მთავარი,სიახლეები

მირიან ქათამაძე – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ქობულეთში

20.10.2017 • 3298
მირიან ქათამაძე – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ქობულეთში

„ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც გინდა იზრუნო იმ ქალაქის, სოფლის განვითარებისთვის, სადაც დაიბადე, გაიზარდე, სადაც შენი ფესვებია“, – ამ სიტყვების ავტორი მირიან ქათამაძეა, რომელიც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს~ ქობულეთის მერობის კანდიდატია.

პროფესიით იურისტი სწორედ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითში გაიზარდა. დაიბადა 1977 წლის 30 მარტს ქობულეთში, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. წლების განმავლობაში მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე „აჭარის ენერგოკომპანიაში“, „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“, ბათუმის ნავთობტერმინალში, „ნიუ ოილ ტრანს კომპანიაში“, ეწეოდა კერძო საადვოკატო პრაქტიკას, ასევე, იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხოლო ქობულეთის მერობის კანდიდატად წარდგენამდე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

მირიან ქათამაძე

მირიან ქათამაძე

„ძალიან ვაფასებ როგორც პარტიის ნდობას, ისე ქობულეთელების თანადგომას. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება, რაც უკვე დაწყებულია და რაზეც თავად ბევრი მიფიქრია. ეს არ არის მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება და შედეგი მოკლე დროში გახდება შესამჩნევი“, – აცხადებს მერობის კანდიდატი და ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბრობს.

მისი თქმით, 2021 წლის ჩათვლით გაწერილია კონკრეტული გეგმა, რაც სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციას, საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, დასასვენებელი პარკებისა და პარკირების ზონების კეთილმოწყობას, გარე განათების მოწყობასა და რეაბილიტაციას გულისხმობს.

„მნიშვნელოვნად მივიჩნევ სოფლის მეურნეობის და ამასთან ერთად, სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. ბევრი საკითხია მნიშვნელოვანი და რეაგირების გარეშე არც ერთი მათგანი არ დარჩება“, – აღნიშნავს მირიან ქათამაძე და ყურადღებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით, წყალმომარაგების საკითხის გაუ­მჯობესებაზე ამახვილებს.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ქობულეთის შე­უზღუდავი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რამდენიმე კი, ახლაც მიმდინარეობს.

„შეიძლება თამამად ითქვას, რომ ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია – კაპიტალურად მოეწყო ახალი სათავე ნაგებობები, ცენტრალური მაგისტრალები და შიდა ქსელები. ვფიქრობ, წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა წყლის რესურსების მოძიება და მისი დებეტის გასაზრდელად შესაბამისი სამუშაოების წარმოება. ასევე, მნიშვნელოვანია წყალსადენ სისტემებზე სასმელი წყლის გაფილტვრა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს“, – ამბობს მირიან ქათამაძე.

მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმებში, ასევე, ქობულეთში წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შედის. ამ მიმართულებით პროექტი „აჭარის წყლის ალიანსთან“ ერთად განხორციელდება, რომელიც რამდენიმე თვის წინ სწორედ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად შეიქმნა.

გამომდინარე იქიდან, რომ ქობულეთში ზაფხულის სეზონზე უამრავი ტურისტია, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის პროგრამის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ტურიზმის ხელშეწყობა, ხოლო 2018 წელს – სანაპიროს კეთილმოწყობა იქნება.
„მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სანაპიროზე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გასული წლიდან დაიწყო. მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რამდენიმე დღეში კი, სანაპიროს ორკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე, საგულისხმოა ისიც, რომ ყოველწლიურად ხორციელდება ზღვაზე პლაჟწარმომქმნელი მასალის შეტანა“, – აღნიშნავს ქობულეთის მერობის კანდიდატი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ქობულეთში არსებული ნაპირდამცავი ნაგებობების რეაბილიტაცია და ბულვარის მოწყობა იქნება, რომელიც მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისა და რეგიონის სტუმრების დასვენების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ასევე, ტურისტულ ზონაში კეთილმოეწყობა სკვერები და დასასვენებელი ადგილები.

მერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელება მნი­შ­ვნელოვნად შეუწყობს ხელს ქობულეთის, რო­გორც ტურისტული ქალაქის განვითარებას.

რაც შეეხება ქობულეთის ტურისტული პოტენციალის განვითარების კონკრეტულ გეგმას, მირიან ქათამაძე მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, უნდა შეიქმნას სასურველი ტურისტული ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესდეს სერვისი ადგილობრივ სასტუმროებსა და კვების ობიექტებში, განხორციელდეს მსხვილი ინვესტიციები და რაც მთავარია, სავალდებულოა, საზღვაო ტურიზმის პარალელურად, სამკურნალო და ეკოტურიზმი განვითარდეს, რისი რესურსიც არსებობს. ეს კი, თავის მხრივ, კურორტის სეზონს გაზრდის. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლად ტურიზმის განვითარებაა.

„ჩემი საარჩევნო პროგრამა ტურიზმის განვითარებაზეა მორგებული. შემუშავებული მაქვს ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, გრძელვადიანი სამუშაო გეგმა გაიწერება და მიზნობრივი პროგრამები მომზადდება“, – აცხადებს მირიან ქათამაძე.

მმართველი გუნდის ქობულეთის მერობის კანდიდატს მთავარი კონკურენტის გამოყოფა უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ოპონენტებთან მიმართებაში საარჩევნო პროცესის გავლას მაღალი დემოკრატიული კულტურით აპირებს. როგორც ის აცხადებს, „ქართული ოცნება“ უკონკურენტო ძალაა, რომელიც მოსახლეობაში დიდი ნდობით სარგებლობს.

„ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე პატივს ვცემდი ოპონენტებს და ახლაც ეს საარჩევნო პერიოდი მაღალი დემოკრატიული კულტურით მინდა გავიარო. ყველა კანდიდატი, ვისაც აქვს ამბიცია მონაწილეობა მიიღოს ქობულეთის მერის არჩევნებში, კონკურენტია, რომელიმეს ვერ გამოვყოფდი, თუმცა მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უალტერნატივო ძალაა, რომელმაც ქვეყნის უახლესი ისტორია შეცვალა. მჯერა, რომ 21 ოქტომბერს მოსული ამომრჩეველი, რომელიც ჩემ მიერ განვლილ გზას იცნობს, ნდობას გამომიცხადებს და მუნიციპალიტეტის სწრაფი, მდგრადი განვითარებისთვის ქობულეთის მერად ამირჩევს“, – ამბობს ქობულეთის მერობის კანდიდატი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: