მთავარი,სიახლეები

ბათუმში ავიაშოუს გამართვა იგეგმება

18.06.2017 • 3673
ბათუმში ავიაშოუს გამართვა იგეგმება

ივნისის ბოლოს ბათუმში ავიაშოუ „FlyFest Georgia“-ს გამართვა იგეგმება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 6 საჰაერო ხომალდი L-39C Albatross ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, შავი ზღვის თავზე მოაწყობს 30-წუთიან ავიაშოუს, „რომელიც მოიცავს უმაღლესი ავიაპილოტაჟით შესრულებულ მრავალფეროვან და სანახაობრივ ელემეტებს“.

განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2017 წლის 15 ივნისს შევიდა შპს „სერვისეირის“ დირექტორის წერილი, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ბათუმში ავიაშოუს „FlyFest Georgia“-ს გამართვას. ორგანიზატორების მიერ ღონისძიების გამართვის თარიღად განსაზღვრულია 2017 წლის 24-25 ივნისი [ლოკაცია: ნატახტარი და ბათუმი].

„აღნიშნულ პერიოდამდე შეუძლებელია ტენდერის გამოცხადება, გამარჯვებულის გამოვლენა და გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმება დროში შეზღუდულობის გამო. მნიშვნელოვანია ხსენებული ღონისძიება ჩატარდეს ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე, რათა გაიზარდოს რეგიონის მიმზიდველობა სეზონის მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში,“ – მიაჩნიათ სამინისტროში.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ „არსებობს დასაბუთებული მოლოდინი, რომ ასეთი სანახაობა გაზრდის რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის ტურისტულ ატრაქციულობას და იქცევა კულტურული ტურიზმისა და ალტერნატიული სანახაობითი ხელოვნების ერთ-ერთ უმთავრეს აქტივობად ამიერკავკასიის რეგიონში“.

აღნიშნული ავიაშოუსთვის აჭარის ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით უნდა დაიხარჯოს პროგრამის – „კულტურული ღონისძიებების ორგანიზება“ – ფარგლებში.  შესაბამის თანხმობას სამინისტრო შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს.

შპს „სერვისეირის“ დირექტორის, ამირან მანჯავიძის წერილში აღნიშნულია, რომ ორი ავიაშოუს [ნატახტარსა და ბათუმში] სრული ბიუჯეტი შეადგენს 80 ათას ევროს. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს კი, 40 ათასი ლარის მოძიებაში სთხოვენ დახმარებას, დანარჩენ ხარჯებს კი, კომპანია საკუთარ თავზე იღებს.

ავიაშოუს ლატვიური კომპანია გამართავს. წერილში აღნიშნულია, რომ „ავიაშოუს გამართვისთვის სხვა ევროპული კომპანიების ფასები იწყება 300 ათასი ევროდან [მხოლოდ ჰონორალი].“ ამასთან, „სერვისეირი“ გეგმავს აღნიშნული ავიაშოუ გამართონ ყოველწლიურად.

საავიაციო გუნდის ჩამოსვლა დაგეგმილია 21 ივნისს თბილისის აეროპორტში, ხოლო გუნდი საქართველოს დატოვებს 26 ივნისს, ბათუმის აეროპორტიდან.

შპს სერვისეირი – ServiseAir, საჯარო რეესტრის მიხედვით, მცხეთაში, სოფელ ნატახტარშია რეგისტრირებული და კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი ამირან მანჯავიძეა.

1a

გადაბეჭდვის წესი


ასევე: