Batumelebi | ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისია მიწების დაკანონების შესახებ ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისია მიწების დაკანონების შესახებ – Batumelebi
RU | GE  

ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისია მიწების დაკანონების შესახებ

ქობულეთის გამგეობის საკუთრების აღიარების კომისიას არ აქვს ე.წ ჯიპიარესი, რაც განსახილველი განაცხადით მითითებული კონკრეტული ნაკვეთის კოორდინატების ზუსტად დადგენაში დაეხმარებოდა. კომისია ვერ ახერხებს ასევე განაცხადების ადგილზე შესწავლას, რადგან ავტომანქანა არ ემსახურება.

შესაბამისი სამუშაო პირობების არ ქონის გამო კომისიის მუშაობის შეფერხებას უარყოფს კომისიის თავმჯდომარე ასლან ქათამაძე. მისი თქმით, კომისია განცხდების განხილვას ახერხებს, თუმცა ადასტურებს იმასაც, რომ კომისიას არ აქვს ჯიპიარესი, რაც საქმეს ბევრად გაადვილებდა და არც ავტომანქანა, რაც კომისიას განაცხადების ადგილზე შესწავლის საშუალებას მისცემდა:

„დიახ, მართალს ამბობენ. მართლაც არ გვაქვს ტრანსპორტი ამ ეტაპზე, არ გვაქვს ასევე ჯიპიარესი, რაც  დაზუსტებულ კოორდინატთა სისტემაში მუშაობის  საშუალებას მოგვცემდა. ჩვენ ამ ეტაპზე ვეყრდნობით მხოლოდ საჯარო რეესტრის მიერ გადმოგზავნილ ძირითად განცხადებებს. რეესტრი ხელს უწყობს მოქალაქეებს იმ მხვრივ, რომ თვითონ ეხმარება დოკუმენტაციის შეგროვებაში, რომელსაც შემდეგ აგზავნიან გამგეობის კომისიაში“.

საკუთრების უფლების კომისია ქობულეთის გამაგეობამ 2016 წლის აგვისტოში შექმნა. კანონმდებლობის შესაბამისად მანამდე ასეთი კომისიები საკრებულოს დაქვემდებარებაში მუშაობდნენ. ცვლილების შემდეგ მოქალაქეები იმედოვნებდნენ, რომ კომისიის მუშაობა უფრო ეფექტური გახდებოდა, რადგან თვითმმართველობის ერთი ორგანოდან მეორეში კომისიის გადანაცვლებას კიდევ ერთი ცვლილება დაემთხვა.

ფიზიკური და იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესში შევიდა ცვლილებები, რაც მთავრობის განმარტებით, პროცედურის გამარტივებას  ისახავდა მიზანად. ინიციატივის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იყო.

მიუხედავად პოზიტიური მოლოდინისა, მოსახლეობა კომისიის მუშაობით კვლავ უკმაყოფილოა. მოქალაქეები, რომლებმაც კომისიას უკვე არაერთხელ მიმართეს, ამბობენ, რომ კომისიას სამუშაო პირობები არ აქვს.

2016 წლის აგვისტოდან დღემდე ქობულეთის საკუთრების აღიარების კომისიამ 2000-მდე განაცხადი მიიღო. კომისიის თავმჯდომარის ინფრომაციით, აქედან 60-მდე განცხადება წინა კომისიიდან გადავიდა ახალ კომისიაში და დღეს მათგან უმეტესობა შესწავლილია. რამდენიმე ათეულია დადებითი პასუხი, მათგან უმეტესობამ კი მოთხოვნილი ნაკვეთის დაკანონებაზე უარი მიიღო.

კომისიის თავმჯდომარემ ასლან ქათამაძე: „.. ამ ორიათასიდან დიდი წილი საჭიროებს იდენტიფიცირებას. რომლებზეც აღიარების მოწმობები ჰქონდა აღიარების კომისიას გაცემული 2007-2008 წლებში, ეს მოხდა იმის გამო, რომ მოქალაქეებმა მოისმინეს განცხადება ტელევიზიაში პროცედურის გამარტივების შესახებ, მათ ეგონათ, რომ რაღაც ახალი ხდება. სინამდვილეში ჩამოყალიბდა მოქალაქეებისა და საჯარო რეესტრს შორის გამარტივებული ურთიერთობის ფორმა. აღიარების შესახებ კანონში ცვლილებები არ შესულა. კომისია მუშაობს იმავე წესებით, როგორც მუშაობდა 2007 წლიდან. იმავე მიწის ნაკვეთებზე მოგვმართავს ახლა მოქალაქე, რომელიც არის მართლზომიერის მიმდებარე, ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, ან 2007 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. მოქალაქეებს ეგონათ, რომ მიწის დაკანონება გამარტივდა და ამას მოჰყვა განცხადებების რაოდენობის გაზრდა. როგორც უკვე აგიხსენით, მოქალაქეები შევიდნენ შეცდომაში, მათ ეგონათ, რომ ჩვენ ყველანაირ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის დაკანონება შეგვეძლო, მაგრამ ეს ასე არ არის. ამიტომ არიან მოქალაქეები განაწყენებულები , მაგრამ ჩვენ კანონს გვერდს ვერ ავუვლით“ .

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი