მთავარი,სიახლეები

რა უთხრეს დეპუტატებმა გამოძიებას „ბათუმის აქციის საქმეზე“

02.04.2017 • 2008
რა უთხრეს დეპუტატებმა გამოძიებას „ბათუმის აქციის საქმეზე“

„სახეზე არავინ დამიმახსოვრებია და მათი ამოცნობა არ შემიძლია,“ – ასე სრულდება „ბათუმის აქციის საქმეზე“ უმაღლესი საბჭოს სამივე დეპუტატის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“: მერაბ კარანაძე, ლადო მგალობლიშვილი და ილია ვერძაძე  ჩვენებაში ამბობენ, რომ აქციაზე მონაწილეების „დამშვიდების და მდგომარეობის განმუხტვის მიზნით“ მივიდნენ.

მერაბ კარანაძის, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჩვენებიდან: “პირადად მე და ასევე სხვა დეპუტატებმა დავიწყეთ ხალხის დამშვიდება და მათთან საუბარი, რომლებიც იქცეოდნენ ძალიან აგრესიულად, არ სურდათ მათ არავისთან საუბარი, რომელთა მოთხოვნა იყო დაკავებული პირების დაუყონებლივ გათავისუფლება და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა… მომიტინგეები უფრო აგრესიული ხდებოდნენ, მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მათი მხრიდან იყო პოლიციის მუშაკების მიმართ აგრესია, გაიძახოდნენ პოლიციის მისამართით დამამცირებელ, უწმაწურ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს, იქნევდნენ მათი მიმართულებით ქვებს და სხვა მძიმე საგნებს და ცდილობდნენ პოლიციის დეპარტამენტის ეზოში ძალის გამოყენებით შეჭრას, რის საშუალებასაც არ აძლევდნენ პოლიციის მუშაკები“.

დეპუტატები ჩვენებაში აღნიშნავენ, რომ როცა ისინი აქციაზე მივიდნენ, იქ დაახლოებით 300-400 ადამიანი იყო. მათი თქმით, თავიდანვე ინფორმირებული იყვნენ აქციის შესახებ უმაღლესი საბჭოს სხვა დეპუტატები და თავმჯდომარე, დავით გაბაიძე.

11-12 მარტის აქციის შემდეგ, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეზე 19 პირს წაუყენა ბრალი, მათ შორის, 18 წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ხოლო ერთი გირაოს სანაცავლოდ გათავისუფლდა. მათი საქმის განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლო 8 მაისს დაიწყებს.

ამავე საქმეზე ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 79 პირი დააკავა. მათგან 64 შემთხვევა უკვე განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. სამართალდამრღვევებად მიჩნეულების უმეტესობას სასამართლომ ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ამავე თემაზე:

აჭარის საპატრულოს უფროსის, კახა ბუხრაძის ჩვენება

პოლიცია „ბათუმის აქციის“ მონაწილეებთან წაგებულ საქმეებს ასაჩივრებს 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: