მთავარი,სიახლეები

ადამიანი ბიუროკრატიულ წრეში – წერილები მთავრობიდან პასუხის გარეშე

15.03.2017 • 2205
ადამიანი ბიუროკრატიულ წრეში – წერილები მთავრობიდან პასუხის გარეშე

მოქალაქე ომარ როდონაია წლებია ბათუმში საცხოვრებელი ადგილის გამოყოფას ითხოვს. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. გალში ცხოვრობდა, მაგრამ იმის გამო, რომ აფხაზეთი ომის დაწყებამდე დატოვა, დევნილის სტატუსი არ მიანიჭეს. წლების განმავლობაში ომარ როდონაია ბათუმში, ერთ-ერთი სახლის მიწურში ცხოვრობდა.

50 წლის ომარ როდონაიას შესახებ 2015 წელს „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას – „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ“, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა – ვინ ომარისთვის საწოლის ჩუქება მოინდომა, ვინ ჭურჭლის და ვინ კიდევ საკვების. ყველა მათგანი „ბათუმელებს“ ომარ როდონაიას საკონტაქტო ინფორმაციასა თუ საბანკო მონაცემებს სთხოვდა.

ომარ როდონაია

ომარ როდონაია ფოტო: გაზეთი ბათუმელები

2015 წლის დეკემბრიდან დღემდე ომარ როდონაიასთვის ბინას მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ქირაობს. მას შემდეგ როდონაიამ დახმარებისთვის თითქმის ყველა ოფიციალურ სტრუქტურას მიმართა. მიღებულ პასუხებს ომარ როდონაიას ცხოვრებაში ამ დრომდე არაფერი შეუცვლია.

2016 წლის 6 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ომარის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიწერა, სადაც აღნიშნულია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტმა მოქალაქის დახმარება ვერ შეძლო და იქნებ მთავრობას გადაეცა მისთვის ბინა ეკომიგრანტებისთვის აშენებულ კორპუსში, გარკვეული ვადით.

მიუხედავად იმისა, რომ მერიასთან უშედეგო კომუნიკაციაზე წერილში ბევრი ეწერა, არჩილ ხაბაძეს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წერილი მაინც მერიისთვის გადაუგზავნია. 2016 წლის 3 ივნისს ვიცე-მერმა, ბაგრატ მანველიძემ მთავრობას უპასუხა, სოციალურ სახლს თქვენ აშენებთო და „მერია არაა უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ სახლში არსებული საცხოვრებელი ფართების განკარგვასთან დაკავშირებით“.

მორიგი წერილი „საერთაშორისონ გამჭვირვალობა საქართველომ“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გაუგზავნა, სადაც აღწერილია ისტორია უკვე მიღებული პასუხების შესახებ და კიდევ: „ვფიქრობთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას აქვს შესაბამისი რესურსი, რომ ერთი მოქალაქის უმძიმესი ვითარება გაითვალისწინოს და დროებით სარგებლობაში გადასცეს ქალაქის რომელიმე ნაწილში მცირე მოცულობის საცხოვრებელი ფართი“.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესაც ბათუმის მერიაში გადაუგზავნია ეს წერილი. მიმდინარე წლის 9 მარტს, ამჯერად მერიიდან პასუხი მეორე ვიცე-მერს, ალექსანდრე მითაიშვილს გაუცია. შინაარსი იგივეა, რასაც მანამდე ბაგრატ მანველიძემ მოაწერა ხელი. წერილში მერია იმეორებს, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტს ისეთი სოციალური პროგრამა არ აქვს, რომელიც ადამიანს საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფს.

წერილების მიწერამდე ომარ როდონაია სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში დადიოდა და დახმარებას ითხოვდა. მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის მენეჯერი ამბობს, რომ ამ თემაზე ესაუბრა სახალხო დაცმველს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, სხვადასხვა თანამდებობის პირს…

რა ჩანს წერილების მიწერ-მოწერიდან? – „ეს არის ბიუროკრატიული წრე, გულგრილობა, უპასუხისმგებლობა. არ შეიძლება სახელმწიფო ასე ექცეოდეს ადამიანს“, – ასე აფასებს ხელისუფლების სხვადასსხვა შტოსგან მიღებულ იდენტურ წერილებს მალხაზ ჭკადუა. ის  იხსენებს შემთხვევებს, როცა ქალაქის ცენტრში მაშინვე გამოყოფენ ბინას, რომელიმე თანამდებობის პირისთვის.

მალხაზ ჭკადუა: „მესმის, რომ  ბევრია სოციალურად დაუცველი, ეკომიგრანტი, არსებობს „ოცნების ქალაქი“, მაგრამ ომარ როდონაიას შემთხვევა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. ის არის მარტოხელა ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობებით. მას არ ჰყავს არც ოჯახის წევრი, არც ნათესავი. საზოგადოებამ უკვე გამოხატა თავისი სოლიდარობა ამ ადამიანის მიმართ, გარკვეული ჯგუფი მას უხდის ქირის ფულს, შეუგროვეს ნივთები… მთავრობისთვის ვერ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ეს თემა. მას უნდა ეყოს ჰუმანურობა, რომ მიიღოს ომარისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება.  აჭარის მთავრობას ან მერიას, რომ არ ჰქონდეს რესურსი, ასეთი კატეგორიული არ ვიქნებოდით“.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: