მთავარი,სიახლეები

გიორგი მამალაძის პირველი მხარდამჭერი აქცია ბათუმში

02.04.2017 • 3211
გიორგი მამალაძის პირველი მხარდამჭერი აქცია ბათუმში

ამ წუთებში [14:20] ბათუმში, ბარბარეს სახელობის ეკლესიის მიმდებარე სკვერში დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე არ ისმის მიმართვის ტექსტები.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიგა მოწყობილი აცხადებს, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და აუცილებლად გაგრძელდება.

„დღეს შევიკრიბეთ ნიშნად სოლიდარობისა მამა გიორგის მეგობრები, მრევლი, ნათესავები და მხარდაჭერას ვუცხადებთ დაკავებულ დეკანოზს… ამ უსამართლობასთან ბრძოლაში მამა გიორგი არ იქნება მარტო. მინდა, რომ ის ილუზიები გავაქარწყლოთ, რაც საზოგადოებაში სუფევს, რომ თითქოს მამა გიორგი არის ამ უსამართლობასთან ბრძოლაში მარტო.

რაც შეეხება გამოძიებას, გარკვეული ეჭვები გამოძიებასთან მიმართებაში ოჯახის წევრებს და მის მეგობრებს გაგვაჩნია“.

„მღვდელი რასაც იტყვის, ის მართალია. ამბიონიდან, როცა გეტყვის ადამიანი, გიყვარდეთ ერთმანეთიო, როგორ შეიძლება, მისი არ გჯეროდეს? არ ვიცი, რატომ არ არიან აქ სასულიერო პირები.  როგორც ჩანს, ყველა მოლოდინის რეჟიმშია. მე მიკვირს, რა აკეთებს აქამდე გამოძიება, რატომ ვერ დადეს მტკიცებულებები?“ – ამბობს ნინო ჯიმშელაძე, დეკანოზ გიორგი მამალაძის მრევლის წევრი.

მრევლის კიდევ ერთ წევრს, ნანა მამულაიშვილსაც არ სჯერა გამოძიების ოფიციალური ვერსიის: „მამა გიორგი ციანიდს არ იყიდდა. ის სამი ქართველი ბიჭის მამაა, ორი ძმა ჰყავს და ერთი და, ასეთ ნაბიჯზე როგორ წავიდოდა? ის ჩემი მოძღვარი იყო და მე მისი მჯერა“.

ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი მამალაძის მეზობელი: „აქ ის ადამიანები შევიკრიბეთ, ვისაც გვჯერა გიორგის სიმართლის. მტკიცებულებები, რაც პროკურატურამ გამოაქვეყნა, არავისთვის არაა დამაჯერებელი და მე რატომ უნდა მჯეროდეს?“

აქციაზე ძირითადად დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობრები, მეზობლები, მრევლის წევრები და ნათესავები იმყოფებოდნენ. აქციას არ დასწრებიან სასულიერო პირები. გიორგი მამალაძე წლების განმავლობაში სწორედ ბათუმში ბარბარეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო.

17777060_1492558494102358_1203644106_o

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდამჭერები აქციაზე ბათუმში / 2.04.2017 / ჯაბა ანანიძის ფოტოები

17761258_1492569550767919_1985286569_o


პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ის ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: