მთავარი,სიახლეები

ეროვნული ბანკი: პირველი ივლისიდან შეთავაზება/რეკლამირების ფასი მხოლოდ ლარში იქნება

15.06.2017 • 3000
ეროვნული ბანკი: პირველი ივლისიდან შეთავაზება/რეკლამირების ფასი მხოლოდ ლარში იქნება

საქართველოში ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება 2017 წლის პირველი ივლისიდან სავალდებულო იქნება მხოლოდ ლარით. ლარით ფასდადება ლარიზაციის ღონისძიებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელსაც მთავრობა მიმდინარე წლის დასაწყისიდან ახორციელებს.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ლარი არის გადახდის ერთადერთი საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამავე კანონის შესაბამისად, 2017 წლის პირველი ივლისიდან, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ითვალისწინებს შესაბამის სანქციებსა და ჯარიმებს“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ლარი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტის მიხედვით, რომელიც ასევე პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, „ფასის მხოლოდ ლარში გამოხატვასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ გავრცელდება მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებასა ან/და რეკლამირებაზე, თუ აღნიშნული დაკავშირებულია:

[checklist]

  • ნებისმიერი საერთაშორისო რეზერვაციის პორტალის ან/და უცხოური ვებ გვერდის მეშვეობით ტურისტული მომსახურების, ავიაბილეთების რეალიზაციის და სასტუმროების მომსახურების შეთავაზებასთან, რომელიც ხორციელდება მხოლოდ უცხოურ ენაზე.
  • ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტ პირთათვის ტურისტული მომსახურების, ავიაბილეთების რეალიზაციის და სასტუმროების მომსახურების შეთავაზებასთან, იმ პირობით, რომ შეთავაზება/რეკლამირება ხორციელდება ასევე ეროვნული ვალუტით.
  • საერთაშორისო, მათ შორის, სარკინიგზო გადაზიდვებსა და საერთაშორისო ტრანსპორტირებასთან.
  • როუმინგის მომსახურებასთან.
  • უცხოეთში გადაზღვევის მომსახურებასთან.
  • სასაქონლო ნიშნებზე, დიზაინზე, გამოგონებაზე და ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტზე უფლებების მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის გაწეულ მომსახურებასთან.
  • ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტთან, ექსპორტთან/რეექსპორტთან და/ან ტრანზიტთან.
  • არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან.
  • რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისათვის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევასთან ან/და სამუშაოს შესრულებასთან ან/და საქონლის მიწოდებასთან.
  • ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო და/ან უცხო ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების და/ან ინვესტორის დაფინანსებით (მათ შორის ნაწილობრივი დაფინანსებით) განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში საქონლის მიწოდებასა და/ან მომსახურების გაწევასთან და/ან სამუშაოების (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების) შესრულებასთან.
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის დარგში განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში საქონლის რეალიზაციასთან და/ან მომსახურების გაწევასთან.
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების/შეთანხმებების და მემორანდუმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებასთან“.

[/checklist]
„საქართველოს ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, მოუწოდებს მეწარმეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები. მეორე მხრივ კი, მიმართავს დაინტერესებულ მომხმარებლებს მათი დაცულობისა და ფასის გამჭვირვალობისათვის, მეწარმისაგან მოითხოვონ ფასის ლარით სრულად გამჟღავნება“ – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის დამტკიცებულ ე.წ. ლარიზაციის გეგმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ხელი მიმდინარე წლის იანვარში მოაწერა. შესაბამისი ცვლილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას, ასევე, ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი- 2000 ლარით. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 1000, ხოლო იურიდიულ პირს 5000 ლარის ჯარიმა დაეკისრება.

აღნიშნული ცვლილებებით ასევე დადგინდა შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებზე უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემასთან დაკავშირებით და გაცემა [მიმდინარე წლის 17 იანვრიდან] დასაშვები გახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასაცემი თანხის ოდენობა აღემატება 100 000 ლარს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: