მთავარი,სიახლეები

უკანონო მშენებლობა სარფში

20.10.2017 • 2866
უკანონო მშენებლობა სარფში

სოფელ სარფში, კალენდერეს უბანში, საიდანაც ზღვის ხედით ულამაზესი პეიზაჟი იშლება, ბიზნესმენი დიმიტრი ტვილდიანი სასტუმრო კომპლექსს აშენებს. მან ნაკვეთი  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე იყიდა და მშენებლობაც წამოიწყო. ბიზნესმენს იმაზე არ უფიქრია, რომ მშენებლობის წამოწყებას სამშენებლო პროექტის მუნიციპალიტეტის  არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმება და შესაბამისი ნებართვა სჭირდებოდა.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ნაკვეთის მესაკუთრემ ადგილზე სასტუმრო კომპლექსის საფუძვლის ჩაყრის სამუშაოები ისე დაასრულა, რომ ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურმა არ იცოდა, ვიდრე ადგილობრივმა მოსახლეობამ საკრებულოს ოპოზიციას არ მიმართა.

„ … არ დაგვიჯარიმებია, რადგან ეს ადგილი ბათუმს ეკუთვნოდა. შემდეგ როცა კოდი შეიცვალა და ადგილი ხელვაჩაურის საკუთრებაში დაფიქსირდა, მივედით და მივეცით გაფრთხილება, მშენებლობა შევაჩერებინეთ. თუ ერთ თვეში ნებართვას არ წარმოადგენს, დავაჯარიმებთ,“- განმარტა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გია ქურიძემ.

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებელი ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურსაც გაუფრთხილებია: „დავაჯარიმეთ 3000 ლარით. მშენებლობა ზუსტად ორი მუნიციპალიტეტის საზღვარზე იყო დაწყებული, რამაც შექმნა გაურკვევლობა“.

დიმიტრი ტვილდიანს საფუძვლის ჩაყრის სამუშაოებისთვის ადგილობრივი მშენებლები დაუქირავებია, მათი თქმით ბიზნესმენი დიდ სასტუმრო კოპლექსს აშენებს. გარდა ამისა, მას გაჰყავს 15 კმ სამანქანო გზა ტყემდე. მუშებმა ისიც თქვეს, რომ ამ მშენებლობის დასათვალიერებლად საქართველოს პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილიც იმყოფებოდა.

ხელვაჩაურის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, დიმიტრი ტვილდიანმა სარფში შეძენილ ნაკვეთზე მშენებლობის მისაღებად დოკუმენტები უკვე წარადგინა, თუმცა ჯერ შესაბამის სამსახურს გადაწყვეტილება არ მიუღია.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დიმიტრი ტვილდიანმა სარფში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 2670 არსასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი 2017 წლის მარტში დაირეგისტრირა.

მშენებლობის ადგილის მიმდებარედ საფლავებია.

ბიზნესმენს ტელეფონი გამართული აქვს.

დიმიტრი ტვილდიანი პროფესიით ექიმია და ის ამ დრომდე სამედიცინო ბიზნესით იყო დაკავებული. დიმიტრი ტვილდიანი ქართულ-ამერიკული დიაგნოსტიკური ცენტრისა და შპს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის დამაარსებელი და მფლობელია.

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: