მთავარი,სიახლეები

დიდი და მცირე სცენის დაკარგვა-გადამალვის რისკები ბათუმის მერიაში

13.03.2017 • 4474
დიდი და მცირე სცენის დაკარგვა-გადამალვის რისკები ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიაში არსებობს „საჯარო ფინანსებით შექმნილი ქონების დაკარგვის, დაზიანების, გადამალვის ან/და შემცირების რისკები“, – ამ დასკვნამდე სახელმწიფო აუდიტი, კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ფაქტიდან გამომდინარე მივიდა, რომ ბათუმის მერიამ სრულად არ შეასრულა საკრებულოს განკარგულება.

საკრებულოს 2014 წლის განკარგულებით, მერიის ა(ა)იპ „ბათუმის სცენის“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი 2 445 554 ლარის ღირებულების ქონება საკუთრებაში გადაეცემოდა, ასევე მერიის კუთვნილ ა(ა)იპ-ს „ბთუმის კულტურის ცენტრს“. ქონების გადაცემაზე უნდა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი.

„…საკრებულოს განკარგულების გამოცემიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ისე რომ არ გაუფორმებიათ მიღება-ჩაბარების აქტი, აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი – ა(ა)იპ „ბათუმის სცენის“ დირექტორი [ბათუმის მერის ბრძანებით] გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მიუხედავად „კულტურის ცენტრის“ რამდენიმე მოთხოვნისა, ბათუმის მერიის მიერ არ მომხდარა ახალი უფლებამოსილი პირის განსაზღვრა,“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

წერილი 18933–25„უფლებამოსილი პირის განსაზღვრის“ ნაცვლად, ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა ბათუმის კულტურის ცენტრს მიწერა: „იმის გათვალისწინებით, რომ ქონება ფაქტობრივად იმყოფება „ბათუმის კულტურის ცენტრის“ მფლობელობაში, ამ ქონების ბალანსზე აყვანა შესაძლებელია კულტურის ცენტრის მიერ შესაბამისი აქტის [ცალმხრივი] გამოცემის გზით“.

აუდიტის მასალების მიხედვით, ბათუმის კულტურის ცენტრის 2016 წლის მარტის ბრძანებით, 2 445 554 ლარის მოძრავი ქონებიდან, ცენტრის საკუთრებაში აღირიცხა მხოლოდ 1 564 869 ლარის ნარჩენი ღირებულების მოძრავი ქონება [დიდი და მცირე სცენა].

 

წერილი 126_Page_01კულტურის ცენტრის ამავე ბრძანებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ქონება, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ასევე ქონება, რომელიც პრაქტიკულად არსებობდა, მაგრამ არ იყო შეტანილი შესაბამის მონაცემებში [ქონების ჩამონათვალში], საჭიროებდა დამატებით შესწავლას.

ბათუმის კულტურის ცენტრის 2016 წლის აპრილის წერილით, ზემოაღნიშნულის თაობაზე ეცნობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას.

ბათუმის კულტურის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ მიმართვასთან დაკავშირებით მათ აჭარის პროკურატურიდან პასუხი დღემდე არ მიუღიათ.

„ბათუმელებმა“ კომენტარი მერიისგან ვერ მიიღო. ქალაქის მერიიდან კომენტარის მისაღებად ისევ „კულტურის ცენტრში“ გადაგვამისამართეს.

აუდიტის რეკომენდაციით:

  • ბათუმის მერიამ „უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა შეიმუშაოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების დაკარგვის, დაზიანების, გადამალვის ან/და შემცირების რისკების მინიმიზაციას“.
  • ბათუმის კულტურის ცენტრმა კი, ქონება, რომელიც პრაქტიკულად არსებობდა, მაგრამ არ იყო შეტანილი მონაცემებში, უნდა აღრიცხოს ბათუმის კულტურის ცენტრის ბალანსზე.

რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, აღნიშნული ქონების ბალანსზე ასაყვანად მიმდინარეობს მუშაობა. „დასადგენია ამ ქონების ღირებულება, მოვიწვევთ აუდიტს და შემდეგ ავიყვანთ ბალანსზე“, – განაცხადა ბათუმის კულტურის ცენტრის ფინანსურმა მენეჯერმა, დათო დიასამიძემ.

მერიისგან მიღებულ დოკუმენტებში დაფიქსირებული, მაგრამ არარსებული ქონების ბედი დღემდე გაურკვეველია. „ველოდებით რეაგირებას პროკურატურისგან და მერიისგანაც“, – გვითხრეს კულტურის ცენტრში.

ბათუმის მერიის მიერ შეძენილი ქონება, რომელიც კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ფაქტობრივად აღარ არსებობს და რომლის ბედიც გასარკვევია: 

წერილი 126 +++_Page_1წერილი 126 +++_Page_2წერილი 126 +++_Page_3

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მხოლოდ ერთი პროექტის – „ბათუმი ჰიტ სეზონი 2015“-ის ფარგლებში:

✔ ბათუმის კულტურის ცენტრსა და შპს „თბილისის ივენთ ჰოლს“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ხელშეკრულების პირობების გაუთვალისწინებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზედმეტად არის გადახდილი 29 177 ლარი;

✔ ბათუმის ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე, ღონისძიებების ჩატარების დროს, დაცვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე, ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, არამიზნობრივად არის გაწეული 19 200 ლარის ხარჯი;

✔ ბათუმის კულტურის ცენტრის დროებით სარგებლობაში მყოფ, ბათუმის კორტების ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა ღია ბარები (კაფეები) და განთავსებული იყო სარეკლამო ხასიათის ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული საქმიანობით ბათუმის კულტურის ცენტრს შემოსავლები არ მიუღია;

✔ ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ, „ბათუმი ჰიტ სეზონი 2015“ პროექტის ფარგლებში, შესყიდული იქნა ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ტერიტორიაზე სცენის მოწყობის VIP ზონებისათვის გადახურვით, სალაროს ჯიხურის მოწყობისა და შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფის მომსახურება, რომლის შესყიდვის მიზანშეწონილობა არ არის საკმარისად დასაბუთებული;

✔ ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ, ბაზრის კვლევის გარეშე, გაფორმებულია 2 641 321 ლარის ღირებულების 55 ერთეული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;

✔ ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გაფორმებული 84 250 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები არ იძლევა გასაწევი მომსახურების შინაარსის სრული იდენტიფიცირების საშუალებას, არ მოიცავს მისაწოდებელ საკონცერტო პროგრამას და მის ხანგრძლივობას;

✔ ბათუმის კულტურის ცენტრს ჰქონდა შესაძლებლობა ბათუმის ჩოგბურთის კლუბის ტერიტორიაზე დაგეგმილი საკონცერტო ღონისძიებების სცენის მომსახურების სრული თუ არა, მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც განეხორცილებინა საკუთარი რესურსებით და ამ გზით გაეწია ნაკლები საბიუჯეტო ხარჯი;

✔ ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ, ბილეთების ელექტრონული გაყიდვის მომსახურების შესყიდვაზე, მომსახურების ბაზარზე არსებული ფასების გაუთვალისწინებლად, გადახდილია შესაძლო ღირებულებაზე არანაკლებ 7 650 ლარით მეტი.

ბათუმის კულტურის ცენტრში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ისინი სახელმწიფო აუდიტის გარკველ რეკომენდაციებს ეთანხმებიან და ითვალისწინებენ, რაც შეეხება ზემოაღნიშნულ საკითხებს, ისინი უმეტეს შემთხვევაში არ ეთანხმებიან აუდიტის დასკვნას და შესაბამისი წერილი გაგზავნილი აქვთ, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ასევე ბათუმის მერიაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: