ნეტგაზეთი • RU

კახაბერი: მე ვარ პირველი აჭარელი, რომელმაც ბათუმი გახადა პოპულარული

ბათუმის მერობის კანდიდატს, კახაბერ ცისკარიძეს ბათუმში არც საარჩევნო შტაბი აქვს და არც ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია. ამბობს, რომ საკუთარ პოსტერებს თავად აკრავს ქალაქში და ასე ამომრჩეველსაც ხვდება. უკმაყოფილოა, რომ მედიით ხშირად არ ეძლევა საშუალება ამომრჩეველს საკუთარი აზრი გაუზიაროს და მიიჩნევს, რომ ბათუმის მერობის კანდიდატებს შორის იგი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია. რატომ გადაწყვიტა კახაბერმა მერობა? – ამბობს, რომ მასზე უკეთ ბათუმის პიარზე მერობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ იზრუნებს და უნდა დაამსხვრიოს მოსაზრება, რომ არტისტი არ შეიძლება იყოს მერი. „ბათუმელებმა“ კახაბერ ცისკარიძეს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა. 

კახა, ბათუმის მერობის კანდიდატად წარგადგინათ „საქართველოს ერთობის და განვითარების პარტიამ“. თქვენ შესთავაზეთ, რომ მათი კანდიდატი გახდებოდით თუ თვითონ დაგიკავშირდნენ?

იცით ალბათ, რომ დამოუკიდებლად მინდოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ეს ვერ მოხერხდა და კანონიდან გამომდინარე, პარტიას უნდა წარვედგინე მერობის კანდიდატად. გადავხედე ყველა პარტიას და ვნახე პარტია, რომელსაც ეწერა „ერთობისა და და განვითარების პარტია“. ეს ჩემი სლოგანიცაა, ერთობას ვთავაზობ ყველას, პოზიციასაც და ოპოზიციასაც ჩემი მერობის შემთხვევაში. ძალიან მომეწონა, დავუკავშირდი, გავესაუბრე, მოვუყევი სიტუაცია, გადავხედე მათ პროგრამას, მომეწონა მათი ხედვები და ერთმანეთს კარგად გავუგეთ.

ჩემმა მონაწილეობამ ამ არჩევნებში მინდა დააფიქროს სხვა, განათლებული ადამიანებიც.  მათი ამბიცია მინდა გამოვაცოცხლო. რეალურად, მათი უმოქმედობის გამო, მთავრობაში მოდიან ისეთი ადამიანები, რომელთა შეცვლას ელოდებიან მერე ოთხი წელი. ბევრად ღირებული ადამიანები არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში.

ჩემი შეხედულებები განსხვავდება პოლიტიკოსების შეხედულებებისგან. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც დიდ პოლიტიკაზე მაქვს პრეტენზია ამ ეტაპზე. მე აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რომ ბათუმის მერი არ არის სავალდებულო, რომ იყოს პოლიტიკოსი. თუ გადახედავთ ჩემს ვიდეომიმართვებს, რატომღაც ისე მოხდა, რომ ცენტრალური ტელევიზიები იგნორს აკეთებენ ჩემს მონაწილეობაზე, უკვე ჩაატარეს ორი დებატები ბათუმის მერობის კანდიდატებთან ერთად „რუსთავი 2“-ზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მე არ ვიყავი მიწვეული. ველოდები, დამიძახებს თუ არა აჭარის ტელევიზია. მიზეზი ის იყო, რომ მე „არაკვალიფიციური კადრი“ ვარ. ვერ ვიქნები კვალიფიციური,  ვერ ექნებათ ჩემი რეიტინგი, რადგან რეიტინგები შედგა მაშინ, როცა მე არ ვიყავი დასახელებული მერობის კანდიდატად. როგორ შეუძლიათ ამ შემთხვევაში იცოდნენ, მაქვს თუ არა რეიტინგი. მე ვთვლი, რომ თუ ვინმე რეიტინგულია ბათუმის მერობის კანდიდატებიდან, ვარ მე. ყველაზე ცნობადი და ყველაზე პოპულარული ვარ მე, ამიტომ უფრო მეტი საშუალება უნდა მოეცა მედიას ჩემთვის ჩემი მოსაზრებები გამეზიარებინა მოსახლეობისთვის და არა ის, რასაც ახლა ცდილობენ პოლიტიკოსები, იმიჯი შემიქმნან, რომ მე ვარ მხოლოდ მუსიკოსი, ხელოვანი. ასეთი დამოკიდებულება ხელოვანი ადამიანების მიმართ კიდევ ერთი მიზეზია ჩემი ამ სფეროში შემოსვლის, მე უკვე ვცვლი ამას.

კახაბერ ცისკარიძე. ფოტო „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან კახაბერ ცისკარიძე. ფოტო „ფეისბუქის“ პირადი გვერდიდან

თუმცა პარლამენტში არიან ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები…

მოდი, დავაკონკრეტებ – შემოქმედი, ქმნილების ავტორები, ძალიან ცოტანი არიან. მე შემოქმედი ადამიანი ვარ, ადამიანი, რომელიც ქმნის, რომელიც ყოვლისშემქმნელმა დააჯილდოვა ნიჭით და ეს ეხება ქმნილებას, შემოქმედებას. თუნდაც ის, რომ მე პოსტერები დამიჯდა 200 ლარამდე თანხა და ზოგს 300 ათასი აქვს გადახდილი… უკვე შემოქმედებამ მოიგო აქ, იმიტომ, რომ ბევრად საინტერესოა, ბევრად არაგამაღიზიანებელი, ჩემს პოსტერთან ხალხი მიდის ახლოს, სურათებს იღებენ და „ფეისბუქში“ დებენ. პირველი პრეცენდენტია ეს, საერთოდ ამოვატრიალე წინასაარჩევნო კამპანია თუნდაც პოსტერების სახით. მე ვამსხვრევ სტერეოტიპებს. დიახ, ქალაქ ბათუმის მერი არ არის აუცილებელი იყოს პოლიტიკოსი.

„მერი ან უნდა იყოს პოლიტიკოსი ან კარგი მეურნე“ – გავრცელებული შეხედულება მერის პოსტის შესახებ  ასეთია. თქვენ ამბობთ, რომ პოლიტიკოსი არ ხართ, არც – მეურნე. რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამომრჩეველმა? 

ეს შეხედულება კომუნისტური გადმონაშთია. პოლიტიკოსი ჩემზე კარგად გაუკეთებს პიარს ჩვენს ქალაქს? მე მეეჭვება, თუნდაც ის, რაც ვახსენე, რომ მინიმალური დანაზოგით მაქსიმალური შედეგი მივიღე, იმას ნიშნავს, რომ ბათუმის მერიის ბიუჯეტს განვაგებ სხვანაირად – ეს ერთი. მეორე ის, რომ მინსკში ვიყავი და 30 000 კაცის წინაშე გამოვდიოდი, სადაც ალბათ ერთი 15 000 მაინც იყო ჩემს გამო მოსული, რადგან იქ შარშანაც ვიყავით და ვიცი, რომ პოპულარულები ვართ იქ, ბევრი ინტერვიუ იყო და მცნობს ხალხი. იმ დღეს იყო ბათუმობა, სადაც მე არ ვიყავი მოწვეული. ასევე, იმ დღეს მინსკში აღინიშნებოდა თბილისობა, რომელსაც თბილისის მერი ესწრებოდა და რომელიც ჩემს გამოსვლამდე წავიდა, თითქოს საქართველოს მოქალაქე არ ვყოფილიყავი და საქართველოს არ ვუკეთებდე პოპულარიზაციას.  გამოვედი, 30 000 ათას ადამიანს ვთხოვე და ყველა ყვიროდა ბათუმს, რადგან ვთხოვე, მილოცვა გაგვეკეთებინა ბათუმისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ შემიძლია ძალიან დიდი დანაზოგი გავაკეთო სარეკლამო ხარჯების.

რაც შეეხება მეურნეს. არავინ მითხრას, რომ ქალაქ ბათუმის რომელიმე მერი თავის ხელით აკეთებს კანალიზაციას და წყალგაყვანილობას. განსხვავება არის ის მათსა და ჩემს შორის, რომ მე დავდივარ ველოსიპედით და წყალი რომ დადგება სადმე, მე იქ დამდგომი ვარ და გამკეთებელი. მეურნეობისთვის არიან ადამიანები, რომელიც მუშაობენ ამ საკითხებზე. მენეჯერი მერის სახით ქალაქს უნდა ჰყავდეს სახე. დროა ამაზე დავფიქრდეთ.

რაც შეეხება პროგრამას. 14 ოქტომბერს მექნება შეხვედრა ამომრჩეველთან  და კონცერტი საზაფხულო თეატრში, ჩამოდიან „ხანუმები“, ბევრი ჩემი მეგობარი ჩამოვა და იქნება კარგი შეხვედრა და კონცერტი, რა თქმა უნდა, უფასო.

ეს პერიოდი დავდივარ ქალაქში ველოსიპედით, პირადად ვარიგებ ფლაერებს, ვაკრავ პოსტერებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ ჯგუფი მყავს თანამოაზრეების. ჩემთვის უშუალოდ ხალხთან შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩემი მთავარი პროგრამაა ძალიან მოკლე – ბათუმი მომავლის ქალაქი. მომავლის ქალაქის პრიორიტეტებია: კულტურა და ხელოვნება, ტურიზმის განვითარება, შემეცნებით-გასართობი ფესტივალები ოთხივე სეზონზე, რომ ზამთარი გამოვაცოცხლოთ და ეს მხოლოდ კულტურას შეუძლია და თანამედროვე მეცნიერება და ტექნოლოგიები.

ასევე, არ მინდა არტისტობის დატოვება, მე ვამბობ, რომ არ ავიღებ მერის ხელფასს, იმიტომ, რომ ჩემი ჰონორარი ამაზე ბევრად მეტია, ვიდრე მერის ხელფასი.

ანუ სცენაზეც დარჩებით და პარალელურად ბათუმის მერი იქნებით?

ყოველ დღე კონცერტები ვერ მექნება, მაგრამ ისეთი ღირებული გამოსვლები, როგორიც მქონდა კიევში, ლონდონში, მინსკში, არ არის ხელიდან გასაშვები. საათნახევრის მანძილზე ექსკლუზიური მუსიკით ათი ათასობით ადამიანი ეკონტაქტებოდეს ქალაქის მერს… ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ მსოფლიოში ქართული ელექტრო-ფოლკის, ამას ბევრად ბევრი რეკლამა შეუძლია გაუკეთოს ქალაქს, თან ისე, რომ ამაში ფული არ დაგვეხარჯება, ამისთვის მე იქეთ მიხდიან ფულს. მერი, როგორც არტისტი არის კარგი. მერი ხომ დადის შეხვედრებზე არა?! მე ვაპირებ ყველა მდიდარ და განვითარებულ ქვეყანაში ჩასვლას, რომელსაც აქვს ჩვენი ქალაქის მსგავსი მონაცემები: ზღვა, კლიმატი, მდებარეობა… საჭიროა მათი მაგალითის გადმოღება, ხელახლა რატომ უნდა გამოვიგონოთ ახალი ველოსიპედი.

იცნობთ ბათუმის ბიუჯეტს?

არ ვიცნობ. ჯერ ერთი არ მომცემენ სრულ ინფორმაციას, რაც შეიძლება მე მოვითხოვო, ამიტომ არ დავინტერესებულვარ, უბრალოდ, ზუსტად ვიცი, რომ უკეთესად გადავალაგებ.

ჩვენი ქალაქი მე მინდა გავხადო ტრენდული. მე ვარ ფაქტიურად პირველი აჭარელი, რომელმაც აჭარა და ბათუმი გადახადა პოპულარული მთელს ქვეყანაში. ნუ გაუჭირდება ვინმეს ამის აღიარება. თუნდაც „განდაგანას“ გაჟღერებით 20 წლის წინ მე აჭარა გავხადე ძალიან პოპულარული. დღეს ვამბობ, რომ მერობის შემთხვევაში ბათუმს გავხდი მსოფლიოში პოპულარულ ქალაქს, თუ მომცემს ხალხი საშუალებას, რომ ვიყო ჩვენი ქალაქის მერი.

მე  არ მაქვს არც შტაბი, არც დაფინანსება, არც მინდა რომ მქონდეს დაფინანსება, თან კონცერტები შეწყვეტილი მაქვს, რადგან აგიტაციაში მეთვლება და არ მაქვს შემოსავალი ბოლო ორი თვეა. ჩემი ქონება არის ჩემი შემოქმედებითი ინტელექტი, [მერობის კანდიდატები] ვერასდროს მოიფიქრებენ იმას, რასაც მე მოვიფიქრებ. ალბათ ხვდებით, რომ ძალიან ბევრი მდიდარი მეგობარი მყავს და შემეძლო მათგან ფულის აღება, მაგრამ ამას პრინციპულად არ გავაკეთებ, არავისთვის არ მითხოვია და არც ვაპირებ, ჩემი ძალებით ვივლი და გავაკეთებ, რომ მერე არავინ არაფერი არ მომთხოვოს. მე არ ვარ ვალდებული არც ერთი პოლიტიკური პარტიის, არც ერთი ბიზნესმენის მიმართ, მე მხოლოდ ხალხის წინაში ვიქნები ვალდებული, რადგან მე არავისგან არ ვარ დავალებული, ამიტომაც არ გამომირთმევია არავისთვის ფული. ისეთ შოუებს მოვაწყობდი, რომ.. მაგის მეტი კი არაფერი არ ვიცი. მე მინდა ვიყო ბოლომდე გულწრფელი ამომრჩეველთან.

ბათუმში მეჩეთის აგება არ აგების საკითხი უკვე მერამდენე წელია ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თქვენ, როგორც მერობის კანდიდატი, რას ფიქრობთ ამ თემაზე?

ჩვენი ქალაქი ერთ-ერთი ყველაზე ინტერნაციონალური ქალაქი იყო ყოველთვის, არავის აქვს უფლება შეუზღუდოს ვინმეს რელიგია. მე ნახევრად ქრისტიანი ვარ და ნახევრად მუსლიმი. რთულია ამ კითხვაზე პასუხი ჩემთვის, რადგან არ ვიცი რა და როგორი ხელშეკრულება იყოს მერიასთან, თუმცა არანაირად არ შეიძლება იყო მეჩეთის, ეკლესიის, სინაგოგის აშენების წინააღმდეგი. ჩვენს ქალაქში ეს ყოველთვის იყო დაცული. ჩემი აზრით, არ უნდა უშლიდნენ ხელს აშენებაში, უბრალოდ, დროა გადავერთოთ ევროპულ სტანდარტებზე, ამაზე მოლაპარაკება შეიძლება. შეიძლება არ იყოს გახმოვანებული [ლოცვა მეჩეთში], რომ არ შეწუხდეს სხვა.

ჩემი ერთ-ერთი იდეა არის ტელერადიო გადაცემის გაკეთება, სადაც მე, როგორც მერი, ვიქნები წამყვანი თანაწამყვანებთან, ჟურნალისტებთან ერთად. ინტერაქცია რომ მეტი იყოს ხალხთან, აუცილებელია ასეთი რამ, გადაცემაში მოწვეული იქნებიან თანამდებობის პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, იქნება საკითხების განხილვა. შეკვეთა უნდა აიღონ ხალხისგან ადამიანებმა [ჩინოვნიკებმა], რომლებიც ხალხის ფულით არსებობენ.

თქვენი აზრით, რა არის  სამი მთავარი პრობლემა, რომელიც პირველ რიგში უნდა მოაგვაროს ბათუმის მომავალმა მერმა?

სამში ვერ ჩავატევ, რადგან ძალიან ბევრი პრობლემაა. ჩემი მიზანია ბათუმი გახდეს ქალაქი, სადაც გაჭირვებული ადამიანი აღარ იქნება. რაც შეეხება პრობლემებს: ეს არის უმუშევრობა,  სოციალურად დაუცველი ადამიანებისადმი უყურადღებობა, ურბანიზაცია, საცობები და პარკინგები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა იმ ფორმით, რომ გარე ფასადი მაინც შევინარჩუნოთ, ისტორიული პატარა ქუჩების გადაკეტვა, რომელიც ინგრევა ავტომობილების მოძრაობის გამო. მე, მიუხედავად იმისა, რომ ვარ მუსიკოსი, კარგი მენეჯერიც ვარ, ჩემი ყველა პროექტი ჩემი მენეჯმენტით მაქვს გაკეთებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com