ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი „ბენზეში“ სათბურს აშენებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი თამარის დასახლებაში, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის ეზოში, სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულების მიზნით, სათბურს აშენებს.

სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულების სათბური ინსტიტუტის ეზოში 400 კვადრატზე მოეწყობა. სათბურის მშენებლობა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება, რისთვისაც 60 000-მდე ლარია გამოყოფილი.

თამარის [„ბენზეს“] დასახლებაში არსებულ მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგრარული მიმართულება ისწავლება. სათბურში სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გაივლიან და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს განახორციელებენ.

ამ ფაკულტეტის სტუდენტები მწვანე კონცხზე, ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე მდებარე შენობაში სწავლობდნენ. მწვანე კონცხზე არსებული შენობის მიმდებარე ტერიტორია, შენობაც და საერთო საცხოვრებელიც, აჭარის მთავრობამ აუქციონზე გაყიდა. უნივერსიტეტის ყოფილი ქონება იყიდა ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ.

ფოტო: ბსუ-ს ფეისბუქ გვერდიდან

მწვანე კონცხზე 13640 კვ/მ მიწა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ შეიძინა

უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემები გრიშაშვილის #5-ში

 

 

საკურას ყვავილობა – [Photo]

ბათუმში საკურა აყვავდა.

იაპონური კულტურის სიმბოლოდ ქცეული ალუბლის ხეების ბაღი ბათუმში 2014 წელს გააშენეს.

ბათუმში საკურა აყვავდა  4.04.2017
ბათუმში საკურა აყვავდა
4.04.2017

 

IMG_0043

 

IMG_0027

IMG_0049

იგეგმება თუ არა ახალი გზის მშენებლობა და ოჯახების ასახლება „ბონი-გოროდოკის“ უბანში

ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და ვოლსკის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ აქვთ ინფორმაცია, თითქოს იგეგმება ახალი გზის მშენებლობა [გოგოლის ქუჩიდან გოროდოკის დასახლების მიმართულებით], რის გამოც რამდენიმე ოჯახის ასახლება იქნება აუცილებელი.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ბათუმის მერიაში.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის განცხადებით, აღნიშნულ უბანში ახალი გზის მშენებლობა არ განიხილება, მეტიც, აქ არც არსებული  [მაიაკოვსკისა და ვოლსკის] ქუჩების გაფართოებაა დაგეგმილი.

რაც შეეხება გოგოლის ქუჩას, პერსპექტივაშია მისი გაფართოება მაიაკოვსკის ქუჩიდან ბარცხანის დასახლების მიმართულებით, ნონეშვილის ქუჩამდე, თუმცა ეს მონაკვეთი ჯერ დაპროექტებულიც არ არის.

თენგიზ პეტრიძის განცხადებით, ამ უბანში ახალი გზის მშენებლობის სამუშაოები ფაქტობრივად დასრულდა. ამ სამუშაოებში შედიოდა ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება გოგოლის ქუჩამდე [შავშეთის ქუჩის გადაკვეთამდე არის ბაგრატიონის ქუჩა, ხოლო ამ ქუჩის გაგრძელება შავშეთის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე – ერისთავის ქუჩა].

მიმდინარე თვეში მაიაკოვსკისა და ვოლსკის ქუჩებზე, ბონის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა [წყლისა და კანალიზაციის სისტემების] სამუშაოები უნდა დაიწყოს, რომლის დასრულების შემდეგადაც დაიწყება ამ ქუჩების კეთილმოწყობა – ამბობს ჯაბა ტუღუში, ბათუმის მერის მრჩეველი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში.

გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთა
გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთა
IMG_20170326_154545
ერისთავის ქუჩა

ბათუმის სასამართლოსგან დასჯილი სააპელაციომ გაამართლა

მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ ძარცვაში მსჯავრდებული პირი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. ეს პირველი შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გამამართლებლით შეცვალა.

ძარცვის შემთხვევა 2015 წლის ნოემბერში მოხდა ბათუმში, თამარის დასახლებაში. საცხოვრებელ კორპუსში ნიღბიანმა ოთხმა პირმა დედა-შვილი გაძარცვა. გამოძიების მასალების მიხედვით, ძარცვის ფაქტიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში იპოვა ოქროს ბეჭედი (500 ამერიკულ დოლარად შეფასებული), საფულე და 300 ლარი. დაკავებული ოთხი ბრალდებულიდან სამი დედა-შვილმა გამოძიების ეტაპზე ამოიცნო. მეოთხე ირაკლი კ. იყო, ვის წინააღმდეგაც გამოძიებას მხოლოდ ერთი მტკიცებულება ჰქონდა – სატელეფონო ანძის ჩანაწერი, რითაც დასტურდებოდა ირაკლი კ.-ს თამარის დასახლების ტერიტორიაზე ყოფნა იმ საღამოს, როცა დედა-შვილს ხელკეტების მუქარით წაართვეს ფული და ოქროს ბეჭედი.

პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის მიუხედავად, ირაკლი კ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ირაკლი შავაძემ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ.

პაატა დიასამიძე, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ამ გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად აფასებს. ის ძარცვის საქმეში ბრალდებულებიდან მხოლოდ ირაკლი კ.-ს ინტერესებს იცავდა.

“პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი იყო დაუსაბუთებელი და იგი ძირითადად ეფუძნებოდა ირიბ ჩვენებებს, ვინაიდან პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ი.კ.-ს ბრალად შერაცხულ ქმედებაში მონაწილეობის ფაქტს, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვებოდა,” – გვიყვება პაატა დიასამიძე.

გამამართლებელი განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებმა: ვერა დოლიძემ, თეიმურაზ სვანიძემ და მარინე სირაძემ მიიღეს. მათ პატიმრობაში დატოვეს ამ საქმეში ბრალდებული სამი პირი.

ამ ეტაპზე უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ამ გამამრთლებელ განაჩენს პროკურატურა უზენაეს სასამართლოში.

ტრენინგები გიდობის მსურველებისთვის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში გიდებისთვის ტრენინგები იწყება. მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველთა რეგისტრაცია სააგენტოში 5 აპრილამდე გაგრძელდება. ტრენინგების ფარგლებში 60 გიდის გადამზადება მთიანი აჭარის 4 ტურისტული მიმართულებით იგეგმება:

მაჭახელას მარშრუტი + მაჭახელას დაცული ტერიტორია
ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი
მაღალმთიანი აჭარა – ჩირუხის მარშრუტი, სხალთა – ხიხანის მარშრუტი, ხულო. გოდერძი – მწვანე ტბის მარშრუტი
დაცული ტერიტოერიები: კინტრიში, მტირალა, ისპანი + ფრინველებზე დაკვირვება (სახალვაშო-შუამთა)

ტრენინგების საშუალოდ ორ კვირას გაგრძელდება და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სალექციო პროგრამას, რომელიც როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ასევე, უშუალოდ ტურისტულ მარშრუტებზე ჩატარდება. ტრენინგებს ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიათმძღოლები ჩაატარებენ.

სატრენინგო პროგრამაში ჩართვა მოქმედი გიდების გარდა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მსურველებმა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად უნდა ეწვიონ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ფარნავაზ მეფის 84/86-ში ან გამოგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე Agency@gobatumi.com., ასევე ინფორმაცია, თუ რომელენოვანი გიდია და რომელი მიმართულებით სურს გადამზადება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 5-დან 15 აპრილამდე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში ჩატარდება გასაუბრება, სადაც გადაარჩევენ ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებს და ჩავამენ და შესაბამის სატრენინგო პროგრამაში. ტრენინგები აპრილის ბოლოდან დაიწყება და 15 ივნისამდე გაგრძელდება.

ფოტო: pfr.co.uk

ბათუმის ნავსადგურში თურქული სამხედრო გემები შემოვიდნენ

ბათუმის ნავსადგურში მარმარილოსა და შავ ზღვაში დაგეგმილი წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2017″-ის ფარგლებში, სარაკეტო კატარღა TCG Kalkan (P-331) და ფრეგატი TCG Yıldırım (F-243) შემოვიდნენ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხვალ, 4 აპრილს, მსურველებს  გემების დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ, 5 აპრილს კი საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან დაგეგმილია ერთობლივი წვრთნების ჩატარება.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების – TCG Kalkan-ისა და TCG Yıldırım-ის ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი ესწრებოდნენ.

რა უპირატესობა აქვს თხევად გაზს ავტომობილის საწვავად გამოყენების დროს

ამერიკაში, ევროპის განვითარებულ ქვეყნებსა თუ თურქეთში ავტომანქანების მფლობელები დიდი ხანია თხევად გაზს მოიხმარენ, ანუ თითქმის აღარ იყენებენ ბუნებრივ გაზს. მსოფლიო ბაზარზე თხევადი გაზის (LPG) წილი ყოველწლიურად იზრდება. თხევადი გაზის მომწოდებელი ლიდერი კომპანია ISLET GROUP-ი საქართველოში ოპერირებს სავაჭრო ნიშნით – EcoGas-ი.

აჭარის რეგიონში ISLET GROUP-ის შვილობილი კომპანია შპს „აჭარინვესტია“, რომელიც ქობულეთში, ხელვაჩაურსა და ბათუმში ფლობს გაზგასამართ სადგურებსა და თანამედროვედ აღჭურვილ სამონტაჟო ცენტრს.

რა უპირატესობა აქვს თხევად გაზს, როგორც ალტერნატიულ საწვავს, რატომ იზრდება მისი მოხმარება მსოფლიო ბაზარზე, რატომ ანიჭებს მომხმარებელი ამ საწვავს უპირატესობას? – ამის დადგენა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალით შეიძლება:

ხელსაყრელი პირობები ბაზარზე ალტერნატიული საწვავისთვის

ეკონომიურობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე თხევად გაზზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ევროპასა და თურქეთში. მეზობელ თურქეთში, მაგალითად, ტაქსის კომპანიების 80% ოპერირებს თხევად გაზზე მომუშავე მანქანებით.

ეს საწვავი პოპულარულია კერძო პირებს შორისაც. საქართველოში, გასულ წლებში, ბუნებრივ გაზსა და სხვა საწვავს შორის ფასთა სხვაობა დიდი იყო. მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, მოსახლეობას მანქანები გადაჰყავდა ბუნებრივ გაზზე.

ბოლო წლებში თხევადი გაზის ბაზარზე გაჩნდა არაერთი მომწოდებელი, რამაც პროდუქტზე ფასები შეამცირა. ამასთან, თითქმის 50%-ით გაძვირდა ბუნებრივი გაზი და სხვა ნავთობპროდუქტები. ამ ვითარებაში თხევადი გაზის ფასი უკონკურენტოა.

თხევადი გაზი რამდენად უსაფრთხოა ბუნებრივ გაზთან შედარებით?

წნევა ბალონში, სადაც იტუმბება ბუნებრივი გაზი, 250-დან 300 ატმოსფერომდეა, თხევადი გაზის ბალონში კი – 12 ატმოსფერო. ე.ი. დაახლოებით 30-ჯერ მეტი წნევაა ბუნებრივი გაზის იმ ბალონში, რომელიც მანქანაშია დამონტაჟებული.

ბუნებრივი გაზის აპარატურის ექსპლუატაციის ვადებს სახელმწიფო აკონტროლებს, თუმცა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამ ორ პროდუქტს შორის სხვაობა მაინც არსებობს – ატმოსფერულ წნევებს შორის სხვაობის სახით.

განვითარებული ქვეყნების დიდ აეროპორტებსა და სავაჭრო ცენტრებში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აკრძალულია ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანების გაჩერება… თხევადი გაზის შემთხვევაში ექსპლუატაციის ვადა ისეთივეა, როგორც ბენზინის შემთხვევაში.

გარდა ამისა, თხევადი გაზის წვის ტემპერატურა ბუნებრივი აირის ტემპერატურაზე თითქმის სამჯერ ნაკლებია, ისევე როგორც აალების ტემპერატურა.

ალტერნატიული საწვავის მოქმედება მანქანის ძრავაზე

ბუნებრივი გაზის გამოყენების დროს წვა მშრალი გზით ხდება, არ აქვს, მაგალითად, ზეთი, რასაც ძრავა 2-3 წლის შემდეგ მწყობრიდან გამოჰყავს.

თხევადი გაზი ისევე ზემოქმედებს ძრავაზე, როგორც, მაგალითად, ბენზინი. 95-ოქტანიანი ბენზინი (პრემიუმის ტიპის) რა სიმძლავრითაც ამუშავებს მანქანის ძრავას, მსგავსი წვა აქვს თხევად გაზსაც. კონდიციონერის მუშაობისას ძრავი მუშაობს სრული დატვირთვით და არ მცირდება სიმძლავრე.

ეკონომიურობა ბენზინთან ან ბუნებრივ გაზთან შედარებით

1 ლიტრი თხევადი გაზი უდრის თითქმის 1 ლიტრ ბენზინს. თუ 100 კილომეტრზე მანქანა მოიხმარს 14 ლიტრ ბენზინს, თხევადი გაზიც მაქსიმუმ 14-15 ლიტრია საჭირო.

ერთი ლიტრი ბენზინი, პრემიუმი, საშუალოდ, 2,15-2,20 ლარი ღირს, ერთი ლიტრი თხევადი საწვავი EcoGas-ის გაზგასამართ სადგურებზე 1,2 ლარი ღირს იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ამავე კომპანიაში დაამონტაჟებენ გაზის აპარატურას.

ზოგადად, თხევადი გაზის ნებისმიერი მომხმარებელი სხვა საწვავთან შედარებით 30%-დან 40%-მდე თანხას დაზოგავს.

თხევადი გაზის აპარატურით მანქანების აღჭურვა თითქმის 2-ჯერ ნაკლები ღირს, ვიდრე ბუნებრივი გაზის. მაგალითად, 4-ცილინდრიან მანქანაში 40-62 ლიტრამდე ტევადობის ბალონის მონტაჟი 1100-1200 ლარი ღირს.

New design overviewგთავაზობთ ავტომობილების თხევად გაზზე გადასაყვანი აპარატურის
შეძენა-მონტაჟს უპროცენტო განვადებით
მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი წინსვლა – თხევადი გაზის ბაზა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
593 39 54 55

 

 

ოლიმპიადა ქართულ ენაში უცხოელი და ქართველი მოსწავლეებისთვის

2017 წლის 29 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა გაიმართება.

ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები უცხოელი მოსწავლეებიც.  პროექტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, ოლიმპიადის მიზანი ქართველ და არაქართველ მოსწავლეებში ქართული ენისადმი ინტერესის გაზრდა, წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის გამომუშავება, კითხვისა და წიგნიერებისადმი ინტერესის გაძლიერება, ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნების მეტად აღქმისა და გაცნობიერების უნარის გაზრდაა.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, წელს ოლიმპიადა კამპანია – „ვსწავლობთ ქართულად“ ფარგლებში იმართება.

ოლიმპიადის შესარჩევი ტური 8 აპრილიდან დაიწყება და თბილისის გარდა ქუთაისში, რუსთავსა და მარნეულში ჩატარდება.

ოლიმპიადა ჩატარდება სამ კატეგორიაში – საუკეთესო კალიგრაფი, მხატვრული კითხვის ოსტატი, საუკეთესო მუსიკალური ნომერი.

ოლიმპიადის ორგანიზატორია სკოლა-ლიცეუმი „სხივი“. პროექტის მხარდამჭერი კი საქართველოს განათლების სამინისტრო და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.

 

პარკირების ახალი სტრატეგიისა და ბათუმის ურბანული განვითარების გეგმის განხილვა „შერატონში“

დღეს, 3 აპრილს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონში“  ბათუმის პარკირების ახალი სტრატეგიისა და პოლიტიკის ძირითადი პრინციპების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაციის სცენარებისა და მდგრადი ურბანული გადაადგილების ინტეგრირებული გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიის წარდგენა და განხილვა იგეგმება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, საკრებულოს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აღნიშნული სფეროს დამოუკიდებელი ექსპერტები.

ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული კვლევებისა და გეგმების მომზადება ხორციელდება პროექტის – „მწვანე ქალაქები: ინტეგრირებული მდგრადი ტრანსპორტი ქალაქ ბათუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის,“ – ფარგლებში.

„პროექტის მიზანია მდგრადი და ინტეგრირებული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემების განვითარება და მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩამოყალიბება“-ნათქვამია მერიის განცხადებაში.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით. ასევე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით.

აქცია – „ციხე არ არის გამოსავალი“ ბათუმში 4 აპრილს გაიმართება

11-12 მარტის აქციაზე დაკავებულების საქმეზე რამდენიმე ბათუმელი ახალგაზრდა აქციის მოწყობას გეგმავს ლოზუნგით – ციხე არ არის გამოსავალი. აქცია ბათუმში, „აჭარის ტელევიზიის“ შენობასთან 4 აპრილს, საღამოს 6 საათზე გაიმართება. აქციაზე დაკავებულების ახლობლები სპეციალურ მოთხოვნებსაც გააჟღერებენ.

„ამ აქციით გვსურს მივმართოთ მთავრობასა და პროკურატურას, რათა პროცესები გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს. სამართლიანობაში იგულისხმება პროვოკატორთა საკადრისი დასჯა, რომლებმაც დეზინფორმაცია გაავრცელეს, ხოლო გამჭვირვალობაში – გამოძიების დროს აყვანილთა მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავებულთა მიმართ ხორციელდება ფიზიკური ძალადობა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გოჩა სურგულაძე. ის სტუდენტია და ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

გოჩა სურგულაძე ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორები პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან, ხოლო „აჭარის ტელევიზიასთან“ აქცია გაიმართება იმიტომ, რომ მათი მოთხოვნები პირდაპირ ეთერში გადაიცეს.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ პროკურატურამ ბრალი 19 პირს წაუყენა, მათგან 18 წინასწარ პატიმრობაშია, ხოლო ერთი არასრულწლოვანი – გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. გამოძიება ბრალდებულებს მასობრივი არეულობის მოწყობას, პოლიციელებსა და საჯარო უწყებებზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელით.

“ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ 

პოლიცია „ბათუმის აქციის“ მონაწილეებთან წაგებულ საქმეებს ასაჩივრებს 

 

ერთი მღვდლის გადაწყვეტილება: ბზის გარეშეც შეიძლება ბზობის აღნიშვნა

ბზების ნაცვლად ნებისმიერი სხვა მცენარით ბზობის აღნიშვნისკენ დღეს, 2 აპრილს, საკვირაო ქადაგების დროს დეკანოზმა სერგი რუხაძემ მოუწოდა მრევლს. ის ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარია. ქადაგების დროს მან გადაშენების პირას მყოფ ბზაზე ისაუბრა და მორწმუნეებს დართო ნება, მომავალ კვირას, ბზობის დღესასწაულზე ტაძარში სხვა მცენარით მივიდნენ.

არის თუ არა ეს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება – ეპისკოპოს დიმიტრის რეზიდენციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ არიან. „არ ვიცი, თვითონ მამა სერგის ჰკითხეთ, ვისგან ჰქონდა კურთხევა“, – გვითხრა მიტროპოლიტ დიმიტრის მდივანმა, თამარ ჩხაიძემ.

დეკანოზი სერგი რუხაძე
დეკანოზი სერგი რუხაძე

დეკანოზი სერგი რუხაძე: „ასე იყო კი, რაა ამაში ცუდი? ბზა გადაშენების პირასაა და კიდევ მოვატეხოთ ტოტები, არ იქნება კარგი. ეს ჩემი პირადი განწყობაა. ბზის გარეშეც შესაძლებელია ბზობის დღესასწაულის ჩატარება. ისრაელში საერთოდ არ არის ბზის კულტურა. იქ მაცხოვარს შეხვდნენ პალმის რტოებით, ან საკუთარ შესამოსელს უფენდა ხალხი პატივისცემის ნიშნად. ჩვენთან დამკვიდრდა ბზის ტრადიცია, რადგან ბზა ყოველთვის  ბევრი იყო აქ.“

კითხვაზე, ვისთან შეთანხმებით მიიღო ეს გადაწყვეტილება, სერგი რუხაძემ გვიპასუხა: „ეს არის ჩემი პირადი განწყობა. ეკლესიაში სხვა სასულიერო პირებთან ამაზე საუბარი არ მქონია…“

სერგი რუხაძემ მრევლს მისცა კურთხევა ბზის ნერგებითაც აღნიშნონ ბზობის დღესასწაული, თუკი ამის შესაძლებლობა იქნება.

გაყიდის თუ არა თავად ეკლესია ბზის ნერგებს? – წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი ამის შესახებ ჯერ ვერაფერს ამბობს.

კოლხური ბზა წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა, რომელიც ამ ეტაპზე ნადგურდება.


ენდემური მცენარე კოლხური ბზა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64/1 მუხლის მიხედვით, ბზის, როგორც წითელი ნუსხით დაცული სახეობის მოჭრა, ამოძირკვა და ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყება.

პარლამენტი ნატოს სესიისთვის 150 ათას ლარად ავტომანქანებს დაიქირავებს

საქართველოს პარლამენტი მაღალი კლასის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მძღოლებთან ერთად დაიქირავებს, რაშიც 150 ათას ლარამდე გადაიხდის. ტრანსპორტის დაქირავების მიზანია ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და სესიის ფარგლებში სხვა ღონისძიებების მონაწილეების [სავარაუდოდ, 500-600 ადამიანის] მომსახურება.

შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება 4 აპრილს დაიწყება და 6 აპრილს დასრულდება. სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ასევე ავტოტრანსპორტის უცხოური ენების მცოდნე კოორდინატორებით მომსახურება, კერძოდ:

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ღონისძიების მონაწილეთათვის განკუთვნილი ყველა სასტუმროს და ღონისძიების ჩატარების ადგილის საინფორმაციო კუთხეების კოორდინატორებმა უნდა უზრუნველყონ სტუმრების შეუფერხებელი განთავსება ავტოსატრანსპორტო საშუალებებში, ხოლო ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილებისთვის გამოყოფილმა კოორდინატორებმა უნდა უზრუნველყონ ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება;
  • მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს კოორდინატორებს შორის სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია;
  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ღონისძიების ჩატარების ადგილის საინფორმაციო კუთხესთან და ავტოტრანსპორტის პარკირების ადგილზე (ადგილების გამოყოფას უზრუნველყოფს პარლამენტი) უნდა განთავსდეს ინგლისური და რუსული ენების მცოდნე ორ-ორი კოორდინატორი შესაბამისი საპროტოკოლო ჩაცმულობით.

მომსახურების მიწოდების პროცესში ჩართული მძღოლები:

  • არ უნდა იყვნენ დაჯარიმებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის და 125-ე მუხლის მე-4 პუნქტით ბოლო ერთი წლის განმავლობაში;
  • მძღოლები უნდა იყვნენ ორგანიზებულნი, მოწესრიგებულნი, პუნქტუალურნი, შესაბამისი საპროტოკოლო ჩაცმულობით;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის პერიოდში მძღოლები არ უნდა ეწეოდნენ თამბაქოს.

პარლამენტი რამდენიმე ერთეულ მაღალი კლასის ავტობუსს, მიკროავტობუსს, ავტომანქანას [VIP], ასევე მსუბუქი კლასის ავტომანქანასა და ბარგის დახურულ მიკროავტობუსს დაიქირავებს. დაქირავებული ტრანსპორტით მომსახურება, შესყიდვების ვებგვერდის მიხედვით, უნდა განხორციელდეს საჭიროების მიხედვით, სავარაუდოდ, 2017 წლის 24 მაისიდან 2017 წლის 30 მაისის ჩათვლით.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 2017 წლის 26-29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზებისთვის პარლამენტი 3 მილიონი ლარის ფარგლებში პირდაპირ შესყიდვაზე თანხმობასაც ითხოვდა, რაც შესყიდვების სააგენტომ 28 მარტს დააკმაყოფილა.

„ოცნების ქალაქი“ – სახალხო დამცველის რეკომენდაცია მთავრობას

„უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება აჭარაში, კერძოდ, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონების ტერიტორიაზე თვითნებურად მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და მათ საჭიროებებზე მორგებული დახმარებების შეთავაზების საკითხი,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი ე.წ. „ოცნების ქალაქის“ შესახებ საპარლამენტო ანგარიშში, რომელიც პირველ აპრილს გამოქვეყნდა.

ომბუდსმენის შეფასებით, სამთავრობო კომისიამ ვერ დადო ამ საკითხზე სტრატეგია და რეკომენდაცია, რომელიც თავშესაფრის არმქონე პირების მდგომარეობას გააუმჯობესებდა. „არ მომხდარა „კარდაკარის“ მეთოდით შესწავლა და კომისიამ მუნიციპალიტეტების გამგებლებს დაავალა მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ამ ოჯახების მონაცემების შეგროვება,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

„ოცნების ქალაქზე“ სახალხო დამცველი ხელისუფლებას სხვადასხვა რეკომენდაციით მიმართავს 2013 წლიდან. ამჯერად უჩა ნანუაშვილი კონკრეტულ რეკომენდაციას პარლამენტს სთავაზობს: „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს უსახლკარო პირის არსებული დეფინიციის კორექტირება და სრულყოფა, რათა მან მოიცვას უსახლკაროების სხვადასხვა ფორმა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სათანადო საცხოვრებლის უფლების სუბიექტებს წარმოადგენენ“.

ამავდროულად, ომბუდსმენი მიმართავს მთავრობას რეკომენდაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოსაგვარებლად გაიწეროს კონკრეტული ღონისძიებები.


ამავე თემაზე:

„ოცნების ქალაქი აღებაშია?“ – ავტობანი და კომპენსაციის მოლოდინები 

 

რა უთხრეს დეპუტატებმა გამოძიებას „ბათუმის აქციის საქმეზე“

„სახეზე არავინ დამიმახსოვრებია და მათი ამოცნობა არ შემიძლია,“ – ასე სრულდება „ბათუმის აქციის საქმეზე“ უმაღლესი საბჭოს სამივე დეპუტატის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“: მერაბ კარანაძე, ლადო მგალობლიშვილი და ილია ვერძაძე  ჩვენებაში ამბობენ, რომ აქციაზე მონაწილეების „დამშვიდების და მდგომარეობის განმუხტვის მიზნით“ მივიდნენ.

მერაბ კარანაძის, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჩვენებიდან: “პირადად მე და ასევე სხვა დეპუტატებმა დავიწყეთ ხალხის დამშვიდება და მათთან საუბარი, რომლებიც იქცეოდნენ ძალიან აგრესიულად, არ სურდათ მათ არავისთან საუბარი, რომელთა მოთხოვნა იყო დაკავებული პირების დაუყონებლივ გათავისუფლება და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა… მომიტინგეები უფრო აგრესიული ხდებოდნენ, მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მათი მხრიდან იყო პოლიციის მუშაკების მიმართ აგრესია, გაიძახოდნენ პოლიციის მისამართით დამამცირებელ, უწმაწურ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს, იქნევდნენ მათი მიმართულებით ქვებს და სხვა მძიმე საგნებს და ცდილობდნენ პოლიციის დეპარტამენტის ეზოში ძალის გამოყენებით შეჭრას, რის საშუალებასაც არ აძლევდნენ პოლიციის მუშაკები“.

დეპუტატები ჩვენებაში აღნიშნავენ, რომ როცა ისინი აქციაზე მივიდნენ, იქ დაახლოებით 300-400 ადამიანი იყო. მათი თქმით, თავიდანვე ინფორმირებული იყვნენ აქციის შესახებ უმაღლესი საბჭოს სხვა დეპუტატები და თავმჯდომარე, დავით გაბაიძე.

11-12 მარტის აქციის შემდეგ, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე 19 პირს წაუყენა ბრალი, მათ შორის, 18 წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ხოლო ერთი გირაოს სანაცავლოდ გათავისუფლდა. მათი საქმის განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლო 8 მაისს დაიწყებს.

ამავე საქმეზე ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 79 პირი დააკავა. მათგან 64 შემთხვევა უკვე განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. სამართალდამრღვევებად მიჩნეულების უმეტესობას სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ამავე თემაზე:

აჭარის საპატრულოს უფროსის, კახა ბუხრაძის ჩვენება

პოლიცია „ბათუმის აქციის“ მონაწილეებთან წაგებულ საქმეებს ასაჩივრებს 

გიორგი მამალაძის პირველი მხარდამჭერი აქცია ბათუმში

ამ წუთებში [14:20] ბათუმში, ბარბარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე სკვერში დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე არ ისმის მიმართვის ტექსტები.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მოწყობილი აცხადებს, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და აუცილებლად გაგრძელდება.

„დღეს შევიკრიბეთ ნიშნად სოლიდარობისა მამა გიორგის მეგობრები, მრევლი, ნათესავები და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაკავებულ დეკანოზს… ამ უსამართლობასთან ბრძოლაში მამა გიორგი არ იქნება მარტო. მინდა, რომ ის ილუზიები გავაქარწყლოთ, რაც საზოგადოებაში სუფევს, რომ თითქოს მამა გიორგი არის ამ უსამართლობასთან ბრძოლაში მარტო.

რაც შეეხება გამოძიებას, გარკვეული ეჭვები გამოძიებასთან მიმართებაში ოჯახის წევრებს და მის მეგობრებს გაგვაჩნია“.

„მღვდელი რასაც იტყვის, ის მართალია. ამბიონიდან, როცა გეტყვის ადამიანი, გიყვარდეთ ერთმანეთიო, როგორ შეიძლება, მისი არ გჯეროდეს? არ ვიცი, რატომ არ არიან აქ სასულიერო პირები.  როგორც ჩანს, ყველა მოლოდინის რეჟიმშია. მე მიკვირს, რა აკეთებს აქამდე გამოძიება, რატომ ვერ დადეს მტკიცებულებები?“ – ამბობს ნინო ჯიმშელაძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის მრევლის წევრი.

მრევლის კიდევ ერთ წევრს, ნანა მამულაიშვილსაც არ სჯერა გამოძიების ოფიციალური ვერსიის: „მამა გიორგი ციანიდს არ იყიდდა. ის სამი ქართველი ბიჭის მამაა, ორი ძმა ჰყავს და ერთი და, ასეთ ნაბიჯზე როგორ წავიდოდა? ის ჩემი მოძღვარი იყო და მე მისი მჯერა“.

ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი მამალაძის მეზობელი: „აქ ის ადამიანები შევიკრიბეთ, ვისაც გვჯერა გიორგის სიმართლის. მტკიცებულებები, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა, არავისთვის არაა დამაჯერებელი და მე რატომ უნდა მჯეროდეს?“

აქციაზე ძირითადად დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობრები, მეზობლები, მრევლის წევრები და ნათესავები იმყოფებოდნენ. აქციას არ დასწრებიან სასულიერო პირები. გიორგი მამალაძე წლების განმავლობაში სწორედ ბათუმში ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო.

17777060_1492558494102358_1203644106_o
დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერები აქციაზე ბათუმში / 2.04.2017 / ჯაბა ანანიძის ფოტოები

17761258_1492569550767919_1985286569_o


პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ის ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

ექსკურსია მოსწავლეებისთვის აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გეგმავს ინკლუზიურ სწავლაში ჩართულ ბავშვებსა და ასევე აჭარის მუნიციპალიტეტების [გარდა ბათუმისა] საჯარო სკოლის მოსწავლეებს ღირშესანიშნაობები და მუზეუმები დაათვალიერებინოს. ღონისძიება ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს უკავშირდება და ბავშვებისთვის სხვა აქტივობებიცაა დაგეგმილი.

თუ რა პრინციპით შეარჩევს სააგენტო მოსწავლეებს, სატენდერო პირობებში გაწერილი არ არის. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განუმარტეს, მოსწავლეების შერჩევაში მათ მუნიციპალიტეტებში არსებული განათლებისა და კულტურის განყოფილებები დაეხმარებათ. განყოფილებებმა ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები და ასევე წარჩინებული მოსწავლეები უნდა შეარჩიონ.

ღონისძიებების ორგანიზების მომსახურებას სააგენტო გამარტივებული ტენდერის საშუალებით შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაქსიმუმ 13 ათასი ლარია.

კვირეულის [18-21 აპრილი] ფარგლებში ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს:

  • ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების [40 მოსწავლე] ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით. მარშრუტი: ხულო – ბათუმი – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; კინოთეატრი აპოლო – ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი – გასართობი ცენტრი-ხულო.
  • შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების [40 მოსწავლე] ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით. მარშრუტი: შუახევი – ბათუმი – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ; კინოთეატრი-ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი; გასართობი ცენტრი-შუახევი.
  • ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების [40 მოსწავლე] ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით. მარშრუტი: ქედა – ბათუმი – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; კინოთეატრი-ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი; გასართობი ცენტრი- ქედა.
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების [20 მოსწავლე] ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით. მარშრუტი: ხელვაჩაური – ბათუმი – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი – კინოთეატრი – ხარიტონ ახვლედიანის სახ. მუზეუმი- გასართობი ცენტრი – ხელვაჩაური.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების [20 მოსწავლე] ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით. მარშრუტი: ბათუმი – ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი; – კინოთეატრი – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი – გასართობი ცენტრი – ქობულეთი.

ყველა შემთხვევაში გათვალისწინებულია ბავშვების კვებაც. კინოთეატრში კი – შემეცნებითი და ანიმაციური ფილმების ჩვენება; გასართობ ცენტრში პროგრამის ხანგრძლივობა უნდა იყოს არა ნაკლებ 2 საათისა, არანაკლებ 2 ჯამბაზის მონაწილეობით. ღონისძიებაზე 200 ცალ ბრენდირებული მაისურსაც დაარიგებენ. მაისურის დიზაინი და ზომები შეთანხმდება სააგენტოსთან.

ღონისძიებებში შედის ასევე:

  • შშმ ბავშვების ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით. 45 ბავშვი; მარშრუტი: ბათუმი – მარტვილის მონასტერი, გორდის სასახლე, სალხინო – ბათუმი.

18 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეს მთელს მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ. ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა.

ფოტოზე: პეტრას ციხე / ციხისძირი /თედო ჯორბენაძის ფოტო

სხეულის დაზიანების მაჩვენებელი ბათუმის ციხეში 19-დან 212-მდე გაიზარდა

სასჯელაღსრულების ბათუმის მე-3 დაწესებულებაში სხეულის დაზიანების მაჩვენებელი 2016 წელს, გასულ წელთან შედარებით, 19-დან 212-მდე გაიზარდა. მონაცემები სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში წერია, რომელიც ომბუდსმენმა გუშინ, პირველ აპრილს გამოაქვეყნა.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კონკრეტულად ბათუმის ციხეში, სხეულის დაზიანების კატეგორიებიდან თვითდაზიანების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია [2015 წელს – 0, 2016 წელს – 180]. საყოფაცხოვრებო მიზეზით სხეულის დაზიანების 26 შემთხვევა დაფიქისირებულა გასულ წელს [2015 წელს იყო სულ 16]. ბათუმის ციხეში 2016 წელს 9 შემთხვევა დადასტურდა, როცა პატიმარს სხვა პირმა მიაყენა დაზიანება. 2015 წელს ამ გრაფის გასწვრივ ასევე წერია – ნული.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ომბუდსმენის ანგარიშში სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში სხეულის დაზიანების მაჩვენებელია მოცემული. ჯამში ეს რაოდენობა 2016 წელს 3853-ს შეადგენს, 2015 წელს კი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სულ 3892 სხეულის დაზიანების შემთხვევა დაფიქსირებულა.

ომბუდსმენი თავის ანგარიშში ბათუმის ციხის სხვა პრობლემებზეც წერს, მაგალითად, სანიტარული ნორმების დაუცველობასა და უჰაერობაზე საკნებში.

„დაწესებულების სამედიცინო პერსონლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პატიმრებს აწუხებთ ტკივილი წელის არეში, რასაც „ნარის სიმპტომს“ უწოდებენ, რაც განპირობებულია უმოძრაობით და მცირე ფართის საწოლზე ერთ პოზაში წოლით. მათ ასევე აქვთ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, გამოწვეული უმოძრაობით, კვების და ძილის რეჟიმის დარღვევით, ხშირია თავის ტკივილები, რასაც სამედიცინო პერსონალი საკანში უჰაერობას/ჟანგბადის ნაკლებობას უკავშირებს… მე-3 დაწესებულების სასეირნო ეზოში მხოლოდ ერთი ტურნიკია დამონტაჟებული. პატიმართა ფიზიკური აქტივობების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, სასეირონო ეზოების სავარჯიშო ინვენტარით აღჭურვა,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

სახალხო დამცველი ბათუმის ციხეში ასევე აფიქსირებს ციხიდან გამოგზავნილი წერილების რეგისტრაციის პრობლემას.

„პატიმრების განცხადებით, მათ არ აქვთ შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც ისინი დაამტკიცებდნენ წერილის სოციალური მუშაკისთვის გადაცემის ფაქტს,“ – აღნიშნავს ომბუდსმენი.

ანგარიშის მიხედვით, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს არ მიეწოდება ჟურნალ-გაზეთები, „ბათუმელების“ გარდა.

შინმოვლის დაფინანსება ხელვაჩაურში შეწყდა

შინმოვლის პროგრამა ხელვაჩაურში აღარ ფინანსდება. ეს პროგრამა ქრონიკული დაავადების მქონე მოხუცების ადგილზე მოვლას გულისხმობს. ორთაბათუმის თემში მცხოვრები 47 ადამიანისთვის გასულ წელს შინმოვლას გერმანული ფონდი აფინანსებდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა პროექტში, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 40 ათასი ლარი იყო,  მხოლოდ 2500 ლარით მონაწილეობდა. გამგეობისგან გამოყოფილი თანხა, ძირითადად, მედიკამენტების შეძენას მოხმარდა. კოალიციაში „შინმოვლა საქართველოში“, რომელიც ამ პროგრამას ხელვაჩაურში ახორციელებდა, გვითხრეს, რომ დონორი ორგანიზაცია პროექტის გაგრძელებას აღარ გეგმავს.

„ეს იყო სიმბოლური ჟესტი, რომ ადგილობრივ მთავრობას მსგავსი პროგრამის განხორციელების საჭიროება დაენახა და საფუძველი შექმნილიყო მისი შემდგომი განვითარების,“ – გვითხრა უჩა ვახანიამ, კოალიციის „შინმოვლა საქართველოში“ ხელმძღვანელმა.

უჩა ვახანია უკვე შეხვდა და წინადადებაც შესთავაზა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, მათ შორის, გამგებელ ნადიმ ვარშანიძეს.

„შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრები, სოციალური სამსახურის უფროსი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველა მხარე მხურვალედ უჭერს ამ იდეას მხარს. მერე როგორ იქნება, არ ვიცი. ნადიმ ვარშანიძე დაგვპირდა, რომ განიხილავენ ჩვენს წინადადებას, რაც ადგილობრივი ექთნების სპეციალურად შინმოვლისთვის გადამზადებას გულისხმობს. ბუნებრივია, მუნიციპალიტეტი მხოლოდ ერთი თემისთვის ვერ განახორციელებს პროექტს. ჩვენ მათ შევთავაზეთ მაქსიმალურად მოქნილი და იაფი პროექტი“, – გვიყვება უჩა ვახანია.

ბათუმის გარდა, შინმოვლის პროგრამა აჭარის რეგიონის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი წელს შეამცირა ბათუმის მერიამაც იმ მოტივით, რომ შინმოვლის განხორციელებაში საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასი“ ჩაერთო. გასულ წელს ბათუმის მერიამ შინმოვლისთვის 79 920 ლარი დახარჯა. წელს ამ პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 55 080 ლარი დაიხარჯება. პროგრამით დაახლოებით 90 ადამიანი სარგებლობს, თუმცა მიმართვიანობა პროგრამაში ჩართვაზე გაცილებით მაღალია.

ამავე თემაზე:

საწოლს მიჯაჭვულები და სახელმწიფო

 

 

 

აჭარის განათლების სამინისტროს სადავო ტენდერი კონცერტებზე

ტურისტული სეზონისთვის 4 კონცერტის ორგანიზებაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა საწყისი ფასით –  90 ათასი ლარი. ტენდერის აღწერილობაში წერია, რომ კონცერტები ბათუმში, ქობულეთში, გონიოსა და გოდერძზე უნდა მოეწყოს.

კონცერტების ორგანიზებას სავარაუდოდ აჭარის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული – „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი“ განახორციელებს. ცენტრმა სამინისტროს ელექტრონულ ტენდერში 79 998 ლარად შესთავაზა ამ სამუშაოს განხორციელება. ტენდერში მონაწილეობდა ინდ. მეწარმე „ლაშა კვარაცხელიაც“, რომელმაც იმავე კონცერტების ორგანიზება  გაცილებით დაბალ ფასად, 73 730 ლარად შესთავაზა.

ტენდერის წესებიდან გამომდინარე, გამარჯვებული ისაა, ვინც ნაკლებ ფასად სთავაზობს სახელმწიფო უწყებას კონკრეტული მომსახურების გაწევას, მაგრამ ინდ. მეწარმე „ლაშა კვარაცხელიას“ განათლების სამინისტროს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა. კომისიის შეფასებით, ფესტივალების ჩატარების დამადასტურებელი 3 დოკუმენტიდან ერთ-ერთით არ დასტურდება ფესტივალის ჩატარება, ხოლო წარსულში სამი ფესტივალის ჩატარება ტენდერის ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნა იყო.

ლაშა კვარაცხელიამ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა. ის საქართველოს კანონმდებლობაზე აკეთებს აქცენტს, სადაც ტერმინი „ფესტივალი“ განმარტებული არ არის და ეს ტერმინი არც ამ კონკრეტული ტენდერის აღწერილობაში გვხდება:

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ შემოიფარგლა სატენდერო კომისია დოკუმენტის მხოლოდ ზედაპირული შეფასებით და რატომ არ განიხილა მისი შინაარსი, რომლის მიხედვითაც შემსრულებელმა განახორციელა 3-დღიანი გასართობი ღონისძიებების ორგანიზება, მათ შორის, სხვადასხვა ჟანრის კონცერტების და თეატრალური წარმოდგენების,“ –  ვკითხულობთ „ლაშა კვარაცხელიას“ მიერ დავების საბჭოსთვის მიმართულ საჩივარში.

„საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა ტერმინ „ფესტივალის“ განმარტებას. საბაზრო ურთიერთობებსა და ხელოვნებაში კი ფესტივალს მრავალნაირი გაგება აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოცემულ ტენდერშიც საერთოდ არაა სიტყვა ფესტივალი ნახსენები. თუმცა მოთხოვნებში წერია, რომ პრეტენდენტს კონცერტებთან ერთად, უნდა გააჩნდეს ფესტივალის ჩატარების გამოცდილებაც. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მსგავსი მოთხოვნა შემსყიდველმა ჩადო იმის გამო, რომ მოცემული ტენდერის შესყიდვის ობიექტი მათი შეფასებით წარმოადგენს ასევე ფესტივალს და არა უბრალოდ კონცერტს. შესყიდვის ობიექტი კი ასეთია: „ღონისძიების ორგანიზება, კერძოდ, კონცერტების ორგანიზება ტურისტულ სეზონზე აჭარის რეგიონში ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით“. ჩვენ მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში კი მითითებულია, რომ 3 დღის განმავლობაში 9 საკონცერტო წარმოდგენა გაიმართა, სადაც სხვადასხვა ბენდი მონაწილეობა“, – აღნიშნულია საჩივარში.

საჩივარს შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო არ განიხილავს. სააგენტოს ინტერნეტგვერდზე უკვე განთავსებულია პასუხი, სადაც წერია, რომ გასაჩივრებისთვის დადგენილი 5-დღიანი ვადა 28 მარტს უკვე გავიდა, ხოლო ინდმეწარმემ სააგენტოს 29-ში მიმართა.

სატენდერო კომისიაში დოკუმენტაცია უკვე წარადგინა „ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა“. ამ დოკუმენტების განხილვას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას აჭარის განათლების სამინისტროს სატენდერო კომისია მომავალ კვირას გეგმავს.

ამონარიდი სატენდერო კომისიის ოქმიდან
ამონარიდი სატენდერო კომისიის ოქმიდან.

მკვლელობის მცდელობის საქმეს მოსამართლემ კვალიფიკაცია შეუცვალა

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ, 23 წლის გურამ ს.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 3 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. განზრახ მკვლელობის მცდელობა 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პროკურატურისგან წაყენებული ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა.

შემთხვევა გასული წლის ზაფხულში, ბათუმში მოხდა. ჯავახიშვილის ქუჩაზე შეკრებილი მეგობრები ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

„კონფლიქტი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა ვერ გადაწყვიტეს, ვინ სად დაიძინებდა,“ – გვიყვება ადვოკატი მამუკა ზოიძე, იურიდიული დახმარების იურისტი. ის ბრალდებულ გურამ ს.-ს ინტერესებს იცავს.

მეგობრებმა ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ეკლესიის მიმდებარე სკვერში განაგრძეს ჩხუბი, რა დროსაც გურამ ს.-მ დანით დაჭრა ორი პირი – ავთო ფ. მარცხენა ბარძაყის არეში და გიორგი ზ. წელის მიდამოსა და მუცლის არეში.

„მოსამართლემ გაიზიარა პოზიცია, რომ განზრახ მკვლელობის მოტივი ბრალდებულს არ ჰქონია. საქმის არსებითი  განხილვის დროს ჩემ მიერ აქცენტი გაკეთდა იმ გარემოებაზე, რომ გ.ს. და გ.ზ,. იყვნენ მეგობრები და გ.ზ ჩხუბში მხოლოდ გამშველებლის სტატუსით მონაწილეობდა. შესაბამისად გ.ს.–ს არანაირი მოტივი და საფუძველი არ ჰქონდა მოეკლა გ.ზ., რადგან ვერ დგინდებოდა დანაშაულის სუბიექტური მხარის აუცილებელი ნიშანი – განზრახვა და მოტივი, ჩვენი მოთხოვნა იყო ბრალდებულ გ.ს–ს ბრალდებიდან ამორიცხვოდა მკვლელობის მცდელობა, რაც სასამართლომ სრულად გაიზირა,“ – ამბობს ადვოკატი, მამუკა ზოიძე.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გურამ ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ნაცვლად სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში ცნო დამნაშავედ და სამი წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. კანონის ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ითვალისწინებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ ზემდგომ ინსტანციაში უკვე გაასაჩივრა.

კონკურსი ხულოში – 60 განაცხადი 8 ვაკანსიაზე

ხულო მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი რვა პოზიციაზე – დიოკნისის, ღორჯომის, დიდაჭარის, საციხურისა და ვაშლოვანის თემებში, გამგებლის წარმომადგენლისა და ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე გამოაცხადა.

8 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად სულ 60 განაცხადი შევიდა, საიდანაც საკონკურსო მოთხოვნა მხოლოდ 47-მა კონკურსანტმა დააკმაყოფილა. ყველაზე მეტი განაცხადი კი დიოკნისის თემის ადმინისტრაციული სამსახურისა და საციხურის თემში გამგებლის წარმომადგენლის პოზიციებზეა შესული.

საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის თქმით, გასაუბრების ეტაპზე გადასული 47 კონკურსანტის ცოდნას ძირითადად თვითმმართველობის კოდექსის კუთხით შეამოწმებენ.

„მაქსიმალურად ობიექტურად ჩატარდება გასაუბრება, ძირითადად, თვითმმართველობასთან დაკავშირებული კითხვები გვექნება კონკურსანტებთან, ასევე იქნება თავისუფალი კითხვები იმ თემსა თუ სოფელთან დაკავშირებით, სადაც მონაწილეობს  კონკურსანტი -თუ როგორ წარმოუდგენიათ თემისა და სოფლის განვითარება“ – ამბობს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, ხულოს გამგებლის მოადგილე, ნოდარ მიქელაძე.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქმედი საკონკურსო კომისია, კანდიდატებს, ძირითადად, გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს.

გასაუბრება 11 პრილამდე ჩატარდება. გასაუბრებაზე კონკურსანტი 6-ბალიანი ქულათა სისტემით შეფასდება და მინიმუმ  3 ქულა უნდა დააგროვოს. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის გასაუბრების ეტაზე ერთ კონკრეტულ ვაკანტურ პოზიციაზე ყველა კონკურსანტი 3 ქულაზე ნაკლებს მიიღებს, აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდება.

ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად კონკურსანტების ცოდნას ხულოში კომისიის ხუთი წევრი შეაფასებს: საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ მიქელაძე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ნადიმ ვასაძე და საკრებულოს მოქმედი დეპუტატები, კომისიის წევრები: ნარგიზ დეკანაძე, როინ პაქსაძე და ედუარდ მიქელაძე.

 

ღამის კლუბში თანხის გამოძალვის საქმე – სასამართლო არსებით განხილვას იწყებს

ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის და ჯგუფური ძარცვის საქმეს არსებითად ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უკვე მიიღო. მან უარი უთხრა ადვოკატებს, რომლებმაც არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

ღამის კლუბი „ვოგი“ ამჟამად დალუქულია. დაზარალებული თურქეთის მოქალაქეების თქმით, მათ სარფის საბაჟოზე გაიცნეს გოგონები, რომლებმაც კლუბში მიიყვანეს, შემდეგ კი ხილის ასორტსა და სასმელში 9800 ლარის გადახდა მოსთხოვეს. საქმეში არიან სხვა დაზარალებულებიც, რომლებსაც კლუბიდან გამოსვლამდე ქვითარში გადასახდელ თანხა – 17 500 ლარი ჩაუწერეს .

გაპროტესტების შემდეგ, მათ ჯერ სცემეს, ხოლო შემდეგ ძალადობისა და გაუპატიურების მუქარით საბანკო ანგარიშებიდან მოუხსნეს თანხა მათთვის წართმეული ბანკის ბარათების გამოყენებით.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ეშრეფ კ. ამ კლუბში მიმტანად მუშაობდა. მან მოხსნა საბანკო ანგარიშებიდან თანხა, მაგრამ ის მხოლოდ დავალებას ასრულებდა, რაც უთხრა მენეჯერმა. ის გამოძალვის პროცესში ჩართული არ ყოფილა,“ – გვიყვება ზაზა პაპიძე.

ეშრეფ კ.-ს გარდა ამ საქმეში ბრალდებული კიდევ სამი პირია. მათ შორის მხოლოდ ერთია საქართველოს მოქალაქე – მანუჩარ მ. ის ღამის კლუბში მომარაგების პოზიციაზე მუშაობდა. კიდევ ორი ბრალდებული სერჰან ბ. და ერდემ ფ. კლუბის მენეჯერებთან დაახლოებული პირები იყვნენ. უშუალოდ კლუბის მესაკუთრე ამ დროისთვის დაკავებული არ არის.

ადვოკატმა ზაზა პაპიძემ სასამართლო პროცესზე ყურადღება გაამახვილა ბრალდებულის ამოცნობის ოქმებზე: „შეუძლებელია, 6 მოწმიდან ყველას ერთი და იმავე ნიშნით ამოეცნო ბრალდებული. გამომძიებელმა არჩილ სურმანიძემ გადააკოპირა ერთი და იგივე ტექტი ყველა ოქმში. ამიტომაცაა, თუ დააკვირდებით, „მაოვიცანი“ წერია, ამოვიცანის ნაცვლად ექვსივე ოქმში.“

ადვოკატის არგუმენტები მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა არ გაიზიარა. მან სხდომის ბოლოს ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი 6 პირიც დაასახელა, რომლებიც სასამართლო სხდომას არ ესწრებოდნენ. ადვოკატების ინფორმაციით, ისინი თურქეთში დაბრუნდნენ და შესაძლოა, არც არსებით განხილვებს დაესწრონ. ასეთ შემთხვევაში, პროკურატურა წაიკითხავს მათ ისტორიებს, რაც პოლიციელებს გამოძიების ეტაპზე მოუყვნენ.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში ოთხივე ბრალდებულს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. ამ სასჯელს ითვალისწინებს თანხის გამოძალვა. მათ წაყენებული ჰქონდათ უფრო მძიმე ბრალდებაც – თავისუფლების უკანონო აღკვეთა, თუმცა სასამართლომ ეს ბრალი მოხსნა.

კვების ნორმები სუს-ის იზოლატორში მყოფი პირებისთვის

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო კვების ნორმები, სუსის სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელეურმა ორი დღის წინ დაამტკიცა.

მინისტრის ბრძანებით, სუს-ის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირებისთვის სადღეღამისო სასურსათო ულუფის ოთხი ნორმა დამტკიცდა:

  • დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო სასურსათო ულუფის ნორმა;
  • დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ ორსული და მეძუძური დედებისათვის და  აგრეთვე ტუბერკულოზით, დისტროფიით, წყლულოვანი ავიტამინოზით და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პირთა  სადღეღამისო სასურსათო ულუფის ნორმა;
  • დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ არასრულწლოვანთათვის სადღეღამისო სასურსათო ულუფის  ნორმა;
  • დროებითი ყოფნის იზოლატორში მყოფ პირთა სადღეღამისო მშრალი სასურსათო ულუფის ნორმა.

სუსი რამდენიმე დღის წინ სამხედრო მოსამსახურეთა, შენობების მორიგე თანამშრომელთა და დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირებისთვის კვებითი მომსახურების შესაძლო შეზღუდვაზე საუბრობდა, რაც უწყების განცხადებით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა. სამსახური ვითარების აღმოსაფხვრელად გადაუდებელ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვდა:

„გადაუდებელი შესყიდვა უნდა განხორციელდეს 2 თვის განმავლობაში, ანუ 2017 წლის პირველი აპრილიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით, მანამ, სანამ დასრულდება კვებითი მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერის პროცედურები და გამოვლინდება გამარჯვებული. ორთვიანი გადაუდებელი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 127 ათას ლარს“.

თანხმობა გამარტივებულ შესყიდვაზე სუს-მა შესყიდვების სააგენტოსგან 24 მარტს მიიღო.

კვებითი უზრუნველყოფის მომსახურებაზე სუს-სა და შპს Niart vision-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 მარტს შეწყდა.


1s

2s

3s

4s

 

 

სოფელ ვაიოში კომპანია ელექტროსისტემას გზა გადაუკეტეს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს მოსახლეობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას სამედიცინო დასკვნას სთხოვს, რომელიც დაადასტურებს, რომ ვაიოში მაღალი ძაბვის 220-კილოვოლტიანი ხაზის გაყვანა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. მოსახლეობამ ამ მოთხოვნით კომპანიას დღეს, 31 მარტს,  გზა გადაუკეტა და ტექნიკა სოფელში არ შეუშვა.

„ზუსტ ინფორმაციასა და კოორდინატებს არ გვაწვდიან. მართალია, ანძა ჩემს ნაკვეთში არ იქნება, მაგრამ ხაზები მიწის ნაკვეთებს სრულად გადაფარავს, ხომ შეიძლება სხვა მიმართულებით გავიდეს ხაზები ან მოსახლეობას წარმოგვიდგინონ სამედიცინო დასკვნები?“ –  ამბობს ვაიოელი ლევან მახაჭაძე.

მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობისთვის  სოფელ ვაიოში ერთი ოჯახის განსახლება დარჩა საჭირო. ანძა აქ რამინ მახაჭაძის საცხოვრებელ სახლის მიმდებარედ დაიდგმება.

მოსახლეობის მოთხოვნაზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის პროექტების, ნებართვებისა და ქონების მათვის დეპარტამენტის უფროსი ლევან გოგინიძე ამბობს, რომ ხაზის გაყვანა უსაფრთხოა სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის:

„ამაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევა არსებობს. ჩვენ ეს კვლევა ადგილობრივებს ქედაში შეხვედრაზე გავაცანით, აღნიშნული დასკვნა ქედის გამგეობას დავუტოვეთ, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დასკვნას გამგეობაში, ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნონ, რაც შეეხება ხაზების გადანაცვლებას, ეს შეუძლებელია, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ხაზები სოფელისათვის აგვეცილებინა.“

სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლის თქმით, ვაიოში, ელექტროგადამცემი ხაზის ბუფერულ ზონაში შესაძლოა 5-6 ოჯახი მოხვდეს.


სოფელ ვაიოში ეხსან, თეიმურაზ, მაია, ჯიმშერ და ჯონი გორგილაძეების საკუთრებაში არსებული ქონება უკვე დაექვემდებარა ექსპროპრიაციას. საკომპენსაციო თანხაზე შეუთანხმებლობის გამო, აღნიშნულ მესაკუთრეებს ქონება ექსპროპრიაციის წესით  ჩამოერთმევათ. საექსპროპრიაციო ქონებაა: სოფელი ვაიოში მიწის ნაკვეთი 6100 კვ.მ და შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 204.62 კვ.მ.

რა პრობლემების მოგვარება სთხოვა ქედის მოსახლეობამ დავით გაბაიძეს

31 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ქედის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ, ძირითადად, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

ადგილობრივებმა ძირითად პრობლემად უხარისხო პესტიციდები, ადგილზე არარსებული სანერგე მეურნეობები, სახელმწიფოს  მიერ წლების წინ „მისაკუთრებული მამაპაპისეული ტერიტორიები“ დაასახელეს და ხელისუფლებისგან აღნიშნული პრობლემების მოგვარება, ასევე, ადგილზე მოწეული ყურძნის  სუფსიდირება მოითხოვეს.

„ქედის ცოლიკაური და ჩხავერი მოსახლეობის მთავარი შემოსავალია, მისი საბაზრო ფასი კი მოყვანის თვითღირებულებას ვეღარ ფარავს. მოსახლეობის მოთხოვნაა ერთ კილოგრამ ჩხავერზე სახელმწიფომ სუბსიდირების სახით 1 ლარი, ხოლო ცოლიკაურზე – 50 თეთრი გადაიხადოს. ასევე მოვითხოვეთ ადგილზე სანერგე მეურნეობის მოწყობა“ – ამბობს ნიაზ შერვაშიძე.

„იმდენად უხარისხო შხამ-ქიმიკატები იყიდება, რომ მოსახლეობას მოსავალი ვეღარ მოგვიყვანია.  ვინც ქუთაისსა და თბილისში მიდის, იქედან ჩამოაქვთ ხარისხიანი პრეპარატები, მაგრამ ვინც იქ ჩასვლას ვერ ვახერხებთ, მოსავალი ვეღარ მოგვყავს. აქ, ადგილზე, უხარისხო იყიდება და მცენარის დაზიანებას იწვევს“  – თქვა ანზორ მანველიძემ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე დავით გაბაიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ პრობლემებს შესაბამის ორგანოებს გააცნობს და იქვე, უმაღლესი საბჭოს კომისიების გასვლითი სხდომები დააანონსა.

„მოსახლეობისა და ხელისუფლების გაუცხოებას ხშირად არასწორი მოლოდინი იწვევს, რომელიც, მოქალაქეს ამა თუ იმ სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ აქვს. ამ შეხვედრის ფარგლებში შევეცადე მოსახლეობისთვის ამეხსნა, თუ რა ფუნქციები გააჩნია უმაღლეს საბჭოს და გავაცანით ფორმატი, რასაც უმაღლესი საბჭო გეგმავს. საუბარია უმაღლესი საბჭოს კომისიების გასვლით სხდომებზე. პრობლემები, რაც მოსახლეობამ დაასახელა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სხდომებზე განიხილება“ –  განაცხადა დავით გაბაიძემ.

რაც შეეხება მოსახლეობის მოთხოვნას ჩხავერისა და ცოლიკაურის სუბსიდირების საკითხზე, დავით გაბაიძემ აღნიშნა, რომ კანონით აკრძალული დაშვებულია, მაგრამ მის მიზანშეწონილობაზე შესაბამისმა დარგობრივმა ორგანომ უნდა იმსჯელოს. „მე ამ ეტაპზე სუბსიდირებაზე ვერც კის ვიტყვი და ვერც არას“ – განაცხადა დავით გაბაიძემ.

17692625_1310403972388639_1917555534_o

ქედის გამგებელი საკრებულოში – დაპირებები და კრიტიკა

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ  31 მარტს, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

გამგებლის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ქედის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 მილიონ 835 ათას 500 ლარი, ხოლო აჭარის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 462 ათას 572 ლარი, სპეციალური ტრანსფერის სახით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად კი – 589 ათას 517 ლარი მიიღო.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ქედაში სულ  98 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა,  რაზეც მთლიანობაში 4 მილიონ 760 800 ლარი დაიხარჯა.

გასული წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ქედის გამგებელმა აქცენტი მისი მუშაობის პერიოდში გახსნილ ღვინისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოებზე გააკეთა, რაზეც გარკვეული შენიშვნები გამოთქვეს დეპუტატებმა.

ვაჟა ბოლქვაძემ, საკრებულოს წევრმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, განაცხადა,  რომ სახელმწიფო დაფინასებით გახსნილი საწარმოები ქედაში მოწეულ პროდუქციას ან – არ, ან ძალიან დაბალ ფასად იბარებენ.  მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ხილის გადამამუშავებელი საწარმო ქედაში ამ დროისთვის  არ მუშაობს.

„ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაში მინიმალურ თანხას უხდის საწარმო გლეხს, ან საერთოდ არ იბარებს მოსავალს. მოვითხოვთ, მოსახლეობის ინტერესი იქნას გათვალისწინებული და ამავდროულად ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა განაახლოს“ – განაცხადა ვაჟა ბოლქვაძემ სხდომაზე.

დავით დუმბაძის თქმით, ხილის გადამამუშავებელ საწარმოში ვაკანტურ პოზიციებზე კადრების შერჩევა მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ საწარმო მუშაობას უახლოეს პერიოდში განაახლებს

17692392_1310343965727973_1187147313_o„ქედის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, მაქსიმალურად გაუთანაბრდეს ქალაქის მდგომარეობას – ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და გამოწვევა.  რაც შეეხება ქედაში სარწყავი და სასმელი წყლების პრობლემას – სარწყავი წყლის 102 კილომეტრიანი არხიდან 19 კილომეტრი საავტომობილო გზების მელიორაციის დეპარტამენტს გადავეცით სამართავად, რადგანაც მათ ჰყავთ სპეციალისტები და ეტაპობრივად გადავცემთ დეპარტამენტს სარწყავი წყლის არხებს მოვლა-შენახვისთვის. სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად გასულ წელს  ორი დიდი პროექტი – სოფლების ხარაულა -ჯალაბაშვილებისა და  გულები-ხუნკუდა-ზესფელის წყალმომარაგების პროექტები განვახორციელეთ.  წელს ვახორციელებთ ზენდიდი-ცხემლისის, ქოსოფლის, კორომხეთისა და აბუქეთის სოფლების წყალმომარაგების პროექტს, ვცდილობთ ერთი ოჯახიც არ დაგვრჩეს უწყლოდ.

რამდენიმე დღის წინ ენერგოკომპანიის წარმოამდგენლებთან გვქონდა შეხვედრა, მათი დაპირებით 2017-2018 წლის ზამთარში შუქის პრობლემა ნალექის გამო ნულამდე იქნება დაყვანილი.“ – განაცხადა გამგებელმა.

სხდომას ქედაში საკრებულოს 24 წევრიდან 23 ესწრებოდა.

ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს ოთხი ახალი წევრი ჰყავს

ბათუმის საკრებულოსთან მოქმედ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ოთხი ახალი წევრი ჰყავს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალი წევრები კენჭისყრით აირჩიეს.

არასამთავრობო სექტორიდან საბჭოს ახალი წევრები იქნებიან თეონა დიასამიძე „ბათუმის დემოკრატული ჩართულობის ცენტრიდან“ და ნონა ხუჯაძე საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთიდან“, მედიიდან კი მრჩეველთა საბჭოს წევრები იქნებიან საგამოძიებო სტუდია REC-ის ჟურნალისტი ირმა ზოიძე და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე.

„პარალელურად მიმდინარეობს შეხვედრები საზოგადოებრივ დარბაზებში, უბნებში, სადაც ახალი თავმჯდომარეები ირჩევა. საბჭოში სულ 19 წევრი იქნება, 13 საზოგადოებრივი დარბაზის თავმჯდომარე და ორ-ორი წარმომადგენელი, ბიზნესის, მედიისა და არასამთავრობო სექტორიდან. ბიზნესის ჭრილში სავაჭრო პალატამ უნდა წარმოადგინოს ორი კანდიდატურა, რადგან ეს ასოციაციაა, სადაც ბიზნესსექტორია გაერთიანებული. საბჭო ორი წლის მანძილზე დააკვირდება საკრებულოს საქმიანობას და ორი წლის შემდეგ თავიდან დაიწყება პროცესი.  საბჭოს წარმომადგენელი იქნება სპიკერი, რომლის შერჩევაც მოხდება საბჭოს ფორმირების შემდეგ“  – ამბობს ნათია აფხაზავა,  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ახალი საბჭოს ფორმირება 10 აპრილამდე დასრულდება.

საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო სათათბირო–საკონსულტაციო ორგანოა, რომლის მიზანიც თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობაა.

ფოტოზე: მრჩეველთა საბჭოს წევრები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, 2016 წ. 

ამავე თემაზე:  

ბათუმის საკრებულოში მრჩეველთა საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ 

საია და მრჩეველთა საბჭო ბათუმის რეკლამის ფესტივალისათვის 400 000 ლარის გამოყოფას უარყოფითად აფასებენ

409 დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის  481 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის: 409 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 3 დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 55 ნიშანში დგომის გამო, 7 ტროტუარზე დგომისთვის, 6  დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 1 ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

 
ფოტოები გადაღებულია 30-31 მარტს.

მოსწავლეები მძღოლებს: „ჩემი სიცოცხლე შენს ხელშია, იარე ნელა!“

„ჩემი სიცოცხლე შენს ხელშია“, „სიჩქარე კლავს“ „გამიფრთხილდი, მე შენი მომავალი ვარ“-  ასეთი პოსტერებით გამოვიდნენ დღეს ბათუმში, #3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქუჩაში და მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს. აქცია, რომლის მიზანიც ავტოავარიების პრევენციაში მოსწავლეთა წვლილის შეტანა იყო, #3 საჯარო სკოლასთან არსებული კლუბის „შემოქმედთა სივრცის“ წევრებმა დაგეგმეს.

„ასე გვინდოდა გამოვხმაურებოდით გახშირებულ ავარიებს, რომელიც ხშირად მთავრდება მსხვერპლით. ჩვენი სკოლა მდებარეობს ქუჩაზე, სადაც ინტენსიური მოძრაობაა.  ხშირად მოდიან ბავშვები სკოლაში დათრგუნულები, შეშინებულები, ამბობენ, რომ არ უთმობენ გზას მძღოლები, არ აძლევენ ზებრაზე გადასვლის საშუალებას და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, ამიტომ დავგეგმეთ ეს აქცია,  ძალიან დაგვეხმარა სკოლის დირექტორის მოადგილე ილონა ადამია, პოსტერები მისი ინიციატივით დაიბეჭდა“  – ამბობს ირმა ვადაჭკორია, კლუბის ხელმღვანელი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

მისი თქმით, აქციას მძღოლები ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ. „ძალიან აქტიურობდნენ მძღოლები, სიგნალს გვაძლევდნენ, გვეხმიანებოდნენ…  ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ სხვა სკოლებიც გამართავენ მსგავს აქციებს.  სამწუხარო იყო, რომ აქციის მანძილზე არ ჩამოუვლია პატრულს, რომლისთვისაც გვქონდა ასევე გამზადებული პოსტერები“ – ამბობს ირმა ვადაჭკორია.

17 16 15 14 13 11 10 9 8 7 4 1

 

ბათუმში, ტაოსა და ხიხანის ქუჩებზე, ოცამდე მოქალაქეს ქონებას ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 28 მარტის ბრძანებით, „ახალციხე-ბათუმის“ 220 კილოვოლტი [კვ] საჰაერო ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება ქვემოთ მითითებულ მესაკუთრეთა უძრავ ქონებაზე:

  • მესაკუთრე – დავით გორგაძე, საექსპროპრიაციო ქონება – მდებარე ქ. ბათუმი, ტაოს ქუჩა 8 ბ, მიწის ნაკვეთი 601 კვ.მ;
  • მესაკუთრეები – ეხსან გორგილაძე, თეიმურაზ გორგილაძე, მაია გორგილაძე, ჯიმშერ გორგილაძე, ჯონი გორგილაძე, საექსპროპრიაციო ქონება – მდებარე ქედის რაიონი, სოფელი ვაიო, მიწის ნაკვეთი 6100.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა საერთო ფართობი 204.62 კვ.მ;
  • მესაკუთრეები – ისლამ სურმანიძე, ოთარ სურმანიძე, შორენა სურმანიძე, დარეჯან დარჩიძე, საექსპროპრიაციო ქონება მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება ერგე, მიწის ნაკვეთი 1121.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა საერთო ფართობი 27.28 კვ.მ;
  • მესაკუთრე – ვახტანგ გურგენიძე, საექსპროპრიაციო ქონება – მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება კაპანდიბი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 948.00 კვ.მ;
  • მესაკუთრე – დარეჯან დუმბაძე, საექსპროპრიაციო ქონება – მდებარე ქ. ბათუმი, ხიხანის ქუჩა ქ. 20, მიწის ნაკვეთი 513.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 122. 60 კვ.მ.
  • მესაკუთრე – ნოდარ ზაქარაძე, საექსპროპრიაციო ქონება – მდებარე ქ. ბათუმი, ტაოს ქუჩა 10, მიწის ნაკვეთი 1160 კვ.მ;
  • მესაკუთრეები – თეონა სურმანიძე, ლაურა სურმანიძე, სანდრო სურმანიძე, ნაირა იაკობაძე, საექსპროპრიაციო ქონება მდებარე ქ. ბათუმი, ტაოს ქუჩა №8, მიწის ნაკვეთი 2503.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართობი 178.61 კვ.მ;
  • მესაკუთრე – დურსუნ ალიშანიძე, საექსპროპრიაციო ქონება – მდებარე ქ. ბათუმი, ტაოს ქუჩა 15, მიწის ნაკვეთი 805 კვ.მ, შენობა-ნაგებობა (მშენებარე);
  • მესაკუთრე – მავილე ქოქოლაძე, საექსპროპრიაციო ქონება – მდებარე ქ. ბათუმი, ტაოს ქუჩა № 8 ე, მიწის ნაკვეთი 500 კვ.მ, შენობა-ნაგებობა საერთო ფართობი 200.60 კვ.მ;
  • მესაკუთრე – მერაბ ვანაძე, საექსპროპრიაციო ქონება – მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება კაპანდიბი, მიწის ნაკვეთი 930 კვ.მ;
  • მესაკუთრე – ჯუმბერ ბოლქვაძე, საექსპროპრიაციო ქონება – მდებარე ქ. ბათუმი, დასახლება შარაბიძეები, მიწის ნაკვეთი 450 კვ.მ, საექსპროპრიაციო ფართობი 15 კვ.მ;
  • მესაკუთრე – მელიქიე ხოზრევანიძე, საექსპროპრიაციო ქონება – მდებარე ქ. ბათუმი, ხიხანის ქუჩა 61, მიწის ნაკვეთი 1602.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ფართობი 266.50 კვ.მ.

მინისტრის ბრძანება ძალაში დღეს, 31 მარტს შევიდა. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების [31 მარტი] ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში [ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6].

„დასახელებულ პირებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ წერილობით ეცნობათ განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცათ პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპესაციო თანხის სანაცვლოდ, რაზედაც მათ უარი განაცხადეს,“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

როგორც ტაოს, ისე ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები კერძო მესაკუთრეები აცხადებდნენ, სახელმწიფო კომპანია მათი ქონების ხელში ჩაგდებას მიზერულ ფასად ცდილობს – ერთ კვადრატულ მეტრ მიწაში, როგორც ეს მოქალაქეები ამბობენ, სახელმწიფო მათ 20-23 ლარს სთავაზობს. კომპანიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მოქალაქეებს კომპენსაციას სთავაზობენ დოლარის იმ კურსით, რომელიც იყო სამი წლის წინ, ანუ 1,65 თეთრის ფარგლებში. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ეს სამართლებრივად სწორი მიდგომაა.

ამავე თემაზე:

კერძო საკუთრება, რომელიც ტაოსა და ხიხანის ქუჩებზე უნდა დათმონ [ფოტო]

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელის ყოველთვიური შემოსავალი 27 971 ლარია 

ექსპროპრიაცია აჭარაში – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთებსა და სახლს ჩამოართმევენ

ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები: რეალურად შეფასდეს მიწა, მოგებას არ ვითხოვ

პოლიცია „ბათუმის აქციის“ მონაწილეებთან წაგებულ საქმეებს ასაჩივრებს

პოლიცია 11-12 მარტის აქციის მონაწილეებთან წაგებულ სასამართლო პროცესებს ასაჩივრებს. ამ ეტაპზე 79 ადმინისტრაციული საქმიდან ასეთია 9 შემთხვევა, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციისგან სამართალდამრღვევად მიჩნეული პირები გაამართლა.

„დღეს შეხვდა ჩემს შვილს ის პოლიციელი, ვინც ოქმი შეუდგინა და უთხრა, იცოდე, გავასაჩივრეთ უკვე გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, იქ მოგიწევს გამოცხადებაო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ელზა ზაქარიაძემ, რომელიც სასამართლოში დღეს, 31 მარტს, ვითარების გარკვევას ცდილობდა. ის 12 მარტის აქციის შემდეგ ერთ-ერთი დაკავებულის, კონსტანტინე კვასკვაძის დედაა.

კონსტანტინეს შემთხვევა მამუკა მორთულაძესთან და გურამ კიწრმარიშვილთან ერთად 20 მარტს განიხილა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ. მოსამართლემ სამივე მათგანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო.

პოლიციელი, ვინც ამ პირების სამართალდარღვევის ოქმები წარმოადგინა სასამართლოში, თენგიზ ქობულაძეა. სატელეფონო საუბარში მან „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ პოლიცია საქმეებს, რომლებშიც ბათუმის სასამართლომ დარღვევები ვერ დაინახა, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. „დეტალებს ვერ გეტყვით. ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ კონსტანტინეს შევხვდი და რამე ვუთხარი, პრესსამსახურს დაუკავშირდით“, – გვითხრა თენგიზ ქობულაძემ.

„ცალკკეული შემთხვევები შეიძლება გასაჩივრდეს. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ამ ეტაპზე პოლიციას ჯერ არ შეუტანია სარჩელი „ბათუმის აქციის საქმეზე“.

11-12 მარტის აქციის შემდეგ პოლიციამ ადმინისტრაციული წესით სულ 79 პირი დააკავა. 31 მარტის მონაცემებით, 64 შემთხვევა უკვე განიხილა სასამართლომ. დაკავებულებიდან სასამართლომ 40 პირი დააჯარიმა, 7 შემთხვევაში 5-5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა, 8 ადამიანს შენიშვნა მისცეს, ხოლო 9 პირი გამართლდა.

გამართლებულ პირებს შორის ყველაზე ხმაურიანი რამაზ ხიმშიაშვილის და ჯიმი ვარშანიძის სასამართლო პროცესი აღმოჩნდა. ეს პირები 11 მარტს ბათუმი პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულის თანამშრომლებმა ჯერ დააჯარიმეს, ხოლო შემდეგ დააკავეს. ამ საქმეს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქცია ბათუმში. სასამართლო განხილვის დროს ორი პოლიციელის ჩვენება ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა.

პოლიციელის ჩვენება საეჭვო გახადა გიგა ჩხაიძემაც. მან მოსამართლე გოჩა ფუტკარაძეს თავისი სამსახურის ვიდეოკამერის ჩანაწერი აჩვენა, რითაც დადასტურდა, რომ გიგა აქციაზე მისვლას და იქ წვრილმანი ხულოგნობის ჩადენას ვერ მოახერხებდა.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ სისხლის სამართლის წესით ამ ეტაპზე 19 პირია დაკავებული. მათი წინასასამართლო სხდომა 8 მაისს არის ჩანიშნული.

 

„ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ“ სასამართლო დავა წააგო

ნათია ცინცაძის სარჩელი მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა სრულად დააკმაყოფილა. ნათია ცინცაძე 2015 წელს გაათავისუფლა ბათუმის მე-6 საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ მას შემდეგ, რაც ნათიამ ბავშვის ცემის ფაქტი მობილური ტელეფონით გადაიღო.

„ვაიმე, თქვენ გაიხარეთ,“- ამ სიტყვებით გამოხატა ემოცია სასამართლო დარბაზში ნათია ცინცაძის დედამ, ლიანა თავაძემ. სწორედ მას უკავშირებდა საბავშვო ბაღის გაერთიანება მომხდარ ინციდენტს საბავშვო ბაღში.

ლიანა თავაძე 2013 წლამდე მე-6 საბავშვო ბაღის გამგე იყო 25 წლის განმავლობაში. მისი შვილი, ნათია ცინცაძე კი, ბაღში აღმზრდელად მუშაობდა. მან 2015 წლის ნოემბერში დააფიქსირა, როგორ სცემდა ერთ-ერთი ძიძა აღსაზრდელს.

„მაშინ თქვეს, რომ თითქოს ეს მე სპეციალურად გავაკეთე და გათავისუფლებული დედის გამო ვიძიე შური. სინამდვილეში, გადაღებული ვიდეო იმავე დღეს ბაღის დირექტორს, გურანდა გობაძეს ვაჩვენე. მითხრა, რომ ფაქტი უნდა დამალულიყო, იგივე მითხრეს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში,“ – ამბობს ნათია ცინცაძე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნათია ცინცაძე უნდა აღდგეს ისევ აღმზრდელის პოზიციაზე და განაცდურის სახით მას საბავშვო ბაღების გაერთიანებამ სრულ აღდგენამდე უნდა გადაუხადოს თვეში 330 ლარი. პერიოდი 2015 წლის 20 ნოემბრიდან აითვლება, როცა გაერთიანებამ დისციპლინის დარღვევის გამო ნათია ცინცაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

საბავშვო ბაღში დისციპლინის დარღვევის ფაქტი დადგენილად მიიჩნია მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა. მისი განმარტებით, დარღვევა არ იყო იმ სიმძიმის, რომ მის მიმართ ყველაზე მკაცრი ზომა – სამსახურიდან გათავისუფლება გამოეყენებია ადმინისტრაციას.

„დაუშვებელია დესტრუქციული მოქმედება, მით უმეტეს სააღმზრდელო დაწესებულებაში. იმედია, ეს გათვალისწინებული იქნება,“ – მიმართა ნათია ცინცაძეს მოსამართლემ, ვიდრე დარბაზიდან გავიდოდა.

„ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ გვაქვს, გავასაჩივრებთ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას“ – გვითხრა დავით ჩხეიძემ. ის „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას“ წარმოადგენდა სასამართლოში.

სასამართლო გადაწყვეტილებას ელის ლიანა თავაძე. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლომ მას სამსახურში აღდგენაზე უარი უთხრა. სარჩელის დასაშვებობის საკითხს უზენაესი სასამართლო განიხილავს.


ფოტოზე: ნათია ცინცაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში/31.03.2017

 

გონიოელებმა ბათუმის მერიას სასამართლო დავა მოუგეს

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღეს, 31 მარტს, უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც გონიოელებს მიწის საკუთრების დაკანონებაზე უარი ეთქვათ.

„მე მითხრეს უარი იმ მიზეზით, რომ სასამართლოს ჰქონდა განხილული ჩემი შემთხვევა, თუმცა საკუთრების კომისიას არაფერი უკრძალავდა, ხელახლა შეესწავლა ჩემი საქმე. იმედი მაქვს, ამჯერად მაინც გაჩნდება პოლიტიკური ნება და ისევ არ გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას,“ – ამბობს ენვერ ირემაძე. ის 2008 წლიდან სამართლებრივი გზით ცდილობს საკუთრების უფლების აღდგენას.

ენვერ ირემაძის გარდა, ჯემალ ბათაძის საქმის შესწავლაც მოუწევს ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას იმის მიუხედავად, რომ მისი სარჩელი წარსულში სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღევანდელი გადაწყვეტილებით გონიოს კიდევ ორი მცხოვრების – რუსუდან ჯავახიშვილისა და მზევინარ ლამპარაძის სარჩელიც დააკმაყოფილა.

„ამ ორი მოქალაქის შემთხვევა კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან მათ აქამდე სასამართლოში საქმე არ ჰქონიათ და კომისიამ მაინც დაუსაბუთებლად უთხრა უარი საკუთრების აღიარებაზე,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში გონიოელების ინტერესებს იცავს.

ანა ბერძენიშვილი საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებას იხსენებს, როცა მან გასული წლის 16 სექტემბერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდა. ამ დღეს საკუთრების კომისიამ ბათილად მიიჩნია ხელვაჩაურის მიწის კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც გონიოელებს 2008 წელს გადაცემული მიწის ნაკვეთები ჩამოართვეს.

ბათუმის საკრებულოს ამ ნაბიჯის მიუხედავად, 271 ოჯახიდან ამ ეტაპზე მხოლოდ 17 პირს აღუდგინეს საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე გონიოში.

„დღეს სასამართლომ ცალსახად თქვა, რომ ეს იყო უკანონო და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების კომისიამ უთანასწორო მდგომარეობაში ჩააყენა მოქალაქეები. სამწუხაროა, რომ პრობლემის წარმოშობიდან 8 წლის შემდეგაც ვარაუდის დონეზე იღებს გადაწყვეტილებას კომისია,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი იმედოვნებს, რომ ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება პრეცედენტული იქნება და სხვა გონიოელების შემთხვევაშიც ანალოგიური შედეგი დადგება.

მიმდინარე წლის 27 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლო კიდევ 60 გონიოელის საქმეზე აპირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას. ეს საქმეები მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს აწერია.

IMG_20170331_104941
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

შეხვედრა „Hapto“-ს წარმომადგენლებთან

2017 წლის 30 მარტს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გერმანულ კომპანია „Hapto“-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა,  შეხვედრის მიზანი იყო ციფრული ინტერაქტიული მედიის დანერგვა და განვითარება მუზეუმებში.

კომპანია ,,Hapto“-ს მიერ წარმოდგენილი პროექტი მოიცავდა მედიის წარმოების საკითხებს, პროდუქციას, პროგრამულ უზრუნველყოფას, საგამოფენო ტექნიკის, მომსახურებასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებს, გრაფიკების, ანიმაციებისა და ინტერაქტიული 3D მოდელების შექმნას.

6

პროექტი ძალიან ხელსაყრელია მუზეუმების განვითარებისათვის, ვინაიდან ეს მოწყობილობები უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეჯერებასა და სხვადასხვა ეფექტური საშუალებით წარმოდგენას. ამ ტექნოლოგიების დანერგვა აადვილებს ინფორმაციის მოკლე დროში მიღებას ყველაზე ეფექტური გზებით. ტექნოლოგიებს შეუძლია გააცოცხლოს წარსული და გვამოგზაუროს დროში.

პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და პირველი ადგილი, სადაც ის დაინერგება, გონიოს ციხე იქნება. სამუშაო შეხვედრაზე სტუმრებმა წარმოადგინეს მათ მიერ სხვადასხვა მუზეუმისთვის გაკეთებული ანალოგიური პროექტები და  მათი იდეები გონიო-აფსაროსის ციხის განვითარებასთან დაკავშირებით.

კომპანიის წარმომადგენლები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მოწვევით იმყოფებოდნენ ბათუმში.

7

ბათუმის ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლეებისთვის

„უფრო ახლოს ბუნებასთან“ – ასე ეწოდება საგანმანათლებლო პროექტს, რომელსაც ბათუმის ბოტანიკური ბაღი ორ ეტაპად ახორციელებს.

პროექტი გაზაფხულსა და შემოდგომაზე განხორციელდება და მიზნად ისახავს მოზარდ თაობაში ბიომრავალფეროვნების, ბუნებისა და გარემოს დაცვის პროპაგანდას, საბუნებისმეტყველო განათლების ხელშეწყობას. პროექტში ჩართული იქნება აჭარის კერძო და საჯარო სკოლების 160-მდე მოსწავლე, რომლებიც გადანაწილდებიან 8 სასწავლო ჯგუფში და გაივლიან 4-დღიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში.

პროექტის პირველი ეტაპი 2017 წლის 01 აპრილს, 11 საათზე დაიწყება და მასში ქ. ბათუმის კერძო და საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო დისციპლინებში აკადემიურად წარმატებული 80 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი საგანმანათლებლო პროექტი ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა გასულ წელსაც განახორციელა.

 

დენის მიწოდებაში შეზღუდვები აჭარის მთიანეთში მაისამდე გაგრძელდება

„ენერგო პრო-ჯორჯიას“ აჭარისა და გურიის სადისპეტჩერო განყოფილების უფროსის, ჰაიდარ ფარტენაძის თქმით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით აჭარის მთიანეთში ელექტროენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები აპრილის თვის ბოლომდე გაგრძელდება. მისივე თქმით, დაანონსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას აბონენტები sms-ით მიიღებენ, ხოლო სოფლებში ეტაპობრივად, სამდღიანი გრაფიკით, დღისით შეწყდება შუქის მიწოდება.

„220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით შუქი მოსახლეობას დღით, სამდღიანი გრაფიკით გაეთიშება. შუქის გამორთვას განაპირობებს ის, რომ იქ, სადაც ახალი ხაზი გადის, არის როგორც 10-კილოვატიანი, ასევე 04- კილოვატიანი ელეტროენერგიის გადამცემი ხაზი, რითაც მოსახლეობას შუქი მიეწოდება. ხელი რომ არ შეუშალოს ახალი ხაზის გაყვანას არსებულმა გაყვანილობამ და არავინ არ დაზიანდეს მაღალი ძაბვის გამო, ხდება შუქის დროებით გამორთვა, რაც წინასწარ არის შეთანხმებული, როგორც მთავრობასთან, ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან,“ – აცხადებს ჰაიდარ ფარტენაძე.

29-30 მარტს ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის თემის სოფლებს – დოლოგანს, ზუნდაგას, ბზუბზუს, უჩხითს, ნამლისევს, მილისს, ჭალახმელას; ასევე სოფლებს – ზვარესა და წონიარისს; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში კი კაპანდიბსა და ვარშალომიძეებს არ მიეწოდებოდა შუქი. ჰაიდარ ფარტენაძის თქმით,  აღნიშნულ ტერიტორიებზე დღეს, 31 მარტსაც გაგრძელდება სამუშაოები, პირველი აპრილიდან კი სხვა სოფლებში დაიწყება სამუშაოები და იქ გაითიშება შუქი: „ძირითადად ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში. შუქის გამორთვა სოფლებში სამდღიან გრაფიკს არ გადასცდება, სააღდგომო დღეებში კი ელექტროენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები არ იქნება“.

მოსახლეობის თქმით, შუქს დაანონსებულ დროს არ რთავენ. მაგალითად, დილის 10 საათზე რომ შეწყდება შუქის მიწოდება, დაანონსებული საღამოს 6 საათის ნაცვლად ზოგან საღამოს 9 საათამდე არ ირთვება შუქი. აღნიშნულთან დაკავშირებით ჰაიდარ ფარტენაძე ამბობს: „დაანონსებულ დროზე ადრეც ხდება შუქის ჩართვა, შეიძლება ერთი ჭანჭიკის მიმაგრებას რამდენიმე წუთი დასჭირდეს და ამან განაპირობოს დაანონსებული სამუშაოების რამდენიმე წუთით გაგრძელება“.

220
220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა მაღალმთიან აჭარაში / ეკა ბარამიძის ფოტოები
Exit mobile version