მთიანი აჭარა,სიახლეები

დისკუსია – ქობულეთის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში მოსახლეობას

14.03.2017 • 2125
დისკუსია – ქობულეთის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში მოსახლეობას

2017 წლის 4 მარტს ბობოყვათში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ  ჟურნალისტთა  სახლის“ ორგანიზებითა და ფონდ  NED-ის  მხარდაჭერით, გაიმართა ადგილობრივი  მოსახლეობის შეხვედრა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან – სულხან ოქროპირიძესთან, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა.

სულხან ოქროპირიძე – ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე:

მინდა მოგახსენოთ, რომ 2016 წლის განმავლობაში ჩატარებულია 17 ბიუროს და 17 საკრებულოს სხდომა, აქედან ხუთი მოვიწვიეთ რიგგარეშე სხდომის სახით, ჩავატარეთ 57 სხვადასხვა კომისიის სხდომა და მივიღეთ 22 დადგენილება, 208 განკარგულება და 110 ბრძანება. სხვადასხვა საკითხზე მოვუსმინეთ 220 მოქალაქეს.

IMG_1502

სულხან ოქროპირიძე

თვითმმართველობის რეფორმებიდან გამომდინარე განვსაზღვრეთ ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტები, მიზნები, ამოცანები. კერძოდ, იგი შეეხო ქალაქის განვითარებას, ინფრასტრუქტურის სრულყოფას, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებას, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს მოწესრიგებას. საკრებულო კომპეტენციის ფარგლებში აქტიურადაა ჩართული ქობულეთისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლთან. ერთ-ერთ გამორჩეულ მიღწევად მიმაჩნია, რომ საკრებულო გახდა დაწესებულება, სადაც ადამიანები მოდიან, ისმენენ, იზიარებენ და მსჯელობენ მათთვის საინტერესო საკითხებზე, ეს არის ორგანო, სადაც ინფორმაციის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ უფრო მეტი მოქალაქე, დაინტერესებული ადამიანი, უფრო მეტი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი იყოს ჩართული ჩვენს საქმიანობაში.

საანგარიშო პერიოდში მრავალი მიზნობრივი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ფოკუსჯგუფთან. გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები უცხოელ კოლეგებთან, ვუმასპინძლეთ უკრაინისა და ბულგარეთის წარმომადგენლებს შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, რაც გამოიხატა იმაში, რომ ლატვიაში 10 ევროპული ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილეთ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული და განხორციელებული აქტივობები. ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამოცდილების გაზიარებისა და საჯარო სამსახურებში ევროპული სტანდარტების დამკვიდრების მხრივ. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მოსმენილი მოთხოვნები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული 2016 წლის ბიუჯეტის შედგენისას. ტურისტული საინფორმაციო ცენტრისა და გზამკვლევი ნიშნულების დამონტაჟების კვალდაკვალ დავიწყეთ მუშაობა ერთ-ერთ აუცილებელ საკითხზე – ქუჩების სახელდების, ნუმერაციისა და სანომრე ფირნიშების მოწესრიგებაზე. ეს მნიშვნელოვანია არამარტო ადგილობრივი მოსახლეობის, არამედ ქალაქის სტუმრების, ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის. საკრებულომ მიიღო ასევე მნიშვნელოვანი დადგენილება, დაამტკიცა „ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი“.

ყოველდღიურ საქმიანობაში ჩვენი მოქმედების მთავარი პრინციპია მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა, გამჭვირვალობა, საჯაროობა, სექტორებს შორის თანამშრომლობა, მჭიდრო კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოების სხვადასხვა ფოკუსჯგუფებთან და მათთან მუდმივ დიალოგის რეჟიმში ყოფნა. ამ მიმართულებით ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ სხვადასხვა რესურსს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოიპოვოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია თვითმმართველობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე გაეცნოს არსებულ პროექტებსა და პროგრამებს.

2016 წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულმა ღონისძიებებმა მოიცვა 3778251 ლარი. კერძოდ ქალაქ ქობულეთში კეთილმოეწყო ბაგრატიონის, აბაშიძის, კომახიძის, ლესელიძის ქუჩები, რუსთაველის ქუჩა, ცენტრალურ სასაფლაომდე მისასვლელი გზა, ქალაქში არსებულ ასფალტის საფარს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მოეწყო მოსაცდელები, სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთებში გაკეთდა ჯებირები, ჩასასვლელი კიბეები და პანდუსები.

მრავალბინიანი სახცხოვრებელი სახლებისა და ეზოების მოწესრიგების მიზნით დაიხარჯა 1508430 ლარი. გადაიხურა 27 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი.

IMG_1532

ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე ასლან ჭანიძე

წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობის, წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციისათვის დაიხარჯა 7296949 ლარი. მოეწყო წყალსადენის სისტემები სათავე ნაგებობები და რეზერვუარები საჭიროებების მიხედვით სოფელ ხუცუბანში, ჩაისუბანში, ზედა სამებაში, ლეღვაში, ქაქუთში, საჩინოს თემში, ჭახათში, დაბა ოჩხამურში განხორციელდა 4 ერთეული წყალსაქაჩი ტუმბოს მოწოდება-მონტაჟი, დაბა ჩაქვში სოფელ ბუკნარის წყალსადენის მაგისტრალს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ქობულეთში განხორციელდა თამარ მეფის სანაპიროს სასმელ-სამეურნეო რეაბილიტაცია, კერძოდ მოეწყო ახალი წყლის სისტემა და გამრიცხველიანება.

სანიაღვრე არხებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციისათვის და მოვლა-შენახვისათვის დაიხარჯა 2137816 ლარი. სამუშაოები ჩაუტარდა მტს-ის და კარიერის უბნის სისტემებს, ჩოლოქის დასახლებას, გელაურის დასახლებას. მოეწყო აღნიშნულ უბნებში სანიაღვრე არხები და სატუმბო სადგურები. დაბა ჩაქვში და სოფელ ბობოყვათში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოეწყო სანიაღვრე კანალიზაცია და განხორციელდა საკანალიზაციო სისტემის მაგისტრალური ხაზის რეაბილიტაციის სამუშაოები.

საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციისათვის და ინვენტარით უზრუნველყოფისათვის დაიხარჯა 2275435 ლარი. კერძოდ საუბარია სოფელ ზენითის, დაბა ჩაქვის, დაგვას, ცეცხლაურის, ხუცუბნის, გელაურის და ქობულეთში ფიჭვნარში საბავშვო ბაღების მოწყობაზე. მოხდა ხუცუბნის, დაბა ჩაქვის საბავშვო ბაღების გაზიფიცირება. კეთილმოეწყო გელაურის საბავშვო ბაღი.

სპორტული მოედნები გაკეთდა ქობულეთის ტურისტული ზონის ტერიტორიაზე, სოფელ დაგვაში, მუხაესტატეში, ქობულეთის ცენტრალურ სტადიონს ჩაუტარდა რემონტი, ფიჭვნარში აღდგა სტადიონის სექციები, სოფელ სახალვაშოს, ჭავჭავაძის უბნის და რუსთაველის 162 -ის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედნებს ჩაუტარდათ რეაბილიტაცია. რისთვისაც დაიხარჯა 816296 ლარი.

მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობითი ღონისძიებებისათვის 918796 ლარი დაიხარჯა. კეთილმოეწყო სკვერები, პარკები და მოედნები. კერძოდ მემედ აბაშიძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წინ და ცენტრალური ბიბლიოთეკის მიმდებარედ მოეწყო სკვერები, მოეწყო რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, განხორციელდა ცენტრალურ პარკში ამფითეატრისა და დაბა ჩაქვის პარკში არსებულ ხის ხიდის საფარების რეაბილიტაცია. კარიერის დასახლებაში სკვერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

მუნიციპალიტეტის შენობა-ნაგებობის (უფასო სასადილოს შენობა, საფერშლო პუნქტი, ამბულატორია) სარემონტო და კეთილმოწყობითი სამუშაოებისათვის დაიხარჯა 11025 ლარი. უფასო სასადილოს ჩაუტარდა რემონტი და გაზიფიცირდა. ხუცუბანში არსებულ საფერშლო პუნქტს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ რკინა-ბეტონისა და ლითონის კონსტრუქციების შეკეთებისათვის 54400 ლარი იქნა გახარჯული.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და მომსახურების შესყიდვისათვის 134000 ლარი დაიხარჯა.

აღნიშნული სამუშაოების ჩატარებისათვის ჯამში 2016 წელს დახარჯულია 18905973 ლარი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  დაგეგმილი საქმიანობა ხშირად მიმდინარეობს შეფერხებით -რაც ბუნებრივია იწვევ მოსახლეობის უკმაყოფილებას. სამწუხაროდ, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს, რის გამოც ხშირად არ ხდება პრობლემის მოგვარება ან უხარისხოდ ასრულებენ აღებულ ვალდებულებებს . მუნიციპალიტეტი ვერ აიძულებს ფირმებს  და მიმართავს სამართლებრივ გზებს, რაც აჭიანურებს პროცესს, შედეგად კი, პრობლემა მოუგვარებელი რჩება.

გოგიტა გაბაიძე, ბობოყვათის მკვიდრი:

მაინტერესებს როდის მოწესრიგდება წყლის სისტემა ბობოყვათში და მოხერხდება თუ არა ფეხბურთის მოედნის მოწყობა?

სულხან ოქროპირიძე, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე:

წყლის სისტემასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მოგვარება დაგეგმილია და გამოცხადებულია ტენდერი.

დაგეგმილია ბობოყვათის სტადიონის მოწყობა, სურვილი გვაქვს, სტადიონი იქცეს სავარჯიშო ბაზად, რათა საქართველოსა და სხვადასხვა ქვეყნის გუნდებმა გვესტუმრონ ქობულეთში და საწვრთნელ მოედნად გამოიყენონ ბობოყვათის სტადიონი.

ოთარ ქათამაძე, ბობოყვათის მკვიდრი:

მე მინდა ახალგაზრდების დაინტერესებაზე ვისაუბრო, ყველა გარბის სოფლიდან, ახლაც ამ შეხვედრას ახალგაზრდები არ ესწრებიან და ეს არის ძალიან ცუდი, მათი დაინტერესება უნდა მოხდეს. სამწუხაროდ ახალგაზრდები ვერ ხედავენ პერსპექტივას და ყველა ცდილობს დატოვოს სოფელი. სახელმწიფომ, მუნიციპალიტეტმა უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე.

თამაზ მახარაძე, ბობოყვათის მკვიდრი:

დიდ პრობლემას წარმოადგენს ელექტროენერგიის მიღების საკითხი, არსებული ელექტროანძები და ხაზები არის მოძველებული, რის გამოც ხშირად ითიშება შუქი. როგორ აპირებს მუნიციპალიტეტი ამ საკითხების მოგვარებას? გარდა ამისა, მაინტერესებს ინტერნეტთან დაკავშირებით რა იგეგმება?

სულხან ოქროპირიძე, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე:

ინტერნეტს რაც შეეხება, ქობულეთის 15 სოფელი და მათ შორის ბობოყვათიც მოხვდა ინტერნეტიზაციის პროგრამაში, რაც გულისხმობს ინტერნეტის ქსელის მონტაჟს და შესაბამისად ეს საკითხიც მალე მოგვარდება.

ხოლო ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ პრობლემებს რაც ეხება, ეს სცილდება მუნიციპალიტეტის კომპეტენციას. პასუხისმგებლობა ელექტრომომარაგებაზე ეკისრება შესაბამის კომპანიას, რომელმაც უნდა იზრუნოს რეაბილიტაცია/განახლებაზე.

ბობოყვათის შეხვედრის მონაწილეები

ბობოყვათის შეხვედრის მონაწილეები

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ  ჟურნალისტთა  სახლის“ ორგანიზებითა და ფონდ  NED-ის  მხარდაჭერით გაიმართა

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი - ლოგო

 

 

NED

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: