მთავარი,სიახლეები

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან ექიმებს ათავისუფლებენ

10.03.2017
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან ექიმებს ათავისუფლებენ

ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო ჰოსპიტლიდან ზოგერთ ექიმს ათავისუფლებენ. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ლევან სიამაშვილმა დაუდასტურა, ჰოსპიტლის იურისტმა. მისი თქმით, საუბარია 3 ან 4 ექიმის გათავისუფლებაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„მზადდება გათავისუფლების შესახებ ბრძანებები, თუმცა არ გამოვრიცხავ მათთან მოლაპარაკება შედგეს და თანამშრომლობა გავაგრძელოთ. მიზეზი არის ის, რომ წინა მენეჯმენტის დროს ზოგიერთ ექიმს შეუსაბამოდ მაღალი ხელფასები ჰქონდა დანიშნული. რადგან ჰოსპიტალს შეექმნა ეკონომიკური კრიზისი, ხელფასის შემცირება ერთ-ერთ ოპტიმალურ გამოსავლად მივიჩნიეთ“, – ამბობს ლევან სიამაშვილი.

„ამ ჰოსპიტალს მომავალი აღარ აქვს“, – ამბობს თემურ გაბაიძე, ერთ-ერთი ექიმი, რომელიც მეან-გინეკოლოგიური გაყოფილების ხელმძღვანელი იყო. მას გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკვე ჩაბარდა. ის კრიზისის მიზეზად ადმინისტრაციას ასახელებს, რომელიც შეუსაბამოდ მაღალ ხელფასს იღებს და სახელფასო ფონდს უსამართლოდ ანაწილებს.

„მიზეზი არაა ჩემთვის ხელფასის შემცირება. პრობლემაა მიდგომა, რომელიც მენეჯმენტს აქვს. ალბათ ყველას გაუშვებენ, ვინც დირექტორს არ ეტყვის, ჩემი ღმერთი ხარო. მენეჯმენტს ამ დრომდე არანაირი კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია, როგორ უნდა გამოვიდეს ჰოსპიტალი კრიზისიდან. სახელფასო ფონდის 40% იხარჯება შვიდ კაცზე და 60%-50 პერსონალზე. ამ ვითარებაში რა სამართლიანობაზეა საუბარი? ჩამოჰყავთ უცხო ქვეყნიდან ექთანი, სხვა ეროვნებაზე გართულება არ მაქვს, მაგრამ იმაზე მეტს უხდიან, ვიდრე ექიმს. მენეჯმენტი დაინტერესებულია არა ოპერაციის შედეგით, არამედ ფული რამდენი შემოდის…“, – გვითხრა თემურ გაბაიძემ.

თემურ გაბაიძეს ანაზღაურების შესახებაც დავუსვით კითხვა. გვითხრა, რომ მისი შემოსავალი თვეში 7500 ლარი იყო და ამას ემატებოდა ყოველი მის მიერ ჩატარებული ოპერაციის ღირებულების 10%.

თემურ გაბაიძე გათავისუფლების შესახებ ბრძანების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ჰოსპიტლის დირექცია დღეს ექიმების გათავისუფლების შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავს.

მარტის დასაწყისში ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის თემურ გაბაიძემ, ხელშეკრულების პირობების გაუარესება გააპროტესტა.

ამავე თემაზე:

რა ხდება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: