მთავარი,სიახლეები

სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმის აქციაზე დაკავებულ სამ პირზე

20.03.2017 • 2810
სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმის აქციაზე დაკავებულ სამ პირზე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის აქციაზე დაკავებული სამი პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა. სამივე შემთხვევა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ განიხილა.

სამივეს წინააღმდეგ ერთი და იგივე ტექსტი პოლიციელმა თენგიზ ქობულაძემ წაიკითხა: „აქციის დაშლის დროს ის არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს…“

ადმინისტრაციული წესით დაკავებულებმა: გურამ კიწმარიშვილმა, კონსტანტინე კვასკვაძემ და მამუკა მორთულაძემ უარყვეს აქციაზე ყოფნა. მოწმეებად ოჯახის წევრები გამოვიდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი 11 მარტს, საღამოს სახლში იყვნენ.

მამუკა მორთულაძე მოსამართლეს მოუყვა, რომ სახლი დაეწვა, დროებით სიმამრთან ცხოვრობს და 11 მარტს ძმასთან დარჩა: „ადრე დილით მეუღლემ დამირეკა, ბავშვი გამხდარა ავად. მანქანით წავედი, რომ საავადმყოფოში მივსულიყავით. გზაში, ჭავჭავაძეზე სიგარეტის საყიდლად გადმოვედი მანქანიდან. უკან ვეღარ დავბრუნდი, დამაკავეს“.

კონსტანტინე კვასკვაძე: „მთელი ღამე ტელევიზორს ვუყურებდით მე და დედა. დილისკენ სიგარეტი გამომელია, თან მომშივდა. გორკის ქუჩაზე საშაურმეში შევედი და გარედან პოლიციელების პიკაპი მოგვადგა, დაიძახეს, გამოდი გარეთო“.

პოლიციელს სხდომაზე დაკავების ოქმების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ამჟამად მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე დახურულ სხდომაზე განიხილავს აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი პირის საქმეს, რომელიც არასრულწლოვანია.


ამავე თემაზე:

11 მარტის საქმეზე მოქალაქეები სასამართლო დარბაზიდან სპეცრაზმის დახმარებით გაიყვანეს

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: