მთავარი,სიახლეები

ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე ხეების ამოღების გამო ივანიშვილს მიმართავენ

13.03.2017 • 10268
ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე ხეების ამოღების გამო ივანიშვილს მიმართავენ

ნინო ინაიშვილი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, არქეოლოგი, პეტრა-ციხისძირის 1983-88, 2001 წლების არქელოგიური ექსპედიციების ხელმძღვანელი

ბატონო ბიძინა,

თქვენთვის შეიძლება ცნობილი არ არის, რომ ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ხეების ამოთხრა, წარმოადგენს არქეოლოგიური მემკვიდრეობის არეალს, რომელსაც ძალიან დიდი მეცნიერული ღირებულება გააჩნია. ამ ტერიტორიაზე გამოვლენილია არქიტექტურული ძეგლები: V-VI საუკუნეების 2 აბანო, სასახლე, ნაეკლესიარი, ძვ.წ. V–I საუკუნეების ვრცელი სამაროვანი და ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ძველკოლხური ნამოსახლარები (ე.წ. დიუნური ნამოსახლარები).

ნინო ინაიშვილი

ნინო ინაიშვილი

ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის გასხვისების წინა ეტაპზე, ჩვენ ვცდილობდით ამ ტერიტორიას მინიჭებოდა არქეოლოგიური დაცვის ზონის სტატუსი (2015 წელი), რადგან ის ნამდვილად იმსახურებდა არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭებას. მაშინ ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ ახალ მეპატრონეს წინასწარ სცოდნოდა ამ ტერიტორიის არქეოლოგიური ღირებულების შესახებ, რათა სიფრთხილე გამოეჩინა მოსალოდნელი მშენებლობის ან რაიმე სახის მიწის სამუშაოების შესრულების დროს.

ვინაიდან ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები პეტრას არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლის განუყოფელი ნაწილია, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა, რათა მას მიენიჭოს კომპლექსური არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი, რამაც უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ტერიტორიის სამართლებრივი დაცვა (კანონის მიხედვით, კომპლექსური ძეგლი – ფიზიკურად, ფუნქციურად, ისტორიულად ან ტერიტორიულად დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ერთობლიობა).

არქეოლოგიურმა გათხრებმა (გასული საუკუნის 80-იანი წლები), რომელსაც პირადად ვხელმძღვანელობდი, დაადასტურა, რომ პეტრას ნაქალაქარი გაშენებული იყო პეტრას ციხის ჩრდილოეთით, დღევანდელი ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე [დღეს ეს ქონება საპატრიარქოს საკუთრებაა]. ამჟამად ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დენდროლოგიური პარკისთვის ხეების ამოღება-გადატანის პროცესი, რომელიც ძალიან მასშტაბური მოცულობის მიწის სამუშაოებს უკავშირდება (სიღრმე – 3 მ, რადიუსი – 30-დან 50 მეტრამდე). ეს აუცილებლად გამოიწვევს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გამოუვლენელი არქეოლოგიური ობიექტების განადგურებას (კულტურული ფენის სიღრმე დაახლოებით 3 მეტრია) და ასევე ძალიან დიდი საფრთხის შემცველია უკვე გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტებისთვის.

კერძოდ, ერთ-ერთ ხეს იღებენ 1988 წელს აღმოჩენილი სასახლის (რომლის კომპლექსში შედიოდა საცხოვრებელი სათავსები, ეკლესია, აბანო, აუზები, კოლექტორი, მარანი და რომლის ზოგიერთი სათავსო მოზაიკითა და მარმარილოს ფილებით იყო მოპირკეთებული) მახლობლად.

ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მემკვიდრეობის მეცნიერული ღირებულება ძალიან დიდია და არა მხოლოდ საქართველოს არქეოლოგიისთვის. ზოგადად, არაგანახლებადი კულტურული მემკვდრეობა, განსაკუთრებით საუკუნეების სიღრმიდან მოღწეული არქეოლოგიური მემკვიდრეობა მსოფლიო მემკვიდრეობის უძვირფასეს ნაწილად განიხილება და კონვენციის ხელმომწერი ქვეყნებისგან ითხოვს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას (არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის ქარტია).

ამასთან, პეტრას არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის  განსაკუთრებული ტურისტული მნიშვნელობის არქეოლოგიური რესურსია, ვინაიდან მხოლოდ ამ ტერიტორიაზეა შემორჩენილი ასეთი სიძველის არქიტექტურული მემკვიდრეობის ნაშთები.

იმ ტიპის მიწის სამუშაოები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიაზე გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს პეტრა-ციხისძირის არქეოლოგიური მემკვიდრეობის მთლიანობას, იმას, რომელიც ჯერ კიდევ გამომზეურებას ელოდება და იმ ძეგლების კვალსაც სამუდამოდ წაშლის, რომლის ნაშთებიც უკვე გამოვლენილია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოება და შეაჩეროთ ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე ხეების ამოღებისა და გადატანის პროცესი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: