მთავარი,სიახლეები

„ოცნების ქალაქი“ – სახალხო დამცველის რეკომენდაცია მთავრობას

02.04.2017 • 2614
„ოცნების ქალაქი“ – სახალხო დამცველის რეკომენდაცია მთავრობას

„უკვე მეხუთე წელია მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება აჭარაში, კერძოდ, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონების ტერიტორიაზე თვითნებურად მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა და მათ საჭიროებებზე მორგებული დახმარებების შეთავაზების საკითხი,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი ე.წ. „ოცნების ქალაქის“ შესახებ საპარლამენტო ანგარიშში, რომელიც პირველ აპრილს გამოქვეყნდა.

ომბუდსმენის შეფასებით, სამთავრობო კომისიამ ვერ დადო ამ საკითხზე სტრატეგია და რეკომენდაცია, რომელიც თავშესაფრის არმქონე პირების მდგომარეობას გააუმჯობესებდა. „არ მომხდარა „კარდაკარის“ მეთოდით შესწავლა და კომისიამ მუნიციპალიტეტების გამგებლებს დაავალა მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ამ ოჯახების მონაცემების შეგროვება,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

„ოცნების ქალაქზე“ სახალხო დამცველი ხელისუფლებას სხვადასხვა რეკომენდაციით მიმართავს 2013 წლიდან. ამჯერად უჩა ნანუაშვილი კონკრეტულ რეკომენდაციას პარლამენტს სთავაზობს: „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს უსახლკარო პირის არსებული დეფინიციის კორექტირება და სრულყოფა, რათა მან მოიცვას უსახლკაროების სხვადასხვა ფორმა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სათანადო საცხოვრებლის უფლების სუბიექტებს წარმოადგენენ“.

ამავდროულად, ომბუდსმენი მიმართავს მთავრობას რეკომენდაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოსაგვარებლად გაიწეროს კონკრეტული ღონისძიებები.


ამავე თემაზე:

„ოცნების ქალაქი აღებაშია?“ – ავტობანი და კომპენსაციის მოლოდინები 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: