Batumelebi | რატომ ვერ შველიან დაავადებულ კოლხურ ბზას რატომ ვერ შველიან დაავადებულ კოლხურ ბზას – Batumelebi
RU | GE  

რატომ ვერ შველიან დაავადებულ კოლხურ ბზას

 

კოლხეთის ეროვნულ პარკში 40 ჰექტარი ბზის კორომია დაზიანებული, მტირალას ეროვნულ პარკში – 22 ჰექტარი, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე – 4 ჰექტარი, ხოლო იმერეთის მღვიმეთა დაცულ ტერიტორიაზე – 60 ჰექტარი. აღნიშნული მონაცემები „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მოაწოდეს. კოლხური ბზა წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა, რომელიც ამ ეტაპზე ნადგურდება. 

დაავადება, რომლითაც კოლხური ბზა არის დაავადებული, „ბზის დამწვრობის“ სახელითაა ცნობილი და, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს ტყეებშია გავრცელებული. სპეციალისტების განცხადებით, დაავადების გამომწვევი და  ხელშემწყობი  მიზეზი მაღალი ტენიანობაა. დღეისათვის არსებული მდგომარეობა შეფასებულია როგორც ეკოლოგიური კატასტროფა. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა –  CENN -მა ბზის გადარჩენის ეროვნული გეგმა შეიმუშავა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ გეგმაში საუბარია იმ მიზეზებზეც, რაც „ბზის სიდამწვრეს“ იწვევს. CENN -ის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კვლევა ჩატარდა, კვლევების შედეგად, ხმობის მიზეზებთან დაკავშირებული ორი სხვადასხვა მიმართულება იკვეთება:

„ბზის სიდამწვრე“, პათოგენური სოკო – ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ახალდაინფიცირებულ ფოთლებზე ჩნდება მუქი ყავისფერი ლაქები, ფოთოლი კარგავს სიმწვანეს, თანდათან ხდება ქლოროტული და სცვივა. ეს პროცესი მეორდება რამდენჯერმე, შემდეგ იწყებს ხმობას მცენარის ტოტები და საბოლოოდ ბზა ხმება.  მეორე მიზეზით, ბზის ხმობა გამოწვეულია ბაქტერიებით, ნიადაგის სოკოებით და უნაყოფო სოკოს მიცელიუმით. აღნიშნული ბაქტერიები და ნიადაგის უნაყოფო სოკოს მიცელიუმი (თესლი) იწვევს მცენარის ფესვების ბუსუსების დაზიანებას, ლპობას, რაც გამოიხატება მცენარის კვების რეჟიმის დარღვევით. მცენარე ჭკნება, ფოთლები სცვივა და ხმება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს კონკრეტული რეკომენდაციები მიაწოდა, თუ როგორ შეიძლება დაზიანებული კორომების მოვლა-აღდგენა. რეკომენდაციების მიხედვით, ბზის დაავადებას ქიმიური და ბიოლოგიური მეთოდებით უნდა ებრძოლონ. ასევე შეიძლება მცენარის დაავადებული ტოტების შეჭრა, გამხმარი მცენარის ამოძირკვა, გასუფთავება და დეზინფექციის ჩატარება. ასევე უნდა დაიწყოს ბზის კორომების აღდგენა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რას აკეთებს სახელმწიფო უნიკალური, მაგრამ დაავადებული კოლხური ჯიშის – ბზის გადასარჩენად.

ბზის კორომები ქვეყნის მასშტაბით ორი უწყების დაქვემდებარებაშია. ნაწილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკუთვნის, ნაწილი – ეროვნულ სატყეო სააგენტოს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების ბუნებრივი რესურსების მთავარი სპეციალისტის, ხათუნა წიკლაურის განცხადებით, სააგენტოში ბევრს ფიქრობენ, როგორ შეიძლება დაზიანებულ ბზას მოუარონ, თუმცა ქმედითი ღონისძიებების გატარება ამ დრომდე ჭირს.

„ის ქმედებები, რასაც ზოგადად იყენებენ ხელოვნურ ნარგავებში, ბაღებსა და სანერგეებში ბზის ამ დაავადებასთან საბრძოლველად (ბზას დაზიანებულ ტოტებს აჭრიან, ასევე ნიადაგის ზედა ფენას იღებენ და წვავენ) დაცულ ტერიტორიებზე არ გამოგვადგება. ჩვენი მიზანია დაცვა-კონსერვაცია ისე, რომ დიდად არ ჩავერიოთ ბუნებრივ გარემოში. კანონმდებლობიდან გამომდინარე ასეთ მკვეთრ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ,“ – ამბობს ხათუნა წიკლაური.

მისივე თქმით, ბზის დაზიანებული კორომების „მკურნალობა“ ვერც ქიმიური პრეპარატების გამოყენებით მოხერხდება.

„ქიმიური პრეპარატის გამოყენება, რომელიც ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა გამოიყენა  და ეფექტური გამოდგა მისთვის, დაცულ ტერიტორიებზე მიუღებელია. თუ ჩვენ ვუმკურნალებთ ბზას, შეიძლება ქიმიურმა პრეპარატებმა დაავადების გამომწვევ სოკოზე კი იმოქმედოს მომაკვდინებლად და გადავარჩინოთ ბზა, მაგრამ პარალელურად გაანადგუროს სხვა ცოცხალი ორგანიზმები, უხერხემლოები იქნება ეს თუ  ბალახოვანი საფარი. სწორედ ამიტომ ვერიდებით დაცულ ტერიტორიებზე ქიმიური პრეპარატების გამოყენებას,“ – ამბობს ხათუნა წიკლაური.

წიკლაურის თქმით, მეცნიერები ავსტრიასა და გერმანიაში მუშაობენ დაავადების „ბუნებრივი მტრის“  შექმნაზე, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.

„ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ბიოლოგიურ პრეპარატს, მაგრამ ამჟამად არც ბიოლოგიური პრეპარატი გვაქვს და ვერც ქიმიურს ვიყენებთ. არსებობს  დაავადებასთან ბრძოლის კიდევ ერთი ხერხი _ ავიაციით შეწამვლა. თუმცა ვერც ამას გამოვიყენებთ. ჩვენს დაცულ ტერიტორიებზე ბზები არის ქვეტყეში, ანუ პირველი იარუსი მაღალ ხეებს უკავიათ. ავიაციის გამოყენებით რომ დაასხურო ბზისთვის განკუთვნილი პრეპარატი, პირველი იარუსის ხეების  ფოთლები და ტოტები არ გაატარებს სითხეს. ასეთ უკიდურეს მდგომარეობაში ვართ და ვერაფერს ვაკეთებთ. შესაძლებელია თვითონ მოერიოს ბზა დაავადებას. ჯერჯერობით ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ“, – აცხადებს ხათუნა წიკლაური.

ბზის კორომების ის ნაწილი, რომელიც დაცული ტერიტორიების მიღმაა, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ექვემდებარება. იმის გასაგებად, გეგმავს თუ არა რაიმე ღონისძიებას ბზის გადარჩენისთვის, ეროვნულ სატყეო სააგენტოს მივმართეთ.

ამ სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის, ნათია იორდანიშვილის განცხადებით, სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში ბზის ხმობის პრობლემა  აჭარის რეგიონისგან განსხვავებით მასშტაბურად არ იდგა.

„დაავადების ნიშნები, ძირითადად, სამეგრელო-ზემო სვანეთში შეიმჩნეოდა. სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წელს დააზუსტა მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე ბზის გავრცელების არეალი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის რეგიონებში – საერთო ფართობი თითქმის 2000 ჰექტარია. მომზადებულია ტექნიკური დავალება და მაისში გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი სატყეო პათოლოგიური შესწავლის უზრუნველსაყოფად, რომლის ფარგლებშიც დადგინდება ბზის ხმობის ინტენსივობა, დაზუსტება ხმობის მიზეზები და დაავადებასთან ბრძოლის მეთოდიკა ოთხი მიმართულებით: პრევენცია, მანიპულაცია, აღმოფხვრა, აღდგენა“, –  განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით სატყეო სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი