მთავარი,სიახლეები

8 აგვისტოს ბათუმში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება

20.06.2017 • 3744
8 აგვისტოს ბათუმში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნება

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ბათუმის მერია რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის გახსნას გეგმავს. მერიის ინფორმაციით „ამ დღის აღსანიშნავად ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, სადაც მოწვეული იქნებიან დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრები“.

ბათუმის მერიაში თვლიან, რომ „მემორიალის განთავსება ხელს შეუწყობს ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემის განცდის ჩამოყალიბებას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ქვეყნის ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს დამოკიდებულებას“.

მემორიალის მოსაწყობად მერიამ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე უნდა გააფორმოს 98 ათას 409 ლარზე. თუ ვისთან აპირებს მერია ხელშეკრულების გაფორმებას და შესაბამისად ვინ შეასრულებს სამუშაოებს, ბათუმის მერიაში არ ასაჯაროებენ.

„გასავლელია ტექნიკური დეტალები და კომპანია მაშინ დასახელდება, როცა ხელშეკრულება დაიდება“ – გვითხრეს მერიაში. ტენდერის გარეშე პირდაპირ შესყიდვაზე მერიამ თანხმობა შესყიდვების სააგენტოსგანაც მიიღო.

მერიამ პირდაპირი შესყიდვის აუცილებლობა შემდეგნაირად დაასაბუთა: „პირველ ეტაპზე მოხდა მემორიალის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სახელმწიფო შესყიდვა. მემორიალის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მოწოდების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 08 ივნისის ჩათვლით პერიოდით. მომერიალის გახსნა უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 08 აგვისტოს. შესაბამისად, მემორიალის მოწყობის ელექტრონული პროცედურების საშუალებით შესყიდვა დაკავშირებულია, როგორც ტენდერის მიმდინარეობასთან, ასევე ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მიმწოდებლის მიერ 08 აგვისტომდე ვალდებულების შესრულებასთანაც. შესაბამისად, ტენდერის მეშვეობით ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულებისათვის არ რჩება საკმარისი პერიოდი“.

ადგილი ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც მემორიალი დაიდგმება / 19.06.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ადგილი ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც მემორიალი დაიდგმება / 19.06.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა: შპს „ჯგუფი 6000“ და ინდმეწარმე თეიმურაზ მახარაძე. სატენდერო კომისიამ უპირატესობა თეიმურაზ მახარაძის ესკიზს მიანიჭა და მასთან ხელშეკრულება 6355 ლარზე გააფორმა.

მემორიალის ესკიზი, რომელმაც ბათუმის მერიის ტენდერში ვერ გაიმარჯვა / ესკიზის ავტორი: შპს „ჯგუფი 6000“ / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

მემორიალის ესკიზი, რომელმაც ბათუმის მერიის ტენდერში ვერ გაიმარჯვა / ესკიზის ავტორი: შპს „ჯგუფი 6000“ / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

 

გამარჯვებული ესკიზი / ავტორი: თეიმურაზ მახარაძე / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

გამარჯვებული ესკიზი / ავტორი: თეიმურაზ მახარაძე / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

ტენდერში გამარჯვებული ესკიზი / რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის განმარტებითი ბარათი:

2memor

„რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომის მემორიალის ძირითადი კონცეფცია, არის თავისუფლებისათვის ბრძოლის გამოხატვა მხატვრულ-პლასტიკური მეთოდით. დროშების ფონზე მზის დისკოს გამოხატვა, რომელსაც აკრავს ვაზისა და დაფნის გვირგვინი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი უძველესი კულტურისა და ამ კულტურისათვის თავდადებულ ბრძოლას, ხოლო ერთადერთი ცრემლი დაუვიწყარი ტკივილია ყველა იმ ქართველისა, რომელიც ამ ომმა გამოიწვია. კომპოზიცია ლაკონურია, ითვალისწინებს ირგვლივ მყოფ არქიტექტურულ გარემოს, ქართულ ტრადიციებს.

მემორიალის წინ აღმართულია კანკელი, გმირთა სულების მოსახსნებლათ. მემორიალის ქანდაკების ნაწილი იქნება რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, ხოლო მზის დისკო, მასზე გამოსახული ვაზი და კანკელი იქნება ლითონის მხატვრული ჭედვით შესრულებული, ხოლო მზის დისკო ოქროთი მოვარაკებული [სუსალის ოქრო].

მემორიალის განათება იქნება სახვადასხვა ტონალობაში, გათვალისწინებულია მემორიალის კვარცხლბეკის მოპირკეთება ბუნებრივი ქვით, კვარლცხბეკის ზედა სიბრტყეზე განლაგდება დასაჯდომი მოცულობები, ასევე კვარლცხბეკის კუთხეებში გათვალისწინებულია გაზონები და პანდუსები.

საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობა ითვალისწინებს ბეტონის ფილების დაგებას, გასანათებელი ბოძებით აღჭურვას და ასევე საპარკო სკამებისა და ნაგვის ურნების განლაგებას. მთლიანობაში კომპოზიცია წარმოადგენს როგორც ერთ მთლიან ლტოლვას თავისუფლებისაკენ, სადაც მოჩანს მზე, მარადიული ნათელისა და ცრემლი მარადიული ტკივილისა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: