მთავარი,სიახლეები

პოლიცია „ბათუმის აქციის“ მონაწილეებთან წაგებულ საქმეებს ასაჩივრებს

31.03.2017 •
პოლიცია „ბათუმის აქციის“ მონაწილეებთან წაგებულ საქმეებს ასაჩივრებს

პოლიცია 11-12 მარტის აქციის მონაწილეებთან წაგებულ სასამართლო პროცესებს ასაჩივრებს. ამ ეტაპზე 79 ადმინისტრაციული საქმიდან ასეთია 9 შემთხვევა, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციისგან სამართალდამრღვევად მიჩნეული პირები გაამართლა.

„დღეს შეხვდა ჩემს შვილს ის პოლიციელი, ვინც ოქმი შეუდგინა და უთხრა, იცოდე, გავასაჩივრეთ უკვე გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, იქ მოგიწევს გამოცხადებაო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ელზა ზაქარიაძემ, რომელიც სასამართლოში დღეს, 31 მარტს, ვითარების გარკვევას ცდილობდა. ის 12 მარტის აქციის შემდეგ ერთ-ერთი დაკავებულის, კონსტანტინე კვასკვაძის დედაა.

კონსტანტინეს შემთხვევა მამუკა მორთულაძესთან და გურამ კიწრმარიშვილთან ერთად 20 მარტს განიხილა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ. მოსამართლემ სამივე მათგანის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო.

პოლიციელი, ვინც ამ პირების სამართალდარღვევის ოქმები წარმოადგინა სასამართლოში, თენგიზ ქობულაძეა. სატელეფონო საუბარში მან „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ პოლიცია საქმეებს, რომლებშიც ბათუმის სასამართლომ დარღვევები ვერ დაინახა, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. „დეტალებს ვერ გეტყვით. ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ კონსტანტინეს შევხვდი და რამე ვუთხარი, პრესსამსახურს დაუკავშირდით“, – გვითხრა თენგიზ ქობულაძემ.

„ცალკკეული შემთხვევები შეიძლება გასაჩივრდეს. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ამ ეტაპზე პოლიციას ჯერ არ შეუტანია სარჩელი „ბათუმის აქციის საქმეზე“.

11-12 მარტის აქციის შემდეგ პოლიციამ ადმინისტრაციული წესით სულ 79 პირი დააკავა. 31 მარტის მონაცემებით, 64 შემთხვევა უკვე განიხილა სასამართლომ. დაკავებულებიდან სასამართლომ 40 პირი დააჯარიმა, 7 შემთხვევაში 5-5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა, 8 ადამიანს შენიშვნა მისცეს, ხოლო 9 პირი გამართლდა.

გამართლებულ პირებს შორის ყველაზე ხმაურიანი რამაზ ხიმშიაშვილის და ჯიმი ვარშანიძის სასამართლო პროცესი აღმოჩნდა. ეს პირები 11 მარტს ბათუმი პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულის თანამშრომლებმა ჯერ დააჯარიმეს, ხოლო შემდეგ დააკავეს. ამ საქმეს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქცია ბათუმში. სასამართლო განხილვის დროს ორი პოლიციელის ჩვენება ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა.

პოლიციელის ჩვენება საეჭვო გახადა გიგა ჩხაიძემაც. მან მოსამართლე გოჩა ფუტკარაძეს თავისი სამსახურის ვიდეოკამერის ჩანაწერი აჩვენა, რითაც დადასტურდა, რომ გიგა აქციაზე მისვლას და იქ წვრილმანი ხულოგნობის ჩადენას ვერ მოახერხებდა.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ სისხლის სამართლის წესით ამ ეტაპზე 19 პირია დაკავებული. მათი წინასასამართლო სხდომა 8 მაისს არის ჩანიშნული.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: