მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ექსკურსია მოსწავლეებისთვის აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან

02.04.2017 • 2125
ექსკურსია მოსწავლეებისთვის აჭარის ძეგლთა დაცვის სააგენტოსგან

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გეგმავს ინკლუზიურ სწავლაში ჩართულ ბავშვებსა და ასევე აჭარის მუნიციპალიტეტების [გარდა ბათუმისა] საჯარო სკოლის მოსწავლეებს ღირშესანიშნაობები და მუზეუმები დაათვალიერებინოს. ღონისძიება ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულს უკავშირდება და ბავშვებისთვის სხვა აქტივობებიცაა დაგეგმილი.

თუ რა პრინციპით შეარჩევს სააგენტო მოსწავლეებს, სატენდერო პირობებში გაწერილი არ არის. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განუმარტეს, მოსწავლეების შერჩევაში მათ მუნიციპალიტეტებში არსებული განათლებისა და კულტურის განყოფილებები დაეხმარებათ. განყოფილებებმა ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები და ასევე წარჩინებული მოსწავლეები უნდა შეარჩიონ.

ღონისძიებების ორგანიზების მომსახურებას სააგენტო გამარტივებული ტენდერის საშუალებით შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაქსიმუმ 13 ათასი ლარია.

კვირეულის [18-21 აპრილი] ფარგლებში ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს:

  • ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების [40 მოსწავლე] ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით. მარშრუტი: ხულო – ბათუმი – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; კინოთეატრი აპოლო – ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი – გასართობი ცენტრი-ხულო.
  • შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების [40 მოსწავლე] ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით. მარშრუტი: შუახევი – ბათუმი – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ; კინოთეატრი-ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი; გასართობი ცენტრი-შუახევი.
  • ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების [40 მოსწავლე] ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით. მარშრუტი: ქედა – ბათუმი – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; კინოთეატრი-ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი; გასართობი ცენტრი- ქედა.
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების [20 მოსწავლე] ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით. მარშრუტი: ხელვაჩაური – ბათუმი – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი – კინოთეატრი – ხარიტონ ახვლედიანის სახ. მუზეუმი- გასართობი ცენტრი – ხელვაჩაური.
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების [20 მოსწავლე] ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით. მარშრუტი: ბათუმი – ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი; – კინოთეატრი – ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი – გასართობი ცენტრი – ქობულეთი.

ყველა შემთხვევაში გათვალისწინებულია ბავშვების კვებაც. კინოთეატრში კი – შემეცნებითი და ანიმაციური ფილმების ჩვენება; გასართობ ცენტრში პროგრამის ხანგრძლივობა უნდა იყოს არა ნაკლებ 2 საათისა, არანაკლებ 2 ჯამბაზის მონაწილეობით. ღონისძიებაზე 200 ცალ ბრენდირებული მაისურსაც დაარიგებენ. მაისურის დიზაინი და ზომები შეთანხმდება სააგენტოსთან.

ღონისძიებებში შედის ასევე:

  • შშმ ბავშვების ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით. 45 ბავშვი; მარშრუტი: ბათუმი – მარტვილის მონასტერი, გორდის სასახლე, სალხინო – ბათუმი.

18 აპრილს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეს მთელს მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ. ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა.

ფოტოზე: პეტრას ციხე / ციხისძირი /თედო ჯორბენაძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: