მთავარი,სიახლეები

რამ გამოიწვია „გორელი პატრულის“ მიმართ აგრესია ბათუმში

13.03.2017 • 6469
რამ გამოიწვია „გორელი პატრულის“ მიმართ აგრესია ბათუმში

11 მარტს, დღის ხუთ საათზე, ბათუმში დაიწყო მოქალაქეების საპროტესტო აქცია, რაც მეორე დილამდე გაგრძელდა და ვანდალიზმში გადაიზარდა. აქციაზე, თავდაპირველად, მოქალაქეები ბათუმში ჩამოსულ ეგრეთ წოდებული გორის პატრულის სიმკაცრესა და შეურაცხმყოფელ ქცევას აპროტესტებდნენ. ეს ჯგუფი, ხელმძღვანელის ჩათვლით, წლის დასაწყისში როტაციის წესით ჩამოვიდა ბათუმში. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე „ბათუმელებთან“ საპატრულო პოლიციის მიმართ ბათუმში გაჩენილი აგრესიის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს.

ასლან, თქვენი დაკვირვებით, რა მდგომარეობა იყო ბათუმში საგზაო მოძრაობის წესების დაცვის თვალსაზრისით, ვიდრე ეს ეგრეთ წოდებული გორის ჯგუფი ჩამოვიდოდა. ვგულისხმობ ბოლო ერთ წელს?

ასლან ჭანიძე

ასლან ჭანიძე

ფაქტია, რომ ბოლო ორი წელია ბათუმში მძღოლები არ იცავდნენ საგზაო მოძრაობის წესებს. მე მინახავს გაჩერებული მანქანები ტროტუარებზე, პირდაპირ შუა ქუჩაში… ის, რომ წითელ შუქნიშანზეც კი აღარ ჩერდებოდნენ, ცალმხრივ ქუჩებზე დადიოდნენ ჩვეულებრივ, ესეც არის ფაქტი. ბოლო ორი წელია ქალაქში რეალურად გვქონდა ასეთი სიტუაცია – პატრული სათანადოდ არ რეაგირებდა დარღვევებზე. მხოლოდ სტატისტიკის დადება, რომ ამდენი ნასვამი მძღოლი გამოვავლინე, არ არის ყველაფერი. სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი პარკირება, არასწორი მოძრაობა, ეს ყველაფერი იყო რეალობა და ისიც რეალობაა, რომ საპატრულო ეკიპაჟი ამაზე ხშირად არ რეაგირებდა. შესაბამისად, მძღოლები ბათუმში მიეჩვიენ იმას, რომ დარღვევებზე აღარ აჯარიმებდნენ.

როცა სიტუაცია შეიცვალა, ყველამ დაიწყო მოკითხვა თუ რა ხდებოდა და გაიგეს, რომ პატრულის უფროსი შეცვლილა. შესაბამისად, თანდათან საზოგადოებაში დაიწყო უარყოფითი განწყობის ჩამოყალიბება პატრულში შემოყვანილ „გორის ჯგუფზე“.

სოციალურ ქსელებშიც და ჩვენ გარშემოც ხშირად ამბობდნენ, რომ „გორის ჯგუფი“ განზრახ წერდა მაღალ ჯარიმებს ბათუმელების „ჭკუაზე მოსაყვანად“. ესეც ხომ გსმენიათ?

ეს არის ზერელე შეფასება… როდესაც ავტობუსის გაჩერებაზე აჩერებ მანქანას, ეს არის არასწორი დგომა, მაგრამ ამან შეიძლება მოძრაობის შეფერხებაც გამოიწვიოს, ანუ ეს არ იყოს მხოლოდ არასწორი დგომა.

თუმცა, სამარშრუტო ტაქსების შემთხვევაში ცოტა სხვა მდგომარეობა გვაქვს – მათ უამრავი პრობლემა ექმნებათ. ავიღოთ გორგილაძის ქუჩა, სადაც თითქმის მთელი ქუჩის გასწვრივ პარკინგზე ჩაყენებულია მანქანები. სად უნდა გააჩეროს სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ისე, რომ მოძრაობის წესები არ დაარღვიოს? თუ ხაზი დაუდგინე, მაშინ ამისთვის რაღაც ადგილები უნდა იყოს ხომ, როგორც მუნიციპალური ავტობუსებისთვის არის. შესაბამისად, ეს მძღოლები იძულებულები არიან ტრანსპორტი გააჩერონ შუა ქუჩაში, რათა მგზავრი ჩამოსვან ან მგზავრი აიყვანონ. მე მაქვს კითხვა, რაში გვჭირდება სამარშრუტო ტაქსები, თუ მას ორი კილომეტრის მანძილზე არ შეუძლია კანონიერად გაჩერება? თუ მუნიციპალიტეტმა დაადგინა ეს ხაზე, მაშინ უნდა დაადგინოს სივრცეები.

კიდევ ერთი მაგალითი – სამარშრუტო ტაქსის მძღოლები სისტემატურად და კანონდარღვევით აჩერებენ ტრანსპორტს გადასასვლელზე, რადგან კარგ შემთხვევაში თავისუფალი ადგილი მხოლოდ იქ არის. როდესაც საპატრულო პოლიცია ჩამოივლის და გადასასვლელზე დაგაფიქსირებს, აუცილებლად დაგაჯარიმებს. ამიტომ ზოგიერთს – ტაქსისა და სამრაშრუტო ტქსის მძღოლებს ვგულისხმობ, ხშირად უწევთ მოძრაობის წესების დარღვევა და, შესაბამისად, ხშირად დაჯარიმებაც.

რამდენად რეალისტურია, რომ პატრულის მხრიდან მხოლოდ კანონიერად ქცევას გამოეწვია ქალაქში მსგავსი აგრესია, წელს მოვლენილი ჯგუფის მიმართ?

მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება… თუ ადამიანს ღვედი არ ეკეთა, მაგრამ გადაჭარბებული სიჩქარისთვის დააჯარიმეს, მას სრული უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს და პატრულის თანამშრომლის პასუხისმგებლობა დადგება ძალაუფლების არასწორად გამოყენების ნაწილში. მე როგორც ვიცი სასამართლოში ამის გამო არავის უჩივლია. რას ნიშნავს არაადეკვატური ჯარიმა? ჯარიმები კოდექსით არის დადგენილი, პატრული თავისი შეხედულებით ვერ გამოწერს ჯარიმას. თუ ვინმეს არასწორი პარკირება ჰქონდა, მაგრამ გამოუწერეს ჯარიმა მოძრაობის შეფერხებაზე, ან ავარიული სიტუაციის შექმნაზე, ეგებ მისი არასწორი დგომა ამასაც იწვევდა.

თქვენ მიგაჩნიათ, რომ პატრული ბათუმში მოქმედებს კანონის ფარგლებში. ასევე ამბობთ, რომ სამარშრუტო ტრანსპორტის მძღოლები იძულებულები არიან მოძრაობის წესების დარღვევით გააჩერონ მანქანები, რაც იწვევს ზოგად უწესრიგობას ქალაქში. თუ ეს ასეა, მაშინ ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ქალაქში არსებულ ქაოსზე? ვგულისხმობ ტრანსპორტის მოძრაობას.

პირველი, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქალაქ ბათუმის მერიას, რადგან არასწორად აგეგმარებს განაშენიანებას: იძლევა სასტუმროებისა და სახლების მშენებლობის ნებართვებს, მაგრამ არ ავალდებულებს მენაშენეებს პარკინგისთვის ადგილის გამოყოფას. მეორე, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, საამისოდ უნდა გამოიყოს ადგილები სამარშრუტო ტაქსებისთვის. ისე როგორც მუნიციპალური ავტობუსებისთვის არის გამოყოფილი.

ქალაქ ბათუმის მერიამ სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა – გამოყოს ტრანსპორტის გასაჩერებელი ადგილები.

იგივე ეხება ტაქსებსაც – გასაჩერებელი ადგილი ქალაქში არც მათთვის არსებობს. არადა, ბათუმში ძალიან ბევრი ტაქსია.

ქალაქ ბათუმის მერიამ იქნებ ახლა მაინც გაითვალისწინოს და ნუღარ გასცემს ისეთ ნებართვებს, რომლებიც პარკინგს არ ითვალისწინებს.

დავუბრუნდეთ ინცინდენტის დღეს – ითქვა, რომ მამა-შვილი 11 მარტს დააჯარიმეს ბათუმი-პლაზასთან და სცემეს კიდეც. [დაკავებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ დაკავებულმა პოლიციელების მხრიდან ცემის ფაქტი არ დაადასტურა]. ქალაქის ამ მონაკვეთში, ზოგჯერ ერთი კილომეტრის მანძილზეც, თითქმის მთელი დღის განმავლობაში არ არსებობს თავისუფალი სივრცე, მაშინ როდესაც ეს ქალაქის ერთ-ერთი საკვანძო მონაკვეთია. ამ შემთხვევაში რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

ბათუმი-პლაზას მიმდებარედ რომ არის ბაზრობა, დიდი სავაჭრო ობიექტი [პლაზას შენობის სარდაფში წესით უნდა იყოს ავტოსადგომი იქაური მცხოვრებლებისთვის, მაგრამ იქაც ასევე სავაჭრო ობიექტია განთავსებული] და სხვა არაერთი დაწესებულება, ამ ქალაქში ყველამ ვიცით. შესაბამისად, თუ ვიცით, რომ არ არის თავისუფალი ადგილი, უნდა გავაჩეროთ ტრანსპორტი იქ, სადაც არის თავისუფალი ადგილი, თუნდაც ერთი კილომეტრის დაშორებით. პირადად მე, როცა ვიცი, რომ პლაზასთან არის გადაჭედილი სიტუაცია, მანქანით არ მივდივარ ან 500 მეტრის მოშორებით ვაჩერებ მანქანას და მივდივარ ფეხით.

ყველა ქართველი თვლის, რომ სამსახურში უნდა მივიდეს მანქანით. ფეხით ორი ნაბიჯის გავლაც კი არ გვსურს. სადაც გინდა, იქ გააჩერო მანქანა, ეს არის ქალაქის მიმართ უპატივცემულობა. იმის თქმა, რა ვქნა პარკინგი არ არის და აბა, სად გავაჩერო, მიუღებელია.

ბათუმში ძალიან ბევრი მანქანაა, შესაბამისად, ყველა მანქანისთვის პარკინგის ადგილს ვერ გამოყოფ.

ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ ერთი რამ, როდესაც მძღოლი იძახის, რა ვქნა, იძულებული ვარ დავარღვიო, მე მაქვს ასეთი კითხვა – პატრულმა რა უნდა გააკეთოს? პატრულმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დარღვევაზე რეაგირება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: