ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ივანიშვილის დანატოვარი აჭარაში

05.06.2017 • 19878
ივანიშვილის დანატოვარი აჭარაში

„ამ ხეს, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, გამოთხრილი აქვს ძირი. თუ ნიადაგი არ გამაგრდა, განვითარდება ეროზიული პროცესები, ჩამორეცხვები, ხეც უვარგისი გახდება და გახმება. თუ ხის გადარჩენაა გადაწყვეტილი, საყრდენი კედელი უნდა გაკეთდეს. აქ დარღვეულია ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები და სასწრაფოდ უნდა მოეწყოს დამცავი ნაგებობა, გამაგრდეს მთლიანად ფერდი, რათა მასზე მდებარე სხვა ხეებიც გადარჩეს“, – ამბობს გეოლოგი ტარიელ ტუსკია იმ ადგილზე საუბრისას, საიდაც ბიძინა ივანიშვილისთვის მრავალწლოვანი ხეები ამოიღეს შეკვეთილში გადასატანად.

მახინჯაურში, ყოფილი სანატორიუმების – „მზიურისა“ და „კოლხიდას“ ტერიტორიაზე, ერთი წიწვოვანი და ერთიც ტიტას ხე ამოთხარეს, რამდენიმე მოჭრეს, მათ შორის მაგნოლიაც, ზოგიერთ ხეს ტოტები ჩამოკაფეს ან დააზიანეს.

მრავალწლოვან წიწვოვან ხეს ტოტები კენწერომდე დაჭრილი აქვს, ტანი – დაზიანებული, როგორც ჩანს, – ხის ტრანსპორტირებისას. ხის ნაგლეჯი კი ხეზე ტალახით „მიუწებებიათ“. მცენარე ისეა დაზიანებული, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი, დატოვება კი სახიფათოა – შესაძლოა ქარმა გადატეხოს. ადვილი შესამჩნევია, რომ აქ მომუშავეთაგან ბუნებას არავინ გაფრთხილებია.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს გიორგი უძილაური, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, რომელმაც თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა: „როცა ხე ტრანსპორტზეა, გზაზე ხის ტოტები შეიძლება გამოედოს სხვა ხეების ტოტებს და ზოგჯერ ხდება მათი გასხვლა (რაც უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშაა)“.

ორი ხის ამოღებისთვის აქ სულ ცოტა 250 კვ/მეტრზეა ამოთხრილი ნიადაგის ნოყიერი ფენა – ჰამუსი. ამასთან, გადათხრილია ფერდი, რომელიც თიხნარისგან შედგება. ბათუმისა და ქობულეთის მიმდებარე ტერიტორია, ძირითადად, თიხნარია. თიხნარის ქვეშ, დაახლოებით 8-10 მეტრში, უკვე ვულკანოგენური კლდოვანი ქანებია.

„ამ ადგილის ასე დატოვება არ შეიძლება, რომ არ გაჟონოს ზედაპირულმა წყლებმა ზედმეტად. ეს გამოიწვევს გამორეცხვას, ქანების დაცურებას. გამაგრებისთვის საჭიროა დამატებითი ტექნიკური პირობების შექმნა, საყრდენი ნაგებობების, კედლების აშენება და მოჭრილი ფერდის დატერასება“, – ამბობს ტარიელ ტუსკია.

მანანა ქველიაშვილის ფოტო

მანანა ქველიაშვილის ფოტო

მრავალწლოვან ხეებს აჭარაში თხრიან ძველმეწყრულ ფერდობებზე, რომლებიც მეტ-ნაკლებად ინარჩუნებენ სტაბილურობას, თუმცა, ამავე ზოლში – მახინჯაური-მწვანე კონცხი-ციხისძირი, მაინც ხშირად ვითარდება ლოკალური, ზედაპირული, მცირე მეწყრული პროცესები და ნიადაგის ჩამოქცევები.

„ახლა რასაც ვუყურებთ, გეოლოგიურ კატასტროფასთან საქმე არ გვაქვს, მაგრამ ხეების ამოღებით შეიძლება დაირღვეს წყლების ფილტრაცია და შესაძლოა გაიღვიძოს მეწყრულმა კერამ. ეს ლოკალური ხასიათის იქნება. მეწყრული კერების განვითარება იშვიათობა ამ ზოლში ისედაც არაა. ხის ამოღების ადგილსა და დანარჩენ მიმდებარე ტერიტორიას შორის ფიზიკურ-მექანიკური თვისებები უკვე მკვეთრად განსხვავებულია“, – ამბობს გეოლოგი.

„რაც შეეხება ნიადაგს, ხის გადატანის პროცესში ჩართული ყველა კომპანიის ხელშეკრულებაში გაწერილია ნიადაგის აღდგენისა და ინფრასტრუქტურის გამართვის ვალდებულება, რაც ასევე მოხდება აგრონომის მეთვალყურეობით. აღდგენილ საფარზე ზოგან, სადაც შესაძლებელია, დაირგვება ხეები (თუ რასაკვირველია, ეს მიწის მესაკუთრეების სურვილი იქნება)“, – წერს გიორგი უძილაური. თუმცა, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს კონკრეტულ ადგილებში, არსებობს თუ არა რეკულტივაციის გეგმა-პროექტი, ამაზე პასუხი მისგან ვერ მივიღეთ. სპეციალისტების თქმით კი, აქ ახალი ხე იმ შემთხვევაში გაიხარებს, თუ ნიადაგის ნოყიერი ფენა აღდგება, რაც ასეთი ფენის სხვა ადგილებიდან აქ გადმოტანას გულისხმობს.

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ტოტებდაჭრილი, ტოტებდამტვრეული თუ გადაჭრილი ხეები იშვიათობა აღარ არის. შეკვეთილისკენ რომ ხე გადაიტანონ, სხვა ხეებს ტოტებს აჭრიან. თუმცა ირგვლივ ხეები მაინც ზიანდება. გადატეხილ, შელახულ ხეებსა და გადათხრილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილ მცენარეებს „უცხოელი სპეციალისტების მეთვალყურეობა“ აქ ნაკლებად ეტყობა.

ცენტრალური მაგისტრალიდან ოდნავ მოშორებით ერთ დროს გამწვანებული ფერდობები დღეს გადათხრილი და გაწითლებულია. ეგზოტიკური, მრავალწლოვანი ხეების ნაცვლად აჭარის სანაპიროსთან ახალი ტერასები, ქვის საყრდენი კედლები და ბალახი დარჩება, ეს კი, სპეციალისტების თქმით, აუცილებელია, რათა მეწყრული პროცესები არ განვითარდეს.

„რამდენადაც ვიცი, ერთეული ხეების ამოღება ხდება მაქ და სადაც ამოიღებენ ხეს, ალბათ, აღადგენენ ნიადაგს და მძიმე შედეგს არ მივიღებთ. მაგრამ თუ დიდი სივრცე მოიხსნა და ამას დაარქვეს წერტილოვანი, ეკოლოგიური თვალსაზრისით ეს პრობლემებს გამოიწვევს. საგულისხმოა, ხომ არ ხდება ტერიტორიის ბიოლოგიური გაღარიბება. ეს ბიოლოგებმა უნდა შეაფასონ“, – ამბობს ემილ წერეთელი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]მორღვეული ფერდობები და მოშლილი ეკოსისტემა[/highlight]

„ბათუმელები“ არაერთ ეკოლოგს, ბიოლოგს, ბოტანიკოსს, აგრონომს, ნიადაგმცოდნეს და მეტყევეს დაუკავშირდა იმ ტერიტორიის მდგომარეობის შესაფასებლად, საიდანაც ხეები ამოიღეს ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის. ზოგიერთმა მათგანმა თავი შეიკავა, ან უარი გვითხრა შეფასებაზე, ზოგიერთმა „დრო ვერ გამონახა“, ადგილზე რომ გავსულიყავით, ზოგიერთმა გვთხოვა „ამ საქმეში არ გავრიოთ“, რამდენიმე მათგანმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ ივანიშვილის სხვა პროექტში არის ჩართული და ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

„რეკულტივაცია ყოველთვისაა შესაძლებელი, რათა პრობლემები არ შეექმნას არც მესაკუთრეს და არც ტერიტორიას. თუმცა, ეს უზარმაზარ კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს. შესასწავლი იქნება ადგილები, სად, რა და როგორ გაკეთდეს, ასე არ დატოვებენ,“ – ამბობს ანზორ თავართქილაძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

„ეს ადგილები არ მინახავს, მაგრამ ითქვა, რომ ინვესტიცია ჩაიდება განაშენიანებაში. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ არ არის დიდი საფრთხის შემცველი. მიწა დაიყრება, ამოშენდება, დატერასდება, დაირგვება მცენარეები – ეს, რასაც ამბობენ, მომავლის თემაა. მაგრამ, წყალმარეგულირებელი ფუნქციაც აკისრია მცენარეს. თუ იქ გრუნტის წყლებია და ამ ხეების ამოღება ჰიდრორესურსების მიმოქცევას ხელს შეუშლის, ეს უკვე გამოუსწორებელი შეცდომაა. ამას უნდა გამოკვლევა. შეფასებები ზედაპირული რომ არ იყოს, კონკრეტული შესწავლაა საჭირო“, – ამბობს ნარგულ ასანიძე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი.

„ხის ფესვთა სისტემა აგროვებს წყალს და თუ მასიურად იჭრება ხეები, ან გადააქვთ რომელიმე ტერიტორიიდან, ამ შემთხვევაში ეს წყლის რეჟიმს ხელს უშლის. ამ შემთხვევაში ხეების ამოღება შეაფერხებს ჰიდროცირკულაციას, თუმცა, კატასტროფული შედეგი შეიძლება არ იყოს“, – ამბობს ავთანდილ მურვანიძე, აგრონომი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი.

ავთანდილ მურვანიძე ხაზს უსვამს ქარსაფარი ზოლების რღვევასა და მეწყრის განვითარების საშიშროებას: „ქარსაფარი ზოლებია ევკალიპტები, ნაძვები თუ სხვა მცენარეები, რაც იქაა დარგული. ეს ზოლი იცავს, მაგალითად, ციტრუსებს ზღვიდან შემოსული ცივი ჰაერის მასებისგან – ეს ერთი. მეორე, იქ, სადაც ამოითხრება ხე, აუცილებელია აღდგეს ნიადაგი და რაღაც მცენარეები დაირგოს. თუ ნიადაგი ისეა მოჭრილი, რომ გრუნტზეა დასული, წყალი დაიწყებს ჟონვას და მეწყრული პროცესების გააქტიურების რისკი გაიზრდება. ნიადაგის კულტურული ფენა უნდა მოიტანონ და დაყარონ, მეტი არაფერი ეშველება, ისე მცენარე აქ არ გაიხარებს. ბალახის დათესვაც აუცილებელი იქნება, გადარეცხვა რომ არ მოხდეს“.

ადგილები, საიდანაც ხეებს იღებენ, კერძო საკუთრებაცაა და სახელმწიფოც. ავთანდილ მურვანიძის თქმით, ამ ადგილებს შესაძლოა ტყის სტატუსიც კი ჰქონდეს, ამიტომ მეტყევისა და გეოლოგის მეთვალყურეობა მიმდინარე პროცესებზე აუცილებელია.

რას გამოიწვევს მრავალწლოვან ხეებზე ტოტების დაჭრა, რასაც გადასატანი ხის ტრანსპორტირებისთვის აკეთებენ? – ავთანდილ მურვანიძე ამ კითხვაზე კითხვითვე პასუხობს – „რამდენად ცუდი იქნება, თითები რომ დაგაჭრან?… თითქმის ყველა ოპერაცია, რაც მცენარეზე კეთდება, მცენარისთვის ცუდია. ხმელ ტოტს რომ გამოჭრი, ეს სულ სხვაა, მაგრამ თუ მიყვები და ძირიდან წვერომდე მოაჭრი ტოტებს, ცუდია, რა თქმა უნდა. თუმცა მცენარეს თვითაღდგენის ფუნქციაც აქვს“.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი შოთა ლომინაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ იმ ადგილების ფორმა, საიდაც მრავალწლოვანი მცენარეები ამოიღეს, უკვე დაირღვა.

„ორმოების რეკულტივაცია გაცილებით ადვილია – ჩაყრი ხრეშს ან რამეს, შემდეგ 50 სანტიმეტრამდე სისქის ნიადაგს დააფენ და რამე კულტურას გააშენებ. გზასთან რაც იყო ახლოს, ის ადგილები ვნახე და მაქ რაც ხდება ახლა, რაღაც ფორმა უნდა მისცენ, გადათხრილი არ უნდა დატოვონ. ტერასა გაკეთდება ალბათ, რომ მიწა არ ჩამოწვეს“, – ამბობს შოთა ლომინაძე.

ბსუ-ს ბიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორის, დავით ბარათაშვილის თქმით, წლების წინ თავადაც ყიდულობდა ხეებს მოსახლეობიდან და რგავდა ბათუმში, თუმცა, „ამ ასაკის ხეებთან (მუშაობის) გამოცდილება არ მაქვს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – იმ კონკრეტულ ადგილს ხომ არ ვაყენებთ ზიანს, სადაც ხეს ვიღებთ? მე არ ჩავერევი აქ, სხვა საქმე მაქვს. მაგრამ ველურ ფლორაში რომ შევიდეს ვინმე, შეველეოდი ყველაფერს და ვიტყოდი… ამ შემთხვევაში არ არის იმ მასშტაბის, ეს სხვას ევალება – თუნდაც გამგებლებს. მერიამ და მუნიციპალიტეტმა უნდა მიხედოს ამ საკითხს“.

დავით ბარათაშვილი ასეთ ფაქტსაც იხსენებს: „გასული საუკუნის 90-იან წლებში ქობულეთის გამგეობამ მომცა ნებართვა, „ბუტია“ (ქოქოსის) პალმა უნდა ამომეღო კინტრიშის ხიდის მიმდებარედ და ბათუმში, მერიის წინ უნდა დამერგო. გავწმინდეთ ეს პალმა ეკალ-ბარდისგან, ამოვთხარეთ, პოლიციაც მადგა თავზე, მაგრამ გამოვიდა იქ მცხოვრები მოსახლეობა და პალმა ისევ იქვე დამარგვევინეს. ახლაც იქ დგას… მწვანე კონცხიც არაფერია, თუ მწვანე არ იქნება“.

იცვლება თუ არა აჭარის სანაპირო ხეების ამოღებით? – ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, იზოლდა მაჭუტაძე ამბობს, რომ ბიოლოგიური სურათი აჭარის სანაპირო ზოლში მაშინაც შეცვლილი იყო, როდესაც ის ხეები დარგეს, რასაც ახლა იღებენ: „ენდემური მცენარეები – მუხა, წიფელი ისედაც აღარ არის ამ ზოლში, რასაც იღებენ, შემოტანილი მცენარეებია, უბრალოდ გაიხარეს“.

„ასეთი საქმიანობა (ხეების ამოღება) რეკომენდებული არასდროს არის, თუმცა თუ რეკულტივაცია, ახლის დარგვა, ნიადაგის განაყოფიერება და აღდგენა მოხდება, რა პრობლემაა. მაგას ისეთი კაცი აკეთებს, რომ არ მგონია უყურადღებოდ დატოვოს“, – გვეუბნება ვახტანგ გოლიაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.

მისივე თქმით, სხვადასხვა ტექნოლოგიები არსებობს რეკულტივაციის: „დაკორდება ბალახების თესვით, მაგრამ თუ, ვთქვათ, 90-გრადუსიანი კუთხითაა მოჭრილი ფერდი, მაშინ კედელი დასჭირდება; თუ 45-გრადუსიანია – ჰუმუსოვანი ფენა უნდა დაემატოს. ნიადაგის ნოყიერი ფენა რომ აღდგეს, დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ხელოვნურად შეიძლება ერთ თვეშიც აღადგინო: ჰუმუსოვანი ფენა უნდა შეიტანო – მოჭრა უნდა სხვაგან, მაგალითად, მშენებლობის ადგილზე მიწის 30-სანტიმეტრიანი ფენა და დადო, აღდგება ნიადაგი.“

ბიძინა ივანიშვილი პარკს ციხისძირშიც აშენებს, სადაც სხვადასხვა ჯიშის ხეები დაირგო. თუმცა, ეს მცენარეები დაირგო პლაჟთან ახლოს, ვაკე ტერიტორიაზე, რასაც მრავალწლოვანი ხეების ამოღების შედეგად გადათხრილი ფერდობების კომპენსაციად, სპეციალისტების თქმით, ვერ განვიხილავთ.

ამ ადგილიდან რამდენი ხე გადაიტანეს. მანანა ქველიაშვილის ფოტო

ამ ადგილიდან რამდენი ხე გადაიტანეს. მანანა ქველიაშვილის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]ხის ფასი[/highlight]

კომპანიებსა და ხელისუფლებაშიც აცხადებენ, რომ მრავალწლოვან ხეებს, ძირითადად, კერძო თუ იურიდიული პირების კუთვნილი ტერიტორიებიდან იღებენ. თუმცა ხეებს სახელმწიფო მიწებიდანაც იღებენ, ამასთან, ზოგი ასეთი ტერიტორია კერძო კომპანიებზე სახელმწიფომ ცოტა ხნის წინ გაასხვისა; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზოგიერთი მრავალწლოვანი ხე კი კერძო კომპანიებს პირდაპირ ან აუქციონის წესით მიჰყიდეს.

„ბათუმელებმა“ ნახა გადასატანად გამზადებული სახელმწიფოს კუთვნილი ხეებიც, მაგრამ რა სარგებელი რჩება სახელმწიფოს და რა ფორმით გასხვისდა ეს ხეები, ვერ დავადგინეთ.

მაგალითად, ციხისძირში ორი, გვერდი-გვერდ მდგარი მრავალწლოვანი ხეა – სექვოია და გინკგო (გინკგო ბილობა) – ამოღებული და ამზადებენ გადასატანად. ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაში არ არის.
როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა გვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში სარგებლობდა, ეს ნაკვეთი საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს. ხეების ამოღების გამო ნაკვეთი გადათხრილია, იქვე მდებარე საცხოვრებელ სახლსა და ჩამოჭრილ ფერდს შორის კი მცირე მანძილია. უზარმაზარი მიწის მასა აქ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, ფერდზეა გადაყრილი და ქვეშ ბამბუკები და სხვა მცენარეებია მოქცეული.

მესაკუთრეები ამბობენ, რომ მათ მორღვეული ღობის, სახლთან მისასვლელი გზის აღდგენასა და ნიადაგის გამაგრებას დაჰპირდნენ. გეოლოგის თქმით კი, „აქ ამ ზომის კედლის ჩამოსხმა შეუძლებელია და არც შეიძლება – ჩამოჭრილი ფერდი აუცილებლად უნდა დატერასდეს და შემდეგ გაუმაგრდეს ძირი. ტერასა რომ სტანდარტების მიხედვით გაკეთდეს, სახლის ფუნდამენტთან მივა და შესაძლოა, ამ სახლის აღებაც გარდაუვალი გახდეს“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა აპრილის დასაწყისში 28 ხის მოჭრაზეც მისცა ნებართვა „ქართუ ჯგუფის“ შვილობილ ორგანიზაცია „ატუს“. ხეების მოჭრის მიზეზად სამკილომეტრიანი გზის კეთილმოწყობა დასახელდა. ამ ადგილიდან შეკვეთილში გადასატანად ორი მრავალწლოვანი ხეც უნდა ამოიღონ. ხეების გადატანას, რომლებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობიდან დაახლოებით 140 მეტრში მდებარეობს, ხელს უკვე მოჭრილი თუ დასხეპილი ხეები აშკარად შეუშლიდა.

„კომპანიის მომართვის საფუძველზე, ქობულეთის გამგეობამ შპს „ატუს“ მისცა ხეების მოჭრის ნებართვა. კომპანიამ ამ ტერიტორიაზე უნდა განახორციელოს ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება. სამუშაოების განხორციელებისთვის საჭირო გახდა ხეების მოჭრა და ტოტების ჩამობელვა. ნებართვის შესაბამისად მეგენეიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩაზე მოიჭრება 22 ძირი კლიპტომერიის, 4 ძირი კიპაროსის და 2 ძირი წაბლის ხე, ხოლო 6 ძირ წაბლის ხეს ჩამობელავენ“, – მოგვწერეს ქობულეთის გამგეობიდან.

აქ ხეების ამოღებას არც ქობულეთის გამგებელი, სულხან ევგენიძე უარყოფს: „2 ხე მიაქვს და 3 კმ გზას აკეთებს. ახალი გზა, რომელსაც „ატუ“ გააკეთებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის უკან გადის და სოფელ ხალის მიმართულებით, ყოფილი ფაბრიკის შენობასთან ჩამოვა. გზის საკითხი ჩვენთან შეთანხმებულია.“

ტერიტორია ჩაქვში, სადაც ნაპირდამცავი ნაგებობა გაარღვიეს და ხეების გადასატანად დროებითი ნავმისადგომი მოაწყვეს, სახელმწიფომ ოფშორულ კომპანიას უპირობოდ, მიმდებარე ნაკვეთი კი ფიზიკურ პირს – ტარიელ ფაღავას მიჰყიდა. მრავალწლოვანი ხეები ამ ტერიტორიიდანაც ამოიღეს და გადაიტანეს.

ფაღავასთვის პირდაპირი მიყიდვით გადაცემული ქონება და იქვე, შპს „სისაიდის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც უპირობო აუქციონზე შეისყიდა სახელმწიფოსგან, ერთი ღობითაა შემოსაზღვრული და პერიმეტრს დაცვა აკონტროლებს. სწორედ აქ გადაიკეტა გზა, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობდა. შპს „სისაიდი“ 2015 წელსაა დარეგისტრირებული და მისი 100% წილის მფლობელია შპს „ოლდ სითი დიველოპმენტი“.

თავის მხრივ, „ოლდ სითი დიველოპმენტის“ დირექტორი არის ირაკლი ქარსელაძე, ხოლო ამ შპს-ს 100% წილის მფლობელია პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL S.A.

ირაკლი ქარსელაძე თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ამავე ფონდის მიერ დაარსებული ტურიზმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წლის სექტემბერში.

ყოფილი პანსიონატ „მზიურის“ ტერიტორია აჭარის მთავრობამ პირობებით კომპანია „სტატოტელს“ გასული წლის შემოდგომაზე მიჰყიდა, ხოლო „კოლხიდას“ ტერიტორია – კომპანია „ჯეო დეველოპმენტს“, მიმდინარე წელს.

ერთ-ერთი პირობით, „ჯეო დეველოპმენტმა“ საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის 50%-ზე რეკრეაციული ზონა უნდა მოაწყოს. ამ პირობის მიუხედავად, ტერიტორიაზე ხეების მოჭრა-მოთხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ასე ახსნა: „50% რეკრეაციულ ზონას იქ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, წარმოდგენილი იქნება აუდიტის დასკვნა, სადაც ნაჩვენები იქნება ეს ყველაფერი და თუ აღმოჩნდება, რომ რაღაც დარღვევაა, შესაბამისი რეაქცია გვექნება. მაგრამ, მე რამდენადაც ვიცი, იქ კოტეჯების ტიპის 10 ერთეული სასტუმრო უნდა მოეწყოს და ალბათ, ამიტომ არის საჭირო, რომ ეს ხეები მოიჭრას.“

სწორედ ამ ტერიტორიაზე ამოთხარეს მრავალწლოვანი ტიტას ხე ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის, რომელიც ვერ გადაიტანეს და პლაჟზე დევს. იმ მრავალწლოვან ხეებს კი, რომლებიც ადგილზე დარჩა, რა ბედი ელის, ჯერ გაურკვეველია.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 13 ათას ლარად აუქციონზე გამოტანილი სამი ხე ციხისძირში -ამბრი, ევკალიპტი, სექვოია – მიმდინარე წლის 6 მარტს გაიყიდა. ხეები შპს „ანაგმა“ 13 500 ლარად შეიძინა ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროპარკში გადასატანად.

აღნიშნულ პარკში აჭარიდან გადატანილი პირველი ხე – მრავალწლოვანი ტიტა, ორ სხვა ხესთან ერთად, 2015 წლის დეკემბერში კომპანია „ზიმომ“ შეისყიდა. აჭარის მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით, „ზიმოს“ 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ტიტას ერთი და ჭაობის კიპარისის ორი ხე.

„გარდა 2016 წელს შერჩეული რამდენიმე ხისა, კერძო და იურიდიული პირებიდან შემოდის ბევრი წინადადება ხის გაყიდვის სურვილით. ნაწილს, უბრალოდ, სურს ხის გაყიდვა, ნაწილი მის კუთვნილ ტერიტორიაზე ახორციელებს ამა თუ იმ პროექტს და, რა თქმა უნდა, უფრო აწყობს ხის გაყიდვა მის მოჭრას“,  – წერს გიორგი უძილაური.

წასაღებად გამზადებული წიწვოვანი მცენარე მახინჯაურში. მანანა ქველიაშვილის ფოტო

წასაღებად გამზადებული წიწვოვანი მცენარე მახინჯაურში. მანანა ქველიაშვილის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]მრავალწლოვანი ხეები, რომლებსაც სახელმწიფო არ იცავს[/highlight]

რა ეკოლოგიური ზიანი მიადგა მრავალწლოვანი ხეების ამოღებით აჭარის ზღვისპირეთს, ირღვევა თუ არა ბიომრავალფეროვნება, წყლის მიმოქცევის რეჟიმი და აკონტროლებს თუ არა სახელმწიფო გარემოში ჩარევას? – ამ კითხვებზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან პასუხი ვერ მივიღეთ.

უწყებაში გვითხრეს, რომ ხეების ამოღებას გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (გზშ) არ სჭირდება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ასეთი დოკუმენტი არც არსებობს. სამინისტროს განმარტებით, ხეების ამოღებას არც ნებართვები სჭირდება.

ამავე სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ ნიადაგის აღდგენას, ანუ რეკულტივაციას, კანონი ყველას ავალდებულებს. თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტროში არ გამოინახა პირი, რომელიც გვიპასუხებდა, მაგალითად იმაზე, ვინ აღადგენს იმ ტერიტორიას, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია და სადაც ხეები ამოიღეს – სახელმწიფო, თუ კერძო კომპანია?

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ხეების ამოღების პროცესს ზედამხედველობას არ უწევენ: „უნდა მიმართოთ შესაბამის მუნიციპალიტეტებს“.

ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, ასევე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო გარემოს დაცვის სამმართველოში არ არიან ინფორმირებული, რა ხდება მახინჯაურიდან-ბობოყვათამდე მონაკვეთში მრავალწლოვანი მცენარეების ამოღების კუთხით.

ხეების გადატანასთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ მხოლოდ ის ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ შპს „გზას“ მისცა უფლება, მწვანე კონცხის დასახლებაში ბორდიურები ამ კომპანიას გამოეყენებინა მუშაობის პროცესში, „რაც ასევე მოიცავდა ზღვამდე არსებული ტერიტორიის დროებით გამოყენების უფლებასაც“.

ეს ადგილი მახინჯაურშია, ყოფილი სანატორიუმ „მზიურის“ მოპირდაპირედ. აქედან ერთი წიწვოვანი ხე მზადაა გადასატანად და „მზიურის“ ეზოში დევს, ხოლო მეორე, ტიტას ხის ბარჟაზე მოთავსების შემდეგ ბარჟამ ჩაძირვა დაიწყო, რის გამოც უკან, პლაჟზე დააბრუნეს. უზარმაზარი ტიტას ხე, რომელსაც ერთი პატარა წიწვოვანი ხეც ახლავს, უკვე რამდენიმე დღეა პლაჟზეა მოთავსებული. პლაჟი კი, სადაც დროებითი ნავმისადგომია მოწყობილი, ბათუმის მერიის საკუთრებაშია.

ჩაქვი, ბუკნარი, ციხისძირი, ბობოყვათი – ძირითადად ის ტერიტორიებია, საიდანაც მრავალწლოვანი ხეები გაიტანეს და გააქვთ დღესაც.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სულხან ევგენიძე „ბათუმელებთან“ ამბობს: „ჩვენ არაფერში ვართ ჩართული, მხოლოდ შემოღობილ ტერიტორიებზე გვაქვს გაცემული ნებართვები, ღობე რომ შემოარტყეს, წარმოადგინეს იმისი ესკიზი; დროებითი გზების მოწყობაზეც, თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მიმდინარეობს სამუშაო. გზა ჩაიკეტა ჩაქვში, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობდა, ამაზეც აქვთ მომართვა. ვინ ყიდულობს და რას ყიდულობს, მე არ მეხება. 150 ხე რომ არ მიაქვთ, ეს ნამდვილად ვიცი. აპრილის ბოლომდე უნდა დასრულდეს გადატანის პროცესი მგონი, მერე გადარგვაც არ შეიძლება. რაც შეეხება პირსს, ვიცი, რომ ნაპირდაცვასთანაა შეთანხმებული. არც გზშ არის ჩვენთან. ნაპირდამცავი ნაგებობა რომ გაიჭრა ჩაქვში, იმაზე პოლიციაშია, როგორც ვიცი, საქმე აღძრული“.

მანანა ქველიაშვილის ფოტო

მანანა ქველიაშვილის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]გადარჩება თუ არა გადარგული ხეები[/highlight]

„არ დავკვირვებივარ მაგ მცენარეებს, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია, მაგრამ როცა ხის გადარგვა ხდება, გახარებაში განახლების ფუნქციაც შედის. ანუ, უნდა გაიზარდოს მცენარე. განახლება ამ მრავალწლოვან მცენარეებს გადარგვის შემდეგ, რა თქმა უნდა, გაუჭირდებათ. რამდენად გაუჭირდება – ეს უკვე მომავლის საქმეა“, – ამბობს აგრონომი, ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი ავთანდილ მურვანიძე.

ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, იზოლდა მაჭუტაძე ამბობს, რომ ხეები, რომლებიც აჭარიდან მიაქვთ, დიდი ალბათობით გაიხარებს: „გადარგვის შემდეგ ვერ გაიხარებს ჩვენი ფლორის მცენარეები, როგორიცაა: მუხა, ლაფანი, რცხილა, წიფელი და სხვა“.

ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროპარკში მრავალწლოვანი წიფელი გურიის სოფელ ნატანებიდანაც გადაჰქონდათ. ეს ხე გადატყდა. გიორგი უძილაურის თქმით, სავარაუდოდ, ინციდენტი არასწორი გათვლისა და არამყარი ნიადაგის გამო მოხდა.

„ცოცხალი ორგანიზმისთვის დამახასიათებელია გარემოსთან ადაპტაცია – რაც უფრო ასაკოვანია მცენარე, ის უფრო ადაპტირებულია იმ გარემოსთან, სადაც არის. ალბათ, გაითვალისწინეს სპეციალისტების მოსაზრებები და მცენარე დიდ გრუნტთან ერთად მიაქვთ, რაც ამცირებს ალბათობას, რომ არ გაიხარებს“, – ამბობს ეკოლოგი ნარგულ ასანიძე.

სპეციალისტების თქმით, მაგალითად, ევკალიპტი, რომლის სამშობლო ავსტრალია და ახალი ზელანდიაა, ცოცხლობს 300 წელი, ჩვენს პირობებში, როცა აქ გადმოირგო, მისი სასიცოცხლო ციკლი გახდა მესამედი. ანუ, 80-90 წლის ევკალიპტები ჩვენთან უკვე გადაბერებულია. დღეს შეკვეთილში ამ და მეტი ხნის ევკალიპტის ხეები მიაქვთ.

„ეგზოტიკური მრავალწლოვანი ხეები შავი ზღვის სანაპიროზე, თავის დროზე დარგულია რუსი გენერლის ან ვიღაცის მიერ, ვინც აგარაკი გაიკეთა აქ. ამ ხეების უმეტესობას სასიცოცხლო ციკლი დასრულებული აქვს და მიკვირს, ვის რაში სჭირდება გადარგვა და ვის შეიძლება ემსახუროს. თუ იქ საკონცერტო დარბაზია („ბლექ სი არენა“) და ხალხი უნდა მიიზიდოს, არ ვიცი… თუ სჭირდებათ 2 წლისთვის ან 3 წლისთვის (შეიძლება 10 წელიც იცოცხლოს ამ ხეებმა) წაიღოს და შეხედავს ვისაც მიაქვს, როგორ იქნება და რა იქნება. არის ერთი მომენტიც, უჭირს ვიღაცას და გაყიდა, ოჯახს უნდა სარგებელი ნახოს. ამიტომ ვიკავებ თავს კომენტარისგან“, – გვეუბნება ერთ-ერთი მეცნიერი, რომელიც ვინაობის დასახელების წინააღმდეგია.

შეკვეთილში გადარგული მრავალწლოვანი ხეების გახარების პრობლემას სხვა სპეციალისტებიც ხედავენ.

„საკმაოდ დიდი რისკი არსებობს, რომ არ გაიხაროს ამ ხეებმა. ფესვები მაინც იჭრება მიუხედავად იმისა, რომ დიდ გრუნტთან ერთად მიაქვთ. მართალია, ადგილზე არ მინახავს, მაგრამ ევკალიპტს შორს მიაქვს ფესვები. მიწის კომი კი (ასე ვეძახით გრუნტს, რაც ხეს მიჰყვება) ნამდვილად არ არის საკმარისი, რომ ფესვთა სისტემა მთლიანად გაჰყვეს. მინიმუმ 30%-ია რისკი ხის გახმობის. 60-წლიანი პალმებიც გადამიტანია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ფოთლოვან-წიწვოვანების გადატანით, თან ამ ასაკის ხეების, არ დავინტერესებულვარ. წაქცევის საშიშროებაც არსებობს. კომი კი მიჰყვება, მაგრამ მოძრაობისას სტრუქტურა ირღვევა, ქარმაც არ უნდა გააქანოს“, – ამბობს დავით ბარათაშვილი, ბსუ-ს ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი.

გიორგი უძილაურის განცხადებით, „სპეციალური ჯგუფები სწავლობენ ხეს, თუ რამდენად საინტერესოა ის დენდროპარკისთვის, შემდეგ მიმდინარეობს მისი ადგილმდებარეობის შესწავლა. სპეციალისტები, მათ შორის ევროპიდან და ამერიკიდან, სწავლობენ ხის და მისი ფესვების სპეციფიკას…“.

კონკრეტულად რომელი სპეციალისტები არიან ჩართული ამ პროცესში, „ქართუ ჯგუფიდან“ პასუხი ვერ მივიღეთ.

ციხისძირში ხის ამოღების გამო, შესაძლოა, ეს სახლი საცხოვრებლად საშიში გახდეს. მანანა ქველიაშვილის ფოტო

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]პარკი, სადაც ხეები მიაქვთ[/highlight]

ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში სულ ცოტა 260 497 კვ/მ მიწის ფართობს ფლობს. ყოფილ პრემიერ-მინისტრს აქ რეზიდენცია აქვს. შეკვეთილში მდებარე მიწის ნაკვეთები შპს „ურეკი რეზიდენსის~ სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაშია. სწორედ აქ, ზღვისპირა სოფელში, აკეთებს ივანიშვილი ე.წ. დენდროპარკს, რისთვისაც სხვადასხვა რეგიონიდან გიგანტური ხეები მიაქვს.

რამდენად რეკომენდებულია დენდროპარკის გაკეთებისთვის (სპეციალური ბაღი ან ბოტანიკური ბაღის კუთხე, სადაც დარგულია სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი სამეცნიერო, სასწავლო და კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნით) მრავალწლოვანი ხეების გამოყენება, მითუმეტეს, როცა მათ უმრავლესობას სიცოცხლის ციკლი დასრულებული აქვს და ამასთან არის რისკი, რომ შეიძლება ვერც გაიხაროს?

„აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანს აქვს სურვილი დენდროპარკს მოესწროს თვითონ. ვინც დენდროპარკები გააშენა საქართველოში, ყველა უცხოელი იყო – რუსი ან სხვა ეროვნების. არც ერთი არ მოსწრებია… ამას აქვს პრეტენზია თავად ნახოს მის მიერ გაშენებული პარკი. უფრო იაფი დაუჯდებოდა, თუ 20-წლიან ნერგებს დარგავდა და დენდროპარკს დაარქმევდა, მაგრამ შედეგი იქნებოდა 100-150 წლის შემდეგ“, – ამბობს ვახტანგ გოლიაძე.

ნარგულ ასანიძის თქმით, იმ ინფორმაციით, რაც მას აქვს, „დენდროპარკს დიდი შემოსავალი ექნება და დამთვალიერებელიც ეყოლება, მათ შორის მეცნიერები.“

„თუ გახმობის საფრთხე არ შეექმნება გადარგულ მცენარეებს, ბრწყინვალე რაღაც გაკეთდება. ეფექტი იქნება უცებ. ბათუმის ბულვარიც დენდროპარკია… ხეს ზოგჯერ ერთი თაობა არ ჰყოფნის, რომ სანახაობრივად მიმზიდველი გახდეს და რადგან საშუალება აქვს იმ პიროვნებას, ვისაც მიაქვს, რა თქმა უნდა, დიდი ხეების გადატანა ურჩევნია“, – ამბობს დავით ბარათაშვილი.

რამდენ კვ/მ-ზე იგეგმება დენდროპარკის გაშენება? როდის უნდა დასრულდეს? როდის იგეგმება პარკის გახსნა? პარკი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში დარჩება თუ იგეგმება მისი გადაცემა სახელმწიფოსთვის? ვინ მუშაობს დენდროლოგიური პარკის კონცეფციაზე? – ეს და სხვა კითხვები „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, გიორგი უძილაურს წერილობით გადავუგზავნეთ, თუმცა პასუხი სტატიის მომზადების პროცესში ვერ მივიღეთ.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]არქეოლოგიური მასალის განადგურების საფრთხე[/highlight]

ხეების ამოღება და ტრანსპორტირება გარკვეულ ადგილებში საფრთხეს უქმნის არქეოლოგიურად ჯერ კიდევ გამოუკვლეველ უნიკალურ ადგილებს – პეტრა-ციხისძირისა და ურეკის ძველკოლხურ ნამოსახლარებს.
ისტორიის აკადემიურმა დოქტორმა, არქეოლოგმა, ნინო ინაიშვილმა ბობოყვათის ყოფილი რეზიდენციის ტერიტორიაზე ხეების ამოღების გამო ყოფილ პრემიერს ღია წერილითაც კი მიმართა.

„ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორია, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ხეების ამოთხრა, წარმოადგენს არქეოლოგიური მემკვიდრეობის არეალს, რომელსაც ძალიან დიდი მეცნიერული ღირებულება გააჩნია. ამ ტერიტორიაზე გამოვლენილია არქიტექტურული ძეგლები: V-VI საუკუნეების 2 აბანო, სასახლე, ნაეკლესიარი, ძვ.წ. V-I საუკუნეების ვრცელი სამაროვანი და ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ძველკოლხური ნამოსახლარები (ე.წ. დიუნური ნამოსახლარები).

ამჟამად ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს დენდროლოგიური პარკისთვის ხეების ამოღება-გადატანის პროცესი, რაც მასშტაბური მოცულობის მიწის სამუშაოებს უკავშირდება (სიღრმე – 3 მ, რადიუსი – 30-დან 50 მეტრამდე). ეს აუცილებლად გამოიწვევს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გამოუვლენელი არქეოლოგიური ობიექტების განადგურებას (კულტურული ფენის სიღრმე დაახლოებით 3 მეტრია)…

იმ ტიპის მიწის სამუშაოები გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს პეტრა-ციხისძირის არქეოლოგიური მემკვიდრეობის მთლიანობას, იმას, რომელიც ჯერ კიდევ გამომზეურებას ელოდება და იმ ძეგლების კვალსაც სამუდამოდ წაშლის, რომლის ნაშთებიც უკვე გამოვლენილია. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს გარემოება და შეაჩეროთ ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზე ხეების ამოღების პროცესი“.

მოგვიანებით ბათუმელ არქეოლოგებს „ქართუ ჯგუფში“ დაჰპირდნენ, რომ ყოფილი რეზიდენციის ტერიტორიიდან მხოლოდ ერთ ხეს გადაიტანენ.

რამდენი ხის გადატანა იგეგმება რეზიდენციიდან? – ამ კითხვაზე „ქართუ ჯგუფისგან“ პასუხი „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო. „ქართუ ჯგუფისგან“ ვერც იმაზე მივიღეთ პასუხი, რა ხდება შეკვეთილში იქვე არსებული არქეოლოგიურად ღირებული ადგილების დაცვის კუთხით.

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]კანონმდებლობის კრიზისი[/highlight]

ეკოლოგ ზურაბ მანველიძის აზრით, მრავალწლოვანი ხეები ამ ზოლში ისედაც შესაცვლელია, თუმცა ნაყოფიერ ფენას რომ წაიღებ, იქ ხე ვერ გაიხარებს.

„ხეების ამოღებას გარემოზე ზემოქმედების შეფასება ახლავს – არ ახლავს, ასევე ახლავს თუ არა ბიომრავალფეროვნების მართვის გეგმა – ეს მე არ ვიცი. ჩვენი კანონმდებლობა, სამწუხაროდ, ამას ლაპარაკობს მხოლოდ კრიტიკულ სახეობებზე – წითელ ნუსხაში თუ არის შეტანილი მცენარე, ან ბუნების ძეგლი თუ არის. ასეთები კი, რამდენადაც ვიცი, არ მიაქვს. შეიძლება იმ კაცმა, ვინც ამას აკეთებს, არ იცის ეს დეტალები და არ აყენებენ საქმის კურსში, თუმცა ვერც ჩააყენებენ, რადგან კანონი არ ავალდებულებს.

გარემოს დაცვის საკითხებში მოუწესრიგებელი კანონმდებლობა აზარალებს ყველაფერს. იმ პარკის გაშენებასაც კანონი უნდა არეგულირებდეს. ქარმაც რომ წააქციოს ნებისმიერი ხე, ზიანის შეფასება უნდა იყოს და არსებობდეს უნდა შესაბამისი რეგულაციები. სახელმწიფოში აუცილებელია კანონის მიღება ბოტანიკური ბაღების შესახებ, პარკების შესახებ, ქარსაფარი ზოლების შესახებ… ამბობენ, ვიღას უნდაო, მაგრამ ქალაქს უნდა ქარსაფარი ზოლი“.

რაც შეეხება გზშ-ს – ასეთი დოკუმენტი კანონმდებლობით საჭიროა მხოლოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებისას, როგორიცაა, ვთქვათ ჰესები, მაგისტრალები, კარიერები და სხვა.

 

ამავე თემაზე: ხეების გადამზიდავს ხიდისთვის არ სცალია 

[highlight color=”red”]სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ აპრილის ნომერში. [/highlight]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: