Batumelebi | facebook მიმოწერები მტკიცებულებად მერაბ ღოღობერიძის საქმეში facebook მიმოწერები მტკიცებულებად მერაბ ღოღობერიძის საქმეში – Batumelebi
RU | GE  

facebook მიმოწერები მტკიცებულებად მერაბ ღოღობერიძის საქმეში

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო არსებითად განიხილავს. მათ „ბათუმის აქციის საქმეში“ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედებათ ბრალად. დღეს, 20 ივნისს, საქმის არსებითი განხილვისა და  ბრალდებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებები წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. დღეს მოსამართლემ ორივე ბრალდებულს ჰკითხა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?

„დამნაშავედ კი არა, სიზმარში მგონია თავი. ამ ადამიანისთვის ხელიც კი არ მაქვს ჩამორთმეული, რა ორგანიზებაზეა საუბარი,“ – უპასუხა მოსამართლეს მერაბ ღოღობერიძემ.

„რა თქმა უნდა, არ ვცნობ თავს დამნაშავედ“, – თქვა ირაკლი ჩხვირკიამ. მისმა ადვოკატმა, გიორგი ონიანმა სხდომის დაწყებისთანავე დარბაზში სუს-ის თანამშრომლების ყოფნა გააპროტესტა.

„მანდატურებმა ჯერ შემოუშვეს სუს-ის თანამშრომლები, მერე ოჯახის წევრები. ნახევარი ვერც შემოვიდა, ვინც ოჯახის ახლობლები არიან. ამას აკეთებენ თქვენი მანდატურები“, – აღნიშნა ადვოკატმა გიორგი ონიანმა.

მოსამართლემ ადვოკატის პასუხად ჟურნალისტებს მოუწოდა, დარბაზი ახლობლებისთვის დაეთმოთ. „სხდომა ღიაა, საჯარო და ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ვინმეს შემოსვლას. მე არ ვიცი, ვინაა დარბაზში, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია, დაუთმოს ადგილი ბრალდებულის ახლობელს. მივმართავ ჟურნალისტებს ასევე, რადგან ისინი საკმაო რაოდენობით არიან წარმოდგენილი, არადა კანონის მიხედვით, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს გადაღების უფლება, მას აქვს ვალდებულება ჩანაწერი მიაწოდოს სხვა ნებისმიერ მედიასაშუალებას“, – განმარტა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

მოსამართლის მოწოდების მიუხედავად, სასამართლო დარბაზი არავის დაუტოვებია.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილა. პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის გაჟღერდა სატელეფონო ჩანაწერიც, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ვისი საუბრების ამსახველი ჩანაწერი აქვს პროკურატურას მტკიცებულებად.

ერთ-ერთ მტკიცებულებად პროკურატურამ მერაბ ღოღობერიძის Facebook მიმოწერები წარმოადგინა, რაც ადვოკატმა, პაატა შავაძემ გააპროტესტა:

„რა ადასტურებს ამ მიმოწერების ნამდვილობას? დღეს ფეისბუკში გვერდი შეიძლება შექმნა თავისუფლად და დააწერო მერაბ ღოღობერიძე, ან თამარ მეფე. ამ ჩანაწერებს აქვთ ავთენტურობის პრობლემა“.

„რადგან წარმოვადგინეთ ეს მტკიცებულება, პროკურატურა შეეცდება იმის დადასტურებასაც, რომ ეს მიმოწერები ნამდვილია,“- დასძინა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

საბოლოოდ ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ საქმეში წარმოადგინა, მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დასაშვებად მიიჩნია.

„მე მოვითხოვ პროკურორ რამაზ შავაძის აცილებას. ის ვერ იქნება მიუკერძოებელი პროკურორი,“ – აღნიშნა მერაბ ღოღობერიძემ. ამ შუამდგომლობის დასადასტურებლად მერაბ ღოღობერიძემ კონრკეტული საქმე გაიხსენა, რომელიც ნარკოდანაშაულს ეხებოდა და ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

„გამამართლებელი განაჩენი არ ნიშნავს იმას, რომ მიკერძოებული ვიყავი. არის შემთხვევებიც, როცა გამამართლებელი განაჩენი დგება, მაგრამ შემდეგ აპელაციას გამოაქვს იმავე საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი“, – შენიშნა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მერაბ ღოღობერიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეს არსებითად დავით მამისეიშვილი განიხილავს. ის მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მასობრივი ძალადობის ორგანიზების საქმეზე.

 

IMG_20170620_130130

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი