შსს: ბათუმის აეროპორტში გერმანიის ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „ბათუმის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ისრაელიდან საქართველოში შემოსვლისას, გერმანიის ინტერპოლის მიერ 2006 წლიდან ძებნილი, 1953 წელს დაბადებული, ისრაელის მოქალაქე ე.ნ. დააკავეს.

„დაკავებულს ბრალი ედება გერმანიის ნარკოტიკების შესახებ კანონის 1, 3 და 29 მუხლების დარღვევაში, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებას ითვალისწინებს,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამჟამად, ე.ნ.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

„ჩვენი ქონება და შემოსავლები ცალკეული პირების ხელშია“ – უსინათლოები სახელმწიფოს მიმართავენ

დღეს, 3 ივლისს, ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, „საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის“ ტერიტორიაზე, აჭარაში მცხოვრებმა უსინათლოებმა საპროტესტო აქცია  გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ უსინათლოთა კავშირის ბალანსზე არსებული ქონება და ამ ქონებით მიღებული შემოსავლები მათ არ ხმარდება. უსინათლოები საქართველოს მთავრობას და პროკურატურას მიმართავენ.

„უსინათლოთა საზოგადოების ქონება, რომლის წევრებიც ვართ ჩვენ, ჩვენთვის ხელმიუწვდომელია. ტერიტორია, სადაც ვიმყოფებით, არის უსინათლოთა კავშირის საკუთრება, თუმცა ვინ განკარგავს და სად მიდის ამ ტერიტორიაზე გაქირავებული ობიექტებისგან მიღებული შემოსავლები, ჩვენთვის უცნობია.

გვინდა შეიქმნას კომისია, დაინიშნოს აუდიტი, ჩატარდეს ინვენტარიზაცია და აჭარის უსინათლოთა კავშირის ქონება დარჩეს უსინათლეობს და არა ერთეულებს,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ დირექტორი ალექსი წეველიძე.

მისი თქმით, უსინათლოები წელიწადში 12 ლარს იღებენ დახმარებას და სხვა ხელშეწყობა კავშირის ქონებისგან არ აქვთ.

„უსინათლოთა კავშირი არ ზრუნავს ადამიანებზე. 29 წლის ადამიანია ლაშა დუმბაძე, რომელიც თხილნარში ცხოვრობს და არც კი იცნობენ კავშირში. მცირე კლანური ჯგუფი მოქმედებს და მხოლოდ ისინი განკარგავენ ყველაფერს,“ – გვეუბნება ის.

უსინათლოებმა საკუთარი უფლებების დასაცავად აქცია გამართეს ფოტო: ლელა დუმბაძე
უსინათლოებმა საკუთარი უფლებების დასაცავად აქცია გამართეს
ფოტო: ლელა დუმბაძე

თემურ თეთრაძეც უსინათლოა. კავშირის წევრების პოზიციას ისიც იზიარებს და ამბობს, რომ უსინათლოთა კავშირს უსინათლოები არ აინტერესებს.

„მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია და ესენიც ჭამენ ჩვენს ქონებას. შექმნეს ისეთი სისტემა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს. ძალიან დიდი შემოსავალი გვაქვს, თუმცა უსინათლოები ვერ სარგებლობენ ვერაფრით,“ – ამბობს ის.

უსინათლოთა კავშირის საქმიანობას კრიტიკულად აფასებს კავშირის წევრი, შოთა ბოლქვაძეც: „მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პროკურატურას და აუდიტის სამსახურს, რომ შეისწავლონ უსინათლოთა კავშირში არსებული ვითარება და დაიცვან ჩვენი უფლება.

ჩვენ გვინდა ვიყოთ სოციალურად დაცულები და მუდმივად არ ვიმყოფებოდეთ სახელმწიფოს კისერზე.  მოგვცენ უფლება ჩვენი კავშირის ქონებით და შემოსავლებით ვისარგებლოთ, თვითონ ვაკონტროლოთ შემოსავლები, ბიუჯეტი და უსინათლოებისთვის შევქმნათ დასაქმების ადგილები“.

შოთა ბოლქვაძის თქმით,  უსინათლოთა კავშრის კარები მათთვის დახურულია.  „უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გვეუბნება 280 ლარი გვაქვს ხელფასიო. სწორი მართვის პირობებში მათი ხელფასიც გაიზრდება და ჩვენი ცხოვრებაც შეიცვლება. ჩვენ 6 წლიდან 60 წლამდე უსინათლო ადამიანები მოვიძიეთ, რომლებიც ცხოვრობენ აჭარაში და მათ შესახებ არაფერი იციან კავშირში.  მათი უფლებები სრულიად დაუცველია. მაშინ როცა კავშირის თავმჯდომარეს, რეზო მაისურაძეს, ასი ათას ლარამდე აქვს ისრაელის კაზინოში დახარჯული,“ – გვეუბნება შოთა ბოლქვაძე.

მისი თქმით, აუცილებელია შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი და შეიქმნას სისტემა, რომელიც მოერგება უსინათლოთა პრობლემებს და არა ცალკეული პირების ინტერესებს.

„აქ იყო დანადგარები და უსინათლოები მუშაობდნენ და ჰქონდათ შემოსავლები. ახლა ბიზნესად იქცა აქაურობა და ჩვენ არც დასაქმებულები ვართ და ვერც ჩვენი ქონებით ვსარგებლობთ,“ – გვეუბნება მამია მეკეიძე.

უსინათლოები კავშირის ბალანსზე არსებული ქონების და შემოსავლების გამჭვირვალობას მოითხოვენ
უსინათლოები კავშირის ბალანსზე არსებული ქონების და შემოსავლების გამჭვირვალობას მოითხოვენ

ნათია სირაბიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ  სახელმწიფო უწყებების მხრიდან მათ ხელშეწყობა არ აქვთ.  „რატომ უნდა ვიქირაოთ ტერიტორიები და თან ისეთი, სადაც არც სველი წერტილი გვაქვს, არც წყალი, ვინტილატორის საშუალებაც კი არ გვაქვს, რომ ვისუნთქოთ, ეს არის სამარცხვინო. ყველა წერელი, რომელიც მთავრობას, გამგეობებს, მერიას გავუგზავნეთ,  უარყოფითი პასუხით დაგვიბრუნდა, არავის არ უნდა გამოგვიყოს ფართები, რომ რაიონებში ჩვენი წარმომადგენლობები გვქონდეს და ვიზრუნოთ უსინათლოების დასაქმებაზე.

ნებისმიერი მთავრობის წარმომადგენელმა ერთი საათით აიფაროს თვალებზე ხელი და ისე გადაადგილდნენ  მათ მიერ დაგებულ ქუჩებში,  სხვანაირად ვერ მიხვდებიან რას ვგრძნობთ ჩვენ“.

„საქართველოს უსინათლოთა კავშირის აჭარის ფილიალის“ თავმჯდომარე ზაურ დევაძე ამბობს, რომ უსინათლოთა კავშირის ბალანსზე არსებული ქონება იჯარით არის გაცემული, საიდანაც ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 24 ათასი ლარია.

„ბათუმელების“ კითხვაზე, უსინათლოთა რა კონკრეტულ საჭიროებებს ხმარდება აღნიშნული შემოსავლები, ზაურ დევაძე ამბობს „უსინათლოთა კეთილდღეობას“.

„ჩვენ მივმართეთ  სახელმწიფოს და ბუნებრივი აირის გაყვანა, უსინათლოებისთვის 90 პროცენტი არის უფასო, ჩვენი ფილიალი აკეთებს იმას, რომ შუამდგომლობს მთავრობასთან. მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტით რომ უფასოდ ისარგებლონ, ოღონდ მხოლოდ ქალაქის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში არ არიან თანახმა“.

ზაურ დევაძე, უსინათლოთათვის გაწეულ კეთილდღეობად მიიჩნევს მათთვის სპექტაკლის გამართვას: „გავაკეთეთ ღონისძიება, თეატრი ჩავატარეთ და უსინათლოები გვყავდა უფასოდ წაყვანილი. რაც შეეხება ფინანსებს, მე ყოველთვიურად შპს „სინათლიდან“ ვიღებ 500 ლარს, ჩვენმა გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ეს თანხა მხოლოდ სოციალურად დაუცველ და ტოტალურ უსინათლოებს მოხმარდეს“.

ზაურ დევაძის თქმით, შპს „სინათლეში“  11 უსინათლოა დასაქმებული. საიჯარო თანხებიდან შემოსული შემოსავალი კი უსინათლოთა კავშირის ერთიან ბიუჯეტში მიდის და მთელი საქართველოს მასშტაბით ნაწილდება: „ნაწილი ხმარდება მშენებლობას ციხისძირში, სადაც უსინათლოთათვის დასასვენებელი სახლი შენდება“.

„გვყავს ცხრა თვის უსინათლო ბავშვი, ვისთვისაც დახმარება ვთხოვეთ  ქალაქის მერიას  და სარეზერვო ფონდიდან 1 400 ლარით დავეხმარეთ,“ – გვეუბნება უსინათლოთა კავშირის მდივანი თამარ ართილაყვა.

მათი ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, უსინათლოთა კავშირში 24 ათასი უსინათლოა გაწევრიანებული.

 

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია

დღეს, 3 ივლისს, ბათუმში და აჭარის სანაპირო რაიონებში 28-33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით – 20-25 გრადუსი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. მთაში დღისით – 25-30 გრადუსი, ღამით –  17-22. ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მიერ მოწოდებული ამინდის პროგნოზი. აქვე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღეს ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო დღეებში აჭარაში შედარებით აგრილდება. 4-5 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. წვიმიანი და ღრუბლიანი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

ამავე თემაზე: როგორ მოვიქცეთ სიცხეში – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

მახინჯაურის გვირაბთან ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი ახალი კვანძი მოეწყობა

ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზაზე, მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ [ჩაქვის მხრიდან], ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი კვანძი მოეწყობა. ახალი კვანძის მოწყობას 2,5 მილიონი ლარი დასჭირდება და სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დაჩქარებული წესით შეისყიდის.

„განსაკუთრებით მაღალი ინტენსივობა არის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე, რომელიც გადის რთულ მთაგორიან რელიეფზე და გზის ტექნიკური პარამეტრებიდან გამომდინარე, ავტოტრანსპორტის გადაადგილების სიჩქარე შემცირებულია. შესაბამისად, განსაკუთრებით საკურორტო სეზონზე, ხშირად იქმნება სატრანსპორტო საცობები და მგზავრებს ექმნებათ დისკომფორტი,“ – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე, გვირაბის მიმდებარედ, ავტოტრანსპორტის მოსაბრუნებელი გზის [სავარაუდო სიგრძით 1 კმ] მოწყობა, დიდი ალბათობით, განხორციელდება ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, პროექტირება-მშენებლობის რეჟიმში.

ახალი კვანძის მოწყობა, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ბათუმის მერის წერილის შემდეგ გადაწყდა. სამინისტრომ 2,5-მილიონიანი პროექტის ტენდერის გარეშე განხორციელების საკითხი ფაქტობრივად ორ დღეში გადაწყვიტა.

ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს კვანძის მოწყობის თხოვნით, წერილობით, მიმდინარე წლის 27 ივნისს მიმართა.

„აჭარის რეგიონში ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა ადგილობრივმა თუ უცხოეთიდან ჩამოსულმა ტურისტების რიცხვმა, რაც შესაბამისად მოითხოვს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-მოწესრიგებას, რათა სრულად იქნას დაკმაყოფილებული ჩამოსული ვიზიტორების მოთხოვნები… უახლოეს პერიოდში დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც საგრძნობლად განტვირთავს ქალაქ ბათუმს ტრანზიტული სატრანსპორტო ნაკადებისგან. იმის გათვალისწინებით, რომ ჩაქვი- მახინჯაურის მონაკვეთი საკმაოდ დატვირთულია სატრანსპორტო ნაკადებით, აღნიშნული მშენებლობის დასრულებამდე მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილია მოეწყოს დამატებით მოსატრიალებელი კვანძი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ თქვენს დახმარებას, რათა უმოკლეს პერიოდში დაიწყოს და მიმდინარე წელს დასრულდეს აღნიშნული მოსატრიალებელი კვანძის სამშენებლო სამუშაოები“ – აღნიშნულია გიორგი ერმაკოვის წერილში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბათუმის მერის წერილი მიღების დღესვე, 27 ივნისს, გადაუგზავნა განსახილველად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

გზების დეპარტამენტმა კი შესყიდვების სააგენტოს 29 ივნისს მიმართა შესაბამისი სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყებაზე თანხმობის მისაღებად: „რეგიონში დამახასიათებელი შემოდგომა-ზამთრის უხვნალექიანობა და ის გარემოება, რომ სამუშაოების საპროექტო მომსახურების შესყიდვა, დოკუმენტაციის დამუშავება და ამის შემდგომ, საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის სატენდერო პროცედურები მოითხოვს დროის საკმაოდ დიდ პერიოდს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღნიშნული სამუშაოების განხორციელებს პარალელურ რეჟიმში, რათა სამუშაოები დასრულდეს შემჭიდროვებულ ვადებში, კლიმატური პირობების გაუარესებამდე“.

შესყიდვების სააგენტოს, პოზიციის დასაფიქსირებლად, ვადა 5 ივლისამდე აქვს.


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფინანსური წინადადება 22-მა კომპანიამ წარმოადგინა, მათგან შეირჩა 10 კომპანია და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება. ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დაიწყება.

IMG_20170701_084845
ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთი გვირაბთან, სადაც ახალი კვანძი უნდა მოეწყოს

 

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ორშაბათს, 3 ივლისს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაშია. გამოცდა 4 საათსა და 15 წუთს გაგრძელდება. 

აჭარაში აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარება შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შენობაში და დაბა ხულოს საჯარო სკოლაში შეუძლიათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება. ამავე პერიოდში ჩატარდება სამაგისტრო გამოცდები, რომელზეც 14  ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული და პედაგოგთა სასერტიფიკატო გამოცდები, სადაც 28 ათასი პედაგოგი დარეგისტრირდა.

ამავე თემაზე: მაია მიმინოშვილის რჩევები აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს საგამოცდო სტრესის დასაძლევად

მთავარ ფოტოზე: ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმში, 2016 წელი. ფოტო  „ბათუმელების“ არქივიდან

პარკინგად ქცეული დუმბაძის ქუჩა ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედნის გვერდით მდებარე დუმბაძის ქუჩა, საჯარო პარკინგად იქცა. აქ არც პარკინგის ამკრძალავი და არც ჩიხის ნიშანი დგას. დუმბაძის ქუჩაზე ამბობენ, რომ თუ ადრე აქ მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლები აჩერებდნენ მანქანებს, ახლა ხშირია შემთხვევები, როცა ვიწრო, ტურისტულ ქუჩაზე მანქანას აპარკინგებენ და ტოვებენ, შედეგად, ქუჩა, რომელიც რუსთაველის ქუჩას ევროპის მოედანთან და მემედ აბაშიძის ქუჩასთან აკავშირებს, სასეირნოდ გამოუსადეგარი ხდება.

ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს საგზაო მოძრაობის ტექნიკური რეგულირების განყოფილების უფროსის კახაბერ ჭეიშვილის განმარტებით, სააგენტოს თავად არ შეუძლია ამ ადგილას პარკირების ამკრძალავი ნიშნის დადგმა, თუ კი არ იქნება მითითება ბათუმის საკრებულოდან ან საპატრულო პოლიციიდან:

„დუმბაძის ქუჩაზე თავიდან იყო სპეციალური შლაგბაუმი და ვერავინ შედიოდა იქ მაცხოვრებლების გარდა. როგორც ჩანს, შლაგბაუმი აღარ მოქმედებს. პარკირების ამკრძალავი ნიშანს რაც შეეხება, ამ ნიშნის დადგმა ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ საკრებულოს ან საპატრულო პოლიციის დადგენილების თანახმად. იმ შემთხვევაში, თუ იქნება მითითება საპატრულო პოლიციიდან ან ბათუმის საკრებულოს დადგენილება, ჩვენ ვიმოქმედებთ.“

სააგენტოს პარკირების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი, გენადი ჩხაიძე ამბობს, რომ ბოლო ხანს აქ არასწორი პარკინგისთვის არა ერთი ავტომანქანა დააჯარიმეს:

„იყო ამ ადგილზე დაჯარიმებები და ევაკუაციაც განვახორციელეთ. როცა იქნება საგზაო ნიშნები, ჩვენ ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ჩვენ რამდენჯერაც დაგვირეკა საპატრულო პოლიციამ, იმდენჯერ ჩავატარეთ ევაკუცია. პირადად ჩემი აზრით, ამ ადგილას პარკირება შეიძლება იყოს შეზღუდული, რადგან ეს ქალაქის ცენტრია და მოძრაობა თავისუფალი უნდა იყოს, განსაკუთრებით ახლა, ტურისტულ სეზონზე.“

დუმბაძის ქუჩაზე თვითნებურ ავტოპარკინგს ფეისბუქზეც გამოეხმაურნენ:

სახლი ბორბლებზე

ავტორი: ნათია ზოიძე 
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

17 მარტის დილას უჩვეულო თავყრილობა იყო ბათუმის პორტში. დილის 7 საათზე გემს ბათუმის სანაპირო უნდა დაეტოვებინა. ტვიდის გაცრეცილ პალტოებში გამოწყობილი კაცები ყავისფრად გაქექილი, მძიმე ჩემოდნებით ხან იდგნენ, ხან კიდევ ნერვიულად მიდი-მოდიოდნენ. შალმოხვეული ქალები მათივე ნაქსოვ გავროშის ტიპის ქუდებიანი ბავშვებით ხელში, თითქოს ერთ ადგილას გაქვავებულიყვნენ. რამდენიმე მათგანი მარტის სისხამ დილას სხეულიდან მომდინარე თბილი ორთქლით შვილებს ხელებს უთბობდა. ბავშვთაგან უფრო მოზრდილები გემზე ასატან ჩემოდნებზე იყვნენ ჩამომსხდარნი და უფროსების საუბრებს გულდასმით ისმენდნენ. ვერ გაეგოთ, სად მიდიოდნენ და რატომ? ვერ გაერკვიათ, მშობლები სიცივისგან იყვნენ მობუზულები, თუ დარდისგან. ეს ის დრო იყო, როცა ბოლშევიკები უკვე თბილისში იყვნენ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობა კი ემიგრაციაში გამგზავრებას ბათუმიდან გეგმავდა.

ალბათ გიკვირთ, რა კავშირშია ეს ისტორია ინტერიერთან?

უნდა გამომყვეთ, რომ აგიხსნათ, რატომ დავიწყე ასე შორიდან.

დაახლოებით 100 წლის წინ ბათუმის პორტში შეკრებილებს შორის იყო ახალგაზრდა წყვილი, ვასილი და მარგარეტი. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ხაზინის უფროსს ვერ გადაეწყვიტა, ჩანთა გაეხსნა და ხელით გადაწერილი დამოუკიდებლობის აქტი იქ ჩაედო, თუ ნაცრისფერი პალტოს ჯიბეში დაეტოვებინა, გულის მხარეს. დამოუკიდებლობის აქტს მისი ხელმოწერაც ჰქონდა. ვასილის და მარგარეტის 4 წლის სერგიმ მამის ფიქრებზე არაფერი იცოდა და ცნობისმოყვარედ გაჰყურებდა ზღვის ჰორიზონტს. ბავშვის გულუბრყვილო და ცნობისმოყვარე მზერა აწყდებოდა გემს, რომელიც სანაპიროზე მოხეთქებული ტალღების გამო ირწეოდა.

მალე პორტი დაცარიელდა და საყვირის ფონზე გემი სანაპიროს მოშორდა. ზღვის სიღრმიდან უფრო და უფრო პატარავდებოდა რამდენიმე დღის წინ თავისუფლებადაკარგული ქვეყნის პატარა ქალაქი. ერთსართულიანი ბათუმი და ფრანგი მებაღის მიერ გაშენებული ზღვისპირა ბულვარი შუა ზღვიდან უკვე წერტილივით მოჩანდა.

ვასილი და მარგარეტი პარიზში გარდაიცვალნენ ისე, რომ საქართველოში აღარ დაბრუნებულან. სერგიმ ცოლად ფრანგი მადლენ ვერდო შეირთო. ფრანგი მეუღლე, მოგვიანებით, მას თბილისში გამოჰყვა. ისინი პარიზიდან საქართველოში „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულად თარგმნის იდეით დაბრუნდნენ. შვილებს ახსოვთ, ხუთი წლის განმავლობაში ყოველ საღამოს მშობლები როგორ ითვლიდნენ „ხმოვნების რაოდენობას“ „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულ ვერსიაში. სორბონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის და ცნობილი მთარგმნელის, სერგი წულაძის გარდაცვალების შემდეგ, მადლენი შვილებთან ერთად საცხოვრებლად ისევ პარიზს დაუბრუნდა. ქალბატონი ვერდო ახლა 94 წლისაა და ალბათ აღარ აკვირვებს, რატომ აიკვიატეს მისმა შვილებმა ხელოვნების დედაქალაქიდან სამშობლოში დაბრუნება და ცხოვრება.

არტისტი გელა წულაძე პარიზს 30-წლიანი ცხოვრების შემდეგ დაემშვიდობა და ბათუმში თავისუფლების ქანდაკების დადგმის იდეით დაბრუნდა. მისი პროექტის მიხედვით, უჟანგავი მეტალისგან დამზადებული ქანდაკება ზღვაში უნდა განთავსდეს. მაკეტის მიხედვით, ორი ლითონის ფიგურა სიყვარულს განასახიერებს. თავისუფლების დეკლარაციის ნაცვლად ლითონის ერთ-ერთ ფიგურაზე სწორედ გულებია გამოსახული, ხოლო ქანდაკება მშვიდობის მტრედის გამოსახულებით სრულდება. ამ პროექტს, განხორციელების შემდეგ, თამამად შეიძლება ეწოდოს მშვიდობიანი და თავისუფალი კავკასიის სიმბოლო.

გამოგიტყდებით, რომ „ბათუმელების“ ამ ნომრისთვის სამზარეულოს თემაზე უნდა მემსჯელა. როცა გავიგე, რომ არტისტი გელა წულაძე ბათუმში იყო, ვიფიქრე, ფრაგი და ქართველი ხელოვანის სამზარეულო თქვენც დაგაინტერესებდათ. ისედაც დაბნეული ვარ და ტელეფონზე არტისტის პასუხმა კიდევ უფრო დამაბნია. მითხრა, რომ სახლში მიგვიწვევდა, მაგრამ მის ბათუმურ სახლში სამზარეულოს ადგილი მხოლოდ მონიშნულია. წარმოგიდგენიათ სახლი სამზარეულოს გარეშე?

სანამ ზღვის სანაპიროზე ცამდე აზიდული სახლის მეათე სართულის ერთ-ერთი ბინის კარს შევაღებდით, მე და მანანა („ბათუმელების“ რეპორტიორ-ფოტოგრაფი) ვმსჯელობდით, როგორი შეიძლება ყოფილიყო გელას სახლი. მე ვთქვი, რომ გამჭირვალე – ბულვარში დადგმული მისი ქანდაკებების („ყირამალა“) მსგავსი, მსუბუქი კონსტრუქციებით, დგას, მაგრამ სივრცეს არ ზღუდავს. წარმომედგინა, სახლი იქნებოდა დიდი ფორმატის, ერთგვარად მიამიტი და სადა. მოკლედ, მე მართალი ვიყავი, მაგრამ ვაღიარე, რომ მანანას ინტუიცია- სახლი ამავდროულად ფერადი იქნებოდა, უფრო ზუსტი აღმოჩნდა.

IMG_0015

3

IMG_0072

 

40 კვადრატული მეტრი სივრცე სახელოსნოსა და ცხოვრებისთვის. უფარდო ფანჯრები ზღვის ხედით. იატაკი და ჭერი ბეტონის – შეგრძნება გაქვს, რომ მიწაზე დგახარ. ოთახის შუაგულში მართკუთხა ფორმის ხის მაგიდა სწორხაზოვანი რკინის ფეხებით, ორი ზედაპირით. საშუალო ზომის ასობით საღებავის ბოთლი იატაკთან ახლოს პირველ ზედაპირს ქმნის. ოდნავ გადმოღვრილი მოწითალო, მომწვანო და მოყვითალო საღებავის წვეთები გველივით მიკლაკნილან თეთრ ბოთლებს და მიმხმარან კიდეც. კედლები – თეთრი, ჭერი – ინდუსტრიული განათებით. ხასხასა, წითელი ნივთები, ოთახი – მზით სავსე, სააბაზანო, კერამიკული ლურჯი და თეთრი ფილებით, იატაკიდან ჭერამდე ტრანსფორმირებადი კარების წყალობით სივრცის ერთიანი ნაწილია. ფერად ბალიშებზე ქართული ანბანი გადანაწილებულა. შესაძლებელია, სიტყვებს ქმნის ან უფრო მეტიც – ფრაზებს.

ხის სკამის საზურგე პროპორციიდან ამოვარდნილი, ზომიერი სიდიდის რომ ყოფილიყო, არ ვიცი, დაიტევდა თუ არა სოფელს… სკამის საზურგეზე გელას მიერ გამოკვეთილი ადამიანის ხის ფიგურები ერთგვარ მოძრაობის ასამბლეას ქმნიან. სკამის საყრდენი ნაწილის დაბოლოებებზე ისევ გულებია გამოკვეთილი, ალბათ სიმბოლოდ იმისა, რომ მოძრაობის საყრდენი სიყვარულია.

2

IMG_0061

თეთრი, მძიმე, ხის დივანი და სავარძლები – ოღონდ ბორბლებზე. გრჩება განცდა, რომ ცასთან ახლოს ნივთები წონადობას კარგავენ და კოსმიური ველი იქმნება. აქ კარადაც კი მაგიდის სიმაღლეა. ინახავს არტისტის პირად ნივთებს, საიდუმლოს, იდეებს, ესკიზებს, უკვე დასრულებული და მისი ინიციატივით შექმნილი მაკეტების მცირე ანალოგებს. კაშკაშა წითელი გული ამ წვრილი ფოლადით შეკრული ადამიანის გამოსახულებებს არა მხოლოდ ათბობს, არამედ – ალღობს.

ხის თაროები, ორი ფინჯანი, ელექტროჩაიდანი, ერთი დიდი, მრგვალი თეფში, ჩაი, ყავა, რამდენიმე ცალი კოვზი, თაროს ქვემოთ ორი დაძველებული ხის სკივრი _ ექსპერიმენტული სამზარეულოს ელფერს ატარებს. არსად მინახავს ასეთი მინიმალისტური, მაგრამ სრულყოფილი სახლი.

გელა საუბრობს საერთაშორისო გამოფენებზე მისი მონაწილეობით. ჩვენი თხოვნით, გვიყვება ინტერიერის შესახებ წიგნზე, რომელშიც ცნობილი დიზაინერის სახლში მისტიურ, ფრანგულ ატმოსფეროს, სწორედ გელას ფერწერული ტილოები ქმნის. შეუძლებელია არ ახსენოს ფიროსმანი და გრძნობ, მასთან საუბარში როგორ ქრება საბჭოთა სკოლაში ნასწავლი მითი ფიროსმანის სიღარიბის შესახებ. გელა ფიქრობს, რომ ნიკალა შეძლებული იყო, ყიდულობდა კარგი ხარისხის საღებავებს, ეცვა გემოვნებით, მიირთმევდა იმ ხანად ცნობილ სასაუზმეებსა და სასტუმროებში. სახლი კი იმიტომ არ ჰქონდა, რომ არ სჭირდებოდა – ეძებდა ახალ გარემოს ახალი ემოციისთვის.

4

IMG_0018

არტისტის სახლ-სახელოსნოზე ვერ შეგექმნება მხოლოდ ერთი აზრი, ისე როგორც გელას თანამედროვე ექსპერიმენტულ ხელოვნებაზე, რომელიც გასცდა სახელოსნოს ტილოს მასშტაბებს და ქუჩაში გაცილებით დიდ ფორმატებში გარდაისახა.

რადგანაც ამ სახლში ყველაფერი მოძრაობს, გიჩნდება კითხვა: იქნება ბათუმი ბოლო ქალაქი, სადაც არტისტი გაჩერდება? ქალაქი, რომლის კოორდინატებია 41 გრადუსი ჩრდილოეთით, 41 _ აღმოსავლეთით.
არტისტმა არ იცის, დარჩება თუ გააგრძელებს ძიებას 41 გრადუსზე, ქალაქებში: სტამბოლი, ჩიკაგო, პიცბურგი….

ნებისმიერ შემთხვევაში, „მშობელი ეტლით“, „ყირამალა ბიჭუნა“, „სიყვარულის ახსნა“ და „ნერგები“ მის ბათუმურ სახლში აუცილებლად დარჩება, არა _ კორპუსის მეათე სართულზე, არამედ _ ღია ცის ქვეშ, დიდ მასშტაბზე, ზღვის სანაპიროზე, ბათუმის ბულვარში.

5

მაგრამ მთავარი შავი ზღვის თავისუფლების ქანადაკების იდეაა, რისთვისაც პარიზიდან დაბრუნდა. მის სამუშაო მაგიდაზე სწორედ თავისუფლების ქანდაკების მაკეტია. ფრანგი ინჟინრის მიერ განხორციელებული გელას იდეა სახლიდან ზღვის სივრცეს სამხრეთით მშვიდად გაჰყურებს, ხელმეორედ დაბადებისა და მარადიული სიცოცხლის უფლების მოპოვების იმედით.

თითქმის 100 წლის წინ ბათუმიდან პარიზში არტისტის წინაპრის გულის ჯიბით წაღებული თავისუფლების იდეა სულ სხვა ხელწერით, ისევ საპორტო ქალაქში დაბრუნდა. დაუშვებელია, ბედისწერამ ეს იდეა მხოლოდ სახლის ინტერიერის განუყოფელ ნაწილად დატოვოს.

თავისუფლების ქანდაკების მაკეტი
თავისუფლების ქანდაკების მაკეტი

_____________________________________

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ #2 ნომერში. 

ბათუმის დელფინარიუმში დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმის განცხადებით, დელფინარიუმის ბინადარს, დელფინს მეტსახელად დანა, შვილი შეეძინა.

„ბოლო ერთი თვეა დელფინარიუმის თანამშრომლები 24 საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დანამ  ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადაში იმშობიარა. დედა და ახალშობილი, უსაფრთხოების ნორმების გამო ცალკე აუზში იმყოფებიან, სადაც კიდევ ერთი დედა-შვილი ცუცა და გურუ ბინადრობენ.

დანა და მისი შვილი თავს კარგად გრძნობენ. ჩვეულებისამებრ დაბადებისთანავე დედამ შვილი წლის ზედაპირზე ამოაცურა, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთვის. რის შემდეგაც პატარამ დედასთან ერთად სინქრონული ცურვა დაიწყო. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანსგაგრძელდება. 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად პატარა, თევზით კვებასაც დაიწყებს. ახალშობილის სქესი ჯერჯერობით უცნობია“ – აღნიშნულია დელფინარიუმის გაცხადებაში.

ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მეექვსედ დაფიქსირდა. ახალშობილი დელფინის სქესი ჯერჯერობით უცნობია.

შსს: აირბალონიანი ავტომანქანებისთვის ქულების შემცირება არ მოხდება ტექდათვალიერების ამოქმედებამდე

2017 წლის 1 ივლისიდან არ შეიცვლება სამართლებრივი რეჟიმი აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის და მათი შემოწმებისა და რეაგირების წესი ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟზე იქნება იგივე, რაც იყო 2017 წლის 1 ივლისამდე – განცხადებას ამის შესახებ საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ  აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი გამკაცრდება მხოლოდ ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი დადგენილი მოთხოვნების შემოწმებას და მასზე რეაგირებას ახორციელებს იმ შემთხვევაში თუ დარღვევა ვიზუალურად აშკარაა და ვიზუალური დაკვირვების შედეგად სახეზეა გაუმართაობისგან საფრთხის წარმოშობის მაღალი ალბათობა. აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ტექდათვალიერებას და ასეთი სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს. … გარდა ზემოაღნიშნული ორი შემთხვევისა (ვიზუალური დაკვირვების შედეგად გაუმართაობით გამოწვეული აშკარა საფრთხე და სავალდებულო ტექდათვალიერებას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ მოთხოვნების დარღვევა) საპატრულო პოლიცია არ განახორციელებს 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და შესაბამისად, არ მოხდება ამ მძღოლებისათვის ქულების შემცირება“ – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. 

საქართველოში ავტომანქანის სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, გუშინ, პირველ ივლისს კი ამოქმედდა მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესი. 

ამავე  თემაზე: შესამცირებელ ქულათა რაოდენობა კონკრეტული დარღვევების მიხედვით

კონკურსი ესეებში – პრიზი 500 ევრო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი – ახალგაზრდული შეჯიბრი ესეებში [Youth Essay Prize Competition].

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის 30 წლამდე მოქალაქეებს. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ესეი ინგლისურ ენაზე (მოცულობა 3000 სიტყვამდე). ესეების თემატიკა უნდა უკავშირდებოდეს მონაწილის ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და  თავისუფალ სავაჭრო სივრცეს.

ესე უნდა იყოს კარგი ანალიტიკური და ენობრივი ხარისხის. სასურველია, მონაწილემ ესეის თემა შეარჩიოს ისე, რომ საშუალება ჰქონდეს ასახოს საკუთარი ცოდნა, რომლის საფუძველიც იქნება მიღებული აკადემიური ცოდნა, კვლევები ან პროფესიული გამოცდილება. ესეის ავტორი მკითხველს უნდა სთავაზობდეს საინტერესო არგუმენტს ან მიდგომას.

გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება შემდეგ ვებ-გვერდზე:   www.3dcftas.eu

გათვალისწინებულია ექვსი ჯილდოს გადაცემა. პირველი კონკურსის შედეგად გაიმარჯვა მოლდოვის ორმა მოქალაქემ. დარჩენილია კიდევ ოთხი ჯილდო. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით – 500 ევროს ოდენობით.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2017 წლის 31 აგვისტომდე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე Hrant.Kostanyan@ceps.eu

იალაღებზე უფასოდ გადაყვანის პროგრამით ტურისტებიც ისარგებლებენ

დღეიდან შუახევში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა  იალაღებზე მგზავრთა უფასოდ, ავტოტრანსპორტით გადაყვანას ითვალისწინებს. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნით მიიღეს, პროგრამა გასულ წელს დაიწყო და წელს მეორედ ხორციელდება.

გამგებლის ინფორმაციით, პროგრამით სარგებლობაზე „ტურისტებს უარს არვინ ეტყვის“. იმ შემთხვევაში კი, თუ ამას ინტენსიური სახე მიეცემა, რაც ადგილობრივებს შეუშლის ხელს და საჭირო გახდება მარშრუტის დამატება, გამგეობაში იმსჯელებენ როგორ მოიქცნენ: „ პირდაპირ გეტყვით, ამაზე არ გვიფიქრია. აქ ტურისტები, ძირითადად, საკუთარი მანქანებით მოდიან, ისინი ითვალისწინებენ ჩვენს რელიეფს.“

შუახევიდან იალაღების მიმართულებით სამარშუტო მიკროავტობუსი იმოძრავებს, შესაბამისი მომსახურება მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერით შეისყიდა: „ორი მოთხოვნა გვქონდა, მძღოლს უნდა ჰქონდეს მართვის მოწმობა და ავტომანქანა უნდა იყოს გამართული“.

შუახევის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მგზავრებს საშუალება ექნებათ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ შუახევი-კატრიანი-ყავრიანის, ახალდაბა-ბარათაული-გრძელგორის, ხიჭაური-თაგინურის, ცხემლისი-თაგინური-ნაფოცხვარას, ოლადაური-ჩირუხის, ტბეთი-გოგაძეები-ჩირუხის, ჯაბნიძეები-ქიძინიძეები-ჩირუხის, შუბანი-ჩირუხის, კვირიაული-ცინარეთი-ღომის, ნიგაზეული-ჯანჯღნარის, ხიჭაური-მერიაყელის, ინწკირვეთი-შედრეკილის, ზამლეთი-თეთრობის, ბრილი-თაგინურის მთების მიმართულებით.

19467617_476877055992984_2039561340343495090_o (1)

პროგრამა გასული წლიდან მოქმედებს და მასზე წელს 35 000 ლარი დაიხარჯება.

პარალელურად მიმდინარეობს იალაღების ელექტროფიკაციაც. სამუშაოებს შპს ,,ზურა 2012“ აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

კიდევ ერთი მშენებლობა ბათუმში – ძეგლის დაცვის ზონაში

კომპანია Lc -ჯგუფი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის #27-ში, ძეგლის დაცვის ზონაში მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 2016 წელს შეათანხმა.

სააგენტოს ხელმძღვანელის ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, ამჯერად კომპანიამ სააგენტოს მხოლოდ პროექტის არქიტექტურული ნაწილის შეთანხმებაზე მიმართა.

ვაჟა-ფშაველას 27 ნომერში მდებარე ბელეტაჟის ტიპის სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სახლს სახურავი გადახდილია და წვიმა აზიანებს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების საფრთხეზე განცხადება საზოგადოება „ბათომმა“ რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და არც ბათუმის მერიას რეაგირება არ მოუხდენია.

სააგენტოს ინფორმაციით, კომპანია Lc -ჯგუფი  ამ სახლის გადახურვისა და მისი რეაბილიტაციის ვალდებულებას აიღებს, კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაუტარებს ასევე ძეგლის გვერდით მდებარე ერთსართულიან ბელეტაჟს.

ვაჟა-ფშაველას #27-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გვერდით კომპანია Lc -ჯგუფი შვიდსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.

პროექტის რენდერი
პროექტის რენდერი

კვარიათში ავტომანქანა გზიდან ზღვაში გადავარდა

კვარიათში ავტომანქანა გზიდან ზღვაში გადავარდა. ავტომანქანაში მყოფი ხუთივე პირი ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს, მათგან სამი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, ორი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხუთიდან ოთხს მძიმე დაზიანებები არ მიუღია, მათ შორის ერთმა მიიღო მოტეხილობები. შემთხვევა გუშინ ღამის 11 საათზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე აღძრულია 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 

ვაჟა-ფშაველას #13-თვის სტატუსის მოხსნის საკითხს სააგენტო მომავალ კვირაში განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 30 ივნისს, ოქტომბრამდე გადადო „მომავლის სახლის“ საჩივრის განხილვა. ამხანაგობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ვაჟა-ფშაველას 13-ში მდებარე ისტორიული სახლი კომპანია „სლავა 2015“-მა უნებართვოდ დაანგრია 2015 წლის ბოლოს. ამხანაგობა კი იმ ოჯახებს აერთიანებს, რომლებიც ამ მისამართზე ცხოვრობდნენ.

პროცესის გადადების მიზეზი კომპანია „სლავა 2015“-ის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის წერილობითი მიმართვა გახდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანია „სლავა 2015“ სააგენტოსგან ითხოვს ვაჟა-ფშაველას #13-თვის ძეგლის სტატუსის გაუქმებას.

„ჩვენთან განცხადება შემოვიდა რამდენიმე დღის წინ. გადაწყვეტილების მისაღებად ერთთვიანი ვადა გვაქვს, მაგრამ სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თეა ონიანმა, საქართველოს კულტურული მემკვდირეობის სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამხანაგობამ „მომავლი სახლი“ დააყენა შუმადგომლობა და მოითხოვა პროცესის გადადება იმ მოტივით, რომ თუკი სააგენტო თავის გადაწყვეტილებას უკან წაიღებს და ძეგლის დაცვაზე უარს იტყვის, სასამართლოში სადავოც არაფერი იქნება.

ამ პროცესამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 ივნისს გადაიდო სხდომა. მაშინ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მოითხოვდა „სლავა 2015“-ის დაჯარიმებას 10 ათასი ლარით იმის გამო, რომ მან ძეგლი პირვანდელი მდგომარეობით არ აღადგინა.  ამ პროცესზე „სლავა 2015“-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ მათი დაჯარიმება უსაფუძვლო გახდებოდა, თუკი თბილისის საქალაქო სასამართლო ვაჟა-ფშაველას 13-თვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას კანონდარღვევად მიიჩნევდა. სააგენტოს მოთხოვნა ახლაც ძალაშია.

ამავე თემაზე:

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

 

 

 

ქუჩები ბათუმში, სადაც პარკირება შესაძლოა აიკრძალოს

ბათუმის ახალი სატრანსპორტო კონცეფციის მიხედვით, რომელიც ბათუმისთვის გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში მზადდება, ჭავჭავაძის, აბუსერიძის, გორგილაძისა და ბარათაშვილის ქუჩებზე კერძო ავტომობილების პარკირება აიკრძალება. მათ ადგილზე კი ავტობუსებისთვის ცალკე ხაზი მოეწყობა, რომელიც მათ შეუფერხებელ მოძრაობას შეუწყობს ხელს. ქალაქის ცენტრალურ ადგილებში პარკირების ფასი ერთი ლარით ან მეტით განისაზღვრება. რა ცვლილებები იგეგმება ახალი კონცეფციით? – „ბათუმელებთან“პროექტის ხელმძღვანელი, ლაშა ნაკაშიძე საუბრობს.

ბატონო ლაშა, რას ცვლილებები იგეგმება ახალი სატრანსპორტო კონცეფციის მიხედვით ქალაქში?

ამ კონცეფციის მთავარი მიზანია პირველი – უსაფრთხოების გაზრდა, მოქალაქეებისთვის გადაადგილების ალტერნატიული საშუალებების შეთავაზება და მესამე – ურბანული ტრანსპორტის უარყოფითი ზემოქმედების შემცირება  გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე. პროექტი მოიცავს შვიდ ძირითად  მიმართულებას – პარკირება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსისტემები, ელექტრონული ტრანსპორტის განვითარება, გადაადგილების მართვა და ა.შ

დავიწყოთ პარკირების თემით, რომელიც საკმაოდ პრობლემურია ქალაქში. როგორ არის ეს საკითხი გადაწყვეტილი თქვენს კონცეფციაში?

პარკირებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრულიად ახალი კონცეფცია. პირველ ეტაპზე ქალაქი უნდა დაიყოს სამ ზონად:  ძველი ბათუმი, ნინოშვილიდან ჭავჭავაძის ჩათვლით მონაკვეთი და ჭავჭავაძიდან ბაგრატიონის ჩათვლით მონაკვეთი. პრინციპი არის შემდეგი, რომ სამივე ზონაში უნდა მოქმედებდეს სხვადასხვა საფასო პოლიტიკა. ერთის მხრივ უნდა შენარჩუნდეს მაცხოვრებლის პარკირების ნებართვა, რომ ადამიანს შეეძლოს საცხოვრებელ არეალში გააჩეროს მანქანა, მაგრამ ეს წლიური პარკირების ნებართვა უნდა მოქმედებდეს მისი საცხოვრებელი ადგილიდან გარკვეულ რადიუსში. როგორც კი ის ამ რადიუსს დატოვებს, მან პარკირების საფასური საათობრივად უნდა გადაიხადოს.

რამდენი იქნება საათობრივი საფასური?

ჩვენ გავაანალიზეთ ევროპაში არსებული პარკირების ფასები, იქაური საშუალო შემოსავლის დონე და საქართველოსთან კოლერაცია როცა გავაკეთეთ, დაახლოებით ერთი საათი, საშუალოდ ერთი ლარი გამოდის. ამ საფასურის დადგენის მთავარი მიზანია, რომ ადამიანს ჰქონდეს ნაკლები სტიმული კერძო ავტომობილით გადაადგილდეს ქალაქში.

ადამიანი, რომელიც ცხოვრობს, ვთქვათ, ბაგრატიონის ქუჩაზე, ან ქალაქგარეთ და მუშაობს ქალაქის ცენტრში, მას მინიმუმ 7-8 საათი მოუწევს ავტომანქანის გაჩერება და ალბათ ყოველდღიურად მოუწევს ამდენივე ლარის გადახდა პარკინგისთვის. როგორ ფიქრობთ, ეს არ შექმნის პრობლემას?

მაშინ უნდა ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეს მოქალაქის არჩევანია. მესმის რომ ეს მტკივნეული რეფორმაა, მაგრამ ეს არის ის გზა, რომელიც ქალაქმა უნდა გაიაროს თუ გვინდა, რომ ჯანსაღი ურბანული ტრანპორტის სისტემა გვქონდეს.

არსებობს ასეთი გამოთქმა – კვალიფიციური მოთხოვნა პარკირებაზე, რაც ნიშნავს, რომ ვისი მოთხოვნა უფრო პრიორიტეტულია პარკირებაზე და ყველაზე უფრო ნაკლებად პრიორიტეტული არის ის ადამიანი, რომელიც სამსახურში მიდის მანქანით და რვა საათით აყენებს ავტომობილს. ის ავტომობილი მინიმუმ იკავებს 15 კვ/მეტრ საზოგადოებრივ სივრცეს რვა საათის განმავლობაში და იმ პარკირების ადგილით სხვა ადამიანი ვეღარ სარგებლობს.

გამოდის, ეს სიტემა აიძულებს ადამიანებს იმგზავრონ მუნიციპალური ტრანსპორტით და კერძო ავტომანქანით?

გარკვეულწილად აიძულებს. თუმცა, ამის პარალელურად, ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაცია, რომ ის გახდეს ადამიანებისთვის მიმზიდველი, უნდა იყოს კომპორტული და უნდა იყოს სწრაფი.  როცა ადამიანი შეამჩნევს, რომ კერძო ტრანსპორტით გადაადგილების დროს მას საცობში ეხარჯება დიდი დრო, მაშინ როცა ავტობუსისთვის არსებობს ცალკე ხაზი და მას არანაირი შეფერხება არ აქვს, დროთა განმავლობაში მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ფინანსურადაც და დროის ეკონომიის თვალსაზრისითაც ისარგებლოს კარგი, გამართული ავტობუსით.

ანუ, ახალი კონცეფციით, ავტობუსის ხაზი ცალკე იქნება?

დიახ. ჭავჭავაძის, აბუსერიძის, გორგილაძის და ბარათაშვილის ქუჩებზე პარკირება უნდა აიკრძალოს და აქ უნდა მოეწყოს ავტობუსის სწრაფი ხაზი, რომელზეც ავტობუსი ივლის შეუფერხებლად. გზაჯვარედინებზე, შუქნიშნების დროს უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი, რომ არ შეფერხდეს და უფრო სწრაფად მივა დანიშნულების ადგილზე, ვიდრე, ვთქვათ, კერძო ავტომანქანა.

 დაახლოებით თუ იცით, რამდენი ავტომანქანა პარკინდება მაგალითად გორგილაძის ქუჩაზე?

გორგილაძეზე როგორც ვიცი 300-მდე ადგილია გამოყოფილი.

და სად მიგყავთ ეს 300 მანქანა და ისინიც, რომლებიც ჩამოთვლილი ქუჩებზე პარკინგდება თუკი მათ ადგილზე ავტობუსის ხაზი გაივლის?

ბუნებრივია, ქალაქის ცენტრში პარკინგი იქნება, თუმცა იქნება ძვირი, რადგან ქალაქის ცენტრში პარკირება არის პრემიუმ ხარისხის სერვისი. ამიტომ, თუ თქვენ გიღირთ საკუთარი ავტომობილით მოძრაობა, მაშინ იმ 1 ლარსაც გადაიხდით საათში.

კონცეფციის მიხედვით, პარკირება უნდა გაკეთდეს ქალაქის შემოსასვლელებში, რადგან იქ ტურისტებმა შეძლონ ავტომობილების გაჩერება და ქალაქის ცენტრში ექსპრეს ავტობუსებით გადაადგილდნენ. პირველ ეტაპზე პარკირება უნდა იყოს უფასო, რადგან ტურისტებისთვის ეს გახდეს სტიმული. ჩვენი სტრატეგიით, ასევე გათვალისწინებულია ქალაქში მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობა თბილისის მოედანზე, იუსტიციის სახლთან და ლეონიძის ქუჩის ბოლოში. თბილისის მოედანზე როცა გადავზომეთ, ერთ საერთულზე  80 ავტომანქანა ეტეოდა. თუმცა, იუსტიციის სახლთან უფრო დიდი მიწის ფართობებია და იქ უფრო დიდი მოცულობის პარკინგის გაკეთება შეიძლება. თუმცა, მრავალსართულიანი პარკირება უნდა ღირდეს უფრო იაფი, ვიდრე ქუჩაზე პარკირება. რაც შეეხება ძველ ბათუმს, იქ მხოლოდ მაცხოვრებლებს უნდა შეეძლოთ ავტომანქანის პარკირება.

კიდევ რას ითვალისწინებს კონცეფცია, რაც მოსახლეობის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული?

ფასი ისე უნდა არეგულიროს მუნიციპალიტეტმა, რომ პარკირების სივრცეების ხუთი პროცენტი იყოს მხოლოდ მუდმივად შევსებული და 15 პროცენტი უნდა იყოს თავისუფალი. ამ შემთხვევაში, როცა ადამიანი ეძებს მოკლევადიან პარკირებას, ყოველთვის იპოვის თავისუფალ სივრცეებს და პარკირების მაძიებელი აღარ შეანელებს საავტომობილო ნაკადს.

მსგავსი კონცეფცია განხორციელებულია რომელიმე ქალაქში თუ ეს კონკრეტულად ბათუმზეა მორგებული?

ბუნებრივია ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. ამსტერდამი, სტრასბურგი, ბარსელონა, ლიონი, პარიზი, ლონდონი – ყველა ამ ქალაქში მოქმედებს მსგავსი სისტემა. ეს გამოცდილება უკვე მრავალი წელია მუშაობს ევროპის ქვეყნებში და მოვარგეთ ბათუმსაც. ამ ქალაქებში სადაც ჩავდივართ, ყველგან თვალშისაცემია ავტომობილებისგან განტვირთული ქალაქის ცენტრები, მაღაზიებია და ღია კაფეებია ძირითადად. ეს მოსწონს ტურისტს. რაც უფრო განტვირთული იქნება ქალაქი ავტომობილებისგან და ეკოლოგიურად სუფთა გარემო იქნება, მით უკეთესი.

ამ კონცეფციაზე უკვე მიღწეულია შეთანხმება მერიასთან თუ კიდევ უნდა მოხდეს მსჯელობა?

შემიძლია ვთქვა, რომ მიდის ძალიან ინტენსიური კონსულტაციები მერიასთან, რადგან ეს პროექტი ჩვენ გავაკეთეთ მერიის დაკვეთით და ცალკე არ გვიმუშავია. მერიაში გვაქვს შიდა სამუშაო შეხვედრები, რომ საბოლო სახე მივცეთ და შემდეგ დიდი იმედი მაქვს, რომ მერია საკრებულოს წარუდგენს დასამტკიცებლად.

2017 წელს მოხდება ამ დოკუმენტის მიღება?

იმედი მაქვს, რომ მაქსიმუმ ერთი თვის ფარგლებში მოხდება ამის მიღება. თუმცა, ეს კონცეფცია გაწერილია 2030 წლამდე და კონცეფციაში გათვალისწინებულია პირველ და შემდგომ ეტაპებზე განსახორციელებლი გეგმები.

პარკირების თემა რომელი ეტაპია?

გორგილაძის, აბუსერიძის, ჭავჭავაძის და ბარათაშვილის ქუჩებზე პარკირების აკრძალვა და ავტობუსების ცალკე ხაზის მოწყობა პირველი ეტაპია, რათა ადამიანები დარწმუნდნენ, რომ ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, ნამდვილად მოქალაქეების ინტერესებშია. საბოლოოდ მოქალაქე რჩება მოგებული და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იცხოვრებს.

 

სოფია ბაკურიძე მაღალმთიან აჭარაში შშმ პირების საჭიროებებს სწავლობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეუღლემ შშმ პირების საჭიროებებზე კვლევის ჩასატარებლად გრანტი მოიპოვა. პროექტი აჭარის მაღალმთიანეთში შშმ პირების სოციალური გარემოს და საჭიროებების შესწავლას ისახავს მიზნად. „ბათუმელები“ სოფია ბაკურიძეს შშმ პირებთან დაკავშირებულ გეგმებზე ესაუბრა.

ქალბატონო სოფია, ინ აფინანსებს, რამდენია ბიუჯეტი და რა პერიოდს მოიცავს პროექტი?

ეს ოთხთვიანი პროექტია, თვენახევარია რაც დავიწყეთ. დაგვაფინანსა „ღია საზოგადოება საქართველომ“. სექტემბერში უკვე გვექნება პროექტის პირველი შედეგი. ჩვენ სხვა პროექტებზეც ვმუშაობთ ესტონელ პარტნიორებთან ერთად, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით.

ბავშთა და ქალთა უფლებებზე სულ ახლახანს დავიწყეთ პროექტი, ჩვენი ესტონელი კოლეგები, ექსპერტები ჩამოდიან, რომლებიც ჩაატარებენ ტრენინგებს და სემინარებს  ფოკუს ჯგუფებთან, ეს იქნება ივლისის დასწყისში. გამოცდილი და კვალიფიკაციის მქონე ადამიანები არიან, ევროკომისიის და ევროკავშირის ფარგლებში მუშაობენ.

ეს პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთის პარტნიორობის თანამშრომლობის ეგიდით. ესტონური მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და აქაც იქნება განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, მათ პრევენციაზე, ფსიქოლოგიურ დახმარებაზე, რეაბილიტაციაზე. ჩვენი  მუშაობა იქნება მიმართული ამ ადამიანების გაძლიერებისკენ… როდესაც ქალი არის ძლიერი, ის არ ეგუება ასეთ მდგომარეობას. მთავარია ინფორმაცია, ადამიანს როცა აქვს ინფორმაცია, მას აქვს არჩევანის საშუალებაც.

სანამ ამ ეტაპამდე მივიდოდით, რომ დაგვეწერა პროექტი, პირველ რიგში აუცილებელი იყო ადამიანური კონტრიბუცია. საქმე რომ დაიწყო, დაიჯერო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია .

თქვენი პროექტები აჭარის მთაში მცხოვრები შშმ პირებისთვის რა ტიპის მხარდაჭერას ითვალისწინებს?

ვფიქრობდით, რით დაგვეწყო, გაგრძელება რომ მოყოლოდა. გვინდა, რომ ეს არ იყოს სტიქიურად განხორციელებული პროექტი, რასაც შემდეგ შედეგი არ ექნება. მივედით იმ დასკვნამდე, რომ უმჯობესი იქნებოდა ჯერ დაგვედგინა  ამ ადამიანების საჭიროებები. შესაბამისად, ჩვენ ვატარებთ კვლევას მაღალმთიან აჭარაში: ხულოში, შუახევსა და ქედაში.

როდესაც დავიწყე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა უფლებების კუთხით მუშაობა, წავაწყდი სხვადასხვა გაუგებარ ნიუანსს, რამაც ჩემში კითხვები გააჩინა. მე პროფესიით ექიმი რადიოლოგი ვარ და ამ მიმართულებით ვმუშაობდი. შემდეგ, როდესაც მე და ზურამ [პატარაძე] სხვადასხვა ქვეყანში დავიწყეთ მოგზაურობა, საბოლოოდ მომიწია სხვა კუთხით განათლების მიღება – იურიდიული განათლება მივიღე და მენეჯმენტის კუთხით წავედი, მაგრამ არასდროს მოვცილებივარ ამ სფეროს, ჩემთვის მთავარი მაინც სამედიცინო მიმართულებაა. შშმ პირთა პრობლემები კი, ასე თუ ისე უკავშირდება ჯანმრთელობის პრობლემას. ვფიქრობ, უნდა არსებობდეს სოციალური მოდელი და ჯანმრთელობის მოდელი – ორი სხვადასხვა მიმართულება უნდა იყოს.

განსაკუთებული საჭიროებების მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით ბევრი პროგრამა მოქმედებს – სახელმწიფო, რეგიონული, მუნიციპალური, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ, ადამიანებმა მართლაც გახსნეს ეს კარები, გამოვიდნენ გარეთ, ადრე არ გამოდიოდნენ, მაგრამ არის რაღაც დეფიციტები, რომლებიც გამომდინარეობს იქედან, რომ ჩვენ არ ვიცით შშმ პირები რა სოციალურ გარემოში ცხოვრობენ, რა პრობლემები აქვთ, როგორი პირობები, სოციალური მოდელით არ გვყავს ისინი შეფასებული… არა მხოლოდ მიზანსწრაფული დედები, მთელი ოჯახი მიმართულია იმისკენ, რომ გარეთ გამოვიდნენ, მათ უნდათ ბავშვების მეტი სოციალიზაცია, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

ადამიანს, რომელიც არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე და ჰყავს მოხუცი მშობლები, ან ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, მას ესაჭიროება სხვა სახის სერვისი. ვინც თავის დროზე ვერ მიიღო ადრეული განვითარების პროგრამა, ვერ მოხვდა სკოლაში, ვერ მიიღო ინკლუზიური განათლება, ახლა უკვე არის როგორც შრომის უუნარო. მათზე სახელმწიფომ სხვანაირად უნდა იზრუნოს.

თქვენი კვლევა მხოლოდ მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს მოიცავს?

ბოლო დროს ისე განვითარდა ყველაფერი, რომ ძირითადი სერვის-პროვაიდერები, რომლებიც ამ ადამიანებს ემსახურებიან, არიან ქალაქში. გვინდა საჭირო სერვისი ადამიანებმა მიიღონ ადგილზე. კვლევის შემდეგ გვეცოდინება, რომ ხულოში არსებობს კონკრეტული პროცენტი ადამიანებისა, ვისაც ესაჭიროება დღის ცენტრი. შემდეგ ეტაპზე პროექტი შეიძლება ჩვენ ვერ განვახორციელოთ, მაგრამ იქნება ერთიანი სივრცე, ერთიანი ინფორმაცია, რომლითაც ყველას შეეძლება იხელმძღვანელოს, მაგალითად, ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა.

ჩვენ ვიცით, რომ მათ რაღაც შეზღუდვა აქვთ, მაგრამ არიან ძალიან ნიჭიერები. ჩვენ თუ ამ ნიჭს დროულად მივხედავთ, წყვეტა თუ არ გვექნება, ანუ დაბადებიდან სამ წლამდე ადრეული განვითარების პროგრამაში მოხვდებიან, შემდეგ უკვე სკოლამდელში, შემდეგ ინკლუზიური განათლების, პროფესიული განვითარების პროგრამაში, ეს მათ ჩამოაყალიბებს როგორც შრომისუნარიან მოქალაქეებს. ეს სახელმწიფოსთვისაც კარგია და სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც.

რა მეთოდით იღებთ ინფორმაციას?

ჩვენ ვიყავით, მაგალითად, ხულოში და იქვე შევარჩიეთ ინტერვიუერები, რომლებიც მიდიან ოჯახებში და იკვლევენ ამ ადამიანის მდგომარეობას: კითხვარი გვაქვს და ამ კითხვარს ავსებენ. მგონი შედეგიანი იქნება. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ინფორმაცია შევაგროვეთ და ვიწყებთ მასალის გადამუშავებას.

მართალია თუ არა, რომ შშმ პირებზე არსებული სტატისტიკური მონაცემები რეალურს არ ემთხვევა?

საქმე იმაშია, რომ ჩვენთან ცნობიერება ამაღლდა, მაგრამ მაინც არსებობენ ოჯახები, რომლებიც ამას მალავენ. არიან მშობლები, რომლებსაც არ უნდათ, რომ მათ შვილს ჰქონდეთ სტატუსი. ეს ჩვენი რეალობაა, ჩვენ გვინდა, ამ მშობლებს, ამ დედებს გავაგებინოთ, რომ რაც უფრო ადრე ჩაერთვებიან პროგრამებში, მით უფრო განვითარდებიან ეს ბავშვები. მშობელთან მუშაობაც მნიშვნელოვანია.

დიახ, ჩვენი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური სტატუსით შეფასება. თუ რას საჭიროებენ და რა არის ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი, ყურადღება მისაქცევი.

შესაძლებელია, რომ შემდეგ უკვე ამ საჭიროებებს თქვენ თვითონ მოარგოთ ახალი პროექტი?

რა თქმა უნდა, ჩანაფიქრიც ეს არის. ძალიან გვინდა, მაგრამ წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის – ხვალ რა იქნება არ ვიცით. მიხარია, რომ ეს პროექტი უკვე დაიწყო. ესეც ძალიან დიდი შრომის შედეგი იყო და, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ გავაგრძელოთ.

 

აზეირბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აფგან მუხთარლის გატაცებაზე

აზეირბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების შესახებ „ბათუმელებმა“ შეკითხვა აზეირბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარერს, ფარჰად აბდულაევს დაუსვა. იგი ბათუმში, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების საერთაშორისო კონგრესის მონაწილეა, სადაც 40-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი.

„მე არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში გაიტაცეს [აფგან მუხთარლი]. ეს ამბავი მხოლოდ მედიისგან გავიგე. ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თითოეულ ჟურნალისტს აქვს თავისი შეხვედულება, ხედვა, სხვებს შესაძლოა ჰქონდეთ სრულიად განსხვავებული ხედვები. ეს უფლება უნდა იყოს დაცული,“ – გვითხრა ფარჰად აბდულაევმა.

ფარჰად აბდულაევმა სხვა კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. მან ასევე კატეგორიული უარი განაცხადა ფოტოს გადაღებაზე.

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი ბათუმში გრძელდება.

 

 

მე და ჩემი მეგობარი [ფოტო]

სპარტაკი და შარლი
სპარტაკი და მარლი
სპარტაკი და ორი წლის მარლი. ყველაზე მეტად სხვა ძაღლები უყვარს, ბრაზდება როცა ბავშვები ხმაურობენ. ძაღლები სპარტაკს ყოველთვის ყავდა, მარლი მან შვილებს აჩუქა, თუმცა ყველაზე მეტ დროს მარლისთან ახლაც თვითონ ატარებს. 
19647934_405528536514827_1949994174_o
ბაჩი და სამი წლის პიტბული ფურია. ფურია ძველრომაულ მითოლოგიაში შურისძიების ქალღმერთის სახელია. ბაჩის ფურიას ყველაზე მეტად ხილი უყვარს – მსხალი და ვაშლი. 
smdnf
ბუბუ და პერსიკი – ესპანური და ამერიკული კოკისპანიელები. ორივე გოგოა. ყველაზე მეტად ერთმანეთი უყვართ, ორივეს საყვარელი სათამაშო პატარა ჭრელი ბურთია. 
19650075_405529299848084_263921029_o
ლინდა და სამი წლის კოკი.
19578789_405529683181379_1869458333_o
გოგიტა და მილა, იტალიური კანე კორსო. მილა მალე ხუთი წლის გახდება, ყველაზე მეტად ოჯახის წევრები უყვარს, განსაკუთრებით – ბავშვები, ხშირად დადის ზღვაზე. მილა არ არის გოგიტას პირველი ძაღლი, მანამდე მას ბულდოგი და ნაგაზები ყავდა, თუმცა მილას გამოყოფს, როგორც უერთგულესს.
19650027_405531339847880_813868679_o
ანრი და სამი თვის რეი. რეის საყვარელი საქმიანობა ყველაფრის ღრღნაა.

რკინიგზა ბათუმი-ქუთაისის და ბათუმი-ურეკის მიმართულებებზე მატარებლებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა პირველი ივლისიდან ტურისტულ სეზონზე ქათაისი-ბათუმის მარშრუტზე ჩქარ მატარებელს ნიშნავს, რომელიც დილით ქუთაისიდან წამოვა და საღამოს ბათუმიდან გავა. მგზავრობის ფასი 6 ლარი იქნება.

„ჩქაროსნული მატარებელი ქუთაისი-ბათუმი ქუთაისიდან გავა ყოველ დღე, დილის 10:25 საათზე. 13:28 საათზე მატარებელი უკვე ბათუმში იქნება. ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით კი მატარებელი 23:25 საათზე გავა და ქუთაისში იქნება ღამის 2 საათზა და 20 წუთზე“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს რკინიგზაში.

ქუთაისიდან ბათუმამდე გზის მონაკვეთში ჩქარი მატარებელი შემდეგ სადგურებში გაჩერდება: რიონი, სამტრედია, საჯავახო, ლანჩხუთი, სუფსა, ურეკი, ქობულეთი, ჩაქვი, მახინჯაური.

იგივე მატარებელი დღის განმავლობაში საგარეუბნო რეისებს გააკეთებს, ბათუმი-ურეკის მიმართულებით. ბილეთის ფასი 4 ლარი იქნება. საგარეუბნო მატარებლის მოძრაობის განრიგია:

ბათუმი – ურეკი – 14:55 საათზე და 19:20 საათზე.

ურეკი – ბათუმი – 16:20 საათსა და 20:45 საათზე.

 

 

ევროსასამართლოში სომხეთის მოსამართლის შეკითხვა თურქ მოსამართლეს ბათუმის კონგრესზე

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის მონაწილეების სასამართლო პროცესის შესახებ შეკითხვა ბათუმის კონგრესზე დაისვა. ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი ბათუმში გრძელდება. დღეს, 30 ივნისს, მოხსენებების მოსმენის პარალელურად, რამდენიმე წუთი დისკუსიას დაეთმო. შეკითხვა მხოლოდ თურქეთში, 2016 წლის ივლისში, სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე დაისვა.

როდის მოახერხებს სასამართლო სამხედრო გადატრიალების მონაწილეების საქმეების განხილვას – შეკითხვა კონგრესის მონაწილემ, სომხეთის მოსამართლემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დაუსვა.

„თითოეულ საქმეს სჭირდება ცალ-ცალკე განხილვა. საქმე შეეხება ათიათასობით მოქალაქეს. ჩვენ საქმე უნდა დაგველაგებია ჯგფების მიხედვით: ზოგიერთი მათგანი არ იყო საერთოდ ჩართული ამ გადატრიალებაში, ზოგიერთი ეხმარეობოდა ტერორისტულ ორგანიზაციებს და ასე შემდეგ. ჩვენი პრინციპი იქნება ის, რომ ყველასთვის გვქნება თანაბარი მიდგომა. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას,“ – უპასუხა შეკითხვას ზუჰთუ არსლანიმ, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

პასუხის მიღების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლემ სომხეთიდან, შეკითხვა განაზოგადა და დისკუსიის მონაწილეების პოზიციების მოსმენით დაინტერესდა თემაზე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეფექტურ საშუალებად აღიარონ საკონსტიტუციო სასამართლო.

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამ საკითხსაც გამოემხაურა და აღნიშნა, რომ საჩივრების განხილვის სისტემამ უნდა იმუშაოს კარგად და ამისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. „სტრასბურგის სასამართლოს ახლა აქვს 90 ათასი მიმდინარე საქმე. ჩვენ, თურქეთს კი, 120 ათასი ინდივიდუალური განაცხადი. როცა 5 წლის წინ საქმეების ინდივიდუალური განხილვის მექანიზმი შემოვიღეთ, საჩივრების რაოდენობა გაიზარდა. ალბათ, კარგად გესმით, რა პრობლემის წინაშე ვდგავართ“, – დასძინა ზუჰთუ არსლანმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა ზაზა თავაძემაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ: „თუ ეროვნულ დონეზე საკონსტიტუციო სასამართლოები იქნებიან უფრო ქმედითები და გამბედავები, ადამიანის უფლებების დაცვა მოხდება უფრო მყისიერად“.

დისკუსიის ნაწილი ამ კითხვა-პასუხით ამოიწურა. საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესი ბათუმში დღეს სრულდება. მოსამართლეები ამჯერად დახურულ ნაწილზე კენჭისყრას ატარებენ – ვინ უნდა იყოს მომავალ წელს კონგრესის მასპინძელი ქვეყანა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამ კონგრესის თავმჯდომარეა 2014 წლიდან. საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც ავსტრიაში კონგრესის თავმჯდომარედ აირჩიეს სამი წლის ვადით.

მთავარი ფოტო – ზუჰთუ არსლანი, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე / ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი ბათუმში

 

ქედის ბიუჯეტი 1,9 მილიონი ლარით გაიზარდა

ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 მილიონ 959 ათას 70 ლარით გაიზარდა. მუნიციპალურ ბიუჯეტში კორექტირების შეტანის საკითხი ქედის საკრებულომ დღეს, 30 ივნისს, განიხილა.

ქედის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ჯემალ ტაკიძის ინფორმაციით, 1 639 000 ლარი  ქედის გამგეობამ აჭარის მთავრობის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიიღო, ხოლო დანარჩენი – 320 070 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტი ელექტრონული ტენდერებიდან მიღებული ეკონომიებითა და ჭარბი შემოსავლით შეივსო.

კორექტირების შედეგად ბიუჯეტში შესული თანხიდან ქედის გამგეობა 693 940 ლარით მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას გეგმავს; 545 060 ლარით – დაბაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის შენობის რეკონსტრუქციის ჩატარებას და საცხოვრებელ სახლად გადაკეთდებას; 20 000 ლარით კი გამგეობა მოქალაქეებისთვის 1 800 მეტრი სასმელი წყლის მილს შეიძენს; ასევე დაფინანსდება ზუნდაგის სავაბშვო ბაღის რეაბილიტაცია და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები.

ბიუჯეტის კორექტირებას მხარი საკრებულოს ოპოზიციამ არ დაუჭირა.

ქედის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან “ ვაჟა ბოლქვაძე აცხადებს, რომ ქედის გამგეობა თანხას არამიზნობრივად ხარჯავს. ამის მაგალითად საკრებულოს წევრს გასულ წელს სოფლების – ხუნკუდა-გულები-ზესოფლის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა მოჰყავს, რომელიც 2016 წელს აშენდა და მისივე ინფორმაციით, აღნიშნული მაგისტრალიდან სასმელი წყლით ამ დრომდე არავის უსარგებლია.

„ბიუჯეტი არჩევნებზეა ორიენტირებული, წყლის მაგისტრალით, რომლის მშენებლობა რეალურად დასრულებულია, დღემდე არავინ სარგებლობს, სოფელში წინასაარჩევნოდ მისვლის მორალური უფლება არ აქვთ. ახლა ამ სამი სოფლის მოსახლეობისთვის მილებს ყიდულობენ, რომ წინასაარჩევნოდ დაურიგონ,“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

ქედის საკრებულოს სხდომა / 30.06. 2017 / ეკა ბარამიძის ფოტოები
ქედის საკრებულოს სხდომა / 30.06. 2017 / ეკა ბარამიძის ფოტოები

19619971_1407719899323712_785504963_o

„მეტრო ჯორჯია“ ბათუმი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობას აძვირებს

10 ივლისიდან ბათუმი-თბილისის მარშრუტზე „მეტრო ჯორჯია“ სამგზავრო ბილეთის ღირებულებას ხუთი ლარით ზრდის, მგზავრებს 25 ლარის ნაცვლად ბილეთში 30 ლარის გადახდა მოუწევთ.

კითხვაზე, რამ განაპირობა ბილეთის გაძვირება, „მეტრო ჯორჯიას“ მარკეტინგის მენეჯერი, ლაშა კენჭაძე პასუხობს, რომ კომპანია ახალი სერვისებისა და ტრანსპორტის დამატებას გეგმავს და ბილეთის ფასის გაზრდა „სერვისის გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული“. იგი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა ახალ სერვისს შესთავაზებს „მეტრო ჯორჯია“ მგზავრებს და რა ხნის განმავლობაში შენარჩუნდება ბილეთის ღირებულება. ლაშა კენჭაძის თქმით, ეს ინფორმაცია 10 ივლისს გახდება ცნობილი.

12 მარტის აქციაზე დაკავებულების ახლობლები ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმში, მთავრობის სახლთან, 12 მარტის აქციის დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს. ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

„შეწყდეს შერჩევითი სამართალი. ესენი არიან შემთხვევით იმ აქციაზე მოხვედრილები და ვინც წვავდა, ქვებს ისროდა და ვინც მართლა იყო დამნაშავე – ვინ დადის ქუჩაში მასკებით? ეს იყო პროვოცირებული. სად არის მთავრობა? საერთოდ თუ ჰყავს აჭარას მთავრობა? რატომ არ გვაქცევენ ყურადღებას – აი, მოსული ვართ და არავინ არ გამოსულა,“ – თქვა „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი დაკავებულის დედამ, ნინო ვარდიძემ.

„მოვითხოვთ, პატარაძის გამოსვლას და ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემას. ეს არის შერჩევითი სამართალი, ვითხოვთ საპროცესო გარიგებას. გაუკეთოს ყველას ექვსთვიანები, იმიტომ, რომ თუ იმ ორ დანარჩენებს გაუკეთეს ექვსთვიანები – ყველას ერთი დანაშაული და ერთი პრობლემა აქვს. ყველას ერთნაირად ედავებოდა პროკურატურა. რა შეიცვალა, რა იყო ამის მიზეზი? სრული საფუძველი გამაჩნია პროკურატურას გამოვუცხადო უნდობლობა, ამიტომ გამოვედით და ვაპროტესტებთ,“ – ამბობს რუსუდან დუმბაძე.

აპირებს თუ არა ზურაბ პატარაძე დაკავებულების ოჯახის წევრებთან შეხვედრას? – აჭარის მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზურაბ პატარაძე ამჟამად ქობულეთში იმყოფება და აქციის მონაწილეებს ოთარ დიასამიძე შეხვდა, მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი.

unnamed (1) unnamed (2)

 

 

ბათუმში სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე დებარე კორპუსში, გარდაცვლილი ქალი იპოვეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქალი, რომელიც აივანზე იყო წაქცეული, მეზობლებმა შენიშნეს ზედა აივნიდან და სამაშველო სამსახურს მიმართეს. სახლის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, აივანზე, ქალთან ახლოს, კონსერვის ქილები იყო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

რა წესით გაიცემა ხელფასები საჯარო სამსახურებში 1-ელი ივლისიდან

პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი ჩაითვალა გარდამავალ პერიოდად, რა დროშიც ახალი კანონმდებლობის გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება, საჯარო მოხელეებზე 2018 წლამდე არ გავრცელდება.

ასეთია, მაგალითად, კანონი, რომელიც შრომის ანაზღაურების [ხელფასი, დანამატი, პრემია] გაცემის მოქმედ წესს საჯარო სამსახურებში 1-ელი ივლისიდან ფაქტობრივად აუქმებს.  ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეს წესი საჯარო მოხელეებზე 2018 წლის 1-ელი იანვრიდან გავრცელდება.

გარდამავალ პერიოდში კი, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირი შრომით გასამრჯელოს [ხელფასს] მიიღებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის №1022-Iს კანონით და მის საფუძველზე მიღებული [გამოცემული] კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესითა და ოდენობით. ეს დღეს მოქმედი წესი და ხელფასის [დანამატი, პრემია] დადგენილი ოდენობებია, რაც სავარაუდოდ, გარდამავალ პერიოდში აღარ შეიცვლება.

გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგ, საჯარო დაწესებულებებში ხელფასებისა თუ საკლასო დანამატების საკითხს დაარეგულირებს ახალი კანონი – „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, რომელიც ჯერ მიღებული არ არის.

საქართველოს მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელისთვის მოხელის კლასების მინიჭების წესი და პირობებიც დაამტკიცა, რომელიც მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ახალი ცვლილებით: „მოხელეს შესაძლებელია მიენიჭოს მოხელის კლასი მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით“. პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობები კი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

კანონში შეტანილი ცვლილებით:

[checklist]

  • საჯარო „მოხელეს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თანამდებობაზე დანიშვნიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. უფლებამოსილი პირის თანხმობით მოხელეს შვებულება შეიძლება ამ ვადის გასვლამდეც მიეცეს. თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წლის გასვლის შემდეგ კი მოხელეს შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს მიეცემა.“
  • 1-ლი ივლისიდან ცვლილებების ამოქმედება იწვევს საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული პირის უფლებამოსილების შეწყვეტასაც. 2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ გამოცხადებული კონკურსებისა და დაწყებული წარმოებების დასრულება. ამასთან საჯარო დაწესებულებებს მიეცათ უფლება გარდამავალ პერიოდში ამა თუ იმ ვაკანსიაზე გამოაცხადონ ღია კონკურსებიც.

[/checklist]

[red_box]„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საბოოლოო ვარიანტით ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:[/red_box]

[crosslist]

  • საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქციის, დროებითი საგამოძიებო კომისიისა და სხვა დროებითი კომისიის აპარატების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციის აპარატის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებზე;
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე;

[/crosslist]

 

რა ტვირთის გადატანა აიკრძალა ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში, გავრცელებული ინფორმაციით, აიკრძალა 16 კგ-მზე მეტი ტვირთის გადატანა ერთი მგზავრის მიერ. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბიძინა ბიბილეიშვილის განცხადებით, აკრძალვა ნამდვილად მოქმედებს, თუმცა ტვირთის წონა ამ აკრძალვასთან კავშირში არ არის.

„შეიძლება ბარგი იყოს 20 კგ და მეტი, მაგრამ მგზავრს ის ისე გადაჰქონდეს, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტში სხვა მგზავრებს ხელს არ უშლიდეს. ჩვენ ავკრძალეთ მხოლოდ არაგაბარიტული ბარგის გადატანა, რომელიც დისკომფორტს უქმნის სხვა მგზავრებს, იწვევს გადაადგილების პარალიზებას, გასასვლელის ჩახერგვას ავტობუსში. ჩვენი საქალაქო ტრანსპორტი ძირითადად გათვლილია ისე, რომ მგზავრთა 2/3 ფეხზე დგას. შესაბამისად, ბარგის გადატანის აკრძალვისას ერთი კრიტერიუმი გვაქვს – დანარჩენი მგზავრების უფლებების დაცვა და მათი თავისუფალი გადაადგილება ტრანსპორტში. იყო შემთხვევები, განსაკუთრებით 16 და 17 ნომერ სამარშრუტო ხაზებზე, როცა ყუთები, ტომრები და ურიკებიც კი ამოჰქონდათ ავტობუსში. ამას ვეღარ დავუშვებთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბიძინა ბიბილეიშვილმა.

მიმდინარე წლის 11 მაისიდან შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავს. ყოფილმა დირექტორმა, პაატა დუმბაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ არის ბათუმის მერიის შპს და მის დირექტორს ქალაქის მერი ნიშნავს.


ავტობუსი

საკრებულოში „აჭარა ფეშენ ვიკის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს

დღეს, 30 ივნისს, ბათუმის საკრებულოს წევრებმა მოდის კვირეულის „აჭარა ფეშენ ვიკისა“ და კონკურსის – „მის და მისტერ პლანეტას“  წარმომადგენლებს მოუსმინეს. საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო, ორგანიზატორებს წარმოედგინათ არგუმენტები, თუ რატომ უნდა დაფინანსდეს  აღნიშნული ღონისძიებები  თვითმმართველობის ბიუჯეტიდან.

ორგანიზატორებმა  პროექტის პრეზენტაციას წინა წლებში ჩატარებული ღონისძიებების ვიდეოკადრებიც დაურთეს.

„აჭარა ფეშენ ვიკის“ ორგანიზატორის, ეკა მგალობლიშვილის აზრით,  ამ ღონისძიების სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ, რადგან კონკურსი საერთაშორისოა, ის ტურისტული თვალსაზრისით ბათუმის ცნობადობას შეუწყობს ხელს.

„ამ კონკურსში მონაწილე პირები, რომლებიც შარშან მონაწილეობდნენ  კონკურსში,  კონკურსის შემდეგ მეგობრებით, ოჯახებით ჩამოვიდნენ ბათუმში და, ვფიქრობ, ეს ქალაქისთვის, ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია.

მოდის კვირეულის „აჭარა ფეშენ ვიკის“ და კონკურს „მის და მისტერ პლანეტას“ პრეზენტაცია საკრებულოში
მოდის კვირეულის „აჭარა ფეშენ ვიკის“ და კონკურს „მის და მისტერ პლანეტას“ პრეზენტაცია საკრებულოში.

გარდა ამისა, კონკურსის მსვლელობის დროს და შემდეგაც იმართება პრესკონფერენციები, იწერება ინტერვიუები და ეს ინფორმაცია მსოფლიოს ასამდე ქვეყანაში ვრცელდება, რომლებიც ამ კონკურსში იღებენ მონაწილეობას,“ – ამბობს ეკა მგალობლიშვილი.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მხრიდან მიზერულ დაფინანსებაზეა საუბარი, რომელიც მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარებაზე იხარჯება. https://batumelebi.netgazeti.ge/news/85723/#sthash.sYg9d0Oq.dihA8dB2.dpbs

„მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ბათუმის მუნიციპალიტეტი, ყველა ქართველი უნდა დამიდგეს მხარში, როცა საქმე მსოფლიოს ეხება. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად უნდა წარსდგეს, რომ აქ ჩამომსვლელებს კიდევ მოუნდეთ საქართველოს ნახვა და ჩამოსვლა“.

ორგანიზატორების აზრით, მოდის კვირეული ქალაქის ტურისტულ ცნობადობას გაზრდის
ორგანიზატორების აზრით, მოდის კვირეული ქალაქის ტურისტულ ცნობადობას გაზრდის.

საკრებულოს წევრის ნინო ბერაძის თქმით, აღნიშნულმა პროექტმა ბიუჯეტიდან ერთხელ უკვე მიიღო მხარდაჭერა და ამჯერად ფინანსური წყაროები მათ სხვაგან უნდა მოეძიათ.

„რესპუბლიკელი“ თემურ ყურაშვილის აზრით, პროექტი ბიზნესზეა ორიენტირებული, ამიტომ ის ფინანსურ მხარდაჭერას ბიუჯეტიდან არ უნდა იღებდეს.

საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ამბობს, რომ მას გადაწყვეტილების  მისაღებად გარკვეული ინფორმაციის მოძიება სჭირდება: „უნდა მოვიძიო ინფორმაციები რა თანხები იხარჯება რეალურად  ჩვენი ქვეყნის უცხოეთში რეკლამირებაზე, რომ შედარებები გავაკეთო, თუ რამდენად უღირს ბათუმის მუნიციპალიტეტს, თუნდაც სარეკლამო კუთხით ამ ღონისძიების დაფინანსება,“ – ამბობს ის.

პრეზენტაციას საკრებულოს უმრავლესობის წევრებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი სხდომაზე მიიღებენ, როდესაც  ღონისძიების დაფინანსების საკითხი კენჭისყრაზე დადგება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის ნათია აფხაზავას შეფასებით,  თვითმმართველობას გააჩნია სამწლიანი პრიორიტეტების დოკუმენტი და სწორედ ამ მიმართულებით უნდა მუშაობდეს ის.

DSCN7400

„ამ დოკუმენტში  მსგავსი ტიპის ღონისძიებების დაფინანსება შეტანილი არ არის. უფრო მეტიც, წინა მოწვევის საკრებულოს წევრების მხრიდან იყო ინიციატივა, რომ ამ ტიპის ღონისძიებები ჩასმულიყო  ბიუჯეტში, თუმცა მაშინაც ითქვა საჯარო განხილვებზე, რომ ეს არ არის ქალაქის პრიორიტეტი.

რაც შეეხება დღევანდელ განხილვას,  ვფიქრობ, მერიას თავიდანვე უნდა განესაზღვრა და არ მიეღო წინადადადება ამ ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ავირჩიეთ ფესტივალები – კინოფესტივალი,  ანიმაციური ფესტივალი და ქალაქმა ასევე განსაზღვრა თავისუფალი პროექტების მხარდაჭერა, სადაც ასევე განსაზღვრა, რომ მხარს უჭერს ინოვაციურობას და ქალაქის ახალი ხედვის ჩამოყალიბებას, რასაც ამ კონკრეტული ღონისძიებების შემთხვევაში  ვერ ვხედავთ,“ – გვეუბნება ის.

დააფინანსებს თუ არა „აჭარა ფეშენ ვიკის“ და „მის და მისტერ პლანეტას“ კონკურსებს ბათუმის საკრებულო, მომდევნო სხდომაზე გახდება ცნობილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ბათუმის საკრებულოს მუშაობას აკვირდებიან, მიაჩნიათ, რომ ქალაქის ბიუჯეტი მსგავსი ტიპის ღონისძიებებს არ უნდა აფინანსებდეს.

 

 

რატომ ითხოვენ მოქალაქეები საპატრიარქოს დაფინანსების წესის ცვლილებას [ვიდეო]

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ინტერნეტ-გადაცემა შეუზღუდავი სივრცე.
სტუმარი: რესპუბლიკური პარტიის წევრი, იურისტი – თამარ კორძაია.
წამყვანი: მალხაზ ჭკადუა.

გადაცემა მზადდება ფონდ NED-ის მხარდაჭერით.

მოსწავლე და მასწავლებელი დღეს [ვიდეო]

სიუჟეტის თემა ეხება დღევანდელ რეალობაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არსებულ დამოკიდებულებებს. ამ თემაზე გულწრფელ საუბარს ბევრი რესპოდენტი ერიდება, თუმცა არიან ისეთებიც ვინც პრობლემებზე ღიად საუბრობს.

 

სიუჟეტი მომზადებულია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, ფონდ NED-ის (ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის) მხარდაჭერით.

ქობულეთის ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]

არასამთავრობო ორგანიზაცია “ღირსეული სიბერე” ქობულეთში 2009 წლიდან მუშაობს, მისი მიზანი ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და საზოგადოებაში მათი ინტერესების ლობირებაა.
სიუჟეტიდან თქვენ გაიგებთ ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ბენეფიციარები თავად ჰყვებიან საკუთარი წარმატებისა და პრობლემების შესახებ. რაში ეხმარება ორგანიზაცია მათ და როგორია მისი წვლილი ხანდაზმულთა მიმართ არსებული რეალობის გაუმჯობესებაში.


სიუჟეტი მომზადებულია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, ფონდ NED-ის (ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის) მხარდაჭერით.

დღეს „ქობულეთობა“ აღინიშნება

დღეს, 30 ივნისს, ქობულეთში სახალხო დღესასწაული – „ქობულეთობა“ აღინიშნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით სახალხო ზეიმი ქობულეთის ცენტრალურ პარკშია დაგეგმილი. ღონისძიებაზე გამოვლინდებიან საპატიო ქობულეთელები, დაჯილდოვდებიან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მიმდინარე სასწავლო წლის წარმატებული კურსდამთავრებულები. ცენტრალურ პარკში გამოფენენ ცნობილი ქობულეთელების პორტრეტებს. დღესვე პოლონეთის ქალაქ ობორნიკთან საზეიმო ვითარებაში გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.  ღონისძიებას პოლონეთის ელჩი საქართველოში, ანდჟეი ჩიეშკოვსკი ესწრება.

ქობულეთობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ პარკში გამოიფინება ადგილობრივი ნაწარმი, ქობულეთის ღვინის სახლი სტუმრებს ადგილობრივი გასტრონომიითა და კულინარიული ნაწარმით გაუმასპინძლდება, თვითმმართველი ერთეულები კი წარმოდგენილი იქნებიან მათთვის დამახასიათებელი საგამოფენო კუთხეებით. ამფითეატრში გაიმართება საბავშვო და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, პარკის ტერიტორიაზე კი – იმიტირებული ქობულეთური ქორწილი. დღის ბოლოს, 19:00 საათზე, ცენტრალურ პარკში  დაგეგმილია ფერების ფესტივალი. სახალხო ზეიმი 20:00 საათზე გალა კონცერტით დასრულდება.

ამავე თემაზე: 4 გოჭი და 200 ტოლმა 110 პერსონაზე – ქობულეთი სეზონის გახსნისთვის ემზადება

 

ნაგავსაყარი ბათუმის იუსტიციის სახლთან [ფოტოამბავი]

ბათუმში, ახალ ბულვართან ახლოს, იუსტიციის სახლის უკან ტერიტორია ნაგავსაყარადაა ქცეული. სამშენებლო ნარჩენების გარდა აქ საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც ყრია.

როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო
როინ გუნდაძის ფოტო

შპს „სანდასუფთავებაში“ ამბობენ, რომ პირველ ივლისს, შაბათს, ამ ტერიტორიის დასუფთავება იგეგმება.

განაჩენის გამოცხადებამდე პროკურორმა ბრალი უკან წაიღო

მოსამართლე ირაკლი შავაძეს პროკურორმა გადაწყვეტილების მიღება დაასწრო. პროკურორს დღევანდელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ზურაბ კონცელიძემ მის ნაცვლად თქვა, რომ ბრალზე საერთოდ უარს ამბობს.

საქმე იაგო ცივაძის ბრალდებას ეხება. ის 2015 წელს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების გამო. სამართალდამცველებმა იარაღი ავტომანქანის სავარძლის ქვეშ იპოვეს. იაგო ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

ექსპერტიზის დასკვნამ პროკურატურის ბრალდება ამ საქმეში კითხვის ნიშნები გააჩინა. დასკვნის მიხედვით, იარაღის შეფუთვაზე დაფიქსირებული თითის ანაბეჭდები არ დაემთხვა ბრალდებულის დნმ-ს. ანაბეჭდი პოლიციის საიდუმლო თანამშრომლის, ე.წ. კონფიდენტის აღმოჩნდა. მან მოსამართლეს უთხრა, რომ შემთხვევით შეეხო იარაღს ბრალდებულის ტაქსში.

საქმეს თავდაპირველად მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა. 2015 წლის ბოლოს ეს მოსამართლე ხელვაჩაურში გადაიყვანეს და საქმე ირაკლი შავაძეს დაეწერა. მან საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო.

დღეს, 30 ივნისს, მოსამართლე ირაკლი შავაძეს ბოლო სამუშაო დღე აქვს სისხლის სამართლის კოლეგიაში. ხვალიდან იგი სამოქალაქო საქმეებს განიხილავს. თუკი პროკურორი დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდებოდა, ან დასკვნით სიტყვაზე უარს იტყოდა, მაშინ საქმეს ისევ ახალ მოსამართლეს გადააბარებდნენ.

წინა სასამართლო პროცესზე პროკურორმა ლევან მურვანიძემ დასკვნით სიტყვაზე უარი თქვა. განმარტა, რომ ამისთვის მზად არ იყო და ივლისამდე არც ექნებოდა დრო საბრალდებო სიტყვის სათქმელად. ადვოკატებმა მაშინ თქვეს, რომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მიღების შესაძლებლობა არსებობდა და პროკურატურა საქმეს მიზანმიმართულად აჭიანურებდა.

მოსამართლე ირაკლი შავაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ორწლიანი დავის შემდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა იაგო ცივაძის მიმართ შეწყდა.

იაგო ცივაძის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატები პაატა შავაძე და პაატა ბოლქვაძე იცავდნენ.

რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ ორწლიანი დავის შემდეგ საქმის შეწყვეტა? – პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ გვითხრა, რომ იმაზე მეტს ვერ გვეტყოდა, რაც სასამართლო სხდომის დარბაზში თქვა.

“იაგო ცივაძის მიმართ დარღვეულია სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების უფლება,” – ასე შეაფასა პროკურატურის მოულოდნელი გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ პაატა დიასამიძემ – “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”იურისტმა. ეს ორგანიზაცია იაგო ცივაძის სასამართლო პროცესებს აკვირდებოდა.

პაატა დიასამიძე ხაზს უსვამს პროკურატურის დასაბუთებას იმის შესახებ, რომ მტკიცებულებები, რაც საქმეში თავად პროკურატურამ წარმოადგინა ვერ აკმაყოფილებდა “გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს”.

ხომ არ აარიდა თავი პროკურატურამ საქმის შეწყვეტით გამამართლებელ განაჩენს? – პაატა დიასამიძე ამბობს, რომ უცნობია, რას გადაწყვეტდა სასამართლო, თუმცა აშკარა იყო, რომ საკმარისი მტკიცებულებები ამ საქმეში გამამტყუნებელი განაჩენისთვის არ არსებობდა.

იაგო ცივაძეს შეუძლია სამოქალაქო წესით იდავოს პროკურატურის წინააღმდეგ და მოითხოვოს მატერიალური ზიანის მიღება.

“ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, ვიდავებ თუ არა პროკურატურის წინააღმდეგ. რაც მთავარია, ეს პროცესი მორჩა,” – გვითხრა სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა იაგო ცივაძემ.

 

 

 

კლიპები აჭარაზე, რომლებიც „ბიბისიზე“ და „ევრონიუსზე“ გავა

„აჭარის ფერები“ – ასე ჰქვია ახალ ვიდეოკლიპს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით გადაიღო სარეკლამო კომპანია JWT METRO-მ. კლიპისათვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა კომპანიას 125 000 ლარი გადაუხადა გამარტივებული შესყიდვით.

დეპარტამენტის შეკვეთით კიდევ ერთი ახალი კლიპი – „მწვანე აჭარა“ გამოვიდა, რომლის მოსამზადებლადაც ტურიზმის დეპარტამენტმა 35 000 ლარი გადაიხადა. ვიდეორგოლი სარეკლამო კომპანია LOOK PRODUCTION-მა გადაიღო.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სულ ამ ეტაპისთვის  4 ვიდეორგოლია გადაღებული, რომელსაც ტურისტები 16 სამიზნე ქვეყანაში ნახავენ, როგორც ინტერნეტ და სოციალური მედიის საშუალებით, ასევე საერთაშორისო მედიით. ტურიზმის დეპარტამენტს ხუთი ვიდეორგოლის გადაღება აქვს დაგეგმილი, რისთვისაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს ჯამში 350 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ამბობს, რომ დეპარტამენტი უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით ხელმძღვანელობს. მისი თქმით, თანხა, რაც დეპარტამენტმა ახალი კლიპისათვის – „აჭარის ფერები“ – გადაიხადა, კლიპის საბაზრო ღირებულებაზე ბევრად მცირეა, შემსრულებელი კომპანიის გამოცდილებიდან და ფასებიდან გამომდინარე. კითხვას, რატომ შეისყიდა კლიპი დეპარტამენტმა გამარტივებული წესით, სულხან ღლონტი ასე პასუხობს:

სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი

„შესყიდვების სააგენტომ გაგვიმარტივა შესყიდვები და ვიყიდეთ გამარტივებულად. კლიპების შემთხვევაში, ძირითადად, სახელწიფო ამ გზას ირჩევს, რადგან აქ არის საქმე არა მხოლოდ ფასზე, არამედ კრეატივზე, ტექნიკურ მახასიათებლებსა და ხარისხზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ პროდუქტს მსოფლიოს 16 ქვეყნის ბაზარზე ნახავენ, მათ შორის „ევრონიუსზე“ და „ბიბისიზე“ , რომელთანაც კონტრაქტებს ჩვენ ახლა ვამზადებთ. „მწვანე აჭარა“ და „აჭარის ფერები“ არის პროდუქტი, რომელიც ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს აჭარაში. ეს არის კლიპები, რომლებზეც, პრაქტიკულად ნეგატიური შეფასება არ ყოფილა, არც სოციალურ ქსელში, არც პროფესიონალებში. კლიპი გუშინ დავდეთ და ერთ დღეში ნახა ნახევარ მილიონზე მეტმა მომხმარებელმა სხვადასხვა ინტერნეტგვერდზე, ისე, რომ ჩვენ არც ერთი თეთრი არ დაგვიხარჯავს [ინტერნეტრეკლამისთვის].

ჩვენი რეგიონის მთავარი კონტრიბუტორი არის ტურიზმი, განხორციელებული ინვესტიციების 40 პროცენტი მოდის ტურიზმზე, ყველაფერი რეგიონში უკავშირდება ტურიზმს და ჩვენ, სამწუხაროდ, ტურიზმისთვის არ ვხარჯავთ ბიუჯეტის ერთ პროცენტსაც კი. გვინდა ტურისტი, მაგრამ გვენანება თანხის დახარჯვა კლიპებში, გვინდა ტურისტი, მაგრამ სარეკლამო კამპანიები გავაკეთოთ თუ არ გავაკეთოთ – სულ ამ დისკუსიაშია საზოგადოება. ჩვენ დაგვხვდა ბიუჯეტი და შევასრულეთ ბიუჯეტი. მე ვთვლი, რომ ძალიან ხარისხიანად“.

სულხან ღლონტი ამბობს, რომ დეპატამენტი ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს სამ საერთაშორისო მედიაორგანიზაცისთან, კლიპების ეთერში განთავსებასთან დაკავშირებით. ამისათვის დეპარატამენტი 250 000-ზე მეტ  დოლარს დახარჯავს.

„ევრონიუსზე“ მზადდება 11-კვირიანი კონტრაქტი, რომელიც გულისხმობს კლიპის რამდენჯერმე გაშვებას დღის განმავლობაში, ასევე, სიუჟეტებისა და რეპორტაჟების მომზადებას აჭარის შესახებ. ახლა მიდის საუბარი კონტრაქტზე. ასევე საუბარია „ემბისი“-ზე, რომელიც ფარავს არაბულ ქვეყნებს“, – ამბობს სულხან ღლონტი.

დეპარტამენტი კიდევ ერთი კლიპის გადაღებას გეგმავს, რომელიც, სავარაუდოდ, 2017 წლის ბოლოს გამოვა და ტურისტებს აჭარაში მოუხმობს ახალი წლის შესახვედრად. ჯამში 2017 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 16 სამიზნე ქვეყანაში რეგიონის რეკლამირებისათვის 4, 765, 000  ლარს დახარჯავს.

ბათუმში უახლოეს დღეებში ცხელი ამინდია მოსალოდნელი

უახლოეს დღეებში ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, პირველ ივლისს, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში დღისით 25-30, ღამით კი 20-25 გრადუსი იქნება.  მთაში – დღისით 23-28 და ღამით 10-15 გრადუსი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა ორი-სამი გრადუსით მოიმატებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ზღვის წყლის ტემპერატურა ამჟამად 23,5  გრადუსია.

იყიდება ორსართულიანი სახლი ჩაქვში, ზღვასთან ახლოს

დაბა ჩაქვში, ზღვიდან 7 მეტრში, იყიდება 1100 კვ/მ მიწის ნაკვეთი ორსართულიანი სახლით, ციტრუსის ბაღით, გაზონით, დიდი ოვალური შადრევნით, რომელიც ზღვას გადაჰყურებს.

ფასი შეთანხმებით.

მობ.: 577 55 02 07 გიორგი; 595 59 78 00 თემური.

19650344_1570357259663274_1602101318_o

 

Exit mobile version