მთავარი,სიახლეები

„ნაციონალური მოძრაობა“: მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება

20.10.2017 • 1784
„ნაციონალური მოძრაობა“: მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება

„ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი მირტად ქამადაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია გაყალბებისთვის ემზადება. ამის შესახებ მან დღეს, 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელვაჩაურში, 23 და 32-ე უბნებში კომისიის თავმჯდომარეებად დანიშნული არიან ლელა ვერძაძე და ლია ბეჟანიძე:

„ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წინა არჩევნებზეც იყვნენ კომისიის თავმჯდომარეები და ნაცვლად კანონმდებლობით დადგენილი წესისა, შემაჯამებელ ოქმებს წერდნენ „ქართული ოცნების“ შტაბში და ამის ვიდეომასალა ჩვენ გამოვაქვეყნეთ მაშინ.

ამის შემდეგ, ოლქმა მათ საყვედური გამოუცხადა, თუმცა, ეს ადამიანები ისევ მოგვევლინენ კომისიის თავმჯდომარეებად იმავე უბნებში, მიუხედავად იმისა, რომ წინა არჩევნებზე კანონი დაარღვიეს“  – ამბობს მირდატ ქამადაძე.

ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძე, კი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ 23-ე და 32-ე უბნების კომისიის თავმჯდომარეების მიმართ, არანაირი დისციპლინარული პასუხისმგებლობა არ ყოფილა გატარებული. „ასეთებს ჩვენ კომისიის თავმჯდომარეებად არ ვირჩევთ. ამ პირების მიმართ კი დისციპლინარული პასუხისმგებლობა არ ყოფილა გატარებული, არც წინა არჩევნებზე და არც სხვა დროს.“-გვეუბნება ოლქის თავმჯდომარე.

მირდატ ქამადაძის თქმით, პრობლემებია გადასატან ყუთებთან დაკავშირებითაც. „მაგალითად 72-ე უბანზე გადასატან ყუთზე რეგისტრირებულია ვინმე თამარ ბალაძე, რომელიც ჩანაწერის მიხედვით ლუკა ასათიანის 94 ნომერში ცხოვრობს, თუმცა  მისამართის გადამოწმების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ამ მისამართზე არსებობს სასტუმრო. მეპატრონე აცხადებს, რომ ამ მისამართზე კერძო პირები რეგისტრირებული არ არიან, მათ შორის არც თამარ ბალაძე. ეს იმას ნიშნავს, რომ გადასატან ყუთებზეც სიები შედგენილი აქვთ არასწორად. მიწერილი ჰყავთ ადამიანები, რომელთა ხმებსაც გამოიყენებენ მათ სასარგებლოდ“ – აცხადებს ქამადაძე.

მისი თქმით, პრობლემად რჩება უცხო პირების მიწერის ფაქტები სხვადასხვა მისამართებზე. „მაგალითად დავით გურამიშვილის 9-ში რეგისტრირებულია ცარუკიანი ჟანა, რომელიც აცხადებს, რომ მის მისამართზე სამი კონცელიძეა მიწერილი. ის ამბობს, რომ კონცელიძეებს მის მისამართზე არასდროს უცხოვრიათ და მათ შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ასეთი მიწერილი პირები არიან მამია ვარშანიძის მეოთხე ჩიხშიც. დაახლოებით 7 ათასამდე პირია მიწერილი არარსებულ მისამართებზე“ – აცხადებს მირტად ქამადაძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: