მთავარი,სიახლეები

ბობოყვათის რეზიდენციიდან მხოლოდ ერთ ხეს გაიტანენ – არქეოლოგები „ქართუს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

17.03.2017 • 3913
ბობოყვათის რეზიდენციიდან მხოლოდ ერთ ხეს გაიტანენ – არქეოლოგები „ქართუს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს, 17 მარტს, დილის ათ საათზე, არქეოლოგების ჯგუფი „ქართუ ჯგუფის“ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს ბობოყვათში შეხვდა. არქეოლოგების თქმით, შეხვედრის მიზანი არქეოლოგიური ზონიდან ხეების გადატანის საკითხის განხილვა იყო. მანამდე არქეოლოგმა ნინო ინაიშვილმა ღია წერილით მიმართა ბიძინა ივანიშვილს და სთხოვა, რომ არქეოლოგიური ზონიდან ხეებს ნუ გაიტანს, რადგან ეს ფასეულ მემკვიდრეობას დააზიანებს ან სულაც გაანადგურებს.

დღევანდელ შეხვედრას ბობოყვათში ესწრებოდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, არქეოლოგი ირაკლი ჩავლეიშვილიც.

„როგორც ვიცით, ბობოყვათის ტერიტორიიდან აპირებდნენ ხის ტრანსპორტირებას და ამასთან დაკავშირებით ჩავედით ის არქეოლოგები, რომლებიც 80-იან წლებში ვმუშაობდით ამ ტერიტორიაზე, როგორც სამაროვანის, ასევე ბიზანტიური პერიოდის ნაქალაქარის გათხრებზე. შევამოწმეთ ადგილზე რა ვითარება იყო.  შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ამირან კახიძე,  არქეოლოგები: გია თავამაიშვილი და შოთა მამულაძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი და ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

ირაკლი ჩავლეიშვილი

ირაკლი ჩავლეიშვილი

შევთანხმდით, რომ სამომავლო ამ ტერიტორიაზე არ იწარმოებს არანაირი სამუშაოები არქეოლოგებისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლების გარეშე. თუკი აღმოჩნდება კულტურული ნაშთები, შეწყდება სამუშაოები და მოხდება ტეროტორიის შესწავლა“, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ეხება არა მარტო ბობოყვათის, არამედ ციხისძირისა და ჩაქვის ტერიტორიასაც.

ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიიდან მხოლოდ ერთ ძირ ევკალიპტს ამზადებენ გასატანად. მისივე განცხადებით, „შესრულებული სამუშაოების დათვალიერების შედეგად შემიძლია ვთქვა, რომ  საბედნიეროდ, აქ არქეოლოგიური ფენა არ არის“. ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ „ქართუ ჯგუფი“ ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიიდან მეტ ხეს აღარ გაიტანს.

შეხვედრას ბობოყვათში აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი, არქეოლოგი გიორგი თავამაიშვილიც ესწრებოდა, რომელიც ამბობს, რომ შეხვედრა პრევენციული ხასიათის იყო.

„ვთქვით, რომ ამ ტერიტორიაზე სანამ რამე აშენდება ან ამოითხრება, მანამდე მოხდეს ჩვენი პროცესში ჩართვა. ეს იყო ზეპირი შეთანხმება. თუმცა სამომავლოდ ამ ყველაფერს სამართლებრივად მოწესრიგებაც სჭირდება. ეს ტერიტორია პოტენციურად არის სიძველეების მატარებელი, ამიტომ ჩვენი [არქეოლოგების] ჩარევის გარეშე არ უნდა მოხდეს რაიმე ტიპის სამუშაოების წარმოება“, – ამბობს გია თავამაიშვილი.

გია თავამაიშვილი

გია თავამაიშვილი

გია თავამაიშვილი ამბობს, რომ რადგან  სამართლებრივი თვალსაზრისით გარკვეული ვაკუუმია, კოლეგიალურ და პარტნიორულ პასუხისმგებლობაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. „ჩვენ შევთავაზეთ ეს გზები და ვესაუბრეთ „ჯგუფ ქართუს“ და სააგენტოს წარმომადგენლებსაც.“

არქეოლოგები ამბობენ, რომ ბობოყვათი-ციხისძირის ტერიტორიას უნდა მიენიჭოს ძეგლთა დაცვის ზონის სტატუსი. „სამართლებრივად ამის მოგვარება იმიტომ ჯობია, რომ თუკი მოხდება ჩარევა [სტატუსის პირობებში], ეს უკვე სისხლის სამართლის საქმე იქნება“, – ამბობს გიორგი თავამაიშვილი.

„წინა ხელისუფლების პერიოდში მთავრობამ ბობოყვათს მოუხსნა ძეგლის სტატუსი და ძეგლის დაცვის ზონა, რადგან პეტრას ციხის გაყიდვა უნდოდა, მაგრამ სტატუსის აღდგენის პროცესი აღარ გაგრძელდა. ასევე არის ფიჭვნარშიც და ეს საკითხები არის სამართლებრივად მოსაგვარებელი. პრობლემა არის ის, რომ დღეს რა სამუშაოებიც ტარდება, ჩვენ ვერავის ვერ შევედავებით სამართლებრივად. ამიტომ, ეს საკითხი მთავრობამ უნდა დაარეგულიროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან ერთად“, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

რაც შეეხება ლანდშაფტში უხეშ ჩარევას, როგორც ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, მან ამ თემაზეც ესაუბრა „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლებს.

„როგორც მე მითხრეს, ხეების გადატანის შემდეგ ამ ადგილებში ლანდშაფტს აღადგენენ, ხეებს დარგავენ და იმ გზებზე, რომლებიც შეყვანილია, დაიგება ბეტონის საფარი. ასე, რომ ამ პასუხებმა მე დამაკმაყოფილა“, – ამბობს ის.

ბიძინა ივანიშვილმა  ციხისძირიდან რამდენიმე ხე უკვე გაიტანა შეკვეთილში, სადაც ის დენდროლოგიურ პარკს აშენებს. ხეების გადასატანი სამუშაოები დაიწყო ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზეც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: