მთავარი,სიახლეები

3 ვაკანსია უსკოში – 172 კონკურსანტიდან მეორე ეტაპზე 90 იბრძვის

18.06.2017
3 ვაკანსია უსკოში – 172 კონკურსანტიდან მეორე ეტაპზე 90 იბრძვის

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში [უსკო] გამოცხადებულ კონკურსში, უსკოს ინფორმაციით, მეორე ეტაპზე 172 კონკურსანტიდან 90 გადავიდა, რომლებსაც დღეს, 18 ივნისს, ტესტირება უტარდებათ. ტესტირება კონკურსის მეორე ეტაპია და იგი ელექტრონული ფორმით იმართება.

უსკოს ინფორმაციით: ტესტი შედგება 50 კითხვისაგან, კერძოდ:
1. საქართველოს კონსტიტუცია – 10 კითხვა;
2. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ -20 კითხვა;
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ – 10 კითხვა;
4. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ – 5 კითხვა;
5. საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (І, ІІІ, ІV, VІ თავები) – 5 კითხვა.

ტესტური დავალება შედგება პირობისა და 4 სავარაუდო პასუხისაგან, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი პასუხი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი 0 ქულით. გამსვლელი მინიმალური ზღვარია 70% ანუ 50 კითხვიდან არანაკლებ 35 კითხვაზე სწორი პასუხი.

კონკურსის მესამე ეტაპზე, გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებიც გადალახავენ მინიმალურ გამსვლელ ზღვარს. ტესტირებისათვის მონაწილეს ეძლევა 1 სთ და 30 წუთი. ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს უსკოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

პრესსამსახურის ინფორმაციით, დღევანდელი ტესტირების შედეგებს უსკო ხვალ, 19 ივნისს გაასაჯაროებს.

უსკოში კონკურსი სამ ვაკანტურ თანამდებობაზე იყო გამოცხადებული:

[checklist]

  • ინსტიტუციური განვითარების სამსახურის უფროსი;
  • ინსტიტუციური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
  • ინსტიტუციური განვითარების სამსახურის სპეციალისტი.

[/checklist]

„ინსტიტუციური განვითარების სამსახური“ ახალია, რომელიც უსკომ საარჩევნო მოხელეების კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად და გრანტების მოსაძიებლად შექმნა. ახალი სამსახურის შექმნის გამო უსკოს 2017 წლის ბიუჯეტი გაიზარდა. 

ახალი სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასი თვეში დანამატის გარეშე დაახლოებით 1274 ლარი იქნება, სპეციალისტის – 680.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: