მთავარი,სიახლეები

შინმოვლის დაფინანსება ხელვაჩაურში შეწყდა

01.04.2017 • 2084
შინმოვლის დაფინანსება ხელვაჩაურში შეწყდა

შინმოვლის პროგრამა ხელვაჩაურში აღარ ფინანსდება. ეს პროგრამა ქრონიკული დაავადების მქონე მოხუცების ადგილზე მოვლას გულისხმობს. ორთაბათუმის თემში მცხოვრები 47 ადამიანისთვის გასულ წელს შინმოვლას გერმანული ფონდი აფინანსებდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა პროექტში, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 40 ათასი ლარი იყო,  მხოლოდ 2500 ლარით მონაწილეობდა. გამგეობისგან გამოყოფილი თანხა, ძირითადად, მედიკამენტების შეძენას მოხმარდა. კოალიციაში „შინმოვლა საქართველოში“, რომელიც ამ პროგრამას ხელვაჩაურში ახორციელებდა, გვითხრეს, რომ დონორი ორგანიზაცია პროექტის გაგრძელებას აღარ გეგმავს.

„ეს იყო სიმბოლური ჟესტი, რომ ადგილობრივ მთავრობას მსგავსი პროგრამის განხორციელების საჭიროება დაენახა და საფუძველი შექმნილიყო მისი შემდგომი განვითარების,“ – გვითხრა უჩა ვახანიამ, კოალიციის „შინმოვლა საქართველოში“ ხელმძღვანელმა.

უჩა ვახანია უკვე შეხვდა და წინადადებაც შესთავაზა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, მათ შორის, გამგებელ ნადიმ ვარშანიძეს.

„შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრები, სოციალური სამსახურის უფროსი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველა მხარე მხურვალედ უჭერს ამ იდეას მხარს. მერე როგორ იქნება, არ ვიცი. ნადიმ ვარშანიძე დაგვპირდა, რომ განიხილავენ ჩვენს წინადადებას, რაც ადგილობრივი ექთნების სპეციალურად შინმოვლისთვის გადამზადებას გულისხმობს. ბუნებრივია, მუნიციპალიტეტი მხოლოდ ერთი თემისთვის ვერ განახორციელებს პროექტს. ჩვენ მათ შევთავაზეთ მაქსიმალურად მოქნილი და იაფი პროექტი“, – გვიყვება უჩა ვახანია.

ბათუმის გარდა, შინმოვლის პროგრამა აჭარის რეგიონის არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი წელს შეამცირა ბათუმის მერიამაც იმ მოტივით, რომ შინმოვლის განხორციელებაში საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასი“ ჩაერთო. გასულ წელს ბათუმის მერიამ შინმოვლისთვის 79 920 ლარი დახარჯა. წელს ამ პროგრამისთვის ბიუჯეტიდან 55 080 ლარი დაიხარჯება. პროგრამით დაახლოებით 90 ადამიანი სარგებლობს, თუმცა მიმართვიანობა პროგრამაში ჩართვაზე გაცილებით მაღალია.

ამავე თემაზე:

საწოლს მიჯაჭვულები და სახელმწიფო

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: