Batumelebi | აქციის მონაწილე: პირველად ჩამოვედი ბათუმში აქციის დღეს აქციის მონაწილე: პირველად ჩამოვედი ბათუმში აქციის დღეს – Batumelebi
RU | GE  

აქციის მონაწილე: პირველად ჩამოვედი ბათუმში აქციის დღეს

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი ბათუმის საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებული სამი პირის – გიორგი ბადრიშვილის, გურამ ჩიკვაიძისა და ირაკლი ჯიბლაძის საქმეს განიხილავს. 12 მარტს, დილით, პირველად სწორედ მათი საქმეები წარმოადგინა პროკურატურამ სასამართლოში. საქმის განხილვა მტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით დღეისთვის, 14 მარტისთვის გადაიდო.

განხილვა დღეს კიდევ ერთხელ გადაიდო, რადგან სამივე დაკავებული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ან პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას უარყოფს. პოლიციელებმა დღეს დამატებითი მტკიცებულების სახით მხოლოდ ერთ-ერთი დაკავებულის შესახებ პირადი ინფორმაციის წარმოდგენა შეძლეს. 

ჩანაწერი სხდომათა დარბაზიდან:

გიორგი ბადრიშვილი: „ტაქსზე ვმუშაობ  თბილისში, იქ ვცხოვრობ. ბოლო დღეებში ოზურგეთში ვმუშაობდი თხილის ბაღში… ბათუმში 11 მარტს პირველად მოვხვდი. ქუჩებიც არ ვიცი. იმ დღეს მთხოვა იმ კაცმა, ვისთანაც ვიყავი, ნათესავი დავინახე აქციაზე და უნდა ვნახოო. ძლივს მივედით აქციის ადგილზე, ქუჩები არ ვიცი. არავინ არ მიგინებია მე“.

ირაკლი ჯიბლაძე: „ლერმონტოვზე ვცხოვრობ. დილით ადრე გამოვედი ბინიდან, რადგან ხელვაჩაურში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ვმუშაობ. პუშკინისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთასთან დამხვდნენ პოლიციელები და მცემეს. ახლაც მიჭირს სიარული, დაჟეჟილი ვარ. იქვეა კამერები, ამოიღეთ ჩანაწერები და ნახეთ. აქციაზე საერთოდ არ ვყოფილვარ“.

გურამ ჩიკვაიძე: „ბათუმში, ერთ-ერთ თავშესაფარში ვცხოვრობ უკვე 15 დღეა. ისე ქედიდან ვარ. ბათუმში მშენებლობაზე ვმუშაობ. იმ დღეს სასადილოში შევიარე საღამოს და ტელევიზორიდან გავიგე აქციააო. დამაინტერესა და მივედი. არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია მე, არც ქვაზე მომიკიდია ხელი…“

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა პოლიციელს, ბესიკ ნაკაშიძეს ჰკითხა, მის გარდა ვინ დაადასტურებდა, რომ, მაგალითად, ირაკლი ჯიბლაძე ნამდვილად იმყოფებოდა აქციაზე და მან პოლიციელები შეურაცხყო.

კითხვის პასუხად პოლიციელმა მეწყვილე დაასახელა, ვინც სავარაუდოდ მორიგ სხდომაზე მოწმის სახით მისცემს სასამართლოს ჩვენებას.

მოსამართლემ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულებსაც განუმარტა, რომ მათაც შეუძლიათ მტკიცებულებების წარმოდგენა, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებისა და მოწმეების.

დღეს, 14 მარტს, მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ, ასევე მტკიცებულებების წარმოდგენის საფუძვლით გადადო რამაზ ხიმშიაშვილისა და ჯიმი ვარშანიძის საქმეების განხილვა. ეს პირები საპატრულო პოლიციამ 11 მარტს „პლაზასთან“ დააჯარიმა. ამ ფაქტის შემდეგ დაიწყო საპროტესტო აქცია ბათუმში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი