კიტრი კოკოტაურიდან [ფოტო, ვიდეო]

აჭარაში ხარისხით განსაკუთრებით ქედაში მოყვანილი ბოსტნეული გამოირჩევა. მასზე მოთხოვნა ბათუმის ბაზარშიც მაღალია.

წლების განმავლობაში კიტრს დიდი ოდენობით  ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში აწარმოებდნენ. ოჯახებს სეზონის განმავლობაში ტონობით კიტრი მოჰყავდათ, თუმცა ბოლო წლებში კიტრის წარმოება შემცირდა. ახლა სოფელ კოკოტაურში კიტრი სარეალიზაციოდ მხოლოდ რამდენიმე ფერმერს აქვს გაშენებული, მათ შორის ერთ-ერთი ლუთბიე არძენაძეა.

კიტრის ჩითილები სათბურში გამოჰყავთ, შემდეგ ღია გრუნტში გადააქვთ და ვიდრე ძაფზე აიყვანენ, ღია გრუნტში ისევ პოლიეთლენის პარკით ფარავენ.

კიტრის სათბური. ეკა ბარამიძის ფოტო
კიტრის სათბური. ეკა ბარამიძის ფოტო
ლუთბიე არძენაძე. ეკა ბარამიძის ფოტო
ლუთბიე არძენაძე. ეკა ბარამიძის ფოტო
კიტრის სათბური. ეკა ბარამიძის ფოტო
კიტრის სათბური. ეკა ბარამიძის ფოტო
ლუთბიე არძენაძე. ეკა ბარამიძის ფოტო
ლუთბიე არძენაძე. ეკა ბარამიძის ფოტო

შორენა თავართქილაძემ კიტრი კოკოტაურში სათბურში წელს პირველად გამოიყვანა და ბაზარზე გასაყიდად რამდენჯერმე გატანაც მოახერხა.  300  კვადრატული სასათბურე მეურნეობა სახელმწიფოს თანადაფინანსებით მიიღო და სახლის გვერდით მოაწყო.

შორენა პედაგოგია, კოკოტაურის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენასა და ბიოლოგიას ასწავლის. ამბობს, რომ მეურნეობასა და პედაგოგობას ერთმანეთს უთავსებს და ამით ოჯახს ფინანსურად უზრუნველყოფს.

„პირველად რომ ჩავიტანე ბაზარში გადამყიდველებთან, კილოგრამი კიტრი 3 ლარში ჩავაბარე, ახლა 2-2,50 ლარში ვაბარებ. წელს ბაზარზე ქედის კიტრი ცოტაა და ფასიც მაღალია. ვფიქრობ, გაგვიმართლა ვინც წელს სარეალიზაციოდ კიტრი დავრგეთ. როცა სათბურში კიტრი მოილევა, გასაყიდად მწვანე ხახვის დათესვას ვაპირებ,“ – ამბობს შორენა.

facebook მიმოწერები მტკიცებულებად მერაბ ღოღობერიძის საქმეში

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო არსებითად განიხილავს. მათ „ბათუმის აქციის საქმეში“ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. დღეს, 20 ივნისს, საქმის არსებითი განხილვისა და  ბრალდებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებები წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. დღეს მოსამართლემ ორივე ბრალდებულს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?

„დამნაშავედ კი არა, სიზმარში მგონია თავი. ამ ადამიანისთვის ხელიც კი არ მაქვს ჩამორთმეული, რა ორგანიზებაზეა საუბარი,“ – უპასუხა მოსამართლეს მერაბ ღოღობერიძემ.

„რა თქმა უნდა, არ ვცნობ თავს დამნაშავედ“, – თქვა ირაკლი ჩხვირკიამ. მისმა ადვოკატმა, გიორგი ონიანმა სხდომის დაწყებისთანავე დარბაზში სუს-ის თანამშრომლების ყოფნა გააპროტესტა.

„მანდატურებმა ჯერ შემოუშვეს სუს-ის თანამშრომლები, მერე ოჯახის წევრები. ნახევარი ვერც შემოვიდა, ვინც ოჯახის ახლობლები არიან. ამას აკეთებენ თქვენი მანდატურები“, – აღნიშნა ადვოკატმა გიორგი ონიანმა.

მოსამართლემ ადვოკატის პასუხად ჟურნალისტებს მოუწოდა, დარბაზი ახლობლებისთვის დაეთმოთ. „სხდომა ღიაა, საჯარო და ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ვინმეს შემოსვლას. მე არ ვიცი, ვინაა დარბაზში, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია, დაუთმოს ადგილი ბრალდებულის ახლობელს. მივმართავ ჟურნალისტებს ასევე, რადგან ისინი საკმაო რაოდენობით არიან წარმოდგენილი, არადა კანონის მიხედვით, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს გადაღების უფლება, მას აქვს ვალდებულება ჩანაწერი მიაწოდოს სხვა ნებისმიერ მედიასაშუალებას“, – განმარტა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

მოსამართლის მოწოდების მიუხედავად, სასამართლო დარბაზი არავის დაუტოვებია.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილა. პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის გაჟღერდა სატელეფონო ჩანაწერიც, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ვისი საუბრების ამსახველი ჩანაწერი აქვს პროკურატურას მტკიცებულებად.

ერთ-ერთ მტკიცებულებად პროკურატურამ მერაბ ღოღობერიძის Facebook მიმოწერები წარმოადგინა, რაც ადვოკატმა, პაატა შავაძემ გააპროტესტა:

„რა ადასტურებს ამ მიმოწერების ნამდვილობას? დღეს ფეისბუკში გვერდი შეიძლება შექმნა თავისუფლად და დააწერო მერაბ ღოღობერიძე, ან თამარ მეფე. ამ ჩანაწერებს აქვთ ავთენტურობის პრობლემა“.

„რადგან წარმოვადგინეთ ეს მტკიცებულება, პროკურატურა შეეცდება იმის დადასტურებასაც, რომ ეს მიმოწერები ნამდვილია,“- დასძინა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

საბოლოოდ ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ საქმეში წარმოადგინა, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დასაშვებად მიიჩნია.

„მე მოვითხოვ პროკურორ რამაზ შავაძის აცილებას. ის ვერ იქნება მიუკერძოებელი პროკურორი,“ – აღნიშნა მერაბ ღოღობერიძემ. ამ შუამდგომლობის დასადასტურებლად მერაბ ღოღობერიძემ კონრკეტული საქმე გაიხსენა, რომელიც ნარკოდანაშაულს ეხებოდა და ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

„გამამართლებელი განაჩენი არ ნიშნავს იმას, რომ მიკერძოებული ვიყავი. არის შემთხვევებიც, როცა გამამართლებელი განაჩენი დგება, მაგრამ შემდეგ აპელაციას გამოაქვს იმავე საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი“, – შენიშნა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მერაბ ღოღობერიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს არსებითად დავით მამისეიშვილი განიხილავს. ის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მასობრივი ძალადობის ორგანიზების საქმეზე.

 

IMG_20170620_130130

13 კანდიდატი ერთი სავარძლისთვის იბრძვის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე განაცხადი ცამეტმა კანდიდატმა შეიტანა, აქედან ექვსი მეორე ეტაპზე გადავიდა. სამინისტროში მათ ვინაობას არ ასახელებენ:

„პერსონალური ინფორმაციაა, რომლის გასაჯაროებაზეც კონკურსანტებთან შეთანხმება არ გვაქვს, შესაბამისად, ვერ გავასაჯაროვებთ.“

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში რვა ვაკანტურ პოზიციაზე სულ 215 განაცხადი იყო წარდგენილი, აქედან მეორე ეტაპზე 139 მონაწილე გადავიდა.

რვა გამოცხადებული პოზიციიდან მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა – კობა თედორაძე, რომელიც კონკურის მეორე ეტაპზე გადავიდა.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება, განაცხადების გადარჩევის შემდეგ კანდიდატები ტესტირებას საკანონმდებლო აქტებსა და უცხო ენებში (ინგლისური, რუსული) გაივლიან, პოზიციებზე უცხო ენების მოთხოვნის შესაბამისად. ამ დროისთვის კონკურსის შედეგების ზუსტი თარიღი უცნობია.

სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყებამდე თანამდებობიდან გაათავისუფლეს აჭარის ყოფილი თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, არჩილ ხაბაძის მამა, რომელიც წლების განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამ ფაქტს წინ უსწრებდა სამინისტროს შპს-ის –  „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ცეცხლაძის დაკავება.

ირაკლი ცეცხლაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დააკავეს.

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ – 326 მოქალაქის სარჩელის განხილვა დაიწყო

უკანონო მოსმენების წინააღმდეგ 326 მოქალაქის სარჩელის განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს. ამ სხდომაზე პლენუმის 9 მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყება, თუ პირდაპირ გააუქმებს სასამართლო იმ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც ფარულ სატელეფონო მოსმენებს არეგულირებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეასრულა პარლამენტმა სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფარულ მიყურადებას არ უნდა ახორციელებდეს ის სახელმწიფო ორგანო, რომელიც გამოძიებას აწარმოებს და აქვს „პროფესიული ინტერესი“. მოსარჩელეები, ვინც კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში სარჩელს მოაწერეს ხელი, თვლიან, რომ პარლამენტმა ახალი უწყების – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნით პრობლემა უცვლელად დატოვა, რადგან სააგენტოს კონტროლის უფლებამოსილება მხოლოდ სუს-ს აქვს.

„326 კი არა, გაცილებით მეტი მოსარჩელე ეყოლებოდა ამ საქმეს, მარტივი რომ იყოს სარჩელის შედგენა. ახალი კანონი ზრდის მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელყოფის რისკს,“ – მიმართა მოსამართლეებს თამარ კორძაიამ. ის ერთ-ერთი მოსარჩელეა უკანონო მოსმენების წინააღმდეგ. თამარ კორძაიამ ხაზი გაუსვა კონტროლის შემოთავაზებულ მექანიზმს, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და პარლამენტარებისგან დაკომპლექტებულ „ნდობის ჯგუფს“ უკავშირდება.

„ინსპექტორს მხოლოდ ინსპექტირების უფლებამოსილება დაუტოვეს, რაც ბუნებრივია არაა საკმარისი. რაც შეეხება „ნდობის ჯგუფს“ – მხოლოდ ერთ წარმომადგენელს ექნება ამ სააგენტოზე კონტროლის განხორციელების უფლება, მაგრამ მაჩვენეთ პარლამენტის წევრი, რომელსაც შეუძლია ტექნიკურად შეამოწმოს, დააკვირდეს პროცესს და დააფიქსიროს დარღვევა. სპეციალისტის გარეშე ამის გაკონტროლება არის პრაქტიკულად გამორიცხული. ასეთი კონტროლი მხოლოდ ფასადურია. ალბათ, პარლამენტის წევრი მივა სააგენტოში, დაათვალიერებს და წამოვა. ეს ვერაფერს შეცვლის. მე, როგორც ერთ მოქალაქეს მინდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსეული გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს“, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

„ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო“ დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას ფარულ მოსმენაზე, ასეა, მაგრამ სუს-ის უფროსს ნებისმიერ დროს აქვს უფლება, მოსთხოვოს ამ სააგენტოს ხელმძღვანელს ნებისმიერი მასალის წარმოდგენა,“ – თქვა გიორგი გოცირიძემ, მოსარჩელეების ინტერესების დამცველმა. მიიჩნევს, რომ გასული წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მაღალი სტანდარტი დაადგინა და მისი შეცვლა დაუშვებელია. „ჩათვალეთ, რომ ეს არის ამ სასამართლოს პრესტიჟის საქმეც“, – დასძინა გიორგი გოცირიძემ.

მოსარჩელეებს შორისაა სახალხო დამცველიც. მისი ინტერესების დამცველი, მიხეილ შარაშიძე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელს „უკანონო მოსმენების წინააღმდეგ“ პლენუმი განიხილავს და არა რომელიმე კოლეგია.

„ეს ორ შემთხვევაში ხდება: როცა პრაქტიკის დაზუსტება ხდება, ან საქმე არის განსაკუთრებული სამართლებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე. ვიმედოვნებთ, რომ მეორესთან გვაქვს საქმე და სასამართლო ისევ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – ამბობს მიხეილ შარაშიძე.

განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება. პლენუმი ამჯერად ექსპერტების პოზიციებს მოისმენს.

IMG_20170620_110759

 

„მორალურად დაძველებული ფილები“ და კაუჩუკი მინდვრის ნაცვლად

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში, საფეხმავლო ბილიკებზე ფილების აყრა დაიწყეს. მოსახლეობის თქმით, ფილები სკვერში დაზიანებული არ არის და მათთვის გაურკვეველია რას ემსახურება მათი გამოცვლა.

„ნორმალური ბილიკებია, ფილებიც მთელია და რატომ იღებენ არ ვიცით. თუ საშუალება აქვს მერიას, ქალაქში სხვა ადგილებს მიხედონ. აქ რას დააგებენ, ისიც არ ვიცით. რეაბილიტაციაა თუ ფულის გათეთრება? “ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სკვერი ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოზეა გადაცემული. სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფილების აყრა უკავშირდება იმას, რომ სკვერი 8 აგვისტომდე მთლიანად უნდა კეთილმოეწყოს: შეიცვლება სკამები, სანაგვე ურნები, დაიდგმება ომში დაღუპულთა მემორიალი. „რაც შეეხება ფილებს, ისინი, ასე ვთქვათ, მორალურად მოძველებულია, ხალხს კი სიახლე სჭირდება,“ – გვითხრეს სააგენტოში.

IMG_20170619_090523

IMG_20170619_090632

 

 

 

 

 

 

სააგენტოს დირექტორის ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, აქ აყრილ ფილებს დაასაწყობებენ და სხვაგან გამოიყენებენ.

რაც შეეხება ახალ ფილებს, „კომპანია „ლეგისთან“  შარშან გავაფორმეთ ხელშეკრულება დაახლოებით 90 ათასი ლარის ფილების შეძენაზე – 5 ათასი კვ/მ ფართობის. ამ სკვერში კი 2 ათას კვ/მ ფართობის დაიგება ჯამში. გვაქვს ნახაზი, თუ სად უნდა იყოს ბილიკები მემორიალის გასწვრივ. შეთანხმებული ვართ და მემორიალიც და სკვერიც პარალელურად მოეწყობა. ფილებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბილდ მენეჯმენტი“ დააგებს, რისთვისაც  33 330 ლარს გადავუხდით. ფილების ორნამენტს ახლა ვარჩევთ,“ – აცხადებს ალექსანდრე თევზაძე.

მისივე თქმით, სკვერის გამწვანებაზე და მათ მოვლაზე ბათუმის გამწვანების სამსახური მუშაობს.

IMG_20170619_090528_crIMG_20170619_090609

 

 

 

 

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით ეს ტერიტორია  [ყოფილი ერთიანი სკვერი ჯავახიშვილის ქუჩაზე], დღეს ფაქტობრივად სამ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ ნაწილში გმირთა მემორიალი უნდა აღიმართოს [სამუშაოების შემსრულებელს ჯერ მერია არ ასახელებს], მეორე ნაწილს საქართველოს საპატრიარქო სარგებლობს [ტერიტორია ეკლესიას შემოღობილი აქვს, რითაც სკვერი ორ ნაწილადაა გაყოფილი, თუმცა საკადასტრო რუკით ეს ასე არ უნდა იყოს], მესამე ნაწილი რჩება, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ სკვერად.

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სკვერი, ეკლესია და ჯავახიშვიულის ქუჩის სკვერი, საჯარო რეესტრის ამონაწერით, ორ საკადასტრო ერთეულადაა გაყოფილი და ორივე ნაკვეთის მესაკუთრე ბათუმის მუნიციპალიტეტია.

skver -=
სკვერი ჯავახიშვილის ქუჩაზე
კაუჩუკის მოედანი მინდორის ნაცვლად

ბათუმში, ფიროსმანისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთაში, არის კიდევ ერთი პატარა გამწვანებული ადგილი [უფრო სწორად იყო], სადაც ბათუმის გამწვანების სამსახურმა სხვადასხვა მცენარე დარგო და წლებია უვლის. ამ  ადგილზე ჯერ რკინის ჯვარი აღიმართა, ახლა კი გამწვანებული ადგილის თითქმის 2/3 ბეტონით დაფარეს.

IMG_20170607_091704

როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ბეტონის საფარის დაგება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყდა. აღნიშნული ტერიტორია კი, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამხანაგობა „იმედის“ საკუთრებაშია.

„ბათუმის კორპუსი“ ასრულებს სამუშაოებს. მართალია მერიის სამსახურს ეს გეგმაში არ ჰქონდა, თუმცა მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყდა საბავშვო ატრაქციონების მოწყობა. ბეტონის საფარზე მოეწყობა კაუჩუკის მოედანი და ატრაქციონებიც უახლოეს დღეებში დამონტაჟდება.“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

ქვათა ცვენა სოფელ მახალაკიძეებში

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეებში გუშინ, 19 ივნისს, ქვათა ცვენის შემთხვევა დაფიქსირდა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის თქმით, ლოდი ფერდობიდან დასახლებულ უბანში, სასოფლო გზაზე ჩამოვარდა. ქვათა ცვენის შედეგად არავინ დაშავებულა.

„საკმაოდ დიდი მოცულობის ლოდია ჩამოვარდნილი, ქვათა ცვენის შემთხვევები სოფელ მახალაკიძეებში გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, მაგრამ ამ უბანში ლოდი პირველად  გუშინ ჩამოვარდა. გეოლოგები გამოვიძახეთ, ხვალ ამოვლენ და შეისწავლიან მდგომარეობას ადგილზე. ფერდობზე, საიდანაც ლოდია ჩამოვარდნილი, სხვა ლოდებიც არის, მაგრამ რამდენად არის მათი ჩამოვარდნის საშიშროება, ამას გეოლოგები დაადგენენ,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

ქვათა ცვენის ხშირი შემთხვევების გამო  სოფელ მახალაკიძეებში, რაბათის უბანში მცხოვრებ 32 ოჯახს გეოლოგებმა 2016 წელს უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლების ადგილმონაცვლეობის რეკომენდაცია მისცეს. ზაზა ზოიძის ინფორმაციით, ხელისუფლება ოცდათორმეტივე ოჯახს სახელმწიფო პროგრამით განსახლებას სთავაზობს, რასაც ადგილობრივები არ თანხმდებიან.

„გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე 2016 წელს ხელისუფლებამ 32 ოჯახს ეკომიგრანტთა პროგრამით სარგებლობა შესთავაზა. საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით ჩვენ ყველა მათგანს წერილობითი ცნობა გავუგზავნეთ დარეგისტრირებულიყვნენ ეკომიგრანტთა ერთიან ბაზაში, რაზეც თავდაპირველად ყველამ უარი განაცხადა, შემდეგ კი მხოლოდ ხუთი ოჯახი დარეგისტრირდა პროგრამაში. მოსახლეობა ჰესის მშენებელ კომპანიას ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას სთხოვდა,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

აჭარის ქონების მართვის წესში ცვლილებები შევიდა

პირს, რომელიც დაადასტურებს, რომ ის ათ წელზე მეტ ხანს ცხოვრობს მის მიერ დაკავებულ არასაცხოვრებელ ფართობში, აჭარის მთავრობა მას ამ ფართობს უსასყიდლოდ გადასცემს – აჭარის ქონების მართვის წესში ცვლილებები შევიდა.

ცვლილების მიხედვით, მთავრობას დაინტერესებულმა პირმა უნდა წარუდგინოს კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები და ორი მოწმე, რომლებიც დაადასტურებენ მის მიერ მთავრობისთვის მიწოდებულ ინფორმაციას ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ. ინფორმაცია შეიძლება უბნის რწმუნებულთანაც გადამოწმდეს.

აჭარის მთავრობას უფლება ექნება, კერძო პირს ქონება არა სიმბოლურ ფასად, არამედ უსასყიდლოდ გადასცეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გელა ცინცაძის განმარტებით, ეს მოქალაქეს ისეთ ბიუროკრატიულ პროცესს აარიდებს, როგორციაა სიმბოლური თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, შემდეგ მისი რეესტრში რეგისტრაცია და სხვა პროცედურები.

პროექტის მიხედვით, ეს წესი გავრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებში ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ ფართობი.

წესის მოქმედება არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ:

ფართობთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო დავა ფაქტობრივი მფლობელობის ან საკუთრების თაობაზე;

დადგენილი წესის შესაბამისად არ დგინდება პირის მიერ ფართობის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენების ფაქტი;

კომისიისათვის ცნობილი გახდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შესაბამისი ფართობით სარგებლობის უფლება დაუდგინდა სხვა პირს.

პროექტის მიხედვით, ფაქტობრივ მფლობელებად არ ჩაითვლებიან და, შესაბამისად, ამ წესით განსაზღვრული უფლებები არ წარმოეშობათ იმ პირებს, რომლებიც ფართობს სარგებლობენ ფაქტობრივ მფლობელთან შეთანხმებით.

გარდა ამისა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ  პირველი მოსმენით მიიღო „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“  კანონში ცვლილების კიდევ ერთი პროექტი.

კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია ქონება უსასყიდლოდ გადასცეს ფიზიკურ პირებს ხელისუფლების ორგანოების მიერ შექმნილი შესაბამისი კომისიების რეკომენდაციის საფუძველზე, სოციალური პირობების გაუმჯობესების ან ხელისუფლების ორგანოების მიერ მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ დღეს არსებული რედაქციით მოქალაქეებს ქონება გადაეცემათ სიმბოლურ ფასად ერთ ლარად, რაც ქმნის ბევრ ბიუროკრატიულ ბარიერს.

„უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, ერთი ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, რის გამოც მოქალაქეს უწევს ვალდებულების რეგისტრაციის საფასურის გადახდა 55 ლარის ოდენობით. ლარის გადახდის შემდეგ კი ქვითარი უნდა წარმოადგინოს სამინისტროში, ხოლო 4-5 სამუშაო დღის შემდეგ, სამინისტროს წერილობითი დასტური საჯარო რეესტრს უნდა წარუდგინოს.

ცვლილების მიღების შემდეგ მოქალაქეები აღარ იქნებიან ვალდებულნი გაიარონ ეს პროცესები და ისინი საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეძლებენ.“

მეცხრამეტე მუხლის ცალკეული პუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. მეორე პუნქტით განისაზღვრა, რომ ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია არაუმეტეს 49 წლის ვადით, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საკითხის ინიციატორი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება ქონების მართვისა და განკარგვის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

„ ამ ნორმით კანონი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონთან და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით არსებულ სახელმწიფო პოლიტიკასთან. ჩვენი მიზანია მოქალაქეებმა ნაკლები დრო და ფინანსური რესურსი დახარჯონ საკუთრების უფლებით გადაცემული ქონების რეგისტრაციისას და მინიმუმამდე შემცირდეს ბიუროკრატიული პროცესები,“-განმარტავს რამაზ ბოლქვაძე.

8 აგვისტოს ბათუმში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ბათუმის მერია რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის გახსნას გეგმავს. მერიის ინფორმაციით „ამ დღის აღსანიშნავად ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, სადაც მოწვეული იქნებიან დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები“.

ბათუმის მერიაში თვლიან, რომ „მემორიალის განთავსება ხელს შეუწყობს ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემის განცდის ჩამოყალიბებას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ქვეყნის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს დამოკიდებულებას“.

მემორიალის მოსაწყობად მერიამ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე უნდა გააფორმოს 98 ათას 409 ლარზე. თუ ვისთან აპირებს მერია ხელშეკრულების გაფორმებას და შესაბამისად ვინ შეასრულებს სამუშაოებს, ბათუმის მერიაში არ ასაჯაროებენ.

„გასავლელია ტექნიკური დეტალები და კომპანია მაშინ დასახელდება, როცა ხელშეკრულება დაიდება“ – გვითხრეს მერიაში. ტენდერის გარეშე პირდაპირ შესყიდვაზე მერიამ თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგანაც მიიღო.

მერიამ პირდაპირი შესყიდვის აუცილებლობა შემდეგნაირად დაასაბუთა: „პირველ ეტაპზე მოხდა მემორიალის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სახელმწიფო შესყიდვა. მემორიალის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მოწოდების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 08 ივნისის ჩათვლით პერიოდით. მომერიალის გახსნა უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 08 აგვისტოს. შესაბამისად, მემორიალის მოწყობის ელექტრონული პროცედურების საშუალებით შესყიდვა დაკავშირებულია, როგორც ტენდერის მიმდინარეობასთან, ასევე ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მიმწოდებლის მიერ 08 აგვისტომდე ვალდებულების შესრულებასთანაც. შესაბამისად, ტენდერის მეშვეობით ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულებისათვის არ რჩება საკმარისი პერიოდი“.

ადგილი ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც მემორიალი დაიდგმება / 19.06.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ადგილი ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც მემორიალი დაიდგმება / 19.06.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა: შპს „ჯგუფი 6000“ და ინდმეწარმე თეიმურაზ მახარაძე. სატენდერო კომისიამ უპირატესობა თეიმურაზ მახარაძის ესკიზს მიანიჭა და მასთან ხელშეკრულება 6355 ლარზე გააფორმა.

მემორიალის ესკიზი, რომელმაც ბათუმის მერიის ტენდერში ვერ გაიმარჯვა / ესკიზის ავტორი: შპს „ჯგუფი 6000“ / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან
მემორიალის ესკიზი, რომელმაც ბათუმის მერიის ტენდერში ვერ გაიმარჯვა / ესკიზის ავტორი: შპს „ჯგუფი 6000“ / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

 

გამარჯვებული ესკიზი / ავტორი: თეიმურაზ მახარაძე / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან
გამარჯვებული ესკიზი / ავტორი: თეიმურაზ მახარაძე / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან
ტენდერში გამარჯვებული ესკიზი / რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის განმარტებითი ბარათი:

2memor

„რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომის მემორიალის ძირითადი კონცეფცია, არის თავისუფლებისათვის ბრძოლის გამოხატვა მხატვრულ-პლასტიკური მეთოდით. დროშების ფონზე მზის დისკოს გამოხატვა, რომელსაც აკრავს ვაზისა და დაფნის გვირგვინი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი უძველესი კულტურისა და ამ კულტურისათვის თავდადებულ ბრძოლას, ხოლო ერთადერთი ცრემლი დაუვიწყარი ტკივილია ყველა იმ ქართველისა, რომელიც ამ ომმა გამოიწვია. კომპოზიცია ლაკონურია, ითვალისწინებს ირგვლივ მყოფ არქიტექტურულ გარემოს, ქართულ ტრადიციებს.

მემორიალის წინ აღმართულია კანკელი, გმირთა სულების მოსახსნებლათ. მემორიალის ქანდაკების ნაწილი იქნება რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, ხოლო მზის დისკო, მასზე გამოსახული ვაზი და კანკელი იქნება ლითონის მხატვრული ჭედვით შესრულებული, ხოლო მზის დისკო ოქროთი მოვარაკებული [სუსალის ოქრო].

მემორიალის განათება იქნება სახვადასხვა ტონალობაში, გათვალისწინებულია მემორიალის კვარცხლბეკის მოპირკეთება ბუნებრივი ქვით, კვარლცხბეკის ზედა სიბრტყეზე განლაგდება დასაჯდომი მოცულობები, ასევე კვარლცხბეკის კუთხეებში გათვალისწინებულია გაზონები და პანდუსები.

საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობა ითვალისწინებს ბეტონის ფილების დაგებას, გასანათებელი ბოძებით აღჭურვას და ასევე საპარკო სკამებისა და ნაგვის ურნების განლაგებას. მთლიანობაში კომპოზიცია წარმოადგენს როგორც ერთ მთლიან ლტოლვას თავისუფლებისაკენ, სადაც მოჩანს მზე, მარადიული ნათელისა და ცრემლი მარადიული ტკივილისა“.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში აჭარაში დროგამოშვებით იწვიმებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 21 ივნისს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ელვა, ჭექა და წვიმა. იქროლებს  ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება ღამით 13-18, დღისით კი 18-23 გრადუსი, მთაში – ღამით 8-13, დღისით – 15-20 გრადუსი.

22 ივნისს შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, მომდევნო ორ დღეს,  23-24 ივნისს კი, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

კომპანიები, რომლებსაც ზურაბ პატარაძემ k2-ის გაზრდაზე უშუამდგომლა

2017 წლის მარტიდან დღემდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, k2-კოეფიციენტის გაზრდაზე 13 კომპანიას უშუამდგომლა. მათგან უმეტესობა  ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

ამ კომპანიებს  შორისაა შპს „ბათთაუერსი“. კომპანია ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიმშიაშვილის #1,2- ში, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანია k2 – კოეფიციენტის გაზრდას 7,0-მდე ითხოვდა.

მერისადმი მიწერილ შუამდგომლობის წერილში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რაც მისი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია არსებული უბნის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის.

პატარაძის ინფორმაციით, სამშენებლო პროექტის პარამეტრები ექვემდებარება არსებული უბნის განაშენიანებისა და განვითარების კონცეფციას.

კომპანია „ბათთაუერსი“ 2016 წლის დეკემბერშია დაფუძნებული და მას ზებურ და ზურაბ დუმბაძეები, რამინ შავაძე და ნუგზარ ხოზრევანიძე ფლობენ.

ზურაბ პატარაძემ კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე შპს „ბქსკ“- საც უშუამდგომლა. ეს კომპანია ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის #22, 24, 26-ში მრავალსართულიან სახლსა და სასტუმროს აშენებს.

კომპანია 2013 წელსაა დაფუძნებული და მის 50%-ს საბერძნეთის მოქალაქე, ხოლო 50 %-ს საქართველოს მოქალაქე დავით კონცელიძე ფლობს.

კიდევ ერთი კომანია, რომელმაც პატარაძისგან შუამდგომლობის თხოვნაზე თანხმობა მიიღო „სტარ -პალასია“. კომპანია გრიგოლ ლორთქიფანიძის #6-ში , ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. კომპანია კოეფიციენტის 7,5- მდე ითხოვდა.

ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის k2 კოეფიციენტის გაზრდაზე პატარაძისგან შუამდგომლობაზე თანხმობა მიიღეს ასევე, კომპანიებმა: „ელთ ბილდინგმა“ ,შპს „არქოსმა“, „სი ემ სი- მეზღვაურმა“, „ბედეგი ბილდინგმა“,  „ დს გრუპმა“, „ნიუ თაიმმა“, „ნევ ბათუმმა“, „ციტადელმა“, „MJM-ჯგუფმა“.

პატარაძემ კოფიციენტის მაქსიმუმამდე 16,0 – მდე გაზრდაზე უშუამდომლა ასევე კომპანია „ეიბეს ფრივილიჯ ქლაბ რიზოსრთს“ , ეს კომპანია ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ ყოფილმა ჩინოვნიკმა და „ოცნების“ შემწირველმა აკაკი სონგულიამ 2016 წლის ივნისში დააფუძნა.

შუამდგომლობის წერილებში ზურაბ პატარაძე ხაზს უსვამს, რომ პროექტები თვალისწინებს ეზოსა და პარკინგის მოწყობას და ასევე გამწვანებას.

ამავე თემაზე: ქალაქი შენი ფანჯრიდან

სასამართლო პროცესი ბრალდებულების წასვლის შემდეგ

„ბატონო მოსამართლევ, მე არ მინდა, შეხედოთ ამ საქმეს მხოლოდ ვიწრო კრიმინალურ ჭრილში, ეს არის ისტორიული საქმე,“ – მიმართა მოსამართლე ირაკლი შავაძეს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

მას შემდეგ, როცა სასამართლო დარბაზი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულმა 7-მა პირმა პროტესტის ნიშნად დატოვა, მოსამართლემ პროკურორ რამაზ შავაძის და ადვოკატების ე.წ. შესავალი სიტყვა მოისმინა. არსებითი განხილვის ამ ეტაპის შემდეგ, სასამართლომ მოწმეთა ჩვენებები უნდა მოისმინოს.

ადვოკატ დავით ჩავლეიშვილის აზრით, სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას: რამ გამოიწვია ამ მასშტაბის პროტესტი, რა იყო ეს. მისი აზრით, აქცია სპონტანური იყო და იქ შეკრებილები პროტესტს გამოხატავდნენ. ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ 11 მარტის აქციის თვითმხილველმა პოლიცილებმა გამოძიებას ჩვენება 15 მარტს მისცეს.

„მოქალაქემ შესაძლოა იფიქროს, მისცეს თუ არა ჩვენება გამოძიებას, მაგრამ პოლიციელი რაზე ფიქრობდა, რატომ არ მისცა მან ჩვენება 15-მდე, ან 16 მარტამდე? ეს იმიტომ მოხდა, რომ კადრებში ვინც ამოიცნეს და დაინახეს, ის დაასახელეს ჩვენებებში… გარდა ამისა, გამოძიება აწარმოა დაზარალებულად ცნობილმა ორგანომ, პოლიციამ,“ – აღნიშნა დავით ჩავლეიშვილმა.

„პროკურორმა თავის გამოსვლაში არაერთხელ ახსენა, რომ აქციაზე დაზარალადნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს წევრი – ირაკლი ჭეიშვილი. ჭეიშვილი რომ იქ იდგა, მთავრობის წევრები და პოლიციელები, რატომ მიუშვეს ეს ახალგაზრდები აქამდე? რატომ არ მოხდა რეაგირება მყისიერად? ჩემთვის ეს აქცია იყო სპონტანური, რომელიც სამწუხაროდ გადაიზარდა ძალადობაში,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა მზია ზოიძემ.

ადვოკატმა ზაზა პაპიძემ აქცენტი მისი დაცვის ქვეშ მყოფზე – გოდერძი გორგილაძეზე გაკეთა, რომელიც აქციის შემდეგ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს: „ერთი და იგივე ქმედებაზე არ შეიძლება პირს ადმინისტრაციული სახდელიც დაადო და სისხლის სამართლის წესითაც გაასამართლო. ამის თქმა მინდოდა“.

კიდევ ერთმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ თავის გამოსვლაში ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ ახსენა. თქვა, რომ ამ როგანიზაციიდან იყო მისული ხალხი აქციაზე ნიღბებით „მერე ისინი ვერ ამოიცნეს. პროკურატურამ კიდევ ვინმე კადრში თუ გამოჩნდა, ისინი დააკავა. რანაირად უნდა მოვუსმინო ახლა მე 300 მოწმეს, საიდანაც 200 ამბობს, რომ აქციას დახედა, წავიდა და დაიძინა?“ – იკითხა დავით ჯაფარიძემ.

დავით ჯაფარიძემ დღვანდელ სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მინდია ბერიძის შემთხვევაზე ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რაც ადასტურებს, რომ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ამ დასკვნის საფუძველზე, ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა და მინდია ბერიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდებულისთვის განკუთვნილი დაცარიელებული კუთხისკენ გაიხედა და თქვა: „რომ გაუშვით ყველა ბრალდებული, ეს მინდია ბერიძე მაინც დაგეტოვებინათ… “

მოსამართლე ირაკლი შავაძემ იქვე განმარტა, რომ თუკი სასამართლო პირის გათავისუფლების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, კანონის მიხედვით იგი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს, რაც იმ მომენტისთვის შეუძლებელი იყო, რადგან ბრალდებული იმ დროისთვის, დიდი ალბათობით, გზაში იმყოფებოდა [„ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულები ქუთაისში მდებარე საპყრობილეში არიან].

„მას არ უნდოდა წასვლა, მაგრამ ბადრაგის სამსახურმა ყველა ერთად წაიყვანა,“ – დასძინა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ავარიის შედეგად ველოსიპედისტი გარდაიცვალა

ველოსიპედისტი, რომელიც ბათუმში დღეს, 19 ივნისს, ავტოავარიაში მოხვდა რუსთაველის ქუჩაზე, გარდაიცვალა. ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ველოსიპედისტი, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი იყო, რომელსაც  მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.

მაჭახლის ხეობის 9 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება

„მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ იმსჯელა და მოიწონა დასახლებისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭების მიზნით შემოსული 28 შუამდგომლობა, რომელიც საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. სხდომის მონაწილეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახლის ხეობის 9 სოფლისთვის სტატუსის მინიჭების შუამდგომლობას“ – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მაჭახლის ხეობის სოფლების მოსახლეობამ სოფლებისთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს სხდომა დღეს, 19 ივნისს გაიმართა: „მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატება და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შეღავათებით კიდევ 7000-მდე მოსახლე ისარგებლებს“.

დღეის მდგომარეობით საქართველოს 3700 დასახლებიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1678 დასახლებას, დაახლოებით 45%-ს.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლების სტატუსი ენიჭება დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ასევე ენიჭებათ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში შემავალ დასახლებებს მათი ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიუხედავად.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მორიგ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

462_61335_581252_BESO2180

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მქონე მოქალაქეები, საქართველოს კანონმდებლობით, გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ, მათ შორის მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის დროს.

აჭარაში მაღალმთიანი დასახლებებია: ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტები [დაბებისა და ყველა სოფლის ჩათვლით], ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო. ამ ჩამონათვალს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კიდევ 9 სოფელი [მაჭახლის ხეობიდან: ქედქედი, სინდიეთი, აჭარისაღმართი, სკურდიდი, ცხემლარა, ჩიქუნეთი, ქოქოლეთი, ქვედა ჩხუტუნეთი, ზედა ჩხუტუნეთი] დაემატება.

პროკურატურის მტკიცებულებები მოსამართლემ დასაშვებად მიიჩნია – „ბათუმის აქციის საქმე“

პროკურორების, რამაზ შავაძის და ფრიდონ ქარცივაძის მიერ დღეს, 19 ივნისს, სასამართლოში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები მოსამართლე ირაკლი შავაძემ დასაშვებად სცნო. საუბარია ტელევიზიების მიერ გადაღებული ვიდეო კადრების ანალიზზე, რომლითაც დასტურდება, რომ კადრებში დაფიქსირებული პირები „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულები არიან.

წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შავაძემ ამ საკითხის განხილვა გადადო, რადგან ადვოკატები სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნებს გაცნობილი არ იყვნენ.

სასამართლო პროცესი ამ წუთებში ბრალდებულების და მათი ახლობლების გარეშე გრძელდება. მათ პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვეს და საპროტესტო აქციას მართავენ.

IMG_20170619_145819

„ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულთა ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ

„ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებული პირების ახლობლები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან არიან შეკრებილნი. ისინი აჭარის მთავრობის სახლის წინ აპირებდნენ საპროტესტო აქციის გამართვას, თუმცა ამ დრომდე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან. აქციის მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ  დაკავებულები უკანონო პატიმრები არიან.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დღეს, 19 ივნისს, სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს და დაახლოებით ხუთი წუთით, ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ 19 პირია ბრალდებული. მათ მასობრივი ძალადობასა და პოლიციელებზე თავდასხმა ედებათ ბრალად. კიდეც 9 ბრალდებულის საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.

საპროტესტო აქცია ამ წუთებში სასამართლოს წინ მიმდინარეობს
საპროტესტო აქცია ამ წუთებში სასამართლოს წინ მიმდინარეობს / 19.06.2017 / მანანა ქველიაშვილის ფოტოები

 

ახალგაზრდა მუსიკოსების კონკურსი ბათუმში

ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში რიგით მეხუთე აჭარის რეგიონალური ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი გაიმართება.

კონკურსი 19  ივნისს დაიწყება და 25 ივნისს  გალა კონცერტით დასრულდება. კონკურსში აჭარის სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების ასამდე სხვადასხვა კატეგორიის მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. სულ წარმოდგენილი იქნება ოთხი სამუსიკო განყოფილება:  საფორტეპიანო, საორკესტრო, საგუნდო და ვოკალური.

კონკურსის მსვლელობისას სხვადასხვა სახის ვიქტორინა და მასტერკლასები ჩატარდება.ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის, ნინო ჩაიძის თქმით, მონაწილეებს ძალიან საინტერესო და სასარგებლო პროგრამა ელოდება.  „ეს არ იქნება მხოლოდ კონკურსი, არამედ შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული ღონისძიებაც. სასიხარულოა,  რომ კონკურსმა აქტიურობა და დინამიკა დღემდე შეინარჩუნა, მონაწილეების შესაძლებლობები, მათი ზრდა-განვითარება ყოველწლიურად კონკურსის მრავალფეროვნებასა და სიახლეს ქმნის, ჩვენი მხრიდან კი მათი წახალისება და მოტივაციაა საჭირო, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ მათ დაინტერესებას, პედაგოგების ჩართულობას, კლასიკური მუსიკის განვითარებას,“ – გვეუბნება ის.

კონკურსს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან და თბილისის ნიჭიერთა ათწლედიდან მოწვეული ჟიურის წევრები დაესწრებიან. გამარჯვებულ მონაწილეებს ფულადი პრემიები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ, ასევე დაჯილდოვდებიან პედაგოგებიც.

კონკურსი სამუსიკო სასწავლებელმა დააფუძნა და მისივე ბიუჯეტით ფინანსდება.

ბრალდებულების და მათი ახლობლების პროტესტი სასამართლო დარბაზში – „ბათუმის აქციის საქმე“

პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულებმა და მათმა ახლობლებმა დატოვეს. დარბაზი ხალხმა სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ხმაურიანი განცხადებებით და შეძახილებით დატოვა.

„ძალიან ცუდი რჩევა მოგცათ თქვენ ვიღაცამ,“ – მიმართა ბრალდებულების ახლობლებს მოსამართლე ირაკლი შავაძემ, ვიდრე ისინი დარბაზს დატოვებდნენ. მან პროტესტის ეს ფორმა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად შეაფასა.

„არა. ეს იყო პროტესტი პროკურატურის მიმართ“, – შენიშნა ადვიკატმა მზია ზოიძემ.

სხდომის გაგრძელების შემდეგ, სასამართლო დარბაზის დატოვება ბრალდებულმა, გოდერძი გირგილაძემაც მოითხოვა: „რადგან ჩემები წავიდნენ, მეც მინდა დავტოვო აქაურობა,“ – თქვა მან.

„სასურველია, დარჩეთ. თქვენი ბრალეულობის საკითხის გარკვევა ხდება აქ,“- მიმართა ბრალდებულებს მოსამართლემ, თუმცა სასამართლოს სხდომის დარბაზი 8 ბრალდებულმა ერთად დატოვა.

ბრალდებულების ახლობლები ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ სასამართლოს შენობასთან. ისინი ქუჩის გადაკეტვასაც გეგმავენ. სტვენის და შეძახილების ფონზე საქმის განხილვას განაგრძობს მოსამართლე ირაკლი შავაძე.

ბრალდებულების ახლობლებმა საპროტესტო აქცია დღეს, 19 ივნისს, სასამართლოში სხდომის დაწყებამდეც გამართეს.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ 19 პირია ბრალდებული. მათ მასობრივი ძალადობასა და პოლიციელებზე თავდასხმა ედებათ ბრალად. კიდეც 9 ბრალდებულის საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს.

 

IMG_20170619_152754

IMG_20170619_152818

IMG_20170619_154324

მოვალეობის შემსრულებლები თანამდებობებზე

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარებული კონკურსის შედეგად, იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მანუჩარ ხინიკაძე დაინიშნა, ხოლო, სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე – ნათია გელაძე.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები კონკურსამდე ამ თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლებად იყვნენ დანიშნულნი.

ოფიციალური ინფორმაციით, 1-ელი ივლისიდან საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიხედვით, საჯარო მოხელეთა რანგირების წესი ამოქმედდება და საჯარო მოხეელები ოთხ კატეგორიად დაიყოფა.

„პირველი ივლისიდან დეპარტამენტის უფროსს მიენიჭება პირველი რანგი, განყოფილების უფროსს მეორე რანგი, მთავარ და წამყვან სპეციალისტებს კი მათი უფლებამოვალეობიდან გამომდინარე, მესამე და მეოთხე რანგი“ – გვეუბნება სამინისტროს წარმომადგენელი ლიკა მკურნალიძე.

მაღალი რანგის თანამდებობებზე საჯარო მოხელეებს დახურული კონკურსის წესით შეარჩევენ. „რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული რანგის მოხელე უკვე არსებული საჯარო მოხელეებიდან შეირჩევა ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან.

ღია კონკურსის გამოცხადება დასაშვებია ყველაზე დაბალ, მეოთხე რანგის მოხელის თანამდებობაზე,“ – გვითხრა ლიკა მკურნალიძემ.

საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურების წესი კი 2018 წლის პირველი იანვრიდან შეიცვლება.

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციიდან ხის გადატანის პროცესი დასრულდა

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიიდან, ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, სადაც ბიძინა ივანიშვილის პარკს აშენებს, მრავალწლოვანი ხეების გადატანის პროცესი დასრულებულია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რეზიდენციის ტერიტორიიდან 2 მრავალწლოვანი ხე გაიტანეს, ამჟამად კი ლანდშაფტის აღდგენისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

IMG_20170617_102700
ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორია / 17.06.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია / 17.06.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია / 17.06.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორია, სადაც მრავალწლოვანი ხეები ამოიღეს, წარმოადგენს არქეოლოგიური მემკვიდრეობის არეალს. აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები პეტრას არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლის განუყოფელი ნაწილია.

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორია / 17.06.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორია / 17.06.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

2017 წლის 17 მარტს, არქეოლოგები „ქართუ ჯგუფის“ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს ბობოყვათში შეხვდნენ. მაშინ ითქვა, რომ რეზიდენციიდან მხოლოდ ერთ ხეს გაიტანდნენ.

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია / ახალდარგული კვიპაროსები და ლიანდაგზე გადმოსასვლელი, რომელიც მრავალწლოვანი ხეების გადასატანად მოეწყო /17.06.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია / ახალდარგული კვიპაროსები [მარცხნივ] და ლიანდაგზე გადმოსასვლელი, რომელიც მრავალწლოვანი ხეების გადასატანად მოეწყო /17.06.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბობოყვათში, ყოფილი რეზიდენციის მოპირდაპირედ, ავტომაგისტრალსა და ლიანდაგს შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩუქარი კვიპაროსის ნერგები დარგეს.

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია / 17.06.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია / ახალდარგული კვიპაროსები გზის გასწვრივ / 17.06.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია საქართველოს მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს კრწანისის ტყეპარკში გადაუცვალა. კრწანისის ტყეპარკი კი, თავის დროზე, ეკლესიას 1 ლარად გადასცეს. ყოფილ რეზიდენციას დაცვის სამსახური იცავს. „რეზიდენციაში“ დღეს რამდენიმე [როგორც გვითხრეს ორი] მონაზონი ცხოვრობს.

ინგლისურენოვანი ბანაკი ქედელი მოსწავლეებისთვის

ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სოფელ მერისში ერთკვირიანი ინგლისურენოვანი ბანაკი მოეწყობა. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსის, მამია გვარიშვილის ინფორმაციით, საზაფხულო ბანაკი ქედელი მოსწავლეებისთვის სოფელ მერისში ინტერნატის შენობაში მოეწყობა და ერთი კვირის განმავლობაში ბანაკში 50 მოსწავლე დაისვენებს.

ბანაკის მოსაწყობად საორგანიზაციო საქმეებს ქედის რესურსცენტრი უზრუნველყოფს, ინგლისურენოვან პედაგოგებსაც რესურსცენტრი მოიწვევს. რაც შეეხება დაფინასებას, ქედის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან  4 681 ლარი გამოყო. თანხის ძირითადი ნაწილი  მოსწავლეთა ტრანსპორტირებასა და კვებას მოხმარდება.

მოსწავლეთა ერთკვირიანი საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკის მოსაწყობად ქედის გამგეობამ ელექტრონული შესყიდვა უკვე განახორციელა. ამ მომსახურების გასაწევად ქედის გამგეობამ ტენდერი 4 681 ლარზე 12 ივნისს გამოაცხადა, ტენდერი 16 ივნისს დასრულდა და მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ  შ.პ.ს „ჯიჯო 13“ – მა მიიღო, 3 965 ლარით. ქედის გამგეობას ამ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია.

ველოსიპედისტს რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა

რამდენიმე  წუთის წინ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე (დელფინარიუმთან), მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ველოსიპედისტი, დაახლოებით 45 წლის მამაკაცი, მძიმე დაზიანებებით გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.

 

 

საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი ქობულეთში შენდება [ფოტო]

ქობულეთის შემოვლით გზაზე ე.წ. ახალ ავტობანზე სოფელ საჩინოსთან საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობა ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს და მისი სიგრძე 1 180 მეტრი იქნება.

ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა ბათუმის მიმართულებით და პირიქით, მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ავტობანის ერთი ნაწილის, ქაქუთი-შეკვეთილის მონაკვეთის 13,7 კმ გზის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, რაც შეეხება მეორე – ქაქუთი-მახინჯაურის გვირაბის 18,9 კმ-იან მონაკვეთს, მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს. სწორედ ამ მონაკვეთზე შენდება ყველაზე გრძელი ხიდი საქართველოში.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 209 852 079 ლარია,  ხოლო სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია „SINOHYDRO“  ასრულებს. ბოლო ინფორმაციით, სამუშაოები 2018 წლის მარტში უნდა დასრულდეს.

1180 მეტრიანი ხიდის კონსტრუქციის ნაწილი ქობულეთი, სოფელი საჩინო ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი

1180 მეტრიანი ხიდის კონსტრუქციის ნაწილი
ქობულეთი, სოფელი საჩინო
ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი

 

ქობულეთში საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი შენდება ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი
ქობულეთში საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი შენდება
ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი

IMG_0166 (Copy)

ამავე თემაზე: ავტობანი – როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა

    ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს აზიის განვითარების ბანკი 108 მილიონი ევროთი დააფინანსებს

სანაგვე ურნების დაწვასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს

„ბათუმის ქუჩებში ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. დამწვარია 60 სანაგვე ურნა და ათამდე მიწისქვეშა კონტეინერი. დაზიანებული და დამწვარი ურნების შედეგად მიყენებული ზარალი 130 ათას ლარს აღემატება. ბათუმის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ სამშენებლო ნარჩენებისა და ცეცხლმოკიდებული ნივთების სანაგვე ურნებში ჩაყრისაგან“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„სანდასუფთავება“: ბათუმში რვა მიწისქვეშა სანაგვე ურნა დაწვეს

დამწვარი ურნები ბათუმში

 

ჭარნალში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტები

ჭოროხის ქვემო წელის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჭარნალში უძველესი ნამოსახლარი აღმოაჩინა, რომელიც ძვ.წ-ით პირველი ათასწლეულით თარიღდება. ნამოსახლარი ბრინჯაოს მეტალურგიის კერების შემქმნელ მოსახლეობას უნდა ეკუთვნოდეს. ექსპედიციის მსვლელობისას შესწავლილ იქნა გვიან ბრინჯაოს მეტალურგიის კერები, რომლებიც ძირითადად მდინარის პირას კლდეში გამოკვეთილ გოდებს შეეხება.

ექსპედიციის მიერ მოპოვებული არტეფაქტები. ჭარნალი 2017
ექსპედიციის მიერ მოპოვებული არტეფაქტები.
ჭარნალი 2017

ძირითადად, არტეფაქტებში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის სამეურნეო და სუფრაზე მოსახმარი კერამიკა და გეომეტრიული ორნამენტით შეკრული ქვევრები მარცვლეულის შესანახად. გარდა ამისა, აღმოჩენილ იქნა კვირისტავი და ქვის ამულეტი, რომელიც მაშინდელი საზოგადოების სულიერ სამყაროს უნდა უკავშრდებოდეს.

ჭოროხის ქვემო წელის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის თამარ შალიკაძის თქმით, ჭარნალის ნამოსახლარზე  შეგროვებული მასალა ძალიან საინტრესო და მნიშვნელოვანია.

სალესები, ქოთნის ყურის ფრაგმენტები. ფოტო: გულნარა კაკაბაძე
სალესები, ქოთნის ყურის ფრაგმენტები.
ფოტო: გულნარა კაკაბაძე

„იმიტომ, რომ ასახავს იმ დროის მოსახლეობის მთავარ საქმიანობას – ეს არის მეთუნეობა, რაზეც მეტყველებს ჩვენ მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა ზომისა და ფორმის სამეურნეო თუ სამზარეულო დანიშნულების ჭურჭლები. ჭურჭლებზე დატანილი ორნამენტები მიუთითებს, რომ მეთუნეობა მეურნეობის წამყვან დარგად იყო ქცეული. გვაქვს ქსოვასთან დაკავშირებული დეტალებიც.

ამულეტი და კვირისთავი. უძველესი არტეფაქტები ჭარნალიდან.
ამულეტი და კვირისთავი.
უძველესი არტეფაქტები ჭარნალიდან.

იმდროინდელი მოსახლეობის სულიერ სამყაროზე გვაძლევს წარმოდგენას ქვის ამულეტის ფრაგმენტი,  რომელსაც, როგორც ჩანს, იმდროინდელი პირები ატარებდნენ.“

ექსპედიცია ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა მოაწყო, გათხრითი სამუშაოები პირველი მაისიდან ოცდათერთმეტ მაისამდე მიმდინარეობდა.

ქოთნის ძირისა და კედლის ფრაგმენტები
ქოთნის ძირისა და კედლის ფრაგმენტები

 

საპროტესტო აქცია სასამართლოსთან – „ბათუმის აქციის საქმე“

„შერჩევით სამართალზე“ საუბრობენ „11-12 მარტის ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებული პირების ახლობლები. ისინი ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები მასობრივ ძალადობასა და პოლიციისადმი თავდასხმაში ბრალდებულების უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ.

„ამ ბიჭებმა შეიძლება რაღაც მიზერული შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მარტო ამ 19-მა კაცმა გადაწვა ბათუმი?… პოლიციამ პოლიციის საქმე უნდა აკეთოს, ასეც არ დგას საკითხი, მაგრამ მაინცადამაინც იმ დღეს რატომ გაუჩნდა აგრესია ხალხს პოლიციის მიმართ, ეს შეკითხვა რატომ არ ისმება?“ – კითხულობს ლევან გორგილაძე.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ზებურ მახარაძე ამბობს, რომ ისინი პროკურატურის შეთავაზებაზე, ანუ ბრალის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმების მიღებაზე, უარს ამბობენ:

„ეს მიუღებელია, რადგან ბრალდებულები უდანაშაულონი არიან და ეს დამტკიცდება. ამ დონეზე რატომ მიიყვანეს ახალგაზრდები, ეს თქვან. შეიძლება ვიღაცამ პროვოკაცია ჩააგდო, არ ვიცი… ჩვენ საპროტესტო აქციებს მოვაწყობთ, ვიდრე დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ,“ – გვითხრა ზებურ მახარაძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 საათზე გაიმართება „ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულების მორიგი პროცესი. ბრალდებული სულ 19 პირია.

ამავე საქმეზე ბრალდებულნი არიან მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკიაც. მათ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად.

IMG_20170619_121100

 

 

 

სოფელ მარადიდის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

სოფელ მარადიდის მოსახლეობა მდინარე ჭოროხზე  ჰესების მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობა სასაფლაოებისთვის გათვალისწინებული ადგილის ამაღლებას ითხოვს. აქციის მონაწილეების თქმით, მას შემდეგ რაც მდინარე ჭოროხზე ორი ახალი ჰესი ექსპლუატაციაში შევა დაიტბორება სასაფლაოების ადგილი და 28  სახლი. კომპანიამ მოსახლეობას სასაფლაოებისთვის ალტერნატიული ადგილი შესთავაზა, თუმცა მოსახლეობა ამ ადილის ამაღლებას ითხოვს. აქციის მონაწილეები ითხოვენ ასევე იმ 28 ოჯახთან კომპენსაციის ოდენობის საკითხის განხილვას, რომელთა სახლებზეც მათ კოპანიისგან აქვთ ინფორმაცია, რომ იტბორება.

მდინარე ჭოროხზე თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ ორ კალაპოტური ტიპის ჰესს აშენებს. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, რაზე დაყრდნობითაც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ მდინარე ჭოროხზე სამი კალაპოტური ტიპის კაშხლის მშენებლობის ნებართვა გასცა, წყლით დაიფარება ექვსი სოფლის მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საძოვრების ნაწილი. მთლიანობაში კი პროექტის ზემოქმედების ქვეშ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 2, 25 კვ/კმ მოექცევა.

დოკუმენტში, რომლითაც თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ და საქართველოს მთავრობა მდინარე ჭოროხზე ჰიდროპროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ, აღნიშნულია, რომ კომპანიამ, საერთო ჯამში, არანაკლებ 167 მილიონ 860 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მემორანდუმში არ არსებობს მუხლი იმ მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და კომპენსირების შესახებ, რომლებსაც პროექტი უშუალოდ შეეხება ან მის არეალში ცხოვრობს.

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა პირველი ივლისიდან ამოქმედდება

2017 წლის 1-ელი ივლისიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ბუკლეტები მომზადდა.

„მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებსა და რეგიონებში, მძღოლებსა და ქვეითებს საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ. ბუკლეტებში საქართველოში მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემასა და უკონტაქტო პატრულირებაზე, ასევე,  ტრანსპორტით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და სხვა საკანონმდებლო სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

რამდენად კარგად იცნობთ მართვის მოწმობის 100–ქულიან სისტემას – ტესტი

პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შემოღებას

რომელი დარღვევისთვის რამდენ ქულას დაკარგავენ მძღოლები

შსს-ს საინფორმაციო აქცია
შსს-ს ფოტოები

 

333 გრამი ოქროს უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სარფში ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, სარფის საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად საბაჟო წესების დარღვევით გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით, 333 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულებამ 24 197 ლარი შეადგინა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 – დან 5 წლამდე ვადით.

ფასის ლარით მითითების წესის დარღვევაზე ადმინისტრირებას შემოსვლების სამსახური განახორციელებს

2017 წლის პირველი ივლისიდან ფასის ლარით მითითება სავალდებულო ხდება. პირველი ივლისიდან, მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირების შემთხვევაში, ფასი ლარით მიუთითოს.

„15 ივნისიდან პირველ ივლისამდე, შემოსავლების სამსახური, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს. ამ ხნის განმავლობაში, მომხმარებელს ექნება საშუალება ისარგებლოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი 2 299299, უბნის საგადასახადო ოფიცრებისა და საგადასახადო მრჩევლის „პრივეს“ მომსახურებით. მეწარმეებს გაეგზავნებათ როგორც სატელეფონო, ასევე ელექტრონული შეტყობინებები. დაგეგმილია ღია კარის დღეები თბილისსა და რეგიონებში. გრაფიკი გამოქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებ და facebook გვერდებზე“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის ლარით დადების წესის დარღვევაზე, ადმინისტრირებას სწორედ შემოსვლების სამსახური განახორციელებს.

სამსახურის ინფორმაციით, წინადადების მიმცემის ან რეკლამის დამკვეთის მიერ ცვლილებით გათვალისწინებული წესის დარღვევა, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს მეწარმის გაფრთხილებას, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარით განისაზღვრა. ყოველი მომდევნო დარღვევისას კი, მეწარმე სუბიექტი 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

ლარით სავალდებულო ფასდადების მოთხოვნა მეწარმე სუბიექტებს შეეხება.

ამასთან, მზადდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტი იმ საგამონაკლისო შემთხვევებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, მეწარმის მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასის გამოხატვა, შესაძლებელი იქნება უცხოურ ვალუტაში.

ბათუმში ავიაშოუს გამართვა იგეგმება

ივნისის ბოლოს ბათუმში ავიაშოუ „FlyFest Georgia“-ს გამართვა იგეგმება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 6 საჰაერო ხომალდი L-39C Albatross ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, შავი ზღვის თავზე მოაწყობს 30-წუთიან ავიაშოუს, „რომელიც მოიცავს უმაღლესი ავიაპილოტაჟით შესრულებულ მრავალფეროვან და სანახაობრივ ელემეტებს“.

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2017 წლის 15 ივნისს შევიდა შპს „სერვისეირის“ დირექტორის წერილი, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ბათუმში ავიაშოუს „FlyFest Georgia“-ს გამართვას. ორგანიზატორების მიერ ღონისძიების გამართვის თარიღად განსაზღვრულია 2017 წლის 24-25 ივნისი [ლოკაცია: ნატახტარი და ბათუმი].

„აღნიშნულ პერიოდამდე შეუძლებელია ტენდერის გამოცხადება, გამარჯვებულის გამოვლენა და გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმება დროში შეზღუდულობის გამო. მნიშვნელოვანია ხსენებული ღონისძიება ჩატარდეს ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე, რათა გაიზარდოს რეგიონის მიმზიდველობა სეზონის მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში,“ – მიაჩნიათ სამინისტროში.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ „არსებობს დასაბუთებული მოლოდინი, რომ ასეთი სანახაობა გაზრდის რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის ტურისტულ ატრაქციულობას და იქცევა კულტურული ტურიზმისა და ალტერნატიული სანახაობითი ხელოვნების ერთ-ერთ უმთავრეს აქტივობად ამიერკავკასიის რეგიონში“.

აღნიშნული ავიაშოუსთვის აჭარის ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უნდა დაიხარჯოს პროგრამის – „კულტურული ღონისძიებების ორგანიზება“ – ფარგლებში.  შესაბამის თანხმობას სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს.

შპს „სერვისეირის“ დირექტორის, ამირან მანჯავიძის წერილში აღნიშნულია, რომ ორი ავიაშოუს [ნატახტარსა და ბათუმში] სრული ბიუჯეტი შეადგენს 80 ათას ევროს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს კი, 40 ათასი ლარის მოძიებაში სთხოვენ დახმარებას, დანარჩენ ხარჯებს კი, კომპანია საკუთარ თავზე იღებს.

ავიაშოუს ლატვიური კომპანია გამართავს. წერილში აღნიშნულია, რომ „ავიაშოუს გამართვისთვის სხვა ევროპული კომპანიების ფასები იწყება 300 ათასი ევროდან [მხოლოდ ჰონორალი].“ ამასთან, „სერვისეირი“ გეგმავს აღნიშნული ავიაშოუ გამართონ ყოველწლიურად.

საავიაციო გუნდის ჩამოსვლა დაგეგმილია 21 ივნისს თბილისის აეროპორტში, ხოლო გუნდი საქართველოს დატოვებს 26 ივნისს, ბათუმის აეროპორტიდან.

შპს სერვისეირი – ServiseAir, საჯარო რეესტრის მიხედვით, მცხეთაში, სოფელ ნატახტარშია რეგისტრირებული და კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ამირან მანჯავიძეა.

1a

3 ვაკანსია უსკოში – 172 კონკურსანტიდან მეორე ეტაპზე 90 იბრძვის

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში [უსკო] გამოცხადებულ კონკურსში, უსკოს ინფორმაციით, მეორე ეტაპზე 172 კონკურსანტიდან 90 გადავიდა, რომლებსაც დღეს, 18 ივნისს, ტესტირება უტარდებათ. ტესტირება კონკურსის მეორე ეტაპია და იგი ელექტრონული ფორმით იმართება.

უსკოს ინფორმაციით: ტესტი შედგება 50 კითხვისაგან, კერძოდ:
1. საქართველოს კონსტიტუცია – 10 კითხვა;
2. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ -20 კითხვა;
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ – 10 კითხვა;
4. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ – 5 კითხვა;
5. საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (І, ІІІ, ІV, VІ თავები) – 5 კითხვა.

ტესტური დავალება შედგება პირობისა და 4 სავარაუდო პასუხისაგან, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი პასუხი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი 0 ქულით. გამსვლელი მინიმალური ზღვარია 70% ანუ 50 კითხვიდან არანაკლებ 35 კითხვაზე სწორი პასუხი.

კონკურსის მესამე ეტაპზე, გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებიც გადალახავენ მინიმალურ გამსვლელ ზღვარს. ტესტირებისათვის მონაწილეს ეძლევა 1 სთ და 30 წუთი. ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს უსკოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელი ტესტირების შედეგებს უსკო ხვალ, 19 ივნისს გაასაჯაროებს.

უსკოში კონკურსი სამ ვაკანტურ თანამდებობაზე იყო გამოცხადებული:

[checklist]

  • ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსი;
  • ინსტიტუციური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
  • ინსტიტუციური განვითარების სამსახურის სპეციალისტი.

[/checklist]

„ინსტიტუციური განვითარების სამსახური“ ახალია, რომელიც უსკომ საარჩევნო მოხელეების კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად და გრანტების მოსაძიებლად შექმნა. ახალი სამსახურის შექმნის გამო უსკოს 2017 წლის ბიუჯეტი გაიზარდა. 

ახალი სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასი თვეში დანამატის გარეშე დაახლოებით 1274 ლარი იქნება, სპეციალისტის – 680.

კომპანია, რომელსაც აჭარის მთავრობამ „მზიური“ და „მახინჯაური“ პირდაპირ მიჰყიდა, ამ ქონებას ყიდის

ყოფილი პანსიონატი „მზიური“ და სანატორიუმი „მახინჯაური“ კომპანია „სტატოტელს“ აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით 3,9 მილიონ ლარად გასული წლის სექტემბერში მიჰყიდა. კომპანიამ კი, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ზუსტად 20 დღეში, 2016 წლის 4 ოქტომბერს, სამინისტროს ორი წერილით მიმართა, რომლებითაც ამ ქონების [ან ქონების ნაწილის] იპოთეკით დატვირთვასა და გასხვისებაზე ითხოვდა ნებართვას.

„აღნიშნული უძრავი ქონე[ბე]ბის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის საკითხზე გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის განხილვა, რის შემდგომაც გეცნობებათ დამატებით,“ – აღნიშნულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის მიერ კომპანიისთვის, გასული წლის 13 ოქტომბერს გაგზავნილ საპასუხო წერილში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საბოლოო პასუხი სამინისტროს კომპანიისთვის ამ დრომდე არ გაუცია. „ბათუმელები“ ამჯერად „სტატოტელს“ ვერ დაუკავშირდა, თუმცა, კომპანიას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, თავიდანვე ჰქონდა უფლება გაესხვისებინა ქონება, რაზედაც სამინისტრო, ფაქტობრივად, უარს ვერ ეტყოდა.

„საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ კომპანია უფლებამოსილია სამინისტროსთან შეთანხმებით ქონება გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებით. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი განაცხადოს უარი ქონების გასხვისებაზე, თუ გასხვისება ხდება იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით“- აღნიშნულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „სტატოტელს“ შორის გაფორმებულ პირდაპირი მიყიდვის ხელშეკრულებაში.

ხელშეკრულების მიხედვით, მახინჯაურში, „მზიურის“ ტერიტორიაზე, 100-ნომრიანი სასტუმრო 38 თვეში, ხოლო სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე [„გოგირდის აბანოები“] ექსპლუატაციაში 42 თვეში უნდა შევიდეს. მესაკუთრემ უნდა დაასაქმოს 120 მოქალაქე და ობიექტებს პროფილი 10 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. კომპანიამ 3370 კვ/მ-ზე, 42 თვეში უნდა მოაწყოს სარეკრეაციო ზონაც. ამ ყველაფერში კი „სტატოტელმა“ 10 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

გასული წლის სექტემბრიდან დღემდე „მზიურისა“ და „მახინჯაურის“ ტერიტორიაზე სამუშაოები ფაქტობრივად არ დაწყებულა. ამ დრომდე „მზიურის“ ტერიტორიას კი ბიძინა ივანიშვილის პარკში მრავალწლოვანი ხეების გადასატანად იყენებდნენ.

რეესტრის ბოლო ამონაწერით „მზიური“ და „მახინჯაური“ შპს „სტატოტელის“ საკუთრებაშია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2016 წლის საქმიანობა სახელმწიფო აუდიტმა შეისწავლა. ფინანსური აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „2016 წელს 11 შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზება განხორციელდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით. დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასებული 7 მილიონ 88 ათას 200 ლარის ღირებულების ქონება, გასხვისებული იქნა 6 მილიონ 572 ათას 200 ლარად. ამასთან, 6 შემთხვევაში საპრივატიზაციო საფასურად 1 ლარი განისაზღვრა, ხოლო გადასახდელად განსაზღვრული თანხიდან 6 მილიონ 445 ათას 100 ლარზე დაწესდა გადახდის გრაფიკი“.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონი 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების ქონების პირდაპირი განკარგვის შემთხვევებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმირებას ითვალისწინებს, თუმცა აღნიშნულის დოკუმენტური დადასტურება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არსებულ საქმეებში არ მოიპოვება“ აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული კანონის მიზანი ისეთი ურთიერთობების უზრუნველყოფაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას. ამავე დროს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანი, საკუთრების უფლების გადაცემაა იმ მყიდველზე, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობებს. მიუხედავად ამისა, აუდიტი ასკვნის, რომ

„2016 წელს პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებული ობიექტების საქმეების მასალების ანალიზის მიხედვით, რიგ შემთხვევებში მიღებული გადაწყვეტილებები შეუსაბამოა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით განსაზღვრულ მიზნებთან“.

აღნიშნულის ერთ-ერთ მაგალითად კი აუდიტს სამინისტროსა და შპს „სტატოტელს“ შორის, 2016 წლის 16 სექტემბერს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჰყავს:

„აუდიტის პერიოდისათვის, შპს „სტატოტელს“ ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულება არ აქვს გადახდილი. ამასთან, 2016 წლის 4 ოქტომბრისთვის სამინისტროდან ითხოვს ქონების იპოთეკით დატვირთვისა და გასხვისების ნებართვას. სამინისტროს, აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის, ნებართვა არ გაუცია“.

აუდიტი ფინანსურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ „2008-2012 წლებში პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვისა და დაყადაღების გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად, კვლავ ვერ ხერხდება 160 ათასი აშშ დოლარისა და 2 მილიონ 476 ათას 800 ლარის ღირებულების ქონების ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში დაბრუნება“.

ამავე თემაზე:

ახალი „ყაზახური ინვესტიცია“ ძველის ნაცვლად

რეკრეაციულ ზონაში ბიძინა ივანიშვილისთვის ხეებს ჭრიან და თხრიან

ყოფილი „მზიურის“ ტერიტორია / ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანი ხე / 2017 წლის აპრილი / თედო ჯორბენაძის ფოტო
ყოფილი „მზიურის“ ტერიტორია / ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანი ხე / 2017 წლის აპრილი / თედო ჯორბენაძის ფოტო

ფიჭვნარისა და პეტრას ციხის არქეოლოგიური გათხრები განახლდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფიჭვნარსა და პეტრას ციხეზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარე წელსაც ჩატარდება. შესაბამისი ტენდერები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა. ორივე ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 6 ივლისს დასრულდება.

ფიჭვნარში გათხრები 90 დღის განმავლობაში ჩატარდება, რისთვისაც 22 ათასი ლარია გათვალისწინებული, ხოლო პეტრას ციხეზე გათხრები 45 დღეში უნდა დასრულდეს, რისთვისაც 22 ათას 500 ლარია გამოყოფილი. არქეოლოგიური გათხრები აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს:

[checklist]

  • ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების წარმოება გამარჯვებული პირის მიერ მომზადებული არქეოლოგიური პროექტის შესაბამისად;
  • პეტრას ციხის არქეოლოგიური გათხრების წარმოება კი, იმ პროექტის შესაბამისად, რომელსაც გამარჯვებულს გადასცემს სააგენტო.

[/checklist]

არქეოლოგიური გათხრების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უნდა გადაეცეს:

[checklist]

  • შესწავლილი ტერიტორიისა და მასზე არსებული ობიექტების ფიქსაციის, მათ შორის ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები.
  • არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ძეგლების განლაგების სქემა;
  • კროკები;
  • არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში.

[/checklist]

ფიჭვნარის არქეოლოგიურ გათხრებში უნდა მონაწილეობდეს მინიმუმ 2 არქეოლოგი, რომელთაც ექნებათ მინიმუმ 2 მსგავს ექსპედიციაში მონაწილეობის გამოცდილება. გათხრებში ასევე უნდა მონაწილეობდეს მინიმუმ ერთი მხატვარ-არქიტექტორი, რომელსაც ექნება მინიმუმ ერთ მსგავს ექსპედიციაში მონაწილეობის გამოცდილება.

ფიჭვნარი
ფიჭვნარი

პეტრას ციხის არქეოლოგიურ გათხრებში უნდა მონაწილეობდეს მინიმუმ 3 არქეოლოგი, რომელთაც ექნებათ მინიმუმ 3 მსგავს ექსპედიციაში მონაწილეობის გამოცდილება. ასევე მინიმუმ ერთი მხატვარ-არქიტექტორი, რომელსაც ექნება მინიმუმ ერთ მსგავს ექსპედიციაბში მონაწილეობის გამოცდილება.

პეტრას ციხე
პეტრას ციხე

ამავე თემაზე:

ფიჭვნარში არქეოლოგიური გათხრები განახლდება

კოლხეთის ტორფნარები და ტყეები იუნესკოში წარსადგენად

ფიჭვნარის „მკვდართა ქალაქი“ – ძეგლი სტატუსის გარეშე

 

5,4 მილიონი ლარი პარტიებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის გადასაცემად 5,4 მილიონი ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

„2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსებისა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ მისაღები თანხების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გამოუყოს 5 491 694 ლარი“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

კანონმდებლობით, „არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტები უნდა გაიცეს მხოლოდ პარტიების განვითარების ხელშეწყობისა და ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლების მიზნით წარდგენილი პროექტების საფუძველზე“.

უშუალოდ ცესკოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა საოლქო საარჩევნო კომისიების დაფინანსების ზედა ზღვარი – 2 387 370 ლარი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.

„სანდასუფთავება“: ბათუმში რვა მიწისქვეშა სანაგვე ურნა დაწვეს

ბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული მიწისქვეშა სანაგვე ურნები აღარ ფუნქციონირებს. „სანდასუფთავების“ სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ასამბაძის განცხადებით, სანაგვე ურნები დაწვეს. ქალაქის ტერიტორიაზე, რვა ასეთი მიწისქვეშა ნაგავშემკრებია დამწვარი. ერთი სანაგვე ურნის ღირებულება 10 ათასი ლარია.

„ნაგავშემკრები ურნები დაიწვა, ალბათ სიგარეტის ნამწვი ჩააგდეს, ან სხვა რამ, ვერ გეტყვით. საქმეს პოლიცია იძიებს, თუმცა ჯერ გამოძიებული არ არის“ – აცხადებს ასამბაძე.

დავით ასამბაძის თქმით, მიწისქვეშა სანაგვე ურნები აღდგენას აღარ ექვემდებარება: „ქვემოთ პლასტმასისაა, ამიტომ ადვილად იწვება. გავაუქმებთ, ალბათ, ან ახალ კონტეინერებს ჩავდგამთ“.

მიწისქვეშა სანაგვე ურნები გორგილაძის ქუჩის ბოლოშიც დამონტაჟდა, თუმცა როგორც დავით ასამბაძე ამბობს, რამდენიმე ნაგავსაყრელი იქაც დაიწვა. მიწისქვეშა ნაგავშემკრები ურნები გაუქმებულია ფიროსმანის ქუჩაზეც, შემოსავლების სამსახურის მიმდებარედ.

დავით ასამბაძის თქმით, ზარალი 80 ათასი ლარია. მიწისქვეშა სანაგვე კონტეინერები ბათუმში 2015 წელს გაკეთდა.

ეს მიწისქვეშა სანაგვე ურნები 2015 წელს დამონტაჟდა.
ეს მიწისქვეშა სანაგვე ურნები 2015 წელს დამონტაჟდა.
დღეს კი ეს სანაგვე ურნები ასე გამოიყურება
დღეს კი ეს სანაგვე ურნები ასე გამოიყურება

ტიტას ხე ივანიშვილის პარკში იქ აღარ დგას, სადაც დარგეს

ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, იმ პარკში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მრავალწლოვანი ტიტას ხე გახმა და მოჭრეს. ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, თუმცა შეკვეთილში „ბათუმელებს“ ტიტას ხე იმ ადგილზე აღარ დახვდა, სადაც ის 2016 წელს დარგეს. ეს ხე პირველი მრავალწლოვანი ხე იყო, რომელიც აჭარიდან გურიაში ზღვით გადაიტანეს.

ე.წ. დენდროლოგიური პარკის ტერიტორიას დაცვის სამსახური იცავს. უცხო პირებისთვის ეს ტერიტორია შარშანაც დახურული იყო და ახლაც დახურულია. იქ ჟურნალისტებსაც არ უშვებენ. გასული წლის გაზაფხულიდან დღემდე კი ამ ტერიტორიაზე ათობით მრავალწლოვანი ხე შეიტანეს.

„ბათუმელებმა“ ტიტას ხე ბოლოს ორი თვის წინ გადაიღო. დღეს კი, იმავე ადგილიდან აშკარად ჩანს, რომ ტიტას ხე იქ აღარ დგას, ტიტას ხის ადგილზე კი ძირითადად, მრავალწლოვანი ევკალიპტებია მიტანილი [ზოგი დარგულია ზოგი დასარგავი].

„ტიტას ხე პარკის სიღრმეში გადარგეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა. ამ ინფორმაციის გადამოწმების საშუალება კი არ მოგვეცა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ტერიტორიაზე არც ამჯერად შეგვიშვეს. გადარგული ტიტას ხე კი „ბათუმელების“ ფოტოობიექტივმა ვერ დააფიქსირა.

ტიტას ხე შეკვეთილში, ე.წ. დენდროპარკის შესასვლელიდან / 2017 წლის აპრილი / ფოტო: ბათუმელები/თედო ჯორბენაძე
ტიტას ხე შეკვეთილში, ე.წ. დენდროპარკის შესასვლელიდან / 2017 წლის აპრილი / ფოტო: ბათუმელები/თედო ჯორბენაძე
ე.წ. დენდროპარკის შესასვლელი, საიდანაც ტიტას ხე აღარ ჩანს / 2017 წლის ივნისი / ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი
ე.წ. დენდროპარკის შესასვლელი, საიდანაც ტიტას ხე აღარ ჩანს / 2017 წლის ივნისი / ფოტო: ბათუმელები/მანანა ქველიაშვილი

2015 წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ N431 ბრძანებით, რომელსაც აჭარის მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს „ზიმო“-ს 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ტიტას ხე (l.irliodendrontulipifera) და ორი ერთეული ჭაობის კიპარისის ხე. ამ ხეების გადატანა აჭარიდან გურიაში ზიმომ უზრუნველყო.

ტიტას ხე, პირველი მრავალწლოვანი ხე იყო, რომელიც 2016 წლის 30 მარტს იმ პარკში მიიტანეს, რომელსაც საქართველოს ექსპრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აშენებს. ეს პარკი ივანიშვილის საკუთრებაა.

ტიტას ხე ციხისძირიდან შეკვეთილში გემით ჩაიტანეს, რათა ოზურგეთში მშენებარე საკონცერტო დარბაზის მიმდებარე პარკში დარგონ. საკონცერტო დარბაზს და პარკს ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აშენებბს. 25/03/2016, შეკვეთილი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი ჯორბენაძე
25/03/2016. შეკვეთილი / ტიტას ხე, რომელიც სოფელ ციხისძირიდან სოფელ შეკვეთილში გემით ჩაიტანეს. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი ჯორბენაძე

ამავე თემაზე:

ივანიშვილის დანატოვარი

xeee

 

Exit mobile version