„ნუ დავასწრებთ მოვლენებს, თუმცა ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, ასე უპასუხა ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს მოსალოდნელი მეორე ტურის შესახებ აჭარის მუნიციპალიტეტებში.
შეგახსენებთ, რომ თუ დღევანდელი არჩევნების შედეგად მერობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ორი, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს. მათგან გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეორე ტურში მეტ ხმას მოაგროვებს. ასე მოხდა 2014 წლის ბათუმის მერის არჩევნებზე, როცა მეორე ტურში გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი გახდა 26 103 ხმით.
პატარაძეს ასევე ჰკითხეს, სად იმყოფებოდა ბათუმის ამჟამინდელი მერი, გიორგი ერმაკოვი, რაზეც ზურაბ პატარაძემ ასე უპასუხა: „ერმაკოვი დღეს მთელი დღე ჩვენთან ერთად იყო და ახლაც გასულია ხალხთან შესახვედრად, დარწმუნებული ვარ, ჩვენსავით გახარებულია.“
„დღევანდელი დღე შეიძლება შეფასდეს, როგორც არჩევნების დღე, რომელმაც ჩაიარა საკმაოდ მშვიდ გარემოში. გარკვეული ტიპის ვნებათაღელვა, რა თქმა უნდა, ყოველი არჩევნებისათვის არის დამახასიათებელი, მაგრამ საერთო ჯამში არის ძალიან მშვიდი, ძალიან პოზიტიური არჩევნები. ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ტიპის შეფასება, ვფიქრობ არის გარკვეულწილად საკუთარი მოსალოდნელი მარცხის გამართლება, რადგან პირადად ჩემთვის ბრალდება, რომ სუსმა ჩაატარა არჩევნები, არის აბსურდული,“ – განაცხადა ლაშა კომახიძემ.
ლაშა კომახიძის მხარდამჭერთა კლუბში ასევე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ტექნიკური პრობლემები იყო, თუმცა, საერთო ჯამში, არჩევნები მშიდ ვითარებაში ჩატარდა.
„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერ დავეთანხმები ოპოზიციას. ბათუმში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ჩვენს რეგიონში და ზოგადად ქვეყანაში, არჩევნები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, ყველანაირი ექსცესების გარეშე. ცალკეული ტექნიკური პრობლემები ნამდვილად იყო, მაგრამ ეს არ სცდება ზღვარს. ყველა ამ დარღვევაზე იქნება ადეკვატური რეაგირება კომპეტენტური ორგანოების მხრიდან. მე ვერ ვხედავ სერიოზულ პრობლემებს. თქვენ ხედავთ, რომ მთელ ქვეყანაში, მათ შორის ბათუმში და აჭარის მთელ ავტონომიურ რესპუბლიკაში მშვიდად ჩატარდა არჩევნები,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
რვა საათზე ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი გამართა, რომელზეც მირდატ ქამადაძემ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრა.
,,კენჭისყრის დასრულებამდე 45 წუთით ადრე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში ჩაატარა არა საარჩევნო ადმინისტრაციამ, არამედ სუსმა. დღის განმავლობაში არაერთხელ გავახმაურეთ ფაქტი, თუ როგორ იღებდნენ საოლქო საუბნო კომისიაში რეგისტრატორი კომისიის წევრების მონაცემებს, როგორ ხდებოდა კარუსელში მონაწილე პირების მობილიზება. უბანზე მისულ ამომრჩევლებს საკუთარი გვარის გასწვრივ ხვდებოდათ ხელმოწერა, რაც ნიშნავს, რომ მათ ნაცვლად უკვე მიცემული ჰქონდათ სხვებს ხმები. უამრავი ფაქტი დაფიქსირდა, როცა უბანზე მისულ ამომრჩეველზე მეტი ბიულეტენი იყო გაცემული, ეს ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას ეს ბიულეტენები ე.წ. სომხური კარუსელისთვის სჭირდებოდა.
იყო ფაქტები, როცა მარკირების გარეშე ატარებდნენ ადამიანებს, ასევე შემთხვევევი, როცა მარკირებაგაკეთებული ადამიანები აძლევდნენ ხმას. ორი საათის განმავლობაში 29-ე, 35-ე, 56-ე, 71-ე და 72-ე უბნებზე გათიშული იყო ელექტროენერგია, რამაც პრობლემა შეუქმნა ჩვენს ვიდეოგადაღებას. კომისიის წევრს, რომელსაც უფლება არ ჰქონდა იმ კონკრეტულ უბანზე მაჟორიტარი დეპუტატისთვის მიეცა ხმა, ვინაიდან ის სხვა სამაჟორიტარო ოლქში იყო რეგისტრირებული, აძლევდნენ უფლებას, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ბიულეტენიც გამოეყენებინა.
ჩვენი წარმომადგენლები რჩებიან ხმების დათვლისას და ესწრებიან პროცესს, რომ გაყალბება, გაბათილება არ მოხდეს. ვიდეომასალებს საჩივრებთან ერთად საზოგადოებას მივაწვდით მას შემდეგ, რაც ამ ვიდეოჩანაწერებს გავშიფრავთ. ხუთი საათის მონაცემებით ბათუმში 100 საჩივარია დაწერილი, თუმცა საჩივრების ზუსტი რაოდენობა პროცესის დასრულებამდე ჯერ არ ვიცით. უბნებში ხმების დათვლის შემდეგაც მოსალოდნელია საჩივრების რაოდენობის მატება“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
ბათუმის შემოგარენში მდებარე ე.წ. „ოცნების ქალაქიდან“ ამომრჩევლები რეგისტრაციის ადგილზე, სადაც მათ ხმის მიცემა შეუძლიათ, სამარშრუტო ტაქსებით წაიყვანეს.
„ოცნების ქალაქში“ ამბობენ, რომ ხმის მისაცემად წაყვანა მათ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა და ასევე, იყო შეთავაზება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდანაც.
„ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში ამბობენ, რომ ამ თემაზე შეკითხვას შემაჯამებელ ბრიფინგზე უპასუხებენ.
ცესკოს ინფორმაციით, 17 საათის მონაცემებით, ბათუმში 40797-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 29.2 პროცენტია.
ბოლო მონაცემებით აჭარაში ყველაზე აქტიური ამომრჩეველი ქედაშია, სადაც ამომრჩეველთა 52-მა პროცენტმა მისცა ხმა – 8177 ამომრჩეველი.
ხულოში 11 284-მა ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი, ხულოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 47-მა პროცენტმა.
შუახევში 49.7-მა პროცენტმა უკვე გააკეთა არჩევანი – 7465 ამომრჩეველი.
საკმაოდ დაბალია აქტივობა ხელვაჩაურში, სადაც ამომრჩეველთა 35.3-მა პროცენტმა მისცა ხმა, სულ 15867-მა ამომრჩეველმა.
რაც შეეხება ქობულეთს, აქ არჩევანი 26 810-მა ადამიანმა გააკეთა, რაც ამომრჩეველთა 39.6 პროცენტია ქობულეთში.
საერთო ჯამში, 17 საათის მონაცემებით, აჭარაში ამომრჩევლების 36-მა პროცენტმა მისცა ხმა, რაც საქართველოს მასშტაბით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ამ დროისათვის ყველაზე დაბალია აქტივობა შიდა ქართლში – 31.5 პროცენტი, ქვემო ქართლი – 33.1 პროცენტი და თბილისში – 34 პროცენტი. დაბალი აქტივობის მიდევით მეოთხე ადგილზე აჭარაა.
აჭარაში სულ 306 861 ამომრჩეველია და მათგან ხმა მისცა 110 400- მა ამომრჩეველმა.
ბათუმში საარჩევნო უბნებზე სადემონსტრაციო ოქმებში ცარიელია სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობის გრაფა. უბნებზე ამბობენ, რომ გრაფას საგანგებოდ ტოვებენ ღიად, რომ თუ კი სპეციალურ სიაში ცვლილება შევა, გრაფაში რიცხვი ზუსტად აისახოს. ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, ციალა შავაძე ამბობს, რომ მათ გრაფის შევსებას კანონი უკრძალავს:
„კენჭისყრის დასრულებამდე უბნებს არ აქვთ უფლება, შეიტანონ სპეცსიის ამომრჩეველთა რაოდენობა სადემონსტრაციო ოქმში.
ჩვენ გვყავს ამომრჩევლები, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, იმყოფებიან საპატიმროში. შესაძლებელია ვინმე კენჭისყრის დღეს გამოვიდეს საპატიმროდან ან გადმოლახოს საზღვარი უცხოეთში მყოფმა და მათ ვერ წავართმევთ ხმის მიცემის უფლებას. ასეთ ამომრჩეველს, რომელიც მივა საარჩევნო უბანზე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგალითად, საპატიმროდან გამოსულს უნდა ჰქონდეს გათავისუფლების დოკუმენტი და მათ აქვთ უფლება მისცენ ხმა, შესაბამისად ეს ამომრჩეველი სპეცსიაში ჩაემატება და რვა საათამდე რომ მსგავსი ამომრჩეველი მივიდეს უბანზე, რაოდენობა, რა თქმა უნდა გაიზრდება. ბოლოს, რვა საათისთვის, უნდა შეიყვანოს უბანმა სპეცსიაში ამომრჩეველთა რაოდენობა.“
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი განმარტება არასწორია, რადგან საარჩევნო კოდექსში აღნიშნულია, რომ სპეცსიის გრაფა სადემონსტრაციო ოქმში დილით უნდა შეივსოს.
„წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ერთიანი და სპეციალური სიების, აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით; ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას;“ [მუხლი 61. საარჩევნო უბნის გახსნა]
და იმავე მუხლის მეცხრე ნაწილი: „9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.“
დღეს, 21 ოქტომბერს, ავარია მოხდა ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე. დაშავებულია ერთი ადამიანი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს – ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ბათუმში, მერვე სკოლასთან, #12 და #63 საარჩევნო უბნებთან ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს. „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, თეა ვაშალომიძე ამბობს, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ოცნების“ კოორდინატორებმა. მას „ობიექტივის“ ჟურნალისტი, თეო შალიკაშვილი ემოწმება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე წინასაგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჭეიშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბათუმში, 24-ე უბანზე „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი ვახტანგ კიწმარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციას ეწეოდა საარჩევნო უბნის შიგნით. მისივე თქმით, ამავე უბანზე დამკვირვებელია ვახტანგის შვილი, გურამ კიწმარიშვილიც. მისი თქმით, აღნიშნულზე დაიწერა საჩივარი და შედგა შესაბამისი ოქმი, მაგრამ გააძევეს თუ არა მამა-შვილი უბნიდან, ,,ქართულ ოცნებას” ჯერ ინფორმაცია არ აქვს.
„მივიჩნევთ, რომ ეს იყო გადაცდომა და მამა-შვილმა უბანი უნდა დატოვოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შესაბამის ოლქზეა დამოკიდებული” – აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
მისივე ინფორმაციით, ბათუმის 26-ე უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლისთვის თანხის გადაცემის ფაქტიც დაფიქსირდა საარჩევნო უბნის გარეთ და როგორც კი შესაბამისი მტკიცებულებები ექნებათ, „ქართული ოცნება“ დოკუმენტურად შეეცდება ფაქტის დადასტურებას.
ირაკლი ჭეიშვილს ასევე ჰკითხეს საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლების მასიურად მიყვანის შესახებ, რაზეც მან განაცხადა, რომ როცა საქმე ეხება პირადი მანქანით მეგობრების და ახლობლების საარჩევნო უბნამდე მიყვანას, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. იგი ამბობს, რომ საარჩევნო შტაბიდან ამომრჩეველთა ორგანიზებულ გადაყვანას ადგილი არ ჰქონია.
ბათუმში, #7 საარჩევნო უბანზე არაადაპტირებული კაბინაა, რის გამოც ორი საჩივარი დაიწერაა.
საარჩევნო უბანზე ადაპტირებული კაბინის არქონის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველმა ხმის მიცემა ცალკე მაგიდაზე არჩია. ეს ფაქტი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრების მიზეზი გახდა. საჩივარში წერია, რომ ამ ამომრჩეველს ხმის მიცემა ღიად, კომისიის მდივნისა და რეგისტრატორის მაგიდების შორის მოუხდა და მისი არჩევანი დააფიქსირეს უბანზე მყოფმა პირებმა.
#7 საარჩევნო უბანზე სულ ხუთი საჩივარი დაიწერა. პირველი საჩივარი წილისყრის პროცესთან დაკავშირებით დაწერეს, – დამკვირვებელმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წილისყრის პროცესის არასათანადო გამჭვირვალობა გაასაჩივრა.
კომისიის მდივნის განმარტებით, წილისყრის პროცესი ჩატარდა წესის მიხედვით და ეს დამკვირვებელს გამორჩა, რომელიც მოშორებით იდგა. „საჩივრად გავაფორმეთ მაინც,“ – თქვა მან.
დანარჩენი ორი საჩივარი საკონტროლო ფურცლის დაგვიანებით ჩაგდებასთან დაკავშირებით დაიწერა.
12 საათის მონაცემებით, #7 უბანზე ხმა 146-მა ამომრჩეველმა მისცა.
უკვე სამი საჩივარი დაიწერა ბათუმის #15 უბანზე, სადაც ამჟამად „ბათუმელების“ კორესპონდენტი იმყოფება. ამ უბანზე მარკირების შესამოწმებელი აპარატი შეცვალეს, მიზეზად კი, ის დაასახელეს, რომ აპარატი ტექნიკურად გაუმართავი იყო.
ერთი საჩივარი სწორედ ამის შესახებ დაიწერა. მეორე საჩივრის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ ამომრჩევლის კაბინაში ბიულეტენის შევსების წესი გამოკრული არ იყო, მესამე საჩივარი კი მოქალაქე გალაკტიონ კაკაურიძემ დაწერა, რომელიც ამ უბანზე დამკვირვებელია და მისი თქმით, ტრადიციულად ამ უბანზე აძლევს ხმას, თუმცა საარჩევნო სიაში არ არის.
მეოთხე საჩივარს #15 საარჩევნო უბანზე ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი წერს. მისი თქმით, საარჩევნო სიაში გარდაცვლილი პირია.
ცესკოს ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით აჭარაში ხმა მისცა 20 083-მა ამომრჩეველმა, რაც აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.5 პროცენტია.
აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ჯერჯერობით ყველაზე მაღალი აქტივობაა შუახევში, სადაც ამომრჩეველთა 9,6-მა პროცენტმა მისცა ხმა, ყველაზე დაბალი კი – ბათუმში, სადაც ათი საათისთვის ამომრჩეველთა 5-მა პროცენტმა, სულ 7014-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
ცესკოს მონაცემებით, ბათუმში [79 საარჩევნო ოლქი] რეგისტრირებულია 139 595 ამომრჩეველი, ქედაში – 15 643; ქობულეთში – 67 703; შუახევში – 15 009; ხელვაჩაურში – 44 928, ხოლო ხულოში – 23 983. აჭარაში ამ დროისათვის სულ 306 861 ამომრჩეველია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ინფორმაციით, არჩევნები ყველა იმ უბანზე, სადაც წარმოდგენილია საიას დამკვირვებლები, მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და ამომრჩევლებს შესაძლებლობა ეძლევათ, საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილება ასახონ ბიულეტენში.
გარკვეულ უბნებზე შეინიშნებოდა პროცედურული წესების დარღვევა, რაზეც საიას მიერ ჩანაწერთა წიგნში ჩაიწერა 6 შენიშვნა და 3 საჩივარი დაიწერა უბანზე. ხოლო არსებითი ხასიათის დარღვევა და დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა დაფიქსირდა ქობულეთის N81 ოლქის N16 უბანზე, სადაც საიას დამკვირვებელი არ დაუშვეს უბანზე 07:05 სთ-დან 08:00 სთ-მდე. ამასთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და ველოდებით საჩივრის განხილვას. ამ ეტაპზე ჩვენი დამკვირვებელი დაშვებულია უბანზე და იგი აკვირდება კენჭისყრის პროცედურებს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პარტიული აქტივისტების მობილიზება, რომლებიც ორგანიზებას უწევენ ამომრჩეველთა მობილიზებას ან ხდება მათთან გასაუბრება. მოცემული ფაქტი არ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, მაგრამ აღნიშნული გარემოება ნეგატიურ გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესებზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე,“ – აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის განცხადებაში.
ბათუმის #79 ოლქში ამ დროისათვის სამი საჩივარია შესული. ოლქის თავმჯდომარის, ციალა შავაძის განმარტებით, საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხება.
ოლქის მონაცემებით, 10 საათისთვის ბათუმში 7 014-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 5 პროცენტს მცირედით აჭარბებს. ბათუმში სულ 139 595 ამომრჩეველია.
11 საათზე ბრიფინგი გაიმართა ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებს ის ძირითადი დარღვევები ჩამოუთვალა, რაც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დააფიქსირეს:
„45-ე უბანზე ვხვდებით შემთხვევებს, როდესაც მარკირებას არ უმოწმებდნენ ამომრჩევლებს.
49-ე უბანზე მას შემდეგ, რაც წილისყრა მოხდა და განისაზღვრა კომისიის წევრების ფუნქციები, რეგისტრატორი კომისიის წევრების ვინაობას თავმჯდომარე ტელეფონით აწვდიდა უცხო პირებს. ეს არის საგანგაშო ფაქტი, რადგან ეს არის კარუსელის წინაპირობა. სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია მიიღეს „სუს“-ის შესაბამისმა თანამშრომლებმა, მათ კონტაქტი აქვთ რეგისტრატორებთან, რომლებიც მათ დაეხმარებიან კარუსელის დატრიალებაში.
ასევე, 31-ე უბანზე, კომისიის წევრებმა დატოვეს თავიანთი ფუნქცია ისე, რომ სხვას არ გადააბარეს, რითაც ირღვევა მნიშვნელოვნად საარჩევნო პროცედურები“.
ათი საათის მონაცემებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 43 საჩივარი დაწერა.
ბათუმში დღეს, 21 ოქტომბერს, გამთენიისას, ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა. იგი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქალი გადაყვანისას გონზე იყო და მისი თქმით, მას მატარებელმა „გაჰკრა“.
შემთხვევა ბარცხანის ტერიტორიაზე, სარკინიგზო ხაზთან მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს – რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.
დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. ბათუმს უკვე მეორედ ეყოლება არჩეული მერი.
ბათუმში ამომრჩეველს მერობის ცხრა კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. მერობის კანდიდატები არიან:
[checklist]
ჯელალ ქიქავა – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
ბათუმში სულ 139 595 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები.
თუ დღევანდელი არჩევნების შედეგად ცხრიდან ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ორი, საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს. მათგან გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეორე ტურში მეტ ხმას მოაგროვებს. ასე მოხდა 2014 წლის ბათუმის მერის არჩევნებზე, როცა მეორე ტურში გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი გახდა 26 103 ხმით.
დღეს, 21 ოქტომბერს, ამომრჩევლები საქართველოში 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს აირჩევენ.
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი.
არჩევნებისათვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 9 – ბათუმში. მერებს ირჩევენ დღეს აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში.
ცესკოს ინფორმაციით დღეს არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 000-ზე მეტი წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 000-ზე მეტი და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს 4 820 ჟურნალისტი გააშუქებს.
ცესკოს ინფორმაციით ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია. აქედან აჭარაში – 306 861.
დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. „ბათუმელები“ გთავაზობთ არჩევნების დღის ქრონოლოგიას განახლებად რეჟიმში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს batumelebi.ge მთელი დღის მანძილზე, უწყვეტ ონლაინრეჟიმში გააშუქებს. თქვენც შეგიძლიათ გახდეთ მოქალაქე ჟურნალისტი. თუ შეესწრებით საარჩევნო დარღვევას, გადაიღეთ ფოტო ან ვიდეო და მოგვაწოდეთ ინფორმაცია ფეისბუქზე. ნებისმიერი ფოტო/ვიდეო გამოქვეყნდება ავტორის ვინაობის მითითებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თავად ავტორს არ სურს ვინაობის იდენტიფიცირება. თუ არ გაქვთ ფოტო, მაგრამ გაქვთ ინფორმაცია, ასევე, დაგვიკავშირდით და ჩვენ გადავამოწმებთ. თვალი ადევნეთ batumelebi.ge-ს, გაიგეთ ყველაფერი არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ქედის საკრებულოში ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარის კაბინეტის კარები ჩაკეტილია, ადგილზე მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გურამ ანანიძე და საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ხასან აბაშიძე იმყოფებიან.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გურამ ანანიძე ამბობს, რომ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა გორგილაძე და ფრაქცია „ქედის“ თავმჯდომარე თამაზ შარაშიძე, მათი თხოვნის საფუძველზე დილით გაათავისუფლა, საკრებულოს სამი წევრი კი შვებულებაში იმყოფება.
საკრებულოს აპარატის ინფორმაციით, შვებულებაში იმყოფებიან საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე რეზო თურმანიძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რომან დავითაძე.
ქედის საკრებულოში სულ ექვსი ფრაქცია და ხუთი კომისიაა.
2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბათუმთან ახლოს, ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, აჭარის მაღალმთიანეთიდან ათეულობით ოჯახი ჩამოვიდა საცხოვრებლად. ყოფილი 25-ე და 53-ე რუსული სამხედრო ბატალიონების ბაზებზე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებმა ხის და მუყაოს ფიცრულები ააგეს და დასახლდნენ. ბევრი მათგანი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და საკუთარი სახლი, ხელვაჩაურში გადმოსახლებამდე, არ ჰქონდათ.
საზოგადოება დასახლებას „ოცნების ქალაქის“ სახელით იცნობს. ბოლო ხუთ წელიწადში ეს ადგილი მნიშვნელოვნად შეიცვალა. მუყაოს და ხის ფიცრულები, ბეტონის ნაგებობებმა ჩაანაცვლა. თუმცა არ შეცვლილა საერთო სოციალური ფონი – გაჭირვება და გარემო, რომელშიც ამ ადამიანებს უწევთ ცხოვრება.
დასახლებას არ აქვს სკოლა, არც სამედიცინო პუნქტი, ერთადერთი სასწავლო ფუნქციის მქონე შენობა საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვები ინგლისურს ისწავლიან. შენობა, რომელშიც ცენტრი უნდა გაიხსნას, მრავალფუნქციურია. მასში იქნება საერთო საპირფარეშო, სააბაზანო და სამრეცხაო იმ ოჯახებისთვის, ვისაც საკუთარი სველი წერტილი არ გააჩნია და სარეცხი მანქანა არ აქვს.
ოჯახები, ვისაც საკუთარი სააბაზანო და საპირფარეშო არ აქვს ოცნების ქალაქში მრავლადაა. ხშირად ერთი ტუალეტით ორი-სამი ოჯახი სარგებლობს.
ქალმა, რომელმაც თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე (თხილი, ჩაი) შრომით სახლის აშენება შეძლო, ძველი ქოხი, ახალ სახლს ზემოდან დაადგა.
ჯემალ საგინაძეს თავდაცვის სამინისტრომ ახლახან ფეხის პროთეზი გამოუცვალა. ძველ პროთეზს სამახსოვროდ ინახავს. ის აფხაზეთის ომის ვეტერანია და უკვე წლებია ოცნების ქალაქში ცხოვრობს.
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვები განათლებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში იღებენ.
იმის გამო, რომ ზოგ ოჯახს ბავშვების აღზრდისთვის შესაბამისი პირობები არ აქვს, შვილები პანსიონში ჰყავთ. მაგალითად, თამარ კოკობინაძეს თავისი შვიდი შვილიდან, ოთხი პანსიონში ჰყავს მიბარებული. როგორც თამარი ამბობს, იქ მის შვილებს ყველაფერი აქვთ, რაც სრულფასოვანი განათლების მისაღებად სჭირდებათ.
„ოცნების ქალაქში“ პირველი სალოცავი (მეჩეთი) ცოტახანში გაიხსნება. დასახლების ერთ-ერთმა მკვიდრმა სალოცავი საკუთარ სახლს მიაშენა. ის აპირებს „ოცნების ქალაქის“ ბავშვებს სასულიერო განათლება მისცეს.
ის, რაც „ოცნების ქალაქში“ არ შეცვლილა ურბანული გარემოა. როცა წვიმს, დასახლება იტბორება, წვიმის შემდეგ კი გუბეები რამდენიმე დღე რჩება. ზაფხულობით მწერები, გველები, მღრნელები და არასასიამოვნო სუნი, მთელი „ოცნების ქალაქის“ დაუძლეველი პრობლემაა.
ბავშვებს თამაში მტვერსა და ოღრო-ჩოღრო ქუჩებში უწევთ. „ოცნების ქალაქში“ ბავშვებისთვის არაფერია.
გონიო და მისი მიმდებარე ყოფილი პოლიგონის ტერიტორია უნდა განვითარდეს, როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი – ამას ქვეყნის მთავრობის ის კონცეფცია ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალშია.
„ტერიტორიას აქვს უნიკალური პოტენციალი, რომ განვითარდეს როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი, შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურით. აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მოამზადა Colliers International-მა“, – აცხადებენ სამინისტროში.
კონცეფციის მიხედვით, განაშენიანება მოიცავს როგორც გონიოს დასახლებას, ასევე ყოფილი პოლიგონის ტერიტორიას; მდინარე ჭოროხზე ასაგები ახალი ხიდი კი, ამ ადგილებს ბათუმთან [აეროპორტთან, ახალი ბულვარის გაგრძელებასთან] აკავშირებს.
წყარო: გონიოს განვითარების კონცეფცია
ტერიტორია ტექნიკურ-ეკონომიკური კუთხით შესწავლილი რომ იყო, სამინისტროში გასულ წელსაც გვითხრეს, თუმცა კონცეფცია მაშინ სამინისტრომ არ გაასაჯაროვა. სამინისტროში განაცხადეს, რომ ყოფილი პოლიგონის ტერიტორიის საინვესტიციო პოტენციალი სამ მილიარდ დოლარს აღწევს და აქ მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. აღნიშნული ტერიტორიის განვითარების საქმე ამ დრომდე „გეგმის“ იქეთ არ წასულა.
ფოტო გონიოს განვითარების კონცეფციიდან
ყოფილი პოლიგონის ტერიტორია 314 ჰექტარია და რამდენიმე წელია უფუნქციოდაა. გონიოს დასახლებაც და ეს ტერიტორიაც ქალაქ ბათუმის საზღვრებშია.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ აღნიშნული ტერიტორიით ინვესტორები ინტერესდებიან, თუმცა „ეს არის ზოგადი დაინტერესება და რაიმე კონკრეტული პროექტი ან ინვესტორი გამოკვეთილი არ არის. ჩვენ საკითხში გარკვეულწილად ჩართული ვართ იმდენად, რამდენადაც ყოფილი პოლიგონის ტერიტორია აჭარის ავტონომიის საკუთრებაა“.
„არანაირი პროექტი, რომლის განხორციელებაც ამ ტერიტორიასთან იქნებოდა დაკავშირებული, ქალაქის არქიტექტურის სამსახურში არ შემოსულა,“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.
ფოტო გონიოს განვითარების კონცეფციიდან
გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოები, როგორც თავდაცვის სამინისტროში გვითხრეს, ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და არ იციან თუ როდის დასრულდება. „ეს არის ძალიან შრომატევადი და რთული სამუშაო“, – გვითხრეს თავდაცვის სამინისტროში.
ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, რომელიც ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ჭოროხის დელტაშია, ფაქტობრივად, ხელშეუხებელია. ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოსა და მერიაში იყო საუბარი აქ ტყე-პარკის მოწყობის შესახებაც, თუმცა მუნიციპალიტეტში ეს არ დაგვიდასტურეს. აღსანიშნავია, რომ ბათუმს ბუნებრივი ტყე-პარკი, როგორც ასეთი, არ აქვს. ბულვარი და ბოტანიკური ბაღიც კი ხელოვნურადაა გაშენებული.
ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „კონკრეტული ფუნქციური ზონირების რუკის“ მიხედვით, საკურორტო სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონებშია მოქცეული.
ქალაქის საკრებულოს და მერიას ყოფილი პოლიგონის განვითარების კონცეფციაზე არ უმუშავიათ.
„სარეკრეაციო ზონას არავინ შეეხება… კონცეფციით ლანდშაფტის შენარჩუნებაც გათვლილია, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება,“ –განაცხადეს გასულ წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე ბათუმში პარკირების შენობების მოწყობას აპირებს. ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე ესაუბრა მშენებლებს და დაინტერესება არსებობს. ვერ ამბობს, რატომ არ გამოხატავდნენ აქამდე მშენებლები ამის სურვილს, თუკი პარკირების შენობა საინტერესოა, როგორც ბიზნესი – „ბათუმელები“ ლაშა კომახიძეს ბათუმში პარკირების და გამწვანების პრობლემაზე ესაუბრა.
ბატონო ლაშა, რას აპირებთ ქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების კუთხით? თქვენს პროგრამაში მხოლოდ ეს ჩანაწერი ვიპოვეთ: „ქალაქში ეფექტური პარკირების სისტემის ამუშავება და ამოქმედება“.
პარკირება არის სერიოზული მსჯელობის საგანი. საუბარია რამდენიმე მიმართულებით მუშაობაზე. ერთია სატრანსპორტო ტერმინალების შექმნა ქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში, რომელიც მიიღებს უცხოეთიდან ჩამოსულ ტურისტებს თავიანთი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. პარკირების სისტემის მოგვარებაში იგულისხმება ავტოპარკის განახლებაც. მერია გეგმავს რამდენიმე ათეული ახალი ავტობუსის შეძენას, რომელიც იქნება ადაპტირებული სხვადასხვა ქუჩაში, ასევე სხვადასხვა ასაკის და შესაძლებლობის ადამიანისთვის. აქ იგულისხმება ასევე სპეციალური სატარიფო მიდგომა ქალაქის სხვადასხვა ზონაში მანქანების პარკირების დროს და საპარკინგე შენობების განთავსებას.
სად იქნება საპარკინგე შენობები?
ჩვენ უკვე გვაქვს რუკა, სადაც არის მითითებული რეკომენდებული წერტილები. ეს რუკა არის შემუშავებული გაეროს განვითარების პროექტის – „ბათუმი მწვანე ქალაქის“ ფარგლებში. ამას აკეთებდნენ ჩემი ყოფილი კოლეგები უცხოელ კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად. მათ ასევე ბათუმის მერიას გადასცეს სპეციალური „სოფტი“, რომელიც ახდენს მოდელირებას სატრანსპორტო ნაკადებისა, მაგალითად, ვიცით რამდენბინიან სახლს ვაშენებთ და დაახლოებით რამდენპროცენტიანი დატვირთვა აქვს ამ მობინადრეებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. ამ მონაცემების შეყვანის შემდეგ სისტემა აკეთებს მოდელირებას, თუ რამდენად ამძიმებს ეს სახლი სატრანსპორტო მიმართულებებს. ეს იძლევა გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, სად იქნება უფრო ეფექტური საპარკინგე შენობების მოწყობა.
რა დაჯდება საპარკინგე შენობების მოწყობა და სად ნახავთ ამის ფულს?
საპარკინგე შენობებზე ჩვენ განვიხილავთ ორ მიდგომას. ერთი ეს არის საბიუჯეტო სახსრები, მეორე არის კერძო სექტორი. მე უკვე გავაჟღერე ეს იდეა მშენებლებთან და ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰპოვა ამ იდეამ. მშენებლები არიან დაინტერესებულები შეხედონ ამას, როგორც ბიზნესს, ითანამშრომლონ სახელმწიფოსთან…
აქამდე რატომ არ ჰქონდათ ამის ინტერესი, თუ ეს საინტერესოა ბიზნესისთვის?
რა იცით, რომ არ ჰქონდათ, თქვენ გქონდათ საუბარი მშენებლებთან?
ჩვენ ვხედავთ, რომ შენდება ახალი საცხოვრებელი კორპუსები საპარკინგე ადგილების გარეშე.
მოცემულობა არ არის ამაზე პასუხი, რადგან მხარდამჭერთა კლუბში მე დაახლოებით 30 ბიზნესმენთან მქონდა შეხვედრა. ერთხმად ყველამ გამოხატა მზაობა, რომ შეხედონ ამას, როგორც ბიზნესს და დაიწყონ ამის განხორციელება. მე არ ვიცოდი მანამდე ამ ხალხის აზრი. არ მაქვს პასუხი ბიზნესმენები აქამდე რატომ არ ინდომებდნენ ამის გაკეთებას. მე არ მინდა გავაკეთო შეფასებები და დასკვნები. მე მთლიანად ორიენტირებული ვარ მომავალზე…
თქვენს პროგრამაში ასევე მცირე და ზოგადი ჩანაწერია გამწვანებაზე, რომ პრიორიტეტი იქნება გამწვანება. კონკრეტულად რა გამწვანდება და რა ფასად, შეგიძლიათ გვითხრათ?
არ ვიცი, თქვენ რას ეძახით მცირეს და ზოგადს. მნიშვნელოვანი იყო დაფიქსირებულიყო ჩემი მიდგომა, რომ გამწვანება არის ჩემი პრიორიტეტი.
ამას მერობის ყველა კანდიდატი ამბობს. კონკრეტულად რას აპირებთ, იქნებ ეს გვითხრათ.
მე ვაპირებ სკვერების მოწყობის და რეაბილიტაციის პროგრამის დასრულებას. გარდა ამისა, ბათუმში არის ძალიან ბევრი დიდი ეზო, რომელთა გამწვანებაა საჭირო. ეზო არ უნდა იხრჩობოდეს ბეტონში. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, როგორიცაა ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ასევე ახალსოფლის სასათბურე მეურნეობა, რომ ქალაქს შევმატოთ ძალიან ბევრი რეკრეაციული ზონა. დაგეგმილია ასევე მსხვილი რეკრეაციული ზონის მოწყობა, მაგალითად, გონიოს ნაგავსაყრელის კონსერვაციის შემდეგ იქ მოეწყობა სერიოზული სარეკრეაციო ზონა. ახალი ბულვარიც ძალიან კარგ საშუალებას იძლევა ფანტაზიისთვის, რომ ამ კუთხით განავითარო კონცეფცია.
„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“- ასე ჰქვია საზოგადოება „ბათომის“ მიერ გამართულ გამოფენას, რომელიც დღეს, 20 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიხსნა და ისტორიული ბათუმის ცვლილებისა და ნგრევის ქრონიკას ასახავს. გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს დაუკავშირეს: მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო და ბათუმის ახლანდელი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის მერობის დროსაც ქალაქში არაერთი ისტორიული შენობა დაინგრა. გამოფენა ერთი საუკუნის განმავლობაში ბათუმში მიმდინარე ცვლილებების ფოტოქრონიკაა.
გამოფენის გახსნას ევროპის მოედანზე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პროტესტი მოჰყვა. ზედამხედველობის სამსახურმა გამოფენის ერთ-ერთ ორგანიზატორს, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს, შოთა გუჯაბიძეს განუცხადა, რომ მას აჯარიმებენ ევროპის მოედანზე უკანონო ფოტოგამოფენის გამართვის გამო.
გამოფენა ევროპის მოედანზე საღამოს 7 საათამდე დარჩება და მისი ნახვა ყველა მსურველს შეუძლია, batumelebi.ge კი გამოფენის ელექტრონულ ვერსიას გთავაზობთ.
სოფელ სარფში, კალენდერეს უბანში, საიდანაც ზღვის ხედით ულამაზესი პეიზაჟი იშლება, ბიზნესმენი დიმიტრი ტვილდიანი სასტუმრო კომპლექსს აშენებს. მან ნაკვეთი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე იყიდა და მშენებლობაც წამოიწყო. ბიზნესმენს იმაზე არ უფიქრია, რომ მშენებლობის წამოწყებას სამშენებლო პროექტის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმება და შესაბამისი ნებართვა სჭირდებოდა.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
ნაკვეთის მესაკუთრემ ადგილზე სასტუმრო კომპლექსის საფუძვლის ჩაყრის სამუშაოები ისე დაასრულა, რომ ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურმა არ იცოდა, ვიდრე ადგილობრივმა მოსახლეობამ საკრებულოს ოპოზიციას არ მიმართა.
„ … არ დაგვიჯარიმებია, რადგან ეს ადგილი ბათუმს ეკუთვნოდა. შემდეგ როცა კოდი შეიცვალა და ადგილი ხელვაჩაურის საკუთრებაში დაფიქსირდა, მივედით და მივეცით გაფრთხილება, მშენებლობა შევაჩერებინეთ. თუ ერთ თვეში ნებართვას არ წარმოადგენს, დავაჯარიმებთ,“- განმარტა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გია ქურიძემ.
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებელი ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურსაც გაუფრთხილებია: „დავაჯარიმეთ 3000 ლარით. მშენებლობა ზუსტად ორი მუნიციპალიტეტის საზღვარზე იყო დაწყებული, რამაც შექმნა გაურკვევლობა“.
დიმიტრი ტვილდიანს საფუძვლის ჩაყრის სამუშაოებისთვის ადგილობრივი მშენებლები დაუქირავებია, მათი თქმით ბიზნესმენი დიდ სასტუმრო კოპლექსს აშენებს. გარდა ამისა, მას გაჰყავს 15 კმ სამანქანო გზა ტყემდე. მუშებმა ისიც თქვეს, რომ ამ მშენებლობის დასათვალიერებლად საქართველოს პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილიც იმყოფებოდა.
ხელვაჩაურის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ტვილდიანმა სარფში შეძენილ ნაკვეთზე მშენებლობის მისაღებად დოკუმენტები უკვე წარადგინა, თუმცა ჯერ შესაბამის სამსახურს გადაწყვეტილება არ მიუღია.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დიმიტრი ტვილდიანმა სარფში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 2670 არსასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი 2017 წლის მარტში დაირეგისტრირა.
მშენებლობის ადგილის მიმდებარედ საფლავებია.
ბიზნესმენს ტელეფონი გამართული აქვს.
დიმიტრი ტვილდიანი პროფესიით ექიმია და ის ამ დრომდე სამედიცინო ბიზნესით იყო დაკავებული. დიმიტრი ტვილდიანი ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრისა და შპს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის დამაარსებელი და მფლობელია.
„მე მაქვს ყველაზე დეტალური და კონკრეტული საარჩევნო პროგრამა,“ – რამდენჯერმე გაგვიმეორა ეს ფრაზა ინტერვიუს დროს „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ. ინტერვიუს დროს მისგან რამდენიმე კითხვაზე მივიღეთ პასუხი: „ახლა ამისგან თავს შევიკავებ,“, „კონკრეტიკა საჭირო არ არის“, „გაირკვევა სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის შემდეგ“…
ის, რასაც ლაშა კომახიძე „დეტალურ პროგრამას“ ეძახის, ვერ ნახავთ ვერსად, ყოველ შემთხვევაში, საჯარო სივრცეში. კენჭისყრის დღემდე ერთი კვირით ადრე ლაშა კომახიძემ მხოლოდ პროგრამის შემოკლებული ვერსია მოგვაწოდა, სადაც, ძირითადად, საუბარია სხვადასხვა მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტების შექმნაზე. რას აპირებს ლაშა კომახიძე – მერობას, თუ კვლევების წარმოებას, რა დრო დასჭირდება სტრატეგიების შემუშავებას და რა იქნება მანამდე? – „ბათუმელები“ ეცადა გაეგო, რის გაკეთებას აპირებს ლაშა კომახიძე ბათუმის მერად არჩევის შემთხვევაში.
ბატონო ლაშა, თქვენ საარჩევნო პროგრამის შემოკლებულ ვერსიაში საუბრობთ სტრატეგიული დოკუმენტის შექმნაზე 9 მიმართულებით. ფიქრობთ, რომ კვლევების სატარებლად უნდა აგირჩიონ? რეალურად რას გააკეთებთ, ამ პროგრამიდან ეს არ ჩანს.
თქვენ თუ ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ, ძალიან არასწორი შთაბეჭდილება შეგქმნიათ. სტრატეგიული დოკუმენტები არის ამ პროგრამის მხოლოდ ერთ-ერთ ნაწილი. ქალაქს უნდა ჰქონდეს თავისი განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, შშმ პირების ქალაქის ცხოვრებაში უკეთესად ინტეგრაციის, დასაქმების, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინტეგრაციის პოლიტიკა. ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტები, რომლის გარეშეც შეუძლებელია ქალაქმა იმოძრაოს და განახორციელოს კონკრეტული პროგრამები. თუკი ეს სტრატეგიული დოკუმენტები არ იქნება, მაშინ ტყუილი იქნება საუბარი იმაზე, თუ რომელ პროგრამას როგორ განვახორციელებთ და რამდენად ეფექტურია ეს პროგრამები. პოლიტიკური დოკუმენტები არის გარკვეულ დროში დასახული მიზნები, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდა. თითოეული პროგრამა არის პასუხი ამ მიზნებზე. ძალიან ადვილია შემდეგ იმის განსაზღვრა, რამდენად სწორად მიდის მერია ამა თუ იმ მიმართულებით. შექმნა პოლიტიკური დოკუმენტი, არის პირველი და აუცილებელი პირობა მერიის ეფექტური მუშაობისთვის.
თქვენი ხედვა არ ჩანს ამ პროგრამაში.
რა თქმა უნდა, არ ჩანს, რადგან ეს არის, პირველ რიგში, შემოკლებული ვერსია და თითოეული ამ თემის გაშლა გამოიწვევდა ძალიან ვრცელი ვერსიის მიღებას. ჩვენ დეტალებზე ვესაუბრებით ამომრჩევლებს. არის აქ კიდევ მეორე მომენტი: მაგალითად, განათლების პოლიტიკას მე, ლაშა კომახიძე ვერ შევქმნი იმიტომ, რომ არა ვარ ამ დარგის სპეციალისტი. ეს ჩემი მხრიდან იქნებოდა დაუსაბუთებელი…
ურბანულ პოლიტიკაზე გვითხარით, რაც აქტუალური თემაა ბათუმში.
რაც შეეხება ურბანულ პოლიტიკას, ბათუმის მერია გააგრძელებს კეთილმოწყობითი სამუშაოების განხორციელებას, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს KFW მიწისქვეშა კომუნიკაციების გამართვის პროექტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას და ახალი ფაზის დაწყებას. შესაძლებელია ახალი მიმართულებით ახალი პროექტების დაწყება. ასევე ვაპირებ ქალაქმშენებლობის რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრებას.
პროგრამაში გიწერიათ, რომ ამ კუთხით აპირებთ კონკრეტული დადგენილებების გადახედვას. გვითხარით, რის შეცვლას აპირებთ?
არ მინდა დავაკონკრეტო, მაგრამ არსებობს საკრებულოს გარკვეული დადგენილებები, რომელიც შესაძლოა ისეთი ეფექტით ვერ მოქმედებს, როგორსაც ვინატრებდით, მაგალითისთვის მოგიყვანთ ხმაურზე დაწესებულ ჯარიმას, რომელიც ხელს არ უშლის ადამიანებს ღამის 11 საათის შემდეგაც გაისროლონ ფოიერვერკები, იმოძრაონ მოტოსაშუალებებით, რომელსაც არა აქვს მაყუჩი. სავარაუდოდ, დაწესებული ჯარიმა არ არის ეფექტური. ასეთი ტიპის დადგენილებების გადახედვას ვაპირებთ ნამდვილად. ვფიქრობ, რეგულაცია და დადგენილება თავისი შინაარსით უნდა იყოს ეფექტური.
მშენებლობების კუთხით დადგენილი რომელი რეგულაცია შეიძლება შეიცვალოს?
ამ ეტაპზე შევიკავებ თავს. ვფიქრობ, ეს არის გაცილებით უფრო ღრმა და სპეციალისტებთან ერთად უფრო დეტალური შესწავლის საგანი. მე მაქვს ამ ეტაპზე ჩემი გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ არ მინდა წინასწარ ამის გაჟღერება…
არ ფიქრობთ, რომ თქვენი შეხედულებების გამო უნდა აგირჩიოთ მოსახლეობამ?
მე ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომელსაც აქვს ყველაზე კონკრეტული და დეტალური საარჩევნო პროგრამა. ამას მე ვახმოვანებ ჩემი შეხვედრების დროს მოსახლეობასთან, ათი ათასზე მეტ ადამიანს შევხვდი ამ დღეების განმავლობაში, ჩავატარე 100-ზე მეტი შეხვედრა…
ზოგიერთ შეხვედრაზე უმეტესობა ბავშვია. თქვენს ოფიციალური ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ასე ჩანს.
ბავშვები ყოველთვის გამოდიან შეხვედრაზე, არასწორი შთაბეჭდილება გაქვთ, მე შევხდი ათი ათასზე მეტ ამომრჩეველს… კი, ბევრი ბავშვია, რადგან მე ძალიან მიყვარს ბავშვებთან ერთად სურათების გადაღება. ამომრჩეველს უხარია და გამოდის შეხვედრაზე ბავშვებთან ერთად. ბავშვები, როგორც წესი, ხშირად სთხოვენ ხოლმე მერობის კანდიდატს ატრაქციონის მოწყობას, სტადიონს და ასე შემდეგ. ყოველი ჩემი შეხვედრა არის პარტიის მიერ ვიდოეზე გადაღებული და დასურათებული. შეიძლება ასკაციან შეხვედრაზე სადღაც 10-15 ბავშვი არის.
ლაშა კომახიძის წინასაარჩევნო შეხვედრა ამომრჩეველთან/ ფოტო ლაშა კომახიძის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან
პროგრამას დავუბრუნდეთ. ეს პროგრამა იმიტომ ხომ არ გაასაჯაროეთ, რომ მასში კონკრეტულს ამომრჩეველი ვერაფერს ნახავს?
პირიქით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი პროგრამა არის ყველაზე კონკრეტული, დეტალური… არ ვიცი თქვენ რამდენად სწორად კითხულობთ იმ პროგრამას, რომელიც შემოგთავაზეთ. მართალია, მე შემოგთავაზეთ შემოკლებული ვარიანტი. იმიტომ არ გავასაჯაროვე, რომ ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მუშაობის პროცესშია, ის იხვეწება ყოველდღიურად ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს. მერად არჩევის შემთხვევაში გარკვეულ პერიოდში მიიღებთ ძალიან სერიოზულ გეგმას განათლების, კულტურის და ყველა მიმართულებით. ცალკეული მიმართულებით დღეს ჩვენი კომპეტენცია არაა საკმარისი. მე ვერ დავწერ, მაგალითად, პოლიტიკურ დოკუმენტს ჯანდაცვაზე.
რა დრო დასჭირდება ამ სტრატეგიული დოკუმენტების შექმნას, მოასწრებთ ამას მერობის სამწლიან პერიოდში?
სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება არ ნიშნავს საკითხების შეჩერებას. ამ დოკუმენტების მომზადების პარალელურად საკითხების მოგვარება გაგრძელდება. თავად დოკუმენტების შემუშავებას დასჭირდება სადღაც სამი-ოთხი თვე. შესაძლოა ხუთიც დასჭირდეს, ეს იმაზეა დამოკიდებულია, რაც სამუშაო პროცესში გამოვლინდება.
რა წერია, მაგალითად, თქვენს პროგრამაში k2-ზე, რაც ნიშნავს მშენებლობებზე განსაკუთრებული სიმაღლის დაშვებას.
მომავალი მერი აპირებს ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის დადებას, ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დასვამს ყველა წერტილს k-2-ზე, თუ სხვადასხვა კითხვის ნიშანთან დაკავშირებით. ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა იქნება სახელმძღვანელო, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ინვესტორებისთვის, თუ სად რა, როგორ აშენდება, რა სიმაღლეები იქნება ნებადართული.
თქვენი დამოკიდებულება როგორია – k2-ზე – რეკომენდაცია ისევ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უნდა გასცეს, თუ მუნიციპალიტეტმა?
მე ვფიქრობ, k2-ის თემა საერთოდ უნდა მოიხსნას გენერალური გეგმის საფუძველზე. თუკი ქალაქს ექნება განვითარების გენერალური გეგმა, თქვენს დონეზე, ჩვეულებრივი მოქალაქეების დონეზე, ესეთი განსაზღვრება გაქრება, რადგან იმ გენერალურ გეგმაში იქნება გათვალისწინებული ყოველი k – ერთი, k – ორი და k – სამიც.
ვისი ბრალია, რომ ბათუმის გენერალური გეგმა დღემდე არ გვაქვს? ეს დაპირება თქვენს წინამორბედსაც ჰქონდა სამი წლის წინ.
ნამდვილად არ ვაპირებ შეფასებები გავაკეთო ახლა იმაზე, რა იყო ადრე გაცემული, რა – არ იყო. მე ვიცი, რას ვაკეთებ მე.
გეკითხებით თქვენს პოლიტიკურ გუნდზე, რომლის მერობის კანდიდატიც ხართ და რომელმაც ეს დაპირება არ შეასრულა.
აღმასრულებელი ხელისუფლება განახლდა აჭარაში წელიწადზე ოდნავ მეტი ხნის წინ. განახლებულ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მოვედი მე ამ გუნდში. ჩვენი მოსვლის პირველი დღიდან დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სასწრაფოდ ქალაქში დაწყებულიყო გენერალური გეგმის გაკეთება. სწორედ USAID-ის დახმარებით შეიქმნა გენერალური გეგმის ტექნიკური დავალება. ბათუმის მერიამ უკვე აღწერა კულტურული და ისტორიული ძეგლები, ანუ ერთ ადგილზე ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ მდგარა. ეს სერიოზული წინასამუშაო უკვე ჩატარებულია. მე არ მომიწევს სამუშაოს დაწყება ნულიდან.
სამი წელი არ იყო საკმარისი გენერალური გეგმის მისაღებად?
ალბათ საჭიროა ამ საკითხზე დაელაპარაკოთ მოქმედ მერს, რა იყო ამის მიზეზი, რომ ადრე არ გამოცხადდა. თუმცა ის, რომ ტექნიკური დავალება არის, რომ საქმის წარმოებაც დასრულებულია ფაქტობრივად… ეს სამუშაო ხომ არ გგონიათ თქვენ, რომ ორ დღეზე, ან ორ თვეზე მთავრდება? ეს სამუშაო არის გრძელვადიანი.
პროგრამაში გიწერიათ: „ქალაქ ბათუმის მერია ცენტრალური ხელისუფლების, ქალაქის მოსახლეობის და მერიის სამსახურების მაღალი ჩართულობით მოამზადებს ქალაქის ფუნქციონალური დატვირთვის გრძელვადიან ხედვას. ეს ხედვა დაფუძნებული იქნება ქალაქ ბათუმის როლის სწორად განსაზღვრაში ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ფონზე“. ანუ ბათუმის ფუნქცია ხელახლა უნდა განისაზღვროს?
იმისათვის, რომ ვიცოდეთ, რა არის ქალაქის ფუნქცია, რა არის მისი დატვირთვა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკური, თუ სოციალურ და მეორე – რეგიონალურ ჭრილში. ეს არის არა მხოლოდ საქართველოს საზღვრებში, არამედ იმ ქვეყნების საზღვრებში, რომლებიც საქართველოს გარს აკრავს, რადგან ბათუმის გავლენა ვრცელდება, როგორც თურქეთზე, ასევე აზერბაიჯანზე, სომხეთზე, უკრაინაზე. მისი გავლენა, როგორც ტურისტული ქალაქის და ეკონომიკური ცენტრის ვრცელდება სხვა რეგიონებზეც. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დავინახოთ რა ფუნქციები შესაძლოა ჰქონდეს ბათუმს აი ამ ჭრილში. ამ საკითხის გადაწყვეტა მიგვიყვანს ჩვენ ახალი, მაპროფილირებელი დარგების გამოვლენაში. რაც მთავარია, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენს ქალაქს მივცეთ ახალი, სასიცოცხლო მნიშვნელობის პროფილი. დღეს ბათუმი, ძირითადად, არის მონოფუნქციური ქალაქი, რომელიც არის ტურისტული განვითარების. თუკი თქვენ გადაშლით ურბანული განვითარების საფუძვლებს, ქალაქწარმომქმნელი სისტემების საფუძვლებს, ნახავთ, რომ ქალაქი მონოფუნქციით დაახლოებით უფუნქციო ქალაქის ტოლფასია.
ჩემი აზრით, ბათუმში შეიძლება განვითარდეს მსუბუქი მრეწველობა, რომელიც კარგად თანაცხოვრობს ტურიზმთან,. სწორედ ამ ფუნქციების შემატებისთვის არის ჩემი პროექტი, რომელსაც მე ვეძახი საწარმოო ზოლის შექმნას. ჩვენ ვაპირებთ ქალაქის განაპირა ადგილებში, ძირითადად ეს შეიძლება იყოს ხელვაჩაური და განთიადი, მოეწყოს სამრეწველო ზონები.
რა კუთხით დაეხმარება მერია მეწარმეებს?
პირველ რიგში, ჩვენ მათ მივცემთ იაფ საწარმოო ადგილს იჯარის თვალსაზრისით. საწარმოო ადგილების მოწყობა არის სპეციფიკური. საწარმოო ადგილს სჭირდება შესაბამისი ელექტრო მომარაგება, ნარჩენების კანალიზაცია და ასე შემდეგ. ჩვენ მოვამზადებთ ამ ზონას და შევთავაზებთ მეწარმეებს. მათ ასევე გავუწევთ კონსულტაციებს, როგორ უნდა აწარმოონ ბიზნესი. რეალურად მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს. მსხვილი ბიზნესი ერთხელ რომ დაკომპლექტდება, მერე მორჩა. მცირე მეწარმე კი თანდათან ვითარდება და ასაქმებს ადამიანებს.
ვინ დააფინანსებს საწარმოების გახსნას?
ცენტრალურ მთავრობას აქვს ძალიან კარგი პროგრამები, რაც ითვალისწინებს საგრანტო დახმარებას, ასევე იაფფასიან კრედიტებს, იგივე „აწარმოე საქართველოში“. ჯამში ეს შესანიშნავი დახმარება გამოვა მეწარმეობის განვითარებისთვის. ჩვენ ვაპირებთ ხელი შევუწყოთ დამწყებ ბიზნესს. ბუნებრივია, ამაში რისკები არსებობს, მაგრამ მე მაქვს რისკების მართვის გამოცდილება. ეს გამოცდილება მაშინ დავაგროვე, როცა ვახორციელებდი გაეროს განვითარების პროგრამაში მსგავს პროგრამებს. ახლა მინდა ეს ცოდნა გამოვიყენო მერიაში.
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი, დღეს, 20 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებას ეხმიანება. ხარაზმა კონკრეტული თანამდებობის პირები დაასახელა და განაცხადა, რომ ისინი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები არიან და უხეშად ერევიან საარჩევნო პროცესში.
„ეს არის გამარგინალებული, გაბანკროტებული პარტიის ცრუ ბრალდებები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ხვალ ხალხი მიიღებს ძალიან სწორ გადაწყვეტილებას და ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ აგონიაში აგდებს. ის, რომ ენმ-ეს მიერ დასახელებული პირები სუს-ის თანამშრომლები არიან, არის ცრუ ბრალდება“, – ამბობს მმართველი პარტიის წევრი ლადო მგალობლიშვილი.
„ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რატომ ასახელებენ ისინი კონკრეტულად ამ ადამიანებს? ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ „მათ შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანი დაასახელონ, რადგან არანაირი მტკიცებულება არ აქვთ“.
„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი მირტად ქამადაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება. ამის შესახებ მან დღეს, 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელვაჩაურში, 23 და 32-ე უბნებში კომისიის თავმჯდომარეებად დანიშნული არიან ლელა ვერძაძე და ლია ბეჟანიძე:
„ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წინა არჩევნებზეც იყვნენ კომისიის თავმჯდომარეები და ნაცვლად კანონმდებლობით დადგენილი წესისა, შემაჯამებელ ოქმებს წერდნენ „ქართული ოცნების“ შტაბში და ამის ვიდეომასალა ჩვენ გამოვაქვეყნეთ მაშინ.
ამის შემდეგ, ოლქმა მათ საყვედური გამოუცხადა, თუმცა, ეს ადამიანები ისევ მოგვევლინენ კომისიის თავმჯდომარეებად იმავე უბნებში, მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნებზე კანონი დაარღვიეს“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.
ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძე, კი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ 23-ე და 32-ე უბნების კომისიის თავმჯდომარეების მიმართ, არანაირი დისციპლინარული პასუხისმგებლობა არ ყოფილა გატარებული. „ასეთებს ჩვენ კომისიის თავმჯდომარეებად არ ვირჩევთ. ამ პირების მიმართ კი დისციპლინარული პასუხისმგებლობა არ ყოფილა გატარებული, არც წინა არჩევნებზე და არც სხვა დროს.“-გვეუბნება ოლქის თავმჯდომარე.
მირდატ ქამადაძის თქმით, პრობლემებია გადასატან ყუთებთან დაკავშირებითაც. „მაგალითად 72-ე უბანზე გადასატან ყუთზე რეგისტრირებულია ვინმე თამარ ბალაძე, რომელიც ჩანაწერის მიხედვით ლუკა ასათიანის 94 ნომერში ცხოვრობს, თუმცა მისამართის გადამოწმების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ამ მისამართზე არსებობს სასტუმრო. მეპატრონე აცხადებს, რომ ამ მისამართზე კერძო პირები რეგისტრირებული არ არიან, მათ შორის არც თამარ ბალაძე. ეს იმას ნიშნავს, რომ გადასატან ყუთებზეც სიები შედგენილი აქვთ არასწორად. მიწერილი ჰყავთ ადამიანები, რომელთა ხმებსაც გამოიყენებენ მათ სასარგებლოდ“ – აცხადებს ქამადაძე.
მისი თქმით, პრობლემად რჩება უცხო პირების მიწერის ფაქტები სხვადასხვა მისამართებზე. „მაგალითად დავით გურამიშვილის 9-ში რეგისტრირებულია ცარუკიანი ჟანა, რომელიც აცხადებს, რომ მის მისამართზე სამი კონცელიძეა მიწერილი. ის ამბობს, რომ კონცელიძეებს მის მისამართზე არასდროს უცხოვრიათ და მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ასეთი მიწერილი პირები არიან მამია ვარშანიძის მეოთხე ჩიხშიც. დაახლოებით 7 ათასამდე პირია მიწერილი არარსებულ მისამართებზე“ – აცხადებს მირტად ქამადაძე.
„ბატონო შოთა, ოქმი მოგივათ სახლში და თქვენ შეგიძლიათ მერე სასამართლოს ედაოთ,“ – უთხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელმა, თენგიზ მესხიძემ, საზოგადოება „ბათომის“ წევრს შოთა გუჯაბიძეს. შოთა გუჯაბიძე დღეს, 20 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე გამართული ფოტოგამოფენის ინიციატორია.
„ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“- ასე ჰქვია გამოფენას და ის ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკას ასახავს.
გამოფენის სახელწოდება ორგანიზატორებმა ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს დაუკავშირეს. მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო და ბათუმის ახლანდელი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის მერობის დროსაც ქალაქში არაერთი ისტორიული შენობა დაინგრა.
მას შემდეგ, რაც საგამოფენოდ წარმოდგენილი ფოტოები ერას მოედანზე გამოფინეს, გამოფენაზე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ და აქციის ორგანიზატორებს დაჯარიმებით დაემუქრნენ.
„ამას [გამოფენას] უნდა შეთანხმება, მერიაში ნებართვა უნდა აიღო, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაა. მიდი, აიღე ნებართვა და რაც გინდა გამოაკარი. ადმინისტრაციულ აქტს დავუწერთ. გავგზავნით სასამართლოში და მერე სასამართლო იმსჯელებს, რა თანხით დაჯარიმდებიან. სარეცხივითაა გაკიდული, ლამაზიც არაა,“ – უპასუხა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებს“ კითხვაზე, თუ რატომ აჯარიმებდა გამოფენის ორგანიზატორებს.
ბათუმის ზედამხედველობის თანამშრომლის, თენგიზ მესხიძის მტკიცებით, გამოფენა „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“ ქალაქის იერსახეს ამახინჯებს
„გამოხატვის ეს ნაწილი, რასაც მიმართეს გამოფენის ორგანიზატორებმა, აბსოლუტურად ჯდება კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ჩარჩოებში და გამოხატვის თავისუფლება არის აბსოლუტურად დაცული კონსტიტუციით. და როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა განაცხადა დღეს, არ შეესაბამება არც ერთი კანონის მოთხოვნას. პირიქით, მათი განმარტება არის უკანონო. საზოგადოებას, ადამიანებს შეუზღუდო გამოხატვის თავისუფლება იმის დასაბუთებით, რომ თურმე იერსახეს ამახინჯებს, არ არის სწორი. ეს ფორმა [გამოფენის] არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და კანონიერი. ოქმი, რომლის შედგენასაც ფიქრობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, ვერ იქნება კანონიერი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი ხიმშიაშვილმა, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა.
გიორგი ხიმშიაშვილი
„როგორც კი პლაკატების გაკვრა დასრულდა, დაახლოებით ათ წუთში გამოჩნდნენ მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები და თქვეს, რომ საზოგადოებრივ მიმოსვლას აფერხებს ეს აქცია და ამისთვის ნებართვა გჭირდებოდათო. ჩვენ ვეუბნებოდით, მოიყვანეთ კონკრეტული მოქალაქეები, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა შეექმნათ. რა თქმა უნდა, ასეთი მოქალაქეები არ იყვნენ და მერე თქვეს, რომ იერსახეს აზიანებს. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს იყო დროებითი ღონისძიება და ერთი საათის შემდგომ ისედაც დასრულდებოდა გამოფენა. ასე, რომ ვერ დაარღვევდა იერსახეს. ვერაფერს ვერ გააფუჭებდა ეს აქცია, გარდა იმისა, რომ ინფორმაციის მიწოდება იყო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამ დროს უკვე მათი მხრიდან დაიწყო პოლიტიკური კონტექსტის განცხადებები, რაც იყო აბსოლუტურად აღმაშფოთებელი, იმიტომ, რომ მერიის ერთ-ერთი სამსახურის წარმომადგენელი მოგვმართავდა სიტყვებით – „სად იყავით ნაციონალური მოძრაობის დროს“. პირადად მე არაერთხელ მომმართა ასე. ნაციონალური მოძრაობის დროს ვიჯექი ეთერში და ვაპროტესტებდით იმ ყველაფერს, რაც ხდებოდა. ამ შემთხვევაში პრობლემა ის კი არ არის, მე სად ვიყავი ან სხვა სად იყო, პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს აკეთებს რიგითი საჯარო მოხელე, ესაა მიუღებელი,“ – ამბობს მოქალაქე ნათია ზოიძე, რომელიც გამოფენას ესწრებოდა.
საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელის, ნინო ინაიშვილის თქმით, უცნაურია ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეაქცია.
„თვითონ დაამახინჯეს ქალაქი, დაანგრიეს, რომელსაც ვეღარ აღადგენ და ეს არ არის დარღვევა? ჩემი აზრით, ასეთი მკვეთრი რეაქცია გამოიწვია იმან, რომ არჩევნები მოდის და არ სიამოვნებთ იმის შეხსენება, რომ ის ტრადიცია, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის კუთხით, ამათ გააგრძელეს. ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო – გაფრთხილება ახალი ხელისუფლების მიმართ, ვინც მოვა. გამოფენით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ეს სისტემა არის დასანგრევი და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პოლიტიკა შესაცვლელია“.
გამოფენა “ერმაკოვიდან ერმაკოვამდე” – კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში
გამოფენა “ერმაკოვიდან ერმაკოვამდე” – კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში
გამოფენა “ერმაკოვიდან ერმაკოვამდე” – კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში
გამოფენა “ერმაკოვიდან ერმაკოვამდე” – კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ქრონიკა ბათუმში
„მერია და მისი ორგანიზაციები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით იზრუნებენ კულტურის ძეგლების რეაბილიტაციაზე“, – „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის, ლაშა კომახიძის წინასაარჩევნო პროგრამაში მხოლოდ ამ ჩანაწერს იპოვით კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში.
ლაშა კომახიძეს ვკითხეთ, რას მოიაზრებს „ზრუნვა“ და რით იქნება იგი განსხვავებული არსებული პოლიტიკისგან, როცა ასევე „ქართული ოცნების“ სახელით მოსული გიორგი ერმაკოვი ძეგლების დაცვას გვპირდებოდა, მაგრამ ძეგლების განადგურების ტენდენცია გრძელდება.
ბატონო ლაშა, წინასაარჩევნო პროგრამის შემოკლებულ ვერსიაში აღნიშნული გაქვთ, რომ იზრუნებთ კულტურულ მემკვიდრეობაზე. რას გულისხმობთ „ზრუნვაში“, ამომრჩეველს რომ უთხრათ?
ეს არის მოკლე, საკითხავი ვერსია ამომრჩევლისთვის, რაც თქვენ მოგაწოდეთ. დეტალურ შეხედულებებს ჩვენ ვუყვებით ამომრჩევლებს შეხვედრის დროს.
ჩვენც გვითხარით, რომ უფრო მეტმა ამომრჩეველმა გაიგოს.
მერიას და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შორის არსებობს მემორანდუმი. ბათუმის მერიას განზრახული აქვს, რომ სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტების საფუძველზე მოახდინოს ცალკეული ისტორიული სახლების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ჩემი ხედვა არის ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ უნდა დავინახოთ, როგორც განყენებული ერთეული, არამედ ეს უნდა იყოს ქვაკუთხედი მომავალში მის ირგვლივ საზოგადოებრივი, კულტურული, ეკონომიკური ცენტრის შექმნისა, ანუ გამოვარჩიოთ განსაკუთრებით ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებსაც ამის პოტენციალი აქვს.
მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებით ამის პოტენციალი აქვს ძველ ბათუმს. ძველი ბათუმი თავისი შინაარსით ინახავს ძალიან დიდი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის პოტენციალს, ამიტომ მისი 100-პროცენტიანი დაკონსერვება, მე ვფიქრობ, რომ იქნება ამ შესაძლებლობის და შანსის მომკვლელი. ვფიქრობ, ძველ ბათუმს უნდა ჰქონდეს მისი განვითარების გეგმა, მისი კონცეფცია, რომლის შესაბამისადაც იქ განხორციელდება უკვე იმ ნაწილის მოწესრიგება, თუ რეაბილიტაცია.
ორგანიზაცია „ბათომმა“ ორი დღის წინ მიმართა ზურაბ პატარაძეს ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში ისტორიული სახლის დანგრევის პრობლემაზე. ორგანიზაციის აზრით, კორუფციასთან გვაქვს საქმე, როცა მთავრობა ისტორიული სახლის ნგრევას თანხმდება. თქვენ რომ მერი იყოთ, როგორ იმოქმედებდით?
არ ვიცნობ ამ შემთხვევას ასე ახლოს. ალბათ უნდა ჩავიხედო უფრო დეტალურად… ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხავ რაიმე ტიპის კორუფციას, რადგან მე ვარ დარწმუნებული იმ გადაწყვეტილებებში, რომელსაც იღებს აჭარის მთავრობა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მუშაობენ ძალიან კომპეტენტური ადამიანები…
მაშინ ისტორიული სახლის დაშლას ისტორიულ ბათუმში რა გამართლება შეიძლება ჰქონდეს, თქვენი აზრით?
ერთადერთი – თუ ის არის იმდენად ავარიულ მდგომარეობაში, რომ მისი ფიზიკურად შენარჩუნება არის შეუძლებელი. ეს თავად კანონში წერია… მე არ ვიცი, ეს შემთხვევა კონკრეტულად. ჩვენ ახლა შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ სხვადასხვა ტექნიკურ დეტალებზე. არ მინდა, რომ თქვენი მხრიდან ეს გამოყენებულ იქნეს, როგორც ჩემი პოზიცია ამ საკითხზე. მიდგომა მე მაქვს ცალსახად ერთი – ისტორიული ძეგლების სტატუსის მქონე ძეგლებს სჭირდება დაცვა, რადგან ის არის ჩვენი წარსული. წარსულის განადგურების საფუძველზე ვერ ააწყობ ვერც ერთ შემთხვევაში მომავალს.
დაცვა ნიშნავს თუ არა სამართლებრივ რეაგირებას დარღვევაზე, რომელსაც ხშირად ვერ ვხედავთ ძეგლების განადგურების დროს? მაგალითად, ვაჟა-ფშაველას 13-ზე თქვენ დაინახეთ, რომ ხელისუფლება ეცადა ძეგლის დაცვას?
ეტყობა თქვენ ძალიან კარგად იცით ეს თემები, ჩემთვის ესეთი რაღაცები არ არის ცნობილი….
თქვენ არ უნდა იცოდეთ, როცა მერობას აპირებთ?
კიდევ ერთხელ გიმეორებთ: კონკრეტულ შემთხვევებში, კონკრეტული გადაწყვეტილებები ახლა ჩვენ გავარჩიოთ ამ მაგიდასთან, არ არის ეს სწორი.
ვფიქრობ, ამომრჩეველს კონკრეტიკა აინტერესებს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ამ საკითხზე…
მაშინ დავაკონკრეტოთ, ჩვენი საუბრის თემა არის ვაჟა-ფშაველას 13? მე შევეცადე ამეხსნა თქვენთვის პირადად ჩემი პოზიცია და თქვენ ცალსახად მაინც იგივეს … კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არის დაცვის საგანი ყოველგვარი ზედმეტი კონკრეტიკაში წასვლის გარეშე. ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი პასუხია.
გიორგი ერმაკოვიც იმავეს ამბობდა არჩევნების წინ, მაგრამ მივიღეთ დანგრეული ისტორიული სახლები.
თქვენ ფიქრობთ, მე უნდა მაინტერესებდეს, რას ამბობდა ერმაკოვი არჩევნებამდე?
კი, რადგან ისიც არის თქვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი. თქვენ ხართ „ქართული ოცნების“ კანდიდატი და არა დამოუკიდებელი კანდიდატი. გვინდა გავიგოთ, ხომ არ მივიღებთ ახალ ვაჟა-ფშაველას 13-ს?
ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობთ ლაშა კომახიძის პროგრამაზე, თუ გიორგი ერმაკოვის პროგრამაზე? ეს არ არის ერთმანეთთან კავშირში. ეს თემა საერთოდ არ ეკუთვნის ჩვენი ინტერვიუს თემას.
ჩვენ შევთანხმდით, რომ ვისაუბრებდით წინასაარჩევნო პროგრამაზე. ანუ კულტურული მემკვიდრეობაზე არ გინდათ საუბარი?
კულტურულ მემკვიდრეობაზე მე უკვე გაგეცით პასუხი. თქვენ იცით, რამდენი ძეგლი შედის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებში?
შეკითხვებს ჩვენ ვსვამთ…
ძალიან ცდებით, მეც შემიძლია შეკითხვა დავსვა… თქვენი ინტერპრეტაცია არის სხვა, მე გიპასუხეთ ამ შეკითხვაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] თანამშრომლები არიან ჩართული. მან ეს განცხადება დღეს, 20 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ბოლო ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდნენ სუს-ის თანამშრომლები. ყველა ეს ადამიანი, ვინც ამ დაფაზე წერია, – აჭარის სუს-ის უფროსი, ირაკლი ერისთავი, მთავრობის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გია გაბაიძე, მთავრობის აპარატის, უფროსი გოჩა ჯაში, პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი მოწყობილი და ა.შ. ყველა ეს ადამიანი ჩართულია ბინძურ საარჩევნო კამპანიაში და პირდაპირ იძლევიან დავალებებს“, – ამბობს რეზო ხარაზი.
მისი თქმით, სოფელ გვარაში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს, გზის მოშანდაგებას სუს-ის თანამშრომელი ზედამხედველობს. „სოფელ ფუშრუკაულში როცა ჩვენმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, პირდაპირ იყო სუს-ის ჩარევით. მას აიძულეს, რომ მოეხსნა კანდიდატურა.
30-ე საარჩევნო უბანზე იყვნენ პოლიციელები მისული და ითხოვდნენ უბნის კოორდინატორების ტელეფონების ნომრებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი საარჩევნო პროცესებში არიან ჩართული. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში დადიოდნენ სუს-ის თანამშრომლები და ეჭვი გვაქვს, რომ აიძულებდნენ მოსახლეობას ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“.
რეზო ხარაზის განცხადებით, აღნიშნული პირები სუს-ის თანამშრომლები არიან, რომლებიც საარჩევნო პროცესებში უხეშად ერევიან.
რეზო ხარაზის თქმით, პროცესებში აქტიურად არის ჩართული პრობაციის სამსახურიც. „მამუკა თხილაიშვილი პირადად არის ჩართული და პრობაციონერებს ავალებენ, რომ თითომ, „ქართული ოცნების“ ათი მხარდამჭერი მიიყვანეს არჩევნებზე“, – აცხადებს ის.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხელისუფლებას მოუწოდებს, არ ჩარიონ საარჩევნო პროცესებში ძალოვანი უწყების წარმომადგენლები.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხვალ, 21 ოქტომბერს გაიმართება.
ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის საქმეზე მოსამართლე ლევან გელოვანმა გადაწყვეტილება მიიღო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ამ საქმეზე მსჯავრდებულ ფეიზულაჰ ერდენს 6 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ის ასევე დაჯარიმდა 5 ათასი ლარით. მანუჩარ მამულაძეს და ეშრეფ კადირ ბოსტანს 4-4 წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სერჰათ ბაქანს ორწელიწადნახევარი მოუწევს ციხეში ყოფნა.
გამოძიება დაკავებულებს ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ედავებოდა. მსჯავრდებულები წარდგენილი ბრალის ნაწილში სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია.
ღამის კლუბ „ვოგის“ თანამშრომლები გამოძიებამ მიმდინარე წლის თებერვალში დააკავა. იანვარში კლუბში თურქეთის მოქალაქეებს ერთ შემთხვევაში ხილის ასორტსა და სასმელში 9800 ლარის გადახდა მოსთხოვეს. კიდევ ერთ შემთხვევაში კი, დაზარალებულებს 17 100 ლარის გადახდას აიძულებდნენ – ცემით და გაუპატიურების მუქარით.
„ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც გინდა იზრუნო იმ ქალაქის, სოფლის განვითარებისთვის, სადაც დაიბადე, გაიზარდე, სადაც შენი ფესვებია“, – ამ სიტყვების ავტორი მირიან ქათამაძეა, რომელიც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს~ ქობულეთის მერობის კანდიდატია.
პროფესიით იურისტი სწორედ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში გაიზარდა. დაიბადა 1977 წლის 30 მარტს ქობულეთში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. წლების განმავლობაში მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე „აჭარის ენერგოკომპანიაში“, „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“, ბათუმის ნავთობტერმინალში, „ნიუ ოილ ტრანს კომპანიაში“, ეწეოდა კერძო საადვოკატო პრაქტიკას, ასევე, იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხოლო ქობულეთის მერობის კანდიდატად წარდგენამდე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
მირიან ქათამაძე
„ძალიან ვაფასებ როგორც პარტიის ნდობას, ისე ქობულეთელების თანადგომას. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რაც უკვე დაწყებულია და რაზეც თავად ბევრი მიფიქრია. ეს არ არის მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება და შედეგი მოკლე დროში გახდება შესამჩნევი“, – აცხადებს მერობის კანდიდატი და ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბრობს.
მისი თქმით, 2021 წლის ჩათვლით გაწერილია კონკრეტული გეგმა, რაც სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციას, საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, დასასვენებელი პარკებისა და პარკირების ზონების კეთილმოწყობას, გარე განათების მოწყობასა და რეაბილიტაციას გულისხმობს.
„მნიშვნელოვნად მივიჩნევ სოფლის მეურნეობის და ამასთან ერთად, სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ბევრი საკითხია მნიშვნელოვანი და რეაგირების გარეშე არც ერთი მათგანი არ დარჩება“, – აღნიშნავს მირიან ქათამაძე და ყურადღებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წყალმომარაგების საკითხის გაუმჯობესებაზე ამახვილებს.
მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ქობულეთის შეუზღუდავი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რამდენიმე კი, ახლაც მიმდინარეობს.
„შეიძლება თამამად ითქვას, რომ ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია – კაპიტალურად მოეწყო ახალი სათავე ნაგებობები, ცენტრალური მაგისტრალები და შიდა ქსელები. ვფიქრობ, წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა წყლის რესურსების მოძიება და მისი დებეტის გასაზრდელად შესაბამისი სამუშაოების წარმოება. ასევე, მნიშვნელოვანია წყალსადენ სისტემებზე სასმელი წყლის გაფილტვრა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს“, – ამბობს მირიან ქათამაძე.
მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმებში, ასევე, ქობულეთში წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შედის. ამ მიმართულებით პროექტი „აჭარის წყლის ალიანსთან“ ერთად განხორციელდება, რომელიც რამდენიმე თვის წინ სწორედ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად შეიქმნა.
გამომდინარე იქიდან, რომ ქობულეთში ზაფხულის სეზონზე უამრავი ტურისტია, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის პროგრამის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ტურიზმის ხელშეწყობა, ხოლო 2018 წელს – სანაპიროს კეთილმოწყობა იქნება.
„მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სანაპიროზე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გასული წლიდან დაიწყო. მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რამდენიმე დღეში კი, სანაპიროს ორკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე, საგულისხმოა ისიც, რომ ყოველწლიურად ხორციელდება ზღვაზე პლაჟწარმომქმნელი მასალის შეტანა“, – აღნიშნავს ქობულეთის მერობის კანდიდატი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ქობულეთში არსებული ნაპირდამცავი ნაგებობების რეაბილიტაცია და ბულვარის მოწყობა იქნება, რომელიც მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისა და რეგიონის სტუმრების დასვენების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ასევე, ტურისტულ ზონაში კეთილმოეწყობა სკვერები და დასასვენებელი ადგილები.
მერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქობულეთის, როგორც ტურისტული ქალაქის განვითარებას.
რაც შეეხება ქობულეთის ტურისტული პოტენციალის განვითარების კონკრეტულ გეგმას, მირიან ქათამაძე მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, უნდა შეიქმნას სასურველი ტურისტული ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდეს სერვისი ადგილობრივ სასტუმროებსა და კვების ობიექტებში, განხორციელდეს მსხვილი ინვესტიციები და რაც მთავარია, სავალდებულოა, საზღვაო ტურიზმის პარალელურად, სამკურნალო და ეკოტურიზმი განვითარდეს, რისი რესურსიც არსებობს. ეს კი, თავის მხრივ, კურორტის სეზონს გაზრდის. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლად ტურიზმის განვითარებაა.
„ჩემი საარჩევნო პროგრამა ტურიზმის განვითარებაზეა მორგებული. შემუშავებული მაქვს ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, გრძელვადიანი სამუშაო გეგმა გაიწერება და მიზნობრივი პროგრამები მომზადდება“, – აცხადებს მირიან ქათამაძე.
მმართველი გუნდის ქობულეთის მერობის კანდიდატს მთავარი კონკურენტის გამოყოფა უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ოპონენტებთან მიმართებაში საარჩევნო პროცესის გავლას მაღალი დემოკრატიული კულტურით აპირებს. როგორც ის აცხადებს, „ქართული ოცნება“ უკონკურენტო ძალაა, რომელიც მოსახლეობაში დიდი ნდობით სარგებლობს.
„ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე პატივს ვცემდი ოპონენტებს და ახლაც ეს საარჩევნო პერიოდი მაღალი დემოკრატიული კულტურით მინდა გავიარო. ყველა კანდიდატი, ვისაც აქვს ამბიცია მონაწილეობა მიიღოს ქობულეთის მერის არჩევნებში, კონკურენტია, რომელიმეს ვერ გამოვყოფდი, თუმცა მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უალტერნატივო ძალაა, რომელმაც ქვეყნის უახლესი ისტორია შეცვალა. მჯერა, რომ 21 ოქტომბერს მოსული ამომრჩეველი, რომელიც ჩემ მიერ განვლილ გზას იცნობს, ნდობას გამომიცხადებს და მუნიციპალიტეტის სწრაფი, მდგრადი განვითარებისთვის ქობულეთის მერად ამირჩევს“, – ამბობს ქობულეთის მერობის კანდიდატი.
ბათუმში, დღეს, 20 ოქტობერს, 13 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება ფოტოგამოფენა „ერმაკოვიდან ერმაკოვამდე“, რომელიც ბათუმის სახეცვლილებას ასახავს ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში.
გამოფენის სახელწოდება უკავშირდება ბათუმის ისტორიის ორ პერიოდს, მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი, დიმიტრი ერმაკოვი ჩამოვიდა და 400-მდე ფოტო გადაიღო ბათუმსა და მის შემოგარენში და ბათუმის ახლანდელი მერის, გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდს, რომლის მერობის დროსაც ქალაქში არაერთი ისტორიული შენობა დაინგრა.
გამოფენის ორგანიზატორი შოთა გუჯაბიძეა, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, რეჟისორი და ფოტოგრაფი.