მთავარი,სიახლეები

ზურაბ პატარაძე საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა

13.03.2017
ზურაბ პატარაძე საქართველოში პოლონეთის ელჩს შეხვდა

დღეს 12 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შეტანილი წვლილისათვის ელჩს მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო.

ზურაბ პატარაძემ და მარიუშ მაშკიევიჩმა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულების, კერძოდ, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზეც ისაუბრეს. ჩატარდება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმებიც, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციებისა და ტურისტების მოზიდვას რეგიონში“.

მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა აჭარაში პოლონეთიდან შემოსული ტურისტების ზრდა, რაც ბოლო წლებში ევროპულ ქვეყნებში საქართველოს, კერძოდ, აჭარა-ბათუმის ტურისტული მიმართულების პოპულარობამ განაპირობა.

„პოლონეთი აჭარის რეგიონისთვის საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ბაზარია ევროპაში. გარდა ამისა, ვისაუბრეთ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესახებ. ასევე განვიხილეთ პროექტები, რომლებიც სამომავლოდ საინტერესო შეიძლება იყოს პოლონური კომპანიებისთვის. ძალიან ვაფასებთ პოლონეთის რესპუბლიკის სამთავრობო კურსს საქართველოსთან მიმართებაში, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის პროცესში“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრაზე მხარეებს შორის განხილულ იქნა ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთის, ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლასთან და ფიზიკური აღზრდის საუნივერსიტეტო სკოლასთან და ახორციელებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებებისათვის გაცვლით პროგრამებს.

„დაიგეგმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება. ასევე საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში ურთიერთობების გააქტიურებას, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს და პრაქტიკულ თანამშრომლობას.

მარიუშ მაშკევიჩი საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას დეკემბრიდან დაიკავებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: