„ბატონო მოსამართლევ, მე არ მინდა, შეხედოთ ამ საქმეს მხოლოდ ვიწრო კრიმინალურ ჭრილში, ეს არის ისტორიული საქმე,“ – მიმართა მოსამართლე ირაკლი შავაძეს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.
მას შემდეგ, როცა სასამართლო დარბაზი „ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულმა 7-მა პირმა პროტესტის ნიშნად დატოვა, მოსამართლემ პროკურორ რამაზ შავაძის და ადვოკატების ე.წ. შესავალი სიტყვა მოისმინა. არსებითი განხილვის ამ ეტაპის შემდეგ, სასამართლომ მოწმეთა ჩვენებები უნდა მოისმინოს.
ადვოკატ დავით ჩავლეიშვილის აზრით, სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას: რამ გამოიწვია ამ მასშტაბის პროტესტი, რა იყო ეს. მისი აზრით, აქცია სპონტანური იყო და იქ შეკრებილები პროტესტს გამოხატავდნენ. ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ 11 მარტის აქციის თვითმხილველმა პოლიცილებმა გამოძიებას ჩვენება 15 მარტს მისცეს.
„მოქალაქემ შესაძლოა იფიქროს, მისცეს თუ არა ჩვენება გამოძიებას, მაგრამ პოლიციელი რაზე ფიქრობდა, რატომ არ მისცა მან ჩვენება 15-მდე, ან 16 მარტამდე? ეს იმიტომ მოხდა, რომ კადრებში ვინც ამოიცნეს და დაინახეს, ის დაასახელეს ჩვენებებში… გარდა ამისა, გამოძიება აწარმოა დაზარალებულად ცნობილმა ორგანომ, პოლიციამ,“ – აღნიშნა დავით ჩავლეიშვილმა.
„პროკურორმა თავის გამოსვლაში არაერთხელ ახსენა, რომ აქციაზე დაზარალადნენ სხვადასხვა პირები, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს წევრი – ირაკლი ჭეიშვილი. ჭეიშვილი რომ იქ იდგა, მთავრობის წევრები და პოლიციელები, რატომ მიუშვეს ეს ახალგაზრდები აქამდე? რატომ არ მოხდა რეაგირება მყისიერად? ჩემთვის ეს აქცია იყო სპონტანური, რომელიც სამწუხაროდ გადაიზარდა ძალადობაში,“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა მზია ზოიძემ.
ადვოკატმა ზაზა პაპიძემ აქცენტი მისი დაცვის ქვეშ მყოფზე – გოდერძი გორგილაძეზე გაკეთა, რომელიც აქციის შემდეგ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს და 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს: „ერთი და იგივე ქმედებაზე არ შეიძლება პირს ადმინისტრაციული სახდელიც დაადო და სისხლის სამართლის წესითაც გაასამართლო. ამის თქმა მინდოდა“.
კიდევ ერთმა ადვოკატმა, დავით ჯაფარიძემ თავის გამოსვლაში ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ ახსენა. თქვა, რომ ამ როგანიზაციიდან იყო მისული ხალხი აქციაზე ნიღბებით „მერე ისინი ვერ ამოიცნეს. პროკურატურამ კიდევ ვინმე კადრში თუ გამოჩნდა, ისინი დააკავა. რანაირად უნდა მოვუსმინო ახლა მე 300 მოწმეს, საიდანაც 200 ამბობს, რომ აქციას დახედა, წავიდა და დაიძინა?“ – იკითხა დავით ჯაფარიძემ.
დავით ჯაფარიძემ დღვანდელ სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებულის, მინდია ბერიძის შემთხვევაზე ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა, რაც ადასტურებს, რომ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ამ დასკვნის საფუძველზე, ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა და მინდია ბერიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდებულისთვის განკუთვნილი დაცარიელებული კუთხისკენ გაიხედა და თქვა: „რომ გაუშვით ყველა ბრალდებული, ეს მინდია ბერიძე მაინც დაგეტოვებინათ… “
მოსამართლე ირაკლი შავაძემ იქვე განმარტა, რომ თუკი სასამართლო პირის გათავისუფლების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, კანონის მიხედვით იგი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს, რაც იმ მომენტისთვის შეუძლებელი იყო, რადგან ბრალდებული იმ დროისთვის, დიდი ალბათობით, გზაში იმყოფებოდა [„ბათუმის აქციის საქმეზე“ ბრალდებულები ქუთაისში მდებარე საპყრობილეში არიან].
„მას არ უნდოდა წასვლა, მაგრამ ბადრაგის სამსახურმა ყველა ერთად წაიყვანა,“ – დასძინა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.