მთავარი,სიახლეები

აქციის შემდეგ 65 პირი დააკავეს – სახალხო დამცველის მონაცემები

13.03.2017 • 1703
აქციის შემდეგ 65 პირი დააკავეს – სახალხო დამცველის მონაცემები

სახალხო დამცველის წარმომადგენლები ბათუმში საპროტესტო აქციის შემდეგ დაკავებული მოქალაქეების მონახულებას განაგრძობენ. მათი მონაცემებით, დაკავებული იყო 65 ადამიანი და არა 40, რაზეც აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია.

„სამი პირი დაკავების დროს ძალადობის გამოყენების შესახებ საუბრობს. მათ შესახებ ჩანაწერებს პოლიციის განყოფილებაში შეყვანის, ან გაწერის დროს არ გავცნობივართ. მონიტორინგი ამ კუთხით გრძელდება,“- გვითხრა ციალა ქათამიძემ, სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა.

მისი თქმით, მონაცემები ცვალებადია და  ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება წინასწარი დაკავების იზოლატორში. ომბუდსმენის წარმომადგენლები დღეს იმ პოლიციელების მონახულებასაც აპირებენ, რომლებმაც აქციის ღამეს დაზიანებები მიიღეს.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციის შემდეგ სხვადასხვა კლინიკაში სულ 34 ადამიანი მოხვდა, მათ შორის, 15 პოლიციელი. ამ დროისთვის ისინი საავადმყოფოში მკურნალობას აღარ გადიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აზუსტებს, რამდენი ადამიანი დააკავეს 11 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებიდან შვიდს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთი მონაწილე 250 ლარით დააჯარიმა, ხოლო ერთი – გააფრთხილა. სხვა საქმეებით, მათ შორის, სისხლის სამართლის კუთხით, პროკურატურას სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: