მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედის გამგებელი საკრებულოში – დაპირებები და კრიტიკა

31.03.2017 • 2440
ქედის გამგებელი საკრებულოში – დაპირებები და კრიტიკა

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ  31 მარტს, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

გამგებლის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ქედის მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან 3 მილიონ 835 ათას 500 ლარი, ხოლო აჭარის ბიუჯეტიდან 4 მილიონ 462 ათას 572 ლარი, სპეციალური ტრანსფერის სახით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად კი – 589 ათას 517 ლარი მიიღო.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ქედაში სულ  98 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა,  რაზეც მთლიანობაში 4 მილიონ 760 800 ლარი დაიხარჯა.

გასული წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ქედის გამგებელმა აქცენტი მისი მუშაობის პერიოდში გახსნილ ღვინისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოებზე გააკეთა, რაზეც გარკვეული შენიშვნები გამოთქვეს დეპუტატებმა.

ვაჟა ბოლქვაძემ, საკრებულოს წევრმა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, განაცხადა,  რომ სახელმწიფო დაფინასებით გახსნილი საწარმოები ქედაში მოწეულ პროდუქციას ან – არ, ან ძალიან დაბალ ფასად იბარებენ.  მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ხილის გადამამუშავებელი საწარმო ქედაში ამ დროისთვის  არ მუშაობს.

„ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაში მინიმალურ თანხას უხდის საწარმო გლეხს, ან საერთოდ არ იბარებს მოსავალს. მოვითხოვთ, მოსახლეობის ინტერესი იქნას გათვალისწინებული და ამავდროულად ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა განაახლოს“ – განაცხადა ვაჟა ბოლქვაძემ სხდომაზე.

დავით დუმბაძის თქმით, ხილის გადამამუშავებელ საწარმოში ვაკანტურ პოზიციებზე კადრების შერჩევა მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ საწარმო მუშაობას უახლოეს პერიოდში განაახლებს

17692392_1310343965727973_1187147313_o„ქედის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, მაქსიმალურად გაუთანაბრდეს ქალაქის მდგომარეობას – ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და გამოწვევა.  რაც შეეხება ქედაში სარწყავი და სასმელი წყლების პრობლემას – სარწყავი წყლის 102 კილომეტრიანი არხიდან 19 კილომეტრი საავტომობილო გზების მელიორაციის დეპარტამენტს გადავეცით სამართავად, რადგანაც მათ ჰყავთ სპეციალისტები და ეტაპობრივად გადავცემთ დეპარტამენტს სარწყავი წყლის არხებს მოვლა-შენახვისთვის. სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად გასულ წელს  ორი დიდი პროექტი – სოფლების ხარაულა -ჯალაბაშვილებისა და  გულები-ხუნკუდა-ზესფელის წყალმომარაგების პროექტები განვახორციელეთ.  წელს ვახორციელებთ ზენდიდი-ცხემლისის, ქოსოფლის, კორომხეთისა და აბუქეთის სოფლების წყალმომარაგების პროექტს, ვცდილობთ ერთი ოჯახიც არ დაგვრჩეს უწყლოდ.

რამდენიმე დღის წინ ენერგოკომპანიის წარმოამდგენლებთან გვქონდა შეხვედრა, მათი დაპირებით 2017-2018 წლის ზამთარში შუქის პრობლემა ნალექის გამო ნულამდე იქნება დაყვანილი.“ – განაცხადა გამგებელმა.

სხდომას ქედაში საკრებულოს 24 წევრიდან 23 ესწრებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: