს, გივი თავაძისა და მამუკა თურმანიძის დაკავების შემდეგ, პოლიციელებმა მათი საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს. პროკურატურამ დაკავებულებს მანამდე სხვა სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გატეხვა და წინასწარი განზრახვით ჯგუფური ქურდობა წაუყენა ბრალად. პოლიციელების ჩვენების მიხედვით, 22 აპრილს მსჯავრდებულები სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან არ დაუნახავთ, მაგრამ ნახეს, როგორ გარბოდნენ ისინი პუშკინის ქუჩაზე ხელში ძალაყინითა და ფულით.

„პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია,“ – მიმართა მოსამართლეს თავის საკამათო სიტყვაში ადვოკატმა, ირაკლი აბაშიძემ. ადვოკატის მტკიცებით, გივი და მამუკა იმ ღამით ერთად არ იმყოფებოდნენ. „მამუკა მიდიოდა კაზინო „ლეო გრანდში“პუშკინის ქუჩის გავლით, როცა პოლიციელებმა იძულებით ჩასვეს მანქანაში და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მას. პოლიციელი ჩხრეკის ოქმში წერს, რომ ჯიბიდან ამოუღო დაკავებულს თეთრი ქისა, რომელშიც იყო 225 ლარი, სატეხი და სხვა ნივთები. ჩვენების დროს კი, იმავე პოლიციელმა გვითხრა, ქუჩაში რომ გარბოდა, მაშინ დავინახე თეთრი ქისა ეჭირა ხელშიო. მეორეს 50 ლარი ამოუღეს. ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ისინი სხვადასხვა დროს გაჩხრიკეს, ჩვენების მიხედვით – ერთდროულად. ასევე საინტერესოა სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონების ბარათები. რა დადასტურდა ამით? გამოძიება არც კი დაინტერესებულა, შეეხმიანენ თუ არა, მაგალითად, მსჯავრდებულები ერთმანეთს“.

„ეს უზუსტობები იყო საქმეში, მაგრამ იგი არ იყო არსებითი ხასიათის“, – თქვა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოტანის დროს. მოსამართლემ მსჯავრდებულებს მიმართა, ეთქვათ საბოლოო სიტყვა, თუმცა მათ დუმილი არჩიეს. სასამართლოს წინა სხდომაზე მსჯავრდებულებმა თქვეს, რომ პოლიციელები დაკავების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაგრამ ამის შესახებ არ განაცხადეს, რადგან ციხეში ზეწოლის შეეშინდათ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროკურატურის მიერ წარდგენილი დანაშაულის კვალიფიკაცია შეცვალა. მან 22 აპრილის შემთხვევა მხოლოდ ქურდობის მცდელობად შეაფასა. დანარჩენ 5 ეპიზოდში სასამართლომ მსჯავრდებულები უდანაშაულოდ ცნო. მამუკა თურმანიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო გივი თავაძეს – 6 წლით, რადგან ის ქურდობისთვის აქამდეც იყო ნასამართლევი.

სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ირაკლი აბაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის ამ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.

როგორ გადავარჩინოთ ბათუმი თვითმკვლელობას?

ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი _ ყველა თანხმდება, რომ ბათუმში ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მქონე შენობებს შველა სჭირდება, თუმცა ძველი ბათუმის ყოველი დანგრეული სახლი მათი პასუხისმგებლობის საკითხიცაა. რა შეიძლება იყოს გამოსავალი ძველი ბათუმის სერიული ნგრევის ფონზე?

მოსახლეობის ინტერესები – „სად იყავით მაშინ, როცა სახლი ინგრეოდა?“

„წლებია გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ, ამ სახლში ცხოვრება შეუძლებელი იყო“.. „ახლა რომ ლაპარაკობთ ისტორიული სახლი იყოო, მაშინ სად იყავით, თავზე რომ გვენგრეოდა?“ „შენობა ამორტიზებული იყო, მოგვეცით ნორმალურად ცხოვრების საშუალება!“ – კულტურული მემკვიდრეობის დამცველების მისამართით გამოთქმულ ასეთ რეპლიკებს და შეკითხვებს ხშირად მოისმენთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში ან ისტორიულ სახლში ცხოვრობენ. მენაშენე, რომელიც ძველ სახლს დაანგრევს და მის ადგილას კორპუსს ააშენებს, ძველ, ბათუმურ სახლებში მცხოვრებთათვის ხშირად ნამდვილი ხსნაა. ეს ნიშნავს, რომ ისინი გაიუმჯობესებენ ცხოვრების პირობებს, მიიღებენ კეთილმოწყობილ ბინას, ხშირად – უფრო მეტ ფართობს და სხვა ფინანსურ სარგებელსაც. შედეგად კი ვიღებთ დანგრეულ ძველ ბათუმს და ისტორიული სახლის ადგილას – კორპუსებს. ქალაქის განაშენიანების ისტორია იშლება, ძველი ბათუმი თანდათან მრავალსართულიანი კორპუსების მწკრივებში იკარგება.

კულტურული მემკვიდრეობის დამცველები მოსახლეობის ინტერესებს კანონით პასუხობენ, კანონით, რომელიც იცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, თუმცა ვერ აუმჯობესებს მოსახლეობის რთულ საცხოვრებელ პირობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში ან ისტორიულ შენობაში. ამ სიტუაციაში სახელმწიფოს ჩართულობა და დამოკიდებულება, რომელიც საზოგადოებასთან ერთად ვალდებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობაზე, მცირეა და ხშირად გულგრილიც – მთავრობა ამბობს, რომ სახლებს, რომლებიც კერძო საკუთრებაშია, ვერ შეაკეთებს, ამისათვის სახელმწიფოს ფული არ აქვს.

ფული არ აქვთ არც იმ ადამიანებს, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში და ისტორიულ სახლებში ცხოვრობენ. სამაგიეროდ ფული აქვს მენაშენეს, რომელიც ანგრევს სახლს და აშენებს კორპუსს. სახელმწიფო მოვალეობის ტვირთს იხსნის, მენაშენე, რომელიც ისტორიული სახლის ადგილას აგებულ კორპუსში კვ/მეტრს 500-დან 1200 დოლარამდე ფასად ყიდის – მოგებულია, კმაყოფილია მოსახლეობა, რომელმაც საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესა, ისტორიული ქალაქი კი განადგურებულია, იგი მხოლოდ ძველ ფოტოსურათებზე რჩება, როგორც მოგონება. სწორედ ამ პროცესს უწოდა კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა ურბანული გენოციდი და აღნიშნა, რომ „ჩვენ ვაშენებთ თვითმკვლელ ქალაქებს.“

როგორ შეიძლება წრის გარღვევა

აჭარის მთავრობა და ქალაქის მერია ბიუჯეტის შედგენისას მრავალ გარემოებასა და საზოგადოებრივ ინტერესს ითვალისწინებს, თუმცა ამ დრომდე არც აჭარის მთავრობისა და არც ბათუმის მერიის პრიორიტეტებში არ დასახელებულა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში სულ 342 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მათგან 60 – განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია. შეიძლება თუ არა გამოინახოს თანხა, პირველ რიგში, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არსებული შენობების გადასარჩენად, როცა მოსახლეობა ვერ ახერხებს საკუთარი ძალებით მათ შეკეთებას?

კულტურული მემკვიდრეობის დამცველები ხშირად აღნიშნავენ, რომ მთავარი, რაც ამ საკითხის გადაწყვეტას უშლის ხელს, პოლიტიკური ნების არარსებობაა. შესაძლებელია თუ არა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაზე სახელმწიფომ იზრუნოს და ბათუმის ძველი არქიტექტურა გადაარჩინოს დანგრევას? – მსგავსი შინაარსის შეკითხვა „ბათუმელებმა~ ქალაქის მერს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დაუსვა.

ქალაქ ბათუმის არჩეული მერი, გიორგი ერმაკოვი ჯერ კიდევ მერობის კანდიდატი იყო, როცა ხელი მოაწერა მემორანდუმს საზოგადოება „ბათომთან“, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ქალაქის არჩეული მერი განსაკუთრებით იზრუნებდა ბათუმის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე. გიორგი ერმაკოვი ახლა ამბობს, რომ ამ მიმართულებით მერია შეზღუდულია, რადგან, კერძო საკუთრების რეაბილიტაციას ვერ შეძლებს.

„თუ კი შენობა სახელმწიფოს განკარგვაშია, იქ ადვილია საუბარი, რესტავრაციას გააკეთებ, მაგრამ თუ კი მასში ცხოვრებენ ადამიანები, მერიას აქვს ვალდებულება მისი ფასადის გაკეთებაზე, რომ მას ძეგლის სახე შერჩეს, მერე ამას მოყვება – „აბა, იატაკი გამომიცვალე“ და ა.შ. წმინდა სამართლებრივად შევდივართ კერძო პირებთან ურთიერთობაში. იგივე, რომ ავიღოთ თბილისის მაგალითი, „პლეხანოვი“ კეთდება, რიყე გაკეთდა – ეს ფასადური შეკეთებებია, რომ მას ისტორიული იერსახე არ დაეკარგოს“ – ამბობს ქალაქის მერი. ის ამბობს, რომ ბათუმის ისტორიული არქიტექტურის დაკარგვა მასაც შეეხო: „მე ძალიან გული მწყდება. გორგილაძისა და ლერმონტოვის კვეთაში ჩვენ გვქონდა სახლი, ბელეტაჟი, რომელიც ახლა აღარ არსებობს.“

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე კი მიიჩნევს, რომ ქალაქის ბიუჯეტს ძეგლების მოვლა-პატრონობაზე ზრუნვა გაუჭირდება და მათზე თავად მესაკუთრეებმა უნდა იზრუნონ: „ძეგლი ბევრია და ბიუჯეტს ისედაც პრობლემები აქვს.“

ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ბედი აწუხებს დავით გაბაიძესაც, აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულ თავმჯდომარეს. ის ხელმძღვანელობს სახელმწიფო ორგანოს, რომელიც აჭარის ბიუჯეტს ამტკიცებს. კითხვაზე, დაუჭერდა თუ არა მხარს ინიციატივას, რომელიც ბიუჯეტის სახსრებით ქალაქის ტერიტორიაზე დაზიანებული ძეგლების რეაბილიტაციაზე იზრუნებდა, დავით გაბაიძე პასუხობს, რომ – „კი“, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭირო თანხა გამოიძებნება:

„ეს მთლიანად არა, მაგრამ ნაწილობრივ მოაგვარებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ბედს, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ რესურსი. ხუთი ათეული სახლი მაინც იქნება, რომელიც სასწრაფოდ შველას საჭიროებს და ჩვენ რომ ავიღოთ და პროგრამაში გავწეროთ, აჭარის ერთი წლის ბიუჯეტი არ ეყოფა ალბათ. მე მხარს დავუჭერ იმას, რაც ძეგლს შველის, მაგრამ ეს რა რესურსის ხარჯზე იქნება, სად ვნახავთ ამ თანხას, რას მოვაკლებთ – ამაზე იქნება დამოკიდებული,“ – ამბობს დავით გაბაიძე.

„ბათუმელებმა“ ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პრობლემაზე გასულ თვეებში ზურაბ პატარაძესაც ჰკითხა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. ზურაბ პატარაძემ მაშინ აღნიშნა, რომ მას „ძალიან სტკივა ეს საკითხი“ და არ არის გამორიცხული ამ მიმართულებით გადახედონ სტრატეგიას.

ძველი ბათუმის არქიტექტურა რომ შველას საჭიროებს, ამას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძეც ეთანხმება. სწორედ ამ სამინისტროს მიმართ ისმის ყველაზე ხშირად კულტურული მემკვიდრეობის დამცველთა ბრალდებები. მინისტრი ამბობს, რომ თანახმაა ამ მიმართულებით ბიუჯეტში თანხა გაჩნდეს:

„როგორც მოქალაქეს, რამაზ ბოლქვაძეს, რომ მკითხოთ, ვფიქრობ, აუცილებელიც არის ასეთი შენობების შესწავლა და მეტიც, შესაძლებელია სხვა სამინისტროს კომპეტენციაში გადავდივარ, მაგრამ მე თანახმა ვიქნები და მხარს დავუჭერ, როგორც მთავრობის წევრი, რომ გაჩნდეს ახალი პროგრამა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ან ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების რესტავრაცია ჩატარდეს, თუნდაც სახელმწიფოს ხარჯზე. შეიძლება რაღაც დოზით ბიზნესიც შემოვიდეს, ოღონდ გათვლა ბიზნესზე კი არ უნდა გაკეთდეს, ძეგლებისთვის უნდა იყოს მომგებიანი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან რომ თანხები დაიხარჯოს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც გაკეთდა მარჯანიშვილის ქუჩის რესტავრაცია თბილისში, მე ვფიქრობ, კარგი პროექტია და მსგავსი პროექტები რომ გაკეთდეს ბათუმში, მე ვიქნები მხარდამჭერი. მე ახლა უფლებამოსილი ვარ, რომ რაღაც გადაწყვეტილება მივიღო და ამ შემთხვევაში მზად ვარ, მხარი დავუჭირო ასეთ ინიციატივებს. ეს ჩემთვისაც მნიშვნელოვანია,“ – ამბობს მინისტრი.

ჯერჯერობით არც აჭარის და არც ბათუმის ბიუჯეტის პროექტში გაწერილი არ არის პროგრამა, რომელიც ძველი ბათუმის გადარჩენას შეუწყობდა ხელს. თუმცა ჯერ არც ბიუჯეტია დამტკიცებული და თუ აჭარის ხელისუფლებას მართლაც აქვს პოლიტიკური ნება ძველი ბათუმი გადაარჩინოს, ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამის გათვალისწინება არც ახლა არის გვიან.

მთავარ ფოტოზე: სასტუმრო „ლონდონის” ნგრევა ბათუმში. შოთა გუჯაბიძის ფოტო.

ამავე თემაზე: 

ისტორიული სახლების ნგრევის სერია ბათუმში

საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარის ღია წერილი გიორგი ერმაკოვს

ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში კულტურული მემკვიდრეობის მოვლისთვის თანხა არ გაითვალისწინეს

რა შეუძლია მოქალაქეს ძველი ბათუმის დასაცავად

ცირა ელისაშვილი: ჩვენ ვაშენებთ თვითმკვლელ ქალაქებს 

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა 

ხმაური და დაპირისპირება ბათუმის ძველი ბულვარის გარშემო 

ერთსართულიანი ბათუმი 

 

მთავრობა მწვანე კონცხზე, რეკრეაციულ ზონაში, ყოფილ სანატორიუმს ყიდის

აჭარის მთავრობა მწვანე კონცხზე, რეკრეაციულ ზონაში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდას“ შენობას ყიდის. სადაც, ამ დროისთვის, მეწყრით დაზარალებული ოჯახები ცხოვრობენ. შენობა ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობას „სილქ როუდ გრუპმა“ სახელმწიფოსთან 2006 წელს აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაუბრუნა. შენობასთან ერთად მთავრობამ აუქციონი მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზეც გამოაცხადა.

მწვანე კონცხზე 413 კვ/მეტრი ფართობის ორსართულიან შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიას [32 171 კვ/მეტრი] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობადებული აუქციონით ყიდის.

აჭარის მთავრობა სოფელ ციხისძირში ე.წ. ზალენსკის აგარაკსაც ყიდის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეს შენობაც მათ შორისაა, რომელიც ყაზახურმა კომპანიამ აჭარის მთავრობას ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ასევე უკან დაუბრუნა. ამის შესახებ „ბათუმელები“ წინა ნომერში წერდა.

მწვანე კონცხზე გასაყიდად გამოტანილი ყოფილი „კოლხიდას“ საწყისი ფასი მილიონი ლარია. აუქციონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს თორმეტი თვის ვადაში საპრივატიზებო საფასურის, 1 მილიონი ლარის გადახდა უნდა შეძლოს.

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში მყიდველმა სანატორიუმ „კოლხიდას“ ტერიტორიაზე არანაკლებ ორმოც საწოლზე გათვლილი ათი კოტეჯი, კაფე-ბარი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს; ასევე კემპინგი და სასეირნო ბილიკები. მყიდველმა უნდა უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის 50%-ის რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენება. ამ ყველაფერში მან არანაკლებ ორი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

აუქციონის პირობებთან ერთად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მითითებული აქვს, რომ შენობა მესამე პირების მიერ არის დაკავებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შენობაში ოთხი ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის ერთ-ერთის თქმით, გასულ კვირას მათთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ და უთხრეს, რომ ოროთახიანი ბინები მოეძებნათ, რომლებსაც მათ მთავრობა შეუსყიდდა.

შენობაში მობინადრე ალექსანდრე დავითაძის თქმით, აქ მცხოვრები ოჯახები ოროთახიან ბინებში ცხოვრებას ვერ შეძლებენ.

ყოფილი სანატორიუმი „კოლხიდა“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც კომპანია „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-მ [„სილქ როუდ გრუპთან“ დაკავშირებული პირი] აჭარის მთავრობას 2006 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უკან დაუბრუნა.

„საინვესტიციო გეგმის განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობდა. 2006 წელს მოხდა ობიექტებში კომპაქტურად შესახლებული იძულებით გადაადგილებული 2000-მდე  ოჯახის დაკმაყოფილება, რაშიც დაიხარჯა დაახლოებით 13.5 მილიონი ამერიკული დოლარი. ვალდებულება შესრულდა სრულად, რაც დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან. 2007 წელი მთლიანად დაეთმო უსახური და ექსპლუატაციისთვის უვარგისი ობიექტების დემონტაჟსა და ტერიტორიების დასუფთავება-მოწესრიგებას… ეს პროცესი საკმაოდ რთული და შრომატევადი იყო. ამ სამუშაოებზე კომპანიამ რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. პარალელურად მიმდინარეობდა პროექტების განვითარების კონცეფციაზე მუშაობა.

2008 წლისთვის დაგეგმილი იყო სამშენებლო პროცესის დაწყება, თუმცა მსოფლიოში განვითარებულმა ფინანსურმა კრიზისმა და შემდგომ საქართველოში მომხდარმა ომმა მნიშვნელოვნად შეაფერხა საინვესტიციო პროექტი. ამ ყველაფრის მიუხედავად, 2011 წელს მაინც შევძელით სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობის დასრულება“, – ნათქვამია [„სილქ როუდ გრუპის“ პრესსამსახურის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ განმარტებაში, რომელიც ვალდებულებების შეუსრულებლობას ეხება. „აჭარა რიზორთს ჰოლდინგ ბი.ვი“-სთან დაკავშირებულმა პირმა, „სილქ როუდ გრუპმა“ 2005 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რითაც „სილქ როუდ გრუპმა“ სურვილი გამოთქვა ყაზახ პარტნიორებთან ერთად საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე. საინვესტიციო წინადადების მიზანი კი აჭარის ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე  კომპანიამ 21 ობიექტიდან მხოლოდ ერთის – სასტუმრო „მედეას“ ადგილზე სასტუმრო „რედისონი“ ააშენა.

კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, მიმდინარე წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა.

აჭარის მთავრობა კიდევ ერთი ძეგლის გასხვისებას გეგმავს

აჭარის მთავრობა კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისებას გეგმავს. ციხისძირში მდებარე შენობა, ზალენსკის აგარაკი, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსაა აშენებული და მას, როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებულ შენობას ძეგლის სტატუსი 2016 წლის სექტემბერში მიენიჭა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყიდის ძეგლს, პირობიანი აუქციონით, მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად, ზღვის სანაპირომდე.

აუქციონზე გამოტანილი ძეგლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის საწყისი ფასი მილიონ 200 000 ლარია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საუკეთესო წინადადებად აუქციონზე დასახელებული მაქსიმალური ღირებულება ჩაითვლება. აუქციონის პირობებით ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ხუთი თვის ვადაში მყიდველმა აჭარის მთავრობას საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა წარუდგინოს. მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ოცდათექვსმეტი თვის [სამი წელი] ვადაში უნდა შეძლოს არანაკლებ ერთი მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. ქონების ღირებულება კი მყიდველმა არაუგვიანეს ოცდაოთხი თვის ვადაში ყოველკვარტალურად უნდა დაფაროს.

ზალენსკის აგარაკი 1988 კვადრატული მეტრია, შენობასთან ერთად იყიდება ასევე მასზე დამაგრებული 6209 კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობის მიმდებარედ 500 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ზღვის სანაპირომდე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საკუთრებაში 2016 წელს დაირეგისტრირა, მანამდე ის შპს „აჭარის კურორტებს“ ეკუთვნოდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, აგარაკი საიდუმლო მრჩევლის, ზალენსკის ცოლს, ანა ზალენსკაიას ეკუთვნოდა.

download (2)
ზალენსკის აგარაკი
P.S. სტატია „ბათუმელებში“ 12 დეკემბერს დაიბეჭდა

ნამდვილი მეზღვაური

ბოლო თვეა 23 წლის ბათუმელი ნათია ლაბაძის ყოველი დილა ერთნაირად იწყება. ძილ-ბურანში მყოფის პირველი ფიქრია: „სად ვარ?“ საწოლი მყარად დგას, ოთახი არ ირწევა, ესე იგი ხმელეთზე.  მალე ყველაფერი 6 თვით შეიცვლება. სექტემბერში  ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებული ნათია ლაბაძე შორეულ ნაოსნობაში წავა, პირველი ერთი თვე ასისტენტი იქნება, შემდეგი კი ხუთი თვე კი კაპიტნის მესამე თანაშემწის პოსტს დაიკავებს. იგი ეკიპაჟის ერთადერთი წევრი ქალი იქნება.  კონტეინერმზიდი სახელწოდებით „ენვაიკე ტრიტონი“ „კოლუმბია შიფ მენეჯმენტს“ ეკუთვნის და პანამის დროშის ქვეშ ცურავს საუდის არაბეთში, სინგაპურსა და ჩინეთში.

  • როგორ დაიწყო ყველაფერი

ნათია მეექვსე კლასში იყო, როცა რვეულში ჩაწერა: „მინდა გავხდე კაპიტანი“. არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა, ნათიას ოჯახის ცხოვრება ზღვას უკავშირდება, ნათიას მამა წლების მანძილზე კაპიტნის მეორე თანაშემწე იყო, ბიძა – კაპიტანი, ასე რომ ზღვა და ისტორიები მეზღვაურებზე მისი ბავშვობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

„მაშინ წასვლის დღეს ურეკავდნენ მეზღვაურებს. ღამის სამ საათზე რომ გაღვიძებენ: „ადექი, მამიკო მიდის რეისში“… სწრაფად უნდა ჩალაგებულიყო ჩანთა, ნახევრად მძინარე ოჯახი ვცდილობდით არაფერი დაგვვიწყებოდა, „სწრაფად! სად არის კბილის პასტა!“ – ასეთი ღამეები მახსოვს მძაფრად. სასიამოვნოც კი იყო ეს აყალმაყალი და მერე, დილას გაღვიძება ფიქრით, რომ მამა გემზე წავიდა. ჩამოსვლის მომენტებზე ფიქრისას კი სულ მწვანე ბანანების აცმა მახსენდება, რომელიც მამაჩემს ჩამოჰქონდა. თაროზე ელაგა ეს ბანანები და მე და ჩემი ძმა მოუთმენლად ველოდებით დამწიფებას. „აი, ცოტა გაყვითლდა, შეიძლება ვჭამოთ?“ – სულს ვუწუხებდით დედაჩემს.

და ყველაზე კარგად მახსოვს ის ისტორიები, რომელსაც შორეული ნაოსნობიდან ჩამოსული მეზღვაურები ყვებოდნენ. „ბრაზილიაში რომ ვიყავით“…  „ბარსელონაში ერთხელ…“  მოჯადოებული ვუსმენდით მე და ჩემი ძმა ამბებს სხვა ქვეყნებზე, სხვა ქალაქებზე, სხვა ადამიანებზე…  ალბათ მაშინ გადავწყვიტე ეს ამბავი, მეც უნდა ვყოფილიყავი მეზღვაური, მცმოდა ლამაზი ფორმა და მემოგზაურა სხვადასხვა ქვეყნებში. ზღვა გაძლევს საშუალებას დაინახო მეტი“ – ამბობს ნათია.

სკოლა დაამთავრა და ბათუმის საზღვაო აკადემიაში ჩაირიცხა.  მაშინ  18  წლის ნათია ლაბაძე ერთადერთი გოგო იყო აკადემიის 121 კურსანტს შორის. 40-წლიანი ინტერვალის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა საზღვაო აკადემიაში გემთწამყვანის სპეციალობაზე გოგომ ჩააბარა.

  • 8 თვე შორეულ ნაოსნობაში

აკადემიის დამთავრების შემდეგ ნათია ექვს საუკეთესო სტუდენტს შორის მოხვდა, რომლებმაც გასაუბრება კომპანია „კოლუმბია შიფ მენეჯმენტში“ გაიარეს. კომპანიამ ექვსეულიდან სამი საუკეთესო შეარჩია, მათ შორის იყო ნათიაც.

2015 წელს ნათია პირველად წავიდა შორეულ ნაოსნობაში. „ენვაეკე ლიბრა“ – ასე ქვია პანამის დროშის ქვეშ მცურავ  კონტეინერმზიდს, რომელსაც 7 ათასი კონტეინერი გადააქვს ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, მექსიკისა და ჩილეს პორტებში.

„ენვაიკე ლიბრას“ გემბანზე ნათია ჰონგ-კონგის პორტში 2015 წლის ივნისში ავიდა.  ღამე იყო, ხიდურზე გემის კაპიტანი და მისი თანაშემწეები დახვდნენ, ხელი ჩამოართვეს და წარმატებები უსურვეს.

შორი გზით დაღლილს მალევე ჩაეძინა კაიუტაში, დილას კი გაიღვიძა შეგრძნებით – პირველი დღე შორეულ ნაოსნობაში.

„მზიანი ამინდი იყო, ყველაფერი, რაც ღამით არ ჩანდა,  დილით დავინახე. ძალიან ლამაზი იყო, სივრცე, გემი, რომლის სიგრძე 299 მეტრია, გასვლა ხიდებქვეშ… გამოდიხარ კაიუტადან, ჯერ არაფერი იცი, მხოლოდ ის, რაც აკადემიაში გასწავლეს, ინგლისურად საუბარიც კი გეშინია, არაფერი შეგეშალოს. ასეთ დროს მთავარია თავი ხელში აიყვანო, გჯეროდეს, რომ აუცილებლად შეძლებ, არც შიში უნდა დაგეტყოს. ბევრი რამ არის დამოკიდებული ეკიპაჟზეც, რამდენად უწყობენ ხელს ახალბედას. მე ამ მხრივ ძალიან გამიმართლა“.

26-წევრიან ეკიპაჟში 22 წლის ნათია ერთადერთი გოგო იყო. ეს მისთვის პირველი რეისი იყო, ამიტომაც კონტეინერმზიდზე სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობდა.

„ზოგჯერ უთქვამთ, არ გააკეთო, ეს მძიმეა,  ჩვენ ვიზამთ, მაგრამ არა. საქმე საქმეა. რადგან იქ ხარ, ეკიპაჟის წევრი, შეღავათებს ვერავის სთხოვ, შენი საქმე შენ უნდა გააკეთო, რა მნიშვნელობა აქვს გოგო ხარ თუ ბიჭი, ყველაზე მძიმე საქმეც შეიძლება გონების დახმარებით გაადვილო და გააკეთო.

კი, ხან იყო ის დამოკიდებულება, რომ გოგოა და ვერ შეძლებს, მაგრამ არ უნდა დანებდე ასეთ დროს. ფიზიკურ მომზადებაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომზადებაა. გემზე არ არსებობს ბიჭი და გოგო, მოტეხილი ფრჩხილი და გაწეწილი თმა. არავითარი კაბები, თმა სულ შეკრული მაქვს, არც მაკიაჟი. იქ ვარ ეკიპაჟის წევრი, კოლეგა და მეგობარი, სულ ეს არის“ – ამბობს ნათია.

სამუშაო დღე გემზე დილის რვა საათზე იწყება. ამ დროს ნათია ხიდურზე ადიოდა  და 12 საათამდე გემის მოძრაობას აკონტროლებდა. შემდეგ საუზმე და სამუშაო. საღამოს 8-დან 12-მდე კი ისევ ვახტა.

„ხან მოსაწყენია, მაგრამ თავს მოწყენის საშუალება არ უნდა მისცე. გემზე ყველა პირობაა, სავარჯიშო დარბაზიც არის, ფილმების ნახვაც შეგიძლია, კითხვა. ახლა რომ ვუყურებ, ისე ჩქარა გავიდა ეს დრო… ყველაზე ძნელი ამ პროფესიაში ისაა, რომ სახლიდან შორს ხარ. შენს მიღმა მიდის ცხოვრება აქ, ხმელეთზე. კი, არის ინტერნეტი, მაგრამ მე ვცდილობდი არ შემოვსულიყავი, ხანდახან ეს უფრო რთულია.“

„ენვაიკე ლიბრაზე“ ნათია ექვსი თვით იყო, მაგრამ საკუთარ თავში რომ დარწმუნებულიყო კონტრაქტი ორი თვით გააგრძელა. „მინდოდა მცოდნოდა, რომ მართლა შემიძლია ეს, მართლა მინდა. კი, ძნელი იყო, მაგრამ საჭირო. ახლა საკუთარ გადაწყვეტილებაში ეჭვი არ მეპარება.“

ნამდვილი მეზღვაური

2015 წლის 18 აგვისტო ნათია ლაბაძისთვის განსაკუთრებული დღე იყო. ნათია კაპიტანმა გემბანზე გამოიძახა და საგანგებო სიგელი გადასცა იმის დასტურად, რომ ნათია ლაბაძემ გადაკვეთა ეკვატორი და უკვე ნამდვილ მეზღვაურად ითვლება.

„ეს მეზღვაურთა ტრადიციაა. ყველას, ვინც გადაკვეთს ეკვატორს, აძლევენ ასეთ სიგელს. კაპიტანმა თვითონ მოამზადა სიგელი, რომ ამა და ამ დროს, ამა და ამ საათზე გადავკვეთეთ ეკვატორი. გემზე პატარა ზეიმია ამ დროს.  გემბანზე იკრიბება ყველა საპარადო ფორმაში. კაპიტანმა წარმოთქვა საზეიმო სიტყვა, გადმომცეს სიგელი და დამალევინეს ზღვის წყალი – ესეც ტრადიციაა. ამის შემდეგ უკვე ნამდვილი მეზღვაური ხარ. საღამოს კარგად გავერთეთ, ბარბიქიუ გვქონდა ამ ამბის საპატივცემულოდ“. 

2015 წლის თებერვლის ბოლოს, რეისის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, იაპონიისკენ მიმავალ „ენვაეკე ლიბრას“ წყნარ ოკეანეში რამდენიმე შტორმის გადატანა მოუხდა. დღისით, ისეთი ნისლის დროსაც კი, როცა ორი მეტრის იქეთ ვერაფერს ხედავ, შტორმის ფსიქოლოგიურად გადატანა შედარებით ადვილია, სიტუაცია ღამით იცვლება, როცა ოკეანეზე ჩამოწოლილ წყვდიადში მეზღვაურები მხოლოდ გემის განათებას ხედავენ და ამ დროს ოკეანეზე შტორმი ბობოქრობს.

„ასეთ დროს პანიკას არ უნდა აჰყვე“ – ამბობს ნათია.  „ვინ გიშველის, საკუთარი თავის ამარა ხარ. ბევრს გემზეც ეშინია, ზოგს ეძინება სტრესის, დაღლილობის და მუდივი რწევის გამო.“

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ნათიამ მეზღვაურის პროფესია აირჩია, მოგზაურობის და ახალი ადგილების აღმოჩენის სიყვარულია.

„მე დიდად არ მიზიდავს ცნობილი ტურისტული ქალაქები, როგორიცაა პარიზი ან რომი. პატარა, უცნაური ქალაქები მომწონს, რომელთაც, მეზღვაური რომ არ ვიყო, ალბათ ვერც ვნახავდი. ჩამოვდივარ თუ არა რომელიმე უცხო ქალაქის პორტში,  პირველ რიგში ბაზარში გავრბივარ. იქ ნახავ ნამდვილ ქალაქს და არა ტურისტულ ქუჩებში. რაც ვნახე, ყველაზე მეტად კილუნგი მომეწონა, პატარა ქალაქი ტაივანში, სადაც ძალიან ბევრი ძველი ადგილია და ვალპარაიზო – ჩილეში.  ხილზე ვგიჟდები, რაც ეგზოტიკური ხილი შემხვდა, ყველა გავსინჯე. ისეთს ვპოულობდი ხან,  კაპიტანს უკვირდა, ეს სად ნახე, საერთოდ ამის ჭამა შეიძლება თუ არაო.“

როცა რეისი დასასრულს უახლოვდება, დღეები უსასრულოდ იწელება – ნათია ამბობს, რომ ყველა მეზღვაური ასეა კონტრაქტის დასრულების დროს, ამიტომაც ითვლება, რომ გემზე ყველაზე ძნელი პირველი 10 დღე და ბოლო კვირაა.

  • ახალი გამოწვევა – მზადება კაპიტნის მესამე თანაშემწის პოსტისთვის

სექტემბრის ბოლოს ნათია ლოს-ანჟელესის პორტში კონტეინერმზიდ „ენვაიკე ტრიდონზე“ ავა. ამჯერად მის წინაშე სხვა გამოწვევაა. კომპანიასთან შეთანხმების თანახმად, ერთი თვის მანძილზე, ნათია კაპიტნის მესამე თანაშემწის ასისტენტი იქნება, ერთი თვის შემდეგ კი თავად გახდება მესამე თანაშემწე. მისი ძირითადი მოვალეობა გემზე უსაფრთხოების საკითხების კონტროლი იქნება.

„მეშინია თუ არა?! რა თქმა უნდა მეშინია და ვნერვიულობ. ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. აქამდე პრაქტიკანტი ვიყავი, ახლა პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია. კი, იქ დაგეხმარებიან, მაგრამ შენს გარდა ამ საქმეს ვერავინ გააკეთებს. მეშინია და მაგრამ ყველაფერს ძლევს გრძნობა – ახლაც აუცილებლად შევძლებ. ეს დღეები, გამგზავრების მოლოდინში, გაღვიძებისას უცებ ვერ ვხვდები, სახლში ვარ თუ კაიუტაში. რამდენიმე წამი მჭირდება გონზე მოსასვლელად. გემზეც ასე ვიყავი ბოლო კვირას, ვიღვიძებდი კაუტაში და მეგონა, რომ უკვე სახლში, ჩემს ოთახში ვიყავი.“

  • ბავშვობის ოცნება

1994 წელს ჩინეთის სანაპიროებთან ქართული ფლოტის ერთ-ერთი უკანასკნელი გემი, „მემედ აბაშიძე“ ჩაიძირა. გემზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ერთ-ერთი ჯემალ ლაბაძე იყო, კაპიტნის უფროსი თანაშემწე, ნათია ლაბაძის ბიძა.

„ჩემთვის მისაბაძი ის არის. დღემდე მიყვებიან მასზე, როგორი ადამიანი იყო. ამიტომ უკავშირდება კაპიტნობის სურვილი ჩემს ოჯახს, სადაც ბევრი მეზღვაური იყო, აქედან სამი კაპიტანი და ჩვენც ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. მეზღვაურია ჩემი ძმაც, რომელიც უკვე ორი წელია არ მინახავს, რადგან ისიც რეისშია და ვერ ვემთხვევით ხმელეთზე ერთმანეთს.

კაპიტნობა არის ჩემი მიზანიც და სურვილიც. რასაც აკეთებ, იქ გინდა მაქსიმუმს მიაღწიო. ეს არის მაქსიმუმი ჩემს საქმეში. ამისათვის სულ ცოტა ათი წელია საჭირო, თავდაუზოგავი შრომა და მოთმინება და დიდი გამოცდილება.“

ის, რომ კაპიტნობა „ქალის საქმე არ არის“ ნათიასთვის მოძველებული შეხედულებაა. მსგავსი სტერეოტიპების დამსხვრევა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა აკადემიაში გემთწამყვანის პროფესია აირჩია.

„მაშინაც მეუბნებოდა ზოგიერთი ლექტორი აკადემიაში, აქ რა გინდოდაო, მაგრამ ყურადღებას არასოდეს ვაქცევდი. უამრავი კაპიტანი ქალია უკვე მსოფლიოში. ზოგი ამბობს, რომ უფრო მკაცრები არიან, მაგრამ ამასაც აქვს ახსნა ჩემთვის. რადგან ქალი ხარ, მეტის დამტკიცება, კიდევ უფრო მეტი შრომა გიწევს, რომ შენში იყვნენ დარწმუნებულნი, არ გამოდის სხვაგვარად.“

ოქტომბერში ნათია ლაბაძე 24 წლის გახდება. ეს უკვე მისი მეორე დაბადების დღე იქნება, რომელსაც იგი გემზე, შორეულ ნაოსნობაში შეხვდება.

____________________

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ანაკლიაში“, 2016 წელს. სტატიის გამოქვეყნებიდან 10 წლის შემდეგ, 2026 წლის იანვარში ნათია ლაბაძე გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოში.

ფოტო: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, 2026 წელი/facebook

ისტორიული სახლების ნგრევის სერია ბათუმში

ბათუმში, ბარათაშვილის #26-ში, აღარ არსებობს ორსართულიანი სახლი, რომელიც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იდგა ქალაქში, მაშინ როცა ბათუმი ზღვისპირა დასახლებიდან თანდათან ყალიბდებოდა ქალაქად. სახლი დიმიტრიადების ოჯახს ეკუთვნოდა და ალბათ სადარბაზო კართან ამის აღმნიშვნელი წარწერაც იყო მიმაგრებული.

სწორედ ამ ოჯახის შთამომავალი იყო ცნობილი დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი, ბათუმის, თბილისისა და ათენის საპატიო მოქალაქე, რომელიც ბავშვობაში ბათუმის კათოლიკური ეკლესიის გუნდში მღეროდა. ეს სახლი გასულ კვირას დაანგრიეს და აქ მრავალსართულიანი კორპუსის აგება იგეგმება. ბარათაშვილის #26 მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული ერთადერთი სახლი არ არის, რომელიც ბათუმში ბოლო ორი კვირის მანძილზე დაანგრიეს.

ბარათაშვილის #26. შოთა გუჯაბიძის ფოტო
ბარათაშვილის #26. ასე გამოიყურებოდა სახლი დანგრევამდე. შოთა გუჯაბიძის ფოტო
დანგრეული შენობა ბარათაშვილის #26-ში. შოთა გუჯაბიძის ფოტო
დანგრეული შენობა ბარათაშვილის #26-ში. შოთა გუჯაბიძის ფოტო

აღარ არსებობს მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბელეტაჟი, რომელიც ძველი ბათუმისათვის დამახასიათებელი ერთსართულიანი სახლებიდან ერთ-ერთი იყო და სპეციალისტების თქმით, სწორედ მსგავსი სახლებია ბათუმის არქიტექტურის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი. ამ ადგილას კომპანია „არისტოკრატი”  სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს.

დანგრეული სახლი მაზნიაშვილის ქუჩაზე. შოთა გუჯაბიძის ფოტო
დანგრეული სახლი მაზნიაშვილის ქუჩაზე. შოთა გუჯაბიძის ფოტო
სახლი, რომელიც დაანგრიეს, მაზნიაშვილის #14. ცაგო კახაბერიძის ფოტო
სახლი, რომელიც დაანგრიეს, მაზნიაშვილის #14. ცაგო კახაბერიძის ფოტო

ყაზბეგის ქუჩაზე დაანგრიეს ისტორიული, ორსართულიანი სახლი და ახლა, ქუჩაზე, რომელიც ძირითადად ძველი ბათუმისთვის დამახასიათებელი ბელეტაჟებითა და ორსართულიანი შენობებით იყო გაშენებული, სულ რამდენიმე ისტორიული სახლიღა დარჩა.

დანგრეული სახლი ყაზბეგის ქუჩაზე. შოთა გუჯაბიძის ფოტო
დანგრეული სახლი ყაზბეგის ქუჩაზე. შოთა გუჯაბიძის ფოტო

შენობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდათ, თუმცა სამივე შენობა ისტორიული იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქალაქის ისტორიული განაშენიანების შენარჩუნებაში.

ისტორიული სახლების ნგრევის სერიას წინ უძღოდა საზოგადოება „ბათომის“ მიმართვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძისადმი. „ბათომი“ ბარათაშვილის #26-ში არსებული შენობის გადარჩენას ითხოვდა, რადგან შენობას ამა წლის აპრილამდე ჰქონდა ძეგლის სტატუსი. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ შენობის შემთხვევაში მოხდა მანიპულირება მისამართებით და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის პასუხიმგებლობის საკითხს აყენებს.  სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი  მირანდა ჩარკვიანი კი მიიჩნევს, რომ „ბათომის“ ეჭვი დაუსაბუთებელია. 

მიუხედავად იმისა, რომ  ბათუმში ისტორიული განაშენიანება ბოლო წლებია იცვლება და ბათუმისთვის დამახასიათებელ არქიტექტურას ძირითადად, ერთფეროვანი, მაღალსართულიანი კორპუსები ანაცვლებს, ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ხდება. ძველი ბათუმი სახეს ისტორიული სახლების ნგრევის ხარჯზე იცვლის.

„ჯარა” – ფილმი, რომლის მთავარი გმირი კავკასიური ფუტკარია

ჩირუხის ხეობის კლდეებზე ახლაცაა შემორჩენილი ჯარა –  ტრადიციული ქართული სკა. ხისგან დამზადებულ ძველ ჯარებს კლდის ფერი აქვთ უკვე მიღებული და ხშირად მათი შემჩნევა შეუძლებელიც კია. აჭარის მაღალმთიანეთში ახალ ჯარებსაც ამზადებენ ძველებური წესით, თუმცა –  იშვიათად. ტრადიცია თანდათან ქრება. „ჯარა“ – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც აჭარის ველურ ბუნებაშია გადაღებული და მალე კინოთეატრებში ვნახავთ. ფილმის რეჟისორს, ნიკა წიკლაურს სურს ლამაზი კადრების მიღმა მაყურებელმა იგრძნოს, რომ ადამიანის საცხოვრებელ გარემოსა და ველურ ბუნებას შორის ზღვარი შეიძლება გაქრეს. „ბათუმელები” გთავაზობთ ინტერვიუს ნიკა წიკლაურთან.

ბატონო ნიკა, რატომ გადაწყვიტეთ ამ ფილმის გადაღება და რატომ „ჯარა”?

საერთოდ, ჩვენი კომპანია Eco Films-ი ორიენტირებულია ველურ ბუნებაზე. ეკოლოგია, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა – ამ თემებზე დიდი ხანია ვგეგმავდით მასშტაბური ფილმის გადაღებას. როდესაც მოვიდა ეს იდეა – ადამიანი და ბუნება აჭარის უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე მთებში, ეს იდეა დაემთხვა ჩვენი ძირითადი დონორის, MERCY CORPS-ის მიზანს. ისინი აჭარის ტერიტორიაზე ახორციელებდნენ პროექტს და ერთად გადავწყვიტეთ ამის გაკეთება. რაც შეეხება ჯარას. ჯარა არის ქართული ტრადიციული სკა, რომელიც აჭარის გარდა არსად აღარაა დარჩენილი. ჩვენ გადავწყვიტეთ ადამიანისა და ველური ბუნების ურთიერთობა ამ ტრადიციიდან დაგვენახა. ფილმის მთავარი გმირი კავკასიური ფუტკარია, რომელიც უნიკალურია თავისი თვისებებით. მეფუტკრეობაც ისეთი დარგია, რომელიც სასარგებლოა როგორც ბუნებისთვის, ისე ადამიანისთვის. ადამიანი ამ შემთხვევაში მოიხმარს ბუნების რესურსს, მაგრამ არ აზიანებს მას.

ამიტომაც მიიჩნიეთ, რომ ეს კავშირი გამოხატავს ყველაზე კარგად ველური ბუნებისა და ადამიანების თანაცხოვრების შესაძლებლობას?

კი, ასეა. ჯარას ტრადიცია მხოლოდ აჭარაში შემოინახეს. აქ ნახავთ როგორ ამზადებენ ჯარას ხის მორისგან. ადამიანები აჭარის მაღალმთიანეთში ისევ ტყეებში ათავსებენ მათ და ხის ტოტიდან ჩამოჰყავთ ველური ფუტკარი. თანამედროვე, სტანდარტულ სკას თავისი უპირატესობები აქვს, მაგრამ ჯარაში ყოველგვარი ჩარევების გარეშე ამზადებენ ფუტკრები თაფლს. საოცარი სანახავია. ფილმში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც იცავენ სხვადასხვა ტრადიციას. ნახავთ დათვებს, შვლებს, ფრინველებს, წითელ წიგნში შეტანილი კავკასიური როჭოც ჩვენი ფილმის გმირია. კავკასიის გარდა, ის არსად გვხვდება. ჩირუხის ხეობაში გადავიღეთ როჭოების გაზაფხულის ცეკვა. როგორც ფარშევანგები შლიან კუდებს, ასევე მამალი როჭოები ცეკვის მაგვარ რიტუალს ასრულებენ, რომ დედალ როჭოებს მოაწონონ თავი.

როგორი იყო გადაღების პროცესი? თქვენ წელიწადის ოთხივე სეზონზე იმუშავეთ აჭარის მთის ველურ ბუნებაში.

ველური ბუნების გადაღება ყოველთვის ძალიან მძიმე და რთული პროცესია. გადაღებები 2015 წლის ზაფხულში დავიწყეთ და ამ წლის ოქტომბერში დავასრულეთ. ჯამურად 80 დღე იყო გადაღებები, გვქონდა ასევე სხვადასხვა ექსპედიცია. ჯგუფში ბევრი პროფესიონალი გვყავდა, მათ შორის, ზოოლოგი კონსულტანტები, რომლებმაც ცხოველების ადგილობრივი სადგომები იცოდნენ. თუმცა ცხოველი დღეს შესაძლოა ერთ ფერდობზე იყოს, ხვალ – მეორეზე. ზოგჯერ ამინდი არ გვიწყობდა ხელს, ზოგჯერ ქარი მიიტანდა მათთან ადამიანების სუნს. შეიძლება ერთი კვირა იჯდე სამალავში და არაფერი გამოჩნდეს. ერთ მშვენიერ დღეს კი შესაძლოა ნახო ყველა ის ცხოველი, რომელსაც ორი თვის განმავლობაში ელოდი. ერთ დღეს, მხოლოდ მთის ერთი ფერდობიდან ჩვენ ვნახეთ ცხრა სხვადასხვა დათვი, ეს იყო სასწაული. ზუსტად არ ვამხელთ ადგილებს, რადგან ჩვენთან ბრაკონიერობა ისევ აქტუალურია. ძირითადად მაინც სასაზღვრო ზოლში გადავიღეთ ცხოველები, იქ ბრაკონიერები ვერ შედიან და ცხოველებიც თავს კომფორტულად გრძნობენ.

კიდევ რომელი ტრადიცია შეგვხვდება ფილმში?

ჩვენ ვეცადეთ აგვესახა ფილმში ყველაფერი, რაც ადამიანს ბუნებასთან აკავშირებს, მაგალითად, ქესუმის ტრადიცია. ეს არის მესაქონლეების წესი, რომელიც ახლაც აქტიურია აჭარაში: ზაფხულის საძოვრებზე მესაქონლე კონკრეტულ ადამიანს ატანს თავის საქონელს და იდება ზეპირსიტყვიერი შეთანხმება. მხარეები თანხმდებიან, რომ უცხო ადამიანი მოუვლის მის საქონელს და შემოდგომაზე, როცა დაიბრუნებს, უნდა დაუმატონ, მაგალითად, 15 კილოგრამი ყველი, კარაქი და ასე შემდეგ. ზაფხული როცა მოდის, ქესუმობის დრო დგებაო – ასე გვიყვება ერთ-ერთი გმირი ფილმში, რომელიც ქედაში ცხოვრობს. მერისის ხეობაში გადავიღეთ ასევე ხარების დაჭიდების ტრადიცია. გაზაფხულის ერთ დღეს ხარები მოჰყავს ხალხს ფერდობზე და ორ ხარს უპირისპირებენ ერთმანეთს. მთელი სოფელი იქაა ამ დროს. ბოლო დროს პატარა ტრაქტორები შემოვიდა და ხარების რაოდენობაც მკვეთრად შემცირებულა.

როჭოების გარდა, კიდევ რომელია ფრინველია ფილმის გმირი?

ფილმში ნაჩვენები იქნება საერთოდ ფრინველთა მიგრაციის კორიდორი. მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს ამ კუთხით – ფრინველებზე დაკვირვების გიდადაც ვმუშაობ და ადგილები კარგად მაქვს შესწავლილი. ბაზიერობის ტრადიციაც ასახულია ამ ფილმში. საერთოდ, ჩვენ ვეცადეთ, რომ გვეჩვენებია ისეთი ბუნებრივი ატრაქციები, რაც ტურისტული კუთხითაც ძალიან მომგებიანი იქნება აჭარისთვის. ეს არ იქნება რეკლამა, მაგრამ ამ ბიომრავალფეროვნების უნიკალურობა ხაზგასმული იქნება. ჯერჯერობით ფილმის რეკლამირებაზე ვერ ვმუშაობთ, დაფინანსება არ არის საკმარისი. მთლიანად 180 ათასამდე დოლარი დაიხარჯა. ერთ-ერთი დონორი იყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროც.

თქვენი მოლოდინი როგორია – რას დაინახავს მაყურებელი ამ უნიკალური ბუნებისა და ტრადიციების იქეთ, რა არის თქვენი გზავნილი?

ჩვენი გზავნილია შუა გზის დანახვა. ის, რომ შესაძლებელია პატარ-პატარა დათმობებით თანაარსებობა, შეიძლება არსებობდე ბუნებასთან, რომ სარგებელიც ნახო, მაგრამ არც ბუნება გაანადგურო. ფილმის გადაღების პროცესში აჭარის მაღალმთიანეთში აქტიურად შენდებოდა ჰიდროელექტროსადგურები. ამ პროცესიდან ჩანს, რომ ადამიანი არ ცდილობს დათმობაზე წასვლას და ყველანაირად მაქსიმალურად მოიხმარს რესურსს ბუნებისაგან. საერთოდ არ ვუწევთ ანგარიშს ბუნებას. ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არ არის მომავალში მომგებიანი. მოგების ხარჯზე ხვალინდელი ეკოსისტემები ინგრევა.

მოხვდა ჰიდროელექტროსადგურებიც თქვენს ფილმში?

არა, ეს კადრები ფილმში არ მოხვდა. ჩვენ მაინც ვარჩიეთ არ გავამწვავოთ ეს სურათი, გარკვეულწილად თვალი დავხუჭეთ, მაგრამ ვაჩვენეთ, რა შეიძლება იყოს არჩევანი, რა შეიძლება დავკარგოთ.

მოსკოვში სტალინის შვილიშვილი გარდაიცვალა

BBC-ის რუსული რედაქციის ინფორმაციით, მოსკოვში 80 წლის ასაკში სტალინის შვილიშვილი – ევგენი ჯუღაშვილი გარდაიცვალა. ერთ-ერთი რუსული გამოცემის ცნობით, ჯუღაშვილი  ქუჩაში, თავის სახლთან ახლოს გახდა ცუდად. ადგილზე მისულ სასწრაფოს ჯგუფს ჯუღაშვილი გარდაცვლილი დახვდა.

რედაქციის ცნობით, ბოლო წლებში ევგენი ჯუღაშვილმა არაერთხელ მიმართა სასამართლოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მის ბაბუას – იოსებ სტალინს მასობრივ რეპრესიებზე აკისრებდა პასუხისმგებლობას.

მეზობლის ჩვენება ოჯახში ძალადობაზე

„თუ ხშირად გესმოდათ წივილ-კივილის ხმა, მარტო ერთხელ რატომ ჩამოდით დასახმარებლად?“ – ეს კითხვა მოწმეს ბრალდებულმა, მინდია ქ.-მ სასამართლოს გისოსებიანი კუთხიდან დაუსვა. მოწმემ მეზობლის ოჯახში ძალადობის შესახებ მისცა ჩვენება სასამართლოს. მინდია ქ.-ს დედისა და ბებიის ცემა ედება ბრალად.

„მომბეზრდა. ყველას მობეზრდა უკვე ამდენი წივილ-კივილის მოსმენა. მეზობლებმა ოჯახის გასახლებაც მოითხოვეს, მაგრამ მერე აღარ მოვაწერეთ ხელი…“ – ასე უპასუხა მოწმემ, ივეტა კ.-მ ბრალდებულს კითხვაზე. მისი აღწერით, მინდია ქ. სისტემატურად ძალადობდა ოჯახის წევრებზე, მათ შორის, ცოლზეც. გამოძიება ცოლზე ძალადობას მინდია ქ.-ს არ ედავება.

„მე პირადად ცემის ფაქტს არ შევსწრებივარ, მაგრამ თითქმის ყველა დღე ისმოდა ხმაური. მე მეხუთე სართულზე ვცხოვრობ, ეს ოჯახი პირველზე და წარმოიდგინეთ, ჩემთან კი არა, მთელ კორპუსს ესმოდა… ბოლოს, საშინელი კივილის ხმა რომ გავიგე, ჩემით ჩავედი, კარი ღია დამხვდა და შევედი. ცოლს თმებში ექაჩებოდა და იგინებოდა. ბებიამისიც იქვე იყო, ხელი გაწითლებული ჰქონდა. მითხრა, მინდიამ ფეხი ჩამარტყაო…“ – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევა მოწმემ.

„ტყულია ეს ყველაფერი. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ შვილი გყავთ,“ – მიმართა მოწმეს  ბრალდებულმა, რაზეც მოსამართლემ შენიშვნა მისცა. ამ დროს რეპლიკით ისარგებლა პროკურორმა, ლევან მურვანიძემ: „ეს არის მუქარა მოწმეზე“.

სასამართლოს წინა სხდომაზე შვილის წინააღმდეგ ჩვენება დედამ მისცა. დასაკითხი მხოლოდ ექსპერტი დარჩა, რომელმაც უკვე დაწერა დასკვნა და ბრალდებულის დედასა და ბებიას სხეულებზე დაზიანებების არსებობა დაადასტურა. ექსპერტის ჩართვა დისტანციურად უნდა მოხდეს, რაც ამჯერად ვერ მოხერხდა.

მირანდა ჩარკვიანმა თანამდებობა დატოვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მირანდა ჩარკვიანმა თანამდებობა დატოვა.

სამინისტროში გვითხრეს, რომ  მირანდა ჩარკვიანი და სხვა თანამდებობის პირები, მთავრობის ცვლილების გამო, ავტომატურად გათავისუფლდნენ თანამდებობიდან და ისინი მოვალეობის შემსრულებლებად არ რჩებიან.

„მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტამ გამოწვია მირანდა ჩარკვიანის თანამდებობის დატოვება“ –  ამბობს განათლების სამინისტრის პრესსამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია. „ბათუმელების“ კითხვაზე, –   მთავრობის ცვლილების შედეგად მხოლოდ მირანდა ჩარკვიანი გათავისუფლდა თუ  სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი,  თეა ვადაჭკორია ამბობს, რომ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი რვავე სსიპის ხელმძღვანელი, თანამდებობიდან გათავისუფლებულია, მათ შორის მუზეუმების ხელმძღვანელებიც.

გაათავისუფლეს, თუ საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა მირანდა ჩარკვიანმა?  ამ კითხვაზე სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელისგან პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან მირანდა ჩარკვიანმა ტელეფონს არ უპასუხა.

მირანდა ჩარკვიანის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით აჭარის მთავრობას საზოგადოება „ბათომმა“ სამ დეკემბერს მიმართა, ის მირანდა ჩარკვიანის საქმიანობის შესწავლას მოითხოვდა. „ბათომის“ ბრალდებეზე მირანდა ჩარკვიანმა განაცხადა,  რომ თანამდებობის დატოვების საკითხი არ არის მხოლოდ მისი გადასაწყვეტი: „ბუნებრივია, იმ ადამიანებთან შეთანხმებით იქნება, ვისაც ეხება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. მათი კომპეტენციაა, რომ პირველმა მათ გამოაცხადონ მათი გადაწყვეტილების შესახებ. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით მე არ მივცემ თავს უფლებას, რომ გავაკეთო საბოლოო გადაწყვეტილების განცხადება.“

აჭარის ახალი მთავრობა 18 დეკემბერს დამტკიცდა. შეიცვალა განათლებისა და კულტურის მინისტრიც. ეს თანამდებობა ინგა შამილიშვილმა დაიკავა.

ვის ეშინია ფემინისტური კანონმდებლობის? – დისკუსია ბათუმში

დღეს 22 დეკემბერს, 18:00 სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო დისკუსიას გამართავს თემაზე – ვის ეშინია ფემინისტური კანონმდებლობის?

მომხსენებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, მრჩეველი იურიდიულ საკითხებში ნანა გოჩიაშვილი,  სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, ციალა ქათამიძე, დისკუსიის მოდერატორი, ნატა იმედაიშვილი.

პირველ იანვარს ბათუმში Max the Sax დაუკრავს

პირველ იანვარს ბათუმში, განახლებულ „ლაუნჯ ინტურისტში“, ცნობილი ავსტრიელი საქსაფონისტი Max the Sax-ი  დაუკრავს, რომელიც ბათუმში დიჯეი პეტერ კრუსედერთან ერთად ჩამოდის.

Max the Sax -ი მსოფლიო ტურნეს იწყებს. 31 დეკემბერს ათენში დაუკრავს, შემდეგ კი ბათუმში.

Max the Sax -მა ახლახანს გამოუშვა ახალი ალბომი „New Day“.  მუსიკოსი ბათუმში, ამ ზაფხულშიც იმყოფებოდა, რომელმაც  ჯგუფ Maroon 5- ის კონცერტის წინ დაუკრა, 2014 წელს კი Black Sea Jazz Festival-ზე უკრავდა.

ბილეთის ფასი პრესეილზე (25 დეკემბრამდე)  150 ლარია, შემდეგ დღებში კი 200 ლარი.

ყაჩაღობის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში

დავით თ.-ს ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, მან 4 წლის წინ ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელს მისი სახლის სადარბაზოში ჩანთა წაართვა.  გამოძიებამ ყაჩაღობის საქმე გახსნილად რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა და დავით თ.-ს წაუყენა ბრალი. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.

სასამართლომ სუპერკამრკეტის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის ჩვენება მოისმინა, რომლის თქმით, დაზარალებული თამარ ე. ნამდვილად სუპერმარკეტში მუშაობდა და იმ დღეს სამსახურიდან დაახლოებით ღამის 12 საათზე გავიდა. დაცვის თანამშრომელმა თქვა, რომ ის ოთხი წლის წინ, ყაჩაღობის ფაქტის მოხდენის დროსაც დაკითხეს.

თავად დაზარალებული სასამართლო პროცესებს არ ესწრება. მან უკვე ამოიცნო ბრალდებული. მისი ჩვენება საქმეში მთავარი მტკიცებულებაა.

„პოლიციამ შეიყვანა ეს ქალი შეცდომაში, დაარწმუნეს, რომ ნამდვილად ამ ბიჭმა დააყაჩაღა სადარბაზოში და მანაც ხელი დაადო… სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულება საქმეში არ არის. ბრალდებულს აქვს ალიბი, რომ იმ ღამით ის სხვაგან იმყოფებოდა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა, რამინ პაპიძემ.

ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება, ის თავდებობითაა გათავისუფლებული.

აკრძალვები სათხილამურო ტრასებზე და მოთხილამურე პატრული

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აკრძალულია:

  • სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე თოვლმავლითა და მოტოციგით გადაადგილება, გარდა უფლებამოსილი პირებისა;
  • სასრიალო ზონაში სასრიალო ტრასაზე მოსარგებლის მიერ სრიალი ან თოვლმავლის მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში;
  • დახურულ სასრიალო ტრასებზე შესვლა;
  • ასევე, დაუშვებელია სასრიალო ტრასით მოსარგებლის მიერ სხვა მოსარგებლესთან შეჯახების შემდეგ შემთხვევის ადგილის მიტოვება დაზარალებულისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენისა და უფლებამოსილი ორგანოსთვის ან პირისთვის შეტყობინების გარეშე.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე სათხილამურო სეზონზე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა.

მიმდინარე სეზონზე კი საპატრულო პოლიციას უკვე ახალი დანაყოფი დაემატა – მოთხილამურე პატრული. შსს-ს განცხადებით დანაყოფის სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი გუდაურის, მესტიის [თეთნულდი, ჰაწვალი], ბაკურიანისა და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით განახორციელებს.

„სასრიალო ტრასებზე მოთხილამურე პატრულის ფუნქცია-მოვალეობებია:

  • სათხილამურო გზით მოსარგებლე პირთა წესების დაცვის კონტროლი;
  • საფრთხის შემქმნელ პირთა სათხილამურო გზიდან ჩამოშორება;
  • ალკოჰოლურ ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ზემოქმედების დამახასიათებელი ქცევის კონტროლი;
  • მოსწავლე–მოთხილამურეთა ვარჯიშის არეალის კონტროლი და უსაფრთხოების ზომების დაცვა;
  • სათხილამურო ტრანსპორტზე აკრძალული ტრანსპორტით გადაადგილების აღკვეთა;
  • სათხილამურო გზებზე არსებული მონიშვნების, ნიშნების და უსაფრთხოების ბარიერების კონტროლი.

პოლიციელებს ფორმის ტანსაცმელსა და სათხილამურო ჩაფხუტზე აქვთ განმასხვავებელი წარწერა – „SKI PATROL“ და „POLICE“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.


გოდერძი იხსნება, გომარდული – არა

ამუშავდება თუ არა კურორტი გომარდული

სოფელი ცივი ზამთრის მოლოდინში

თოვლმა პრობლემები შექმნა უკვე აჭარის მთიანეთში. ჩაიკეტა სოფლებში შიდა გზები, ზოგიერთ სოფელს შეუწყდა შუქის მიწოდება და რიგ სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. რამდენად მომზადებული ხვდება მთიანი აჭარა დაანონსებულ ცივ ზამთარს?

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი კურცხალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია ხულოში. აქ ნალექი უხვად მოდის და ზამთარი დიდხანს გრძელდება. გასულ კვირას მოსულმა თოვლის საფარმა კურცხალში თითქმის სამ მეტრს მიაღწია. რამდენიმე დღით ჩაიკეტა სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა და სოფელს შუქის მიწოდება შეუწყდა. გადაადგილებასა და შუქის მიწოდებაში პრობლემა არა მარტო ამ, არამედ სხვა სოფლებშიც შეიქმნა. უშუქობას აჭარის მთაში ძირითადად მოძველებული და დამპალი ელექტროგადამცემი ბოძები ქმნის. არსებული მდგომარეობის მიუხედავად მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე მიიჩნევს, რომ ზამთარს ხულოს მუნიციპალიტეტი მომზადებული ხვდება.

„უხვი ნალექის დროს პრობლემა შუქის მიწოდებისას იმ სოფლებშია, სადაც უხვად მოდის თოვლი და თითქმის ფარავს ელექტროენერგიის გადამცემ ბოძებს, ან იქ, სადაც გაყვანილობა ტყეში გადის. ასეთია საციხურისა და ღორჯომის თემების ზედა ზონის სოფლები: უჩხო, გუდასახო… მართალია, სოფლებში ენერგოსისტემის განახლება ბოლო სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიმდინარეობდა, თუმცა ამ მხრივ ბევრი სამუშაო რჩება განსახორციელებელი, ენერგოკომპანიამ  პირველ ეტაპზე შიდა ქსელების გამრიცხველიანება დაიწყო და თითქმის დაასრულა კიდეც, 2017 წლიდან კი დაგეგმილი აქვთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. რაც შეეხება გადაადგილებას, ორი-სამი დღით მხოლოდ სოფელ კურცხალთან მისასვლელი ორკილომეტრიანი გზა ჩაიკეტა, მაგრამ ამ სოფელში მსუბუქი გამავლობის ავტომობილს ზაფხულიც კი უჭირს გადაადგილება,“ – ამბობს გამგებელი.

სოფლებში შიდა გზების გასაწმენდად საგზაო დეპარტამენტის ხულოს სამსახურს 15 ერთეული ტექნიკა გააჩნია, აქედან ორი დეპარტამენტმა წელს შეიძინა. ბესიკ ბაუჩაძეს მიაჩნია, რომ სპეცტექნიკის რაოდენობა, ეფექტურად გამოყენების შემთხვევაში, საკმარისია.

კითხვას, რა სიმაღლის თოვლის საფარი ქმნის პრობლემას და რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მოსახლეობას დაანონსებული ცივი ზამთრის პირობებში? ბესიკ ბაუჩაძე ასე პასუხობს: „ასე ზუსტად ვერ განსაზღვრავ, რა სიმაღლის თოვლი ქმნის პრობლემას, ეს დამოკიდებულია თოვლის სიხშირესა და ქარზე, რა დროსაც ელექტროენერგიის გადამცემი ბოძები იქცევა. მომსახურება მარტო ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსით არ განისაზღვრება, საჭიროების შემთხვევაში ჩართული იქნებიან აჭარის მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები“.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ზამთარს მომზადებული ხვდება. აქ ბეტონისა თუ მოასფალტებული სოფლის გზებისთვის 20 ტონა ტექნიკური მარილი იყიდეს და ენერგოკომპანიამ მუნიციპალიტეტი ელექტროგადამცემი ბოძებით მოამარაგა. გამგებელი აღნიშნავს, რომ 10 იანვრამდე თოვლმწმენდ სპეციალურ ტექნიკასაც შეისყიდიან. სპეცტექნიკის შესაძენად ქედის გამგეობამ 200 000 ლარი გაითვალისწინა. დავით დუმბაძე: „იქედან გამომდინარე, რომ გაიზარდა ასფალტირებული თუ მობეტონებული გზები, გასულ წელთან შედარებით წელს ოთხი ტონით მეტი ტექნიკური მარილი ვიყიდეთ, საჭიროების შემთხვევაში სოფლის გზებზე ტექნიკურ მარილს გამოვიყენებთ და მოსახლეობას გადაადგილებაში პრობლემა არ შეექმნება.“

წინა წელთან შედარებით საგზაო დეპარტამენტს წელს ორით მეტი ტექნიკა აქვს ქედაში. საგზაო დეპარტამენტის გარდა ერთი ერთეული სპეცტექნიკა შეიძინა გამგეობამ და დამატებით კიდევ ერთის შეძენას გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გაითვალისწინეს.

„გზის ჩაკეტვა მეწყერმა გამოიწვია სოფელ დოხოძეებსა და ახოში, თოვლის გასაწმენდად სულ რვა – „ბელორუსის“ ტიპის, ორი „ჯისიპის“ და 11 მუხლუხებიანი ტრაქტორი გვაქვს, პრობლემა მოსახლეობას წელს არც სამაშველო სამსახურების გამოძახებისას შეექმნება. სახანძრო ავტომობილში 192 000 ლარი გადავიხადეთ, მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ ავტომობილი 60  სანტიმეტრ გაუწმენდავ თოვლში გადაადგილებულიყო,“ – ამბობს გამგებელი.

გასულ წელთან შედარებით წელს ორი ერთეულით მეტი ტექნიკით წმენდენ სოფლის გზებს შუახევის მუნიციპალიტეტში, ერთი გამგეობამ მეორე კი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეიძინა. აქ სულ 15 ერთეული სპეცტექნიკაა გათვალისწინებული თოვლის გასაწმენდად.

შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე მთავარ პრობლემად ენერგომომარაგებას ასახელებს. ტარიელ ებრალიძის თქმით, პრობლემები მარეთისა და ჭვანის ხეობების სოფლებს: გომარდულს, ვანს, ზემოხევს, ბრილს, ნაღვარევს, ხაბელაშვილებსა და ინწკირვეთს ექმნება.

ტარიელ ებრალიძე: „რიგ სოფლებში ორი-სამი დღის განმავლობაში არ იყო შუქი. კი, მოხდა რამდენიმე მიმართულებით განახლება, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და დიდთოვლობამაც გვიჩვენა, რომ ამ მიმართულებით პრობლემებია. როგორც სადენები, ასევე ბოძებია შესაცვლელი, სოფლები ათეული კილომეტრითაა დაშორებული და ორ მეტრ თოვლში ფერდობებზე, მდინარეებთან თუ ტყეებში ხაზის გამართვა რთულია. რომ არა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა, მხოლოდ კომპანიის წარმომადგენლები ვერაფერს გახდებოდნენ.“

P.S. სტატია „ბათუმელებში“ დაიბეჭდა 19 დეკემბერს

 


 მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა – რა ვითარებაა სოფლებში

 ზამთარი ხულოს მუნიციპალიტეტში [ფოტო]

 

სააპელაციო სასამართლო გამართლებულ პირებს ციხეში აბრუნებს

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა. წელს, ნოემბრის ჩათვლით, სასამართლომ 15 პირი სრულად გაამართლა, 2015 წელს – 7. ნიშნავს თუ არა ეს მაჩვენებელი იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა – ზოგიერთი ადვოკატი ფიქრობს, რომ არა. ისინი მეორე ინსტანციის სასამართლოზე მიგვითითებენ, სადაც, მაგალითად, წელს ბათუმის სასამართლოს მიერ გათავისუფლებული 4 ადამიანი უკან, ციხეში დააბრუნეს.

ოთხივე პირზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით მოსამართლე ვერა დოლიძემ შეცვალა. ეს საქმეები ადვოკატებმა გაგვაცნეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია იმ მოსამართლეების ვინაობის შესახებ, ვინც ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებები შეცვალა ბოლო ორი წლის განმავლობაში. სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით, გასულს წელს სულ 7 გამამართლებლიდან 3 შემთხვევაში გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მიმდინარე წლის 9 თვეში – ერთი.

სასამართლომ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია ბოლო თვეების შესახებ, სადაც მოსამართლე ვერა დოლიძემ კიდევ სამ გამამტყუნებელ განაჩენს მოაწერა ხელი. ადვოკატები ეჭვობენ, რომ ეს მოსამართლე ბათუმის სასამართლოზე განაწყენებულია, სადაც ის 2009-დან 2012 წლამდე მუშაობდა. ვერა დოლიძეს ბევრი გახმაურებული საქმე უკავშირდებოდა ბათუმში, მათ შორის, 2011 წელს „სახალხო კრების“ საპროტესტო აქციის მონაწილეების გასამართლება „აჭარის ტელევიზიის ხელში ჩაგდების საქმეზე“.

„ვერა დოლიძეს არასდროს გამოუტანია გამამართლებელი განაჩენი, ის ტრადიციას არ ღალატობს“, – მიიჩნევს ადვოკატი ზაზა პაპიძე. ის ერთ-ერთი ადვოკატია მათ შორის, ვისაც გამამართლებელი განაჩენი გამამტყუნებლით მიმდინარე წლის ოქტომბერში შეუცვალეს. ადვოკატი არ დავობს იმაზე, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ შესაძლოა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს, მაგრამ ყურადღებას ამახვილებს კანონის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. მას შემდეგ, როცა საქმეს უზენაესი სასამართლოც განიხილავს, ზაზა პაპიძე აპირებს, მოსამართლე ვერა დოლიძეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უჩივლოს.

„სასწაულები ჩაწერა დასაბუთებაში: მოწმე ხელახლა არ აძლევს ჩვენებას სააპელაციოს, მაგრამ მოწმეების ჩვენებების ჩანაწერს ისმენს მოსამართლე. მაგალითად, მოწმე, რომელიც ამბობს, რომ ცემის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია და ბიძისგან გაიგო ამის შესახებ, მოსამართლე წერს, რომ ეს მოწმე პირდაპირ ადასტურებს ფაქტს და ამხელს ამ პირსო. მოწმეთა ჩვენებებს თუ მიზანმიმართულად დაამახინჯებდა მოსამართლე, აღარ მეგონა. ეს არის გაყალბება… არ ვიცი, კონკრეტულად ამ მოსამართლის პრობლემაა ეს თუ სისტემური მიდგომა, რომ პროკურატურამ მოიგოს საქმე. პროკურორები, როცა ბათუმში საქმეს აგებენ, არც კი მალავენ სურვილს, ნეტა, ეს საქმე ქუთაისში ვერა დოლიძესთან მოხვდესო,“ – გვიყვება ადვოკატი ზაზა პაპიძე.

ვერა დოლიძის გადაწყვეტილებებს უკანონოს უწოდებს ადვოკატი დავით ჯაფარიძეც. ამ ადვოკატს ორი საქმე აქვს, სადაც სააპელაციოში გამამართლებელი გამამტყუნებლით შეუცვალეს. ერთი ივლისში, მეორე – ნოემბერში. არც ერთ მათგანზე გადაწყვეტილება ჯერ უზენაეს სასამართლოს არ გამოუტანია. დავით ჯაფარიძე ფიქრობს, რომ მოსამართლე ვერა დოლიძე ბათუმის სასამართლოზეა გაბრაზებული.

„კონკრეტული მოსამართლეები ცდილობენ კონკრეტულ შემთხვევაში ასიამოვნონ ხელისუფლებას,“ – ასე აფასებს ადვოკატი რამინ პაპიძე ვერა დოლიძის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას თორნიკე ხარაზის გახმაურებულ საქმეზე.

თორნიკე ხარაზს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებოდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადამწყვეტი „ფარმადეპოს“ აფთიაქიდან ამოღებული ვიდეოკამერის ჩანაწერი აღმოჩნდა, რომლის მიხედვითაც პოლიციელების მიერ აღწერილი მოწმე არ დაემთხვა კამერით დაფიქსირებულს. გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ფარმადეპოს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან უჩივლა. საბოლოოდ ამ აფთიაქმა სასამართლო დავა შსს-ს წინააღმდეგ მოიგო.

„ბათუმის საქალაქო სასამართლო მთლიანად დაეყრდნო ამ ვიდეოფირს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო კი დაეყრდნო პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას ამ ვიდეოზე, რომ თითქოს არ დგინდებოდა ფირის ავთენტურობა და მასში ასახული პირების იდენტიფიკაცია. ავთენტურობა ნიშნავს წარმომავლობას. სასამართლოს ჩვენება მისცა „ფარმადეპოს“ იურისტმა. მან დაადასტურა, რომ ფირი ნამდვილად აფთიაქის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა და ნამდვილად „ფარმადეპომ“ მოგვაწოდა ჩანაწერი. რაც შეეხება იდენტიფიცირებას, დიახ, ჩვენ დავბურეთ იმ ადამიანების სახეები, რომლებიც არ იყვნენ კავშირში ამ შემთხვევასთან. გარდა ამისა, იყო არგუმენტი, რომ ეს ფირი იყო დამონტაჟებული. ჩვენც დავადასტურეთ ეს და პირველი ინსტანციის სასამართლოშიც ვთქვით, რომ როცა ჩანაწერიდან დროის კონკრეტული მონაკვეთს იღებ, როცა გარეშე პირების სახეები, მათი პერსონალური მონაცემების დაცვის გამო იბურება, ეს არის მონტაჟი. ფაქტია, რომ მეორე ინსტანცია იმიტომ არსებობს, რომ მას შესაძლოა სხვა შეფასება ჰქონდეს, მაგრამ დასაბუთება უნდა იყოს არგუმენტირებული. ეს ვერა დოლიძის გადაწყვეტილებიდან არ ჩანს“, – გვიყვება რამინ პაპიძე.

რას აჩვენებს პირველ ეტაპზე გამამართლებელი განაჩენის რაოდენობის მატება – რამინ პაპიძე ფიქრობს, რომ მართლმსაჯულების ხარისხი გაუმჯობესდა და მას ბათუმელ მოსამართლეებთან პრეტენზია არ აქვს. ის მიიჩნევს, რომ პრობლემად რჩება სააპელაციო სასამართლო. რამინ პაპიძის აზრით, პრობლემას არ აქვს სისტემური ხასიათი და მხოლოდ ცალკეული მოსამართლე ვერ ან არ ახერხებს პროკურატურისგან გამიჯვნას: „მცდელობები ხელისუფლებას ალბათ აქვს, არ ვიცი, მაგრამ რადიკალური და უხეში ჩარევა, რაც ადრე ღიად ჩანდა, არ იგრძნობა. ზოგიერთ მოსამართლეს თანამდებობის შენარჩუნება უნდა, ზოგიერთს – გარკვეული პრივილეგია… უფრო ეს მომენტები ქმნის პრობლემას“.

„მე ისეთი შემთხვევაც ვიცი, როცა ორმა ინსტანციამ გაამართლა პირი და საბოლოოდ უზენაესმა გამოიტანა გამამატყუნებელი განაჩენი“, – ამბობს როლანდ ასაკაშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი. იგი ფიქრობს, რომ როცა დასაბუთება არგუმენტებს არ ეყრდნობა, ყველა შემთხვევაში ჩნდება ეჭვი სისტემური პრობლემის არსებობაზე – ბრალდების მხარემ მოიგოს; ან მოსამართლის მცდელობაზე – ხელახლა დაიკავოს თავისი სავარძელი პროკურატურის გულის მოგების ხარჯზე.

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობის მატებას როლანდ ასაკაშვილი  მტკიცებულებათა სტანდარტის გაზრდას უკავშირებს: „დაცვის მხარეს მტკიცებულების მოპოვების მეტი შესაძლებლობა მიენიჭა, ასევე გაიზარდა მოსამართლის „შინაგანი რწმენის“ განცდა. აქამდე თუ მხოლოდ გვარითა და სახელით ხდებოდა პირის გასამართლება, დღეს უკვე სასამართლო ორივე მხარეს უსმენს და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას.“

რამდენი გამამტყუნებელი განაჩენი შეცვალა გამამართლებლით ქუთაისის სააპელაციომ ბოლო ორი წლის განმავლობაში? – ერთი, ვკითხულობთ სასამართლოდან მიღებულ წერილში. სააპელაციო სასამართლომ გასულ წელს და 2016 წლის პირველ 9 თვეში მასთან გასაჩივრებული 461 პირის საქმეზე 98 შემთხვევაში შეცვალა განაჩენი. 51 შემთხვევაში სასჯელი – გამკაცრდა, 33 – სასჯელი შემსუბუქდა, 13 – კვალიფიკაცია შეიცვალა, 1 – სასჯელი შეიცვალა პირობითი მსჯავრით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მონაცემებით, მიმდინარე წელს, ნოემბრის ჩათვლით, 15 გამამართლებელი და 10 ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა. თითოეული შემთხვევა პროკურატურას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

100 ათასი ევრო – ჯილდო ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილზე ინფორმაციისთვის

გერმანიის პოლიციამ ბერლინის ტერაქტის ჩადენაში  სავარაუდო ეჭვმიტანლის ვინაობა დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, პირი, რომელიც 19 დეკემბერს სატვირთო ავტომანქანას მართავდა და ამ მანქანით ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე შევარდა, სავარაუდოდ 24 წლის ტუნისელი  ანის ამრია.

ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი
ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი

პოლიციის ინფორმაციით, ბერლინის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი ასე გამოიყურება: სიმაღლე – 178 სანტიმეტრი, წონა – დაახლოებით 75 კილოგრამი. თმები – შავი, თვალები – ყავისფერი. ანის ამრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის პოლიციამ დააწესა ჯილდო -100 ათასი ევრო. პოლიცია მოსახლეობას ასევე აფრთხილებს, რომ ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, შეიარაღებულია.

გერმანული მედიის ცნობით, ამრი გერმანიაში გასული წლის ზაფხულში ჩავიდა და  პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოპოვებას ცდილობდა, მაგრამ მას ამაზე უარი უთხრეს. შესაბამისად, ამრი დეპორტაციას ექვემდებარებოდა, მაგრამ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პროცედურის გამო, ვერ მოხერხდა მისი დროული დეპორტაცია.

19 დეკემბერს ბერლინში, საშობაო ბაზრობაზე შევარდა სატვირთო ავტომანქანა, რომელმაც 12 ადამიანი იმსხვერპლა. პოლიციამ ფაქტიდან მალევე დააკავა პაკისტანური წარმოშობის პირი, რომელიც გერმანიაში დევნილის სტატუსით ცხოვრობს. პოლიციამ ეს პირი მეორე დღეს გაათავისუფლა, რადგან მის კავშირი ტერაქტთან არ დადასტურდა. გერმანიის სამართალდამცავები ამ ეტაპზე გადაჭრით არც იმას აცხადებენ, რომ ავტომანქანას, რომელიც საშობაო ბაზრობაზე შევარდა, დანამდვილებით ამრი მართავდა.

19 დეკემბრის ბერლინის ტერაქტის შემდეგ, გერმანიაში საშობაო ბაზრობებზე სიხალვათე არ იგრძნობა, თუმცა ყველა დიდ ბაზრობაზე პოლიციის რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული. პოლიციელები ავტომატებით არიან შეიარაღებულები.

19 დეკემბრის ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ.

საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარის ღია წერილი გიორგი ერმაკოვს

საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი ღია წერილით მიმართავს ბათუმის მერს – გიორგი ერმაკოვს. წერილის ვერსიას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს ჩვენ, ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და მდგრადი განვითარებით დაინტერესებულმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა და მოქალაქეებმა, თქვენთან, როგორც მერობის კანდიდატთან, გავაფორმეთ მემორანდუმი ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის დაცვისთვის ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მიზნით. მხარეები შევთანხმდით, რომ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, თქვენ საკუთარი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენებდით სრულ ძალისხმევას ძველი ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და განვითარებისთვის.

29875
ნინო ინაიშვილი

თქვენი მერად არჩევიდან განვლილ პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ კვლავ გრძელდება და  იმდენად საშიშ მასშტაბებს იძენს ქალაქის სხვადასხვა ნაწილში არქიტექტურულად და ისტორიულად ღირებული შენობების (მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) ნგრევა, რომ ნელ-ნელა რეალური ხდება ძველი ქალაქის გაქრობის, ხოლო დანარჩენი ნაწილისათვის – იდენტობის დაკარგვის საფრთხე. ბათუმის ისტორიული უბანი ქალაქის უმნიშვნელოვანესი კულტურული ღირებულებაა, მისი შენარჩუნება და განვითარება საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესის საგანს წარმოადგენს; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველი ბათუმის ფუნქცია ქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. პირადად თქვენი და თქვენი ჩინოვნიკების უვიცი, არაპროფესიონალური, უგულო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების გამო ქალაქს უკვე ძალიან დიდი ზიანი მიადგა.

გაუგებრად ჭიანურდება როგორც 2009 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამონისტროს დაკვეთით შედგენილი „ბათუმის ისტორიულ–კულტურული საყრდენი გეგმის” განხილვა–დამტკიცება, ასევე 2015 წელს შედგენილი „ქალაქ ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციისა და არსებული მდგომარეობის შეფასების ელექტრონულად მართვის პროგრამულად უზრუნველყოფა”, რაშიც მერიამ 98500 ლარი გადაიხადა.

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე, მოვითხოვთ:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს პროცედურები „ძველი ბათუმის ისტორიულ–კულტურული საყრდენი გეგმის“ განხილვა – დამტკიცების მიზნით; რაც  მოიცავს ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონების საზღვრებისა და ამ ზონებში განაშენიანების რეგლამენტის დაწესებას, ასევე აღნიშნულ ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმის (ე.წ. “გრგ”) დამუშავებასა და ამოქმედებას.
  • საყრდენი გეგმის ამოქმედებამდე შეწყდეს მშენებლობა და დემონტაჟი ბათუმის ისტორიულ უბანში.
  •  ზემოაღნიშნულ პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჯაროობა და დაინტერესებული მხარეების ფართო  ჩართულობა“.

პატივისცემით ნინო ინაიშვილი

ბათომი
ბათომი

 

 

მანქანის გატაცების საქმე ბათუმის სასამართლოში

ავტომანქანის ქურდობას გამოძიება ნუკრი ფ.-ს ედავება. საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. დღეს, 21 დეკემბერს მოსამართლემ იმ გამომძიებლის ჩვენება მოისმინა, ვინც ბრალდებული გაჩხრიკა და დააკავა.

ავტომანქანის გატაცების შემთხვევა ბათუმში მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. გამოძიების ვერსიით, პოლიციამ მანქანის მძღოლი გატაცებიდან რამდენიმე წუთში, სვიშევკის ქუჩაზე დააკავა. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისი მტკიცებით, ავტომანქანა მეგობარმა ათხოვა, ვის დედასაც ეს მანქანა ეკუთვნის. დაზარალებული ქალი და მისი შვილი ამ ინფორმაციას უარყოფენ.

„ჩვენ წარმოვადგენთ რამდენიმე მოწმეს, ვინც დაადასტურებს იმას, რომ მეგობარმა ათხოვა ბრალდებულს მანქანა და ისინი იმ დღეს ერთად გადაადგილდებოდნენ. პირმა, ვისი დედის საკუთრებაც იყო ეს მანქანა, სახლში ვერ გაბედა ეთქვა, რომ მეგობარს ათხოვა მანქანა. მესაკუთრემ მაშინვე პოლიციაში დარეკა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი მიხეილ მიქანაძე.

მოწმის სახით დაკითხული გამომძიებელი მოსამართლეს მოუყვა, რომ ის პროცესში მას შემდეგ ჩაერთო, როცა ნუკრი ფ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უკვე დაკავებული ჰყავდათ. პროკურორის, პაატა ცეცხლაძის კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო დაკავებულისთვის ხელბორკილის დადება, გამომძიებელმა უპასუხა: „ჩხრეკის დროს გატაცებული მანქანა აღმოვაჩინეთ, საჭესთან თვითონ იჯდა და სხვა მანქანაში არავინ იყო. დავაკავეთ იმიტომ, რომ ის შეიძლება მიმალულიყო…”

ბრალდებული ნუკრი ფ. წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. მისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გირაო, 5 ათასი ლარი, აქვს შეფარდებული.

მოქალაქემ საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა მოუგო

საპატრულო პოლიციას სასამართლო დავა ჯაბა აბულაძემ მოუგო. მისი სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ რამდენიმე წუთის წინ დააკმაყოფილა. ჯაბა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ჯარიმის, 250 ლარის შეფარდებას აპროტესტებდა. ადმინისტრაციული დავის მთავარი საგანი ვადები იყო – შემთხვევა 2015 წლის 9 სექტემბერს მოხდა, ჯაბა აბულაძე კი, 2016 წლის  აგვისტოში დააჯარიმეს.

სასამართლო პროცესზე ადვოკატი, მალხაზ აბულაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლზე მიუთითებდა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენს, ფაქტის დაფიქსირებიდან განუსაზღვრელი დრო არ აქვს. ოქმი ფაქტის გამოვლენიდან ორ თვეში უნდა შედგეს, განსაკუთრებულ შემთხვევავაში – 4 თვეში.

„გასაგებია, რომ ეს იყო დაგვიანებული გადაწყვეტილება, მაგრამ ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი ელოდებოდა ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას“, – მიმართა მოსამართლეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა, ზურაბ გვარიშვილმა.

ამ საქმეში მესამე პირი დიმიტრი კრუჟნიკოვია. ის მსუბუქი ავტომანქანით შეეჯახა ჯაბა აბულაძეს, რომელიც გასული წლის 9 სექტემბერს კაჩინსკების ქუჩაზე მოტოციკლს მართავდა. ავტოავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა ჯაბა და მას რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. პროკურატურა დიმიტრი კრუჟნიკოვს სისხლის სამართლის წესით სასამართლოში უკვე ედავება.

ავტოავარიაზე თავდაპირველად ექპერტიზა 2015 წლის 17 ნოემბერს დაიდო, თუმცა ვერ გამოიკვეთა, ავარიაში მონაწილე რომელიმე პირის კონკრეტული ბრალეულობა. შემდეგ მხარეებმა ცალ-ცალკე მიმართეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს. ვინ გადააჭარბა სიჩქარეს, ვერც ამ შემთხვევაში დადგინდა. საბოლოოდ საქმეზე შსს-მ კოლექტიური ექსპერტიზა დანიშნა, რომელმაც დასკვნა აგვისტოში დადო. ამ დასკვნის შემდეგ შეუდგინა პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ოქმი ჯაბა აბულაძეს.

„ბოლო ექსპერტიზის დროს გამოძიებას არ დაუსვამს კითხვა ექსპერტებისთვის, ვინ გადააჭარბა სიჩქარეს. როცა გამოძიება არ სვამს მთავარ შეკითხვას, ექსპერტი თავისით ვერ იმსჯელებდა მასზე,“ – ამბობს ადვოკატი მალხაზ აბულაძე.

„გამოძიება რომ შეწყვეტილიყო, მაშინ იქნებოდა ეს განსაკუთრებული გარემოება. ანუ, გასაგები იქნებოდა, რომ ვერ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და ადმინისტრაციული წესით აჯარიმებ ადამიანს დაგვიანებით,“ – განმარტა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს.

ჯაბა აბულაძეს ჯარიმა – 250 ლარი არ გადაუხდია. ის აპირებს სამოქალაქო წესით იდავოს და კომპენსაცია მოითხოვოს, თუკი დიმიტრი კრუჟნიკოვის წინააღმდეგ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს სასამართლო. ჯაბას თქმით, ის გამოცდილი მძღოლია და ამწე კრანზე მუშაობს. ბოლო ერთი წელი არ უმუშავია, რადგან ხელი მძიმედ დაუზიანდა და კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება.

Exit mobile version