მთავარი,სიახლეები

13 კანდიდატი ერთი სავარძლისთვის იბრძვის

20.06.2017
13 კანდიდატი ერთი სავარძლისთვის იბრძვის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის პირველ ეტაპზე განაცხადი ცამეტმა კანდიდატმა შეიტანა, აქედან ექვსი მეორე ეტაპზე გადავიდა. სამინისტროში მათ ვინაობას არ ასახელებენ:

„პერსონალური ინფორმაციაა, რომლის გასაჯაროებაზეც კონკურსანტებთან შეთანხმება არ გვაქვს, შესაბამისად, ვერ გავასაჯაროვებთ.“

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში რვა ვაკანტურ პოზიციაზე სულ 215 განაცხადი იყო წარდგენილი, აქედან მეორე ეტაპზე 139 მონაწილე გადავიდა.

რვა გამოცხადებული პოზიციიდან მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა – კობა თედორაძე, რომელიც კონკურის მეორე ეტაპზე გადავიდა.

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება, განაცხადების გადარჩევის შემდეგ კანდიდატები ტესტირებას საკანონმდებლო აქტებსა და უცხო ენებში (ინგლისური, რუსული) გაივლიან, პოზიციებზე უცხო ენების მოთხოვნის შესაბამისად. ამ დროისთვის კონკურსის შედეგების ზუსტი თარიღი უცნობია.

სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყებამდე თანამდებობიდან გაათავისუფლეს აჭარის ყოფილი თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, არჩილ ხაბაძის მამა, რომელიც წლების განმავლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში პრივატიზებისა და ქონების მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ამ ფაქტს წინ უსწრებდა სამინისტროს შპს-ის –  „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორის, ირაკლი ცეცხლაძის დაკავება.

ირაკლი ცეცხლაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დააკავეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.