მთავარი,სიახლეები

ღამის კლუბში 17 100 ლარის გამოძალვის საქმე – რა უთხრეს დაზარალებულებმა მოსამართლეს

18.08.2017
ღამის კლუბში 17 100 ლარის გამოძალვის საქმე – რა უთხრეს დაზარალებულებმა მოსამართლეს

თურქეთის სამი  მოქალაქე დეტალურად მოუყვა მოსამართლე ლევან გელოვანს, როგორ გამოსძალეს მას ფული ბათუმში მდებარე ღამის კლუბში.

ღამის კლუბ „ვოგში“ თანხის გამოძალვის საქმეზე პროკურატურამ თურქეთის სამ და საქართველოს ერთ მოქალაქეს წაუყენა ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში თურქეთის მოქალაქეებს ხილის ასორტსა და სასმელში 9800 ლარის გადახდა მოსთხოვეს. კიდევ ერთ შემთხვევაში კი, დაზარალებულებს 17 100 ლარის გადახდას აიძულებდნენ – ცემით და გაუპატიურების მუქარით.

“ჩვენ 17 100 ლარის გადახდა მოგვთხოვეს, გვცემეს და გვითხრეს, რომ გაგვაუპატიურებდნენ…”- მიმართა მოსამართლეს ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილმა ბექირ შიბშეკმა.

მოწმის ჩვენების მიხედვით, იგი სამ მეგობართან ერთად სარფის საბაჟოდან 24 იანვრის საღამოს ბათუმისკენ ტაქსით წამოვიდა.

“ტაქსისტს ვთხოვე, სადმე ისეთ ადგილზე მივეყვანეთ, სადაც დავსხდებოდით… კლუბში მიგვიყვანა. როცა შევედით, ხალხი ბევრი არ იყო, მაგრამ მუსიკა იყო ხმამაღლა ჩართული… ხილი და წვენი შევუკვეთეთ… მერე ორი გოგო თავისით მოვიდა ჩვენს მაგიდასთან, დასხდნენ და კოქტეილები შეუკვეთეს… გოგოების ხმა არ გვესმოდა, რადგან მუსიკა ხმამაღალი იყო. ჩვენ ქალაქში გავლა გვინდოდა და ანგარიში მოვითხოვეთ. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ დაგვიძახა ერთმა ბიჭმა, აქეთ, ოთახში მოდითო, ხელში ქვითარი ეჭირა”, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა სიტუაცია თანხის გამოძალვამდე მოწმის სახით დაბარებულმა დაზარალებულმა.

პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე დაინტერესდა, როგორ გამოიყურებოდა ოთახი, სადაც მას და მის მეგობრებს ფული გამოსძალეს.

“მახსოვს, კარგად განათებული არ იყო ის ოთახი… ყვითლად იყო შეღებილი კედლები და ერთ კუთხეში ვიდეოთვალიც იყო… როგორც კი შევედით, ქვითარი გვაჩვენეს – 17 100 ლარი უნდა გადაიხადოთ, თორემ თავს მოგაჭრითო… გვირტყამდნენ. საბოლოოდ, ჩემი ბარათებიდან მოხსნეს თანხა – 1 489 ამერიკული დოლარი და 4 692 ლარი. ჯიბეებიც დაგვიჩხრიკეს. სულ 180 ლირი აღმოგვაჩნდა. ესეც წაიღეს”, – თქვა მოწმემ.

რა მოხდა თანხის გამოძალვის შემდეგ? – პროკურორის ამ კითხვაზე მოწმემ თქვა, რომ რამდენიმე წუთით ისინი „თანხის გამოძალვის ოთახში” მარტო დატოვეს.

“ამ დროს რატომ არ დაურეკეთ პოლიციას?”- ჰკითხა მოწმეს პროკურორმა.

„ძალიან შეშინებული ვიყავით… გვინდოდა, იქედან გამოგვეღწია. შემოვიდნენ და გვითხრეს, სიკეთეს გაგიკეთებთ, ტაქსი სარფამდე ჩაგიყვანთო. ტაქსით წავედით. მართლა სიკეთე გვეგონა იმ მომენტში ეს”, – აღნიშნა მოწმემ.

მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 9 წლამდე  თავისუფლების აღკვეთა ელით. ამ სასჯელს ითვალისწინებს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა.

 

IMG_20170818_143524

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: