მთავარი,სიახლეები

„მორალურად დაძველებული ფილები“ და კაუჩუკი მინდვრის ნაცვლად

20.06.2017 • 4503
„მორალურად დაძველებული ფილები“ და კაუჩუკი მინდვრის ნაცვლად

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში, საფეხმავლო ბილიკებზე ფილების აყრა დაიწყეს. მოსახლეობის თქმით, ფილები სკვერში დაზიანებული არ არის და მათთვის გაურკვეველია რას ემსახურება მათი გამოცვლა.

„ნორმალური ბილიკებია, ფილებიც მთელია და რატომ იღებენ არ ვიცით. თუ საშუალება აქვს მერიას, ქალაქში სხვა ადგილებს მიხედონ. აქ რას დააგებენ, ისიც არ ვიცით. რეაბილიტაციაა თუ ფულის გათეთრება? “ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სკვერი ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოზეა გადაცემული. სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ფილების აყრა უკავშირდება იმას, რომ სკვერი 8 აგვისტომდე მთლიანად უნდა კეთილმოეწყოს: შეიცვლება სკამები, სანაგვე ურნები, დაიდგმება ომში დაღუპულთა მემორიალი. „რაც შეეხება ფილებს, ისინი, ასე ვთქვათ, მორალურად მოძველებულია, ხალხს კი სიახლე სჭირდება,“ – გვითხრეს სააგენტოში.

IMG_20170619_090523

IMG_20170619_090632

 

 

 

 

 

 

სააგენტოს დირექტორის ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, აქ აყრილ ფილებს დაასაწყობებენ და სხვაგან გამოიყენებენ.

რაც შეეხება ახალ ფილებს, „კომპანია „ლეგისთან“  შარშან გავაფორმეთ ხელშეკრულება დაახლოებით 90 ათასი ლარის ფილების შეძენაზე – 5 ათასი კვ/მ ფართობის. ამ სკვერში კი 2 ათას კვ/მ ფართობის დაიგება ჯამში. გვაქვს ნახაზი, თუ სად უნდა იყოს ბილიკები მემორიალის გასწვრივ. შეთანხმებული ვართ და მემორიალიც და სკვერიც პარალელურად მოეწყობა. ფილებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბილდ მენეჯმენტი“ დააგებს, რისთვისაც  33 330 ლარს გადავუხდით. ფილების ორნამენტს ახლა ვარჩევთ,“ – აცხადებს ალექსანდრე თევზაძე.

მისივე თქმით, სკვერის გამწვანებაზე და მათ მოვლაზე ბათუმის გამწვანების სამსახური მუშაობს.

IMG_20170619_090528_crIMG_20170619_090609

 

 

 

 

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით ეს ტერიტორია  [ყოფილი ერთიანი სკვერი ჯავახიშვილის ქუჩაზე], დღეს ფაქტობრივად სამ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ ნაწილში გმირთა მემორიალი უნდა აღიმართოს [სამუშაოების შემსრულებელს ჯერ მერია არ ასახელებს], მეორე ნაწილს საქართველოს საპატრიარქო სარგებლობს [ტერიტორია ეკლესიას შემოღობილი აქვს, რითაც სკვერი ორ ნაწილადაა გაყოფილი, თუმცა საკადასტრო რუკით ეს ასე არ უნდა იყოს], მესამე ნაწილი რჩება, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ სკვერად.

რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სკვერი, ეკლესია და ჯავახიშვიულის ქუჩის სკვერი, საჯარო რეესტრის ამონაწერით, ორ საკადასტრო ერთეულადაა გაყოფილი და ორივე ნაკვეთის მესაკუთრე ბათუმის მუნიციპალიტეტია.

skver -=

სკვერი ჯავახიშვილის ქუჩაზე

კაუჩუკის მოედანი მინდორის ნაცვლად

ბათუმში, ფიროსმანისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთაში, არის კიდევ ერთი პატარა გამწვანებული ადგილი [უფრო სწორად იყო], სადაც ბათუმის გამწვანების სამსახურმა სხვადასხვა მცენარე დარგო და წლებია უვლის. ამ  ადგილზე ჯერ რკინის ჯვარი აღიმართა, ახლა კი გამწვანებული ადგილის თითქმის 2/3 ბეტონით დაფარეს.

IMG_20170607_091704

როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ბეტონის საფარის დაგება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყდა. აღნიშნული ტერიტორია კი, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამხანაგობა „იმედის“ საკუთრებაშია.

„ბათუმის კორპუსი“ ასრულებს სამუშაოებს. მართალია მერიის სამსახურს ეს გეგმაში არ ჰქონდა, თუმცა მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყდა საბავშვო ატრაქციონების მოწყობა. ბეტონის საფარზე მოეწყობა კაუჩუკის მოედანი და ატრაქციონებიც უახლოეს დღეებში დამონტაჟდება.“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: