საგამოძიებო სამსახური: გახსნილია სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია  სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები.

„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სატელეფონო კომპანიებისათვის საერთაშორისო ზარის ტარიფი ერთ წუთზე, მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივი ზარისათვის დადგენილ ტარიფს და ამავდროულად, იბეგრება აქციზის გადასახადით. ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ, ელექტრონული მოწყობილობა – „სიმ-ბოქსის“ საშუალებით ხორციელდებოდა საზღვარგარეთიდან შემოსული დიდი ოდენობით საერთაშორისო სატელეფონო ზარის გარდაქმნა ადგილობრივ ზარად და მომხმარებელზე ამ ფორმით მიწოდება, ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე. შესაბამისად, დანაშაულებრივი ჯგუფების ამგვარი ქმედება, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებდა  ქართულ სატალეფონო კომპანიებს და სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე აფერხებდა ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებას“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ქალაქ ბათუმსა და ქალაქ თბილისში, სხვადასხვა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია 10 ერთეული ელექტრონული მოწყობილობა „სიმ – ბოქსი“.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით: „სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სსკ  185-ე, 192-ე და 218 – ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული პირების იდენტიფიცირების, ასევე, უკანონოდ განთავსებული „სიმ-ბოქსები“-ს აღმოჩენის მიზნით“.

ადამიანი ბიუროკრატიულ წრეში – წერილები მთავრობიდან პასუხის გარეშე


მოქალაქე ომარ როდონაია წლებია ბათუმში საცხოვრებელი ადგილის გამოყოფას ითხოვს. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. გალში ცხოვრობდა, მაგრამ იმის გამო, რომ აფხაზეთი ომის დაწყებამდე დატოვა, დევნილის სტატუსი არ მიანიჭეს. წლების განმავლობაში ომარ როდონაია ბათუმში, ერთ-ერთი სახლის მიწურში ცხოვრობდა.

50 წლის ომარ როდონაიას შესახებ 2015 წელს „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას – „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ“, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა – ვინ ომარისთვის საწოლის ჩუქება მოინდომა, ვინ ჭურჭლის და ვინ კიდევ საკვების. ყველა მათგანი „ბათუმელებს“ ომარ როდონაიას საკონტაქტო ინფორმაციასა თუ საბანკო მონაცემებს სთხოვდა.

ომარ როდონაია
ომარ როდონაია ფოტო: გაზეთი ბათუმელები

2015 წლის დეკემბრიდან დღემდე ომარ როდონაიასთვის ბინას მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ქირაობს. მას შემდეგ როდონაიამ დახმარებისთვის თითქმის ყველა ოფიციალურ სტრუქტურას მიმართა. მიღებულ პასუხებს ომარ როდონაიას ცხოვრებაში ამ დრომდე არაფერი შეუცვლია.

2016 წლის 6 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ომარის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიწერა, სადაც აღნიშნულია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტმა მოქალაქის დახმარება ვერ შეძლო და იქნებ მთავრობას გადაეცა მისთვის ბინა ეკომიგრანტებისთვის აშენებულ კორპუსში, გარკვეული ვადით.

მიუხედავად იმისა, რომ მერიასთან უშედეგო კომუნიკაციაზე წერილში ბევრი ეწერა, არჩილ ხაბაძეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წერილი მაინც მერიისთვის გადაუგზავნია. 2016 წლის 3 ივნისს ვიცე-მერმა, ბაგრატ მანველიძემ მთავრობას უპასუხა, სოციალურ სახლს თქვენ აშენებთო და „მერია არაა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ სახლში არსებული საცხოვრებელი ფართების განკარგვასთან დაკავშირებით“.

მორიგი წერილი „საერთაშორისონ გამჭვირვალობა საქართველომ“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გაუგზავნა, სადაც აღწერილია ისტორია უკვე მიღებული პასუხების შესახებ და კიდევ: „ვფიქრობთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას აქვს შესაბამისი რესურსი, რომ ერთი მოქალაქის უმძიმესი ვითარება გაითვალისწინოს და დროებით სარგებლობაში გადასცეს ქალაქის რომელიმე ნაწილში მცირე მოცულობის საცხოვრებელი ფართი“.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესაც ბათუმის მერიაში გადაუგზავნია ეს წერილი. მიმდინარე წლის 9 მარტს, ამჯერად მერიიდან პასუხი მეორე ვიცე-მერს, ალექსანდრე მითაიშვილს გაუცია. შინაარსი იგივეა, რასაც მანამდე ბაგრატ მანველიძემ მოაწერა ხელი. წერილში მერია იმეორებს, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტს ისეთი სოციალური პროგრამა არ აქვს, რომელიც ადამიანს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს.

წერილების მიწერამდე ომარ როდონაია სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში დადიოდა და დახმარებას ითხოვდა. მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის მენეჯერი ამბობს, რომ ამ თემაზე ესაუბრა სახალხო დაცმველს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, სხვადასხვა თანამდებობის პირს…

რა ჩანს წერილების მიწერ-მოწერიდან? – „ეს არის ბიუროკრატიული წრე, გულგრილობა, უპასუხისმგებლობა. არ შეიძლება სახელმწიფო ასე ექცეოდეს ადამიანს“, – ასე აფასებს ხელისუფლების სხვადასსხვა შტოსგან მიღებულ იდენტურ წერილებს მალხაზ ჭკადუა. ის  იხსენებს შემთხვევებს, როცა ქალაქის ცენტრში მაშინვე გამოყოფენ ბინას, რომელიმე თანამდებობის პირისთვის.

მალხაზ ჭკადუა: „მესმის, რომ  ბევრია სოციალურად დაუცველი, ეკომიგრანტი, არსებობს „ოცნების ქალაქი“, მაგრამ ომარ როდონაიას შემთხვევა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. ის არის მარტოხელა ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობებით. მას არ ჰყავს არც ოჯახის წევრი, არც ნათესავი. საზოგადოებამ უკვე გამოხატა თავისი სოლიდარობა ამ ადამიანის მიმართ, გარკვეული ჯგუფი მას უხდის ქირის ფულს, შეუგროვეს ნივთები… მთავრობისთვის ვერ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ეს თემა. მას უნდა ეყოს ჰუმანურობა, რომ მიიღოს ომარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება.  აჭარის მთავრობას ან მერიას, რომ არ ჰქონდეს რესურსი, ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდით“.

 

 

 

ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისია მიწების დაკანონების შესახებ

ქობულეთის გამგეობის საკუთრების აღიარების კომისიას არ აქვს ე.წ ჯიპიარესი, რაც განსახილველი განაცხადით მითითებული კონკრეტული ნაკვეთის კოორდინატების ზუსტად დადგენაში დაეხმარებოდა. კომისია ვერ ახერხებს ასევე განაცხადების ადგილზე შესწავლას, რადგან ავტომანქანა არ ემსახურება.

შესაბამისი სამუშაო პირობების არ ქონის გამო კომისიის მუშაობის შეფერხებას უარყოფს კომისიის თავმჯდომარე ასლან ქათამაძე. მისი თქმით, კომისია განცხდების განხილვას ახერხებს, თუმცა ადასტურებს იმასაც, რომ კომისიას არ აქვს ჯიპიარესი, რაც საქმეს ბევრად გაადვილებდა და არც ავტომანქანა, რაც კომისიას განაცხადების ადგილზე შესწავლის საშუალებას მისცემდა:

„დიახ, მართალს ამბობენ. მართლაც არ გვაქვს ტრანსპორტი ამ ეტაპზე, არ გვაქვს ასევე ჯიპიარესი, რაც  დაზუსტებულ კოორდინატთა სისტემაში მუშაობის  საშუალებას მოგვცემდა. ჩვენ ამ ეტაპზე ვეყრდნობით მხოლოდ საჯარო რეესტრის მიერ გადმოგზავნილ ძირითად განცხადებებს. რეესტრი ხელს უწყობს მოქალაქეებს იმ მხვრივ, რომ თვითონ ეხმარება დოკუმენტაციის შეგროვებაში, რომელსაც შემდეგ აგზავნიან გამგეობის კომისიაში“.

საკუთრების უფლების კომისია ქობულეთის გამაგეობამ 2016 წლის აგვისტოში შექმნა. კანონმდებლობის შესაბამისად მანამდე ასეთი კომისიები საკრებულოს დაქვემდებარებაში მუშაობდნენ. ცვლილების შემდეგ მოქალაქეები იმედოვნებდნენ, რომ კომისიის მუშაობა უფრო ეფექტური გახდებოდა, რადგან თვითმმართველობის ერთი ორგანოდან მეორეში კომისიის გადანაცვლებას კიდევ ერთი ცვლილება დაემთხვა.

ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესში შევიდა ცვლილებები, რაც მთავრობის განმარტებით, პროცედურის გამარტივებას  ისახავდა მიზანად. ინიციატივის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო.

მიუხედავად პოზიტიური მოლოდინისა, მოსახლეობა კომისიის მუშაობით კვლავ უკმაყოფილოა. მოქალაქეები, რომლებმაც კომისიას უკვე არაერთხელ მიმართეს, ამბობენ, რომ კომისიას სამუშაო პირობები არ აქვს.

2016 წლის აგვისტოდან დღემდე ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისიამ 2000-მდე განაცხადი მიიღო. კომისიის თავმჯდომარის ინფრომაციით, აქედან 60-მდე განცხადება წინა კომისიიდან გადავიდა ახალ კომისიაში და დღეს მათგან უმეტესობა შესწავლილია. რამდენიმე ათეულია დადებითი პასუხი, მათგან უმეტესობამ კი მოთხოვნილი ნაკვეთის დაკანონებაზე უარი მიიღო.

კომისიის თავმჯდომარემ ასლან ქათამაძე: „.. ამ ორიათასიდან დიდი წილი საჭიროებს იდენტიფიცირებას. რომლებზეც აღიარების მოწმობები ჰქონდა აღიარების კომისიას გაცემული 2007-2008 წლებში, ეს მოხდა იმის გამო, რომ მოქალაქეებმა მოისმინეს განცხადება ტელევიზიაში პროცედურის გამარტივების შესახებ, მათ ეგონათ, რომ რაღაც ახალი ხდება. სინამდვილეში ჩამოყალიბდა მოქალაქეებისა და საჯარო რეესტრს შორის გამარტივებული ურთიერთობის ფორმა. აღიარების შესახებ კანონში ცვლილებები არ შესულა. კომისია მუშაობს იმავე წესებით, როგორც მუშაობდა 2007 წლიდან. იმავე მიწის ნაკვეთებზე მოგვმართავს ახლა მოქალაქე, რომელიც არის მართლზომიერის მიმდებარე, ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ან 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. მოქალაქეებს ეგონათ, რომ მიწის დაკანონება გამარტივდა და ამას მოჰყვა განცხადებების რაოდენობის გაზრდა. როგორც უკვე აგიხსენით, მოქალაქეები შევიდნენ შეცდომაში, მათ ეგონათ, რომ ჩვენ ყველანაირ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის დაკანონება შეგვეძლო, მაგრამ ეს ასე არ არის. ამიტომ არიან მოქალაქეები განაწყენებულები , მაგრამ ჩვენ კანონს გვერდს ვერ ავუვლით“ .

რაზე ესაუბრა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის დედა ზურაბ პატარაძეს

3 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ავთანდილ ქამაშიძის დედა მოინახულა და დედის დღე მიულოცა. იმ დღეს ჯარისკაცის ოჯახს ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ასევე ესტუმრნენ: აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ქობულეთის გამგებელი და ქობულეთის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. ზურაბ პატარაძის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეხვედრის ფოტოებია განთავსებული და ინფორმაცია, რამდენი ლარით ეხმარება დედის დღეზე აჭარის მთავრობა ომში დაღუპული გმირების დედებსა და მეუღლეებს. აქ არაფერი წერია პრობლემებზე, რომლებიც დაღუპული ჯარისკაცის, ავთანდილ ქამაშიძის ოჯახს აწუხებს…

„პრობლემებზე ზურაბ პატარაძესთან არ მილაპარაკია“, – გვითხრა ნანული შაინიძემ, ავთანდილ ქამაშიძის დედამ. ის ამბობს, რომ მთავრობა გვერდით უდგას და ყოველთვიურად იღებს თავდაცვის სამინისტროსგან 1000 ლარს: „არ მინდა, დაჩაგრულივით გამოვიდე, ყველაფერს ვერ იტყვი…“

ავთანდილ ქამაშიძე 20 წლის იყო, როცა ომში დაიღუპა. მის ოჯახთან მისასვლელი გზა გაფუჭებულია. სახლის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ჯერ არც ერთი ოთახი არ არის გარემონტებული. შესასვლელთან მაგიდაზე ავთანდილის ფოტოები, სიგელები და ჯილდოები დევს.

„16 წლის იყო, როცა სახლიდან გამეპარა, კომისარიატში შემოწმებაზე ჩასულა, ჯარში უნდოდა წასვლა… მერე, 18-ის რომ გახდა, წაიყვანეს, უხაროდა. სავალდებულო მოიხადა და კონტრაქტი გაუფორმეს. ძალიან გვიჭირდა მაშინ. აქ ძველი სახლი გვედგა, დავშალეთ და ახლის შენება დაიწყო ავთანდილმა. მეორე სართულის კედლის ამოყვანას ვასრულებდით, ომი რომ დაიწყო… ავთანდილი რომ ცოცხალი მყოლოდა, ამ სახლში ყველაფერი გაკეთებული მექნებოდა ახლა,“- გვიყვება ნანული შაინიძე.

ნანული შაინიძე ამბობს, რომ მუდმივად ეხმარება მთავრობა, მაგრამ ოჯახისთვის დანიშნული შემწეობა – 1000 ლარი საცოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის არ ყოფნის.

„მეორე შვილი, ამირანი დაოჯახებული მყავს. როცა ავთანდილს საკონტრაქტო გაუფორმეს, ამირანი თურქეთში წავიდა თხილის საკრეფად. მანქანა დაეჯახა ქუჩაში და იმის მერე გაუფუჭდა ჯანმრთელობა…“ – გვიყვება ნანული.

კუთხეში წყლის ბოთლების გროვა იქცევს ყურადღებას. ფოტოებს ვიღებ. დარეჯან ქამაშიძე, ნანულის შვილი მეუბნება, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უწყლოდ არიან ოჯახი და მათი მეზობლები. ისინი წყაროდან ეზიდებიან წყალს. დაპირებასაც ქობულეთის გამგეობიდან 4 წელია ისმენენ.

„დაგვპირდნენ მაგასაც და იმედია გააკეთებენ. მაგაზე არ მილაპარაკია ზურაბ პატარაძესთან. ქობულეთის გამგეობაში მივიღე დაპირება და მთავრობის თავმჯდომარეს რატომ შევაწუხებდი. არც გზა გაუკეთებიათ ჯერ, კი დაინახავდნენ მათი თვალით, როცა მოვიდნენ, მაგრამ მაგასაც დაგვპირდნენ გამგეობაში, გაზის გაყვანა რომ დასრულდება, მერე გავაკეთებთო. ზურაბ პატარაძის მოსვლა ისე გამიხარდა, პრობლემებზე არ მილაპარაკია საერთოდ“, – ამბობს ნანული ქამაშიძე.

რატომ არ აქვთ წყალი ხუცუბანში მოსახლეობას, მათ შორის, ავთანდილ ქამაშიძის ოჯახს, ან აპირებს თუ არა ვინმე გზის აღდგენას? – კითხვებზე ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ წყლის შესახებ შპს „ქობულეთის წყლის“ უფროსი გაგვცემდა პასუხს, გზის თაობაზე – გზების დეპარტმანენტი.

აჭარის გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სახელმწიფო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობაა დაგეგმილი თეთროსნის მიმართულებით. შიდა სასოფლო გზის კეთილმოწყობა ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის.

ოთარ ზოიძე, შპს „ქობულეთის წყლის“ დირექტორი: „17 ოჯახია სულ, ვისაც წყლის პრობლემა აქვს. პრობლემა იყო რეზერვუარების, რომელიც აქამდე არ არსებობდა. გასულ წელს დაიწყო მშენებლობა და ახლა თითქმის დასრულებულია. ამ პერიოდში ქალაქის წყალსადენზე იყო ეს  ოჯახები მიერთებული. ზამთარში ასე თუ ისე ჰქონდათ წყალი, ახლა უკვე პრობლემაა. თითქმის დასრულებულია რეზერვუარების მოწყობა და მალე ექნებათ. როდის აღუდგებათ წყლის მიწოდება ზუსტად ვერ გეტყვით. გასულები არიან ჩემი თანამშრომლები ადგილზე, ნახავენ და მერე გვეცოდინება. ხვალ გეტყვით…“

 

IMG_20170311_155653

IMG_20170311_162425
ნანული შაინიძე გვაჩვენებს, აქამდე იყო აშენებული სახლი, ომი რომ დაიწყოო.
IMG_20170311_162643
დაღუპული გმირის ოჯახში წყალს ტყის პირიდან, წყაროდან ეზიდებიან

IMG_20170311_162438

IMG_20170311_162400

IMG_20170311_162336

 

 

 

 

 

საქართველოს და თურქეთის პრემიერ-მინისტრების არაოფიციალური ვახშამი ბათუმში

საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 15 მარტს, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაოფიციალურ ვახშამზე ბათუმში შეხვდებიან.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბინალი ილდირიმი ართვინის პროვინციაში იმყოფებოდა და იქედან ჩამოდის ბათუმში.

„გიორგი კვირიკაშვილი თავის თურქ კოლეგას ვახშამზე უმასპინძლებს, რომელიც მცირე ხნით, ტრანზიტულად ჩერდება ბათუმში.

ის რომ პრემიერები ორმხრივ ურთიერთობებზე და მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს სხდომის მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრებენ, რომელიც წელს უნდა გაიმართოს, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს“ – გვეუბნება პრესსამსახურის წარმომადგენელი, ნინო წივწივაძე.

დაესწრება თუ არა შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, პრესსამსახურში ვერ ადასტურებენ.

„ღონისძიება, რომელშიც პრემიერი კვირიკაშვილი  დღეს მიიღებს მონაწილეობას, არის საღამოს 19:00 საათზე, ბათუმის სარაგბო ბაზაზე. მოგვიანებით კი თურქეთის პრემიერს შეხვდება“.

სად და როდის შეხვდებიან პრემიერ-მინისტრები ბათუმში, პრესსამსახური არც ამ დეტალებს ახმაურებს.

11 მარტის აქციის მონაწილის საქმე მტკიცებულებების გარეშე

ბათუმში, 11 მარტის აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ნარიმან ლომინაძის საქმის განხილვა ახლახან დაასრულა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლემ მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ დაუდგინა.

ნარიმან ლომინაძე
ნარიმან ლომინაძე

ნარიმან ლომინაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წინწყაროში ცხოვრობს. გუშინ მან მოსამართლეს მოუყვა, რომ ეკომიგრანტია და 12 მარტს დილით შუახევში, სოფელ ჭვანაში მიდიოდა, სადაც მისი ნათესავები ცხოვრობენ. მისი თქმით, პოლიციელებმა მანქანიდან გადმოიყანეს და დააკავეს პოლიციის შენობასთან, სადაც იმ პერიოდში ჯერ კიდევ ხალხმრავლობა იყო.

იმის გამო, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და პოლიციელების შეურაცხყოფას გუშინ ოქმის შემდგენი პოლიციელის გარდა ვერავინ ადასტურებდა, მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ საქმის განხილვა დღეისთვის გადადო.

დღეს მოსამართლეს ვერც ერთი მტკიცებულება მხარეებმა ვერ წარმოუდგინეს. პოლიციელმა სულიკო დევაძემ მოსამართლეს გაუმეორა, რომ მანქანიდან გადმოიყვანეს ნარიმანი, რადგან ის გაქცევას აპირებდა. „შესაბამისად ბატონი ნარიმანის ჩვენება ემთხვევა ჩემსას,“ – დაასკვნა პოლიციელმა.

„გასაქცევი კაცი ფეხით გეიქცეოდა, მანქანაში კი არ ჩაჯდებოდა“, – მიმართა პოლიციელს ნარიმან ლომინაძემ.

„თავისთავად აქციაზე ყოფნა ხულიგნობას არ ნიშნავს. შესაძლოა, ნარიმანმა დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, მაგრამ ამის დადასტურებას სჭირდება მტკიცებულებები“, – მიუთითა მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ პოლიციელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ და დარბაზიდან გავიდა.


ამავე თემაზე:

აქციის მონაწილე: პირველად ჩამოვედი ბათუმში აქციის დღეს

კონკურსი ჯანდაცვის სამინისტროში – 12 პოზიციაზე მოსახვედრად მუშაობის გამოცდილება საჭირო აღარ არის

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 12 პოზიციაზე მოსახვედრად მუშაობის გამოცდილება კონკურსანტს აღარ მოეთხოვება. შესაბამის ბრძანებას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, ხელი 13 მარტს მოაწერა.  მუშაობის გამოცდილება ძირითადად არ მოეთხოვება იმათ, ვისაც მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე სურს მუშაობის დაწყება.

სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ნაზი მგელაძის განმარტებით, „თუ ადამიანმა არ დაიწყო მუშაობა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რეალურად მას მუშაობის გამოცდილება არც ექნება. არის თანამდებობები, პასუხისმგებლობა, კონკრეტული უფლება-ვალდებულებები კონკრეტულ პოზიციებზე… ვინაიდან სამინისტროში იერარქიულად დაბალი რანგი არის მთავარი სპეციალისტი, აქ მოთხოვნებიდან ამოვიღეთ მუშაობის გამოცდილება“.

კითხვაზე, ხომ არ აჩენს ეს იმის ეჭვს, რომ შესაძლოა საკონკურსო პირობები ვინმეს წინასწარ მოარგონ, სამინისტროს იურისტი პასუხობს: „აქ, საკონკურსო-საატესტაციო კომისია იღებს გადაწყვეტილებას და თავის დასაბუთებას და რეკომენფდაციას შემდეგ წარუდგენს მინისტრს. ანუ, ეს არის საჯარო, გამჭვირვალე კონკურსი, სადაც ყველას შეუძლია მონაწილეობის მიღებაც და დამკვირვებლის სტატუსით დასწრებაც… რა თქმა უნდა, ახალი ძალა, ახალი კადრები თუ გაიმარჯვებს კონკურსის შედეგად და კვალიფიკაციის მიხედვით, ამას მხოლოდ მივესალმებით“.

გასულ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში 36 მთავარი სპეციალისტი იყო დასაქმებული. თითოეულის ხელფასი თვეში 840 ლარია, რასაც ემატება 330 ლარი დანამატი ყოველთვიურად და ასევე პრემია კვარტალურად. მიმდინარე წელს სამინისტროში შტატების რაოდენობის მხრივ, არაფერი შეცვლილა [დაემატა მხოლოდ ერთი შტატი – მძღოლის].

პოზიციები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან ამოღებული იქნა მუშაობის გამოცდილება:

  • ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
  • ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
  • ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
  • სოციალური დაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  • სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  • დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  • სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  • ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  • ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (ბიუჯეტის დაგეგმვის დარგში);
  • ბიუჯეტის დაგეგმვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (სახელმწიფო შესყიდვების დარგში);
  • შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
  • იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

აღნიშნული პოზიციებიდან სამინისტროში დღეს ვაკანტურია ორი: ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტისა და სამედიცინო მედიაციის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიციები, რომლებზეც კონკურსი, ნაზი მგელაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისამდე გამოცხადდება.

მინისტრის ბრძანება გუშინ, 14 მარტს ამოქმედდა. პარალელურად, სამინისტროში კონკურსიც მიმდინარეობს. სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე, განცხადებების გადარჩევის შემდეგ, მეორე  ეტაპზე 28 კონკურსანტიდან გადავიდა 8 კონკურსანტი:

ირაკლი ანანიძე; როლანდ გათენაძე; გიორგი ვარდოსანიძე; ნინო კურტანიძე; ინდირა ნაკაიძე; ზურაბ ნაკაშიძე; ზია საგინაძე; ნანა შავაძე.

კონკურსის მომდევნო ეტაპი [გასაუბრება] გაიმართება 2017 წლის 21 მარტს.

სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ეთად, საჯარო სამსახურში არანაკლებ სამწლიანი მუშაობის გამოცდილებასაც ითხოვენ.

„ფეროს“ ყოფილი თანამშრომელი სარჩოს გარეშე

ავთანდილ ქათამაძის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. ქათამაძე ფეროშენადნობთა ქარხანაში 1984 წელს მძიმედ დაშავდა და 2007 წლამდე სახელმწიფოსგან ყოველთვიურ სარჩოს იღებდა.

მოსარჩელე იმ სამართლებრივი აქტების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ყოველთვიურ სარჩოს უნიშნავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ ადამიანს, თუკი საწარმოს წილის 100 პროცენტი სახელმწიფოს ეკუთვნის.

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა 1996 წლიდან სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა და აქციათა 0,8%-ის მფლობელი მუშათა კოლექტივი გახდა.

ავთანდილ ქათამაძე აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ მცირედი სხვაობის გამო მას არ უნდა შეეზღუდოს სარჩოს მიღების უფლება სახელმწიფოსგან.

მოსარჩელეს 2007 წელს საქმე მოუგია ზესტაფონის რაიონულ სასამართლოშიც, მაგრამ გაკოტრების გამო სს „ფერომ“ სარჩოს გადახდა ვერ მოახერხა.

ამ პროცესამდე 2006 წელს „ფეროს“ აქტივები შპს „ჯორჯიან მარგანეზს“ უყიდია, თუმცა ის ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „ფეროს“ სამართალმემკვიდრედ არ მიიჩნია.

ავთანდილ ქათამაძე მიიჩნევს, რომ მის მიმართ მიდგომა დისკრიმინაციულია, რადგან მას პროფესიული დაავადება დაუდგინდა მაშინ, როდესაც საწარმოს წილების 100 პროცენტის მესაკუთრე იყო სახელმწიფო. შესაბამისად, ისიც უნდა სარგებლობდეს სახელმწიფოსგან ყოველთვიური სარჩოს მიღების უფლებით.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორის ისმეთ დინდარის [მიქელაძე] განცხადება

ჩემი ძალისხმევითა და ინიციატივით, ერთი წლის წინ ბათუმში გაიხსნა საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და უნივერსიტეტი, რაზეც წლებია ვოცნებობდი. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დროა გასული, საავადმყოფომ უზრუნველყო ჩემი ქვეყნის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება და მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების გაწევა.

სამწუხაროდ, ბოლო დროს ადგილი აქვს საავადმყოფოს ხელში ჩაგდების მიზნით ხელოვნურად შექმნილ არასასურველ პროცესებს. 45% წილის მესაკუთრე პარტნიორი – საავადმყოფოს  დირექტორები, რომლებსაც ბათუმის სასამართლოს მიერ შეჩერებული აქვთ  უფლებამოსილება, საავადმყოფოს გარეთ – სასტუმროებში, სახლებში, რესტორნებში აწყობენ შეხვედრებს საავადმყოფოს თანამშრომლებთან, ატყობინებენ,  რომ მათ სასამართლო პროცესი მოიგეს, აპირებენ დაბრუნებას და რომ არ იმუშავებენ მათთან, ვინც არ დაუპირისპირდება საავადმყოფოს ამჟამინდელ ხელძღვანელობას; მთავარი ექიმის პოსტსა და სხვა მაღალ თანამდებობებზე დანიშნვის დაპირებებით, მუქარით, ტყუილებით ისინი  ცდილობენ საავადმყოფოსში ქაოსის დანერგვას, რაც,  ნაწილობრივ, მოახერხეს კიდეც.

საავადმყოფოს თანამშრომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ჯერ საჯარო განცხადება გააკეთა, ხოლო შემდეგ, წინასწარი გეგმის მიხედვით,  დაიწყეს სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლა. ეს ვითარება სამუშაო პროცესს ჩაშლის საფრთხეს ვერ შეუქმნის, რადგან  საქართველო  ფლობს მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ ექიმთა რესურსს. მაგრამ ექიმები, რომლებთანაც მოლაპარაკებებსა და გასაუბრებებს ვაწყობთ, მათ მიმართ დაშინებისა და სხვადასხვა  ხერხის გამოყენების შედეგად, იძულებულები არიან უარი თქვან ჩვენთან მუშაობაზე. ჩვენთვის ცნობილია, რომ გადაუდებელი სამედიცინო  დახმარების ექიმებს, რომლებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, წინააღმდეგობას უწევს და, ეგრეთ წოდებული, „მაფიოზური“  ხერხებით, სხვადასხვა გზით ყოველმხრივ ხელს უშლის ჩვენთან მუშაობის დაწყებაში  ჩვენივე საავადმყოფოს ემერჯენსის ყოფილი ექიმი. ეს პიროვნება, რომელსაც ათობით საავადმყოფო და სამუშაო ადგილი აქვს გამოცვლილი, აცხადებს, რომ მხოლოდ მას შეუძლია სასწრაფო დახმარების ექიმის  შესაბამისის სერტიფიკატის გაცემა. აღნიშნული პიროვნება საავადმყოფოს ყოფილ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, აქ  მუშაობისას, იღებდა ხელფასს 15 000 ლარის ოდენობით, რამაც დროთა განმავლობაში  პრობლემები წარმოშვა.  შედეგად, აღნიშნული პრიოვნებას გადაეხადა კომპენსაცია 30 000 ლარის ოდენობით და მას, ორმხრივი შეთანხმებით, შეუწყდა ხელშეკრულების ვადა. ამჟამად, ეს პიროვნებაც, ზემოაღნიშნული პროცესების ორგანიზებაში იღებს მონაწილეობას. ამ ვითარების შესახებ უკვე ვაცნობეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ასოციაციის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი გოცაძეს.

ზემოაღნიშნულ პროცესებში ჩართული არიან სხვა ექიმებიც. ისინი მოუწოდებენ  ექიმებს, რომლებსაც  მოველაპარაკეთ მუშაობის დაწყების თაობაზე, რომ უარი თქვან ჩვენთან თანამშრომლობაზე, რაც, უბრალოდ, მოწოდებას კი არა, ფაქტობრივად, უკანონო დაჯგუფების ქმედებებს ჰგავს.

მე, ჩემი წინაპრების მიერ 130 წლის წინ დატოვებულ მიწა-წყალზე, მათი ხსოვნისა და ჩემი ხალხისათვის კარგი, სასარგებლო საქმის საკეთებლად ჩამოვედი. ამ საავადმყოფოსთან არსებული უნივერსიტეტის დაარსებით, რომლის რექტორიც გახლავართ, მიზნად ვისახავ, აღვუზარდო და 10 წლის შემდეგ ქვეყანას ვაჩუქო განათლებული, კვალიფიციური, თანამედროვე სამედიცინო ცოდნის მფლობელი 80-მდე ახალგაზრდა ექიმი. მომავალ წელს აღნიშნულ უნივერსიტეტში რვა ქართველი სტუდენტი სრული დაფინანსებით მიიღებს განათლებას.

სრულიად მარტოც რომ დავრჩე, მე გავაგრძელებ ამ ბრძოლას. არ დავნებდები. ყველა პასუხისმგებელ პირს მოვუწოდებ და ვიწვევ აღნიშნული საკითხის გასარკვევად. არსებული დაძაბული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, საავადმყოში სამედიცინო პროცესი შეწყდება და პაციენტები, რომლებმაც ვერ შეძლეს აქ სათანადო მკურნალობის მიღება, იძულებულები იქნებიან, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ძვირადღირებულ მკურნალობაში გადაიხადონ გაცილებით დიდი საფასური..

ყველა პასუხისმგებელ, ვალდებულ და დაინტერესებულ პირს, ჩემს ქართველ მეგობრებს – ქართველი ხალხის დასახმარებლად მოვუწოდებ.

IUHB-JPG-GEOბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი ისმეთ დინდარი (მიქელაძე)

 

 

ენმ: მოვითხოვთ, შსს-მ ამოიღოს 11 მარტის აქციის ვიდეოჩანაწერები

დღეს, 15 მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა – გია აბულაძემ და ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადეს, რომ 11 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული.

„ჩვენ წუთების მიხედვით დავამუშავეთ აჭარის ტელევიზიაში გასული მასალა და აქედანაც ჩანს, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება გადააბრალოს აქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ და გადაფაროს ის ფაქტი, როგორ დაიწყო მომიტინგეების პროვოცირება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე პოლიციის სამმართველოში მოლაპარაკებაზე შედის 22:40 საათზე, რადგან სამართალდამცავები ვერ პოულობდნენ გზას, თუ რის საფუძველზე უნდა გაეთავისუფლებინათ დაკავებულები. მიუხედავად იმისა, რომ დავით გაბაიძე არის იურისტი, მაინც ეძებდნენ გზებს და ვერ იპოვეს. შემდეგ შეიყვანეს მირდატ ქამადაძე, რომელმაც მიუთითა სამართალდამცავებს ის მუხლები, რის საფუძველზეც შეეძლოთ დაკავებული პირების გათავისუფლება.

ამის შემდეგ ვიღებთ პირობას მინისტრის მოადგილისგან ამირანაშვილისგან [ბესიკი], რომ 15-20 წუთში ეს ადამიანები იქნებოდნენ გარეთ და ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა აქციის მონაწილეებისთვის.

22:12 წუთზე გამოვდივართ აქციის მონაწილეებთან და ვეუბნებით, რომ პირობა მივიღეთ დაკავებულების გამოშვებაზე, თუმცა, 23:57 წუთზე გამოდის სპეცდანიშნულების რაზმი და იწყებს მომიტინგეების დარბევას. იწყება რეზინის ტყვიების სროლა და ცრემლსადენი გაზის გაშვება.

ამის შესახებ 00:08 წუთზე გადასცემდა აჭარის ტელევიზია. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, ამოღებულ იქნას შს სამმართველოსთან დამონტაჟებული ყველა ვიდეოკამერები, სადაც დაფიქსირებულია ეს ფაქტები და დაერთოს საქმის მტკიცებულებას,“ – განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა. მისი თქმით, ეს ფაქტები აჩვენებს იმას, რომ „ის, რაც 12 საათის შემდეგ განვითარდა, ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული“.

გია აბულაძის თქმით,  საპროტესტო აქციის ღამეს უმაღლესი საბჭოს წევრები – დავით ბაციკაძე, ვახტანგ წულაძე და გიორგი რომანაძე იდგნენ ლორიას ქუჩაზე, სადაც ისინი თავიანთ აქტივისტებს არიგებდნენ, თუ როგორ უნდა დაებრალებინათ აქციის ორგანიზატორობა „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

„ერთ-ერთმა მოქალაქემ მითხრა, შეხედე, ნაციონალურ მოძრაობას აბრალებენო. ამან გამოიწვია ჩემი აგრესია, თუ რატომ ამბობდნენ ამ ტყუილს და მივედი მათთან, ტელევიზიებმაც გააშუქეს ეს. დავით ბაციკაძემ მაშინ თქვა, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვიყავით. თუმცა ამის შემდეგ ის ადამიანები, ვისაც ეს პირები ელაპარაკებოდნენ, გამოდიან ლორიას ქუჩიდან და მიემართებიან აქციის ეპიცენტრში  და იგინებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით“.

გია აბულაძე ამბობს, რომ „შს სამინისტრომ ამოიღოს ღამის ორი საათის შემდეგ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და გაარკვიოს ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვისი მობილიზებაც მოახდინეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა და რატომ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით,  11 მარტის აქციის მოვლენებთან დაკავშირებითარც ერთი მათგანი არ დაუკითხავთ.

 

ბებია შვილიშვილს სახლის საკუთარ წილს სასამართლოში ედავება

ქობულეთში ერთ-ერთ ქუჩაზე მცხოვრები ხანდაზმული ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. მოხუცს, როგორც თავად ამბობს, შვილიშვილი უყვირის და უცენზურო სიტყვებით მიმართავს, ამის შესახებ ინფორმაციას ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ 79 წლის ქალსა და მის შვილიშვილს შორის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც სახლის ერთპიროვნული მესაკუთრე შვილიშვილი გახდა. როგორც ასოციაციის იურისტი მარინე ჟღენტი ამბობს, მოხუცს შვილიშვილისთვის მხოლოდ საკუთრების ერთი მეორედი ნაწილის გადაცემა სურდა, თუმცა ხელშეკრულებას ხელი ისე მოაწერა, პირობებს არ გაცნობია და შესაბამისი ინფორმაცია მისთვის არავის მიუწოდებია.

სავარაუდო მოძალადე და ხანდაზმული ორსართულიან სახლში ერთმანეთისგან იზოლირებულად ცხოვრობენ.

ოჯახის წევრებს შორის არსებულმა დავამ მოგვიანებით სასამართლოში გადაინაცვლა. ხანდაზმულის უფლებებს ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ იურისტი მარინე ჟღენტი იცავს. სასამართლოში კი მისი ინტერესების დამცველია ადვოკატი მერი ცინარიძე. სასამართლო პროცესი მაისის თვეშია ჩანიშნული.

ხანდაზმული ახლა საკუთარი წილის უკან დაბრუნებას ითხოვს, რამაც შვილიშვილის გაღიზიანება გამოიწვია, შედეგად ოჯაში კონფლიქტს სისტემატური სახე მიეცა. მარინე ჟღენტი ამბობს, რომ ერთ-ერთი ინციდენტის დროს, მოხუცის ფიზიკური შეურაცხყოფის თავიდან ასაცილებლად, ადგილზე სამართლადამცავების მისვლაც გახდა საჭირო.

ასოციაციაში ამბობენ, რომ მხოლოდ მათთან გასულ წელს ხანდაზმულ ადამიანებზე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის დაახლოებით 20-25 შემთხვევა დაფიქსირდა. ქონების მოტყუებით ან ინფორმაციის დამალვით მითვისების კი -დაახლოებით 10 შემთხვევა.

„იყო შემთხვევა, როცა ფსიქოლოგიური ძალადობით დედის პენსიას შვილი იღებდა და ხანდაზმული თავისი პენსიით ვერ სარგებლობდა. ასევე იყო შემთხვევა, როცა შვილმა 90 წლის მამის საკუთრება, მამისგან სრულიად დაუკითხავად გადაიფორმა და იპოთეკით დატვირთა, რის შემდეგაც მოხუცთან იძულებითი გამოსახლების მიზნით სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ. ჩვენი ჩართულობით კი ეს პროცესი გარკვეული პერიოდით შეჩერდა, შვილთან დაკავშრებაც გაგვიჭირდა, წალკაში იყო საცხოვრებლად გადასული. მთელი უბედურება ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში მოძალადე არის შვილი, შვილიშვილი ან ქმარი, რის გამოც არ სურთ, რომ სამართალდამცავ ორგანოებში უჩივლონ და ოჯახური დავა სააშკარაოზე გამოიტანონ,“ – ყვება მარინე ჟღენტი.

ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ აჭარაში ხანდაზმული ადამიანების უფლებებს 2009 წლიდან იცავს.

ეკომიგრანტები 25-ათასლარიან პროგრამაში ჩასართავად იუსტიციის სახლებში უნდა დარეგისტრირდნენ

ეკომიგრანტ ოჯახებს „საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების“ შესახებ განცხადების შევსება იუსტიციის სახლებში შეეძლებათ. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი სერვისის დანერგვის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლის 19 ფილიალს მიმართონ განცხადებით. აქამდე ამ მომსახურებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო აკეთებდა.

აჭარაში მცხოვრებ ეკომიგრანტებს თუ სხვა პირებს, რომლებსაც საცხოვრებელი ესაჭიროებათ, შესაძლებლობა აქვთ, განცხადებით იუსტიციის სახლებსაც მიმართონ და აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსაც. საუბარია იმ ეკომიგრანტ ოჯახებზე, რომლებსაც აქვთ სურვილი ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი 25-ათასლარიანი პროგრამის ფარგლებში შეისყიდონ.  მინისტრის მოადგილის რამაზ ჯინჭარაძის თქმით, ბენეფიციართა ბაზა არის ერთიანი, ამიტომ სად დარეგისტრირდება საცხოვრებლის მაძიებელი, მნიშვნელობა არ აქვს:

„ჩვენ დარეგისტრირების შემდგომ გამოვითხოვთ ინფორმაციას ბაზიდან და ამის მიხედვით ვყიდულობთ საცხოვრებელს ამ პირებისთვის. აქამდე რეგისტრაცია ჩვენს სამინისტროში ხდებოდა, ახლა შეუძლიათ დარეგისტრირდნენ იუსტიციის სახლშიც“.

რამაზ ჯინჭარაძის თქმით, საცხოვრებლის მაძიებელი ბენეფიციარები ჯერ ბაზაში დარეგისტრირდებიან, კატეგორიას კი გამგეობები ანიჭებენ: „საცხოვრებლით დაკმაყოფილება ხდება ქულების მიხედვით. ვისაც ყველაზე მაღალი ქულა ექნება, ის დაკმაყოფილდება პირველ რიგში. პირველ კატეგორიაში არის სტიქია, შემდეგ მოდის ის ოჯახი, თუ ოჯახში ჰყავს შშმ პირი ან პენსიონერი, ან ონკოლოური ავადმყოფი, ყველაზე არის შესაბამისი ქულები განსაზღვრული და ამის მიხედვით ხდება რიგითობა“.

რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარიდან საცხოვრებლის მოთხოვნით 600-ზე მეტი ოჯახია რეგისტრირებული. „ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ეკომიგრანტია,“ – ამბობს ჯინჭარაძე. მისივე ინფორმაციით, სოფელ ქვემო თხილვანადან თითქმის ყველა ოჯახს აქვს განაცხადი შევსებული.

შს მინისტრი ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ბათუმში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოში მივიდა. შს მინისტრმა სამმართველოს ხელმძღვანელებისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ დავალებები მისცა. ასევე გიორგი მღებრიშვილი პატრულ-ინსპექტორებს შეხვდა, გაესაუბრა და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

Sss
გიორგი მღებრიშვილი და კახა ბუხრაძე / ფოტო: შსს

აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვინაობა ზუსტად ისევეა გასაიდუმლოებული, როგორც რომელიმე საიდუმლო სამსახურის თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია. მინისტრ გიორგი მღებრიშვილს თუ, ზოგადად, უწყებას რეგიონის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, კახა ბუხრაძის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის არც 11 მარტის ბათუმის მოვლენების შემდეგ ჩაუთვლია საჭიროდ. მინისტრმა მხოლოდ ის თქვა, რომ „აჭარაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობა არ არის“. თუ რატომ მიიჩნევს მინისტრი ასე, საზოგადოებას კვლავაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.

რამდენიმე კითხვის დასმას გეგმავდა „ბათუმელები“ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილისთვის ან უწყების საკადრო პოლიტიკაზე გადაწყვეტილების მიმღები რომელიმე სხვა პირისთვის, მაგრამ შს სამინისტროში ინტერვიუზე ამ დრომდე არ დაგვთანხმდნენ.

გიორგი მღებრიშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხულოშიც იმყოფებოდა. 13 მარტს, ხულოში მოქალაქეებთან შეხვედრისას ბათუმში პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან გამართული აქცია მინისტრმა შეაფასა, როგორც პროვოკაცია. ამ შეხვედრის კადრებიც შსს-მ გაავრცელა.

„ჩემი ხმა საზოგადოებაში“ – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული დაიწყო

15-21 მარტს საქართველოში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის კვირეული იმართება. დაუნის სინდრომი არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომაა. სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება  ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.

მიიჩნევა, რომ ამ სინდრომით ყოველი 800-დან ერთი ბავშვი იბადება. დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, ეს გენეტიკური ცვლილებაა, რომელიც არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

სპეციალისტების შეფასებით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უმეტესობას მსუბუქიდან საშუალო ხარისხის ინტელექტუალური განვითარების შეფერხება აქვს, რაც განაპირობებს აბსტრაქტული აზროვნებისა და განზოგადების სიძნელეებს, სწავლის ნელ ტემპს, თუმცა არ გამორიცხავს განვითარების, ახალი უნარების დასწავლის და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებს.

იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც განვითარების ერთ რომელიმე სფეროში აქვთ შეფერხება ან აღენიშნებათ  ქცევითი სირთულეები, საქართველოში დაახლოებით ათი წელია “ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამა” მუშაობს. პროგრამა მოტორული და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, მოტორული და თვითმოვლის უნარების განვითარებას ემსახურება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც სწორედ ამ პროგრამით სარგებლობენ, თუმცა მხოლოდ 7 წლამდე.

“დაუნის სინდრომის მქონე ბავშებისთვის საჭირო სერვისების რაოდენობა და ამ სერვისების მიმართულება, ასაკის მატებასთან ერთად იცვლება. როცა ბავშვი ბაღდან გადადის სკოლაში, აქ უკვე მთავრდება სახელმწიდფოს ჩართულობა, გარდა იმისა რომ არის ინკლუზიური სწავლება. გარდა ამისა, ამ პროგრამის მიღმა საკმაოდ ბევრი ბავშვი რჩება, რადგან მოთხოვნა უფრო მაღალია” – ამბობს სოფიკო მირზიაშვილი, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის დედა და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წევრი.

ერთ-ერთი ასეთი სერვისია მეტყველების თერაპია და ლოგოპედის დახმარება, რადგან სოფიკოს თქმით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები აზროვნების თვალსაზრისით ბევრად უფრო წინ არიან წასულები, ვიდრე ამის გამოთქმას ფიზიკურად ახერხებენ: “ძალიან ნათლად არის გამოკვეთილი, რომ მეტყველების პრობლემა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებში ძალიან ძლიერია და ამიტომ, სასურველია, რომ ამ მიმართულებითაც მოხდეს რაიმე ძვრები. ამ ტიპის ხელშეწყობა მათ ყველა ეტაპზე, ლამის სიცოცხლის ბოლომდე სჭირდებათ. მით უმეტეს, რომ ამ სერვისების ჩვენით, სხვადასხვა წრეებში მოძიება უზარმაზარ ხარჯებს უკავშრდება ” – ამბობს ის.

ჯანმრთელობის მართვის გაიდლაინი, რომელშიც გაწერილია თუ რა ასაკში რა კვლევა სჭირდება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე ორი წელია დაამტკიცა, თუმცა სოფიკო მირზიაშვილი ამბობს, რომ საყოველთაო დაზღვევა არც ერთ ასეთ კვლევასა თუ ანალიზს არ ფარავს -“მაგალითად, საყოველთაო დაზღვევა არ ფარავს ჰორმონალურ კვლევას, რომელიც სჭირდებათ ჩვენს შვილებს 3 თვეში ერთხელ, თუ არაფერი აღმოჩნდა მაშინ – წელიწადში ორჯერ. გარდა ამისა უამრავი რამ არის, მხედველობის შემოწმება, აუდიოკვლევა და ა.შ.” .

21 მარტი, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან აღინიშნება. დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ჩატარებული წლევანდელი კამპანიის საერთაშორისო სლოგანია „ჩემი ხმა საზოგადოებაში“. კამპანიის მიზანია შეახსენოს საზოგადოებას, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს უფლება აქვთ, გამოთქვან აზრი და იქონიონ ზეგავლენა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს მათ სრულ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შესაბამისად, კამპანიის მოქმედი პირები თავად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები იქნებიან, რომლებიც ისაუბრებენ საკუთარი უფლებების შესახებ. საქართველოში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს და მასთან დაკავშრებულ ღონისძიებებს „კავშირი ჩვენი ბავშვები“ „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან“ ერთად უწევს ორგანიზებას.

ამავე თემაზე: რა სჭირდებათ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს

სახელმწიფოს პრინციპულობა ადამიანის წინააღმდეგ – 4 წელი უშუქოდ

დავით ცინცაძის ოჯახი მეოთხე წელია ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ოჯახისთვის შუქის მიწოდების მოთხოვნა დააკმაყოფილა, ოჯახი ისევ სიბნელეშია.

მწვანე კონცხზე, ყოფილი სანატორიუმის შენობაში დავით ცინცაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად 2006 წელს თვითნებურად შესახლდა. მეზობელთან, ვისგანაც ელექტროენერგიის ხაზი ჰყავდათ გამოყვანილი, ცინცაძეებს კონფლიქტი ჰქონდათ. 2013 წლიდან დავით ცინცაძის ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

davit cincadze 2
დავით ცინცაძის ოჯახი ოთხი წელია უშუქოდ ცხოვრობს

სამეზობლო დავამ გასული წლის დასაწყისში სასამართლოში გადაინაცვლა. დავით ცინცაძის სარჩელი „ენერგო პრო ჯორჯიას“ და ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ აპრილში განიხილა. დავით ცინცაძის ინტერესებს მაშინ და ახლაც ორგანიზაცია „სიმართლის და სამართლის, ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვის“ ხელმძღვანელი, გივი მამულაძე იცავს. ის სასამართლოში აქცენტს აკეთებდა სახელმწიფოს  კონსტიტუციურ ვალდებულებაზე, ნებისმიერ მოქალაქეს შეუქმნას ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობები. მიუხედავად იმისა, რომ დავით ცინცაძე სანატორიუმის შენობაში უკანონოდ ცხოვრობს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს დაავალა, გაეცა ნებართვა სახელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაზე, რომლის საფუძველზეც „ენერგო პრო ჯორჯია“ შეძლებდა დავით ცინცაძის ოჯახის ცალკე აბონენტად დარეგისტრირებას. სააგენტომ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თამარ ბურჯანაძის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ქონების მართვის სააგენტომ ამჯერად უზენაეს სასამართლოს მიმართა, სადაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ, განიხილავენ თუ არა ამ სარჩელს.

რამდენად სამართლიანია და ადეკვატური ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან გამოჩენილი პრინციპულობა ამ შემთხვევაში? – არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ეს კომპრომისის თემაა, რაც ამ შემთხვევაში საჭირო არ იყო.

„ცოტა უცნაურობა გვჭირს: სადაც კომპრომისია საჭირო, იქ ვიჩენთ პრინციპულობას. მოქალაქეს აქვს სახელმწიფო იმისთვის, რომ დაეხმაროს. ერთია, საზოგადოებრივი ინტერესი და მეორეა სახელმწიფოს კანონისმიერი ინტერესი. თუ ამ ორ ინტერესს შევადარებთ, ამ შემთხვევაში ცალსახად საზოგადოებრივი ინტერესი უფრო მაღალია, რადგან მისი შესრულება არ აზიანებს სახელმწიფოს კანონიერ ინტერესს. მოქალაქე არ ითხოვს მესაკუთრედ აღიარებას ან იმას, რომ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური სახელმწიფომ გადაუხადოს. სახელმწიფომ უნდა უთხრას მოქალაქეს, რომ დატოვოს სახელმწიფო საკუთრება, ან ალტერნატიული დროებითი სარგებლობის ფართი გამოუყოს. თუ არც ერთს აკეთებს და არც მეორეს, მაშინ ადამიანისთვის მინიმალური პირობების შექმნა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა“, – განმარტავს არჩილ ხახუტაიშვილი.

რატომ იჩენს პრინციპულობას ქონების მართვის სააგენტო? – არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს არ სურს შექმნას პრეცედენტი:

„თუმცა ფაქტია, რომ სხვა ადგილებზე, სადაც თვითნებურად არიან ადამიანები შესახლებულები, მათ ელექტროენერგია მიეწოდებათ. მაგალითად, „ოცნების ქალაქში“ ერთი რეგისტრირებული აბონენტიდან ნაწილდება ასეულობით ოჯახზე ელექტროენერგია. ეს იგივე „ლევი“ ხაზია და ამაზე თვალს ხუჭავს იგივე სახელმწიფო.“

 

 

 

 

45 ათასი ლარი ფოტოებისა და ვებგვერდისთვის – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტენდერს გამოაცხადებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფოტომომსახურებასა და ახალი ვებგვერდის შექმნაზე ტენდერს გამოაცხადებს. დეპარტამენტის მიზანია რეგიონის საიმიჯო ფოტოების შესყიდვა, რომელთა უმეტესობა დადგმული უნდა იყოს რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების თემაზე.

„ეს იქნება აჭარის დაცული ტერიტორიების, ეროვნული პარკების, ბათუმის საერთო ხედები… ეს იქნება დადგმული ფოტოები, რომლის რეალური ღირებულებაც საქართველოს ბაზარზე სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული. რაც შეეხება ვებგვერდს, რომელიც გვაქვს, მოძველებულია და ვერ პასუხობს იმ სტანდარტებსა და გამოწვევებს, რაც დღეს უკვე დამკვიდრებულია ტურიზმის სფეროში. მისი ღირებულებაც ქართულ ბაზარზე ხშირად სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე აქ არის ფასი მითითებული.“ – განუცხადა დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა „ბათუმელებს“.

ახალი ვებგვერდის შექმნისთვის დეპარტამენტმა ბიუჯეტში 30 000 ლარი, ფოტომომსახურებისთვის კი – 15 000 ლარი გაითვალისწინა.

აქციის მონაწილე: პირველად ჩამოვედი ბათუმში აქციის დღეს

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებული სამი პირის – გიორგი ბადრიშვილის, გურამ ჩიკვაიძისა და ირაკლი ჯიბლაძის საქმეს განიხილავს. 12 მარტს, დილით, პირველად სწორედ მათი საქმეები წარმოადგინა პროკურატურამ სასამართლოში. საქმის განხილვა მტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით დღეისთვის, 14 მარტისთვის გადაიდო.

განხილვა დღეს კიდევ ერთხელ გადაიდო, რადგან სამივე დაკავებული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ან პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას უარყოფს. პოლიციელებმა დღეს დამატებითი მტკიცებულების სახით მხოლოდ ერთ-ერთი დაკავებულის შესახებ პირადი ინფორმაციის წარმოდგენა შეძლეს. 

ჩანაწერი სხდომათა დარბაზიდან:

გიორგი ბადრიშვილი: „ტაქსზე ვმუშაობ  თბილისში, იქ ვცხოვრობ. ბოლო დღეებში ოზურგეთში ვმუშაობდი თხილის ბაღში… ბათუმში 11 მარტს პირველად მოვხვდი. ქუჩებიც არ ვიცი. იმ დღეს მთხოვა იმ კაცმა, ვისთანაც ვიყავი, ნათესავი დავინახე აქციაზე და უნდა ვნახოო. ძლივს მივედით აქციის ადგილზე, ქუჩები არ ვიცი. არავინ არ მიგინებია მე“.

ირაკლი ჯიბლაძე: „ლერმონტოვზე ვცხოვრობ. დილით ადრე გამოვედი ბინიდან, რადგან ხელვაჩაურში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ვმუშაობ. პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთასთან დამხვდნენ პოლიციელები და მცემეს. ახლაც მიჭირს სიარული, დაჟეჟილი ვარ. იქვეა კამერები, ამოიღეთ ჩანაწერები და ნახეთ. აქციაზე საერთოდ არ ვყოფილვარ“.

გურამ ჩიკვაიძე: „ბათუმში, ერთ-ერთ თავშესაფარში ვცხოვრობ უკვე 15 დღეა. ისე ქედიდან ვარ. ბათუმში მშენებლობაზე ვმუშაობ. იმ დღეს სასადილოში შევიარე საღამოს და ტელევიზორიდან გავიგე აქციააო. დამაინტერესა და მივედი. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია მე, არც ქვაზე მომიკიდია ხელი…“

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა პოლიციელს, ბესიკ ნაკაშიძეს ჰკითხა, მის გარდა ვინ დაადასტურებდა, რომ, მაგალითად, ირაკლი ჯიბლაძე ნამდვილად იმყოფებოდა აქციაზე და მან პოლიციელები შეურაცხყო.

კითხვის პასუხად პოლიციელმა მეწყვილე დაასახელა, ვინც სავარაუდოდ მორიგ სხდომაზე მოწმის სახით მისცემს სასამართლოს ჩვენებას.

მოსამართლემ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულებსაც განუმარტა, რომ მათაც შეუძლიათ მტკიცებულებების წარმოდგენა, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებისა და მოწმეების.

დღეს, 14 მარტს, მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ, ასევე მტკიცებულებების წარმოდგენის საფუძვლით გადადო რამაზ ხიმშიაშვილისა და ჯიმი ვარშანიძის საქმეების განხილვა. ეს პირები საპატრულო პოლიციამ 11 მარტს „პლაზასთან“ დააჯარიმა. ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო საპროტესტო აქცია ბათუმში.

დახურული შაჰინის სკოლა-ლიცეუმი რებრენდინგს გეგმავს

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ავტორიზაციის საბჭომ, ქვეყნის მასშტაბით, 25 კერძო სკოლას გაუუქმა ავტორიზაცია. მიმდინარე წელს ოთხ სკოლას, 2016  წელს – 7 სკოლას, 2015  წელს – 8 სკოლას და 2014 წელს – 6 სკოლას.

ავტორიზაციის გაუქმების შედეგად, 2017 წელს ფუნქციონირება შეწყვიტა „შაჰინის სკოლა-ლიცეუმმაც“, რომელსაც მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა.

რა პრინციპით მოქმედებს ავტორიზაციის საბჭო სკოლების შეფასებისას და იყო თუ არა შაჰინის სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება პოლიტიკური?

„შაჰინის სკოლა-ლიცეუმის 180 მოსწავლე და 25 პედაგოგი ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ გადავიდა. სკოლა ბათუმში 2016 წლის ოქტომბერში გაიხსნა და ის  ქუთაისში დაარსებული  ქართულ-ამერიკული სკოლის ფილიალია. სკოლაში მხოლოდ 30 მოსწავლე ირიცხებოდა.

როგორ შეძლო სკოლამ  25 პედაგოგის ერთდოულად დასაქმება და როგორია სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა? „პროგრესის“ დამფუძნებლის ნინო ჩიკვაშვილის თქმით, პედაგოგების დასაქმებაზე მოთხოვნა, ახალი მოსწავლეების მიღებამ გააჩინა.

„180 მოსწავლე გადმოვიდა შაჰინის სკოლიდან, შესაბამისად, ბავშვების გადმოსვლის მოთხოვნას მიება პედაგოგების დასაქმებაც“.

შაჰინის სკოლაში 50 პედაგოგი იყო დასაქმებული, როგორც სკოლის დირექტორი ელგუჯა დავითაძე გვეუბნება, აქედან 25  მასწავლებელი „პროგრესში“ დასაქმდა, 7 პედაგოგი თურქეთის მოქალაქე იყო და თავიანთ ქვეყანაში აპირებენ დაბრუნებას, 18 პედაგოგი კი უმუშევარი დარჩა.

სკოლის დახურვის შემდეგ მე-12 კლასი მთლიანად მე-3 საჯარო სკოლაში გადავიდა, დანარჩენი მოსწავლეები კი საჯარო და სხვა კერძო სკოლებში გადანაწილდნენ.

შაჰინის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ „სკოლა „პროგრესი“, სადაც მოსწავლეები გადაიყვანეს, „სოკარის“ ყოფილ ოფისშია განთავსებული: „სკოლას არ აქვს ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ავტორიზაციის საბჭოსთვის პრობლემა არ აღმოჩნდა“.

„პროგრესის“ ადმინისტრაციამ სკოლაში შესვლის უფლება „ბათუმელებს“ არ მოგვცა, თუმცა სატელეფონო საუბარში ნათია კილაძემ განაცხადა, რომ სკოლას ბიბლიოთეკაც აქვს და ლაბორატორიაც: „რაც შეეხება სპორტულ მოედანს, ეს არ გვაქვს, მაგრამ არც არის აუცილებელი, რადგან  ჭადრაკი გვაქვს არჩეული და ჭადრაკის თამაშს მოედანი არ სჭირდება“.

ელგუჯა დავითაძე შაჰინის სკოლის დახურვას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნას ანგარიში გაუწია. თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს ფეთჰულა გულენს და მიიჩნევს, რომ დემირელის სკოლების ქსელში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებები სწორედ გულენის მიმდევრების პატრონაჟის ქვეშაა, რასაც არ იზიარებენ დემირელის სკოლების ქსელში არსებული დაწესებულებების წარმომადგენლები.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სხდომის ოქმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იმ დღეს (3 თებერვალი), როცა საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა შაჰინის  სკოლას, იმავე დღეს ავტორიზაცია მიანიჭა ისეთ სკოლებს, რომელთა მიმართაც ავტორიზაციის საბჭოს მთელი რიგი შენიშვნები ჰქონდა. მაგალითად, შპს „გეტის“ ხუთპუნქტიანი შენიშვნების მიუხედავად ავტორიზაცია მაინც მიანიჭეს.

სკოლაში არსებული დარღვევები, ავტორიზაციის საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, ასე გამოიყურება:

  1. პირველ კლასში ინგლისური ენა ისწავლება არა როგორც სავალდებულო, აერობნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, არამედ, როგორც სავალდებულო დამატებითი საგანი. „სკოლა ხელმძღვანელობდა მომავალი წლისთვის დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმით.
  2. მეთორმეტე კლასში მათემატიკის კვირეულის დატვირთვა არ იყო სრული. განსაზღვრული 4 საათი, 5 საათის ნაცვლად. არჩევითი საგანი – ქიმიური ტექნოლოგიები ისწავლებოდა პირველ სემესტრში თითო საათი კვირაში, ორი საათის ნაცვლად, რაც არ შეესაბამება ესგ-ს მოთხოვნებს.
  3. მე-12 კლასში სასწავლო პროცესი კვირაში სამი დღე მიმდინარეობდა,
  4. დაწყებითი საფეხურის ფარგლებში სკოლა სხვადასხვა ავტორისა და მასზე დაყრდნობით შექმნილ პროგრამებს სთავაზობდა მოსწავლეებს
  5. გარკვეული შეუსაბამობა იყო არჩევით საგნებში, ასევე შემაჯამებელი დავალებების ორგანიზებაში. ამ და სხვა ტიპის შენიშვნების მიუხედავად, საბჭომ „გეტის“ ავტორიზაცია მაინც მიანიჭა. ხოლო იმავე დღეს „შაჰინის სკოლას ავტორიზაცია გაუუქმა, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ავტორიზაცია საბჭოს სკოლაზე 5 წლის ვადით  ჰქონდა მინიჭებული.

რა მოხდა სინამდვილეში და შეიყვანა თუ არა ავტორიზაციის საბჭომ სკოლის ადმინისტრაცია შეცდომაში შეგნებულად?

ავტორიზაციის საბჭოს  ყოფილი წევრის, შალვა ტაბატაძის თქმით,  საბჭომ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, როცა მან სკოლას თურქული სექტორის გაუქმება მოსთხოვა.

„2015 წელს საბჭომ დაარღვია და გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რადგან  თურქული სექტორი  იყო არაფორმალური პროგრამა და არაფორმალურმა პროგრამამ შეიძლება უპრობლემოდ იარსებოს, ისინი ამ სექტორზე სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ატესტატს არ გასცემდნენ. არაფორმალური განათლება ყველა ორგანიზაციას შეიძლება ჰქონდეს, ის რაც არ ეხება სახელმწიფოს, იმის გაუქმება მოსთხოვეს“, -გვეუბნება ის.

შესაბამისად, როგორც განათლების ექსპერტი გვეუბნება, ეს რეკომენდაცია რომ არ გაცემულიყო, არც სკოლა არ დაიწყებდა თურქი ეროვნების მოსწავლეების ქართულ სექტორზე გადაყვანის პროცედურას და არაფორმალური სწავლების რეჟიმი გაგრძელდებოდა.

რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილებას აჭარბებს? – შალვა ტაბატაძის თქმით, შაჰინის სკოლას შეუძლია საბჭოს წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლოს და თუკი სასამართლო დაამტკიცებს, რომ საბჭომ ხელოვნურად შეუქმნა სკოლას პრობლემა, რამაც სკოლის ფუნქციონირების შეწყვეტა გამოიწვია, შეუძლია სახელმწიფოსგან კომპენსაციაც მოითხოვოს“.

შალვა ტაბატაძის აზრით, იმ მიდგომით, რომელიც ავტორიზაციის საბჭომ  შაჰინის სკოლის მიმართ გამოიყენა, საქართველოში ყველა სკოლა დასახურია. „რადგან დღევანდელ დღეს არ არსებობს სკოლა, რომელსაც დარღვევები არ აქვს.

უფრო მეტიც, თუ სკოლა არ იღებს შენიშვნას, ის ეფექტურად ვერ მუშაობს. არის ისეთი რაღაცები, რაც კერძო სკოლამ უნდა დაარღვიოს, ისე ვერ იქნება წარმატებული.  პირდაპირ კანონმდებლობას რომ გავყვეთ, საბჭომ უნდა შეუჩეროს სკოლას ავტორიზაცია, თუ სკოლა მხოლოდ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს არ იყენებს“.

მას შემდეგ, რაც შაჰინის სკოლას ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია შეუჩერა და სკოლამ ფუნქციონირება  იძულებით შეწყვიტა, სკოლის ადმინისტრაცია საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლას სასამართლოში აგრძელებს. სასამართლო პროცესების დასრულებამდე ადმინისტრაცია ახალი ლიცენზიის მოპოვებას და სკოლის რებრენდინგს გეგმავს.

„ძველი სახელწოდებით აღარ ვაპირებთ ფუნქციონირებას, უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა ახალი ლიცენზიის მოპოვებაზე, რასაც ალბათ 3-4 თვე დასჭირდება. არ გამოვრიცხავთ, რომ ახალი სასწავლო წლისთვის ახალი სახელწოდებით დავბრუნდეთ საგანმანათლებლო სივრცეში“, – გვეუბნება „შაჰინის სკოლა-ლუცეუმის“ დირექტორი ელგუჯა დავითაძე.

დირექტორი დარწმუნებულია, რომ სკოლაში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, ყველა მოსწავლე უკან დაბრუნდება. „მე-12 კლასელებს არ მისცეს ჩვენი სკოლის დასრულების შესაძლებლობა, თუმცა ვაპირებთ გამოშვება მაინც ჩვენ გავუკეთოთ“, – გვეუბნება დირექტორი.

დემირელის სკოლების ქსელი საქართველოში 5-ზე მეტ სკოლას და შავი ზღვის უნივერსიტეტს მოიცავს.

შაჰინის სკოლის გაუქმების შემდეგ, დემირელის სკოლების დამფუძნებლებს ჰოლდინგში მეწილეების ცვლილების მცდელობა ჰქონდათ, რისი უფლებაც საჯარო რეესტრმა არ მისცა.

„უნდა მომხდარიყო 40-პროცენტიანი წილის გასხვისება ამერიკულ საგანმანათლებლო კომპანიაზე, რაც რეესტრმა არ განახორციელა, რადგან  საგადასახადომ დემირელის სკოლა და შავი ზღვის უნივერსიტეტის ქონება დააყადაღა, ასეთ შემთხვევაში კი წილების გასხვისებას შეუძლებელია“, – გვეუბნება იურისტი მარიამ ჩიქოვანი.

მისივე ინფორმაციით, ქონების დაყადაღებაზე  ინფორმაცია 2017 წლის თებერვალში მიიღეს შემოსავლების სამსახურიდან:

„მოგვივიდა შეტყობინება შავი ზღვის უნივერსიტეტის მთელი ქონებისა და წილების დაყადაღების შესახებ.  მოსარჩელე არის სახელმწიფო შემოსავლების სამსახური, რომელიც საგადასახადო დავალიანებას და ცრუმაგიერობას გვედავება. თუმცა ეს სარჩელი იმთავითვე არასწორია,  რადგან დავალიანება, რომელიც მოხსენიებულია სარჩელში, ჩვენ მიერ არ არის აღიარებული და ამაზე ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში არის ჯერ კიდევ ეს საკითხი 2015 წლიდან. აქედან გამომდინარე, საგადასახადო სამსახურს არ ჰქონდა სასამართლოზე მიმართვის უფლება“.

იურისტის თქმით, დაახლოებით ერთი მილიონი ლარის დავალიანებაზეა საუბარი, რასაც  კომპანია არ აღიარებს.

იურისტი მარიამ ჩიქოვანის თქმით, შაჰინის სკოლის დახურვამდე  ავტორიზაციის საბჭომ დახურა მარნეულში არსებული სკოლაც, რომელიც არ გახმაურებულა. „მაშინ ჩავთვალეთ, რომ არ ღირდა კონფრონტაციაში წასვლა ხელისუფლებასთან, რადგან უფრო მნიშვნელოვანი სკოლებიც გვქონდა. თუმცა, შემდეგ განვითარებული პროცესები აჩვენებს, რომ ეს არის მიზანმიმართული ბრძოლა დემირელის სკოლების ქსელის წინააღმდეგ“.

დემირელის სკოლების წინააღმდეგ შესაძლებელია მიდიოდეს დევნა პოლიტიკური მოტივით, ამაზე შეიძლება მეტყველებდეს ის ფაქტიც, როცა დემირელის სკოლების 60 წილის პროცენტიანი წილის მფლობელი, თურქული წარმოშობის გერმანიის მოქალაქე, ბიზნესმენი ჯიჰან აქინი საქართველოში არ შემოუშვეს.

ბიზნესმენი საქართველოში სწორედ მაშინ შემოდიოდა, როცა ბათუმის შაჰინის სკოლის მოსწავლეები სკოლის დახურვის გამო საპროტესტო აქციებს მართავდნენ. ბიზნესმენი ამბობს, რომ მისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის მოტივი ოფიციალურად არ განუმარტავთ.

რატომ არის ავტორიზაციის საბჭო მიკერძოებული და როგორ შეიძლება ის გამოყენებული იქნას სახელმწიფოს მიერ, თუნდაც პოლიტიკური მიზნებისთვის?

შალვა ტაბატაძის აზრით, ავტორიზაციის საბჭო, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი  ისე უნდა ფუნქციონირებდეს და არა როგორც სადამსჯელო. ამისთვის კი საჭიროა საბჭოს წევრები იყვნენ დამოუკიდებელი და თავისუფლები თავიანთ გადაწყვეტილებაში:

„როცა საჯარო თუ კერძო სკოლის დირექტორი ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელია საბჭოს წევრი, ის ვერ იქნება თავისუფალი გადაწყვეტილებაში, რადგან ჩვენს ქვეყანაში ეს ადამიანები  თავისუფლების ხარისხით არ გამოირჩევიან – განათლების სამინისტროსთან აქვთ ბმა. როცა საბჭოში ნაკლებად დამოუკიდებელი ადამიანები ქმნიან უმრავლესობას, არის პრობლემატური და გამოჩნდა კიდეც შაჰინის სკოლის შემთხვევაში. ხელისუფლებას  იმის ბერკეტი არ უნდა ჰქონდეს, რომ საბჭო გამოიყენოს საჭიროებისამებრ, თუ ეს ასე არ იქნება, ყველაფერი თავისთავად დალაგდება“.

მოსწავლეები, რომლებიც შაჰინის სკოლის თურქულ სექტორზე სწავლობდნენ, სკოლის გაუქმების შემდეგ ბათუმში არსებულ სხვა თურქულ კერძო სკოლაში ჩაირიცხნენ, რომელიც ოფიციალურად აცხადებს, რომ არ ექვემდებარება საქართველოს განათლების სამინისტროს.

შალვა ტაბატაძის თქმით, სახელმწიფო ვერც ამ სკოლას მოსთხოვს დაქვემდებარებას, რადგან მოსწავლეები ამ სკოლაში არაფორმალურ განათლებას იღებენ და არ მოითხოვენ ატესტატის აღიარებას ქართული სახელმწიფოს მხრიდან.

 

დისკუსია – ქობულეთის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში მოსახლეობას

2017 წლის 4 მარტს ბობოყვათში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ  ჟურნალისტთა  სახლის“ ორგანიზებითა და ფონდ  NED-ის  მხარდაჭერით, გაიმართა ადგილობრივი  მოსახლეობის შეხვედრა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან – სულხან ოქროპირიძესთან, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა.

სულხან ოქროპირიძე – ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე:

მინდა მოგახსენოთ, რომ 2016 წლის განმავლობაში ჩატარებულია 17 ბიუროს და 17 საკრებულოს სხდომა, აქედან ხუთი მოვიწვიეთ რიგგარეშე სხდომის სახით, ჩავატარეთ 57 სხვადასხვა კომისიის სხდომა და მივიღეთ 22 დადგენილება, 208 განკარგულება და 110 ბრძანება. სხვადასხვა საკითხზე მოვუსმინეთ 220 მოქალაქეს.

IMG_1502
სულხან ოქროპირიძე

თვითმმართველობის რეფორმებიდან გამომდინარე განვსაზღვრეთ ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტები, მიზნები, ამოცანები. კერძოდ, იგი შეეხო ქალაქის განვითარებას, ინფრასტრუქტურის სრულყოფას, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებას, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს მოწესრიგებას. საკრებულო კომპეტენციის ფარგლებში აქტიურადაა ჩართული ქობულეთისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლთან. ერთ-ერთ გამორჩეულ მიღწევად მიმაჩნია, რომ საკრებულო გახდა დაწესებულება, სადაც ადამიანები მოდიან, ისმენენ, იზიარებენ და მსჯელობენ მათთვის საინტერესო საკითხებზე, ეს არის ორგანო, სადაც ინფორმაციის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ უფრო მეტი მოქალაქე, დაინტერესებული ადამიანი, უფრო მეტი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი იყოს ჩართული ჩვენს საქმიანობაში.

საანგარიშო პერიოდში მრავალი მიზნობრივი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ფოკუსჯგუფთან. გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები უცხოელ კოლეგებთან, ვუმასპინძლეთ უკრაინისა და ბულგარეთის წარმომადგენლებს შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, რაც გამოიხატა იმაში, რომ ლატვიაში 10 ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული და განხორციელებული აქტივობები. ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამოცდილების გაზიარებისა და საჯარო სამსახურებში ევროპული სტანდარტების დამკვიდრების მხრივ. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მოსმენილი მოთხოვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული 2016 წლის ბიუჯეტის შედგენისას. ტურისტული საინფორმაციო ცენტრისა და გზამკვლევი ნიშნულების დამონტაჟების კვალდაკვალ დავიწყეთ მუშაობა ერთ-ერთ აუცილებელ საკითხზე – ქუჩების სახელდების, ნუმერაციისა და სანომრე ფირნიშების მოწესრიგებაზე. ეს მნიშვნელოვანია არამარტო ადგილობრივი მოსახლეობის, არამედ ქალაქის სტუმრების, ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის. საკრებულომ მიიღო ასევე მნიშვნელოვანი დადგენილება, დაამტკიცა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი“.

ყოველდღიურ საქმიანობაში ჩვენი მოქმედების მთავარი პრინციპია მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, გამჭვირვალობა, საჯაროობა, სექტორებს შორის თანამშრომლობა, მჭიდრო კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოების სხვადასხვა ფოკუსჯგუფებთან და მათთან მუდმივ დიალოგის რეჟიმში ყოფნა. ამ მიმართულებით ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ სხვადასხვა რესურსს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოიპოვოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე გაეცნოს არსებულ პროექტებსა და პროგრამებს.

2016 წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულმა ღონისძიებებმა მოიცვა 3778251 ლარი. კერძოდ ქალაქ ქობულეთში კეთილმოეწყო ბაგრატიონის, აბაშიძის, კომახიძის, ლესელიძის ქუჩები, რუსთაველის ქუჩა, ცენტრალურ სასაფლაომდე მისასვლელი გზა, ქალაქში არსებულ ასფალტის საფარს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მოეწყო მოსაცდელები, სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთებში გაკეთდა ჯებირები, ჩასასვლელი კიბეები და პანდუსები.

მრავალბინიანი სახცხოვრებელი სახლებისა და ეზოების მოწესრიგების მიზნით დაიხარჯა 1508430 ლარი. გადაიხურა 27 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი.

IMG_1532
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე

წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობის, წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციისათვის დაიხარჯა 7296949 ლარი. მოეწყო წყალსადენის სისტემები სათავე ნაგებობები და რეზერვუარები საჭიროებების მიხედვით სოფელ ხუცუბანში, ჩაისუბანში, ზედა სამებაში, ლეღვაში, ქაქუთში, საჩინოს თემში, ჭახათში, დაბა ოჩხამურში განხორციელდა 4 ერთეული წყალსაქაჩი ტუმბოს მოწოდება-მონტაჟი, დაბა ჩაქვში სოფელ ბუკნარის წყალსადენის მაგისტრალს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ქობულეთში განხორციელდა თამარ მეფის სანაპიროს სასმელ-სამეურნეო რეაბილიტაცია, კერძოდ მოეწყო ახალი წყლის სისტემა და გამრიცხველიანება.

სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციისათვის და მოვლა-შენახვისათვის დაიხარჯა 2137816 ლარი. სამუშაოები ჩაუტარდა მტს-ის და კარიერის უბნის სისტემებს, ჩოლოქის დასახლებას, გელაურის დასახლებას. მოეწყო აღნიშნულ უბნებში სანიაღვრე არხები და სატუმბო სადგურები. დაბა ჩაქვში და სოფელ ბობოყვათში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოეწყო სანიაღვრე კანალიზაცია და განხორციელდა საკანალიზაციო სისტემის მაგისტრალური ხაზის რეაბილიტაციის სამუშაოები.

საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციისათვის და ინვენტარით უზრუნველყოფისათვის დაიხარჯა 2275435 ლარი. კერძოდ საუბარია სოფელ ზენითის, დაბა ჩაქვის, დაგვას, ცეცხლაურის, ხუცუბნის, გელაურის და ქობულეთში ფიჭვნარში საბავშვო ბაღების მოწყობაზე. მოხდა ხუცუბნის, დაბა ჩაქვის საბავშვო ბაღების გაზიფიცირება. კეთილმოეწყო გელაურის საბავშვო ბაღი.

სპორტული მოედნები გაკეთდა ქობულეთის ტურისტული ზონის ტერიტორიაზე, სოფელ დაგვაში, მუხაესტატეში, ქობულეთის ცენტრალურ სტადიონს ჩაუტარდა რემონტი, ფიჭვნარში აღდგა სტადიონის სექციები, სოფელ სახალვაშოს, ჭავჭავაძის უბნის და რუსთაველის 162 -ის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედნებს ჩაუტარდათ რეაბილიტაცია. რისთვისაც დაიხარჯა 816296 ლარი.

მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობითი ღონისძიებებისათვის 918796 ლარი დაიხარჯა. კეთილმოეწყო სკვერები, პარკები და მოედნები. კერძოდ მემედ აბაშიძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წინ და ცენტრალური ბიბლიოთეკის მიმდებარედ მოეწყო სკვერები, მოეწყო რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, განხორციელდა ცენტრალურ პარკში ამფითეატრისა და დაბა ჩაქვის პარკში არსებულ ხის ხიდის საფარების რეაბილიტაცია. კარიერის დასახლებაში სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობის (უფასო სასადილოს შენობა, საფერშლო პუნქტი, ამბულატორია) სარემონტო და კეთილმოწყობითი სამუშაოებისათვის დაიხარჯა 11025 ლარი. უფასო სასადილოს ჩაუტარდა რემონტი და გაზიფიცირდა. ხუცუბანში არსებულ საფერშლო პუნქტს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ რკინა-ბეტონისა და ლითონის კონსტრუქციების შეკეთებისათვის 54400 ლარი იქნა გახარჯული.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მომსახურების შესყიდვისათვის 134000 ლარი დაიხარჯა.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარებისათვის ჯამში 2016 წელს დახარჯულია 18905973 ლარი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  დაგეგმილი საქმიანობა ხშირად მიმდინარეობს შეფერხებით -რაც ბუნებრივია იწვევ მოსახლეობის უკმაყოფილებას. სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს, რის გამოც ხშირად არ ხდება პრობლემის მოგვარება ან უხარისხოდ ასრულებენ აღებულ ვალდებულებებს . მუნიციპალიტეტი ვერ აიძულებს ფირმებს  და მიმართავს სამართლებრივ გზებს, რაც აჭიანურებს პროცესს, შედეგად კი, პრობლემა მოუგვარებელი რჩება.

გოგიტა გაბაიძე, ბობოყვათის მკვიდრი:

მაინტერესებს როდის მოწესრიგდება წყლის სისტემა ბობოყვათში და მოხერხდება თუ არა ფეხბურთის მოედნის მოწყობა?

სულხან ოქროპირიძე, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე:

წყლის სისტემასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მოგვარება დაგეგმილია და გამოცხადებულია ტენდერი.

დაგეგმილია ბობოყვათის სტადიონის მოწყობა, სურვილი გვაქვს, სტადიონი იქცეს სავარჯიშო ბაზად, რათა საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის გუნდებმა გვესტუმრონ ქობულეთში და საწვრთნელ მოედნად გამოიყენონ ბობოყვათის სტადიონი.

ოთარ ქათამაძე, ბობოყვათის მკვიდრი:

მე მინდა ახალგაზრდების დაინტერესებაზე ვისაუბრო, ყველა გარბის სოფლიდან, ახლაც ამ შეხვედრას ახალგაზრდები არ ესწრებიან და ეს არის ძალიან ცუდი, მათი დაინტერესება უნდა მოხდეს. სამწუხაროდ ახალგაზრდები ვერ ხედავენ პერსპექტივას და ყველა ცდილობს დატოვოს სოფელი. სახელმწიფომ, მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე.

თამაზ მახარაძე, ბობოყვათის მკვიდრი:

დიდ პრობლემას წარმოადგენს ელექტროენერგიის მიღების საკითხი, არსებული ელექტროანძები და ხაზები არის მოძველებული, რის გამოც ხშირად ითიშება შუქი. როგორ აპირებს მუნიციპალიტეტი ამ საკითხების მოგვარებას? გარდა ამისა, მაინტერესებს ინტერნეტთან დაკავშირებით რა იგეგმება?

სულხან ოქროპირიძე, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე:

ინტერნეტს რაც შეეხება, ქობულეთის 15 სოფელი და მათ შორის ბობოყვათიც მოხვდა ინტერნეტიზაციის პროგრამაში, რაც გულისხმობს ინტერნეტის ქსელის მონტაჟს და შესაბამისად ეს საკითხიც მალე მოგვარდება.

ხოლო ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებს რაც ეხება, ეს სცილდება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას. პასუხისმგებლობა ელექტრომომარაგებაზე ეკისრება შესაბამის კომპანიას, რომელმაც უნდა იზრუნოს რეაბილიტაცია/განახლებაზე.

ბობოყვათის შეხვედრის მონაწილეები
ბობოყვათის შეხვედრის მონაწილეები
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ  ჟურნალისტთა  სახლის“ ორგანიზებითა და ფონდ  NED-ის  მხარდაჭერით გაიმართა

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი - ლოგო

 

 

NED

 

აქციის მონაწილე: სოფლიდან ორგანიზებულად, სკოლის მარშრუტკით წამოვედით

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე ბათუმში აქციაზე დაკავებულების საქმეების განხილვას განაგრძობს.

ზაზა ქოქოლაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა.

„ღამით დამირეკეს, ქალაქში ამბავიაო, ჩემი ნათესავებიც აქციაზე იყვნენ. ღამის ორ საათზე წამოვედით ერთად, 10 კაცი ვიყავით, სოფლის სკოლის მარშრუტკით ჩამოვედით, დილის 5 იქნებოდა“, – უთხრა მოსამართლეს ბათუმის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზაზა ქოქოლაძემ. მან სასამართლოს დაუდასტურა ისიც, რომ პოლიციელები შეურაცხყო.

„რა იყო თქვენი აგრესიის მიზანი?“- ჰკითხა მოსამართლემ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულს.

„მიზანი არ ვიცი, შორიდან ჩამოვედი, აჭარის აღმართიდან…“ – თქვა ზაზა ქოქოლაძემ. მოგვიანებით მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქალაქში წამოსვლისთვის სოფელში 2-2 ლარი შეაგროვეს და ამას კონკრეტული ორგანიზატორი არ ჰყავდა. მისივე თქმით. უშუალოდ მას აქციაზე წასვლის შესახებ აჭარის აღმართის სკოლის „მარშრუტკის“ მძღოლმა შეატყობინა.

ზაზა ქოქოლაძე წარსულში ნასამართლევი არ არის. ის უმუშევარია.

ამავე სხდომაზე მოსამართლემ ნარიმან ლომინაძის საქმე განიხილა, თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო განხილვა ხვალისთვის გადაიდო.

ნარიმან ლომინაძე თეთრიწყაროში ცხოვრობს. ამბობს, რომ შუახევში მიდიოდა ნათესავთან და დილით პოლიციის შენობასთან მანქანიდან გადმოიყვანეს პოლიციელებმა.

სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა პოლიციელმა მოსამართლეს უთხრა, რომ ნარიმანიც იგინებოდა პოლიციელების მისამართით და მანქანიდან გადმოიყვანეს, რადგან ის გაქცევას აპირებდა.

ნარიმან ლომინაძე პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ის ხე-ტყის უკანონო გამოყენებისთვისაა გასამართლებული.

რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ასევე 250-250 ლარით დააჯარიმა აქციის კიდევ სამი მონაწილე: მამუკა ბერიძე, ცოტნე აბულაძე და ალექსანდრე ბაზახჩინი. სამივე მათგანი ბათუმის მკვიდრია და წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა.

სახალხო დამცველის ცნობით ბათუმში აქციის შემდეგ 75 ადამიანი დააკავეს.


ამავე თემაზე:

აქციის შემდეგ 65 პირი დააკავეს – სახალხო დამცველის მონაცემები 

ჯარიმა და გაფრთხილება ბათუმის აქციის კიდევ ორ მონაწილეს

ბათუმის აქციის კიდევ შვიდ მონაწილეს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმის აქციაზე დაკავებულების გასამართლება

რას ფიქრობენ გორელები ბათუმის მოვლენებზე და საპატრულო პოლიციის უფროსზე

ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეთერში, გორის მცხოვრებლები ბათუმში, 11 მარტს განვითარებულ მოვლენებს აფასებენ  და მიიჩნევენ, რომ  აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე და მისი ჯგუფი გორშიც სიმკაცრით გამოირჩეოდა.

მოქალაქე: „ გორში რომ პატრულია, მაგაზე ცუდი პატრული არ არსებობს, უმიზეზოდ აჯარიმებენ ადამიანებს და აჯარიმებენ“.

მოქალაქე:  „მე მგონია, რომ ჩვენგან ჩასული პოლიციელების ბრალია, ადრეც იყო წინა ხელისუფლების დროსაც, რომ აჭარლები რაღაც ცუდი ეპითეტებით მოიხსენიეს და როცა ვიღაცას დასჭირდება, ეს თემა წამოიწევს ხოლმე, რაც ძალიან ცუდია“.

მოქალაქე: „რაღაც პერიოდში იყო, რომ შედარებით აგრესიულები იყვნენ პოლიციელები, ვიდრე სხვა დროს. ამ ბოლო პერიოდში ასე აღარ ხდება“.

რევაზ რევაზიშვილი, საიას იურისტი – ხშირ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ იღებენ დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს  პირის დაჯარიმებასთან დაკავშირებით. ამაზე ჩვენთან, საიაშიც არის მაღალი მომართვიანობა. არის შემთხვევები, როცა რაიონული სასამართლო აუქმებს ხოლმე პირის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას და არის შემთხვევები, როცა ეს ასე არ ხდება. თუმცა,  პრობლემა  ნათელია და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები სათანადოდ ვერ აფესებენ სიტუაციას, რაც საზოგადოებაში ქმნის აღქმას,  რომ პოლიციის თანამშრომლები უკანონოდ მოქმედებენ“.

ლექსო ვალიაური – „რესპუბლიკური პარტია“:  ბუხრაძე არ არის  გორელი, თუმცა ეს არაფერს არ ცვლის. ეს ადამიანები,  რომლებიც გორში მუშაობდნენ, ჰქონდათ განცდა, რომ აჭარაშიც იმავე მეთოდებით იმუშავებდნენ. თუმცა, ადამიანების აქტიურობამ აჩვენა, რომ მსგავსი მეთოდები, მსგავსი ტიპის ადამიანის უფლებების დარღვევები, როგორზეც არის საუბარი, არ გაჭრის ყველა შემთხვევაში, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი“.

მედეა აბაშიძე – ეს ჯგუფი (საუბარია ბუხრაძეზე -ავტ.) სწორედ ამით გამოირჩევა (აგრესიით), ეს ძალიან კარგად ვიცით გორელებმა და ეს სიახლე ნაკლებად იქნებოდა ჩვენთვის. კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ კანონის აღსრულება უკიდურესი ზომიდან არ დაიწყოს საპატრულო პოლიციამ. მიეცათ ადამიანისთვის გაფრთხილება, მსუბუქი ჯარიმა“.

 

ბათუმში იყიდება სამსართულიანი სახლი

საცხოვრებელი ფართობი: 200 კვმ.
ოთახების რაოდენობა: 7.
საძინებლების რაოდენობა: 4.
კეთილმოწყობილი ეზო, ავტოფარეხი, სხვენი და საწყობი.
ფასი: შეთანხმებით.

მის: თაბუკაშვილის 8.
საკონტაქტო: 593 73 48 93 (ნაირა).

შინაგან საქმეთა მინისტრი: ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ, 13 მარტს, ხულოში მოქალაქეებთან შეხვედრისას ბათუმში პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან გამართული აქცია შეაფასა, როგორც პროვოკაცია.

გიორგი მღებრიშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხულოში იმყოფებოდა. მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს სამმართველოში მივიდა, სადაც პოლიციელებს შეხვდა. ამის შემდეგ მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მან მოსახლეობასთან 11 მარტს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის შესახებ ისაუბრა. ხულოში მინისტრს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია, შეხვედრის კადრები, სადაც ჩანს, თუ რაზე ესაუბრა მინისტრი მოსახლეობას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 14 მარტს გაავრცელა.

„ … შეგვეძლო გამოგვეყენებინა ძალა, ჩვენ გვაქვს იმის ძალაც და რესურსიც, რომ ის ხალხი დაგვეშალა, მაგრამ ჩვენ გავუფრთხილდით ჩვენი ადამიანების სიცოცხლეს და მათ ჯანმრთელობას, ჩვენ არ გამოვედით, სანამ ბოლომდე არ დაიწმინდა. ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გვქონდა, რომ ის ადამიანები, ვინც ცნობისმოყვარეობის მიზნით იყვნენ მოსულები, წავიდოდნენ.

როგორც კი ადგილზე დარჩა კრიმინალები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჩვენ მერე უკვე ჩავერიეთ. უფრო მეტად გვიღირს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ვიდრე სამი დამწვარი მანქანა. იმ შეურაცხყოფასაც ავიტანთ, რაც მოგვაყენეს, ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს. და ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისა, რაც შეგვეძლო. მოთმინებას ვგულისხმობ.

დილისკენ უკვე, როდესაც შეიმჩნეოდა, რომ კრიმინალების მეტი იქ აღარავინ აღარ იყო… თუ დაზიანებულია ვინმე, დაზიანებულია ისევ პოლიციის თანამშრომლები. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია.

მე გაძლევთ იმის პირობას, რომ სიმშვიდე ყველგან იქნება, არამარტო აჭარაში, მთელ საქართველოში. ჩვენ ძალაც გვაქვს, რესურსიც გვაქვს იმისა, რომ ვიმოქმედოთ წესრიგის დასამყარებლად, მაგრამ წესრიგის დამყარებას ასევე არ გვინდა, რომ ვინმეს ჯანმრთელობა და ვინმეს სიცოცხლე შეეწიროს, არ გვიღირს ამად. ჩვენ ვერ დავუშვებდით და ჩვენს თავს ვერ მივცემდით იმის უფლებას, რომ გავსულიყავით და უხეში ძალა გამოგვეყენებინა. შეიძლება მომხდარიყო ჭყლეტა და მე ასი პროცენტით გეუბნებით, რომ იქ ადამიანები დაზიანდებობდნენ და ძალიან სერიოზულად. მაქსიმალურად მოვერიდეთ ამას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვდგავართ თქვენი უსაფრთხოების სადარაჯოზე. პოლიცია თუ სადმე რამეს გაამკაცრებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვერჩით. ეს იმას ნიშნავს, რომ წესრიგი უნდა იყოს. ნუ დაარღვევ კანონს და არც დაჯარიმდები. მაგრამ ის, ვინც არღვევს კანონს, მან უნდა აგოს ამაზე პასუხი. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით რას ვაშავებთ და რას არ ვაშავებთ.“ – განაცხადა მინისტრმა გუშინ, 13 მარტს ხულოში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

ვინ არის „გორელი პატრულის უფროსი“ კახა ბუხრაძე

„გორელი პატრულის უფროსი“, როგორც ბათუმში უწოდებენ 36 წლის კახა ბუხრაძეს, სინამდვილეში სულაც არ არის გორელი – ის თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. კახა ბუხრაძე აჭარაში როტაციის პრინციპით 2017 წლის დასაწყისში მოავლინეს  გორიდან – 2016 წელს მას ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვს, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსს.

ამ დეკლარაციის მიხედვით, კახა ბუხრაძეს ჰყავს ერთი შვილი და მეუღლე. რაც შეეხება ქონებას, კახა ბუხრაძეს იმავე დეკლარაციის მიხედვით აქვს ბინა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებული აქვს საკუთრებაში მის მეუღლეს – მარიამ ჭერალაშვილსაც. ასევე ფლობს ავტომანქანა „ბმვ“-ს.

ბუხრაძეს მითითებული აქვს, რომ მისმა ოჯახმა შემოსავლების სახით 2016 წელს 48 000 ლარი მიიღო [თვეში 4 ათასი ლარი] და ეს მისი თანამდებობრივი შემოსავალია. ასევე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს „ლიბერთი ბანკში“ 300 000 ცალ ფასიანი ქაღალდის აქციას, რომლის საცალო ღირებულება არის 0.03 ლარი.

2013 და 2014 წლებში კახა ბუხრაძე მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსად. ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს მას შემოსავლის სახით [ერთ წელში] 42 769 ლარი მიუღია. სხვა სახის ცვლილებები მის ქონებრივ მდგომარეობაში არ ასახულა.

კახა ბუხრაძეს, როგორც თანამდებობის პირს, ქონებრივი დეკლარაცია პირველად შეუვსია 2012 წელს, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის  უფროსს. ამ დროისთვის მას 110 000 ამერიკული დოლარის ანაბარის განკარგვის უფლებაც ჰქონია „ლიბერთი ბანკში“.

მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ეს თანხა არ ჩანს მომდევნო წლებში, შესაბამისად, უცნობია, როგორ განკარგა მან ეს თანხა.

ეს არის ის მწირი ოფიციალური ინფორმაცია, რისი მოძიებაც შესაძლებელია კახა ბუხრაძის შესახებ ინტერნეტში.  შს სამინისტროს ვებგვერდზე  კახა ბუხრაძის არც ერთი ფოტოსურათი არ იძებნება.

სოციალურ ქსელებში  კახა ბუხრაძეს 11 მარტის მოვლენების შემდეგ არაერთი პოსტი მიუძღვნეს. ერთ-ერთი პოსტის ავტორი, გორში მცხოვრები თამარ თედლიაშვილი წერს: „მე ჩუმად ვარ, დაე გვლანძღონ გორელები, ოღონდ ეგ არ დააბრუნონ აქ“. თამარმა ეს პოსტი მას შემდეგ დაწერა, რაც 11 მარტის აქციაზე ბათუმში, „გორს“ და „გორელს“ კახა ბუხრაძესთან დაკავშირებით იყენებდნენ, ძირითადად, უარყოფით კონტექსტში.

რამდენად ნორმალურია, როდესაც რეგიონის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვინაობა ზუსტად ისევეა გასაიდუმლოებული, როგორც რომელიმე საიდუმლო სამსახურის თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია? რატომ არ გამართა კახა ბუხრაძემ ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ ბრიფინგი და არ გააცნო საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკის გატარებას აპირებდა? კიდევ რამდენიმე კითხვის დასმას გეგმავდა „ბათუმელები“ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილისთვის ან უწყების საკადრო პოლიტიკაზე გადაწყვეტილების მიმღები რომელიმე სხვა პირისთვის, მაგრამ შს სამინისტროში ამ ინტერვიუზე არ დაგვთანხმდნენ, ჯერჯერობით მაინც.

მინისტრ გიორგი მღებრიშვილს თუ, ზოგადად, უწყებას კახა ბუხრაძის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის არც 11 მარტის ბათუმის მოვლენების შემდეგ ჩაუთვლია საჭიროდ. მინისტრმა მხოლოდ ის თქვა, რომ „აჭარაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობა არ არის“. თუ რატომ მიიჩნევს მინისტრი ასე, საზოგადოებას კვლავაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.

„ბათუმელებს“  საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით შს მინისტრისთვის ან რომელიმე გადაწყვეტილების მიმღები პირისთვის რამდენიმე კითხვის დასმა სურდა. მაგალითად:

  1. აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობის შემდეგ, ერთი გამონაკლისის გარდა, ეგრეთ წოდებულ ძალოვან უწყებებში – პროკურატურა, პატრული, პოლიცია,  -ადგილობრივი კადრები არასდროს დაუნიშნიათ ხელმძღვანელებად. რეგიონში ამის თაობაზე პეტიციებს აგროვებდნენ და საპროტესტო აქციებსაც კი მართავდნენ მცირე ჯგუფები, რეგულარულად და წლების განმავლობაში. ამაზე ინტენსიურად იწერება სოციალურ ქსელებშიც.  მოსახლეობის თუნდაც ერთი ნაწილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ცენტრალური ხელისუფლება, წარსული გამოცდილების შიშით [ასლან აბაშიძის პოლიტიკა], არ ენდობა აჭარის რეგიონში ადგილობრივ კადრებს და სწორედ ამიტომ არ ნიშნავს მათ თანამდებობებზე ძალოვან უწყებებში, თქვენ რას უპასუხებდით?
  2. შეგიძლიათ გაიხსენოთ ბოლო 10 წლის განმავლობაში თუნდაც თქვენი მინისტრობის [მოადგილეობის] პერიოდში ისეთი როტაცია, როცა აჭარიდან პოლიციელები გადაიყვანეთ რომელიმე სხვა რეგიონში ან თბილისში და დანიშნეთ მაღალ თანამდებობებზე. თუ კი, იქნებ დაასახელოთ მათი ვინაობა?

ამ და სხვა კითხვებზე, ჯერჯერობით, შს სამინისტროს პასუხი არ გვაქვს.

 

 

 

 

რამ გამოიწვია „გორელი პატრულის“ მიმართ აგრესია ბათუმში

11 მარტს, დღის ხუთ საათზე, ბათუმში დაიწყო მოქალაქეების საპროტესტო აქცია, რაც მეორე დილამდე გაგრძელდა და ვანდალიზმში გადაიზარდა. აქციაზე, თავდაპირველად, მოქალაქეები ბათუმში ჩამოსულ ეგრეთ წოდებული გორის პატრულის სიმკაცრესა და შეურაცხმყოფელ ქცევას აპროტესტებდნენ. ეს ჯგუფი, ხელმძღვანელის ჩათვლით, წლის დასაწყისში როტაციის წესით ჩამოვიდა ბათუმში. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე „ბათუმელებთან“ საპატრულო პოლიციის მიმართ ბათუმში გაჩენილი აგრესიის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.

ასლან, თქვენი დაკვირვებით, რა მდგომარეობა იყო ბათუმში საგზაო მოძრაობის წესების დაცვის თვალსაზრისით, ვიდრე ეს ეგრეთ წოდებული გორის ჯგუფი ჩამოვიდოდა. ვგულისხმობ ბოლო ერთ წელს?

ასლან ჭანიძე
ასლან ჭანიძე

ფაქტია, რომ ბოლო ორი წელია ბათუმში მძღოლები არ იცავდნენ საგზაო მოძრაობის წესებს. მე მინახავს გაჩერებული მანქანები ტროტუარებზე, პირდაპირ შუა ქუჩაში… ის, რომ წითელ შუქნიშანზეც კი აღარ ჩერდებოდნენ, ცალმხრივ ქუჩებზე დადიოდნენ ჩვეულებრივ, ესეც არის ფაქტი. ბოლო ორი წელია ქალაქში რეალურად გვქონდა ასეთი სიტუაცია – პატრული სათანადოდ არ რეაგირებდა დარღვევებზე. მხოლოდ სტატისტიკის დადება, რომ ამდენი ნასვამი მძღოლი გამოვავლინე, არ არის ყველაფერი. სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი პარკირება, არასწორი მოძრაობა, ეს ყველაფერი იყო რეალობა და ისიც რეალობაა, რომ საპატრულო ეკიპაჟი ამაზე ხშირად არ რეაგირებდა. შესაბამისად, მძღოლები ბათუმში მიეჩვიენ იმას, რომ დარღვევებზე აღარ აჯარიმებდნენ.

როცა სიტუაცია შეიცვალა, ყველამ დაიწყო მოკითხვა თუ რა ხდებოდა და გაიგეს, რომ პატრულის უფროსი შეცვლილა. შესაბამისად, თანდათან საზოგადოებაში დაიწყო უარყოფითი განწყობის ჩამოყალიბება პატრულში შემოყვანილ „გორის ჯგუფზე“.

სოციალურ ქსელებშიც და ჩვენ გარშემოც ხშირად ამბობდნენ, რომ „გორის ჯგუფი“ განზრახ წერდა მაღალ ჯარიმებს ბათუმელების „ჭკუაზე მოსაყვანად“. ესეც ხომ გსმენიათ?

ეს არის ზერელე შეფასება… როდესაც ავტობუსის გაჩერებაზე აჩერებ მანქანას, ეს არის არასწორი დგომა, მაგრამ ამან შეიძლება მოძრაობის შეფერხებაც გამოიწვიოს, ანუ ეს არ იყოს მხოლოდ არასწორი დგომა.

თუმცა, სამარშრუტო ტაქსების შემთხვევაში ცოტა სხვა მდგომარეობა გვაქვს – მათ უამრავი პრობლემა ექმნებათ. ავიღოთ გორგილაძის ქუჩა, სადაც თითქმის მთელი ქუჩის გასწვრივ პარკინგზე ჩაყენებულია მანქანები. სად უნდა გააჩეროს სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ისე, რომ მოძრაობის წესები არ დაარღვიოს? თუ ხაზი დაუდგინე, მაშინ ამისთვის რაღაც ადგილები უნდა იყოს ხომ, როგორც მუნიციპალური ავტობუსებისთვის არის. შესაბამისად, ეს მძღოლები იძულებულები არიან ტრანსპორტი გააჩერონ შუა ქუჩაში, რათა მგზავრი ჩამოსვან ან მგზავრი აიყვანონ. მე მაქვს კითხვა, რაში გვჭირდება სამარშრუტო ტაქსები, თუ მას ორი კილომეტრის მანძილზე არ შეუძლია კანონიერად გაჩერება? თუ მუნიციპალიტეტმა დაადგინა ეს ხაზე, მაშინ უნდა დაადგინოს სივრცეები.

კიდევ ერთი მაგალითი – სამარშრუტო ტაქსის მძღოლები სისტემატურად და კანონდარღვევით აჩერებენ ტრანსპორტს გადასასვლელზე, რადგან კარგ შემთხვევაში თავისუფალი ადგილი მხოლოდ იქ არის. როდესაც საპატრულო პოლიცია ჩამოივლის და გადასასვლელზე დაგაფიქსირებს, აუცილებლად დაგაჯარიმებს. ამიტომ ზოგიერთს – ტაქსისა და სამრაშრუტო ტქსის მძღოლებს ვგულისხმობ, ხშირად უწევთ მოძრაობის წესების დარღვევა და, შესაბამისად, ხშირად დაჯარიმებაც.

რამდენად რეალისტურია, რომ პატრულის მხრიდან მხოლოდ კანონიერად ქცევას გამოეწვია ქალაქში მსგავსი აგრესია, წელს მოვლენილი ჯგუფის მიმართ?

მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება… თუ ადამიანს ღვედი არ ეკეთა, მაგრამ გადაჭარბებული სიჩქარისთვის დააჯარიმეს, მას სრული უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს და პატრულის თანამშრომლის პასუხისმგებლობა დადგება ძალაუფლების არასწორად გამოყენების ნაწილში. მე როგორც ვიცი სასამართლოში ამის გამო არავის უჩივლია. რას ნიშნავს არაადეკვატური ჯარიმა? ჯარიმები კოდექსით არის დადგენილი, პატრული თავისი შეხედულებით ვერ გამოწერს ჯარიმას. თუ ვინმეს არასწორი პარკირება ჰქონდა, მაგრამ გამოუწერეს ჯარიმა მოძრაობის შეფერხებაზე, ან ავარიული სიტუაციის შექმნაზე, ეგებ მისი არასწორი დგომა ამასაც იწვევდა.

თქვენ მიგაჩნიათ, რომ პატრული ბათუმში მოქმედებს კანონის ფარგლებში. ასევე ამბობთ, რომ სამარშრუტო ტრანსპორტის მძღოლები იძულებულები არიან მოძრაობის წესების დარღვევით გააჩერონ მანქანები, რაც იწვევს ზოგად უწესრიგობას ქალაქში. თუ ეს ასეა, მაშინ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ქალაქში არსებულ ქაოსზე? ვგულისხმობ ტრანსპორტის მოძრაობას.

პირველი, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ ბათუმის მერიას, რადგან არასწორად აგეგმარებს განაშენიანებას: იძლევა სასტუმროებისა და სახლების მშენებლობის ნებართვებს, მაგრამ არ ავალდებულებს მენაშენეებს პარკინგისთვის ადგილის გამოყოფას. მეორე, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, საამისოდ უნდა გამოიყოს ადგილები სამარშრუტო ტაქსებისთვის. ისე როგორც მუნიციპალური ავტობუსებისთვის არის გამოყოფილი.

ქალაქ ბათუმის მერიამ სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა – გამოყოს ტრანსპორტის გასაჩერებელი ადგილები.

იგივე ეხება ტაქსებსაც – გასაჩერებელი ადგილი ქალაქში არც მათთვის არსებობს. არადა, ბათუმში ძალიან ბევრი ტაქსია.

ქალაქ ბათუმის მერიამ იქნებ ახლა მაინც გაითვალისწინოს და ნუღარ გასცემს ისეთ ნებართვებს, რომლებიც პარკინგს არ ითვალისწინებს.

დავუბრუნდეთ ინცინდენტის დღეს – ითქვა, რომ მამა-შვილი 11 მარტს დააჯარიმეს ბათუმი-პლაზასთან და სცემეს კიდეც. [დაკავებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ დაკავებულმა პოლიციელების მხრიდან ცემის ფაქტი არ დაადასტურა]. ქალაქის ამ მონაკვეთში, ზოგჯერ ერთი კილომეტრის მანძილზეც, თითქმის მთელი დღის განმავლობაში არ არსებობს თავისუფალი სივრცე, მაშინ როდესაც ეს ქალაქის ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთია. ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

ბათუმი-პლაზას მიმდებარედ რომ არის ბაზრობა, დიდი სავაჭრო ობიექტი [პლაზას შენობის სარდაფში წესით უნდა იყოს ავტოსადგომი იქაური მცხოვრებლებისთვის, მაგრამ იქაც ასევე სავაჭრო ობიექტია განთავსებული] და სხვა არაერთი დაწესებულება, ამ ქალაქში ყველამ ვიცით. შესაბამისად, თუ ვიცით, რომ არ არის თავისუფალი ადგილი, უნდა გავაჩეროთ ტრანსპორტი იქ, სადაც არის თავისუფალი ადგილი, თუნდაც ერთი კილომეტრის დაშორებით. პირადად მე, როცა ვიცი, რომ პლაზასთან არის გადაჭედილი სიტუაცია, მანქანით არ მივდივარ ან 500 მეტრის მოშორებით ვაჩერებ მანქანას და მივდივარ ფეხით.

ყველა ქართველი თვლის, რომ სამსახურში უნდა მივიდეს მანქანით. ფეხით ორი ნაბიჯის გავლაც კი არ გვსურს. სადაც გინდა, იქ გააჩერო მანქანა, ეს არის ქალაქის მიმართ უპატივცემულობა. იმის თქმა, რა ვქნა პარკინგი არ არის და აბა, სად გავაჩერო, მიუღებელია.

ბათუმში ძალიან ბევრი მანქანაა, შესაბამისად, ყველა მანქანისთვის პარკინგის ადგილს ვერ გამოყოფ.

ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ ერთი რამ, როდესაც მძღოლი იძახის, რა ვქნა, იძულებული ვარ დავარღვიო, მე მაქვს ასეთი კითხვა – პატრულმა რა უნდა გააკეთოს? პატრულმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დარღვევაზე რეაგირება.

ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე ხეების ამოღების გამო ივანიშვილს მიმართავენ

ნინო ინაიშვილი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, არქეოლოგი, პეტრა-ციხისძირის 1983-88, 2001 წლების არქელოგიური ექსპედიციების ხელმძღვანელი

ბატონო ბიძინა,

თქვენთვის შეიძლება ცნობილი არ არის, რომ ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ხეების ამოთხრა, წარმოადგენს არქეოლოგიური მემკვიდრეობის არეალს, რომელსაც ძალიან დიდი მეცნიერული ღირებულება გააჩნია. ამ ტერიტორიაზე გამოვლენილია არქიტექტურული ძეგლები: V-VI საუკუნეების 2 აბანო, სასახლე, ნაეკლესიარი, ძვ.წ. V–I საუკუნეების ვრცელი სამაროვანი და ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ძველკოლხური ნამოსახლარები (ე.წ. დიუნური ნამოსახლარები).

ნინო ინაიშვილი
ნინო ინაიშვილი

ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის გასხვისების წინა ეტაპზე, ჩვენ ვცდილობდით ამ ტერიტორიას მინიჭებოდა არქეოლოგიური დაცვის ზონის სტატუსი (2015 წელი), რადგან ის ნამდვილად იმსახურებდა არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭებას. მაშინ ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ ახალ მეპატრონეს წინასწარ სცოდნოდა ამ ტერიტორიის არქეოლოგიური ღირებულების შესახებ, რათა სიფრთხილე გამოეჩინა მოსალოდნელი მშენებლობის ან რაიმე სახის მიწის სამუშაოების შესრულების დროს.

ვინაიდან ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები პეტრას არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლის განუყოფელი ნაწილია, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რათა მას მიენიჭოს კომპლექსური არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი, რამაც უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტერიტორიის სამართლებრივი დაცვა (კანონის მიხედვით, კომპლექსური ძეგლი – ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობა).

არქეოლოგიურმა გათხრებმა (გასული საუკუნის 80-იანი წლები), რომელსაც პირადად ვხელმძღვანელობდი, დაადასტურა, რომ პეტრას ნაქალაქარი გაშენებული იყო პეტრას ციხის ჩრდილოეთით, დღევანდელი ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე [დღეს ეს ქონება საპატრიარქოს საკუთრებაა]. ამჟამად ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დენდროლოგიური პარკისთვის ხეების ამოღება-გადატანის პროცესი, რომელიც ძალიან მასშტაბური მოცულობის მიწის სამუშაოებს უკავშირდება (სიღრმე – 3 მ, რადიუსი – 30-დან 50 მეტრამდე). ეს აუცილებლად გამოიწვევს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გამოუვლენელი არქეოლოგიური ობიექტების განადგურებას (კულტურული ფენის სიღრმე დაახლოებით 3 მეტრია) და ასევე ძალიან დიდი საფრთხის შემცველია უკვე გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტებისთვის.

კერძოდ, ერთ-ერთ ხეს იღებენ 1988 წელს აღმოჩენილი სასახლის (რომლის კომპლექსში შედიოდა საცხოვრებელი სათავსები, ეკლესია, აბანო, აუზები, კოლექტორი, მარანი და რომლის ზოგიერთი სათავსო მოზაიკითა და მარმარილოს ფილებით იყო მოპირკეთებული) მახლობლად.

ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მემკვიდრეობის მეცნიერული ღირებულება ძალიან დიდია და არა მხოლოდ საქართველოს არქეოლოგიისთვის. ზოგადად, არაგანახლებადი კულტურული მემკვდრეობა, განსაკუთრებით საუკუნეების სიღრმიდან მოღწეული არქეოლოგიური მემკვიდრეობა მსოფლიო მემკვიდრეობის უძვირფასეს ნაწილად განიხილება და კონვენციის ხელმომწერი ქვეყნებისგან ითხოვს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას (არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ქარტია).

ამასთან, პეტრას არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის  განსაკუთრებული ტურისტული მნიშვნელობის არქეოლოგიური რესურსია, ვინაიდან მხოლოდ ამ ტერიტორიაზეა შემორჩენილი ასეთი სიძველის არქიტექტურული მემკვიდრეობის ნაშთები.

იმ ტიპის მიწის სამუშაოები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიაზე გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს პეტრა-ციხისძირის არქეოლოგიური მემკვიდრეობის მთლიანობას, იმას, რომელიც ჯერ კიდევ გამომზეურებას ელოდება და იმ ძეგლების კვალსაც სამუდამოდ წაშლის, რომლის ნაშთებიც უკვე გამოვლენილია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება და შეაჩეროთ ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე ხეების ამოღებისა და გადატანის პროცესი.

ჰოსპიტლის დირექტორი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი, ისმეთ დინდარი სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის მიმართავს. ის ყოფილ დირექტორებს სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვაში ადანაშაულებს.

„სასამართლოსგან უფლებაშეჩერებული დირექტორები არ ემორჩილებიან სასამართლოს ძალაში შესულ კანონიერ განჩინებას, რითაც აკრძალული აქვთ კომპანიის მიმდინარე საქმიანობაში, მათ შორის, შრომით საქმიანობაში ჩარევის უფლება. როგორც თავად დასაქმებულებიდან გამოდის ინფორმაცია, ი. თოქმანი და მ.ასლანჯა ფარულ შეხვედრას მართავენ რამდენიმე წამყვან ექიმთან და ცდილობენ სამედიცინო დაწესებულებაში სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას. პროკლამაციების მეშვეობით ხდება მოწოდება, რომ დასაქმებულები არ დაემორჩილონ მოქმედ დირექტორს,“ – აღნიშნავს ისმეთ დინდარი.

საერთაშორისო ჰოსპიტლის დამფუძნებლებს შორის დაპირისპირება გასულ წელს დაიწყო. სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება. წელს, 3 მარტს, ჰოსპიტლის რამდენიმე ექიმმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების გაუარესება გააპროტესტა. 6 მარტს ჰოსპიტლის დირექტორმა ხელისუფლებას მიმართა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდა, არ ჩარეულიყო საავადმყოფოს შიგნით მიმდინარე პროცესებში. 10 მარტს ჰოსპიტლიდან რამდენიმე ექიმი დაითხოვეს.

სამედიცინო პერსონალიდან რამდენთან შეაჩერა ხელშეკრულება სამედიცინო ჰოსპიტალმა? – კითხვაზე დღეს, 13 მარტს, ვერ გვიპასუხა ჰოსპიტლის იურისტმა, ლევან სიამაშვილმა. მისი თქმით, ამ დრომდე გრძელდება მოლაპარაკების პროცესი და ზუსტი ციფრის დასახელება არ შეუძლია.

 

 

აქციის შემდეგ 65 პირი დააკავეს – სახალხო დამცველის მონაცემები

სახალხო დამცველის წარმომადგენლები ბათუმში საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებული მოქალაქეების მონახულებას განაგრძობენ. მათი მონაცემებით, დაკავებული იყო 65 ადამიანი და არა 40, რაზეც აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია.

„სამი პირი დაკავების დროს ძალადობის გამოყენების შესახებ საუბრობს. მათ შესახებ ჩანაწერებს პოლიციის განყოფილებაში შეყვანის, ან გაწერის დროს არ გავცნობივართ. მონიტორინგი ამ კუთხით გრძელდება,“- გვითხრა ციალა ქათამიძემ, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა.

მისი თქმით, მონაცემები ცვალებადია და  ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში. ომბუდსმენის წარმომადგენლები დღეს იმ პოლიციელების მონახულებასაც აპირებენ, რომლებმაც აქციის ღამეს დაზიანებები მიიღეს.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციის შემდეგ სხვადასხვა კლინიკაში სულ 34 ადამიანი მოხვდა, მათ შორის, 15 პოლიციელი. ამ დროისთვის ისინი საავადმყოფოში მკურნალობას აღარ გადიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აზუსტებს, რამდენი ადამიანი დააკავეს 11 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებიდან შვიდს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთი მონაწილე 250 ლარით დააჯარიმა, ხოლო ერთი – გააფრთხილა. სხვა საქმეებით, მათ შორის, სისხლის სამართლის კუთხით, პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.

ჯუმბერ თავართქილაძე: არ მგონია, მერაბ ღოღობერიძეს ჰქონდეს ამდენი ხალხის შეკრების ძალა

13 მარტს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საქართველოს ერთიანი კავშირის“ კოორდინატორმა ჯუმბერ თავართქილაძემ  ბათუმის 11 მარტის საპროტესტო აქციის თემაზე ბრიფინგი გამართა:

„11 მარტს დატრიალებული ტრაგედია უნდა გაიყოს ორ ნაწილად. ის, რომ პლაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საზოგადოება შეიკრიბა, იყო საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკური კურსით გამოწვეული ბრაზი, საპროტესტო აქციის მეორე ნაწილი კი (რაც პოლიციის სამმართველოსთან მოხდა), იყო ბათუმის მოძულეთაგან გაკეთებული აქცია, კარგად ორგანიზებული სუსისა და  ნაციონალური მოძრაობის მიერ. საინტერესოა, რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ ამის პრევენცია”, – განაცხადა ჯუმბერ თავართქილაძემ.

ჟურნალისტების კითხვას, საპროტესტო აქციის ორგანიზებაში მერაბ ღოღობერიძის ჩართულობასთან დაკავშირებით, ჯუმბერ თავართქილაძემ ასე უპასუხა: “მე ვერ ვხედავ მერაბ ღოღობერიძეს ამ მოვლენებში დამნაშავედ, არ მგონია, რომ მერაბ ღოღობერიძეს ჰქონოდა ის ძალა, რომ ამდენი ხალხი შეეკრიბა”.

 

 

ბიზნესმენების სარჩელი პარლამენტის და ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ

“ნახეთ, აბა, ბოთლებზე,თქვენს მაგიდაზე რაც დევს, აღმოაჩენთ თუ არა მარკირების ნიშანს,”- მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას მოსარჩელე კომპანიების ინტერესების დამცველმა. სასამართლო განიხილავს არის თუ არა არააქციზური პროდუქტისთვის მარკირების გადასახადის დაწესება კონსტიტუციური.

კომპანიები: “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია”, “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი”, “წყალი მარგებელი” და “კასტელ ჯორჯია” საგადასახადო კოდექსის, ასევე ფინანსთა მინისტრის ბრძანების მიხედვით დადგენილ “სავალდებულო მარკირებას” აპროტესტებენ. ეს წესი გასული წლის იანვრიდან ამოქმედდა.

მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს იმასაც, რომ სახელმწიფომ გადაწყვეტილება ფინანსური დასაბუთების გარეშე მიიღო. კომპანიების წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესზე თქვეს, რომ ამ კუთხით გადასახადის რაოდენობა წლის განმავლობაში მილიონ ლარს აღწევს.

კომპანიების აზრით, “სავალდებულო მარკირება” არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას, ასევე აფერხებს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს არსებითად განიხილა.

ზურაბ პატარაძე საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა

დღეს 12 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შეტანილი წვლილისათვის ელჩს მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო.

ზურაბ პატარაძემ და მარიუშ მაშკიევიჩმა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულების, კერძოდ, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზეც ისაუბრეს. ჩატარდება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმებიც, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციებისა და ტურისტების მოზიდვას რეგიონში“.

მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა აჭარაში პოლონეთიდან შემოსული ტურისტების ზრდა, რაც ბოლო წლებში ევროპულ ქვეყნებში საქართველოს, კერძოდ, აჭარა-ბათუმის ტურისტული მიმართულების პოპულარობამ განაპირობა.

„პოლონეთი აჭარის რეგიონისთვის საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ბაზარია ევროპაში. გარდა ამისა, ვისაუბრეთ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესახებ. ასევე განვიხილეთ პროექტები, რომლებიც სამომავლოდ საინტერესო შეიძლება იყოს პოლონური კომპანიებისთვის. ძალიან ვაფასებთ პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო კურსს საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის პროცესში“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე მხარეებს შორის განხილულ იქნა ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთის, ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლასთან და ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლასთან და ახორციელებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებებისათვის გაცვლით პროგრამებს.

„დაიგეგმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება. ასევე საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში ურთიერთობების გააქტიურებას, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს და პრაქტიკულ თანამშრომლობას.

მარიუშ მაშკევიჩი საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას დეკემბრიდან დაიკავებს.

ქართველმა ახალგაზრდამ შშმ პირებისთვის ინოვაციური ეტლი შექმნა

დემირელის კოლეჯის მოსწავლე კარლო ხუციშვილი საზოგადოებას კიდევ ერთ ინოვაციურ გამოგონებას სთავაზობს. Non stop – ასე ეწოდება მოდერნიზირებულ ეტლს, რომელიც მეთორმეტეკლასელმა ინოვატორმა შექმნა.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლე უკვე არაერთი პროექტის ავტორია. ახალგაზრდა გამომგონებელი უკვე სამჯერ იყო მილენიუმის გამომგონებელთა პროექტის ფინალისტი. მის სხვადასხვა გამარჯვებებსა და წარმატებებს  შორისაა: ნასაში მოგზაურობა, წლის ინოვატორის ტიტული, IYIPO-ს ოქროს მედალი, პირველი ადგილის ათასწლეულის გამომგონებელთა კონკურსში და სხვა მრავალი აღიარება.

წელს კარლომ ახალი პროექტი თავის მეგობრებთან, ეტლით მოსარგებლე ახალგაზრდებთან ერთად შექმნა და მილენიუმის გამომგონებელთა პროექტის ფინალშიც მოხვდნენ. პროექტი Non Stop – შშმ პეტლების უსაზღვრო შესაძლებლობების სრულიად ახალი მოდელია. მასზე კარლომ ნინო აბელაშვილთან ერთად იმუშავა. ახალტექნოლოგიური გამოგონება ეტლით მოსარგებლეთათვისაა შექმნილი, რომლის საშუალებითაც შშმ პირები ფაქტობრივად “შეუჩერებლად” დაბრკოლებების სწრაფი გადალახვით შეძლებენ გადაადგილებას და დანიშნულების ადგილის მიღწევას.

ახალი გამოგონების საშუალებით, შესაძლებელია ეტლით მოსარგებლისთვის უსაფრთხო გადაადგილება სხვისი დახმარების გარეშე. იგი იძლევა გზის კონტროლის და ეტლის ამინდის შესაბამისად ადაპტირების საშუალებასაც. ამასთან, აღნიშნული პროექტით შეიძლება ეტლის მორგება ხელის მტევნის პრობლემის მქონე, ეტლით მოსარგებლე პირებზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სპეციალური პროგრამადა GPS აგვარებს პარკირების პრობლემას.

ახალგაზრდების პროექტისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია  და გამომგონებლების შემდგომი ეტაპი, ინოვაციური ეტლის მაქსიმალურად დახვეწა, გაუმჯობესება და ბიზნეს პარტნიორის მოძიებაა.

აშშ ელჩთან შეხვედრის დროს
აშშ ელჩთან შეხვედრის დროს

ენმ: თუ ხელისუფლება არ გამოიძიებს მომხდარს, ნიშნავს რომ დესტაბილიზაციის შექმნა სურდა

დღეს 13  მარტს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარაში, ლევან ვარშალომიძემ და ელგუჯა ბაგრატიონმა ჟურნალისტებთან განაცხადეს რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემიჯნება 12 მარტს  ბათუმში განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს რომ თუკი ხელისუფლება არ გამოიძიებს  ვანდალური აქციის დამკვეთებს და შემსრულებლებს, „ეს იმას ნიშნავს რომ დესტაბილიზაციის შექმნა ხელისუფლებას სურდა“.

„ჩვენი პარტია მართავდა აქციებს და კიდევ გამართავს, მაგრამ კმარა გადმობრალების რეჟიმში ქვეყნის მართვა, ამჯერად ეს არ გამოუვა ხელისუფლებას. უმჯობესია თუკი  ხელისუფლება   რეგიონის დაზიანებული იმიჯის აღდგენაზე იზრუნებს, რადგან  აჭარისთვის მთავარია ტურიზმი და მისი განვითარება“- ამბობს ლევან ვარშალომიძე.

მისი განცხადებით, ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებამ,  ქვეყანაში ერთ-ერთ ავტორიტეტულ ინსტიტუტს, – პოლიციასაც დაუკარგა ხალხის ნდობა.

„ჩვენ ამ ფაქტით შეურაცხყოფილები ვართ.  ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ვანდალური აქტი და მკვეთრად  დასაჯაროს როგორც შემსრულებლები, ასევე დამკვეთები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სურს აჭარაში დესტაბილიზაციის შექმნა“.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, 12 მარტს საპროტესტო აქცია სპონტანურად დაიწყო და შემდეგ მოხდა მისი პროვოცირება.

„აქციაზე იყო ყველა პარტიის წარმომადგენელი, მათ შორის „ქართული ოცნების“. აქცია იყო სუს-ის მიერ ორგანიზებული.  ჩვენ ვიყავით მედიატორი, რომ ადამიანების მოთხოვნა მიგვეტანა ხელისუფლებასთან“-ამბობს ის.

12 მარტს საპროტესტო აქცია, პატრულის მიერ მოქალაქეების დაჯარიმების ფაქტზე დაიწყო, მოგვიანებით კი პროცესები უმართავი გახდა.  საპროტესტო აქცია სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენის შემდეგ დაიშალა.

ჯარიმა და გაფრთხილება ბათუმის აქციის კიდევ ორ მონაწილეს

ბათუმის აქციაზე 12 მარტს დაკავებული 3 პირის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს განიხილა. ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია. მას დახურულ სხდომაზე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ გაფრთხილება მისცა.

ამავე მოსამართლემ დღეს ავთანდილ როინიძისა და ზურაბ ნოღაიდელის საქმე განიხილა. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიჩნეულებმა მოსამართლეს უთხრეს, რომ ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობენ და ორივე მათგანი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაში მუშაობს. მოსამართლის კითხვას: რას საქმიანობთ? ავთანდილ როინიძემ უპასუხა: “ხეების გადატანა-გადმოტანით ვართ დაკავებული”.

“ისინი იმყოფებოდნენ ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში და გვაგინებდნენ პოლიციელებს. ორივე ნასვამი იყო”, – მიმართა მოსამართლეს პოლიციელმა, ზურაბ აბულაძემ.

“მე პოლიციელები არ მიგინებია. მხოლოდ გორელი პოლიციის უფროსის მისამართით შევიგინე იმის გამო, რაც იქ ხდებოდა…”- თქვა ავთანდილ რიონიძემ.

“მე საერთოდ არაფერი მახსოვს, ძალიან ნასვამი ვიყავი,”- უთხრა მოსამართლეს ზურაბ ნოღაიდელმა.

მოსამართლემ პოლიციელს ჰკითხა, რა მტკიცებულებები არსებობდა ზურაბის წინააღმდეგ. პოლიციელმა თქვა, რომ სხვა პოლიციელებმა დააფიქსირეს სამართალდარღვევა და მას კონკრეტულად არაფრის თქმა არ შეეძლო.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 250 ლარით დააჯარიმა ავთანდილ რიონიძე, ხოლო ზურაბ ნოღაიდელის მიმართ მიიჩნია, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.

“კარგი იქნება, თუ იმდენს არ დალევთ, რომ გაითიშოთ…”- დაამატა მოსამართლემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ.

მანამდე მოსამართლემ დაკავებულებს ასევე აუხსნა, რას გულისხმობდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. “ამას გვასწავლიან ოჯახში, საზოგადოებაში. კანონის რეგულირება წესით არც უნდა სჭირდებოდეს ამას,” – აღნიშნა მოსამართლემ.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულები წარსულში ნასამართლევი არ ყოფილან. გუშინ, 12 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებულ 7 პირს 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

კიდევ 6 შემთხვევას ბათუმის სასამართლო 14 და 20 მარტს განიხილავს. სხვა დაკავებულების საქმეები პროკურატურას ჯერ არ წარმოუდგენია. წინასწარი მონაცემებით, საპროტესტო აქციის შემდეგ, ბათუმში დაახლოებით 40 პირი დააკავეს.

ბათუმის მერი: აქციის შედეგად ქალაქს 150 000 ლარის ზარალი მიადგა

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შედეგად, ქალაქს 150 ათას ლარზე მეტი ინფრასტრუქტურული ზარალი მიადგა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, მერის თქმით, განადგურებულია 7 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, „აქედან ორი ავტომანქანა არის კერძო პირის საკუთრება, ერთი აჭარის უმაღლესი საბჭოს და დანარჩენი ავტომანქანები ეკუთვნის შს სამინისტროს“.

დამწვარი ავტომობილები გადატანილია შს სამმართველოს ტერიტორიაზე.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ ზიანს, მერის თქმით, დაახლოებით 7 ნაგვის კონტეინერი დაზიანდა, რომლებიც გამოცვალეს. „ასევე დაზიანებულია 25-მდე ე.წ. ჭკვიანი  შუქნიშანი, რომლებიც ძვირადღირებულია. აქედან 4  საავტომობილო შუქნიშანია, 8 კი – საქვეითო. ამ შუქნიშნების აღდგენისთვის დაახლოებით 120 ათასი ლარი გვაქვს გათვალისწინებული.

აღდგენილია ტროტუარები და ქუჩის გამყოფი ზოლი. 115 გრძივი გზაგამყოფი გვაქვს იმ მონაკვეთში, სადაც  აქცია მიმდინარეობდა, ზოგიერთი გზაგამყოფი ისეა დაზიანებული, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია“.

ერმაკოვის განცხადებით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი ზარალი ბათუმის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება თუ აჭარის ბიუჯეტიდან. „სამთავრობო კომისიას ვთხოვთ თანხის გამოყოფას თუ ჩვენ აღვადგებთ, ამას დეტალურად გავივლით,“-ამბობს მერი.

საპროტესტო აქცია გუშინ საღამოს დაიწყო და 12 საათს გასტანა.

დიდი და მცირე სცენის დაკარგვა-გადამალვის რისკები ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიაში არსებობს „საჯარო ფინანსებით შექმნილი ქონების დაკარგვის, დაზიანების, გადამალვის ან/და შემცირების რისკები“, – ამ დასკვნამდე სახელმწიფო აუდიტი, კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ფაქტიდან გამომდინარე მივიდა, რომ ბათუმის მერიამ სრულად არ შეასრულა საკრებულოს განკარგულება.

საკრებულოს 2014 წლის განკარგულებით, მერიის ა(ა)იპ „ბათუმის სცენის“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი 2 445 554 ლარის ღირებულების ქონება საკუთრებაში გადაეცემოდა, ასევე მერიის კუთვნილ ა(ა)იპ-ს „ბთუმის კულტურის ცენტრს“. ქონების გადაცემაზე უნდა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი.

„…საკრებულოს განკარგულების გამოცემიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ისე რომ არ გაუფორმებიათ მიღება-ჩაბარების აქტი, აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი – ა(ა)იპ „ბათუმის სცენის“ დირექტორი [ბათუმის მერის ბრძანებით] გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მიუხედავად „კულტურის ცენტრის“ რამდენიმე მოთხოვნისა, ბათუმის მერიის მიერ არ მომხდარა ახალი უფლებამოსილი პირის განსაზღვრა,“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

წერილი 18933–25„უფლებამოსილი პირის განსაზღვრის“ ნაცვლად, ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა ბათუმის კულტურის ცენტრს მიწერა: „იმის გათვალისწინებით, რომ ქონება ფაქტობრივად იმყოფება „ბათუმის კულტურის ცენტრის“ მფლობელობაში, ამ ქონების ბალანსზე აყვანა შესაძლებელია კულტურის ცენტრის მიერ შესაბამისი აქტის [ცალმხრივი] გამოცემის გზით“.

აუდიტის მასალების მიხედვით, ბათუმის კულტურის ცენტრის 2016 წლის მარტის ბრძანებით, 2 445 554 ლარის მოძრავი ქონებიდან, ცენტრის საკუთრებაში აღირიცხა მხოლოდ 1 564 869 ლარის ნარჩენი ღირებულების მოძრავი ქონება [დიდი და მცირე სცენა].

 

წერილი 126_Page_01კულტურის ცენტრის ამავე ბრძანებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ქონება, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ასევე ქონება, რომელიც პრაქტიკულად არსებობდა, მაგრამ არ იყო შეტანილი შესაბამის მონაცემებში [ქონების ჩამონათვალში], საჭიროებდა დამატებით შესწავლას.

ბათუმის კულტურის ცენტრის 2016 წლის აპრილის წერილით, ზემოაღნიშნულის თაობაზე ეცნობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას.

ბათუმის კულტურის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ მიმართვასთან დაკავშირებით მათ აჭარის პროკურატურიდან პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

„ბათუმელებმა“ კომენტარი მერიისგან ვერ მიიღო. ქალაქის მერიიდან კომენტარის მისაღებად ისევ „კულტურის ცენტრში“ გადაგვამისამართეს.

აუდიტის რეკომენდაციით:

  • ბათუმის მერიამ „უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა შეიმუშაოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების დაკარგვის, დაზიანების, გადამალვის ან/და შემცირების რისკების მინიმიზაციას“.
  • ბათუმის კულტურის ცენტრმა კი, ქონება, რომელიც პრაქტიკულად არსებობდა, მაგრამ არ იყო შეტანილი მონაცემებში, უნდა აღრიცხოს ბათუმის კულტურის ცენტრის ბალანსზე.

რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, აღნიშნული ქონების ბალანსზე ასაყვანად მიმდინარეობს მუშაობა. „დასადგენია ამ ქონების ღირებულება, მოვიწვევთ აუდიტს და შემდეგ ავიყვანთ ბალანსზე“, – განაცხადა ბათუმის კულტურის ცენტრის ფინანსურმა მენეჯერმა, დათო დიასამიძემ.

მერიისგან მიღებულ დოკუმენტებში დაფიქსირებული, მაგრამ არარსებული ქონების ბედი დღემდე გაურკვეველია. „ველოდებით რეაგირებას პროკურატურისგან და მერიისგანაც“, – გვითხრეს კულტურის ცენტრში.

ბათუმის მერიის მიერ შეძენილი ქონება, რომელიც კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ფაქტობრივად აღარ არსებობს და რომლის ბედიც გასარკვევია: 

წერილი 126 +++_Page_1წერილი 126 +++_Page_2წერილი 126 +++_Page_3

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მხოლოდ ერთი პროექტის – „ბათუმი ჰიტ სეზონი 2015“-ის ფარგლებში:

✔ ბათუმის კულტურის ცენტრსა და შპს „თბილისის ივენთ ჰოლს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების პირობების გაუთვალისწინებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზედმეტად არის გადახდილი 29 177 ლარი;

✔ ბათუმის ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე, ღონისძიებების ჩატარების დროს, დაცვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არამიზნობრივად არის გაწეული 19 200 ლარის ხარჯი;

✔ ბათუმის კულტურის ცენტრის დროებით სარგებლობაში მყოფ, ბათუმის კორტების ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა ღია ბარები (კაფეები) და განთავსებული იყო სარეკლამო ხასიათის ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული საქმიანობით ბათუმის კულტურის ცენტრს შემოსავლები არ მიუღია;

✔ ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ, „ბათუმი ჰიტ სეზონი 2015“ პროექტის ფარგლებში, შესყიდული იქნა ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ტერიტორიაზე სცენის მოწყობის VIP ზონებისათვის გადახურვით, სალაროს ჯიხურის მოწყობისა და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფის მომსახურება, რომლის შესყიდვის მიზანშეწონილობა არ არის საკმარისად დასაბუთებული;

✔ ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ, ბაზრის კვლევის გარეშე, გაფორმებულია 2 641 321 ლარის ღირებულების 55 ერთეული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;

✔ ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გაფორმებული 84 250 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები არ იძლევა გასაწევი მომსახურების შინაარსის სრული იდენტიფიცირების საშუალებას, არ მოიცავს მისაწოდებელ საკონცერტო პროგრამას და მის ხანგრძლივობას;

✔ ბათუმის კულტურის ცენტრს ჰქონდა შესაძლებლობა ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ტერიტორიაზე დაგეგმილი საკონცერტო ღონისძიებების სცენის მომსახურების სრული თუ არა, მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც განეხორცილებინა საკუთარი რესურსებით და ამ გზით გაეწია ნაკლები საბიუჯეტო ხარჯი;

✔ ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ, ბილეთების ელექტრონული გაყიდვის მომსახურების შესყიდვაზე, მომსახურების ბაზარზე არსებული ფასების გაუთვალისწინებლად, გადახდილია შესაძლო ღირებულებაზე არანაკლებ 7 650 ლარით მეტი.

ბათუმის კულტურის ცენტრში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ისინი სახელმწიფო აუდიტის გარკველ რეკომენდაციებს ეთანხმებიან და ითვალისწინებენ, რაც შეეხება ზემოაღნიშნულ საკითხებს, ისინი უმეტეს შემთხვევაში არ ეთანხმებიან აუდიტის დასკვნას და შესაბამისი წერილი გაგზავნილი აქვთ, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ასევე ბათუმის მერიაში.

Exit mobile version