მთავარი,სიახლეები

ფორსმაჟორი სუს-ში და 127 ათასი ლარი გადაუდებელი შესყიდვისთვის

21.03.2017 • 3742
ფორსმაჟორი სუს-ში და 127 ათასი ლარი გადაუდებელი შესყიდვისთვის

სამხედრო მოსამსახურეთა, შენობების მორიგე თანამშრომელთა და დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირებისთვის კვებითი მომსახურების შეზღუდვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შემცველია – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ვითარების აღმოსაფხვრელად გადაუდებელ შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს.

გადაუდებელი შესყიდვა უნდა განხორციელდეს 2 თვის განმავლობაში, ანუ 2017 წლის პირველი აპრილიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით, მანამ, სანამ დასრულდება კვებითი მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერის პროცედურები და გამოვლინდება გამარჯვებული. ორთვიანი გადაუდებელი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 127 ათას ლარს.

susiსუს-ის ზოგიერთი კატეგორიის სავალდებულო ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა, ასევე მორიგე თანამშრომელთა კვებითი მომსახურება [პლასტიკური ბარათის საშუალებით] და სუს-ის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა საქვაბე კვებითი უზრუნველყოფის მომსახურებაზე სუს-სა და შპს Niart vision-ს შორის  გაფორმებული ხელშეკრულება, მიმდინარე წლის 31 მარტს უნდა შეწყდეს.

სუს-ში გაგზავნილ წერილში კომპანია ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მის ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს. წერილი დათარიღებულია 16 მარტით.

სუსი აცხადებს, რომ ტენდერის ჩატარება ახალი მიმწოდებლის მოსაძიებლად საჭიროებს გარკვეულ ვადას, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნა იყო მოულოდნელი და მათი მხრიდან ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იქნებოდა: „კვებითი მომსახურება არის უწყვეტი ხასიათის, შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შეწყვეტა არის დაუშვებელი.“

ვითარება სუსში შეფასდა ფორსმაჟორულ და გადაუდებელ მდგომარეობად, „რის შესახებაც ვაცნობეთ სამსახურის უფროსის მოადგილეს, ხოლო მისი თანხმობის მიღებისთანავე მივმართეთ შესყიდვების სააგენტოს… ხელშეკრულება გაფორმდება 2017 წლის 31 მარტის თარიღით, თანხმობის მისაღებად კი მოგმართავთ წინასწარ, რადგანაც თანხმობის მიღებას, ხელშეკრულების მომზადებას, ასევე არსებული მიმწოდებლისგან ახლისთვის არსებული სამზარეულო ინვენტარის აღწერას/გადაბარებას, პირველადი პროდუქტის მომარაგებას, მენიუს [პრეისკურანტის] ელექტრონულად შეცვლას გარკვეული დრო დასჭირდება“ – აღნიშნულია სუს-ის მიერ შესყიდვების გვერდზე ატვირთულ განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: