მთავარი,სიახლეები

ვინ არის „გორელი პატრულის უფროსი“ კახა ბუხრაძე

14.03.2017 • 33038
ვინ არის „გორელი პატრულის უფროსი“ კახა ბუხრაძე

„გორელი პატრულის უფროსი“, როგორც ბათუმში უწოდებენ 36 წლის კახა ბუხრაძეს, სინამდვილეში სულაც არ არის გორელი – ის თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. კახა ბუხრაძე აჭარაში როტაციის პრინციპით 2017 წლის დასაწყისში მოავლინეს  გორიდან – 2016 წელს მას ქონებრივი დეკლარაცია შევსებული აქვს, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსს.

ამ დეკლარაციის მიხედვით, კახა ბუხრაძეს ჰყავს ერთი შვილი და მეუღლე. რაც შეეხება ქონებას, კახა ბუხრაძეს იმავე დეკლარაციის მიხედვით აქვს ბინა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებული აქვს საკუთრებაში მის მეუღლეს – მარიამ ჭერალაშვილსაც. ასევე ფლობს ავტომანქანა „ბმვ“-ს.

ბუხრაძეს მითითებული აქვს, რომ მისმა ოჯახმა შემოსავლების სახით 2016 წელს 48 000 ლარი მიიღო [თვეში 4 ათასი ლარი] და ეს მისი თანამდებობრივი შემოსავალია. ასევე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს „ლიბერთი ბანკში“ 300 000 ცალ ფასიანი ქაღალდის აქციას, რომლის საცალო ღირებულება არის 0.03 ლარი.

2013 და 2014 წლებში კახა ბუხრაძე მუშაობდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსად. ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს მას შემოსავლის სახით [ერთ წელში] 42 769 ლარი მიუღია. სხვა სახის ცვლილებები მის ქონებრივ მდგომარეობაში არ ასახულა.

კახა ბუხრაძეს, როგორც თანამდებობის პირს, ქონებრივი დეკლარაცია პირველად შეუვსია 2012 წელს, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს ანალიზისა და მონიტორინგის  უფროსს. ამ დროისთვის მას 110 000 ამერიკული დოლარის ანაბარის განკარგვის უფლებაც ჰქონია „ლიბერთი ბანკში“.

მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, ეს თანხა არ ჩანს მომდევნო წლებში, შესაბამისად, უცნობია, როგორ განკარგა მან ეს თანხა.

ეს არის ის მწირი ოფიციალური ინფორმაცია, რისი მოძიებაც შესაძლებელია კახა ბუხრაძის შესახებ ინტერნეტში.  შს სამინისტროს ვებგვერდზე  კახა ბუხრაძის არც ერთი ფოტოსურათი არ იძებნება.

სოციალურ ქსელებში  კახა ბუხრაძეს 11 მარტის მოვლენების შემდეგ არაერთი პოსტი მიუძღვნეს. ერთ-ერთი პოსტის ავტორი, გორში მცხოვრები თამარ თედლიაშვილი წერს: „მე ჩუმად ვარ, დაე გვლანძღონ გორელები, ოღონდ ეგ არ დააბრუნონ აქ“. თამარმა ეს პოსტი მას შემდეგ დაწერა, რაც 11 მარტის აქციაზე ბათუმში, „გორს“ და „გორელს“ კახა ბუხრაძესთან დაკავშირებით იყენებდნენ, ძირითადად, უარყოფით კონტექსტში.

რამდენად ნორმალურია, როდესაც რეგიონის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვინაობა ზუსტად ისევეა გასაიდუმლოებული, როგორც რომელიმე საიდუმლო სამსახურის თანამშრომლის შესახებ ინფორმაცია? რატომ არ გამართა კახა ბუხრაძემ ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ ბრიფინგი და არ გააცნო საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკის გატარებას აპირებდა? კიდევ რამდენიმე კითხვის დასმას გეგმავდა „ბათუმელები“ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილისთვის ან უწყების საკადრო პოლიტიკაზე გადაწყვეტილების მიმღები რომელიმე სხვა პირისთვის, მაგრამ შს სამინისტროში ამ ინტერვიუზე არ დაგვთანხმდნენ, ჯერჯერობით მაინც.

მინისტრ გიორგი მღებრიშვილს თუ, ზოგადად, უწყებას კახა ბუხრაძის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის არც 11 მარტის ბათუმის მოვლენების შემდეგ ჩაუთვლია საჭიროდ. მინისტრმა მხოლოდ ის თქვა, რომ „აჭარაში საკადრო ცვლილებების აუცილებლობა არ არის“. თუ რატომ მიიჩნევს მინისტრი ასე, საზოგადოებას კვლავაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.

„ბათუმელებს“  საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით შს მინისტრისთვის ან რომელიმე გადაწყვეტილების მიმღები პირისთვის რამდენიმე კითხვის დასმა სურდა. მაგალითად:

  1. აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობის შემდეგ, ერთი გამონაკლისის გარდა, ეგრეთ წოდებულ ძალოვან უწყებებში – პროკურატურა, პატრული, პოლიცია,  -ადგილობრივი კადრები არასდროს დაუნიშნიათ ხელმძღვანელებად. რეგიონში ამის თაობაზე პეტიციებს აგროვებდნენ და საპროტესტო აქციებსაც კი მართავდნენ მცირე ჯგუფები, რეგულარულად და წლების განმავლობაში. ამაზე ინტენსიურად იწერება სოციალურ ქსელებშიც.  მოსახლეობის თუნდაც ერთი ნაწილის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ცენტრალური ხელისუფლება, წარსული გამოცდილების შიშით [ასლან აბაშიძის პოლიტიკა], არ ენდობა აჭარის რეგიონში ადგილობრივ კადრებს და სწორედ ამიტომ არ ნიშნავს მათ თანამდებობებზე ძალოვან უწყებებში, თქვენ რას უპასუხებდით?
  2. შეგიძლიათ გაიხსენოთ ბოლო 10 წლის განმავლობაში თუნდაც თქვენი მინისტრობის [მოადგილეობის] პერიოდში ისეთი როტაცია, როცა აჭარიდან პოლიციელები გადაიყვანეთ რომელიმე სხვა რეგიონში ან თბილისში და დანიშნეთ მაღალ თანამდებობებზე. თუ კი, იქნებ დაასახელოთ მათი ვინაობა?

ამ და სხვა კითხვებზე, ჯერჯერობით, შს სამინისტროს პასუხი არ გვაქვს.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: